ჩვენი ცხონებული მოძღვრის მუდმივი ლოზუნგი, თუ შეიძღება ასე ვთქვათ, იყო წმიდამამებისეული: „მიეც სისხლი და მიიღე სული"1. რადგან ბუნებით გაბედული და ვაჟკაცი იყო, კითხვებსა და ეჭვებს გასაქანს არასდროს აძლევდა, რასაც მისი მხურვალე რწმენაც უწყობდა ხელს. მტკიცე გადაწყვეტილება, გაბედულობა და ღმერთისადმი რწმენა – ის, რაც გონიერ არსებებს მოეთხოვებათ – ადამიანის თავისუფლების ის დამახასიათებელი ნიშნებია, რომლებიც მის ნებას გამოხატავს. ეს ყველაფერი ღმერთის შეწევნითი ჩარევის მიზეზი ხდება, რომელიც უძლურს კურნავს და ნაკლულევანს ავსებს.
ამგვარი წინაპირობებითა და ღმერთის დახმარების იმედით, ჩვენს ბერს არაფერი მიაჩნდა შეუძლებლად. სამწუხაროდ, ისინი, რომელთათვისაც მისი სულიერი მდგომარეობა მიუწვდომელი იყო, არასწორად განმარტავდნენ მის მოქმედებებს და თვლიდნენ, რომ ზედმეტობაში ან დაკლებაში ვარდებოდა ხოლმე. როდესაც რამე, ერთი შეხედვით, რთული ან ჩახლართული პრობლემა წარმოიშობოდა, მოძღვარი ერთსა და იმავეს ამბობდა: „ღმერთი სადღაა?“2. ეს იმას ნიშნავდა, რომ ღმერთი აუცილებლად მოაგვარებდა საკითხს.
ამგვარი განწყობა, რაც მისი მოღვაწეობის მთავარი პრინციპი იყო, ეფუძნებოდა არა მარტო ღრმა რწმენას (იმას, რასაც წმიდა მამები „ჭვრეტით რწმენას“ უწოდებდნენ), არამედ სულიერი კანონის მფარველობასაც, რაზეც მთელი მისი ცხოვრება იყო დამოკიდებული. რაც არ უნდა მომხდარიყო, ყველაფერს სულიერი კანონის საფუძველზე განსჯიდა. ეს, განსაკუთრებით, ჩვენს პირად სულიერ საკითხებს ეხებოდა.
როდესაც ბერ იოსებს დავემოწაფეთ, პირველ ხანებში, რჩევის საკითხავად და აღსარების სათქმელად ხშირად მივდიოდით მასთან. იმის მიუხედავად, ჩვენ ვეტყოდით თუ არ ვეტყოდით რა გვაწუხებდა, მოძღვარი დაწვრილებით განგვიმარტავდა ხოლმე მოვლენათა აზრს. ლაპარაკს შედეგიდან (ბოლოდან) იწყებდა, შემდეგ უშუალო გამომწვევ მიზეზებზე გადავიდოდა და ასე, მიყოლებით, ბოროტ აზრზე დათანხმებამდე მიდიოდა. ისე დეტალურად გვიხსნიდა, თუ საიდან, რატომ და როგორ შეგვემთხვა ესა თუ ის რამ, რომ ჩანდა, თუ რამდენად შესისხლხორცებული ჰქონდა „სიცოცხლის სულის კანონი“3.
ერთხელ, როდესაც გამოუცდელობის გამო რაღაც შეცდომა მომივიდა, ბერმა შორ გზაზე არაფრისთვის გამაგზავნა. ვიცოდი, რომ არას მოიმოქმედებდა სერიოზული მიზეზის გარეშე და ამიტომ არაფერი მიკითხავს, მან კი თვითონ მითხრა ასეთი რამ:
— თუკი სინანულთან ერთად შესაბამის შრომას4 ჩვენ თვითონ არ გავწევთ, სულიერი კანონის სჯას თავს ვერ დავაღწევთ, და შედეგად შეიძლება უცნობი განსაცდელი გვეწიოს, რომელიც, არ ვიცით, როგორ განვითარდება.
შემიძლია ვთქვა, რომ სულიერი კანონი იყო ჩვენი ყველა მოქმედებისა და ზოგადად, ცხოვრების საფუძველიცა და კრიტერიუმიც, დიდი საქმე იქნებოდა ეს თუ მცირე. წმიდა მარკოზ მმარხველი წერს: „ჭეშმარიტი ცოდნა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა სამწუხარო მოვლენებში მოთმინება გამოიჩინოს და არავინ დაადანაშაულოს იმ გასაჭირებში, რომლებიც მას ეწევა"5.
ჩვენი მოძღვარი ხშირად გველაპარაკებოდა განსაცდელების მნიშვნელობის შესახებ. განსაცდელად მიიჩნევდა ყველა იმ მრავალმხრივ და მრავალნაირ სირთულესა და უბედურებას, რომლებიც, ზოგადად, მთელ კაცობრიობას აჭირვებს და რაზეც ღელავენ ცალკეული ადამიანები. ბერ იოსებისთვის ყველაფრის საფუძველი იყო სულიერი კანონი და ამიტომ მიაჩნდა, რომ ღმერთის განგების თითოეული ასეთი აღმზრდელობითი ჩარევა ადამიანთა გამოსწორების შესაფერისი საშუალებაა. მიუხედავად იმისა, რომ მას ღრმად ჰქონდა გაცნობიერებული, თუ რა სარგებელი მოაქვს განსაცდელებს და რომ „განსაცდელების გარეშე ვერავინ ცხონდება"6, აგრეთვე ის, რომ შეუძლებელია განსაცდელები არ შეგვემთხვეს7, დიდი სიზუსტითა და დაწვრილებით გვიხსნიდა მათ გამომწვევ მიზეზებსა და საბაბებს, და გვასწავლიდა, ჩვენი უყურადღებობითა და უდებებით არ გამოგვეწვია ისინი.
ბერ იოსების მრავალწლიანი გამოცდილება განსაცდელების საკითხში გამოიხატება „ორმაგ მოვალეობაში“, როგორც თვითონ უწოდებდა ანუ განსაცდელებთან ბრძოლაში მოპოვებული მთელი მისი მდიდარი „სულიერი ნადავლი“ ორ ძვირფას რჩევაში ჯამდება: ერთი მხრივ, გონივრულად მივუდგეთ განსაცდელების მიზეზებს, რათა თავი დავიზღვიოთ მათგან (ანუ არ გამოვიწვიოთ); მეორე მხრივ, როდესაც შეგვემთხვევა, ვაჟკაცურად დავუხვდეთ რწმენითა და იმ იმედით, რომ მათ აუცილებლად სარგებელი მოჰყვება. „განსაცდელები, რომლებიც მოულოდნელად შეგვემთხვევა, შრომის- მოყვარეებად8 ყოფნას გვასწავლის, ღმერთის განგებულებით, და, რომც არ გვინდოდეს, სინანულისკენ გვიბიძგებს“9. აგრეთვე, „მწუხარებები, რომლებიც ადამიანებს შეემთხვევათ, ამ უკანასკნელთა ბოროტების ნაშობი და შედეგია”10. ამ და სხვა ციტატების მოშველიებით ჩვენი მოძღვარი ხშირად გვახსენებდა „სულიერი კანონის პროფესორს" – ასე უწოდებდა იგი წმიდა მარკოზ მმარხველს.
კაცთა მოდგმის ყველაზე რთული საიდუმლო ქრისტესმიერი ცხოვრების პრაქტიკულ ნაწილში იმალება. ადამიანი ორ უდიდეს ძალას შორისაა მოქცეული, რომელთაგანაც თითოეული შეუპოვრად იზიდავს თავისკენ. ეს ორი ძალა ორი ერთმანეთს დაპირისპირებული პოლუსია: ერთია ღმერთისადმი სიყვარული, ხოლო მეორე – წუთისოფლის სიყვარული. ამ ორთაბრძოლის მსხვერპლს, ადამიანს, ყოველთვის არ ძალუძს კეთილსინდისიერად შეაფასოს საკუთარი არჩევანი, ამას კი მოგვიანებით სხვადასხვანაირი შინაგანი თუ გარეგნული ცვლილებები მოჰყვება. ყველა იმ საშუალებას, მიზეზსა თუ საბაბს, რომლებიც ამგვარად გახლართულ ადამიანს გამოაღვიძებს [და ეხმარება სწორი არჩევანი გააკეთოს], ეწოდება განსაცდელი. დავსხდეთ და თითო-თითო აღვწეროთ განსაცდლები? „აღვრაცხნე იგინი და უფროს ქუშისა გან- მრავლდენ“11, – ამბობს დავით წინასწარმეტყველი. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ჩვენი მოძღვრის გამოცდილებიდან მცირეოდენი რამ ვახსენოთ – მას ჰქონდა იმის უნარი, რომ განსაცდელები დაწვრილებით აღეწერა და საოცრად ფაქიზად გაერჩია ერთიმეორისგან.
ბერი თვლიდა, რომ ყველა განსაცდელი სასარგებლოა12, მაგრამ თავისი დარიგებების დროს განსაკუთრებულ ყურადღებას იმ განსაცდელებს ანიჭებდა, რომლებსაც ჩვენი უდებება ან ამპარტავნება გამოიწვევს, და მათ „შემმუსრველებს" უწოდებდა. ღმერთს, რა თქმა უნდა, სურს და მოუწოდებს კიდევაც, რომ ყველა ადამიანმა მისდიოს მას, მაგრამ მის მოწოდებას ყველა არ იღებს, არ ეხმაურება. ხოლო რომელთაც მიიღეს და შეიწყნარეს მისი მოწოდება, სასტიკად გამოიცდებიან, ისე და იმდენად, რამდენსაც უფალი განსაზღვრავს, და იმისდა მიხედვით, თუ რა სულიერი შემეცნება უბოძა ამ ადამიანებს. მაგრამ ღმერთის მიერ მოწოდებულ ადამიანებს წინ ეღობება სიყვარული ამ ქვეყნის მიმართ, რომელიც „ბოროტსა ზედა დგას“13. წუთისოფელი ცდილობს, ტყუილითა და მზაკვრობით შეაცდინოს ადამიანები და უმეტესწილად აღწევს კიდევაც ამ მიზანს, ხოლო რომელთაც ვერ აცდენს, შეუფარავ და აშკარა ძალადობას მიმართავს, რათა მათი ღმრთისმოყვარე განწყობა გატეხოს.
ამას ემატება ისიც, რომ ჩვენი უბოროტესი მეზობლების, ე.წ. „ცვლილებების“14, ზეწოლა დიდად აზარალებს ჩვენს კეთილ განწყობასა და შემართებას. წმიდა მამებს დაწვრილებით აქვთ აღწერილი ის მრავალი და ცნობილი მიზეზი, რომლებიც ამ ცვლილებებს გამოიწვევს. ცვლილებები შეიძლება იყოს ან ბუნებრივი, უცოდველი ვნებების15 მიერ გამოწვეული, ან შეძენილი, ანუ ვნებებისა და ეშმაკების მიერ გამოწვეული. მაგრამ, ერთი მიზეზითაა გამოწვეული თუ მეორით, არსი ისაა, რომ ჩვენს განწყობასა და შემართებას ემტერება.
სწორედ ამ მარადიულ ჭიდილში გვისაფრდება განსაცდელიც. წუთისოფლის ზღვაში მოგზაურთაგან არავის შეუძლია თავი დააღწიოს მათთან ბრძოლას. გამოუცდელობა, უმეცრება, სისუსტე, თიხის სხეულის სიმძიმე, ცუდი წარსული, ვნებები, ჩვევები, ხოლო ყველაზე მეტად, ეშმაკი – ცვლიან ან გაწყვეტენ ადამიანის სწორ განწყობასა და მის მიერ დასახულ კეთილ მიზანს. „ჩვენი სხეულის ნაწილებში არსებული ცოდვის რჯული“16, ანუ „სიყრმიდანვე ბოროტებისკენ მიდრეკილი ჩვენი გონება“17 აბრკოლებს იმ მართებულ მსვლელობას, რომელიც მანამდე ღმრთისმიერმა მოწოდებამ და კეთილშობილურმა შემართებამ დიდი რუდუნებით დასახეს. შესაბამისად, გამოფხიზლებისა და წინსვლის ბიძგის სხვა არანაირი საშუალება აღარ გვრჩება, თუ არა შემთხვევითი [ნეგატიური] მოვლენები18, რომელთაც განსაცდელები ეწოდება.
შენიშვნები
- იხ. წმიდა პეტრე დამასკელი, წიგნი მეორე, სიტყვა ჲ (24). ↩
- დიდი ბერი შეგვახსენებს, რომ უფლის განგებისა და ბრძანების გარეშე თმის ღერიც არ ვარდება თავიდან. შესაბამისად, ყოველ სიტუაციასა და ვითარებაში არ უნდა დავივიწყოთ ღმერთის არსებობისა და ჩარევის ფაქტორი. ↩
- იხ. რომ. 8,2: „შჯული სულისა ცხორებისა“. ↩
- „შესაბამის“ – ანუ ჩადენილი ცოდვის ან მომხდარი შეცდომის ანალოგიური „ზომის“ თუ მნიშვნელობის. ↩
- მათ შესახებ, ვინც საქმეებით გამართლებას ფიქრობს 56. ↩
- იხ. ანტონი დიდის ცნობილი გამონათქვამი: „მოაშორე განსაცდელები და აღარავინ ცხონდება“. ↩
- იხ. ლუკ. 17,1. ↩
- აქ: სულიერ ცხოვრებაში გულმოდგინეებად. ↩
- მათ შესახებ, ვინც საქმეებით გამართლებას ფიქრობს 8. ↩
- იქვე 9. ↩
- ფსალმ. 138,18. ↩
- შეად. იაკ. 1,2. ↩
- იოან. 5,19. ↩
- ცვლილებები (ბერძ. ………) – აქ: იგულისხმება ნეგატიური ცვლილებები, ძირითადად, ადამიანის შინაგან ცხოვრებაში, ცუდი შინაგანი განწყობა, ან, ძალიან უხეშად თუ განვსაზღვრავთ, ე.წ. „უქეიფობა". ↩
- უცოდველი ვნებები (ბერძ. ……..) – ადამიანური ბუნების ის სისუსტეები, რომლებიც თავისთავად არ წარმოადგენს ცოდვას. მაგალითად, ძილის, დასვენების, ჭამის, საპირფარეშოს და სხვა საჭიროებები. ↩
- იხ. რომ. 7,23. ↩
- იხ. დაბ. 8,21. ↩
- „შემთხვევითი (ნეგატიური] მოვლენები" – ამგვარად შევეცადეთ გვეთარგმნა წმიდა მაქსიმე აღმსარებელის „,………”, რასაც უფრო ღრმა, ხოლო ზოგჯერ რთულად გასაგები დატვირთვა აქვს. ↩