განსაცდელი ეწოდება იმიტომ, რომ გამოცდილებას შეგვძენს, ხოლო ყურადღებიანი მოღვაწისთვის უხილავ ბრძოლაში სულიერი ცოდნის წყაროდ იქცევა. განსაცდელი არის ყველა ის წინაღობა, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს რწმენასა და ქრისტიანულ ცხოვრებას, ჩვენს მცდელობას, ღმერთს დავემორჩილოთ. წმიდა მამების სწავლების თანახმად. განსაცდელები ერთმანეთისგან განსხვავდება. სხვანაირი განსაცდელები აქვთ წინ წაწეულ მოღვაწეებს, რათა სულიერ სარგებელსა და წინსვლას მიაღწიონ; სხვანაირი ზარმაცებსა და უდებებს, რათა მავნე და სახიფათო შედეგებს დააღწიონ თავი; სხვანაირი – ვინც სულიერად თვლემს ან სძინავს, რათა გამოფხიზლდნენ; სხვანაირი – ღმერთს მოშორებულებს და შეცდომილებს, რათა შემოქმედს დაუბრნდნენ; და ბოლოს, სხვანაირი – მართლებსა და უფლის მეგობრებს, რათა აღთქმული სიკეთეები დაიმკვიდრონ. არსებობს აგრეთვე სრულყოფილთა განსაცდელები, რომელთაც ღმერთი იმისთვის უშვებს, რომ ქრისტიანები რწმენაში გამყარდნენ და მისაბაძი მაგალითი ჰქონდეთ. ამის გარდა, არსებობს სრულყოფილთა სხვა სახის განსაცდელები, მაგალითად, უფლისა და მოციქულთა, რომლებმაც ამ ქვეყანასთან „ზიარების“ კანონი იმით აღასრულეს, რომ ჩვენი განსაცდელები თავის თავზე აიღეს.
„ზიარების“ კანონი ის არის, რომ სულიერი მამები თავიანთი სულიერი შვილების სისუსტეების სიმძიმეს იტვირთავენ – ამ უკანასკნელთა ნაკლებს ლოცვითა და სხვადასხვა ღვაწლით ავსებენ. თუმცა, არსებობს სხვათა განსაცდელებთან „ზიარების“ კიდევ ერთი გზა: ის, ვინც სხვას ცილს სწამებს, ცილწამებულის განსაცდელებს „ეზიარება“; ის, ვინც სხვას განიკითხავს – განკითხულის განსაცდელებს; ის, ვინც ჩაგრავს დაჩაგრულისას, განსაკუთრებით, თუ დაჩაგრული უდრტვინველად ითმენს უსამართლობას. ცხადია, რომ ეს ორი „ზიარების“ კანონი დიამეტრულად განსხვავდება ერთმანეთისგან.
წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ყურადღებიან და მოღვაწე მონაზვნებს (ზოგადად კი, ქრისტიანებს) ებრძვის: სიზარმაცე, სხეულის დამძიმება, ხელ-ფეხის მოდუნება, უდებება, მოწყინება, გონების აღრევა, ეჭვები, რომ ავად არის ანუ სულმოკლეობა, გულისსიტყვათა დაბნელება, ადამიანთა მხრიდან დახმარების დაკარგვა, გარემო პირობების გაუარესება და მსგავსი. როდესაც ბრძოლისუნარიან მორწმუნეებს, ღმერთის დაშვებით, ასეთი განსაცდელები შეემთხვევათ, მათში მიტოვებულობის განცდა იჩენს თავს. მაშინ მათი რწმენა ირყევა, იმედი კი, მანამდე რომ ამხნევებდა, ეკარგებათ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ საღმრთო მადლიც საიდუმლოდ ანუგეშებს, რათა დასახული პროგრამა არ შეცვალონ. მადლი აჯერებს მათ, რომ განსაცდელი მათი ბრალით არ მომხდარა – ყველაფერი იმას მოწმობს, რომ სწორი გზიდან არ გადაუხვევიათ. ეს ყველაფერი აიძულებს მათ, რწმენითა და სიყვარულით მიუბრუნდნენ ღმერთს, რომელსაც შეუძლია მათი ხსნა, და სიმდაბლით სთხოვონ, გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან. ეს ყველაფერი, წმიდა მამების სწავლების თანახმად, მათი განსაცდელებია, რომლებიც სულიერად იღვწიან და წარემატებიან.
სულ სხვანაირი და სასტიკი განსაცდელები შეემთხვევათ ადამიანებს, რომლებიც პირველ რიგში, მონაზვნური და სულიერი მოვალეობები იგულისხმება, რაშიც დაკისრებული საქმის გულმოდგინე შესრულებაც მოიაზრება.საკუთარი მოვალეობების1 მიმართ უდებებას იჩენენ ან, კიდევ უარესი, ამპარტავნებაში ვარდებიან. ისინი, ისევე, როგორც მძიმედ დაავადებულები, სულიერ ოპერაციებს და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებენ. ეშმაკები მათ, თავდაპირველად, ცხადად ებრძვიან, თანაც ძალიან თავხედურად და შეუპოვრად. ეს ბრძოლა მათ ძალებს აღემატება2, გონება უბნელდებათ, ხოლო გარჩევის უნარს სრულიად კარგავენ; იმატებს სულიერი უქეიფობა და სულელური ფიქრები; ეწყებათ ძლიერი ხორციელი ბრძოლა, რაც მათ კეთილ შემართებასა და განწყობაზე ძალადობს; უმიზეზოდ ბრაზობენ და უხეშობენ, განსაკუთრებით, თუ საკითხი მათ ნება-სურვილს ეხება; ასევე უმიზეზოდ კამათობენ და შენიშვნებს აძლევენ სხვებს; ამას ღმერთის მიმართ მკრეხელური გულისსიტყვები მოჰყვება; გული მხნეობას კარგავს; ეშმაკები ცხადად და დაფარულად იგდებენ აბუჩად; ამაოდმეტყველებაში თავს ვერ იკავებენ; ზოგადად კი, მათში წუთისოფლისა და ამაოების წადილი მრავლდება. ამას მოჰყვება ძნელად დასაძლევი განსაცდელები: ავადმყოფობის უცნაური და უჩვეულო სიმპტომები, მტკივნეული ტრავმები, სიღატაკე და უჩვეულო და უნუგეშო მიტოვებულობა, ყველანაირი მოუგვარებელი და გადაუჭრლი სირთულე, რაც სასოწარკვეთილებასა და შიშს ბადებს, რადგან გული იმედისგან დაცლილია. ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, ამპარტავნების ბრალია, ხოლო შეემთხვევა მათ, რომლებიც სწორ გზას ასცდნენ და საკუთარ თავს მიენდნენ, დაიჯერეს, რომ რაღაცას განსაკუთრებულს წარმოადგენენ. მწარე განსაცდელები სწორედ ამპარტავნების წამალია, რათა ადამიანი გამოფხიზლდეს, დამდაბლდეს და სულიდან ამ დამღუპველი სნეულების ნაღველი ამოანთხიოს.
ისევე, როგორც საღმრთო მადლის მოქმედების სფეროში არსებობს დამხმარე საშუალებები და რაც დრო გადის, წინსვლის ნიშნები იმატებს, ასევე ცდომილების შემთხვევაშიც, სხვადასხვა ფაქტორები ხელს უწყობს როგორც მის ზრდას, ასევე შემცირებას. მადლის სფეროში, როდესაც ადამიანი, ქრისტეს შეწევნით, მცნებების დაცვის ვიწრო და საჭირველ გზას მიუყვება3, ხოლო ამ მსვლელობას სიმდაბლე და სხვების მიმართ თანაგრძნობა და მსახურება ახლავს თან, მაშინ საღმრთო მადლისმიერი მოქმედებაცა და განათლებაც იზრდება. იგივე ხდება ცდომილების სფეროში: როდესაც მოუთმენლობა და დრტვინვა იმატებს, ჯვარი ორმაგად და მეტადაც მძიმე ხდება. სულმოკლეობა და იმედის არქონა ყველაზე მტანჯველი ფაქტორებია უხილავ ბრძოლაში. ამგვარ განსაცდელს ღმერთი უხეშ და სიმდაბლის არმქონე ადამიანებზე მოაწევს, აღზრდის უფრო მკაცრი საშუალების სახით, როგორც ჯოჯოხეთისა და გეენის გემოსხილვას, როგორც ადამიანის ღმერთისგან განდგომის და, შესაბამისად, უფლის მხრიდან ადამიანის მიტოვების ხელშესახებ ნაყოფს. ასეთი ჭირის დროს წმიდანთა ლოცვები და სასწაულმოქმედი ჩარევა თუ მოურბილებს კაცს გულს. მრავალი ლოცვა და ცრემლთა ღვრაა საჭირო იმისთვის, რომ დაავადებული სული ისევ შეუერთდეს საღმრთო მადლს და განიკურნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანი საბოლოოდ შეცდება, რასაც გონებააშლილობა და დაღუპვა მოსდევს.
მართლაც, ნეტარი ხარ, სიმდაბლევ! ვინ არის ბრძენი, რომ შენი ნება აღასრულოს, კარგად ისწავლოს სიმართლენი შენნი და სრულიად დაგიპყროს? რომ საკუთარ თანამგზავრად და თანამკვიდრად გაგხადოს, შენ კი ცხოვრების გზაზე წინ მიუძღოდე და უკან მიჰყვებოდე კიდეც მანამ, სანამ უფალსა და მეუფეს წარუდგენ, რომელმაც შეგიმოსა, როგორც საყვარელი თანამოსაყდრე და შენი თავი გამოგვიცხადა: ისწავლეთო ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა – არა მარტო გარეგნულ მოქცევით – და მაშინ იპოვითო სულთა თქვენთა განსვენებას4.
რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არ იყო, წმიდა მამების ცნობილი ციტატები მოგვეყვანა, უბრალოდ, სიტყვას შევყევით, რადგან ჩვენც, უნებლიეთ, ხშირად მოვხვედრილვართ განსაცდელთა ქარბორბალში ჩვენი უამრავი ნაკლისა და გაწეული უდებების გამო.
ჩვენი ცხონებული მოძღვარი, მისთვის დამახასიათებელი ინდუქციური მეთოდით, ჩვენი ცხოვრების ყველა ფაზაში განუწყვეტლად განგვიმარტავდა „შემთხვევითი [ნეგატიური] მოვლენების“ აზრსა და არსს. ვხედავდით, თუ როგორ მოქმედებდა ხსენებული განსაცდელები სულიერი კანონის ფარგლებში, რომელიც მთელ ჩვენს ცხოვრებას წვრილმანებშიც კი წარმართავდა (და წარმართავს). მართლაც, რამდენ დაფარულ სიბრძნეს აღმოაჩენენ ის გონიერი და სულიერ ცხოვრებაში ჩახედული მოღვაწეები, რომლებიც წუთისოფლის ოკეანეში ორიენტაციას სულიერ კანონზე, „სიცოცხლის სულის კანონზე“5იღებენ!
შენიშვნები