90

რატომ უშვებს ღმერთი სნეულებას? – ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე

ქრისტე აღდგა! დღეს, უფლის შეწევნით, გვსურს რამდენიმე აზრი გაგიზიაროთ, რომელთა საფუძველიც დღევანდელი სახარების საკითხავია. შეგახსენებთ, რომ ეს არის იოანეს სახარებიდან, სადაც ნათქვამია, რომ ქრისტე ავიდა იერუსალიმში, ცხვართა საბანელში, რომელსაც ებრაულად ბეთეზდა ეწოდება და ხუთი სტოა ჰქონდა. ამ საბანელში უამრავი სნეული იწვა: უსინათლონი, მკელობელნი და სხვადასხვა სენით შეპყრობილნი, რომლებიც წყლის აუელვებას ელოდნენ. რამეთუ უფლის ანგელოზი დროგამოშვებით ჩამოდიოდა საბანელში და წყალს აამღვრევდა; ვინც პირველი ჩავიდოდა წყლის აელვების შემდეგ, განიკურნებოდა, რა სნეულებითაც არ უნდა ყოფილიყო შეპყრობილი.

იქ იმყოფებოდა ერთი კაცი, რომელიც ოცდათვრამეტი წელი იყო სნეული და განრღვეული. როდესაც ქრისტემ იხილა იგი მწოლიარე და შეიტყო, რომ ასე დიდი ხანია სნეულებდა, ჰკითხა: „გსურს განიკურნო?“ სნეულმა მიუგო: „უფალო, არავინ მყავს, რომ წყლის აღელვებისას საბანელში ჩამიყვანოს, და სანამ მე მივალ, სხვა მასწრებს ჩასვლას“. მაშინ ქრისტემ უთხრა მას: „აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და გაიარე“. და მეყსეულად განიკურნა კაცი, აიღო თავისი სარეცელი და გაიარა.

იმ დღეს შაბათი იყო. იუდეველები ეუბნებოდნენ განკურნებულს: „დღეს შაბათია და ნება არ გაქვს სარეცლის ტარებისა“. მან კი მიუგო: „ვინც განმკურნა, მან მითხრა – აიღე შენი სარეცელი და გაიარეო“.

ჰკითხეს მას: „ვინ არის ის კაცი, რომელმაც ეს გითხრა?“ თუმცა განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო იგი, რადგან ქრისტე განერიდა იქაურობას მას შემდეგ, რაც იქ უამრავი ხალხი შეიკრიბა. მოგვიანებით ქრისტემ იგი ტაძარში იპოვა და უთხრა: „აჰა, განიკურნე; ნუღარ სცოდავ, რათა უარესი რამ არ შეგემთხვას“. წავიდა ის კაცი და აუწყა იუდეველებს, რომ იესო იყო მისი განმკურნებელი.

აი, ჩემო ძმებო, მოკლედ ის სახარებისეული ტექსტი, რომელიც კვირას მოვისმინეთ. მსურს რამდენიმე სიტყვა ვთქვა სნეულების შესახებ, რადგან ეს არის პრობლემა და საკითხი, რომელსაც, სამწუხაროდ, ყოველდღიურად ყველა ვეჯახებით. ყოველ დღე ან თავად ვხდებით ავად, ან ჩვენი მოყვასნი, ან ოჯახის ახლობელი წევრები. ჩვენ ძალიან გვაწუხებს სნეულების, სიკვდილის, გახრწნილების თემა, რამეთუ სნეულება სხვა არაფერია, თუ არა სიკვდილის სიმპტომი, სიკვდილის ნაწილი.

როგორ ვუმკლავდებით სნეულებებს? რატომ ვხდებით ავად? რატომ ვკვდებით და რატომ ხდება ამდენი ბოროტება ჩვენს ირგვლივ ყოველდღიურად? მცირეწლოვანი ბავშვებიც კი ავადდებიან; ღვთის სათნო, სათნოებით შემკული და ტანჯული ადამიანებიც კი, რომლებიც ასე საჭირონი და სასარგებლო არიან, სნეულდებიან, კვდებიან და ტკივილსა და უბედურებას თესავენ თავიანთ ახლობლებსა და ყველას შორის, ვინც მათ იცნობდა. ეს ძალიან ფაქიზი თემაა და ზუსტად უნდა ვიცოდეთ მისი არსი, რადგან ბუნებრივია, რომ ჩვენში მრავალი კითხვა იბადება: რატომ ხდება ეს და როგორ?

ეს „რატომ“ ჩვენში მძაფრად ამოიძახებს ხოლმე, როდესაც ასეთ ვითარებებს, ანუ – როგორც მამები უწოდებენ – განსაცდელებსა და დაბრკოლებებს ვაწყდებით. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი ბოროტებას არ სჩადის და არასოდეს თანამშრომლობს ბოროტებასთან. შეუძლებელია ღმერთი ბოროტებასთან იყოს კავშირში ან თავად ქმნიდეს იმას, რაც ბოროტია.

სნეულება ბოროტებაა, სიკვდილი ბოროტებაა, ბუნების გახრწნილება ბოროტებაა – შესაბამისად, ღმერთს არ სურს, რომ საქმე ასე იყოს. ჩვენ ეს ვიცით, რადგან ღმერთს ადამიანი დასაბამიდან სასიკვდილოდ არ შეუქმნია; არ შევუქმნივართ სნეულებისა და გახრწნილებისათვის, არც სამყარო შეუქმნია იმისთვის, რომ გახრწნილიყო და ადამიანს განდგომოდა. პირიქით, ადამიანის დაცემამ, ღმერთთან კავშირის გაწყვეტამ და ურჩობამ შემოიტანა სიკვდილი ბუნებაში, შემოიტანა გახრწნილება, სნეულება და ყველაფერი ის, რაც ჩვენს სიკვდილს შეადგენს.

სიბერე, სტიქიური უბედურებანი, ჩვენს ირგვლივ არსებული ყოველივე ბოროტი – დაცემის შედეგია. ამრიგად, ღმერთი არ არის ბოროტების მიზეზი, არც სიკვდილის და არც სნეულების. ეს კარგად უნდა გვახსოვდეს და არ შეგვიძლია ღმერთს დავაბრალოთ, რატომ ვკვდებით ან რატომ ვხდებით ავად.

ეს ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში შემოვიდა დაცემის გამო, რადგან ჩვენ თავად გავწყვიტეთ კავშირი ღმერთთან. თუმცა, მოვიდა ჩვენი უფალი იესო ქრისტე, რომელმაც კვლავ განაახლა ადამიანი, დააფუძნა თავისი ეკლესია. ახლა კი ეკლესია, სახარება და ჩვენი ქრისტე გვაძლევს ძალას. მართალია, მეორედ მოსვლამდე სიკვდილი, გახრწნილება და სნეულება რჩება – ისინი მხოლოდ საყოველთაო აღდგომისა და უფლის მეორედ მოსვლისას გაუქმდება – მაგრამ მანამდე ისინი არსებობს, როგორც დაცემული ბუნების ფენომენები. დღეს ბუნებრივია, რომ ადამიანი კვდება, სნეულდება და იხრწნება, რადგან ეს დაცემის შემდგომი მდგომარეობაა. ეს არ არის ღვთის მიერ შექმნილი ბუნებრივი მდგომარეობა, არამედ ბუნების საწინააღმდეგოა, თუმცა გარდაუვალია ყველასთვის. ქრისტე თავისი მყოფობით, თავისი ეკლესიითა და მადლით, თუმცა არ გვათავისუფლებს ამ ფიზიკური შედეგებისგან (სიკვდილი, გახრწნილება, სიბერე, სნეულება და მწუხარება), გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეს ოდესღაც საზარელი და დამღუპველი მოვლენები სულიერად გამოვიყენოთ, რათა მათი მეშვეობით დავიმკვიდროთ ღვთის სასუფეველი.

ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ შევხვდებით ამ განსაცდელებს, როგორ გამოვიყენებთ მათ, როგორ შევძლებთ ბოროტების სიკეთედ ქცევას, სიმწარის – სიტკბოდ, საწამლავის – წამლად და ბნელის – ნათლად. ეს არის ჩვენი გზა. ეს გზა პირველმა თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ გაიარა, შემდეგ კი ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა და ყველა წმინდანმა.

„არავინ ასულა ზეცაში განცხრომით“ – ამბობს ჩვენი ეკლესიის ერთ-ერთი წმინდანი. ყველა ავიდა მრავალი მწუხარებით, მრავალი ღვაწლით, შრომით, ოფლითა და სისხლით.

ვინმემ შეიძლება იკითხოს: თუკი ქრისტე მოვიდა ამ ყოველივეს გასაუქმებლად, რატომ რჩება ეს ყველაფერი კვლავ? იმიტომ, რომ ქრისტემ მოგვცა ახალი ცხოვრების შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, კვლავ ჩვენი ვნებების ტყვეობაში ვრჩებით. დიახ, ჩვენ ვიმოსებით ქრისტეთი წმიდა ნათლისღებისას და ხელახლა ვიბადებით, მაგრამ მანამ, სანამ ნათლისღებით მოცემულ ნიჭებს ავამოქმედებთ, მეტ-ნაკლებად მაინც დაცემის შედეგების ქვეშ ვიმყოფებით.

სნეულებები და სიკვდილი ჩვენთვის აღარ არის „ცოდვითი“ მოვლენები, არამედ „უმანკო ვნებანია“ (αδιάβλητα πάθη). სიკვდილი თავისთავად ცოდვა აღარ არის – ის არის ადამიანის ბუნებაზე მიყენებული დარტყმა, მაგრამ უმანკო. სწორედ ამიტომ, ქრისტემ განკაცებისას იტვირთა ეს უმანკო ვნებანი: თავად დაიღალა, მოსწყურდა, მოშივდა, შეწუხდა და, რაც მთავარია, მოკვდა.

მან ინება – და მოშივდა, ინება – და მოსწყურდა, ინება – და მოკვდა. ამით გვაჩვენა, რომ ეს მოვლენები რჩება ჩვენს ბუნებაში. რადგან ჩვენი ბუნება ცოდვისა და სიამეთმოყვარეობისკენ მიიწევს, ყოველდღიური ტკივილი რჩება ვნებების საპირწონედ, რათა განსაცდელთა და მწუხარებათა ტკივილით ადამიანი განიწმინდოს, გასპეტაკდეს და წარემართოს ღვთის სასუფევლისკენ. სნეული ადამიანი არასოდეს უნდა ფიქრობდეს, რომ მისი ავადმყოფობა ცოდვაა, ან რომ ღმერთმა იგი დასაჯა.

მით უმეტეს, როდესაც სიკვდილი ან უბედურება ხდება, არ არის სწორი ფიქრი, თითქოს ღმერთმა დაგვსაჯა შვილის წაყვანით ან სნეულების გამოგზავნით. ღმერთი, რომელიც სიყვარულია და ჩვენი მამაა, რომელმაც ყველაფერი ჩვენთვის გააკეთა, ბოროტებას არასოდეს იყენებს. ეს მოვლენები ჩვენს ბუნებაში არსებობს, როგორც დაცემის შედეგები, ხოლო სახიერი ღმერთი, როგორც მზრუნველი მამა, გვაძლევს ძალას, რომ ყოველივე ეს ბოროტი მოვლენა მოთმინებით, მადლიერებითა და ლოცვით გარდავსახოთ საუკუნო სარგებლად.

სიმართლე ისაა, რომ ჩვენს დაცემულ ბუნებას ახასიათებს ვნებათა სიხისტე; ჩვენი გონება ადვილად სცილდება ღმერთს და ეჯაჭვება ყოველდღიურობისა და ცოდვის სიტკბოებას. როდესაც ვნებების სატყუარით დაძინებულნი და გაბრუებულნი ვართ, მხოლოდ ძლიერ „შოკს“ შეუძლია ჩვენი გამოფხიზლება. ჩვენი ბუნება მოწყვლადია, ბოროტისკენ მიდრეკილი და ჩვენი აზროვნება ადვილად მიეჯაჭვება ღვთისგან განმდგომ საზრუნავებს. ამიტომ, რადგან ჩვენში ვნებიანი მდგომარეობა რჩება, ეს განსაცდელებიც რჩება სულიერ სავარჯიშოებად, რომელთა მეშვეობითაც ადამიანი კვლავ პოულობს საკუთარ თავს, ხვდება თავის დანიშნულებას და აცნობიერებს ამ წუთისოფლის არსს. იგი აღარ ტყუვდება იმ ფიქრით, რომ აქ მარადიულად იცხოვრებს. გახსოვთ ის უგუნური მდიდარი, რომელმაც ბეღლები აავსო და თქვა: „სულო ჩემო, გაქვს მრავალი სიკეთე… ჭამე, სვი და იხარეო“? მას არ უფიქრია, რომ ადამიანია და ერთ დღეს მოკვდება. როდესაც ჩვენს ირგვლივ ყველაფერი კარგადაა და სიმდიდრისა თუ ფუჭი სიამეთა უზრუნველობაში ვცურავთ, გვავიწყდება, რომ ამ წუთისოფლიდან მივდივართ; გვავიწყდება, რომ არსებობს მარადიული სიცოცხლე და ეს ხანმოკლე წუთისოფელი სხვა არაფერია, თუ არა მომზადება ღვთის სასუფევლისათვის. არ უნდა მოვტყუვდეთ ამ სამყაროთი. სიხარულშიც და მწუხარებაშიც, სიმდიდრესა თუ სიღარიბეში, ჯანმრთელობასა თუ სნეულებაში – მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ აქედან მივდივართ.

თუკი ჩვენი სულის თვალები ოდესმე გაიხსნება, მივხვდებით, რამხელა სარგებელი მოაქვს განსაცდელებსა და მწუხარებებს. დავინახავთ, რომ ჩვენს ცხოვრებაში ჭეშმარიტი სარგებელი მაშინ მივიღეთ, როდესაც ვწუხდით და გვიჭირდა. ნეტარი ბერი პაისი ამბობდა: ვფიქრობ, როდესაც ამ წუთისოფელს დავტოვებთ და თვალებს მარადისობაში გავახელთ, პირველი, რასაც ვიზამთ, იქნება ის, რომ ღმერთს მადლობას გადავუხდით ცხოვრებისეული ყველა მწუხარებისა და განსაცდელისათვის. რამეთუ მაშინ მივხვდებით, როგორ გვარგო განსაცდელებმა, ტკივილმა, ცრემლმა და როგორ განგვწმინდა მათ. თავად ბერი პაისი, როდესაც ავად იყო, ამბობდა: ჭეშმარიტად გეუბნებით, სნეულებამ უფრო მეტი სარგებელი მომიტანა, ვიდრე ჯანმრთელობამ. რამეთუ როდესაც ადამიანი სნეულია და უჭირს, მისი გონება სწორად მუშაობს; მაშინ ხვდება ამქვეყნიური საგნების ამაოებას, ხვდება, რომ არსებობს სხვა, უფრო ღირებული ფასეულობები. ხვდება, რას ფლობდა, როდესაც კარგად იყო და რას მოკლდა ახლა. ხვდება, რომ ამდენი წლის განმავლობაში მადლობას არ სწირავდა ღმერთს იმ სიკეთისთვის, რაც ჰქონდა. სამწუხაროდ, ჩვენი ადამიანური უძლურება ასეთია: როგორც კი გამოვკეთდებით, როგორც კი გადაივლის მწუხარების ქარიშხალი, კვლავ ვივიწყებთ ყველაფერს და ძველებურად ვაგრძელებთ ცხოვრებას. მცირედნი არიან ისინი, ვინც გონს მოდიან და სწორად აგრძელებენ ცხოვრებას. ღვთის ადამიანები სწორედ ეს გონიერი, ბრძენი და წინდახედული ხალხია, რომლებიც არ ტყუვდებიან ამქვეყნიური მოვლენებით: არც წარმატებისას უვარდებათ თავში „ნიავი“ და არც მარცხისას ეფლობიან სასოწარკვეთილებაში. ორივე შემთხვევაში მოთმინებით ადიდებენ ღვთის სახელს და იციან, რომ ყველაფერი წარმავალია – სასიამოვნოც და უსიამოვნოც. სიცოცხლეც ერთ დღეს დასრულდება და მზად უნდა ვიყოთ ღვთის სასუფეველში შესასვლელად.

როდესაც ადამიანი ამას გააცნობიერებს, იგი ჰგავს კარგ ათლეტს, რომელიც სტადიონზე ხალისით დარბის, რადგან ხედავს ჯილდოს და იცის, რომ გამარჯვება ელის. ან ჰგავს კარგ მუშაკს, რომელმაც იცის, რომ თუ გულმოდგინედ იმუშავებს, კეთილი დამქირავებელი დიდ გასამრჯელოს მისცემს – იმაზე მეტსაც, ვიდრე თავად ითხოვდა. ამიტომ იგი ერთი წუთითაც არ ჩერდება. ჩვენთვის კი, ძმებო, გასამრჯელო არც სამოთხეა და არც ღვთის მოწყალება – ჩვენი გასამრჯელო თავად ქრისტეა! ის არის ჩვენი საჩუქარი, ჩვენი ჯილდო, ჩვენი ღვაწლიცა და წარმატებაც. ქრისტეა ჩვენთვის ყოველივე ყოველთა შორის. ასე რომ, ამ სიძნელეებში უნდა ვისწავლოთ მოთმინება. უნდა ვიცოდეთ, რომ თუმცა ღმერთს არ სურს ჩვენი ტანჯვა, განსაცდელის ჟამს იგი მუდამ ჩვენთანაა, როგორც კეთილი მამა, და ხელს მაგრად გვიჭერს, რათა მწუხარების სიმძიმის ქვეშ არ დავიშალოთ. მეტიც, იგი გვეხმარება, რომ ეს სირთულეები მარადიულ ცხოვრებად გარდავქმნათ.

როგორ ხდება ეს? ქრისტეს მყოფობით. თავად ქრისტე მოქმედებს ასე. ეს არის საიდუმლო.

უნდა ვისწავლოთ ქრისტესთან ყოფნა, მისი სიყვარული, მასთან საუბარი. თუმცა, თუ დაველოდებით განსაცდელების მოსვლას მასთან მისაახლებლად, მაშინ ძალიან გაგვიჭირდება. რამეთუ მწუხარების სიმძიმით განადგურებულებსა და შემუსვრილებს, არც ისე ადვილად შეგვიძლია ძალების მოკრება.

არც საკუთარი თავის პოვნაა იოლი ღვთისკენ მოსაბრუნებლად. დარტყმა ხშირად იმდენად დიდია, რომ მათაც კი უჭირთ, ვისაც მანამდე ჰქონდა სულიერი ცხოვრება. რამეთუ მწუხარება ხუმრობა არ არის. „მწუხარება“ (θλίψη) ნიშნავს იმას, რასაც თავად სიტყვა გამოხატავს – ადამიანი დნება, ილევა, პირდაპირი მნიშვნელობით იშლება. იგი ათას ნაწილად ტყდება, როგორც ცათამბჯენიდან ბეტონზე ჩამოვარდნილი, რომელიც ნამსხვრევებად იქცევა.

ასეთია ადამიანი დიდი განსაცდელისა და ტკივილის დროს. მას ძალა აღარ შესწევს. სრულიად განადგურებულია. რა რჩება მას?

რჩება რწმენის მცირედი ხმა, რომელიც ღვთის სახელს უხმობს. რწმენის ეს ხმა ხდება ლოცვა.

ხდება ღვთის მოხმობა, ვედრება, რათა ღმერთი ეწვიოს განსაცდელში მყოფი ადამიანის გულს.

რათა ეწვიოს ჩვენს არსებას და მოგვცეს ძალა და მოთმინება ჩვენი ჯვრის სატვირთველად.

Share