„ყოველი გონიერი არსება ცვლილებას შეუმჩნევლად განიცდის. ცვალებადობა ყველა ადამიანს ეხება, მისი არსებობის ყოველ ჟამს“, – წერს ღირსი ისააკ ასური1.
როდესაც სხვადასხვა და მოულოდნელი შინაგანი ცვლილებები გვაშფოთებდა, ბერი იოსები, წმიდა მამების გამოცდილებაზე დაყრდნობით, დაწვრილებით განგვიმარტავდა ამ მოქმედებების საიდუმლოებს, ამ საკითხზე ჩვენს ყურადღებას განსაკუთრებით ამახვილებდა და ამბობდა:
— შინაგანი უსიამოვნო ცვლილებების ორივე ფაზაში ვაჟკაცობა უნდა გამოიჩინოთ: ერთი მხრივ, მათ ზეწოლას ნუ დაემორჩილებით, არამედ მტკიცედ გეპყრათ თქვენი პოზიციები, ხოლო მეორე მხრივ, გაარჩიეთ, თუ რამ გამოიწვია ისინი.
» დიდი მაქსიმე*(აღმსარებელი) წერს, რომ ცვლილებების ოთხი ძირითადი გამომწვევი მიზეზი არსებობს (აქ არ გავაგრძელებთ სიტყვას იმის შესახებ, რომ ჩვენი ვნებები და სატანა უფრო ართულებენ და აცოცხლებენ მათ). ესენია: ა) ბუნებრივი, მეტეოროლოგიური პირობები*(ამინდი), რაც ადამიანს განწყობას უცვლის; ბ) ორგანიზმისთვის შეუსაბამო კვება, რაც ასევე განწყობას ცვლის; გ) სინდისის ქენჯნა ზედმეტი ან ნაკლები ვალდებულებების ქონის, ან მათი სრულად ვერშესრულებისა თუ გადაჭარბებით შესრულების გამო, რაც, ძირითადად, უპროგრამო ცხოვრების შედეგია – სულიერი კანონი კი ამგვარი „ქარიშხლის“ მეშვეობით აფხიზლებს ადამიანს; დ) თვით ეშმაკი, რომელიც, ღმერთის დაშვებით, შურით სავსე ებრძვის წარმატებულ მოღვაწეებს2. ასეთია შინაგანი ცვლილებების ბუნება და თუ ადამიანი მათ სწორად გამოიყენებს, დიდ სარგებელს იღებს.
» ცვლილებები და განსაცდლები რთულად გასარჩევი წყვილია: ხან ერთი გამოიწვევს მეორეს, ხანაც – მეორე პირველს, თუმცა გონიერ მოღვაწეს ორივე სარგებელსა და წინსვლას შესძენს. განსაცდელი გამოიწვევს ცვლილებას, თუ ცვლილება განსაცდელს, ჩვენ ორივე შემთხვევაში გვმართებს მოთმინებითა და ფილოსოფიით*(აქ: სიბრძნით, გონივრულად) დავუპირისპირდეთ მათ. წმიდა მარკოზი წერს: „მწუხარებები, რომლებიც ადამიანებს შეემთხვევათ, ამ უკანასკნელთა ბოროტების ნაშობი და შედეგია. ხოლო თუ მათ ლოცვით მოვითმენთ, კეთილ ნაყოფს მივიღებთ“3.
ცვლილებები იმათაც შეიძლება შეემთხვათ, რომლებიც სწორად მოღვაწეობენ. როდესაც ადამიანი რამე მცნებას დაიცავს, ან კეთილ საქმეს გაცნობიერებულად გააკეთებს, მისი საქმე აუცილებლად უნდა გამოიცადოს: სათნო იყო თუ არა ღმრთისთვის, სწორად აღასრულა თუ არა, სწორი განწყობა ჰქონდა თუ არა. (ამ ყველაფერს განსაცდელები გამოააშკარავებს.) ბევრმა იტვირთა მცნების შრომა უდრტვინველად, მაგრამ, გამოუცდელობის გამო ვერ მოითმინა ის განსაცდელი, რომელსაც მათ კეთილ საქმეზე ბეჭედი უნდა დაესვა, და სამწუხაროდ, სულიერად იზარალა.
ჩვენი კურთხეული მოძღვარი სულიერი ცხოვრების ამ დეტალებს დიდ ყურადღებას აქცევდა და ამბობდა: როგორც დღე-ღამე ენაცვლება ერთმანეთს, ასევე წარმატებას – გამოსაცდელი განსაცდელი.
ის, რომ ადამიანმა კეთილი საქმე შეგნებულად და ნებსით, ღმრთისთვის სათნო განწყობით აღასრულა, იმ განსაცდელის მოთმენით მტკიცდება, რომელიც ამ საქმეს მოსდევს. ანუ, შემთხვევით კი არ მოჰკიდა ამ საქმეს ხელი, არამედ თავისუფალი ნებით აირჩია იმისთვის, რომ ღმერთის მცნება დაეცვა. ეს ერთი მხარეა. მეორე მხარე ისაა, რომ ადამიანში ღმერთის ხსოვნა იზრდება და, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, მის გონებრივ სახელოსნოს სამუშაო ემატება. და პირიქით, როდესაც კაცი კეთილი საქმის მომდევნო განსაცდელის დროს სულმოკლეობს, მტკიცე რწმენისგან გამომდინარე მხნეობას კარგავს (რაც, წესით, მისი „საკუთრება“ უნდა იყოს), ხოლო წარუმატებლობა გონებაში ღმერთის დავიწყებას შობს.
ჩვენი ბერი ამბობდა, სადაც სიყვარული და თავშეკავება, სინანული და ლოცვაა, იქ ყველანაირი სირთულე და კითხვა უჩინარდებაო. სინანულისა და სულიერი მოღვაწეობის დასაწყისში ადამიანი ძალიან განიცდის, როდესაც უსიამოვნო ცვლილებებს უპირისპირდება. ეს იმიტომ ხდება, რომ არ ელის მათ და არ იცის, რომ ცვალებადობა სულიერ ცხოვრებაში ბუნებრივი ფენომენია, რომელიც, ადრე თუ გვიან, ჩაივლის – განსაკუთრებით, როდესაც თვითონაა ფრთხილი და თავისივე უყურადღებობით არ იწვევს ამ ცვლილებებს. მოძღვარი ყოველთვის გვეუბნებოდა:
— როდესაც კარგი სულიერი მდგომარეობა, „კარგი ცვლილება"4 გაქვთ, მაქსიმალურად მოუხმეთ ღმერთს, „არ მოასვენოთ“, უღაღადეთ როგორც დავით მეფსალმუნე, რათა მან მაშინ გაგიხსენოთ, როდესაც თქვენ იგი დაგავიწყდებათ.
ნეგატიური ცვალებადობის შედეგი ღმერთის დავიწყებაა, სხეულის ნაწილებში აუტანელი სიმძიმის შეგრძნება და ყოველივე კარგი საქმისადმი „უმადობა“. ამაზე ფიქრობდა მეფსალმუნე, როდესაც წერდა: „[ღმერთო ჩემო,] ჟამსა სიბერისისა და მოკლებასა ძალისა ჩემისასა ნუ დამაგდებ მე“5.
ჩვენი ბერი ამასაც გვასწავლიდა:
— ნუ ცდებით: მიდებ-მოდებით, ხალხთან შეხვედრითა და ხუმრობებით ეს მშრალი და უსიხარულო მდგომარეობები არ განქარდება, არამედ მხოლოდ მოთმინებით, ლოცვითა და იმედით. ახალგაზრდებს, აგრეთვე, ეხმარება მომავალი ცხოვრების ან სიკვდილის გახსენება, ზოგჯერ კი – უფლის მიერ კაცთა ცხონებისთვის აღსრულებული საქმის მოგონება.
ჩვენს კითხვაზე, რა დონეზე გამოიცადა თვითონ ამ ცვლილებებით, მოგვიგო:
— ცუდ ცვლილებებთან ჩემი ბრძოლის მოყოლას თუ დავიწყებ, მოსმენასაც ვერ გაუძლებთ, მაგრამ უფლის სახიერებამ და ღმრთისმშობელმა, რომელიც მუდამ მიფარავდა, ერთგვარი მაცხოვნებელი სიჯიუტე და ულმობლობა მომმადლა და ამგვარად, უკან არ ვიხევდი. ასეთ ყოფაში ყველაზე ეფექტური საშუალება არის ცრემლები. ყველაფერი კი ღმერთის სახიერებაზეა დამოკიდებული.
სხვა დროს ასეთი რამაც უთქვამს:
— შიშმაც შეიძლება გამოიწვიოს ნეგატიური ცვლილება, მაგრამ დამწყებ მოღვაწეს უფრო დიდ ზიანს ვითომ-მოყვასის მის მიმართ ცუდი განწყობა აყენებს. როდესაც იმ ადამიანის თანყოფნაში ხარ, რომელიც, იცი, რომ აუგად გიხსენებს ან გლანძღავს კიდეც ზურგს უკან, ფაქტობრივად, შეუძლებელია ხასიათი არ გაგიფუჭდეს, რამდენადაც არ უნდა ეცადო არ შეგეცვალოს განწყობა. მხოლოდ მაშინ, როდესაც აპატიებ ასეთ ადამიანს და ილოცებ მისთვის, მოგიშუშდება ნაღველის ეს ტრავმა.
ბერ იოსებთან ჩვენი ყოფნის პირველ წლებში დიდი ნუგეში იყო ის, რომ მოძღვარი განგვიმარტავდა და აღგვიწერდა ყველა იმ ცვლილებას, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებოდით (რაც, თურმე, აუცილებელი და გარდაუვალია). დამწყებ მონაზონს, „თავდაპირველი მოსწრაფების“6 გამო, ეუცხოება ხასიათის ცვლილება და წუხს, რადგან შესაბამისი გამოცდილება და ცოდნა არ აქვს. არ ესმის, თუ რატომ შეეცვალა უმიზეზოდ არა მარტო შინაგანი განწყობა, არამედ სხეულის მდგომარეობაც კი. ცდილობს, მიზეზი თავის ყოფა-ქცევაში იპოვოს, მაგრამ ვერ პოულობს, რამეთუ, საკუთარი ძალებისდა შესაბამისად, არაფერი დაუშავებია. მაშ რატომღა მოხდა უარყოფითი ცვლილება? რას მიაწეროს სულიერი სიმშრალე, გაუბედაობა, მოდუნება, არაბუნებრივი ძალგამოცლა და ლოცვის დასუსტება? ასეა თუ ისე, ყველა ექვემდებარება ცვალებადობას.
პირველქმნილთა ცოდვის შედეგად ამგვარი სულიერი პარაზიტები გვერგო მემკვიდრეობად, დაიშალა ჩვენი პიროვნების მთლიანობა, ვატარებთ ხრწნისა და სიკვდილის ნიშნებს და, რა თქმა უნდა, თავად სიკვდილსაც. ხრწნისა და მერყეობის სახეობებს მიეკუთვნება ეს უარყოფითი სულიერი ცვლილებებიც, რომლებიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სხვადასხვა ანომალიას გამოიწვევს ჩვენში. ცვალებადობა ჩვენი ბუნების ნაწილი გახდა, ჩვენი მუდმივი თანამგზავრი და, იმავდროულად, მზაკვარი მტერიც, რომლის მოქმედებებიც, თუ მათ ყურადღებით არ ვადევნებთ თვალყურს, დიდ ზიანს გვაყენებს.
ცვლილებები, წმიდა მამების თანახმად, ორ კატეგორიად იყოფა: ბუნებრივად და შეძენილად. ბუნებრივი ის ცვლილებებია, რომლებიც ადამიანის ხასიათშია და, უნდა თუ არა, ფრთხილადაა თუ არა, ცდილობს თუ არა, მაინც იჩენს თავს, როგორც ადამის დაცემის შედეგი. შეძენილ ცვლილებებს რაც შეეხება, ორ ქვეკატეგორიად იყოფა, რომელთაგან ერთი მეორეზე უარესია. თუ პირველი, ნაკლებად მავნე, სნეულების, არასწორი კვების, კლიმატისა და ბოროტი ეშმაკების ზემოქმედებით ხდება, მეორეს ჩვენივე დანაშაული იწვევს. როდესაც ადამიანს სინდისი მრავალი მიზეზით ამხელს, მაშინ მისი განწყობაც უნებლიეთ იცვლება.
პირველ შემთხვევაში, უამრავი ბუნებრივი ცვლილების დროს, ერთადერთი სწორი საშუალება მათზე რეაგირებისა არის რწმენა. პავლე მოციქული ამბობს, რწმენაა ჩვენი საქციელის საფუძველი და არა ამქვეყნიური ცოდნა7. ამგვარად, ჩვენც, არც სასწაულებს ველით, არც რწმენის სხვა მტკიცებულებას; არც ემოციებს ავყვებით, არამედ ნეგატიური ცვლილებების მიმართ ინდიფერენტულობას ვიჩენთ. არ ვაქცევთ ყურადღებას იმას, თუ რას ვგრძნობთ [სულიერი ცხოვრების] დღის სიცხეში და ღამის ყინვაში – ჩვენ მხოლოდ ის გვაინტერესებს, როგორ ვიტვირთოთ ჩვენი ჯვარი მხნედ და უდრტვინველად; როგორ აღვასრულოთ მოცემული მცნება და ჩვენი მოვალეობები – სრულყოფილად. ფსალმუნთა წიგნში წერია: „მისლვით მივიდოდეს და ტიროდეს, რომელნი სთესვიდეს თესლსა მათსა“8, წესით, ქრისტეს მცნებათა დაცვისთვის „მაშვრალნი და ტვირთმძიმენი“ განსვენებასა და ნუგეშს უნდა იღებდნენ9, მაგრამ ამ „გლოვის ღელეში“10, სასჯელმოხდისა და გადასახლების ადგილზე*(ანუ ამყვეყნიურ ცხოვრებაში) ხსენებული ცვლილებების პარაზიტები ხელს უშლიან ჩვენს ზომიერ მსვლელობას, ისევე, როგორც ცუდი მეტეოროლოგიური პირობები აფუჭებს კარგ ამინდს. მაგრამ, ამის გარდა, აქ სხვა საიდუმლოცაა დაფარული.
ღმერთის მაცხოვნებელი განგებულება ცვლილებების ბუნებრივ ფენომენს თავისი შვილების ჩამოყალიბებისა და სრულყოფილების საშუალებად იყენებს. როდესაც უფალი რომელიმე სულს თავისი შემეცნებისა და მორჩილებისკენ მოუწოდებს, დასაწყისში „მუქთად“ აძლევს საღმრთო მადლს, რომელიც მოშურნეობაში, მხურვალე რწმენაში, შემართებასა და სხვა სასიამოვნო ნიშნებში გამოიხატება. მაგრამ როდესაც „კონტრაქტებს ხელი მოეწერება“ და ადამიანი ზეციურ ჯარში მსახურებას იწყებს, მაშინ უფალი ნელ-ნელა ფარავს თავის მადლს და ჯარისკაცის რწმენას გამოსცდის: ბრძოლას განაგრძობს და გაირჯება, თუ იარაღს დაყრის და გაიქცევა? მადლის ამ თანმიმდევრობითი მიმალვის პერიოდში იჩენს თავს უსიამოვნო ცვლილებები, ანუ მათი მეშვეობით რწმენის გამოცდას ვაბარებთ. დიდება ჩვენი სახიერი უფლის კაცთმოყვარეობას, რომელმაც ხრწნისა და სიკვდილის ელემენტებიც კი თავისი შვილების აღზრდისა და ჩამოყალიბებისთვის გამოიყენა!
მეორე შემთხვევაში, როდესაც ჩვენი უდებება გამოიწვევს ცვლილებებს, მეტი ყურადღება გვმართებს, რათა შეცდომა მანამ გამოვასწოროთ, სანამ სულიერი ზარალი გაიზრდება. ამ დროს მადლი იმიტომ კი არ იმალება, რომ გამოგვცადოს, არამედ – ჩვენი დანაშაულის გამო. ჩვენი შეცდომა კი იმაში მდგომარეობს, რომ ან უდებება გამოვიჩინეთ, ანუ რაღაც [სულიერი ან პრაქტიკული] მოვალეობა უდებვყავით და არ შევასრულეთ, ანდა ამპარტავნებაში ჩავვარდით. ამიტომაც გვმართებს სიმდაბლე, შრომა, მარხვა, მღვიძარება, ბევრი ლოცვა (თანაც ღრმა სიმდაბლით), რათა ჩვენზე მეფსალმუნის სიტყვები ახდეს: „იხილე სიმდაბლე ჩემი და შრომა ჩემი და მომიტევენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი“11 და „დავმდაბლდი და მაცხოვნა მე [უფალმან]“12.
იმისთვის, რომ საღმრთო მადლი ადამიანის სულში მოქმედებდეს – რაც ჩვენი სულიერი ცხოვრების მეხუთე ელემენტია, ანუ უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია – ადამიანი ვალდებულია იქცეოდეს ქრისტესმიერად და კეთილშობილურად (ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, რადგან ქრისტესნი ვართ13, როგორც მოციქული ამბობს). ამ პოზიციიდან ნებისმიერი გადახვევა „კეთილი აღმსარებლობის“14 ღალატად ითვლება და ამიტომაც საღმრთო მადლი იფარება ჩვენგან. შესაბამისად, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ დაგვტოვოს, ხოლო თუ რაიმე მიზეზის გამო დაგვტოვა, გულწრფელი სინანულით ისევ დავიბრუნოთ.
ერთხელ, გამოუცდელობის გამო (ასე მგონია) რაღაც შეცდომა მომივიდა. როდესაც შევინანე და მოძღვარს აღსარება ვუთხარი, თუმცა მან ეს უჩემოდაც იცოდა, მითხრა:
— დამატებითი შრომა უნდა გასწიო იმისთვის, რომ საღმრთო მადლი, რომელსაც შენი უყურადღებობით „გული ატკინე“15, დავაკმაყოფილოთ16.
ამიტომ წმიდა ანას მცირე სკიტიდან კარიესში გამგზავნა, ვითომ რაღაც საქმეზე (თანაც დიდი ლავრის გავლით), მაგრამ სინამდვილეში იმისთვის, რომ სინანული პრაქტიკულადაც გამომეხატა17. ამგვარად სჩვევიათ სულიერ მამებს ღმერთის სამართალთან ადამიანის შერიგება, რადგან სწამთ, რომ „პირველ დამდაბლებად ჩემდადმდე მე ვცოდე, ამისთვის სიტყუაი შენი ვიმარხე“18 და „[თუ მე თვითონ არა, შენ] დამამდაბლე, რათა ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი“19. ამ მაცხოვნებელი გაკვეთილის შემდეგ, რომლის შედეგადაც უწინდელი ქრისტესმიერი სულიერი მდგომარეობა დავიბრუნე, სიხარულით ვგალობდი: „მომაქციედ*(მომაბრუნონ) მე მოშიშთა შენთა და რომელთა იცნიან წამებანი შენნი"20.
ჩვენი ცხოვრების ნებისმიერი მოვლენა მოძღვრისთვის ხდებოდა საბაბი იმისა, რომ ღმერთის განგების მოქმედება განემარტა; კიდევ ერთი გვერდი გადაეშალა ჩვენი ზეციერი მამის მიერ სამყაროს მართვის სასწავლო წიგნში. ნეტარი ბერი ყველა ღონეს ხმარობდა იმისთვის, რომ გაგვეცნობიერებინა, თუ როგორ ადევნებს ყველა არსების მოქმედებას უფლის სიბრძნისა და სამართლის მარადმღვიძარე თვალი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, „ვის მიერაც შეიქმნა ყოველივე და რომლის გარეშეც არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა“21. მოძღვარი გვეუბნებოდა:
— თუ ამ ყველაფერს ღრმად გაითავისებთ, მაშინ უშრომელად მიაღწევთ ერთგვარ უვნებობას, რომელიც მუდმივი მშვიდობის ფაქტორი გახდება თქვენს ცხოვრებაში. ამგვარად, არც ვინმეს განიკითხავთ ოდესმე, არც დააყვედრით, თვით სატანასაც კი. შესაბამისად, თავის ბრალობა წინსვლის მთავარ საშუალებად ჩათვალეთ და ყოველთვის შეცდომის მიზეზი მოიძიეთ, რამეთუ, წმიდა მარკოზის თანახმად, „ყოველივე უნებლიე ნებსითის გამო ხდება და არავინაა ადამიანის ისეთი მტერი, როგორც თვითონ ადამიანი თავისი თავისთვის“22.
შენიშვნები
- სიტყვა 49. ↩
- სიყვარულის შესახებ თავები 2,92. ↩
- მათ შესახებ, ვინც საქმეებით გამართლებას ფიქრობს 9. ↩
- იხ. ფსალმ. 76,11 ძველქართულად ბერძნული სიტყვა „ცვლილება“ფსალმუნის ამ „პოზიტიურ“ კონტექსტში ნათარგმნია, როგორ „განახლება“: „ესე არს განახლება მარჯვენისა მაღლისა“. ↩
- ფსალმ. 70,9. ↩
- კიბე, სიტყვა 1,22. ↩
- იხ. 2 კორ. 5,7: „სარწმუნოებით ვიქცევით და არა იჭვთ.“ ↩
- ფსალმ. 125,6 (მთელი ამ მუხლის აზრი ის არის, რომ თესვის პროცესი დამღლელია, ხოლო მკის – სასიამოვნო). ↩
- იხ. მათ. 11,28. ↩
- ფსალმ. 83,7. ↩
- შეად. მათ. 11,29. ↩
- ფსალმ. 114,6. ↩
- იხ. გალ. 5,24. ↩
- იხ. ტიმ. 6,12. ↩
- შეად. ეფეს. 4,30: „ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა“. ბერძნული „… …….“ ნიშნავს: „ნუ შეაჭირვებთ, გულს ნუ დასწყვეტთ“. ↩
- მადლის „დაკმაყოფილება“ აქ, რა თქმა უნდა, პირობითად გამოიყენება და არა ისე, როგორც ანსელმ კენტერბერიელი იყენებდა. იგულისხმება სულიერი კანონის მოქმედების პრინციპი: მიღებული ცოდვილი სიამოვნების ნაცვლად ადამიანმა შესაბამისი ტკივილი უნდა გასწიოს, ჩვეულებრივ, რამე ფიზიკური ღვაწლის სახით (რადგან სიამოვნებაც, როგორც წესი, პრაქტიკულია და არა თეორიული). ამაში მდგომარეობს ეპიტიმიების არსიც. ↩
- ამ მანძილის დაფარვას მთლიანობაში დაახლოებით ათი საათი სჭირდება (წინ და უკან). ↩
- ფსალმ. 118,67: „სანამ შენ დამამდაბლე, მე შეგცოდე…“. ↩
- ფსალმ. 118,71. ↩
- ფსალმ. 118,79. ↩
- იხ. იოან. 1,3. ↩
- მათ შესახებ, ვინც საქმეებით გამართლებას ფიქრობს 104 . ↩