ჩემო შვილო, თუ ყურადღებით მოისმენ იმას, რასაც გწერ და აიძულებ თავს, დიდ სარგებელს მიიღებ. ყველაფერი იმიტომ გემართება, რომ თავს არ აიძულებ ილოცო. ასე რომ, აიძულე თავი, განუწყვეტლივ იმეორე იესუს ლოცვა, ამგვარად მიეჩვევი და მერე გონებაც მიიღებს მას. გამუდმებით ადევნე თვალყური შენს გულისსიტყვებს, რომ არ მოეშვა და არ შეიბილწო მათგან.
იესუს ლოცვაში მუდმივი თავის იძულება გჭირდება და ნახავ როგორ მადლს მიიღებ. გიყვარდეს ქრისტე, განუწყვეტლივ მოუხმე მის სახელს, იმეორე ლოცვა და ის განგანათლებს ქრისტეს გზაზე. გაფრთხილდი, არ განიკითხო, რადგან ამის გამო ღვთის დაშვებით მადლი გშორდება და უფალიც გტოვებს, რომ დაეცე, დამდაბლდე და საკუთარი შეცდომები დაინახო.
როცა მადლი მოდის, ადამიანი სულიერი ხდება. ყველაფერში სიკეთესა და მშვენიერებას ხედავს. მაშინ მას ყველა უყვარს, ლმობიერია, ცრემლიც აქვს და გამთბარი სულიც. მაგრამ როცა ჩვენს გამოსაცდელად მადლი გვშორდება, მაშინ ყველაფერი მიწიერი ხდება და სული ეცემა. ოღონდ ამ დროს ნუ დაკარგავ მონდომებას, არამედ აიძულე თავი და გამუდმებით იმეორე ლოცვა ძალდატანებით და დიდი ტკივილით: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”.