ერთ-ერთი პირველი სულიერი გაკვეთილი, რომელიც ჩვენმა ბრძენმა მოძღვარმა პირველივე დღეებში გვასწავლა, ეხებოდა მოწესრიგებულ ცხოვრებასა და განრიგს (პროგრამას), ხოლო უწესრიგობასა და მოუწესრიგებლობას ყველაზე შავი ფერებით გვიხასიათებდა. ხშირად სოლომონის იგავთა გამონათქვამს მოიშველებდა ხოლმე: „რომელთა არა აქუნდეს განკარგვა,1 დაცჳვეს ვითარცა ფურცელი“2. აქო, – ამბობდა, – განრიგის უქონლობა იგულისხმებაო. ხშირად წინა თაობის ბერების ცხოვრებებიდანაც მოჰყავდა მაგალითები, განსაკუთრებით, ბერ თეოფილაქტესი, რომელიც წმიდა არტემის სოხასტერში მოღვაწეობდა და სათნოებებითა და საღმრთო ნიჭებით გაითქვა სახელი.
ბერმა თეოფილაქტემ მთელი ცხოვრება მკაცრ მოღვაწეობაში, მდუმარებასა და მარხვაში გაატარა, ზეთსაც კი არ ხმარობდა3. ერთხელ ვინმე მორჩილი მიიღო, რომელსაც შემდგომში არსენი უწოდა, და ძირითადი მონაზვნური მოვალეობები ასე ლაკონიურად აუხსნა (ეს კურთხეული ბერი საუბარში მეტად თავშეკავებული იყო):
— ყური მიგდე, შვილო. თუ ჩემთან დარჩენა გსურს, წესრიგი და განრიგი უნდა გქონდეს – უამისოდ მონაზონი ვერ გახდები. მიმოიხედე და დააკვირდი, სად რა დევს – ყველაფერს გიჩვენებ. აქ დოქის ადგილია, იქ – ჭიქის, აი – თასი, ორცხობილა… მინდა, რომ ეს ნივთები ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას იყოს. თუ ვინიცობაა შეგეშლება, პირველ ჯერზე შეგახსენებ ნივთის ადგილს, მაგრამ მეორე ჯერზე აღარ მოგითმენ, ხოლო თუ ამის შემდეგაც მოუწესრიგებელი დარჩები, მაშინ ჩემი თხოვნა იქნება, რომ მოჰკიდო ბარგს ხელი და წახვიდე, რადგან, თუ შენ სარგებლის მიღება არ გინდა, მე მაინც ნუ ამირევ ცხოვრებას.
ჩვენი მოძღვარი ამბობდა, რომ ამ ბერს, რომელიც ამგვარ ყურადღებას აქცევდა გარეგნულ მხარეს, ისეთი სუფთა გონება და სულიერი მდგომარეობა ჰქონდა, რომ ხშირად აღიტაცებოდა ხოლმე სულიერ ჭვრეტაში. ერთხელ ეშმაკებს შეუკრავთ და ზამთარში სენაკიდან გაუყვანიათ, მთელი ღამე დილამდე შიშველი უთრევიათ თოვლზე და ისევ თავისი სახლის წინ დაუგდიათ, ხოლო მეზობელი მამები აქა-იქ ჭინკების მიერ მოსროლილ მის ტანსაცმელს პოულობდნენ და ნაწილ-ნაწილ მოჰქონდათ. ჩვენი მოძღვარი თვლიდა, რომ დემონების საქციელის მიზანი იყო, მისი გონება ღმერთის ჭვრეტისგან განეშორებინათ – ძველ წმიდა მამებზეც ხომ გვსმენია, რომ იმავეს უკეთებდნენ.
სხვა დროს ღამით ბერ თეოფილაქტეს სენაკთან ერთი შველი მისულა და კარზე თავი მიურტყამს. როდესაც ბერს გამოუხედია, ცხოველს მოტეხილი ფეხი უჩვენებია. ბერს ფეხი გადაუხვევია და უბრძანებია, რვა დღის შემდეგ ისევ მისულიყო. ასეც მოხდა, თან დღის იმავე დროს. ბერს ფეხი გადაუხვევია და ისევ რვა დღის შემდეგ დაუბარებია შველი. შემდეგ ჯერზე ბერი დარწმუნებულა, რომ ფეხი შეხორცებულიყო და პირუტყვისთვის უთქვამს, ნუღარ მოხვალო, მასაც გაუგონია და აღარც მოსულა!
ამ კურთხეული მოღვაწეების ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისება იყო ცხოვრებაში განრიგის მკაცრი დაცვა. ასეთი იყო ჩვენი მოძღვარიც და იმავეს ითხოვდა ჩვენგანაც. ამბობდა, რომ ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბება იწყება სწორედ განრიგის დაცვითა და მოწესრიგებული ცხოვრების წესით. როდესაც კაცი თავის თავს მის პრინციპად დაუდებს, დასახული პროგრამა არ დაარღვიოს, ამით შეიძენს მხნეობას, რაც ჩვენს ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვანია, რამეთუ მუდამ მძიმე ბრძოლაში ვართ ჩართულები. მხოლოდ ვაჟკაცობითა და მტკიცე გადაწყვეტილების მეშვეობით შეუძლია ადამიანს გაუმკლავდეს ლომივით მოღრიალე ეშმაკს, რომელიც ეძებს არათუ დააზიანოს ვინმე, არამედ გადასანსლოს.
კიდევ ერთი, ასეთივე მნიშვნელოვანი საბაბი დაპროგრამებული ცხოვრებისათვის არის ის, რომ ადამის დაცემის შემდეგ ადამიანს ცვალებადი და მერყევი ხასიათი აქვს. ამასთან ერთად, ჩვენი ზოგადი ცოდვილობაც აჩლუნგებს ჩვენს შემართებასა და გადაწყვეტილებებს. გამოუცდელობა, სულიერი უმეცრება, უხილავი ბრძოლის უცნობი მხარეები, არათანაბარი ძალები ამ ბრძოლაში – არაა გასაკვირი, რომ ეს ყველაფერი იმედს გადაგვიწურავს. არანაირი ადამიანური ფაქტორი ისე არ განაპირობებს ჩვენს წარმატებას, როგორც მტკიცე და დაჟინებული გადაწყვეტილება და სწორმეთოდიანი პროგრამა.
ღირსი მამების ცხოვრებებში ვხედავთ, რომ წესრიგისა და განრიგის მკაცრი დაცვა ყველა მათგანისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი სასაძირკვლი თვისება იყო. ბერ იოსებს განსაკუთრებით უყვარდა წმიდა ისააკ ასურის წიგნი, შეიძლება ითქვას, მუდამ თან დაჰქონდა. ზოგჯერ მთელ თავებს გვეუბნებოდა ზეპირად, განსაკუთრებით, იმ ნაწილებს, რომლებიც მოწესრიგებულობასა და მონაზვნური ცხოვრების გარეგნულ მხარეს ეხება, დაწყებითი პრაქტიკული მოღვაწეობით დაწყებული, ჭვრეტითა და სრულყოფილებით დამთავრებული, რამდენადაც ეს ადამიანისთვისაა ხელმისაწვდომი. მახსოვს, რამდენჯერ ახსენებდა ხოლმე მეშვიდე სიტყვას „დამწყები მონაზვნების წესის შესახებ“, ყველაზე მეტად კი შემდეგ ციტატაზე ამახვილებდა ყურადღებას: „სადაც არ უნდა მოხვდე, საკუთარი თავი უმრწემესად და შენი ძმების მსახურად მიიჩნიე“.
აქ ჩვენს თხრობას ერთი აუცილებელი „სქოლიოც“ უნდა დავურთოთ. იმის გამო, რომ ჩვენი მოძღვარი თავიდანვე მდუმარე და განმარტოებული ცხოვრებისკენ ისწრაფოდა, შესაბამისად, მოღვაწეობაც უფრო მკაცრ პირობებში უწევდა. ზოგადად, დაყუდებულ მონაზონთა ცხოვრების წესი, ადგილი და საშუალებები დიდად განსხვავდება ერთად მცხოვრებ მონაზონთა მოღვაწეობის სისტემისგან. პირველთა განრიგი, ჯერ კიდევ ძველი დროიდან, ერთი შეხედვით, უფრო მკაცრი ჩანს. ამის შედეგი კი ის არის ხოლმე, რომ ყოფა-ქცევაში ერთგვარ უხეშობა-უკმეხობას იძენენ, რაც, თავის მხრივ, განმარტოებულად ცხოვრების პირობებში ადამიანს შეუმჩნევლად ეპარება (რადგან საზოგადოებრივ ურთიერთობებს მოკლებულია). ამის თვალსაჩინო მაგალითია ამბა პალამონის მოპყრობა წმიდა პახუმისადმი, რომელიც მომავალში კინობიალური მონაზვნობის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი გახდა.
რამდენიმეჯერ ვკითხეთ მოძღვარს ჩვენი განრიგის სიმკაცრის შესახებ და ისიც შესაბამის პასუხს წმიდა მამების ბიოგრაფიებიდან გვცემდა. ძველი მამებისთვის არ იყო უცნობი მოყვასისადმი სიყვარულის ვალდებულება, მაგრამ მათთვის პირველ ადგილზე ღმერთისადმი სიყვარული და შესაბამისად, მდუმარე ცხოვრების განსაკუთრებული პირობების გაფრთხილება იყო, რადგან ჩვენც იმავე მიზნით წარვმართავდით ჩვენს ცხოვრებას. ხშირად გვახსენებდა ამბა ისააკის შემდეგ სიტყვებს, რომ მონაზვნის წარმატებისთვის აუცილებელი წინაპირობაა „თავის ერთ ადგილზე მოკრება და მუდამ მარხვა“.
მოწესრიგებულობის საკითხში მე კიდევ ერთი რამ მქონდა შემჩნეული, რომელიც, ვინმეს მეტად მარტივადაც შეიძლება ეჩვენოს, მაგრამ მოღვაწეობის დასაწყისში ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გახდა: თუ განრიგს, გარეგნულსა თუ სულიერს, ვიცავდით ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ დროსა და პირობებში, მაშინ არც ჩვენი მოშურნეობა მცირდებოდა, არც მხურვალება, არც ლოცვა და ზოგადად, არც სულიერი მდგომარეობა, ხოლო თუკი რაიმე მიზეზით ჭამის, დუმილის ან, ზოგადად, საგრძნობელთა დაცვის პროგრამას დავარღვევდით, მაშინ მოშლილ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით ხოლმე და ჩვენი ცხოვრების ჩვეულ წესს დიდი შრომის ფასად ვინარჩუნებდით. იმ მწუხარებების წყალობით, რომლებიც ამის გამო განვიცადეთ, ეს ყველაფერი ჩვენთვის კარგ გაკვეთილად იქცა.
ერთ ზაფხულს მე და მამა ათანასე სამუშაოდ ესფიგმენის მონასტერში წავედით. იქაურმა მამებმა გასამრჯელოს მაგივრად ერთი დიდი თევზი მოგვცეს, რომელიც ცამეტ კილოგრამზე მეტს იწონიდა. დილაადრიანად გავუდექით გზას იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიგვეღწია წმიდა ანას მცირე სკიტის ჩვენს გამოქვაბულებში. საღამოს ძალიან დაღლილები დავბრუნდით ჩვენს სენაკებში. მოძღვრისგან ლოცვა-კურთხევა ავიღეთ და ვუთხარით, რომ თევზზე დროულად უნდა გვეზრუნა: გაგვეწმინდა და კარგად დაგვემარილებინა, რომ შენახულიყო. იმ დროს დამარილება თევზის შენახვის ერთადერთი საშუალება იყო. მაგრამ ბერმა შეგვახსენა, რომ პროგრამა ითვალისწინებდა დასვენებას და შემდეგ ღამისთევას. თევზზე ხვალ ვიზრუნებთო, გვითხრა. ჩვენ ვიცოდით, რომ თევზი მეორე დღემდე ვერ გაძლებდა, რადგან სიცხეში დიდხანს ვიარეთ და არც ის ვიცოდით, იმ კეთილ მამებს თევზი როდის დაეჭირათ. მიუხედავად ამისა, ბერის სიტყვას დავემორჩილეთ. საბოლოოდ, როგორც მოსალოდნელი იყო, თევზი გაფუჭდა და გადავაგდეთ. პროგრამის დაცვის საქმეში ბერი ისეთი შეუვალი იყო, რომ ასეთ დროს არც შრომას დაგიდევდათ და არც იმას, რომ ამდენი დღის საჭმელი უნდა გაფუჭებულიყო.
ერთხელ, როგორც რამდენიმე სხვა შემთხვევაში, შვილებრივი უშუალობით სათანადო ყოფაქცევის ფარგლებს გავცდი და ცნობისმოყვარეობით შევეკითხე:
— მამაო, ვიცი, რომ ბუნებით მკაცრი არ ხარ. პირიქით, ადამიანები ძალიან გებრალება. მაშ, რაღატომ იჩენ ასეთ სიმკაცრეს პროგრამის დაცვის საკითხში, ეს ხომ ბევრს აბრკოლებს?
ბერმა გამიღიმა და მომიგო:
— არ მეგონა, თუ გაბედავდი ასეთი რამის კითხვას, მაგრამ, რადგან მეკითხები, მომისმინე. გამოცდილებამ მიჩვენა, რომ, თუ ასე არ მოვიქცევი, ვერ გავაგრძელებ იმას, რისკენაც ღმერთმა მომიწოდა. მოციქული პავლე ამბობს: „რამეთუ ნეფსით თუ ვიქმ ამას, სასყიდელი მაქუს, ხოლო უკუეთუ უნებლიეთ, სამნოჲ*(მეურნეობა) რწმუნებულ არს ჩემდა“.4
უჭირდა კურთხეულ ბერს ამის თქმა, მაგრამ, რადგან სწამდა, რომ მდუმარებისადმი მისი სწრაფვა იყო არა შემთხვევითი, არამედ საღმრთო მოწოდების საქმე, განაგრძო:
— ადამიანების მოთხოვნა, რომ ყველას შეუზღუდავად გავუღოთ კარი, მამებისგან მოცემული და დადგენილი საზოგადო წესია. ამას, ღმერთის მადლით, წმიდა მთაზე მრავალი აღასრულებს: მსურველს ყველგან მიიღებენ, კარს გაუღებენ და უმასპინძლებენ, მაგრამ ჩვენ წმიდა გადმოცემის სხვა მსახურება გვეკისრება: ღმერთს მდუმარებით უნდა ვემსახუროთ. ეს არც ყველასთვის გასაგებია და არც ყველასთვის ხელმისაწვდომი. წმიდა გრიგოლი პალამა ათონზე ყოფნის დროს მდუმარებით ცხოვრობდა. ის ხალხს გაურბოდა, იმალებოდა, მღვიმეებს თხრიდა — ყველანაირად განმარტოებას ეძებდა. ვის იღებდა მაშინ და ვის ხვდებოდა?! აქედან აშკარად ჩანს, რომ პროგრამის დაცვა სულიერი წინსვლის უმთავრესი ფაქტორია. ეს იყო მიზანი იმ კანონებისა და მცნებებისა, რომლებიც უძველესი დროიდან მოგვეცა ღმრთისგან და ადამიანებისგან. კაცობრივი ბუნების რღვევა, რაც პირველმშობელთა დაცემას მოჰყვა. რჯულის (კანონების) დაწესებას მოითხოვდა დარღვეული ფსიქოსომატური ძალების5 გასაწონასწორებლად.
კითხვა: როდის აღარ არის საჭირო კანონები, მცნებები და განრიგი?
პასუხი: როდესაც ადამიანი, საღმრთო მადლის შემწეობით, დაკარგულ სულიერ სახეს დაიბრუნებს“6, ხოლო პავლეს თქმით, „მოკვდავი შეიმოსავს უკვდავებას“7 და „მოკვდავი დაინთქმება სიცოცხლის მიერ",8 მაშინ, და მხოლოდ მაშინ, მართლისთვის რჯული აღარ იარსებებს.
შენიშვნები
- „არ აქვთ განკარგვა“ (ბერძ. kußépnoiç) აქ ნიშნავს „[სწორად] არ იმართებიან“, „თავმოუბმელები არიან“. ↩
- იგავ. 11,14. ↩
- შესაბამისად, არც სახსნილოს და არც თევზს. ↩
- კორ.9,17. ↩
- ფსიქოსომატური ძალები (ბერძ. wuxi – სული, doue – სხეული) – სულისა და სხეულის ძალები. ↩
- ორიგინალში: „დაიბრუნებს თავის პიროვნებას“ (dvaktioni Inv προσωπικότητά του). ↩
- კორ,15,54. ↩
- შეად. 1 ტიმ.1,9. ↩