სიტყვა გაგვიგრძელდება, თუ ჩვენი ბერის ლოცვისმიერ გამოცდილებას დაწვრილებით აღვწერთ, რამეთუ ლოცვა მისთვის იყო უმთავრესი საზრუნავი, მისი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა. თავისი თავი მთლიანად მიუძღვნა ამ სათნოებას – მთელი თავისი ცხოვრება, მთელი წადილი, მთელი ძალები, მთელი ფიქრები, შეიძლება ითქვას, მთელი არსება. როგორ გავბედოთ, ვილაპარაკოთ იმ მიუწვდომელ საიდუმლოზე, რომელიც ჩვენ, გლახაკებმა და სუსტებმა, არ ვუწყით ჩვენი სავალალო სულიერი მდგომარეობის გამო?
ჩვენ ბერის გარეგნულ ცხოვრებას ვადევნებდით თვალს. ვხედავდით, თუ როგორ უმოწყალოდ ექცეოდა საკუთარ თავს და ვფიქრობდით, ვის შეეძლო დაენახა ან აღეწერა მისი შინაგანი სამყარო, მისი გამოუთქმელი სულთქმები1, რომლებსაც უფალს დღედაღამ შესწირავდა?
რამე ყოფით საკითხში ჩვენს მოძღვარს კიდევ შეიძლება რაღაც დათმობა ან შეღავათი გაეწია, როდესაც ამის სერიოზული მიზეზი არსებობდა, მაგრამ ლოცვასთან მიმართებით შეუვალი იყო. მისი ზედმიწევნითი და დაუცხრომელი გულმოდგინება ლოცვის საღმრთო საქმეში იმას მოწმობდა, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდა მას, ხოლო მისი ლოცვის უხვი ნაყოფები თვალსახილავი და ხელშესახები იყო. წმიდა მამების სწავლების თანახმად, ადამიანის მაღალი სულიერების ყველაზე თვალსაჩინო მოწმობა არის განუწყვეტელი ლოცვა, როგორც მისი მუდმივი შინაგანი მდგომარეობა და არა გარკვეული მცდელობების [ერთჯერადი] შედეგი. ჩვენს მოძღვარში იმას ვხედავდით, რომ ლოცვა იყო მისი უპირველესი საზრუნავი და უმთავრესი მიზანი.
ბერი დაუღალავად ცდილობდა ესწავლებინა ჩვენთვის, თუ რა ფასი აქვს ლოცვას, რა მდიდარ ნაყოფებს გამოიღებს. გვეტყოდა ხოლმე:
— იმის გამო, რომ [ეს თუ ის] მცნება დაიცავით, [ან] რომ ლოცვაში გაისარჯეთ, [დღეს] ლოცვის კარი გაგეღებათ.
სხვა დროს კი შეიძლება ეთქვა:
— ეს შეცდომა ლოცვაში წინაღობად გექცევა!
ბერ იოსების გულმოდგინება ლოცვაში ჩანს მისი წერილებიდანაც, რომლებიც ჩვენმა საყვარელმა ძმამ, ფილოთეუს მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა, გამოაქვეყნა2.. ერთ-ერთ ეპისტოლეში ჩვენი მოძღვარი წერს: „გონებისმიერი ლოცვა ჩემთვის იგივეა, რაც სხვა ადამიანებისთვის პროფესია, რადგან ოცდათექვსმეტ წელზე მეტია მასზე ვმუშაობ"3, ანუ [იმ მომენტისთვის] მთელი თავისი მონაზვნური ცხოვრების განმავლობაში. იგი ისე თავისუფლად და ხელმისაწვდომად მსჯელობს ლოცვაზე, რომ აშკარაა, თუ რა საფეხურებისთვის მიეღწია და რა საიდუმლოების საქმიანობის მცოდნე გამხდარიყო – აღწერდა ლოცვითი საქმიანობის დასაწყისს, დაწვრილებით განმარტავდა სხვადასხვა ლოცვით მდგომარეობებს, გონების განათლებასა და „განკვირვებას“, ანუ გონების აღტაცებას, რაც იმათ ახასიათებთ, რომელნიც მოშურნეობით მოეკიდნენ ამ საქმეს.
ერთ სხვა წერილში ლოცვის თვისებებს ეხება: [გონების] განათლებას ენაცვლება ლოცვის შეწყვეტა და ხშირი სულიერი ჭვრეტები (ხედვები); გონების ატაცება, საგრძნობელთა დაცხრომა, სხეულის ნაწილთა [ვნებების მიმართ] უმოძრაობა და დაწყნარება, ღმერთისა და ადამიანის შეერთება ‘’4
გულისსიტყვების დამშვიდება, სხვა სამყაროსთან შეხვედრა, „ცხოველსმყოფელი მოკვდინება“ ანუ სხეულის ნაწილთა დაწყნარება, „წულილი“*(ანაზდი, ფაქიზი) ნიავის5 შეგრძნება, აღუწერელი კეთილსურნელება, უნივთო, შეუქმნელი და თეთრზე ბრწყინვალე ნათელი – ბერისთვის უკვე ჩვეული ლოცვისმიერი გამოცდილება გამხდარიყო, ამიტომაც საუბრის დროს ასეთ ფრაზებს ხშირად იყენებდა. აგრეთვე, მისთვის დამახასიათებელი იყო სულიერი მოღვაწეობის ყველა ეტაპზე არსებული სხვადასხვანაირი განსაცდელების ადვილი და გასაგები განმარტება, განსაკუთრებით, იმათი, რომლებიც ბრძოლის პრაქტიკულ მხარეს ეხება. მისი სიტყვები კიდევ ერთხელ ამოწმებდა და ამტკიცებდა წმიდა მამათა გადმოცემის ავტორიტეტსა და ჭეშმარიტებას, რომელიც განუნყვეტლივ და შეუბღალავად არსებობს პირველი საუკუნიდან დღევანდელ დღემდე.
ბერ იოსების მადლისმიერი და მამობრივი ლოცვა ზოგადსაკაცობრიო ტკივილთან ზიარებით გვირგვინდებოდა. ჩვენთვის აშკარა იყო, რომ იგი ამას მძაფრად და, ფაქტობრივად, უწყვეტად განიცდიდა. ხშირად დაგვინახავს, რომ მშვიდად იძირებოდა საკუთარ თავში და თითქოს აღარ იყო ჩვენთან ერთად: გამომეტყველება ეცვლებოდა და მწუხარე სახით ოდნავ ამოიხვნეშებდა ხოლმე.
— მამაო, რა ხდება? — ვეკითხებოდით ახალგაზრდული ცნობისწადილით.
— ვიღაც იტანჯება, —გვპასუხობდა.
მართლაც, რამდენიმე დღეში წერილს მივიღებდით ხოლმე, რომლითაც რაღაც უბედური შემთხვევის შესახებ გვაუწყებდნენ.
— როგორ ხდება, მამაო, რომ ის, ვინც უფრო ბევრს ლოცულობს, სხვებზე კომუნიკაბელური ხდება?
ამას ვეკითხებოდით იმიტომ, რომ მასშიც და სხვა ბერებშიც შეგვემჩნია, რომ მოყვასს უფრო მეტადაც გრძნობდნენ და პრაქტიკულადაც უფრო მეტად ეზიარებოდნენ მათ ტკივილს, მიუხედავად იმისა, რომ ხალხისთვის თითქმის უცნობები და დამალულები იყვნენ. მოძღვარი, პირადი ტერმინოლოგიის გამოყენებით, გვიჩვენებდა ლოცვის საყოველთაო ხასიათს; რომ სწორედ ლოცვას ძალუძს მოიცვას მთელი მსოფლიო. ლოცვის მეშვეობით ხდება ღმერთთან უფრო სრული ერთობა, ანუ, ყველაფერი ისევ ქრისტესთან ერთობითა და ურთიერთობით მთავრდება. როდესაც ბერი ამ და სხვა იმ თემებზე ლაპარაკობდა, რომლებსაც განსაკუთრებული სიმძაფრით განიცდიდა, ზოგჯერ უჭირდა მათი სიტყვით გამოხატვა. არ შეეძლო თავისი სულიერი განცდები სრულად გადმოეცა ღმრთისმეტყველების ფაქიზი ფილოსოფიური ტერმინებით. სამაგიეროდ, სიტყვის ძალით გვაჯერებდა ქრისტესმიერი ცხოვრების ნებისმიერ საკითხში, განსაკუთრებით, ლოცვის შესახებ, თანაც ხელმისაწვდომი ინდუქციური მეთოდით, რაც უდიდესი გამოცდილების წყალობით შეეძინა. გვეუბნებოდა:
— ვნებებთან ბრძოლა არის სუფთა ლოცვისკენ მიმავალი გზის დასაწყისი. შეუძლებელია კაცი ლოცვაში წარემატოს მანამ, სანამ მასში ვნებები მოქმედებს. ვნებების წინააღგდეგ სასტიკი ბრძოლის პროცესში ქრისტიანი, რომელიც სწორად და შემართებით მოღვაწეობს, ზოგჯერ ვნებებმა შეიძლება შეაცდინონ, მოატყუონ, ან გამოუცდელობის გამო, ან ბრძოლის ამა თუ იმ სახეობის არცოდნის გამო, ანაც უძლურების გამო. ეს ყველაფერი საღმრთო მადლის მოქმედებას ხელს არ უშლის, მაგრამ თუ ეს შეცდომა უდებების ან დიდებისმოყვარეობის გამო მოხდა, მაშინ მადლი ვერ მოვა. ხოლო რაც მეტად თავისუფლდება გონება ვნებებისგან, მით უფრო მეტად მხნევდება და ძლიერდება საღმრთო მადლის მიერ გულისსიტყვების წინააღმდეგ ბრძოლაში და უფრო მეტი დაჟინებითა და გულმოდგინებით მოღვაწეობს ლოცვასა და ღმერთის ჭვრეტაში.
იმას, რაც აქამდე ითქვა, ჩვენი მოძღვარი ჯერ კიდევ შესავალ ნაწილს, პრაქტიკულ მხარეს მიაკუთვნებდა, ხოლო ჭეშმარიტი ლოცვა, უფრო სწორად კი ჭვრეტა*([ღმერთის] ხედვა), როგორც ღმერთის სრული საჩუქარი ადამიანისადმი, მისი აზრით, შესაძლებელია მხოლოდ გულის სრული განწმედის ეტაპზე, რაც გონების განათლებას მოსდევს. მრავალწლიანი და განუწყვეტელი ლოცვისმიერი ყურადღება საკუთარი გულისადმი, რაც ყველა ღვაწლსა და ასკეზაზე ძნელია, გულში [ღმერთის] მუდმივ შეგრძნებას გამოიწვევს. იმავდროულად, გონება, განუწყვეტელი სულიერი გლოვის მეშვეობით, იბრუნებს მისთვის ბუნებრივ განათლებას და ხდება „ქრისტეგონება“6, შესაბამისად, უფლის შეგრძნებას, რომელიც უკვე მუდმივი და მოქმედი ხდება, გადაჰყავს პატარა და შეზღუდული ადამიანი ღმერთშესაფერის*(ღმრთივშვენიერ) სფეროში. მე ვთქუ: ღმერთნი [-სამე-] ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი"7. სწორედ ამგვარად, მლოცველი ადამიანის მნიშვნელობა მსოფლიო განზომილებებს იღებს და ძალუძს, მოყვასი თავის თავში მოიცვას და ქმედითად ეზიაროს მის მდგომარეობას, „იტიროს მტირალთან ერთად და იხაროს მოხარულთან ერთად“8, როგორც მოციქული იტყვის.
ლოცვაში მოღვაწეობის კარგ პრაქტიკულ წინაპირობად და საწყისად, განსაკუთრებით, გამოცდილი მოძღვრის არყოლის შემთხვევაში, ჩვენი ბერი მიიჩნევდა მდუმარებას, „გამოკეტვას“, განმარტოებასა და მსგავს საშუალებებს. ოღონდ არ თვლიდა, რომ წარმატება ამათზეა დამოკიდებული. ლოცვის უწმიდესი მიზანი არის პირადი შეხვედრა ღმერთთან და მუდმივი ყოფნა მასში (უფალში). ბერი ამბობდა:
— ადამიანი იწყებს ღმერთისადმი მორჩილებითა და დაქვემდებარებით, და სწორი სარწმუნოებით, შემდეგ კი გადადის მასთან შეხვედრაზე, მასში მუდმივ ყოფნაზე. სწორედ ამას ჰქვია ღმრთისმეტყველება.
აქ გვინდა მკითხველს შევახსენოთ, რომ, თუმცა ჩვენ ვცდილობთ ბერ იოსებისგან მოსმენილი და მასში დანახული გადმოვცეთ, ანუ გამოვხატოთ ქრისტესმიერი სულიერი სრულყოფილების მნიშვნელობა და სიდიადე, ეს არც ადვილია, არც ყველას ძალუძს ზედაპირულად მიჰყოს ამას ხელი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დღეს მოდაშია გონებისმიერ ლოცვაზე, შეუქმნელ ნათელზე, განღმრთობასა და ა.შ. ლაპარაკი. ადამიანები, რომლებსაც სულიერი ცოდნა და გამოცდილება არ აქვთ და ქრისტიანული, წმიდამამებისეული სარწმუნოების საიდუმლოებს არ ფლობენ, ლოცვასა და ზოგადად სულიერ მოღვაწეობას არასწორად წარმოიდგენენ, იმიტომ, რომ სურთ ეს ყველაფერი არა პირადი გამოცდილების, არამედ გონებრივი შემცნების მეშვეობით გაიგონ. მაგრამ ქრისტიანული რეალობა და ღვაწლი არც მაგიაა და არც იოგა, არც სხვა არაქრისტიანულ თუ ანტიქრისტიანულ მეთოდებთან აქვს რამე საერთო. ქრისტიანობა არ წარმოადგენს არც ექსპერიმენტულ ვარჯიშებს და არც გონებისმიერი ფანტაზიის შედეგს, რომელთა მიზანიც არის რაღაც კონკრეტული ჰალუცინაციისა თუ სხვა ილუზიის წარმოქმნა (ანუ ვითომ ღმერთის ჭვრეტა). ღმერთის „შორიდან“ დანახვა შეუძლებელია. იგი იმკვიდრებს სუფთა სულებში და მისაწვდომი ხდება მისი დაუბადებელი ენერგიების მეშვეობით.
სწორი ქრისტიანი ეფუძნება, უპირველეს ყოვლისა, ქრისტეს მცნებას: „შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი – ვითარცა თავი თჳსი“ 9. ამასთან ერთად, მთელ ძალისხმევას მიმართავს იმისკენ, რომ თავი აარიდოს ბოროტებას და მის მამას – ეშმაკს, „სრულითა სიძულვილითა მოიძულოს ისინი“10, და, აგრეთვე, ცდილობს, სულითა და სხეულით მაქსიმალურად აღასრულოს უფლის მცნებები. თუ მორწმუნე ამგვარი აღმსარებლობის გზას ბოლომდე სიმდაბლითა და ღმრთისმოშიშებით მიუყვება, მაშინ შეხვდება ღმერთს, რომელმაც თავი გამოგვიცხადა და ვისი მადლითაც გაართვა თავი ყველა სირთულეს. „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე, ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და… მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ 11, – ამბობს უფალი. ჭეშმარიტი მორწმუნეები ხელშესახებად განიცდიან ღმერთთან ურთიერთობას, აშკარად გრძნობენ საღმრთო მოქმედებას, რამეთუ მთელ მათ არსებაში იმყოფება და მკვიდრობს ის, ვისიც სწამთ და ვისაც ემსახურებიან. „დავიმკჳდრო და ვიქცეოდი მათ შორის და ვიყო მე მათა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად"12, სხვაგან კი: „ვითარსახედ იხარებს სიძე სძალსა ზედა, ეგრეთ იხარებდეს უფალი შენ ზედა“13.
განზრახ ჩავურთეთ სიტყვას ეს მცირე სქოლიო მათთვის, რომელნიც სხვაგვარად ცხოვრობენ და არ უწყიან ჩვენი სარწმუნოების ის ჭეშმარიტება, რომ საღმრთო მადლი მოიხილავს ადამიანზე, რომელსაც სწამს და სწორი სინანულით მოღვაწეობს. საღმრთო მადლს კაცი „სიკვდილიდან სიცოცხლეში“14 გადაჰყავს და მას ყველა თავის საიდუმლოს გამოუცხადებს, არა მარტო თეორიულად, როგორც უბრალო მაყურებელს, არამედ არსებითად და ორგანულად სცვლის მას „დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისგან“15.
ეს „სულიერი ფუფუნება“ იწყება სინანულით, ხოლო მისი მთავარი ბერკეტი, ალბათ, ლოცვაა. დიდი ასკეტი, მაკარი ეგვიპტელი თავის სიტყვაში „გულის დაცვის შესახებ“ წერს: „ყოველი სათნოების თავი და მიღწევათა მწვერვალი არის ლოცვაში გამძლეობა16, რისი მეშვეობითაც შევძლებთ, ღმერთისგან თხოვნით, დროთა განმავლობაში, სხვა სათნოებებიც შევიძინოთ"17. მანამდე კი ასეთ რამეს ამბობს: ლოცვისა და სასოების შრომას თავს რომ არ ვარიდებდეთ, არც შევცოდავდით“ 18. ხოლო „ლოცვის შესახებ“ სიტყვაში წერს: „ლოცვისა და სიტყვის საქმე, როდესაც ისინი სწორად აღესრულება, ყოველ სათნოებასა და მცნებაზე მაღლა დგას 19.
ლოცვა გამოუთქმელ დიდებულებას შეიცავს თავის თავში, ხოლო ღმერთსა და ქმნილებებს შორის შეუზღუდავი შესაძლებლობების შუამავალია. დრო არ გვეყოფა, თუ ლოცვის მიღწევების ჩამოთვლას დავიწყებთ, რომლებიც წმიდა წერილში მოიხსენება: საღმრთო გადაწყვეტილებების შეცვლა, უფლისმიერი მუქარის თავიდან არიდება, აღთქმული სიკეთეების დაჩქარება, გასაჭირის შემსუბუქება, ნაწილობრივი და სრული გადარჩენა და ა.შ. ლოცვა არის ზოგადსაკაცობრიო უბედურებისთვის მუდმივი სასოების ღუზა. როგორც კი ადამიანთა მიერ ლოცვა შეწყდება, იმწუთასვე ამქვეყნიური არსებობის აღსასრული დადგება, რამეთუ საყოველთაო ბოროტების მიერ შეიმუსრება და მაშინ, მართლაც, „უკვე აღარ იქნება დრო“20.
ბერი იოსები ლოცვას მომავალი საუკუნის ენად ახასიათებდა. თუმცა რა, ამ საუკუნეში არსებობს სხვა ენა? რამდენ სალაპარაკო ენასა და დიალექტს გამოიყენებს კაცობრიობა? მაგრამ არცერთი მათგანი არ არის ჭეშმარიტი, რადგან ერთადერთ ჭეშმარიტებას არ ემსახურება – სხვადასხვა ენები ადამიანური წადილებისა და განწყობების გამოსახატად იხმარება. რომელი მიდრეკილება თუ სურვილია ისეთი პოზიტიური, როგორიც ღმერთისა და მარადიულობის წადილი? და აი, ორივე ღმრთისადმი და ადამიანისადმი სიყვარულში ერთიანდება, ხოლო ამ დიდი მიღწევის გზა და საშუალება არის ლოცვა.
იქნებ ვინმეს დამღლელად მოეჩვენოს ჩვენი ასეთი დაჟინება ლოცვის საკითხში. მაგრამ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ვიცით, თუ რა დატვირთვა აქვს ამ დიდ სათნოებას, როგორც სრულყოფილ საშუალებას, ცალკე ინდივიდებისათვისაც და მთელი საზოგადოებისთვისაც – ყველა ჩვენგანს ხომ წინსვლა და გაუმჯობესება სურს.
ისრაიტელთა ეგვიპტიდან გამოსვლის დროს, ფაქტობრივად, მთელი ერი შეცდა, რამაც საღმრთო მართლმსაჯულების აღსრულება გამოიწვია, ანუ უფალს ისინი სამართლად უნდა დაესაჯა, მაგრამ სასწაულებრივად გადარჩნენ ლოცვის მეშვეობით. თვითონ ღმერთი მოუწოდებს მოსეს ილოცოს, რათა უფალმა ებრაელებს მიუტევოს და აცხოვნოს: „მომიშუ მე*(დამანებე, მაცადე), რათა მოვსრნე იგინი და აღვჰხოცო სახელი მათი"21. წმიდა მამები ამ „დამანებე“-ს განმარტავენ როგორც „მომიხმე“-ს. სხვაგვარად, რას ნიშნავს, „მაცადე“? მოსე აკავებდა ღმერთს? მსგავსი შემთხვევები მრავლად ყოფილა ისრაიტელთა უდაბნოში ხეტიალის დროს და ყოველთვის ამ დიდი წინასწარმეტყველის ლოცვით აღწევდნენ თავს სასჯელს, მაშინაც კი, როდესაც „სრვა“ დაწყებულიც იყო.
კაცობრიობის ისტორიაში მრავალი მაგალითი გვაქვს იმისა, თუ როგორ იხსნიდნენ დედამიწას უბედურებისგან ლოცვის მეშვეობით ღმრთივსათნო ადამიანები. ამგვარად, უფლის სრულყოფილი მონები თავიანთ ორ სათნოებას ამჟღავნებენ: სიყვარულსა და ლოცვას. სიყვარული სრული ადამიანის პიროვნების საფუძველია, ხოლო ლოცვა – ამის დამამტკიცებელი საბუთი.
ბერი იოსები გვეუბნებოდა, რომ მლოცველს, სწორად მლოცველს, მოყვასისადმი სიყვარულის განცდა გამოეცხადება. კონკრეტულად ამას გვასწავლიდა:
— როდესაც მლოცველის სულში საღმრთო მადლი ამოქმედდება, მაშინ იმდენად მოეზღვავება უფლისადმი სიყვარული, რომ ვეღარც კი უძლებს. ამას მოჰყვება ის, რომ ეს სიყვარული მიბრუნდება მსოფლიოსა და ადამიანისადმი, რომელიც ისე უყვარს, რომ სურს, მთელი კაცობრიობის ტკივილი და უბედურება იტვირთოს, ოღონდ სხვები იხსნას გაჭირვებისგან; სხვისი ნებისმიერი მწუხარება, პირუტყვებისაც კი, მასაც ამწუხრებს, და ცრემლს ღვრის იმის გამო, რომ სხვა არსება რაღაც სირთულეს აწყდება. ასეთი თვისებები აქვს სიყვარულს, რომლებსაც ლოცვა გამოიწვევს და ამოქმედებს. ამიტომაცაა, რომ ის, ვინც ლოცვაში წარემატება, მთელი მსოფლიოსთვის ლოცულობს. მათ ხელშია სამყაროს არსებობის ბედიც – რამდენად თამამად და უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ ამგვარი მსჯელობა. ისიც იცოდეთ, რომ, თუ ასეთი ხალხი აღარ იარსებებს, მაშინ სამყაროს ბოლოც დადგება.
ღმერთი თვითონაა ყოვლადსიყვარული და თავის ყოვლადსახიერების ნაწილს თავის ქმნილებებსაც გადასცემს, იმდენად, რამდენადაც მიიჩნევს საჭიროდ. ზუსტად იმავეს აკეთებენ მისი განღმრთობილი მონები, რომლებიც თავიანთი ლოცვით მსოფლიოს სიყვარულს გადასცემენ. ანუ დასკვნა ასეთია: თუ სიყვარული არის სხეული, მაშინ ლოცვა [ამ სხეულის] ძალა და მოქმედებაა, ეს კი იქიდან ჩანს, რომ ლოცვის მეშვეობით უფრო წარმატებულად აღესრულება სიყვარულის მცნება, თანაც მსოფლიოს მასშტაბით – ის, რაც არცერთ სხვა საშუალებასა თუ მეთოდს არ ძალუძს.
ამბა ბარსანუფი თავის სიტყვებში ახსენებს, რომ მის თაობაში სამ კაცს შეეძლო გადამტერებული ერები ლოცვით დაემშვიდებინა და ზოგადად, სამყარო განადგურებისგან ეხსნა22. სხვაგან ვკითხულობთ, რომ მლოცველმა წმინდანებმა სტიქიური უბედურებები, შიმშილი თუ პანდემია შეაჩერეს. რომელ პრაქტიკულ მოღვაწეობას ან კეთილ საქმეს შეუძლია მსგავსი სარგებელი მოუტანოს მთელ ერებსა და ქვეყნებს, როგორც ლოცვას? ამის გარდა, ქრისტიანებს შორის გავრცელებული ჩვევა, ერთმანეთისგან ლოცვა ითხოვონ, იმას არ მოწმობს, რომ ლოცვას უპირატესობა ენიჭება და სწორედ მისი მეშვეობით მიიღწევა სრული წარმატება?
ეს ყველაფერი იმაზე მიგვითითებს, რომ ლოცვა არის საყოველთაო და მსოფლიო მასშტაბის სათნოება. მხოლოდ მას შეუძლია თავის თავში მოიცვას და შეკრიბოს გაბნეულები და შორს მყოფები23, ერთმანეთისგან განსხვავებული ნაწილები გააერთიანოს ისე, რომ თითოეულმა თავისი მოყვასი შეიცნოს, როგორც საკუთარი თავის ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან შორს ცხოვრობენ. ადამიანთა ტკივილის მიმართ ლოცვა სიყვარულს გამოხატავს. შემცდართათვის სწორი გზის მანათებელი ხდება, რათა ისინი სინანულისა და ღმრთის შემეცნებისკენ მოაბრუნოს. მაგრამ მტრებისთვის ლოცვა არის იმ ადამიანთა გონიერი სრულყოფილების მწვერვალი, რომელთათვისაც „მოკვდავი დაინთქა სიცოცხლის მიერ“ 24. მტრებისთვის მლოცველები მადლისმიერი ღმერთები ხდებიან და რჩებიან ამ მდგომარეობაში, აისახავენ რა თავიანთ ღმრთისმსგავს ხასიათში უფლის თვისებებს. სწორედ ასეთი სრულყოფილება აიძულებს ადამიანს, ილოცოს, რომ თვითონ „შეჩუენებულ-იყოს ქრისტესგან“, რათა მისი მჩაგვრელები ცხონდნენ 25. უფლის უკანასკნელი სიტყვებიც ჯვარზე ხომ ეს იყო – ლოცულობდა იმათთვის, ვინც ჯვარს აცვა26.
შენიშვნები
- შეად. რომ. 8,26. ↩
- წმიდა იოსების ეპისტოლეების შესახებ იხ. სქოლიო 110, გვ. 120. ↩
- ეპისტოლე 1 (ფილოთეუს მონასტრის გამოცემის მიხედვით). ↩
- ეპისტოლე 38 (ფილოთეუს გამოცემაში – 35). ↩
- შეად. 3 მეფ. 19,12. ↩
- შეად. 1 კორ. 2,16. ↩
- ფსალმ. 81,6. ↩
- იხ.რომ. 12,15 ↩
- ლუკ,10,27 ↩
- იხ. ფსალმ. 138,22 ↩
- იოან,14,21 და 23. ↩
- კორ. 6,16. იხ. აგრეთვე ლევ. 26,12. ↩
- ეს,62,5. ↩
- იოან. 5,24; 1 იოან. 3,14. ↩
- კორ.3,18. ↩
- შეად. კოლ. 4,2. ↩
- თავი 8. ↩
- თავი 5. ↩
- სვიმეონ მეტაფრასის 150 თავი მაკარი ეგვიპტელის 50 სიტყვის შესახებ (32). ↩
- გამოცხ. 10,6. ↩
- რჯლ.9,14 ↩
- ბარსანუფი და იოანე, კითხვა-მიგებები, პასუხი 569. ↩
- შეად. იოან. 11,52; ეფეს. 2,14 და 17. ↩
- იხ.კორ.15,54. ↩
- იხ.რომ. 9,3. ↩
- იხ.ლუკ. 23,34. ↩