გარჩევისა და განჭვრეტის შესახებ – წმინდა იოსებ ისიქასტი – ცხოვრება და სწავლება

გარჩევისა და განჭვრეტის შესახებ – წმინდა იოსებ ისიქასტი – ცხოვრება და სწავლება

თავი მეორე: სწავლება · გარჩევისა და განჭვრეტის შესახებ

როდესაც გულმოდგინე მორწმუნე ვნებებისგან გათავისუფლდება და საღმრთო განათლებას მიიღებს, სულიერი წარმატების შემდეგი საფეხური და განახლებული ადამია- ნის ჩვეული ქარიზმები*(ნიჭები) არის გარჩევა და განჭვრეტა**(ძვ. ქართ. მხედველობა, დაფარულთა ცოდნა). განჭვრეტის ზებუნებრივი ნიჭის გარდა არსებობს ბუნებრივი განჭვრეტაც, რომელიც იმათ აქვთ, რომელთაც ვნებებთან და დემონებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება შეიძინეს. ამგვარი გამოცდილების მეშვეობით მრავალ ბერს შეუძლია წინასწარ დაინახოს და აღწეროს მათთვის უცნობი მოვლენები და მდგომარეობები, აწმყოცა და მომავალიც, ზოგჯერ პირველი შეხვედრის დროსაც კი: როდესაც ადამიანს შრომა-წვალებით შეძენილი საკუთარი გამოცდილება აქვს, ერთი შეხედვით ხვდება, თუ რა ხდება და რა უნდა მოხდეს. აქამდე ლაპარაკია ბუნებრივ განჭვრეტაზე, რასაც შეიძლება გარჩევაც ვუწოდოთ.

მაგრამ სულიერი განჭვრეტა, რაც უდავოდ ღმერთის ნიჭი და უზაკველი მორჩილებისა და სრულყოფილი ქრისტესმიერი სინდისის ნაყოფია, ბევრად აღემატება ბუნებრივს. სულიერი განჭვრეტა, რომელიც ინტუიციით იწყება და ნელ-ნელა დაფარულთა ცოდნას, წინასწარხედვასა და წინასწარმეტყველებას აღწევს, ყოვლადწმიდა სულის ნაყოფი და პროდუქტია. ეს ნიჭები საფეხურებრივად ებოძებათ გონებრივი ვენახის მუშაკებსა და იმათ, რომლებიც ცათა სასუფევლისთვის თავს აიძულებენ, მიიტაცებენ მას და მასში მიმყვანებელ ნიჭებს შეიძენენ, უფლის სიტყვის თანახმად: „სასუფეველი ცათაი იიძულების, და რომელნი აიძულებდენ [თავს], მათ მიიტაცონ იგი"1.

ხშირად ბუნებრივი ინტუიცია ხორციელ ნათესავებს შორისაც შეიმჩნევა, რაც, სავარაუდოდ, უმცირესი ნეშტია იმ ზებუნებრივი მდგომარეობისა, რომელიც პირველქმნილთა დაცემამდე გვქონდა. ასე, მაგალითად, დედები და მოყვარული და-ძმები გრძნობენ, რომ მათი ნათესავები იტანჯებიან. მაგრამ, ჩვეულებრივ, ეს ხდება ტკივილის პროცესში, არც მანამდე, არც შემდეგ. ხოლო განჭვრეტისა და მისი მომდევნო ნიჭების ზებუნებრივი ძალა და თვისებები ზებუნებრივ სფეროს ეკუთვნის და, შესაბამისად, ადამიანური მსჯელობებისა და ფიქრებისთვის მიუღწეველია. რა თქმა უნდა, ჩვენ, უცოდინრები და გამოუცდელები, არ უნდა ვბედავდეთ ამ მდგომარეობებზე ლაპარაკს, მაგრამ, რადგან ჩვენს მოძღვარს ამის შესახებაც ვეკითხებოდით ხოლმე, მისი გამოცდილებიდან, მრავლიდან მცირეს, გავუზიარებთ მათ, ვინც ამ საკითხებითაა დაინტერესებული.

განჭვრეტის ხსენებული ორი სახის, ბუნებრივისა და ზებუნებრივის*(მადლისმიერის), გარდა არსებობს სატანურიც. იგი სულიერი ცდომილების შედეგია და დემონური ზეგავლენით ხდება. ასეთ მოვლენას არცთუ იშვიათად ვხვდებით, განსაკუთრებით, ამპარტავან და უყურადღებო ადამიანებს შორის. სამწუხაროდ, ათონზეც მრავლად გვიხილავს, უმეტესად წინა თაობების მონაზვნებში, ასეთი შეცდომილები, რომელთა გარეგნობაც კი მათი ფსიქოსომატური არსების აშლილობაზე მეტყველებდა – ეს კი ზუსტად სატანური მოქმედების სიმპტომია.

დიამეტრულად განსხვავებულია ღმრთისმსგავსი სულიერი განჭვრეტა. მას ახასიათებს სიმშვიდე, სიწყნარე, უშფოთველობა და სიყვარული. უფრო სწორად კი, მთელი მისი მოქმედება სიყვარულია და ამიტომაც, უმეტესად იმ ადამიანებს ეძლევა, რომლებიც მოყვასისადმი სიყვარულით არიან განწყობილნი. ის, ვისაც განჭვრეტის ნიჭი აქვს, გულის სიღრმიდან თანაუგრძნობს გაჭირვებულებს, ან ხარობს მათთან ერთად, რომლებიც წარემატებიან2; სიხარულითა და დიდი სიმდაბლით ურთიერთობს მოყვასთან და წუხს, თუ ადამიანებისთვის ცნობილი (ნაცნობი) ხდება, რადგან სურს, სიჩუმესა და უცნობლობაში გაატაროს ცხოვრება. როდესაც ეს ქარიზმატული განჭვრეტა ბუნებრივ, გამოცდილებისეულ განჭვრეტას უერთდება, მაშინ თავს იჩენს, როგორც გარჩევის უნარი, გამრჩევებლობა. მაგრამ ეს გარჩევა ჯერ კიდევ ბუნებრივია და არა ზებუნებრივი, როგორც განჭვრეტის შემთხვევაში.

ჩვენი მოძღვრისთვის ეს ყველაფერი კარგად ნაცნობი იყო და ამიტომ ძალიან ადვილად გვიხსნიდა და გვიმარტავდა ყველა წვრილმანს. მიუხედავად იმისა, რომ მრავალჯერ გავმხდარვართ მოწმე – საკუთარ თავზეც და შორს მცხოვრებ ადამიანებზეც მისი განჭვრეტის ნიჭისა, ბერი მას ისეთ ყურადღებას არ აქცევდა, როგორც გარჩევის უნარს, რომელზეც, პირიქით, ყოველთვის აღტაცებით საუბრობდა. თვლიდა, რომ გარჩევის ნიჭი არის ყველაზე საჭირო იარაღი უხილავი ბრძოლისა, რომელშიც განუწყვეტლივ ვართ ჩართულები – განსაკუთრებით, ჩვენთვის, მონაზონთათვის. მარილია, შვილებო, საჭირო, მარილიო, – იტყოდა ხოლმე და გარჩევას გულისხმობდა.

მის გვერდით ვიყავით თუ მისგან შორს – რა თქმა უნდა, ყოველთვის მორჩილებით – ზეპირი სიტყვით თუ წერილების მეშვეობით, დაწვრილებით აღგვიწერდა ხოლმე ჩვენს მდგომარეობას და იმას, რაც კი რამ შეგვემთხვა, ფარულად თუ აშკარად. მრავალჯერ დავრწმუნდით, რომ ბერს უშეცდომოდ ეუწყებოდა, ესა თუ ის ადამიანი სარწმუნოებრივ საკითხებში ცდებოდა თუ ზნეობრივში. როდესაც ვინმესთან შეხვედრის დროს ერთგვარ დისკომფორტს გრძნობდა (რასაც ჩვენ მისი მოძრაობებით ვხვდებოდით), ვიცოდით, რომ რაღაც ეუწყა და, მარტო რომ დავრჩებოდით, ჩავეძიებოდით ხოლმე. მაგალითად, ერთხელ გვითხრა, ეს კაცი მართლმადიდებელი არ არისო. საოცარი ის იყო, რომ ეს თვითონ იმ ადამიანმაც არ იცოდა, მაგრამ, როდესაც მოგვიანებით დაველაპარაკეთ, გამოამჟღავნა თავისი მწვალებლური შეხედულებები, რასაც თვითონაც ვერ აცნობიერებდა. ჩვენს მოძღვარს ასევე ეუწყებოდა ადამიანთა ზნეობრივი დარღვევები, ძილში უნებლიე გაჟონვაც კი (ე.წ. ძილში დაცემა). აგრეთვე, თავისი სულიერი შვილები ბევრჯერ გაუფრთხილებია მომავალი მოვლენების შესახებ, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამგვარ რამეებს არ ანიჭებდა ისეთ მნიშვნელობას, როგორც გარჩევის ნიჭს.

ერთხელ ვკითხე:

— მამაო, რას ნიშნავს სულების გარჩევა3?

ბერმა მომიგო:

— პირველ რიგში, გისურვებ, რომ ეს შეიძინო. ახლა კი ყური დამიგდე და აგიხსნი. „სულთა გარჩევა“ არის სულიერი ქარიზმების დიაგნოსტირების უნარი: როდის მოქმედებს თითოეული მათგანი, რისგან შედგება და რა ემტერება, როდის იჩენს თავს და რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, როდესაც ის მიიმალება – რას და როგორ უნდა მიაქციოს ყურადღება, რა უნდა მოიმოქმედოს. მან, ვისაც ეს ნიჭი აქვს, ისიც იცის, თუ როგორ მოქმედებს ეშმაკი ცდომილებების მეშვეობით, რა ნიღბით ბაძავს მადლის მოქმედებას, რომელი „ანგელოზებრივი“ სახით4. თუ ადამიანმა ეს იშვიათი ნიჭი თავისი უყურადღებობის გამო დაკარგა, ძალიან სასტიკი და რთული ღვაწლი უნდა გასწიოს იმისთვის, რომ იგი დაიბრუნოს. თქვენთვის წინასწარმეტყველების ნიჭზე ძვირფასი გარჩევის უნარია. წინასწარხედვა და წინასწარმეტყველება ეკლესიის წევრებს მხოლოდ ნაწილობრივ არგებს და აღაშენებს სულიერად, ხოლო გარჩევის ნიჭი ჯერ მის მქონეს სრულყოფს, შემდეგ კი სხვებსაც, რადგან სულიერი საქმეც იცის, მტერიც და ბრძოლაც. პავლე მოციქული ამ უნარს გულისხმობს, როდესაც წერს: „ჩვენთვის მისი*(სატანის) აზრები უცნობი არაა“5. მაღალ სულიერ მდგომარეობასაც კი მაშინ აქვს ფასი, როდესაც გარჩევის ნიჭის მარილითაა შეზავებული, რადგან ხშირად ადამიანი ერთ მდგომარეობაში რჩება პასიურად, ემოციურად კმაყოფილდება მის მიერ აღსრულებული ამა თუ იმ საქმით და ამ უმოძრაობის გამო წინ აღარ მიიწევს. ესეც არ კმარა: ზოგიერთები უკანაც კი ბრუნდებიან, რამეთუ თვლიან, რომ ის, რასაც [შე]ხვდებიან, ზედმეტი ან არასაიმედოა.

როდესაც ბერმა შეამჩნია, რომ შევცბით საკითხის ამგვარი ანალიზით, გაიღიმა და დასძინა:

— თქვენ ერთი გაკვეთილი ისწავლეთ ამ ყველაფრისგან: თუ თავმდაბლები გახდებით და ასეთად დარჩებით, გარჩევის ლამპარი არასდროს ჩაქრება თქვენში, რადგან, მართლაც, მდაბალთ აძლევს ღმერთი თავის მადლს6.

არასდროს დამავიწყდება, რაოდენ გულმოდგინებით გვასწავლიდა, რომ, როდესაც საღმრთო მადლი ჩვენი უყურადღებობის გამო გვშორდება, როგორი დაჟინება და მოთმინება გვმართებს მის დასაბრუნებლად. გვეუბნებოდა:

— შვილებო, იმდენი შრომა არ არის საჭირო საღმრთო მადლის შესაძენად (სახიერი ღმერთი ხომ ყველას, ურიგებს, თანაც არა საზომით7*(არ გვითვლის რამდენს გვაძლევს)), რამდენიც მის დასაბრუნებლად, როდესაც საკუთარი მიზეზით დაკარგავს – მაშინ მძიმე შრომა უნდა გასწიოს. ამიტომაცაა, რომ მრავალმა მოიპოვა იგი მოღვაწეობის დასაწყისში, მაგრამ მცირენი არიან ისინი, რომელთაც დაკარგულის დაბრუნება შეძლეს.

როგორი სიზუსტით განაგებს ღმერთი თავის ნიჭებს! როდესაც ცოდვილი მოიქცევა ჩემდამი, მის ცოდვებს აღარ მოვიხსენებო8, ამბობს უფალი, ხოლო „უკუეთუ მიაქციოს მართალმან სიმართლისაგან თვისისა და ქმნას შეცოდებაი, მას შინა მოკუდეს იგი“9. ერთი მხრივ, გულმოწყალება მათ მიმართ, რომელნიც შეცდომილები იყვნენ და მობრუნება სურთ, მეორე მხრივ კი, სიმკაცრე მათ მიმართ, რომლებიც უყურადღებობის გამო დაეცნენ!

გარჩევის ნათელმოსილ ნიჭს, აგრეთვე, ახასიათებს, წმიდა წერილისა და წმიდა მამების ყველა ნაშრომის სწორი გაგება. ამგვარ „მწიგნობარს“, უფლის სიტყვის თანახმად, შეუძლია გამოიღოს „საუნჯისაგან თვისისა ძუელი და ახალი"10, თანაც „არა სწავლულებითა კაცობრივისა სიბრძნისა სიტყუათათა, არამედ სწავლითა სულისა წმიდისაითა "11.

შენიშვნები

  1. მათ. 11,12. ↩
  2. შეად. რომ. 12,15. ↩
  3. იხ. 1 კორ. 12,10. ↩
  4. შეად. 2 კორ. 11,14. ↩
  5. კორ. 2,11: „რამეთუ არა თუ გონებასა მისსა უმეცარ ვართ“. ↩
  6. იხ. იგავ. 3,34; იაკ. 4,6. ↩
  7. იხ. იოან. 3,34. ↩
  8. შეად. იერ. 31,34 (თანამედროვე ენებზე 38,34). ↩
  9. ეზეკ. 33,18. ↩
  10. მათ. 13,52. ↩
  11. კორ. 2,13. ↩
Share