[90] მარიამ პაპადიმიტრიუს
წმიდა მთა, 1/2/1955
უკეთილშობილესო ქალბატონო მარიამ, შენს კარგ და კეთილ მეუღლესთან ერთად, ჩვენ ყოველთვის ჯანმრთელობას გისურვებთ, ხოლო უფალმა მოგმადლოთ მშვიდობა, ჯანმრთელობა და დღეგრძელობა მთელ თქვენს სახლეულობასა და ოჯახს.
ჩემო კეთილო ქალბატონო, მივიღე შენი ეპისტოლე და ვნახე რასაც მწერ. თქვენმა მწუხარებამ დამამწუხრა და თქვენი ტკივილი მეც მტკივა, ისევე, როგორც თქვენი სიხარულით ვიხარებ.
ადამიანის ცხოვრება, ჩემო ქალბატონო, მწუხარებებითა და წვალებითაა გაზავებული. როდესაც სულში მცირე სიხარულს შეამჩნევ, იცოდე, რომ სატელეფონო ზარია, რომელიც მომავალი მწუხარების მოთმენას მოასწავებს.
ადამიანთან ყველაზე ახლოს ღმერთია. სხვა არავინაა ღმერთზე უფრო ახლოს. მასში ვცოცხლობთ და ვმოძრაობთ1. მას ვყავართ ჩახუტებული თავის წიაღში.
ამიტომაც შეგვიძლია თითოეულ ჩვენს სუნთქვას სიღრმისეული ხმაც დავურთოთ „ღმერთო ჩემო, შემეწიე, დროულად დამეხმარე, დამიფარე ჩემო იესო, დამიფარე“.
ღმრთისმშობელი წყალობის დედაა, სიკეთის წყარო, მისი მადლი კი ყველგან მალე აღწევს. როგორც კი კაცი მის დასაძახებლად პირს გააღებს, იმწუთას, როგორც ნამდვილი დედა, ისწრაფვის. ამიტომაც ყოყმანის გარეშე მოუხმე ყოველ წუთს და გასაჭირში უსასყიდლო დამხმარესა და ექიმს პოვებ.
ღმერთი, ჩემო შვილო, ყველგანაა, ხოლო მისი თვალი ყველაფერს ხედავს, და თითქოს ვერ ამჩნევს, როდესაც ვცოდავთ დიდად თუ მცირედ, რადგან სინანულს ელის. ის ჩვენ გვხედავს, რადგან ჩვენთანაა, ჩვენ კი მას ვერ ვხედავთ, რადგან ცოდნით ჩვილნი ვართ. ხოლო როდესაც გვსჯის, იმისთვის, რომ მისკენ მივმართოთ მზერა, გვგონია, რომ უსამართლოდ ვიტანჯებით. მაგრამ როდესაც დავმდაბლდებით, მაშინ გვეხილება სულიერი თვალები და ვხვდებით, რომ, რასაც ღმერთი აკეთებს, ზედმიწევნით კარგია;
სწორედ მაშინ დავინახავთ ხოლმე მას, როგორც მრავალმოწყალე მამას, სიყვარულით და სიკეთით სავსეს.
არ ვიცი, ჩემო ქალბატონო, თუ გაქვთ ნათქვამი ზოგადი* (გენერალური) და სუფთა აღსარება. ბავშვობიდან, შვიდი წლიდან დაწყებული, გადახედეთ თქვენს წარსულს და ქაღალდზე დაწერეთ, და დიდ სარგებელს მიიღებს თქვენი სული. ასევე თქვენმა ბატონმაც** (აქ: ქმარმა). თანაც არა მარტო ისეთი, რაც მომწერეთ, არამედ ყველა სახის ცოდვა, რომლებსაც [ხშირად] კაცი ცოდვადაც არ მიიჩნევს, მაგრამ როდესაც აღსარებაში ამბობს, სული ეწმინდება და ბრილიანტივით ბრწყინვალე ხდება.
დაიწყეთ ბავშვობიდან: რას სცოდავს ადამიანი რვიდან ათ წლამდე, რას – ათიდან ოცამდე და შემდგომ, გულისწყრომითს და გულისთქმითს2. ასევე თქვენმა ბატონმაც: ბუნებრივი, ბუნების საწინააღმდეგო, სამსახურში, ბეჭდვა-გამოცემის დარღვევები, უკანონოებები – ყველაფერი სუფთად.
მაგრამ თუ რომელიმე სულიერმა მოძღვარმა ეს უკვე გირჩიათ და გააკეთეთ, მაშინ საჭირო აღარ არის.
თუკი ოდესმე, ჩემო ქალბატონო, მოინდომებთ მოწყალების გაცემას, იმ ქალს მიეცით ხოლმე, რომელმაც ძე დაკარგა. თუ თავად უდროოდ გარდაცვლილისთვის გნებავთ გაიღოთ წყალობა, ნუ დაგავიწყდებათ ორმოცი წირვა შეუკვეთოთ ხოლმე, რამეთუ იქნებ, როგორც ახალგაზრდას, ცოდვები ჰქონდა, თქვენ კი ჯოჯოხეთიდან ამოიყვანთ და ამგვარად გახდებით მიზეზი მისი ცხონებისა, იმისა, რომ სამოთხეში წავიდეს. რამეთუ წირვები [ადამიანებს] აცხოვნებს და ჯოჯოხეთიდან სულები ამოჰყავს. შესაბამისად, ის, რასაც თქვენ მიიჩნევთ, რომ ბოროტება ჩაიდინეთ, დიდი სიკეთე გამოდგა, რამეთუ თქვენ მიერ ერთი სული ცხონდა, თქვენ თავად კი სინანულის მეშვეობით ღმერთს უფრო მიუახლოვდით.
თქვენს ნერვულ მდგომარეობას რაც შეეხება, რომ მწერთ, ვბრაზდებიო – იესოს ლოცვა თქვით განუწყვეტლივ – მის მიერ მადლი ნერვებს აწყნარებს… და ნუ დარდობთ, მთელი მსოფლიო ამითაა დაავადებული.
მთელი ჩვენი საძმო ლოცულობს თქვენთვის. მეც ვლოცულობ თქვენთვის.
თქვენს ბატონს ლოცვა-კურთხევა გადაეცით.
უკანასკნელი მონაზონი იოსები
[91] მარიამ პაპადიმიტრიუს
წმინდა მთა, 23/2/1955
ზეციერი მამის კურთხეულო შვილო, ქალბატონო მარიამ, მეუღლესა და მთელ ოჯახთან ერთად, გისურვებთ, რომ კარგად იყოთ.
ჩემო უკეთილშობილესო ქალბატონო, მივიღე თქვენი ეპისტოლე და ვნახე, რასაც მწერთ და ძალიან გამახარა იმ ყველაფერმა, რითაც უფალმა დაგაჯილდოვათ. ხართ ძალიან, ძალიან წესრიგში და არაფერი გჭირდებათ. მხოლოდ მოთმინება და სულგრძელება, რათა თქვენი სული დაწყნარდეს.
ახლა შემიძლია დავიჯერო, რომ შურიანმა ეშმაკმა, დაინახა რა თქვენი კარგი და სათნოებებით შემკული ცხოვრება, გამოიწვია უნებლიე მკვლელობა, რათა დაენაღვლიანებინეთ. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა იმ წირვის წყალობით, რომლებსაც მისთვის აღასრულებთ, მისი სული ცხონდა. და იმის მაგივრად, რომ ბოროტი მოეყენებინა, კარგი საქმეც გამოვიდა – სული ცხონდა, ღმერთი ხომ ერთ მიზეზს მაინც ეძებს იმისთვის, რომ კაცი აცხოვნოს.
ის, რომ ამბობ, ყველას უხარია, ჩვენ რატომ გვაქვს მწუხარებაო, იმას გვიჩვენებს, რომ თქვენი ცხოვრება ღმერთს მოსწონს. რამეთუ უფალი მხოლოდ მაშინ გვიგზავნის გასაჭირს, მწუხარებას, როდესაც ადამიანი ღმერთის ნება-სურვილს აღასრულებს. რამეთუ ჭირი ღმერთის მადლი და საჩუქარია.
თქვენც, თუმც უნებლიედ, აღიარებთ, რომ ღმერთის რჩეული შვილები იყავით. „რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის“3. ამიტომაც მხნედ იყავი და გაიხარე კიდეც, რადგან უფალს ძალიან უყვარხართ. ასე რომ, ნუ დარდობ.
ხელში ჩამივარდა ერთი პატარა წიგნი, რომელსაც „ოქროს ნამცეცები“ ჰქვია და ჩანს, რომ თქვენს გამომცემლობაში დაიბეჭდა. ერთი სიტყვით, ძალიან გთხოვდით, რომ შენს კარგ ქმარს სთხოვო, ხშირად წაიკითხოს, ბევრჯერ; სარგებელს მიიღებთ. ოქროს რჩევებია.
შენს ბატონს ყოველთვის ურჩიე ხოლმე, რომ აღსარება თქვას. არ არის სწორი ის, რასაც ამბობს. აღსარება არის შვიდიდან ერთი საიდუმლო და მის გარეშე საიდუმლო[ს ცნება] განქარდება. როდესაც სასამართლო დამთავრდება და გენდომება, ანდრეას დედას მოწყალება გაუგზავნო, სჯობს თქვენ უშუალოდ გაუგზავნოთ ხოლმე, არა სხვისი ხელით, რათა მისი სული შვილის დაკარგვის სიმწარისგან განიკურნოს. სხვა მოწყალებები ჩუმად გაეცი.
კარგი სულიერი მოძღვრები გყავდა და ამიტომაცაა, რომ სულიერად ასე მშვენივრად ჰყავხართ მოწესრიგებული. მეც ძალიან კმაყოფილი დავრჩი.
ჩემი მოვალეობა იყო მომეწერა, რადგან ჩვენთვის კეთილი საქმე გაქვს გაკეთებული, ხოლო თქვენმა ტკივილმა მეც მატკინა გული.
ახლა მიხარია, რომ კიდევ ერთი კარგი და ქრისტიანული ოჯახი გავიცანი. ამიტომაც აღარ მოგწერთ: საკმარისია, რომ მოძღვართან გაქვთ მიმოწერა.
თქვენთვის ღმრთის მიმართ მლოცველი,
უკანასკნელი მონაზონი იოსები
[92] მონაზონ ბრიენას
წმინდა მთა, 1955 ან 1956 წ.4
ჩემო საყვარელო შვილო, საყვარელი დის საყვარელო ასულო, გისურვებ, რომ მშვიდობასა და განუწყვეტელ სინანულში იყო.
ვიგებ აქამდე მომხდარ ამბებს. ნუთუ დაგავიწყდათ ღმერთი და მისი დიდი სიყვარული? რატომ არ მიანდობთ ყველა თქვენს იმედს უფალს? რატომ არ ინარჩუნებთ თქვენს სულებში იმას, რასაც წმიდა წიგნებიდან ამდენი შრომით აგროვებთ… მონაზონი, კაციცა და ქალიც, ადგილსამყოფელს ან სამოსის ფერს კი არ იცვლის, არამედ გონებასა და გულს ერთად; არ ფიქრობს, როგორც ერის ადამიანები ფიქრობენ.
როდესაც იღუმენია მიატოვე, აცნობიერებდი იმას, თუ რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს? ახლა სხვების პასუხისმგებლობასაც იტვირთავ. [ეს კი] არ არის ადვილი რამ – საჭიროა ცეცხლოვანი სიყვარულის ალი, ლოცვის დაუსრულებელი საათები, გონების მუდმივი მღვიძარება. მაგონდება შენი დედა და ჩემი საყვარელი და: გულში განუწყვეტლივ მეუბნება, რომ შენზე ვიზრუნო. ჯობია ჩვენს დიონისაკოს შეეკითხო ხოლმე – ისეთი ადამიანია, რომელსაც ნიჭი აქვს რჩევის მიცემისა და ტანჯულთან თანატანჯვისა. სხვა სულებს ნუ აწყენინებ.
მონაზონი, კაციცა და ქალიც, ითმენს, მოთმინების მაგალითს აძლევს [სხვებს], ცდილობს ყველა სათნოება მიიღოს მაშინ, როდესაც ამას ღმერთის სიყვარული ინებებს და არა – როცა ჩვენ გვგონია[, რომ ამის დროა].
მონასტრიდან მხოლოდ მაშინ გადით, როდესაც ამის გარდაუვალი საჭიროებაა, და დიონისაკოსთან დაივანეთ ხოლმე, პირეაში, როგორც დედაშენსა და დედამისს უნდოდათ. სხვების შეცდომები იტვირთე, რათა მათაც შენი [შეცდომები] იტვირთონ.
ფრთხილად, ფრთხილად, ფრთხილად, ჩემო შვილო, განსაცდელები ყველგანაა, განსაკუთრებით კი ჩვენს სენაკში. გიმეორებ: ჩვენს დიონისაკოს დაეკითხე ხოლმე, რომელსაც ეგოიზმი და ანგარება საერთოდ არ აქვს. თანაც თქვენი დედისა და ჩემი, საყვარელი დის ლოცვა-კურთხევაც აქვს, რადგან ბოლო პერიოდში დიდი მზრუნველობით უვლიდა.
დაე, ღმერთმა ჩვენ ყველანი შეგვიწყალოს, ღირსი [და] ღმერთშემოსილი მამების ლოცვით.
სრულიად მდაბალი ბერი5 იოსები
[93] მორჩილ ეკატერინეს
წმიდა მთა, 7/8/1957
კურთხეულო შვილო ეკატერინე, გისურვებ, რომ კარგად იყო.
მივიღე შენი ეპისტოლე, რომელიც, როგორც მწერ, ზღვიდან8 გამომიგზავნე. [განზრახ] გვიან გპასუხობ, რომ მონასტერში დაბრუნებულიყავი
ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ მოითმენ და საბანაოდ არ ივლი, რადგან ახალგაზრდა ხარ და საშიშია. ყველა გასაჭირს, ჩემო შვილო, თუ მოვითმენთ, უფლისმიერ მადლს ვპოვებთ. იმიტომაც უშვებს უფალი განსაცდელებს, რომ გამოგვცადოს და გვირგვინები დაგვიწნას.
ამიტომაც მოთმინებაა საჭირო. მოთმინების გარეშე კაცი პრაქტიკულად გამოცდილი ვერ გახდება. ასე რომ, გამხნევდი და განძლიერდი უფლის მიერ და ზეცაში გასამრჯელო გექნება.
გიყვარდეს იესო, [იესოს] ლოცვა განუწყვეტლივ თქვი და ის გზას გაგინათებს. მამა ეფრემი და ყველა მამა ლოცვა-კურთხევას გადმოგცემს. მოიკითხე ყველა და. გმადლობთ იმისთვის, რაც გამოგვიგზავნეთ.
ვლოცულობ შენთვის,
მდაბალი ბერი იოსები
[94] მონაზონ პანტელეიმონს
წმინდა მთა, 26/9/1957
ჩვენს საყვარელ ბიჭუნას, პანტელეიმონს. ვლოცულობთ შენი ჯანმრთელობისთვის.
ჩემო საყვარელო შვილო, მივიღე შენი წერილი და ძალიან გამიხარდა, რომ კარგად ხარ. ვწუხვარ, რომ გვერდით არ მყავხარ, რათა გელაპარაკო ლოცვის შესახებ, განვანათლო შენი სუფთა გონება, ხოლო შენ სხვები გაანათლო და ამგვარად კარგი ადამიანები გამრავლდნენ.
აქაური ჩემი მამები გიხსენებენ კიდეც და ლოცულობენ შენთვის, მაგრამ არ მოგიწერია, რატომ დარჩი ათენში. ჩვენ გვეგონა, რომ უკვე შენს მშობლებთან იყავი და ჩვენს საყვარელ მამა ეფრემთან* (კარაიანისი).
წერილი გამოგვიგზავნა, რომელშიც წერს, რომ ამერიკის რომელიღაც კიდეში ცხოვრობს, სადაც [ისეთი სიცხეა, რომ] მზეზე პური შეიძლება გამოაცხო. მე კი მივწერე, რომ ჩამოვიდეს და ჩვენთან ერთად დაეყუდოს. ეს პერიოდი, სანამ გარეთ ხარ – ჩვენთან რომ დარჩენილიყავი, ბევრ რამეს ისწავლიდი – იმაზე მაინც იზრუნე, რომ [იესოს] ლოცვა თქვა, უქმად ნუ იქნები. განუწყვეტლივ ილოცე სულის მხურვალებით, რათა იშვას შენ შიგნით, ხოლო გული გონებისმიერ იძახდეს: „იესო ჩემო უტკბილესო, მაცხოვნე მე“.
მიხარია, რომ ეს რჩეული ოჯახი გაიცანი, ალექსანდრე და მარიამი** (პაპადიმიტრიუ). დიდად მადლობელი ვარ მათი იმისთვის, რომ ზრუნავენ ჩემს პაწაწინა შვილზე, რომელიც ადვილად სნეულდება. იმანაც გამახარა, რომ წმიდა იოანე რუსის10 მოსალოცად წახვალთ. ძალიან გაიხარებ, შემდეგ კი, როცა დაბრუნდები, შენს მშობლებს უამბობ. იზრუნე იმაზე, რომ ისევ დაბრუნდე, რომ გნახოთ და გვნახო, რათა ჩვენი კეთილი ღმერთის სიკეთეებზე ვისაუბროთ.
მოკითხვა გადაეცი ქალბატონ მარიამს და მის მეუღლეს.
ყველანი ლოცულობენ შენთვის: მეც ვლოცულობ შენთვის.
მდაბალი ბერი იოსები.
დამავიწყდა დამეწერა, რომ ჩვენთან ერთი სერბიც მოვიდა, ბრანკო11 ჰქვია, ენები იცის; იქნებ იცნობ კიდეც.
[95] მონაზონ პანტელეიმონს
წმინდა მთა, 11/6/1958
ჩემო საყვარელო შვილო, ჩემი სულის ნაწილო, ჩემო კეთილსურნელებავ, სამოთხის პატარა ყვავილო, გისურვებ, რომ კარგად იყო.
გისურვებ, მალე დაბრუნებულიყავი შენს სახლში, თუმცა მე ის მეწადა, რომ ჩემ გვერდით მეგულე.
დღეს, 11-ში ძველით, გავხდი შენი სასურველი ეპისტოლეს მფლობელი და ძალიან გამიხარდა. გული კი იმაზე დამწყდა, რომ ბევრი ხარჯი გაიღე, რათა ჩვენთვის გესიამოვნებინა. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს და ღმრთისმშობლის სიყვარულით ხდება, მაინც არ მინდა ვინმე დავამძიმო, რომ მქონოდა [ფული], ნამდვილად გამოგიგზავნიდი, რათა გზაში რამე არ მოგაკლდეს. სამაგიეროდ, ვლოცულობ, რომ ყოვლადწმიდა დაგეხმაროს ყველაფერში.
მას მერე, რაც ჩვენგან წახვედი, შენი სულიერი მოძღვრობა ვიკისრე: რათა ვლოცულობდე არა როგორც უცხოსთვის, არამედ როგორც საყვარელი შვილისთვის. წირვისა და სხვა ლოცვების გარდა, 6 სკვნილს12 ვაკეთებ შენთვის ყოველ ღამე.
გმადლობ ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე. პარაკლიტონი13 არ გამოგვადგა, რადგან ოქტოიქი14 გქონდა გამოგზავნილი, ზატიკი15 კი გვჭირდებოდა. თუ ჯერ არ გამოგიგზავნია, ჯერჯერობით დაიტოვე. როდესაც მშვიდობით წახვალ და თუ შემთხვევით მამა ეფრემს შეხვდები, ჩვენს საყვარელსა და დაუვიწყარს, დიდი მოკითხვა გადაეცი, ხოლო თუ რამე ზედმეტი მორჩა, მასაც შეუძლია რამდენიმე ხატი გაგვიკეთოს, რამეთუ, რაც მქონდა, დავხარჯე და მხოლოდ ხატები დამრჩა.
მოიკითხე ყველა, შენი მეგობარი თანამგზავრიც, ველით, რომ ისევ ჩამოვიდეს, როგორც თქვა, შემოდგომაზე. თუ ჩემმა ამ წერილმა მოგისწროთ, მომწერე ორიოდე სიტყვა, რომ მიიღე.
მოიკითხე ბატონი პაპადიმიტრიუ, მისი ქალბატონი, ურანია16, ნიკო და ყველა. გლოცავ-მოგიკითხავ. მე და ყველა მამა.
მდაბალი ბერი იოსები
[96] მორჩილ ნავსიკას
წმინდა მთა, 25/8/1958
კურთხეულო შვილო ნავსიკა, გისურვებ, რომ კარგად იყო.
მივიღე შენი ეპისტოლე და ვნახე, რასაც მწერ.
გამიხარდა, რომ ირჯები შენი ცხონებისთვის. ძალიან ყურადღებით და ფრთხილად იყავი, თავი აიძულე, რამეთუ, ვინც თავს აიძულებს, ის მიიტაცებს სასუფეველს18.
[იესოს) ლოცვაში გაისარჯე და ყველაფერი გაივლის. თუ [იესოს] ლოცვას იტყვით ხოლმე, ერთმანეთის სიყვარული გექნებათ და არ დაშორდებით – ის, რაც ბოროტს ახარებს.
[იესოს] ლოცვას თავის იძულება უნდა, რათა მადლმა მოიხილოს თქვენზე, და ფრთხილად იყავით.
ლოცვასაც წაგიკითხავთ. ყველაფერი გეპატია და თავიდან კარგად დაიწყე.
მოგიკითხავ სიმდაბლით,
ბერი იოსები
უკანა მხრიდან შენს და ეკატერინესაც ვუწერ, რადგან დები ხართ. სწორად გამიგეთ.
[97] ურანიას
წმინდა მთა, 12/9/1959
ჩვენს ქრისტესმიერ საყვარელ დას, ურანიას, და ბატონ ნიკოს – ლოცვებს განუწყვეტლივ და ვალდებულებით აღვავლენთ უფლის მიმართ, რათა გფარავდეთ და მისი წმიდა ნების მიხედვით მიგიძღოდეთ.
გვეკითხებით, ჩვენი სახიერი ღმერთის შვილო ურანია, სურს თუ არა უფალს, რომ წმინდა სქემა შეიმოსო. შენ, ჩემო დაო, მას მერე, რაც მსოფლიო შეიცანი, ღმერთის გზაზე დგახარ და არასდროს სხვა არაფერი მოგიძიებია, გარდა უფლის ნებისა. ამიტომაც ნუ დაეჭვდები იმის შესახებ, მოვიდა თუ არა წმიდა სქემის შემოსვის დრო, რადგან სქემის გარეშეც უკვე დიდი ხანია მონაზონი ხარ; თანაც ახლა, როდესაც დაბერდი, რა საქმეებს ეძიებ? შენი საქმე ისედაც იცი: გაუნაწილე ღარიბებს იქიდან, რაც გრჩება. ღარიბ მონაზვნებს, რათა იმათ გააკეთონ ის, რისი გაკეთებაც შენ არ შეგიძლია.
იპოვე ვინმე კარგი დიდსქემოსანი მონაზონი, რათა შენი სულიერი დედა გახდეს, დაუძახე ვინმე დიდსქემოსან მღვდელს და სახლში შეიმოსე სქემა ისე, რომ არავინ გაიგოს; და განაგრძე შენი გზა. ძალიან ბედნიერი იქნები, რამეთუ მეორედ დაიბადები. მთელი კვირა სახლიდან ნუ გახვალ. სახლში დარჩი, რომ მადლით დატკბე, რომელიც რვა დღე შენთან ერთად იქნება. ნუ გეშინია. ნუ ყოყმანობ. ქრისტე ჩვენთვის მოვიდა, თავისი მდიდარი სიყვარული გადმოგვცა და გვეუბნება, გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთო20.
ნუ ჰყოვნი, ნუღარ გადადებ. შენს ბედნიერებას ხელიდან ნუ გაუშვებ, რომელსაც ჩვენი ტკბილი იესო გაძლევს. კარგი შესაძლებლობაა, თუ ინებებ.
თეოფილაქტეს პატარა წერილი გადაეცი, და მე, მდაბალს, მიპყრიხართ.
ნიკოს მოკითხვა გადაეცი, შენს კატინასაც21.
ვლოცულობ თქვენთვის,
მდაბალი ბ. იოსები
[98] მონაზონ პანტელეიმონს
წმინდა მთა, 17/9/1958
ჩემო საყვარელო შვილო, ჩემი სულის ნაწილო, ჩემო შვილო პანტელეიმონ.
მივიღე შენი ეპისტოლე და გამიხარდა, რომ ჯანმრთელობით კარგად ხარ. ოჰ, ჩემო ძვირფასო შვილო, არ იცი, როგორ მეწყინა და გული მეტკინა იმის გამო, რომ ჩემი წერილი არ მიგიღია. ბევრი მშვენიერი სიტყვა მქონდა დაწერილი გონებისმიერი ლოცვის შესახებ; შენი მშობლებისთვისაც დავწერე, შენი ბებია მაკრინესათვისაც.
ბრანკო იყო აქ და წავიდა – იცნობ, სერბი – და მას გავატანე 7 ათას დრაქმასთან ერთად, რათა საჰაერო ფოსტით გამოეგზავნა, და როდესაც მობრუნდა, მითხრა, რომ ფოსტაში ჩააბარა. როგორც ჩანს, ფოსტალიონმა ფული დაიტოვა, მაგრამ წერილი არ გაგზავნა. მორჩა, რაც მოხდა, მოხდა.
მე, ჩემო შვილო, შენთვის წერა არ მღლის, რადგან მინდა, რომ სარგებელი მიიღო. მიყვარს შენი სული, ჩემი ნაშობი ხარ. [იესოს] ლოცვა ნუ გავიწყდება. დიდ მადლს შეიძენ, შენი სული სამოთხე გახდება. წელს ჩვენთან გერმანიიდან ჩამოვიდნენ მხოლოდ და მხოლოდ გონებისმიერი ლოცვის გულისთვის. ამ ლოცვას, როდესაც მას ბაგეებით განუწყვეტლივ ამბობ, გონება შინაგანი სიტყვით ეჩვევა. გონება, რადგან ყველა აზრისა და გონებრივი მოძრაობის მომმარაგებელია – კარგის იქნება თუ ცუდის, – მას გულში ჩაიყვანს.
გული, რადგან ცენტრია, თუ რამე ცუდი, სამარცხვინო, ბოროტი მიეწოდა, ყველგან ელექტროენერგიასავით გაივლის, ბოროტი სიამოვნებით მორწყავს ყველა ნაწილს და ყველანაირი ცოდვილი გულისთქმის აღძვრას გამოიწვევს.
მაგრამ თუ შენ [იესოს] ლოცვას ამბობ, საპირისპირო ხდება. გონება მას გულში ჩაიყვანს, რაც შენი ძალისხმევითაც ხდება – რომ გონება სუფთად გეპყრას [ლოცვის] სიტყვებში, რომ არანაირი წარმოსახვა-ფანტაზია არ მიიღო, არამედ მხოლოდ სიტყვებს მიაქციო ყურადღება. მაშინ, რადგან გონება ვეღარ ასწრებს რამე ბოროტება წარმოისახოს, რასაც მანამდე იყო მიჩვეული, იწმინდება და მხოლოდ ის სიამოვნებს, რომ [იესოს] ლოცვა თქვას.
განუწევეტელი მოხმობით, [უფლის სახელი] გულში მოძრაობს შესუნთქვისა და ამოსუნთქვის მეშვეობით, და გონება, სიტყვა და გული ერთი ხდება; და იწმინდება გული და მას მადლი აგრილებს* (მოიხილავს). სწორედ მაშინ შენი შინაგანი სამყარო ზეცად იქცევა, სამოთხედ.
[რასაც] აქამდე [ვამბობ], ჰქვია საქმე, ამის შემდეგ კი იწყება ჭვრეტა, ხედვა. შენ აქამდე მოაღწიე და, თუ ტკბილი იესო იმოქმედებს შენში, მაშინ სხვა მრავალს, უფრო ამაღლებულს გეტყვი. ოღონდ თავი აიძულე და გაისარჯე. ოღონდ იცოდე, რომ ყველაფერი არის იესო მის გარეშე არაფერი გამოდის. გახდი ღირსი იმისა, რომ შეგიყვაროს, და მაშინ შენც შეიყვარებ მას და თავის მადლს მოგცემს. საფუძველი უკვე ჩაყრილი გაქვს. ამიტომაც გაისარჯე და დაწყებულს ნუ მიატოვებ. მანდ სხვებსაც ასწავლე. რაც მეტ ადამიანს მივუყვანთ, უფრო მეტად შეგვიყვარებს უფალი.
მაგდალინე მოიკითხე და წაუკითხე, რასაც გწერ, რათა მასაც იგივე არ ვწერო. ისიც შეეცადოს, რომ ტკბილმა იესომ ისიც დაატკბოს, ხოლო როდესაც კიდევ მომწერთ, მეც მოგწერთ.
როდესაც შეამჩნევ, რომ გონება დაიღალა [იესოს] ლოცვის თქმით, მაშინ ბაგეებით იმეორე განუწყვეტლივ და შემდეგ ისევ გონება განაგრძობს. თავიდან ძნელია და შრომატევადი. მაგრამ წლები რომ გავა, თვითონ, თავისით ითქმება განუწყვეტლად.
მხოლოდ იგი განწმედს ადამიანს ყველა ვნებისგან.
კანდელებზე მწერ. აქ რომელიც ავაშენეთ, ამაში გვაქვს. დაბლა ნათლისმცემელს არ აქვს, თუნუქისაა. თუ ვინმე კარგ ქრისტიანს სურს მას უყიდოს, კეთილი, თორემ მე თვითონ არ მაქვს [შესაძლებლობა]. რადგან ვალიც მაქვს აღებული. შენ [ამაზე] ნუ დაიხარჯები, რამეთუ სხვა რამეებიც გაქვს გადასახდელი.
მამა ეფრემი, როგორც მისწერე, წავიდა რუსულ მონასტერში22 და ბერ დავითს ხატი გამოართვა. იქნებ მოგწერა კიდეც. ბებია მაკრინეს ბევრი ლოცვა-კურთხევა გადაეცი. ვლოცულობთ მისთვის და ვიხსენიებთ.
მაგდალინეს ჯვარზე ვიზრუნებ. ახლა ზამთარია და არა მგონია [შვეძლო]; რომ გამოზაფხულდება, თუ ცოცხლები ვიქნებით, გავუკეთებ, ხოლო თუ მოვკვდი, მამა ეფრემი გაუკეთებს. დოლარები რომ გამოგვიგზავნე, საუკუნოდ მოვიხსენებთ [იმ ადამიანს].
კალამატას23 მონასტრის დებმა ზუსტად გუშინ გამოგზავნეს წერილი. პასუხს მივწერ. მწყურია, მშია, რომ ვინმე ქრისტიანს რამე ვარგო. ამიტომაცაა, რომ ვწერ და ვწერ, ყველგან, ვინც კი გვწერს, ყველას ვპასუხობ.
აქედან ყველა მოგიკითხავს. მოგწერენ.
თუ ამანათს გამოგზავნი, ერთი კარგი კალამიც ჩააყოლე – მელნით რომ ივსება, ისეთი, – რათა მოგწეროთ ხოლმე. აქ ვიყიდე, მაგრამ კარგი არ გამოდგა, მალე ფუჭდება.
შემდეგ ჯერზე მეტს მოგწერ.
მიიღე ბერ არსენის მოკითხვა და ჩემი ამბორი, სავსე იესოს სიყვარულით, თავისი დიდი სიყვარულის მანანად სუნთქვასავით უწყვეტად რომ ეწვიმება ჩემს ბაგეებს.
მდაბალი ბ. იოსები
შენიშვნები
- იხ. საქმე 17,28. ↩
- ბერი ადამიანური სულის სამიდან ორ ძალას გულისხმობს: გულისთქმითი ნიშნავს მოსურვებითს, ნდომითს, ხოლო გულისწყრომითი – რისხვითს, რეაგირებითს. მესამეა გონებრივი, ანუ აზროვნებითი. ↩
- იგავ. 3,12; ებრ. 12,6: „რამეთუ ის, ვინც უფალს უყვარს, მას განსწავლის, ხოლო შოლტით სცემს თითოეულ ძეს, რომელსაც შეიწყნარებს“. ↩
- ეპისტოლეზე თარიღი არ ჩანს. წლებს — 1955 ან 1956 ვვარაუდობთ იქიდან, რომ ბრიენა უკვე ატიკის ქ. სტამატის მონასტერშია, რომელიც ეძღვნება ღმრთისმშობლის ხატ „მირტიდიოტისას“. 1954 წ. 10 მარტის ეპისტოლედან (87) ჩანს, რომ მიძინების სავანიდან უკვე წამოსულია, მაგრამ ადგილსამყოფელი ჯერ არ შეურჩევია. ↩
- წმ. იოსები პირველად აქ აწერს ხელს სიტყვით „ბერი“. ამ სიტყვას თანამედროვე ბერძნულში სამი მნიშვნელობა აქვს: 1) ხანში შესული მონაზონი, 2) დიდი თუ პატარა მონაზვნური კრებულის წინამძღვარი, 3) სულიერი მოძღვარი (როდესაც ორი ადამიანის სულიერ ურთიერთობაზეა ლაპარაკი). ↩
- ქართული სიტვით „მორჩილი“ ორი ბერძნული სიტყვა ითარგმნება, რომლებსაც განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. 1) ადამიანი, რომელიც ცდილობს მონაზონი გახდეს და საცდელი პერიოდით დატოვეს მონასტერში (ბერძ. δόκιμος [μοναχός, μοναχή] გამოსაცდელი); 2) ნებისმიერი მონაზონი, რომელიც თვითონ არ არის მოძღვარი წინამძღვარი, არამედ სხვისდამი სულიერ დაქვემდებარებაში მოღვაწეობს. მოცემულ კონტექსტში პირველი მნიშვნელობა იგულისხმება. ↩
- ეკატერინე მოგვიანებით ქ. ვოლოსის „ოდიგიტრიის“ ხატის მონასტერში (პორტარია) გახდა მონაზონი და სინკლიტიკია დაერქვა (1926-2016). სიცოცხლის უკანასკნელი წლები. სოფ. რაფსანის (ოლიმპოს მთის ძირში) „გლიკოფილუსას“ („ტკბილი ამბორი“) ხატის სავანეში მოღვაწეობდა. ↩
- სიტყვასიტყვით: „საბანაოდ რომ იყავი წასული“. ↩
- მონაზონი, შემდგომში მღვდელმონაზონი პანტელეიმონი (მიტროპულოსი) ამერიკაში ცხოვრობდა. რამდენიმე წელი ათონის წმ. პანტელეიმონის მონასტერში მოღვაწეობდა. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო ბერი იოსები, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ ამერიკაში ყოფნის დროს გაეგო. წმიდა მთა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დატოვა და ისევ აშშ-ში, კერძოდ, ქ. ბოსტონში დასახლდა თავის ნათესავებთან. იქ, ბერის რჩევა-დარიგებით, ცდილობდა მონაზვნური მოღვაწეობა იმ ადამიანთა მოძღვრობასთან შეეთავსებინა, რომლებიც მასთან მიდიოდნენ. ცხოვრების უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში წმიდა იოსებს ხშირი მიმოწერა ჰქონდა მასთან. დიდი ბერის გარდაცვალების შემდეგ კი მ. პანტელეიმონმა მიმოწერა განაგრძო ბერ იოსებთან, შემდგომში ვატოპედელთან, იხ. შესავალი, გვ. 12-13,26. ↩
- წმიდა იოანე რუსი (1690-1730) დაიბადა თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე და პეტრე დიდის ჯარში მსახურობდა. რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1711 წელს, მტრებნა დაატყვევეს და ერთ-ერთ თურქ მხედართმთავარს მიჰყიდეს, რომელიც მცირე აზიაში ცხოვრობდა. მიუხედავად დიდი ზეწოლისა, არ უარყო ქრისტიანობა. მონობაში მკაცრ სულიერ მოღვაწეობას ეწეოდა, თავისი სანიმუშო ყოფაქცევისა და აღსრულებული სასწაულის წყალობით კი ბატონის კეთილგანწყობა დაიმსახურა. გარდაიცვალა ორმოცი წლის ასაკში. მისი უხრწნელი ნეშტი 1924 წ. საბერძნეთში, კუნძულ ევბეას. სოფ. პროკოპოში გადმოაბრძანეს, სადაც დღემდე განისვენებს და უამრავ სასწაულს აღასრულებს. ↩
- მონაზონი გიორგი (ბრანკო ვიტკოვიჩი) სერბი (1920-1972). მის შესახებ იხ. ჩვენი წიგნი „ბერი იოსებ ვატოპედელი“, გვ. 209-211. ↩
- სამასიან სკვნილს გულისხმობს, რაც ჯამში 1800 იესოს ლოცვაა. ↩
- პარაკლიტონი – საღმრთისმსახურებო წიგნი, რომელიც რვავე ხმის ყოველი დღის მსახურებას შეიცავს. ↩
- ოქტოიქი — პარაკლიტონიდან გამოკრებილი საღმრთისმსახურებო წიგნი, რომელიც მხოლოდ კვირადღეების მსახურებას შეიცავს. პარაკლიტონი ბერს იმიტომ არ გამოადგა, რომ ოქტოიქი პარაკლიტონის კვირის მასალას მოიცავს. აქედან ისიც ჩანს, რომ დაყუდებული მამები მხოლოდ კვირადღის მსახურებას კითხულობდნენ წიგნებიდან, დანარჩენ დღეებში კი სკვნილზე ლოცვას აღასრულებდნენ. ↩
- ზატიკი – საღმრთისმსახურებო წიგნი, რომელიც შეიცავს აღდგომიდან სულთმოფენობის წარგზავნამდე საგალობლების ტექსტებს. ↩
- ურანია (ბერძ. ზეციური, ციური) – ქალის სახელი. ↩
- ნავსიკა (ქალის სახელი), შემდგომში მონაზონი ეფრემია (1928-2013) ხსენებულ მონაზონ ეკატერინეს (იხ. ეპისტოლე 93) ხორციელი და იყო. იგი ყველგან თავის დასთან ერთად მოღვაწეობდა. ↩
- შეად. მათ. 11.12. ↩
- ურანია, შემდგომში მონაზონი მართა (1888-1973), წმიდა ნიკოლოზ პლანას (იხ. სქოლიო 3. გვ.20) სულიერი შვილი და ბიოგრაფი იყო. დამარხულია ქ. ვოლოსის პორტარიის მონასტერში. ↩
- იხ. იოან. 13,34; 15,12. ↩
- კატინა – ეკატერინეს ერთ-ერთი კნინობითი ფორმა. ↩
- გულისხმობს ათონის წმ. პანტელეიმონის სახელობის სავანეს. ↩
- კალამატა (ბერძ. Καλαμάτα) – ქალაქი პელოპონესის ნახევარკუნძულის სამხრეთ – დასავლეთ ნაწილში. ↩