მონაზონ სილუანას მოგონებები ღირსი სოფრონ ესექსელის (სახაროვი) შესახებ
იმ დროს დამპატიჟეს ესექსის მონასტერში, როცა უკიდურესად დაღლილი ვიყავი. წავედი, თუმცა არ ვიცოდი, რომ იქ რაიმე განსაკუთრებული მელოდებოდა. ვფიქრობდი: “უბრალოდ წავალ და დავისვენებ-მეთქი”. ეს იყო 1988 წელს. ჩემი მამა სოფრონთან შეხვედრა არა ამქყვეყნიური ძალისხმევით, არამედ ღვთის ნებით, წინასწარ იყო განსაზღვრული. იმასაც კი ვერ ვიფიქრებდი, რომ მონასტერში მოძღვარს შევხვდებოდი და მასთან საუბრიდან ორი წუთის შემდეგ იგი ჩემი ცხოვრების ნომერ პირველი ადამიანი გახდებოდა.
მამა სოფრონი დიდებული პიროვნება იყო და მისი პიროვნული ბრწყინვალება ყველა გარშემო მყოფზე ბუნებრივ ზეგავლენას ახდენდა. თუ მონასტერში ერთხელ მაინც აღმოჩნდებოდი, დაინახავდი, რომ იგი სულიერად გოლიათი ადამიანი იყო, მაგრამ ხალხი, რომელიც მუდამ მასთან ახლოს ცხოვრობდა, მაინც მის ტოლად მიიჩნევდა თავს. მას არაჩვეულებრივი დემოკრატიულობა (ამ სიტყვის კარგი გაგებით) ახასიათებდა და ხშირად ამბობდა: “მე არ ვარ მოძღვარი, მე თქვენი ძმა ვარ”. შეიძლება ითქვას ამგვარადაც მოქმედებდა. იგი ყველას თავისზე მაღლა აყენებდა, ყოველ ადამიანში ქრისტეს ხედავდა და თითოეულ მათგანს საოცრად დიდ პატივს მიაგებდა. მასთან ურთიერთობისას ყველაფერი ისე დიდებულად ხდებოდა, რომ სხვა ყველანაირი წვრილმანი აზრს კარგავდა. როგორც უკვე აღვნიშნე, ის ყოველ ადამიანში ჭეშმარიტად ქრისტეს ხედავდა და ასე ასწავლიდა თავის მონაზვნებსაც: “ადამიანს, თუნდაც ის ჩვენთან მხოლოდ საპნის საყიდლად მოვიდეს, ისე უნდა შევხვდეთ, როგორც ქრისტეს”.
მას შემდეგ, რაც მამა სოფრონი ჩემი მოძღვარი გახდა მონასტერში უფრო ხშირად ჩავდიოდი. ვწერდი წერილებს, ვურეკავდი და მისი მესენაკე – მამა სერაფიმეს მეშვეობით ვღებულობდი პასუხებს. მამა სოფრონის ღვთისმეტყველების მთავარი სწავლება, რომელსაც პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა, ასე ჟღერდა: “თუკი ვნებები გეუფლებათ, გადალახეთ ეს, როგორც ზოგადსაკაცობრიო ტკივილი და თქვით: „უფალო, შენ ხედავ, რა მდგომარეობაშიც ვართ ( არა “მე”, არამედ “ჩვენ”) და ყველას შეგვეწიე!”. მამა სოფრონი გულმოდგინედ იღვწოდა და მუდმივად ცდილობდა, თავისი გამოცდილება სხვა ადამიანისთვის გაეზიარებინა. ცხოვრებაში ბევრი თავის თავში ჩაკეტილი მონაზონი მინახავს, რომელთაც საკუთარი გზის გახსნის ეშინოდათ, მაგრამ მამა სოფრონი ასე არ იყო. ის გვაფრთხილებდა: “ჩაკეტილობა იმის ნიშანია, რომ ჩვენ მუდამ შეცდომის გვეშინია და ამ განწყობით სულიწმიდის მადლს ვკარგავთ. ამიტომ, სჯობს, შეცდომა დავუშვათ, ვიდრე მადლი დავკარგოთ”.
ჩემს მონასტერში იღუმენ თეოდოსისგან ლოცვა-კურთხევა ავიღე, რათა მამა სოფრონის მიერ მონაზვნად აღვკვეცილიყავი. ამ დროს ის უკვე ჩემი მოძღვარი გახლდათ. 1990 წელს ესექსში მონაზვნად აღვიკვეცე და წმიდა სილუანის ლოცვით, მისი სახელი მიწოდეს. იქ უდიდესი პრივილეგიით ვსარგებლობდი – მონასტერში სულ რაღაც ორი კვირის მისული ვიყავი და შემეძლო თითქმის ყოველდღე მესაუბრა მამა სოფრონთან. ჩემთვის რთულია ამ ხანგრძლივი საუბრების გონებაში ზუსტად გაცოცხლება, მაგრამ მთავარ სათქმელს ვიტყვი: მას ხშირად უყვარდა წმიდა სილუანთან შეხვედრის მომენტის გახსენება. იგი მუდამ დაწვრილებით უბრუნდებოდა ამ ამბავს. ყოველთვის როცა მასთან მივდიოდი, ამის შესახებ ყვებოდა და ამით წმინდა სილუანისადმი თავის სიყვარულს ამჟღავნებდა. როდესაც მასთან შევდიოდი, მიუხედავად იმისა, რომ კითხვებს წინასწარ ვაგროვებდი, ყველაფერი მავიწყდებოდა და თავისით ქრებოდა.
მამა სოფრონი გასაოცარი სიყვარულის მქონდე ადამიანი იყო. ვიცოდი, რომ რაც არ უნდა გამეკეთებინა და როგორც არ უნდა მოვქცეულიყავი, მას მაინც ვეყვარებოდი და ამის შეცვლა არავის შეეძლო. მას ყოველთვის ყველა უყვარდა. მგონია, ვინც კი მამა სოფრონს იცნობდა, ფიქრობდა, რომ მოძღვარს მასთან გამორჩეულად განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ამგვარი იყო მისი სიყვარულის საზომი – “ყველასთვის ყველა გავხდი”.
ჩემთვის რთულია მამა სოფრონზე საუბარი, რადგან იგი უსაზღვროა და სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. მრავალფეროვანი ადამიანი და, ვფიქრობ, XX-ის დასაწყისის რუსული ინტელიგენციის უდაო წარმომადგენელიც გახლდათ. მისი სიარულის მანერა, ხმის ინტონაცია, გამონათქვამები – მახსენებდნენ ჩემს ბაბუას, რომელიც ნამდვილი ინტელიგენტი იყო.
საღმრთო ლიტურგიისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა, წირვა მისთვის სამყაროს ცენტრს წარმოადგენდა. სხვაგან არსად და არასდროს არ დავსწრებივარ იმგვარ ლიტურგიას, როგორც ესექსში. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ზეცაში იმყოფებოდი. მსახურებაში ყველა მონაწილეობდა და მლოცველების საერთო დუმილით იფიქრებდით, რომ თითქოს მთელი სამყარო გარინდებულიყო, ასეთი განცდა იქამდე არსად მქონია.
კიდევ აღსანიშნავია ის, რომ მამა სოფრონი ძალიან მხიარული ადამიანი იყო. როდესაც მონასტერში მეორედ მივედი, ცოტათი შებოჭილი ვიყავი, უეცრად ის მომიახლოვდა და ყურში ერთი სახალისო სიმღერის ტექსტი ჩამჩურჩულა. ამის შემდეგ ყველანაირი უხერხულობა და შებოჭილობა მომშორდა. ის ხშირად ხუმრობდა და თანაც მოულოდნელად. აი, მაგალითად, როდესაც გაიგებდა, რომ რომელიმე ადამიანი მას არ ღებულობდა და მის მიმართ ბრალდებებს გამოთქვამდა, ამგვარად პასუხობდა: ” ვერ აღვწერ რამდენად ბედნიერი ვარ, რომ მტრები გვყავს. ასე რომ არ ყოფილიყო, აქ უფრო მეტი ხალხი ჩამოვიდოდა და ყველანი გარდავიცვლებოდით. ისინი ვერც კი ხვდებიან, თუ რამხელა სიკეთეს გვიკეთებენ”. ამასთანავე არავის არასდროს ამტყუნებდა, არამედ ამბობდა: “ადამიანი – ცვალებადი ცხოველია”. მაშასადამე, დღეს შეიძლება ვინმეზე ცუდი თქვას, ხვალ კი შეიყვაროს ან პირიქით. მოძღვარმა იცოდა, რომ ადამიანი ცვალებადია და შინაგანი განვითარების შანსი ყოველთვის უნდა მივცეთ მას. ჩვენ კი მუდამ იარლიყს ვაკერებთ ადამიანებს და ვამბობთ: ის ასეთი და ისეთია. ის კი ორი წუთის შემდეგ უკვე სხვანაირია. და, აი, აქედან იწყება განკითხვა.
მამა სოფრონი მუდამ თავის სულიერ სიმაღლეზე იყო. მან თითქოს გული იმისთვის განიწმინდა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს დახმარებოდა. ეს გახსნილობა მრავალი წლის ცრემლიანი სინანულის შედეგი გახლდათ, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ის ძალიან ფაქიზი ადამიანი იყო. არა, მას მხოლოდ თავისი არსებობით შეეძლო, რომ სხვა მთლიანად, სიღრმისეულად შეეცვალა. ის განსაკუთრებულად ფრთხილი იყო და არ ჰქონდა ისეთი გამომეტყველება, რომელიც გაფიქრებინებდათ, რომ თქვენს შინაგან სამყაროს ხედავდა. მისი გამოხედვა საკმაოდ უბრალო იყო და უხეშად არავის უძვრებოდა სულში (მიუხედავად იმისა, რომ შეხედვისთანავე ხედავდა ადამიანის შინაგან სამყაროს); ეს იყო მშვიდი გამოხედვა, რომელშიც არ იყო არანაირი “ტელეპატიურობა”. რაც არ უნდა გაეკეთებინა, რაც არ უნდა ეთქვა – ყველაფერი მისი სიდიადის ანარეკლს ატარებდა. ძალიან კარგი მოსმენა შეეძლო და როდესაც ვინმე საუბრობდა ან მის კითხვას პასუხობდა, ის მუდამ ყურადღებით უსმენდა და საკმაოდ კონკრეტულ პასუხს სცემდა: თუ არ მოსწონდა ის, რასაც შენ ამბობდი, პირდაპირ გეუბნებოდა, რომ არ გეთანხმებოდა, ხოლო თუ მოსწონდა, მზად იყო საუბარი გაება. ამასთან ერთად, ნამდვილად არ გაგიჩნდებოდათ იმის შეგრძნება, რომ მამა სოფრონი ვინმეს ჭკუას ასწავლიდა, მაგრამ იყო კატეგორიულიც, როდესაც რამეს არ ეთანხმებოდა.
ერთხელ, ერთი ქალბატონის მიერ საფრანგეთიდან გამოგზავნილი წერილი მივუტანე, იგი ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ღრმა დეპრესიაში იყო. მან ძალიან კარგად მიმიღო, მაგრამ შემდგომ როდესაც ქალბატონ N-გან გამოგზავნილი წერილის შესახებ ვუთხარი, მითხრა: “მე ამის წაკითხვა არ მინდა”. საშინელ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, ვფიქრობდი – ახლა რა უნდა ვქნა-მეთქი? მასთან შემდეგი შეხვედრის დროსაც გავახსენე წერილი, მაგრამ მან ძალიან მკაცრად მითხრა: “მე უკვე ვთქვი, რომ ამ წერილის წაკითხვა არ მსურს!”. მაშინ დავუწყე ვედრება: “ის სულიერად ძალიან მძიმედაა, თუ ვეტყვი, რომ წერილი არ წაგიკითხავთ, მაშინ რა მოხდება?“- “კარგი, მომეცი”. აიღო ეს წერილი, წაიკითხა და თქვა: “დაიმახსოვრეთ, ხალხი მწერს წერილებს და სხვადასვა საკითხებზე მეკითხება, მეც ვაძლევ რჩევებს, მაგრამ შემდგომ ისინი ჩემს რჩევებს საერთოდ არ ითვალისწინებენ, მე კი პასუხს ვაგებ ამაზე. გადაეცი მას ამგვარად: ჩვენი ტანჯვა არ უნდა აღვიქვათ როგორც საკუთრივ ჩვენეულად, არამედ უფრო ფართოდ შევხედოთ და ზოგადსაკაცობრიო ტანჯვის ნაწილად აღვიქვათ. ეგოიზმში არ უნდა ჩავიკეტოთ და ვიწუწუნოთ: “მე საცოდავი, როგორ ვიტანჯები!”, ხოლო თუ უფრო ფართოდ შევხედავთ, დავინახავთ რომ აქვე, კედლის მიღმა ვიღაც უფრო მეტად იტანჯება. და ჩვენი ტკივილი – მხოლოდ მთელი კაცობრიობის ტანჯვის ნაწილია”. შემდგომ მან კონკრეტულად თქვა: “ასე და ასე გააკეთოს, თუ ჩემგან რჩევას ითხოვს, ხოლო შემდეგ კი თვითონ გადაწყვიტოს”. მამა სოფრონი ყველა სიტყვა გადავეცი იმ ქალბატონს, რამაც მასში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია და თქვა: “ეს ზუსტად ის სიტყვებია, რომლის მოსმენაც ასე მჭირდებოდა!” და თქვენ წარმოიდგინეთ, მაინც არაფერი გააკეთა!
უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ერთია წიგნის წაკითხვა და მეორე პირადი წერილები, რომელსაც მოძღვარი კონკრეტულ ადამიანს წერს. მამა სოფრონი რასაც ერთს ურჩევდა, არ შეიძლება იგივე რჩევა სხვა ადამიანსაც შეუსაბამო და თქვა: ” აი, მამა სოფრონი ასე გვირჩევს”. ეს მან კონკრეტულად იმ ადამიანს უთხრა და ზოგად წესად არ დაუსახავს. ერთხელ გულისტკივილით მითხრა: “ვიღაცას სურს, რომ გამოსცეს ჩემი წერილები, რომლებიც ერთ ქალს მივწერე. მაგრამ ის გაუწონასწორებელი ადამიანი იყო და ჩემი რჩევები მხოლოდ მას ეხება და მაინც ვინმე წაიკითხავს და იტყვის: “აი, მამა სოფრონი ამბობს, რომ ასე უნდა მოვიქცეთ”. ძალიან გულნატკენი რჩებოდა ხოლმე იმის გამო, რომ მის კონკრეტულ რჩევებს ზოგად რჩევებს მიაკუთვნებდნენ ხოლმე.
სულ სხვა საქმეა “საუბრები”, რომელიც ყველასთვის იყო განკუთვნილი. მადლობა ღმერთს, რომ ის გამოცემულია. მამა სოფრონის მთავარი მოწოდება იყო წმიდა სილუან ათონელისადმი თქმული ქრისტეს სიტყვები: “ამყოფე შენი თავი ჯოჯოხეთში და იმედი არ დაკარგო!”, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ყოველი ადამიანი ამ სიტყვას თავისი საზომით ზომავს და თითოეულის გულის ნიადაგზე განსხვავებულად ეფინება, რადგან ჩვენ, ყველანი, სხვადასხვა სულიერ დონეზე ვიმყოფებით.
მამა სოფრონის გარდაცვალების შემდეგ ესექსში ჩამოვედი, რათა მისი საფლავისთვის თაყვანი მეცა. ერთი კვირა გავჩერდი და მის საფლავთან ვლოცულობდი. ბოლო დღეს გამოსამშვიდობებლად მივედი და მისგან კურთხევა გამოვითხოვე.
წყარო: “ბერი სოფრონი – წმინდა სილუან ათონელის მოწაფე”. ავტორი ლ.ა.ილიუნინი (სანქტ-პეტერბურგი, 2011)