UTA 6788

აღსარებისა და ზიარების საიდუმლო – არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი (ვაფიდისი)

როგორც კი ადამიანი მოინანიებს, უფალი  მის ცოდვებს ივიწყებს

ვცოდე წინაშე უფლისა! (2 მეფეთა. 12, 13). თუკი მე,  საკუთარ ზრახვებს მაშინვე ვაღიარებ, თუკი  ძმებთან ურთიერთობას ვინარჩუნებ, თუკი განვუდგები საკუთარ თავს და ცოდვას, რომელიც ჩავიდინე, მაშინ დავმშვიდდები და ცოდვა არსებობას შეწყვეტს. მაგრამ, თუკი გადავწყვეტ წინ აღვუდგე მას – რამეთუ, ეს მე ვცოდე უფლის წინაშე – მაშინ, საკუთარ თავში ჩავიკეტები, ცოდვა კი ჩემს მოკვდინებას დაიწყებს და სხვა, კიდევ უფრო მომაკვდინებელ ცოდვამდე მიმიყვანს.

აბბა ისაია ამბობს: “თუკი გსურს გაიგო, მოგეტევა თუ არა ცოდვები, ამის ნიშანი შემდეგია, თუკი შენს გულში, ჩადენილი ცოდვისმიერი არანაირი განცდა არ მოძრაობს, ან როდესაც სხვა გესაუბრება ამ ცოდვაზე და შენ   კი არც იცი, როგორი იყო ის, ცხადია, რომ შენზედ წყალობა გადმოსულა”.

როდესაც ცოდვებს ინანიებ,  ღვთის წყალობა გადმოდის შენზე, რომლის შუამავლობითაც მღვდელი სთხოვს უფალს, რომ  ცოდვები მოგიტევოს. მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ ცოდვა განადგურდა, ხდება მხოლოდ დანაშაულის პატიება. შენს შიგნით ხომ კვლავ რჩება ცოდვის ფესვი და ძალა, ცოდვის ვნება და  მისით ტკბობა, სიყვარული და სწრაფვა მისკენ. შენდობა, რომელიც აღსარებაზე მიიღე, დაე ნუ დაგამშვიდებს შენ, არამედ მოვალეს გხდის უფრო მეტად იზრუნო და დააკვირდე საკუთარ თავს, რადგან შესაძლოა, რომ დიადი წყალობის მიმღებმა, უკუაგდო იგი და ვერ იგრძნო შიში, რომელიც უფლის წინაშე უნდა გქონოდა და ვერ იგრძნო ის, თუ რაოდენ მძიმედ შესცოდე მის წინაშე.

შენ აღსარებაში აღიარე, რომ განრისხდი. კვლავაც ხომ არ მოძრაობს შენს გულში მრისხანება? აღიარე, რომ მოიპარე ან სამარცხვინო ზრახვები გქონდა. ისევ ხომ არ მოძრაობს შენს გულში ის, რაც  აღსარებაში უკვე აღიარე?

შენ ისეთი დავიწყების, გონების დაკარგვისა და უვნებობის მდგომარეობაში უნდა მოხვიდე, რომ, როდესაც ვინმე შენს ცოდვას შეგახსენებს, არაფერი არ უნდა გახსოვდეს. ის გეტყვის შენ: “შენ არ ჩაიდინე ეს?” შენ კი გაურკვევლობაში იქნები: “მე? როდის?” ასე ძლიერად სურს აბბა ისაიას, რომ ადამიანი გაუუცხოვდეს ცოდვის ნესტარს, მის გრძნობისმიერ აღქმასა და მისით ტკბობას. მას სურს ასე: რომ ადამიანში არაფერი მოძრაობდეს: არც მეხსიერება, არც ვნება, არც ცოდვით ტკბობა და მისი სიყვარული. მაშ ასე, როდესაც ვინმე შენს ცოდვებზე გესაუბრება, შენ კი, არა მხოლოდ უარყოფ მათ, არამედ არაფერი უწყი მათ შესახებ, მაშინ შენ შეგიძლია თქვა, რომ წყალობა უფლისა გადმოვიდა შენზე.

შენ მეკითხები: “რა ვიღონო, რომ განკითხვის ცოდვაში არ ჩავვარდე? მე გპასუხობ: “ვფიქრობ, უმჯობესი იქნებოდა,  სხვის კელიებში არ გევლო, არ ჩაება საუბარში და თქვი მხოლოდ: “დამლოცე”. შენ მოდიხარ მეორედ, მესამედ და კვლავ ამავე ცოდვაზე მეკითხები. რა უნდა გითხრა? აბბა ისაია გვირჩევს: “პირი დახურე და ნურაფერს ეტყვი”. ერთი და იმავე ცოდვის თაობაზე შეკითხვის გამეორება, ადასტურებს, რომ მას არა აქვს არანაირი განწყობა გამოსწორებისა. მან თავად დაატყვევა თავისი თავისუფლება.

რაოდენ მოწყალეა უფალი! როგორი ღმერთი გვყავს და ჩვენ როგორ ვიქცევით! საკმარისია ადამიანმა მოინანიოს, რომ უფალი ივიწყებს მის ცოდვებს. ის მას იღებს, სიხარულით იკრავს გულში და არ იხსენებს მის ძველ შეცოდებებს, არ განსჯის და არ ეკითხება იმ ცოდვებზე, რომლებიც ჩაიდინა.

ზოგიერთი აღსარებაზე მოდის და ლაპარაკობს, ლაპარაკობს…რაღაც წვრილმანებზე: “ეს გავაკეთე, ის გავაკეთე, კიდევ სხვა რამესაც გეტყვით, რომ მისგან გავთავისუფლდე”. ჩვენ, რა თქმა უნდა, მათ ვუსმენთ, რადგან, თუკი ვინმეს არ მოუსმენ და ეტყვი: “გეყო, მე ეს ვიცი”, დაინახავ, რომ ადამიანი გაფითრდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთ ადამიანს არ აინტერესებს, თუ რა სურს უფალს, მისთვის თავისი საქმის აღსრულებაა მთავარი: ყველაფერი თქვას, იგრძნოს, რომ საკითხი მოგვარებულია ანუ – მოატყუოს ღმერთი.

მაგრამ, ღმერთი არ გეკითხება შენ წარსულზე. შენ ის გიღებს. როდის? როდესაც მოინანიებ. ნახეთ, როგორ შესანიშნავად ამბობს აბბა ისაია: “იმდაგვარად მოქმედებს წყალობა უფლისა, რა დროსაც არ უნდა მოექცეს ადამიანი თავის ცოდვათაგან…” არ ამბობს: “როდესაც შეწყვეტს შეცოდებას”, არამედ: “როდესაც მოექცევა”. შენ იყავი სტუმრად და ახლა კი ბრუნდები სახლში, უცხო სახლი კი დატოვე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანი გრძნობს, რომ ახლა მას არანაირი საერთო არა აქვს იმასთან, რაც ოდესღაც ჩაიდინა. აი, მაშინ იწყება ნამდვილი ცხოვრება. როდესაც ჩვენ უფლის წინაშე კადნიერებით წარდგომის უფლებას მოვიპოვებთ. მაგრამ იქამდე, სანამ ჯერ კიდევ არ მოვქცეულვართ, მივეცემით ზრახვებს, გვაქვს სურვილები და მისწრაფებები, მაშინ, უფლის წყალობა და მისი სიყვარული, ჩვენთვის რაღაც არასაჭიროდ დარჩება, რადგან მათ ჩვენს გულებში შეღწევა არ ძალუძთ.

ღმრთაებრივი ზიარება ქრისტესთან გვაერთებს

მე ვეზიარები. რა სულიერ სარგებელს ვიღებს?  იმისდა მიხედვით, თუ როგორია ჩემი ღვაწლი, მე საკუთარ თავში ვიღებ ქრისტეს. ღვაწლი – ღმრთაებრივი სიცოცხლის მიღების საშუალებაა, ქრისტეს მოხმობისა და მიღების საშუალება. ღვაწლისას, მე ვხსნი ფილტვებს და შესაძლებელობა მეძლევა, მთელი ძალით ჩავისუნთქო ჰაერი.

ჩვენ არ უნდა ვიყოთ საკუთარი ღვაწლის მოიმედენი, თუმცა, სიმდაბლით, უფლის სიყვარულითა და მასთან ურთიერთობით აღსრულებული ღვაწლის მეშვეობით, ჩვენ მადლის მიღების უნარს ვიძენთ. მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია ჩვენი ზიარება ჭეშმარიტი, ისევე, როგორც ლოცვა. ვინაიდან ღვაწლის თანამგზავრი ტკივილია, ჩვენ ის გვტანჯავს, თუკი კომფორტულად და განტვირთვით ვცხოვრობთ, სისხლის დაღვრის გარეშე და განწყობილნიც არ ვართ ამისათვის, ეს ძლიერ შფოთს იწვევს ჩვენში. ღვაწლის შედეგები კი იგრძნობა იმ შემთხვევაში, თუკი საკუთარ თავს მას ვუქვემდებარებთ და არ ვტოვებთ მას რაღაც ჩვენი შინაგანი მიზეზით.

შენ ამბობ, რომ ეზიარები და ღმრთაებრივი ზიარება – ეს ქრისტესთან ერთობაა, რამეთუ, სწორედ ამას ნიშნავს სიტყვა “ზიარება”. მაგრამ, თუკი შენში არის ვნება, რომელიც გძლევს, შენ კი,  მიუხედავად ამისა, ეზიარები, შენ უფლისაგან შორს ხარ. თუკი შენ გაქვს რომელიმე ვნება, მაგალითად მრისხანებისა, მაგრამ ის ვერ გამარცხებს, შეგიძლია მისი შეკავება, ან თუკი სიამაყის ვნება გაქვს და ადამიანთა წინაშე მდაბლდები, ამგვარად, შენ ხდები გამარჯვებული. და თუკი ვნებები გვძლევენ, მაშინ შორსა ვართ უფლისაგან, ესე იგი, აქეთ-იქით დავეხეტებით. მაშ, სადღა არის მასთნ შეერთება? როგორ შეგიძლია თქვა, რომ ღმრთაებრივი ზიარება შენთვის – ქრისტესთან ერთობაა, საღმრთო მადლია, უფლის ძღვენია, სულიერი ნაყოფია, როდესაც შენში მოქმედებს ვნება?

“საკუთარი თავის შეფასების გარეშე და გაუცნობიერებლად ცხოვრება, ნიშანია ადამიანისა, რომელიც არ აჰყოლია ვნებებს, რათა საკუთარი ნება აღასრულოს, თუმცა, ღმრთის ნების აღმსრულებელი ხდება”, – ამბობს აბბა ისაია.

ფრაზა “საკუთარი თავის შეფასების გარეშე ცხოვრება”, ხომ არ ეწინააღმდეგება პავლე მოციქულის ნათქვამს: “გამო-ღა-იცადენ კაცმან თავი თვისი და ესრეთ პურისა მისგან ჭამენ და სასუმელისა მისგან სუნ” (1 კორ. 11,28)? არა, ვინაიდან წერილის ეს ადგილი, საკუთრივ ღმრთაებრივ ზიარებას მიეკუთვნება. მოციქული გულისხმობს, რომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, გვაქვს თუ არა ზიარების უფლება, და არა იმას, რომ განვიხილოთ, თუ როგორ მდგომარეობაში ვიმყოფებით. თუკი საეკლესიო-კანონიკური თვალსაზრისით ცოდვაში ვხოვრობთ, ჩვენ არ შეგვიძლია ვეზიაროთ.

ის, ვინც ამაოდ მეტყველებს და დღე და ღამ ქანცის გაწყვეტით მუშაობს, ვერ შეძლებს ზიარებას, რადგან ის ხორციელი ადამიანია. ასეთ ადამიანს ვერც ლოცვა ექნება, ვერც მშვიდი სინდისი, არც  უფლის შესახებ ცოდნა, ის ვერსად შეხვდება მას, რადგან ყველაფერი, რასაც აკეთებს – ამქვეყნიურია.

ესე იგი, მოციქულის ამ გამონათქვამის არსი ასეთია: თუკი შენ იმყოფები ცოდვაში, ან გარემოებებში, რომლებსაც ცოდვასთან მიჰყავხარ, მაშინ, შენ არ შეგიძლია ზიარება. მოციქული არ გულისხმობს, რომ საკუთარ თავში უნდა ჩაიკეტო, გააანალიზო, რა ჩაგიდენია, რა ვნებები და ცოდვები გაქვს, არამედ განაწყობს ადამიანს განჭვრიტოს, აქვს კი მას ბარძიმთან მიახლების უფლება. ვინაიდან, როდესაც ადამიანი ეზიარება, თუკი უღირსად მიეახლება, მაშინ, აგრძელებს პავლე მოციქული, ის ავად ხდება, ზოგიერთი კი კვდება.

ღმრთაებრივი ზიარება ანათლებს და აცოცხლებს  ღირსეულს, უღირსისათვის კი ცეცხლშემცველ არს (მეორე რჯული. 4,24), ანუ ის ხდება მხეცი, რომელიც ჭამს ადამიანს. ღმრთაებრივი ზიარება, მოქმედებს იმ მდგომარეობის შესაბამისად, რა მდგომარეობაშიც ვეზიარებით, ესე იგი, მისი წინაპირობა, სინანულით, ღვაწლით, მარხვით და სიფხიზლით ცხოვრებაა. თუკი ადამიანი, ამ ღმრთაებრივ ატმოსფეროში არ ცხოვრობს, არამედ ამქვეყნიურში, ის ვერ შეძლებს ზიარებას.

ზოგჯერ, ჩვენ ვრთავთ ნებას ერისკაცებს ეზიარონ, მაშინაც კი, როდესაც ისინი ჯერ კიდევ ცოდვის ჭაობში იმყოფებიან, მაგრამ, ჩვენ ამას მათ გასამხნევებლად, დასაფრთიანებლად ვაკეთებთ, რათა ისინი სულიერ ცხოვრებაში წარემატონ.  ეკლესიის მიერ, ეს ცოდვილისათვის დათმობაზე წასვლაა. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ადამიანს თავისი ცოდვებისათვის არ მოეკითხება. პეტრე მოციქულმა უფალს უთხრა: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო (ლუკ. 5,8). ჩვენ ცოდვილები ვართ; და როდესაც ვეზიარებით, თითქოსდა უფალს ჩვენს ცოდვებს ვახსენებთ. ის კი გვსჯის იმიტომ, რათა აღარ გავიმეოროთ ისინი.

ამ მიზეზით, ადამიანები, რომლებიც სინანულის, საკუთარი ცხოვრების შეცვლის გარეშე ეზიარებიან, ხშირ შემთხვევაში, უჩნდებათ მიდრეკილება მომაკვდინებელი ცოდვის აღსრულებისაკენ, ანუ გულის გაქვავებისაკენ და ხდებიან მოუნანიებელნი. სული ღმრთისა, მთლიანად განეშორება მათ და ხშირად ისინი დემონურ მდგომარეობში ვარდებიან. არაერთხელ შესულა დემონი ადამიანში იმ დროს, როდესაც ისინი უწმინდეს საიდუმლოს ეზიარნენ. თუკი ადამიანი ღმრთის შიშის გარეშე მიეახლება საღმრთო ზიარებას, ეს საშინელი გმობაა, რომელსაც სრულ უგუნურებამდე მივყავართ.

ძველ დროში, ადამიანები არ იყვნენ ისეთი თავმოყვარე და ეგოცენტრულები, როგორც ახლა. დრესდღეობით, ადამიანი შესცოდავს, მეორე დღეს კი, აღსარების თქმის შემდეგ, სურს რომ ეზიაროს. ადრე ადამიანები, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ისინი ცოდვის გამო დაშორდნენ უფალს, გამოიდევნენ სამოთხიდან. ახლა კი, ცეცხლოვანი მახვილი იცავს ღმრთაებრივ ზიარებას და ამიტომაც, მათ თავად განაშორეს თავი მისგან, საკუთარი თავისვე გადასარჩენად. ისინი ითმენდნენ ამ აუტანელ განშორებას იმისათვის, რომ უფლისათვის საკუთარი სიყვარული დაემტკიცებინათ და შემდგომ კვლავ ზიარებულიყვნენ.

საღმრთო ლიტურგიის დასასრულს, ზიარების შემდგომი სამადლობელი ლოცვების აღსრულებისას, უნდა ესწრებოდეს ყველა, ვინც ეზიარა. თუმცა, დარჩენა შეუძლიათ მათაც, ვინც არ ზიარებულა. ჭეშმარიტად სულიერმა ადამიანმა, შეუძლებელია არ იგრძნოს, რომ ის ქრისტეს ეზიარა – ისევე, როგორც ლოცვისას, რომელსაც აღასრულებს, ან იმაში მონაწილეობისას, რაც იკითხება, იგალობება და აღევლინება.  უხილავი სულიწმინდა, თავისი მყოფობით აღავსებს ყოველივეს. შესაძლებელია კი, რომ მან არ აღგვავსოს ჩვენც? შესაბამისად, ჩვენ ყველანი“ვიღებთ სულსა წმინდასა” და ყველანი “ვიხილავთ ნათელს ჭეშმარიტს”, ასე რომ, მათაც, ვინც არ ზიარებულა, დარჩენა და უფლისადმი მადლიერების აღვლენა მართებს. ზიარებულნი კი, მით უმეტეს არ უნდა წავიდნენ, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ამისათვის  განსაკუთრებული მიზეზი ან კურთხევა აქვთ.


წყარო: წიგნიდან “Жить в присутствии Бога” , არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი), მოსკოვი 2020

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share