2

შეუძლებელია ქრისტეში სიცოცხლე ლოცვის გარეშე

არქიმანდრიტი ემილიანე ვაფიდისი

რა შეგვიძლია ვთქვათ საყვარელნო გონიერ ლოცვაზე? დღეს, მადლობა უფალს მრავალი საუბრობს მასზე, გამოსცემენ წიგნებს, დიდი და პატარა, ერისკაცი თუ მონაზონი ცდილობს იესუს ლოცვის დაუფლებას და მისი საშუალებით სულის გადარჩენას.

ერთ-ერთი მოციქულთა სწორი მამა – ერმა ამბობს, რომ ჩვენს გულსა და გონებაში მუდამ უნდა იყოს ქრისტეს სახელი, რომ უნდა შევიმოსოთ ქრისტეს სახელი და არასოდეს განვიშოროთ. ამრიგად, გონიერი ლოცვის მთავარი წინაპირობა იმის რწმენაა, რომ ეს მხოლოდ გარეგნული ლოცვა კი არა, არამედ ღმერთთან ჭეშმარიტი ურთიერთობაა და წინდი განღმრთობისა, რომელიც ჩვენში საღმრთო ენერგიების მოქმედებით აღესრულება, რითიც ჩვენ, ცოდვილები ქრისტეს ვუკავშირდებით.

არავინ უარყოფს იმას, რომ ლოცვა ადამიანის სულის პირველადი და აუცილებელი მოთხოვნილებაა. სიცოცხლის ხეა, რომელიც კვებავს ადამიანს და უხრწნელებას ანიჭებს. ლოცვით ჩვენ უკვდავ და უხრწნელ ღმერთს ვეზიარებით. როგორც არ არსებობს ადამიანი სულის გარეშე, ასევე შეუძლებელია ქრისტეში სიცოცხლე ლოცვის გარეშე.

გონიერი ლოცვა ანგელოზთა მხედრობის მოუკლებელი, უწყვეტი საქმიანობაა. ის არის პური, სიცოცხლე, ღმერთთან საურთიერთობო ‘’ენა’’ და მისადმი სიყვარულის გამოხატულების საშუალება. ასევე ის ადამიანები, რომლებსაც ანგელოზებრივი ცხოვრების წესი აქვთ, გონიერი ლოცვის მეშვეობით საკუთარ გულებში ქრისტესადმი სიყვარულის ცეცხლს აღანთებენ.

სულიდან ამოძახილი სიტყვით: ‘’უფალო’’ ვადიდებთ მის სიდიადეს, როგორც მეფისა და სამყაროს შემოქმედისა, რომლის წინაშეც ძრწიან სერაფიმები და ქერუბიმები. უტკბესი მიმართვით: ‘’იესუ’’ – ვამოწმებთ იმას, რომ ქრისტე ჩვენი მხსნელია და ვმადლობთ იმისთვის, რომ მარადიული სიცოცხლე მოგვანიჭა. სიტყვით: ‘’ქრისტე’’ – ვაღიარებთ, რომ ის ძე ღმერთია – მამის თანაარსი.
შემდეგ მდაბალი, შემუსვრილი გულიდან ამოძახილით: ‘’შემიწყალე მე’’ – ჩვენ ვთხოვთ მას, რომ შეგვიწყალოს, ჩვენი გულის წყურვილი აღავსოს. რამხელა სიღრმეა სიტყვაში – ‘’მე’’ ! რადგანაც ამ სიტყვაში მხოლოდ მე კი არ ვიგულისხმები, არამედ ყველა სასუფევლის მოქალაქე, ყველა ქრისტიანი, რადგანაც ჩვენ ქრისტეს სხეულის ნაწილები ვართ.