IMG 20260601 WA0005

როდესაც ადამიანში სულიწმინდა მკვიდრობს – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი

„სულთმოფენობას ვდღესასწაულობთ…“ — ვდღესასწაულობთ ერთი არსების, მაგრამ სამი ჰიპოსტასის მქონე ღმერთის დიდებას. ამასწინათ ერთ ადამიანს ვუხსნიდი, თუ როგორია სულიწმინდის მოქმედება და რა არის მისი ნაყოფი. პავლე მოციქული ნათლად ამბობს: სულიწმინდის ნაყოფი არის სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიტკბოება, სიკეთე, სარწმუნოება, მორჩილება და თავშეკავება. თუ ადამიანს ეს სათნოებები აქვს, ეს იმის უტყუარი დასტურია, რომ მასში სულიწმინდა მკვიდრობს. ხოლო თუ ეს სათნოებები არ გააჩნია, მაშინ მასში არც სულიწმინდაა.

შეხედეთ დღევანდელ წუთისოფელს: ხშირად ხელოვანებსა და აკადემიკოსებს წარმოაჩენენ ხოლმე „სულიერ ადამიანებად“. თუმცა ისინი, ამ სიტყვის ჭეშმარიტი გაგებით, სულიერი ადამიანები არ არიან. შესაძლოა იყვნენ განათლებულნი, მეცნიერებათა დოქტორები და ძალიან ნიჭიერნი თავიანთ საქმეში, მაგრამ არა სულიერნი. ვინ არის ნამდვილად სულიერი ადამიანი? ის, ვისაც სულიწმინდა აქვს მიღებული. სწორედ ეს არის სულიერი ადამიანი!

თქვენ თავადაც ხედავთ, რამდენად ხელშესახებია სულიწმინდის ნაყოფი ეკლესიაში. ჩვენ გვყავდა ერთი მონაზონი, მამა გერვასი, რომელიც ახლა უკვე გარდაიცვალა. როდესაც ის ჩემთან აღსარებაზე მოდიოდა და ოლარს გადავაფარებდი ხოლმე ლოცვის წასაკითხად, მეუბნებოდა: „მადლის ცეცხლით ვიწვიო“. ამას ყოველთვის იმეორებდა და უდიდეს შვებას გრძნობდა. რა იყო ეს? ეს გახლდათ რეალური სულიერი სითბო, რომელიც სწორედ სულიწმინდის ნაყოფია.

ახლახან მიამბეს ერთი ამბავი სირიიდან, სადაც ახლაც ომია. იქ ცხოვრობდა ერთი ძალიან უბრალო, სათნოებით აღვსილი ერისკაცი. სიკვდილის პირას მყოფს, სხეულიდან მირონი სდიოდა — ჯერ კიდევ ცოცხალს, გარდაცვალებამდე! თავად ანტიოქიის პატრიარქიც კი მივიდა მის სანახავად და საკუთარი თვალით დაადასტურა, რომ კაცი მართლაც მირონს ოფლავდა. აი, რა სათნოება ჰქონდა მას! ეს მოვლენაც ხომ სულიწმინდის ნაყოფია?

ან კიდევ, გაიხსენეთ მამა იოსები (ხოზე). აქ (ვატოპედის მონასტერში) ავსტრალიიდან ჩამოვიდა ერთი კაცი. მას მღვდლად კურთხევის არანაირი მიზანი არ ჰქონდა. გამომშვიდობებისას მამა იოსებმა უთხრა: „შემდეგში რომ მოხვალ, ხელზე უნდა გემთხვიოო“. ხუთი წლის შემდეგ ეს კაცი მართლაც მღვდლად ნაკურთხი დაბრუნდა. მამა იოსებს ეს შემთხვევით არ უთქვამს — მას წინასწარცნობის ნიჭი ჰქონდა. ხედავთ? არსებობენ ადამიანები, რომლებიც ხედავენ სხვის სულიერ მდგომარეობას, აქვთ წინასწარმეტყველებისა და განჭვრეტის ნიჭი. ეს ყველაფერი სულიწმინდის ნაყოფია. სწორედ ამიტომ, ეკლესიის წიაღში უამრავი მტკიცებულება არსებობს სულიწმინდის რეალური მყოფობისა.

აი, თუნდაც წმინდა ნექტარიოსი, რომელსაც ასე ულმობლად სდევნიდნენ და აბრალებდნენ ათას რამეს. ის დაუცხრომელი ლოცვის კაცი იყო. როგორ მოიპოვება დაუცხრომელი ლოცვა? მხოლოდ სულიწმინდით! სულიწმინდის გარეშე შეუძლებელია ადამიანმა გულში გონიერი ლოცვა დაამკვიდროს.

ერთი მონაზონი იყო პელოპონესიდან. მას მკურნალობდა ერთი კარდიოლოგი, რომელიც ათეისტი გახლდათ, თუმცა ეს მონაზონი ძალიან უყვარდა. სიცოცხლის ბოლო დღეებში, როდესაც ექიმმა ფონენდოსკოპი გულზე დაადო, რათა გულისცემა მოესმინა, ნაცვლად ჩვეულებრივი ფეთქვისა, აპარატიდან გულისმიერი ლოცვის ხმა შემოესმა: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე… უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე…“ ეს კაცი ათეისტი იყო, მაგრამ ამ სასწაულის შემდეგ იწამა და უაღრესად ღვთისმოსავი გახდა. მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ დედაოს გულში დაუცხრომელი ლოცვა ჰქონდა დამკვიდრებული.

ეს ყველაფერი შესაძლოა ზოგიერთ თქვენგანს პირველად ესმის, მაგრამ ეს რეალური ფაქტებია. ისინი ადასტურებენ, რომ დღესაც, ჩვენს დროშიც კი, წუთისოფელში არსებობენ ადამიანები, რომლებიც სულიწმინდას ატარებენ.

ხშირად მინახავს, როგორ მოდიან მონაზვნები საზიარებლად და მათი პირიდან საოცარი სურნელება იფრქვევა. ჩვეულებრივ, როდესაც ადამიანი უზმოდაა, მის პირს უსიამოვნო სუნი აქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში საოცარი კეთილსურნელება იგრძნობა. რატომ? იმიტომ, რომ მათში სულიწმინდაა! ან კიდევ, წმინდა ბარძიმიდან, როდესაც წირვას აღვასრულებთ, საოცარი სურნელი ამოდის. რატომ? ესეც სულიწმინდის მოქმედებაა! სწორედ სულიწმინდაა, რომელიც მღვდლის კურთხევით პურს ქრისტეს ხორცად აქცევს, ხოლო ღვინოს — ქრისტეს სისხლად. ეს ყოველივე სულიწმინდის მიერ აღესრულება.

ფსიქოლოგებს ასეთი რამ არ შეულიათ. ამავდროულად ეს პროფესიაც საჭიროა, განსაკუთრებით დღეს, როდესაც ადამიანთა უმრავლესობა სულიერად და ფსიქიკურად დაუძლურებულია. ყოველი ხუთი ადამიანიდან სამი სნეულია. და ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ ისინი ბოროტები არიან, არამედ იმიტომ, რომ ცოდვის გამო ადამიანის ბუნება დაკნინდა და გადაგვარდა. ადამიანის ბუნებას ძალა გამოეცალა. დღეს ჩვენი ორგანიზმი დასუსტებულია, რის გამოც უამრავი პრობლემა იჩენს თავს. უამრავ ადამიანს სრულიად უმიზეზოდ აწუხებს უძილობა, ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული პრობლემები. მათი ტვინი სწორად ვეღარ ფუნქციონირებს და ცხოვრება უმძიმდებათ.

წმინდა პაისი ათონელი მეუბნებოდა ხოლმე: „მადლობა ღმერთს, ფსიქიატრები რომ გამოჩნდნენ, ეს ღვთის კურთხევააო“. რატომ ამბობდა ამას? იმიტომ, რომ ძველად ყველა ასეთ სნეულს ეშმაკეულად მიიჩნევდნენ. აქ, ათონის მთაზე, ვატოპედის მონასტერში დღემდე ინახება ჯაჭვები, რომლებითაც წინათ ამ სნეულ ბერებს აბამდნენ ხოლმე, როდესაც ისინი მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებოდნენ. წმინდა პაისი გვიყვებოდა, როგორ ყვიროდნენ და შფოთავდნენ ისინი. მონასტრებში ყოველთვის იყვნენ სნეული ადამიანები და მამები მათ დიდი თანაგრძნობითა და მოწყალებით უვლიდნენ.

იცოდეთ, რომ სულიწმინდის მადლი მოდის და კურნავს ადამიანის სულს. ადამიანი მხოლოდ მაშინ ხდება სრულყოფილი, როდესაც მასში სულიწმინდა მკვიდრობს. ერთხელ წმინდა პაისის ვკითხე: „ვინ არის სრულყოფილი ადამიანი-მეთქი?“ და თავადვე მიპასუხა: „ის, ვისაც არ გააჩნია არასრულფასოვნების კომპლექსი, რადგან ის მუდამ თავმდაბალია“. მართლაც, თავმდაბლობა სულიწმინდის ნაყოფია. ადამიანებმა, რომლებიც ეკლესიის მიღმა არიან, არ იციან, რა არის ჭეშმარიტი თავმდაბლობა. ინგლისის მეფე ჩარლზი (მაშინდელი პრინცი), რომელიც რვაჯერ იყო ჩამოსული ათონის მთაზე, მეუბნებოდა ხოლმე: „ჩვენ, ინგლისელები, თავმდაბლობას არასრულფასოვნების კომპლექსად მივიჩნევთო“. და ეს მართლაც ასეა წუთისოფლისთვის, რადგან მათ არ იციან, რომ თავმდაბლობა თავად ქრისტეს ხასიათია. ამიტომაც უთხრა ქრისტემ თავის მოწაფეებს, როდესაც სურდა თავისი შინაგანი სამყარო გაეხსნა მათთვის: „ისწავლეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“.

ეს ყველაფერი სულიწმინდის ნაყოფია. ამიტომ გისურვებთ, რომ შეიყვაროთ ეკლესია, რადგან ეკლესიის მეშვეობით ვეზიარებით სულიწმინდას. ის სიტკბოება, მშვიდობა, სიმშვიდე და სულიერი სისავსე, რასაც სულიერი ადამიანი გრძნობს, სწორედ ამის დასტურია. როდესაც ვლოცულობთ: „მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა…“ — სწორედ ამ სულს მოვუხმობთ. ის არის ნუგეშინისმცემელი, ჭეშმარიტების სული, რომელიც დღეს ეკლესიაში მოქმედებს და აღასრულებს საიდუმლოებებს: ჯვრისწერას, ზეთისკურთხევას და განსაკუთრებით — წმინდა ევქარისტიას (ზიარებას), რომელიც ყოველდღიურად აღესრულება ჩვენთან. მონასტრებში პირველი და უმთავრესი საქმე, მონასტრული ცხოვრების ცენტრი, მუდამ საღვთო ლიტურგიაა.

გისურვებთ, რომ ათონის წმინდა მთაზე — ამ ლოცვის, სინანულისა და მდუმარების (ისიხიის) ადგილზე მოსვლით — თქვენც მიიღოთ ეს მადლი. და როდესაც „მდუმარებას“ ვამბობ, არ ვგულისხმობ უბრალოდ ხმაურისგან განრიდებას. ბევრი თქვენგანი მიდის ხოლმე აგარაკზე „გამოსაჯანმრთელებლად და დასასვენებლად“, მაგრამ იქიდან ან მთვრალები ბრუნდებიან, ან ცოლთან და ახლობლებთან ნაჩხუბარნი. ეს არ არის სიმშვიდე. შინაგანი სიმშვიდე ხმაურის არქონას არ ნიშნავს. ჭეშმარიტი მდუმარება (ისიხია) არის მდგომარეობა, როდესაც გონება უერთდება გულს. როდესაც გონება და გული სულიწმინდის მადლით ერთიანდება, ადამიანი ჭეშმარიტად იწყებს მდუმარე (ისქასტური) ცხოვრებით ცხოვრებას. ვისაც სულიწმინდა აქვს, მას შინაგანი მშვიდობა და სიმშვიდე აქვს — სწორედ ის, რაც დღეს ასე აკლია წუთისოფელს.

შეხედეთ მომლოცველებს, რომლებიც აქ ჩამოდიან: ძლივს გაატარებენ ერთ ან ორ საათს სიმშვიდეში და მაშინვე იწყებენ ტელეფონებზე შეტყობინებების გზავნას, აქეთ-იქით რეკვას — ოღონდ კი დრო მოკლან. მათ არ იციან, როგორ გამოიყენონ დრო ლოცვისთვის, კითხვისთვის ან სულიერი ფიქრისთვის. მალე ბეზრდებათ ყველაფერი, არ აქვთ სულიერი განწყობა. მათთვის მთავარია, როგორმე „მოკლან დრო“. თუმცა, სულიერად სრულყოფილი ადამიანისთვის დრო ყოველთვის მარადისობასთანაა კავშირში. დრო, რომელსაც ახლა ვხარჯავთ, აღარასოდეს დაბრუნდება. სად ვიპოვით მას? დღევანდელი დღე რომ გავა, რა შევმატეთ ჩვენს სულს? რეალურად, ჩვენი ერთადერთი „მიღწევა“ ისაა, რომ ჩვენი მიწიერი ცხოვრება კიდევ ერთი დღით შემცირდა. რაც არ უნდა გავაკეთოთ, ამ დღეს უკან ვეღარ დავაბრუნებთ, ის წავიდა. თუ ეს დღე კეთილად გამოვიყენეთ და ღვთის გზით ვიარეთ — დიდება ღმერთს! ხოლო თუ ფუჭად დავკარგეთ, ეს დიდი პრობლემაა.

ამიტომ, გისურვებთ ღვთის მადლით სულიერად განახლებულნი და სულიწმინდით განათლებულნი დაბრუნდეთ თქვენს სახლებში. მუდამ გახსოვდეთ ეს სინანულით, ლოცვით, მდუმარებითა და ლიტურგიკული ცხოვრებით აღვსილი გარემო. გახსოვდეთ, რომ ათონის მთა არის დაუცხრომელი ლოცვისა და სინანულის ადგილი.

უფალმა დაგლოცოთ და სულიწმინდის მადლი გფარავდეთ თქვენ და მთელ თქვენს ოჯახებს! ამინ.


წყარო: https://www.pemptousia.gr

Share