UTA 6431

მესამე პირზე საუბარი დაუშვებელია – არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი (ვაფიდისი)

თუკი ვინმე, შენი რომელიმე ძმის უძლურებაზე მოგიყვება, ნუ განიკითხავ ძმას, რადგან მოყვასის განკითხვა – სულის სიკვდილია.

მოვიყვანოთ მაგალითი. ვინმესთან ერთად სეირნობისას, ის იმ დროისათვის ჩვენთან არმყოფი ძმის შესახებ მესაუბრება, რომ ის არ ლოცულობს და უხეშად ლაპარაკობს. არავის უთხრა ის, რაც მესამე პირის შესახებ გაიგე, რადგან ამგვარად, შენ განიკითხავ შენს გვერდით არმყოფს,  მით უმეტეს, რომ მისი საქციელის მხილველი შენ არ ყოფილხარ და ამგვარად, სიკვდილს უმზადებ საკუთარ თავს.

განკითხვა – სიკვდილია. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს,  სამართლიანად განიკითხე შენ ძმა თუ უსამართლოდ, მართებულად თუ მცდარად. მართალი ადამიანისათვის დაუშვებელია საუბარი იმაზე, თუ როგორ ეგების სხვა ადამიანს რომ მოიქცეს. შენ მხოლოდ აზრის თავაზიანად გამოხატვა შეგიძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენ თვითმკვლელი ხდები.

გაიგე, რომ ვიღაც ციხეში მოხვდა. თუკი ამის შესახებ გკითხავენ, ეს ნიშნავს, რომ შენ ღირსეულ ადამიანად არ გთვლიან: შენ მათ უღირსი ადამიანის შთაბეჭდილება დაუტოვე. ახლა მაინც ნუ შეირცხვენ თავს და ნუღარ უპასუხებ. თქვი ყველაფერი, ოღონდ მესამე პირს ნუ შეეხები.

“თუკი ვინმე, ძმის შესახებ აუგს გეტყვის, დაამცირებს მას და თავის მრისხანებას გამოავლენს, ნუ განაწყობს თავს მის წინააღმდეგ, რათა არ გეწიოს ის, რაც არ გსურს” – ამბობს აბბა ისაია.

როგორც წესი, ჩვენ თავს ვიმართლებთ იმით, რომ სხვა განიკითხავს ჩვენი თანდასწრებით ძმას. ეს თავის მართლებაა. როდესაც ვინმე სხვისი განკითხვის მიზნით მოდის შენს კელიაში, თუკი შენ სერიოზული ადამიანი ხარ, უთხარი მას: “ მე  შენ ღვთის ადამიანი მეგონე, შენი კი მტანჯველი ხარ ჩემი სულისა, გთხოვ, წადი აქედან”.  მაგრამ ჩვენ მას ვიღებთ და მასთან ერთად ვვარდებით ცოდვაში. შენ არა მხოლოდ არ უნდა განიკითხო, არამედ არც უნდა უსმინო განკითხვას, რადგან თუკი მოისმენ, შენც წამოგცდება რამე.

თუკი ვინმე სხვა ადამიანის უძლურებების, პრობლემებისა და სირთულეების შესახებ გესაუბრება, შენ ხდები ამ საუბარში და შესაბამისად განკითხვაში თანამონაწილე, თუნდაც რომ თავს აჩვენებდე, რომ თითქოს არაფერ შუაში არ ხარ. შენ გეუბნებიან, რომ : “ვიღაც ადამიანი – ნაძირალაა”. შენ კი პასუხობ: “ არა, ის კარგი ადამიანია, უბრალოდ ხანდახან ეშლება საბრალოს”. ამით, შენ ყველაფერი თქვი, მხოლოდ სიტყვა “ნაძირალა” არ გამოგიყენებია, თუმცა იგულისხმე. ყურადღებით იყავი, რომ მოყვასზე რამე არ წამოგცდეს, რათა არ გეწიოს ის, რაც არ გსურს. არ გსურს ცოდვაში ჩავარდნა? ცოდვა გეწევა. არ გსურს უღირსად მოქცევა? უღირსი საქციელი გეწევა. არ გსურს ავადმყოფობა? ავადმყოფობა გეწევა.

სიტყვა “მის წინააღმდეგ”, შეიძლება გავიგოთ, როგორც “შენთან მოსაუბრის საწინააღმდეგო”, ამ გაგებით, მათში ჩადებული ღრმა აზრი იკითხება. ნუ კამათობ შენს თანამოსაუბრესთან, რადგან, თუკი შენ მას არ დაეთანხმები და საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამ, დაიწყება დაპირისპირება, კამათი და წინააღმდეგობა თანამოსაუბრესთან. რაც არ უნდა გითხრას – ამაზე შეჩერდი. ნუ განაწყობ მის წინააღმდეგ თავს, არც ერთი განიკითხო და არც მეორე. შენ შეგიძლია ორიდან ერთი გააკეთო: გაჩუმდი ან განეშორე. თუკი გონებამახვილი ხარ, საუბარს სხვა თემაზე ისე გადაიტან, რომ თანამოსაუბრე ვერ მიხვდეს. თუკი არ ხარ ასეთი გონებამახვილი, თქვი: “გთხოვ, არ გვინდა ამაზე საუბარი, მინდა რომ ვეზიარო და თუკი მესამე პირზე ვისაუბრებთ, ვეღარ შევძლებ ზიარებას”. თუკი ამის გაკეთებაც არ შეგიძლია, განეშორე. თუკი წასვლაც არ შეგიძლია,ნიშნავს, რომ შენ არ გსურს წასვლა და გიყვარს არა მხოლოდ ცხოველების, არამედ ადამიანების ხორცის ჭამაც. მაშ ასე, ნუ მისცემ თავს საშუალებას, რომ განმკითხველთან ერთად დაეცე.


წყარო: წიგნიდან “Жить в присутствии Бога” , არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი), მოსკოვი 2020

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge© 

Share