ამ თემას სხვა სახელიც შეიძლება დავარქვათ, მაგალითად – ”სულიერი ცხოვრება ერში”. ეს სათაური უფრო ზუსტი იქნებოდა, იმიტომ, რომ ჩემი ღრმა რწმენით, ჩვენს დროში, იესუს ლოცვის გარეშე არ არსებობს სულიერი ცხოვრება. მითუმეტეს, რომ დღეს ჩვენს თანამედროვეებს სულიერი ცხოვრება სხვანაირად ესმით და სულ სხვა დატვირთვა აქვს მათთვის ამ ცნებას. (როგორიცაა მაგალითად, ხელოვნებით ან ფილოსოფიით გატაცება). ზოგი მორწუნისთვის კი, სულიერი ცხოვრება, რაღაც აბსტრაქტულს და წარმოსახვითს წარმოადგენს.
როდესაც ასეთი ადამიანი კითხულობს ძველ მოღვაწეთა ნაშრომებს, მას ჰგონია, რომ წვდება მათი ღვაწლის არსს , ჰგონია, რომ განიცდის რაღაც მსგავსს, რასაც ისინი განიცდიდნენ და ამ მდგომარეობით კმაყოფილდება. მარტივი მაგალითით აგიხსნით ამ ყველაფერს. ჟიულ ვერნის რომანში ”კაპიტანი გრანტის შვილები” არის ერთი საინტერესო პერსონაჟი, მეცნიერ-გეოგრაფი სახელად პაგანელი, რომელიც კაბინეტიდან გაუსვლელად, თავის საწერ მაგიდასთან მჯდარი და მუდამ რუკებში მომზირალი ”მოგზაურობდა”. ხოლო როდესაც ნამდვილ მოგზაურობაში გაემართა სრულიად აებნა თავგზა. ასე ემართებათ იმ ადამიენებს, რომელებიც თავიანთ ოცნებებში ცხოვრობენ და ფიქრობენ, რომ ეს არის სულიერი ცხოვრება.
სულიერი ცხოვრება ნიშნავს ბრძოლას და არა კომფორტსა და სულიერ ნუგეშს, როგორც ამას ზოგი ელოდება. ეს არის სასტიკი ბრძოლა ვნებებთან, საკუთარ მავნე მიდრეკილებებთან და ცოდვასთან. როდესაც ადამიანი აღწევს ამ ბრძოლის არსში, მაშინ უღრმავდება საკუთარ სულიერ შინაგან სამყაროს და ხედავს, რომ იქ, მისთვის უცხო, რაღაც გარკვეული სურვილები და განცდებია. მაშინ აცნობიერებს, რომ ამ ბრძოლაში ბნელი ძალებიც მონაწილეობენ.
ამ ბრძოლაში, ვნებებთან წინააღმდეგობის უკიდურეს დაძაბულობაში ადამიანი პირველ რიგში გამოცდილებით აცნობიერებს ბოროტი ძალის მყოფობას და მეორე მხრივ, განიცდის ზებუნებრივ საღმრთო შემწეობას. ასე გამოცდილებით შეიცნობს, თუ რა არის სულთა სამყარო. ამ სამყაროში შებიჯებისას ადამიანი დემონებთან ბრძოლაში ერთვება და ამავდროულად შეხებაში მოდის სამყაროს შემოქმედ ღმერთთან. ამ ომში ადამიანი უფრო და უფრო მეტად გრძნობს საკუთარ უძლურებას და ზებუნებრივი დახმარების აუცილებლობას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ლოცვის გარდაუვალ საჭიროებას. მასში გამომუშავებას იწყებს სიმდაბლის ისეთი ფორმა, რომელსაც ”საკუთარი თავის მიმართ უნდობლობა” ჰქვია, რომელიც თავის მხრივ ბადებს სხვა სათნოებას – ლოცვას. რა თქმა უნდა, ლოცვისთვის ადამიანს სხვადასხვა სიტყვების გამოყენება შეუძლია, მაგრამ განსაკუთრებით მოსახერხებელი და ძლიერი საშუალება ვნებებთან ბრძოლაში არის იესუს ლოცვა.
იესუს ლოცვით, ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს ყოვლადწმინდა სახელს მოვუხმობთ. როგორც წმინდა წერილში მისსავე სიტყვებში ვკითხულობთ: ”სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდეთ (მკ.16:17). ეს მხოლოდ შეპყობილთაგან ეშმაკის განდევნას კი არ გულისხმობს, არამედ საკუთარ გულში ვნებებზე გამარჯვებას. მან ასევე ბრძანა: ”რაოდენიცა-რაი სთხოოთ მამასა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ” (ინ.16:23). ეს სიტყვები თავისი ვნების წინ გააჟღერა უფალმა თავის მოციქულებთან და შეიძლება ითქვას, რომ ამ სიტყვებით მან აღთქმა დაგვიდო.
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი ბრძნულად მსჯელობს და ამბობს, რომ ქრისტეს სახელით მრავალი დიდი სასწაულის აღმსრულებელ მოციქულებს არ შეეძლოთ მუდამ არ მოეხმოთ მისი წმინდა სახელი, რომელიც მათთვის ყველაზე ტკბილი და სასურველი იყო. ქრისტეს სახელის მიერ მოქმედებდა მათში საღმრთო მადლი და ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ ამ სახელით თავად უფალი უცხადებდა მათ საკუთარ თავს თავის ღვთაებრივ დიდებაში. იყო რა უფალი სრული ღმერთი და სრული კაცი, მან თავისი ადამიანური ბუნება და აქედან გამომდინარე, მისი კაცობრივი სახელიც – ”იესუ” განამდიდრა საღმრთო ბუნების უსაზღვრო საღმრთო დიდებით. აქედან გამომდინარე, უფალ იესუ ქრისტეს სახელის მოხმობით შევიგრძნობთ მის სიდიადეს იმდენად, რამდენადაც წარვემატებით მოშურნეობაში, გულმოდგინებასა და სიმდაბლეში. ეს არის იესუს ლოცვის პირველი და უმთავრესი უპირატესობა.
მეორე უპირატესობა, რომელიც იესუს ლოცვის სიმოკლეში მდგომარეობს, მეორეხარისხოვანი ჩანს პირველთან შედარებით, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ლოცვის დიდი ტექსტის კითხვაც სასარგებლოა, გვიჭირს ყურადღების მოკრება. ამის კარგად გასაგებად უნდა განვასხვაოთ გონების მჭვრეტელობითი თვისება, რომელსაც ლოცვისას ვიყენებთ და გონების განსჯითი თვისება, რომლის დახმარებითაც ვაზროვნებთ, განვიხილავთ სხვადასხვა, თუნდაც სულიერ საგნებს. როდესაც დიდ ტექსტს ვკითხულობთ, ჩვენი გონება ცდილობს, რომ ჩაწვდეს აღმოკითხული სიტყვების აზრს და ამით გვინდა თუ არა, ცოცხალი ღმერთის წინაშე წარდგომაში გვეშლება ხელი. მოკლე იესუს ლოცვა კი პირიქით, მუდამ აბრუნებს გონების ყურადღებას ქრისტეს სახელზე და გვასწავლის უხილავად და სულიერად ღვთის წინაშე წარდგომას.
იესუს ლოცვა გვასწავლის ცოცხალი ღმერთის წინაშე მყოფობას სადაც არ უნდა ვიყოთ, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, რა ამქვეყნიური საზრუნავითაც არ უნდა ვიყოთ დაკავებულნი.
ადამიანის სული ან მუდამ ღმერთთან ურთიერთობს ან დემონებთან. მოკლე იესუს ლოცვა გვეხმარება, რომ ნებისმიერ გარემოებაში შევინარჩუნოთ შინაგანი თავისუფლება, ანუ გვაძლევს ძალას, რომ არ დავემონოთ უწმინდურ და მზაკვარ ზრახვებსა და მუდამ და მუდამ დავუკავშიროთ ჩვენი გონება ქრისტეს.
იესუს ლოცვა მესამე უპირატესობასაც ფლობს თავისი ყოვლისმომცველი შემცველობით. ლოცვის პირველ ნაწილში მოიხსენიება იესუ ქრისტეს სახელი – ”უფალო იესუ ქრისტე”, ხოლო ბოლო ორი სიტყვა -”შემიწყალე მე” მოიცავს მთელ ჩვენს მისწრაფებებს, განცდას, წყურვილსა და სათხოვარს.
რომელი სიტყვაა ”შემიწყალეზე” მეტად შესაფერისი? ჩვენ ვითხოვთ წყალობას, რომელიც თავის თავში ყველაფერს მოიცავს. მაგალითად, თუკი ვხედავთ მშეირ ადამიანს, მისთვის რა იქნება ყველაზე დიდი წყალობა? რათქმაუნდა საჭმელი. შიშველი ადამიანისთის – სამოსელი, დამწუხრებული ადამიანისთვის – ნუგეში. ასე რომ, როდესაც ვითხოვთ წყალობას, ვითხოვთ ყველაფერს, რაც ადამიანს სულიერი კუთხით სჭირდება.
დავფიქრდეთ, თუ რაში მდგომარეობს ის წყალობა, რომელსაც ვითხოვთ. პირველ რიგში, ჩვენ ვთხოვთ უფალს, რომ მოგვანიჭოს მადლი, თავისი საღმრთო შემწეობა და ძალა, რომ აღვასრულოთ მისი მცნებები ანუ, რომ მისი მსგავსების გზაზე დავდგეთ. რა იგულისხმება მცნებებში? ”შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა, ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა” (მკ.12:20) და ”შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი” (მთ.22:39) ”იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს… რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა” (მთ.5:45-48). აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ ძალას, დახმარებას იმაში, რომ მოვიპოვოთ სიყვარული. სწორედ ესაა ის წყალობა, რომელსაც ვითხოვთ.
სიტყვებს ”შემიწყალე მე”, ზოგჯერ ვუმატებთ კიდეც ”ცოდვილი” – რაც იმაში გვეხმარება, რომ მუდამ გვახსოვდეს და განვიცდიდეთ ჩვენს დაცემულობას. გვეხმარება, რომ მოვიპოვოთ მოთმინება და სიკვდილის ხსოვნა და რაც ყველაზე მთავარია – სინანული, რომელიც ყოვლისმომცველი სათნოებაა.
მრავალი ადამიანი არასწორად ფიქრობს, როცა ამბობს, რომ იესუს ლოცვა მონაზვნების საკუთრებაა. ზოგი მონაზონი იმასაც კი ამბობს, რომ იესუს ლოცვა მეუდაბნოე განდეგილებისთვისაა და შეიძლება, ზოგი განდეგილი იმასაც კი ამბობს, რომ ის ძველი წმინდა მამების საქმიანობაა. ასე ყველა ეძებს გამართლებას იმისთვის, რომ არ აიღონ მოუკლებელი ლოცვის უღელი, რაც ქრისტეს უღელია, რომელიც სინამდვილეში მსუბუქი და ტკბილია.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ იესუს ლოცვის გარეშე შეუძლებელია სულიერი ცხოვრება და დიახ, ერში მცხოვრები ადამიანებისთვისაცაა ეს! მეზვერის მდგომარეობაში, სინანულით აღსრულებული იესუს ლოცვა ნებისმიერი ადამიანისთვისაა შესაძლებელი და აუცილებელიც კი. რადგანაც სინანულით უბრუნდება ღმერთს ადამიანი და სინანულის მეშვეობით თავისუფლდება მომაკვდინებელი ცოდვებისგან. როგორ შეიძება ეს ყველაფერი აუკრძალო ადამიანს?
როგორც მონაზვნები, ისე ერში მცხოვრები ქრისტიანებიც უნდა ებძოდნენ ვნებებს. ის, რომ ერის ადამიანები უმეტესად დაოჯახებულნი არიან და აქვთ ვალდებულება, რომ იზრუნონ შემოსავალზე, საერთოდ არ წარმოადგენს დაბრკოლებას იმაში, რომ იესუს ლოცვით დაკავდნენ. არსებობს მხოლოდ ერთი დაბრკოლება, რომელიც ორი სიტყვით გამოიხატება: უწმინდური სინდისი. თუკი ქრისტიანი ცდილობს, რომ მაქსიმალურად სინდისის მიხედვით იცხოვროს, რომ ის არაფერში ამხილებდეს, მაშინ საზოგადოების რა ფენასაც არ უნდა ეკუთვნოდეს მას შეუძლია ღვთის წინაშე კადნიერების მოპოვება.
დაკავებულობა, ან ისეთი სამსახური, რომელიც გონებას იკავებს, ან დროის უქონლობა, დაღლილობა, რაც არ უნდა ჩამოვთვალოთ, არაფერი არ წარმოადგენს იესუს ლოცვის დაბრკოლებას. რასაც არ უნდა აკეთებდეს ხელები, ადამიანი შინაგანად ყოველთვის თავისუფალია და ამიტომაც, მთავარია მონდომება და მოშურნეობა.
რათქმაუნდა, აუცილებელია მოვერგოთ ჩვენს გარემო პირობებსაც. გასაგებია ის, რომ ადამიანი, რომელიც საჭესთან ზის ვერ დახუჭავს თვალებს და ჩაღრმავდება გულში. ის, ვინც კომპიუტერთან დაძაბულ გონებრივ საქმიანობას ეწევა, ისიც ვერ შეძლებს იმ მომენტში საკუთარ თავში ჩაღრმავებას. არც ის შეიძლება, რომ ლოცვის გამო მივატოვოთ აუცილებელი საქმეები. მაგალითად თუკი ოჯახში პატარა ბავშვია, დედა ვერ იტყვის: ”ეხლა ვერ ვაჭმევ, სკვნილზე უნდა ვილოცო”. რათქმაუნდა ეს აბსურდია.
ყველა ქრისტიანმა თავისი მოვალეობა უნდა აღასრულოს, დაემორჩილოს სახელმწიფოს, ადმინისტრაციას და ა.შ. ვინც ყურადღებით კითხულობს ახალ აღთქმას, იცის რომ ასე წერია: ”რამეთუ ღმრთის მსახური არს შენდა კეთილისათჳს. ხოლო უკუეთუ ბოროტსა იქმოდი, გეშინოდენ, რამეთუ არა ცუდად ჴრმალ აბს; რამეთუ ღმრთის მსახურ არს შენდა, რისხვისათჳს შურის მეძიებელ ბოროტის მოქმედთათჳს. ვინაჲცა ჯერ-არს დამორჩილებაჲ არა ხოლო რისხვისათჳს, არამედ გონებისათჳსცა იჭჳსა”. (რომ.13:4-5).
ამრიგად, ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობით, ახლობლებზე და ოჯახზე ზრუნვით, ლოცვას კი არ ვუშლით ხელს, არამედ პირიქით განვაწყობთ საკუთარ სულს იმისთვის, რომ ყურადღებით და გულმოდგინედ ვილოცოთ. ამიტომაც, მთავარი არა გარემო პირობებია, არამედ გულის მდგომარეობა, სწორი მოტივაცია, სუფთა სინდისი და რაც ყველაზე მთავარია სიმდაბლე და ღვთის შეყვარების მცდელობა.
არსებობს შემთხვევებიც, როდესაც სასწრაფო საქმე ჩნდება და ადამიანი იძულებულია შეწყვიტოს ლოცვა. რა ვქნათ ამ დროს? ერთის მხრივ საჭიროა მოქნილობა, ხოლო მეორეს მხრივ – სიმტკიცე. მოქნილობა მდგომარეობს იმაში, რომ მაქსიმალურად მოვერგოთ გარემო პირობებს და თუკი აუცილებლობა გვავალდებულებს, შევამციროთ ან სულაც სხვა დროს გადავდოთ ლოცვითი კანონის აღსრულება. ხოლო სიმტკიცე მდგომარებს იმაში, რომ სხვა დროს, თუკი აუცილებლობა არაა, არ მივატოვოთ ლოცვა, არ გავიმართოლოთ იმით თავი, რომ რაღაც ხელს გვიშლის. მთავარი ისაა, რომ ჩვენ ქრისტეს ვეძებთ და ვცდილობთ, რომ გამოვყოთ რაღაც დრო იმისთვის, რომ იესუს ლოცვის მეშვეობით შევუერთდეთ მას.
იესუს ლოცვა იმითაც მოსახერხებელია, რომ ის ნებისმიერ სიტუაციაში, ყველაზე შეუფერებელ დროსაც კი შეგვიძლია გამოვიყენოთ. რთულია ტრასნპორტში ლოცვანი ამოვიღოთ და ზიარების ლოცვები წავიკითხოთ, ასეთი ლოცვა რათქმაუნდა ფორმალურია. ასეთ დროს ყველაზე მარტივი იესუს ლოცვაა, რომელიც გონების მოკრებაში მეტად გვეხმარება. არაფერი გვიშლის ხელს, მთავარია სურვილი გვქონდეს. მაგალითად, მგზავრობისას ვინმემ უხეშად მოგმართათ, იესუს ლოცვა დაგეხმარებათ, რომ გადალახოთ მრისხანება და გაღიზიანება, რათქმაუნდა, საკუთარ თავზე გარკვეული ძალისხმევის შედეგად. ლოცვა ღმერთთან გვაკავშირებს და ამის მეშვეობით ვიმარჯვებთ იმ ვნებაზე, რომელსაც მრისხანება ჰქვია და რომელიც ასე ხშირად ავლენს თავს ჩვენს ურთიერთობებში.
ლოცვისთვის ერთი შეხედვით არაშესაბამის პირობებშიც კი, მაგალითად ავტომობილის მართვისას შეგვიძლია ხმამაღლა წარმოვთქვათ იესუს ლოცვა, რომლის დახმარებითაც როგორღაც შევძლებთ კონცენტრირებას. შეგიძლია ილოცო მაშინაც, როდესაც რეცხავ, საჭმელს ამზადებ, ან რაიმე ისეთ საქმეს აკეთებ, რომელიც დიდ ყურადღებას არ მოითხოვს. თუკი სერიოზული გონებრივი საქმიანობით ვართ დაკავებულნი, შეგვიძლია რაღაც მომენტში შევისვენოთ, რამდენიმე წუთი ან წამი მაინც წარმოვთქვათ იესუს ლოცვა და უფალი ამას მოუკლებელ ლოცვად მიიღებს.
იმისთვის, რომ შევიძინოთ კეთილი ჩვევა, აუცილებელია რაღაც ”კანონის” არსებობა. ზოგი სკვნილზე რაოდენობის მიხედვით ლოცულობს, ზოგი კი დროს ინიშნავს და ცდილობს, რომ ყურადღებით ჩაღრმავდეს იესუს ლოცვაში. ეს შეიძლება აღსრულდეს დილას ან საღამოს, როდესაც შესაძლებელია. ასევე შეიძლება მოვერგოთ ჩვენს ცვალებად გარემოებებს.
სულიერ ცხოვრებაში დისციპლინას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ ვგეგმავთ ჩვენს დღეს. ამიტომაც აუცილებელია, რომ გამოვიჩინოთ წინდახედულება და ისე მოვაწყოთ ჩვენი დღე, რომ ლოცვისთვისაც დაგვრჩეს დრო. ჩვენ ვპოულობთ დროს საუზმისთვის, სადილისთვის, ვახშმისთვის, მეგობრებთან ურთიერთობისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ლოცვისთვის დროს აღარ ვიტოვებთ. ასე იმიტომ გამოდის, რომ სათანადო მნიშვნელობას არ ვანიჭებთ ლოცვას და ამავდროულად გვაკლია დისციპლინა.
თუკი თანდათანობით მივუყვებით ამ გზას, ჩვენი ადამიანური უძლურებებიდან გამომდინარე, აუცილებლად შევხვდებით სირთულეებს, რომლის გადალახვაშიც იესუს ლოცვა დაგვეხმარება. როდესაც ადამიანი ლოცვაში უკანდაუხევლად შრომობს, საკუთარ თავში მრავალ ნაყოფს იღებს: სულიერ სიმშვიდეს, შინაგან სიმტკიცეს, საკუთარი თავის ფლობას, სიმდაბლეს და მოთმინებას.
იესუს ლოცვა ადამიანს მოჭიმულობას ასწავლის. ათავისუფლებს ვნებების ტყვეობისგან და აძლევს შესაძლებლობას ყველაფერს, ცხოვრებისეულ საგნებსაც კი ჯანსაღად და ფხიზლად შეხედოს. ასწავლის მოთმინებას. განა მოთმინება ნაკლებად მნიშვნელოვანია? განა მოთმინების გარეშე შესაძლებელია რაიმეს მიღწევა? და ასევე, მოაქვს სიმდაბლე. რამდენ ტკივილს გვაყენებს სიამაყე! რამდენად ხშირად გვიშლის ხელს მრისხანება მიზნების მიღწევაში.
ყველაზე მთავარი ისაა, რომ იესუს ლოცვა გვეხმარება იმაში, რომ სახარებისეულად ვიცხოვროთ, რადგანაც ზეგარდამო შეწევნის გარეშე, შეუძლებელია სახარებისეული მცნებების აღსრულება. ამიტომაც, დიახაც შეიძლება და აუცილებელიცაა ერის ადამიანისთვის იესუს ლოცვა. არაფერია დამაბრკოლებელი გარდა ჩვენი სიზარმაცისა და სურვილის არქონისა.
დიდი მარხვის მეორე კვირაში მართლმადიდებლობის დამცველის, უდიდესი წმინდანისა და მოღვაწის, იესუს ლოცვის მუშაკის წმინდა გრიგოლ პალამას ხსენებას ვდღესასწაულობთ. მისი მამა, კონსტანტინე, რომელიც ბიზანტიის იმპერიის სენატორი იყო, რამდენიმე შვილი ჰყავდა და ერში მრავალი საზრუნავით ცხოვრობდა იესუს ლოცვაში ვარჯიშობდა. ის იმდენად ეფლობოდა ლოცვაში, რომ სამთავრობო სხდომისას ზოგჯერ არც კი ესმოდა, თუ როგორ მიმართავდა მას იმპერატორი. მთავრობაში ისეთი ხალხიც იყო, რომლებსაც შურდათ კონსტანტინესი და ცდილობდნენ, რომ იმპერატორი მის წინააღმდეგ განეწყოთ და უთხრეს ”შეხედე ბატონო, არც კი გისმენს!”. მეფემ კი, რომელსაც ის ძალიან უყვარდა და თავადაც წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდა, უპასუხა:”დაანებეთ თავი, მას ჩვენზე გაცილებით უკეთესი თანამოსაუბრე ჰყავს”. რათქმაუნდა ეს ”სხვა თანამოსაუბრე” – უფალი იესუ ქრისტეა.
ამრიგად, ერში მცხოვრები მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირიც კი შეიძლება წარემატოს იესუს ლოცვაში. XIV საუკუნეში ბიზანტია მტრებით იყო გარშემორტყმული და საკმაოდ რთული ცხოვრება იყო მაშინ. კონსტანტინეს ესმოდა, რომ ბედნიერება და გამოსავალი მხოლოდ უფალ იესუ ქრისტეშია და შეძლო, რომ სამეფო კარზე ასე წარმატებულიყო ლოცვაში.
IX საუკუნეში მცხოვრები ფოტი პატრიარქი წარმოგიდგენიათ ტვირთად რამხელა პასუხისმგებლობასა და საზრუნავებს ატარებდა? მაგრამ ამან არ შეუშალა მას ხელი და მოუკლებელი ლოცვის ნიჭი მოიხვეჭა.
პატრიარქ ფოტის კითხვა ძალიან უყვარდა და არამხოლიდ წმინდა მამათა ლიტერატურას კითხულობდა, არამედ საეროსაც. მან დაწერა ნაშრომი, რომელსაც უწოდა ”ბიბლიოთეკა”, სადაც აღწერს მის მიერ წაკითხულ წიგნებსა და მათგან მიღებულ შთაბეჭდილებებს. ეს ნაშრომი გახლავთ იმდროინდელი ლიტერატურის ერთგვარი ენციკლოპედია. მის მიერ აღწერილ წიგნთაგან რამდენიმემ არც კი მოაღწია ჩვენამდე და მხოლოდ ”ბიბლიოთეკიდან” ვიცით მათი არსებობის შესახებ. როდესაც ის უსამართლოდ გადააყენეს პატრიარქობიდან და ტყვეობაში იმყოფებოდა, წუხდა არა იმაზე, რომ უსამართლოდ მოექცნენ, დაამცირეს და ა.შ, არამედ იმაზე, რომ კითხვის საშუალება აღარ ეძლეოდა. ასე უყვარდა მას კითხვა! ამანაც კი არ შეუშალა მას ხელი, რომ მოუკლებელი ლოცვა მოეპოვებინა.
ერთი ათონელი მღვდელმონაზონი ერთ სოფელთან ახლოს მდებარე მონასტერში განამწესეს. ის ქადაგებდა, რომ იესუს ლოცვა ყველა ქრისტიანის საქმეა. ერთხელ მასთან ერთი გლეხი მივიდა და უთხრა: ”აი ვლოცულობ…” და მოუყვა, რომ მის გულში მოუკლებელი იესუს ლოცვა ამოქმედდა. ესაუბრა ისეთი სულიერი გამოცდილების შესახებ, რომელიც მხოლოდ მონაზონთა საკუთრებად მიიჩნეოდა. მღვდელმონაზონი განცვიფრდა, რომ მისმა მოკლე, მარტივმა ქადაგებამ ასე ჩანერგა მოშურნეობა ერთ უბრალო გლეხში და როგორც წმ. წერილში ვკითხულობთ: ”არა არს თვალღება ღმრთისა თანა” (საქმე.10:34) და რომ ამ ადამიანმა ისეთი მადლი მიიღო, ისეთი სრულყოფილება მოიპოვა იესუს ლოცვაში, როგორიც ათონზეც კი იშვიათი იყო. ეს ადამიანი ალბათ დაოჯახებულიც იყო, ექნებოდა მრავალი საქმე, მაგრამ ჰქონდა ლოცვისთვის ყველაზე მთავარი – სუფთა სინდისი და სწორი მოტივაცია.
კიდევ მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, როგორც ძველი, ისე თანამედროვე ადამიანების ცხოვრებიდან, რომლებიც არც მონაზვნები იყვნენ, არც განდეგილები. ცხოვრობდნენ მოღვაწეობისთვის სრულიად უცხო პირობებში ოჯახთან ერთად და წარემატნენ იესუს ლოცვაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაწმინდა სინდისის გარდა ვერაფერი შეუშლის ხელს ადამიანს ლოცვაში.
ჩვენ მონაზვნები ლოცვისთვის ბევრად დამხმარე პირობებში ვცხოვრობთ და აქედან გამომდინარე მეტი პასუხისმგებლობაც გვკისრია, რადგან მეტი დრო და პირობა გვაქვს გონიერი ლოცვისთვის. არც ერის ადამიანებმა უნდა მოიმიზეზონ გარემოებები, რადგანაც ქრისტეს მცნებები ყველასთვისაა. როგორ აღვასრულოთ მცნებები ღვთის დახმარების გარეშე? თავად იესუს ლოცვაც მცნებაა და რატომ უარვყოფთ მას?
წყარო: https://pravoslavie.ru/