arizona 10

წმინდა ანტონი დიდის სახელობის მონასტერი სონორას უდაბნოში (არიზონის შტატი, აშშ) (ნაწილი 3)

ბერდიაკონი ნიკონი(გოროხოვი)

ღვთისმსახურების შესახებ

საკვირაო მსახურება რუსეთში ჩვეულებრივ შაბათ საღამოს იწყება ხოლმე. აქ, ღამის პირველ საათზე იწყება და კვირის შუაღამიანს, ცისკარსა და ლიტურგიას აერთიანებს. მსახურებაზე დიდი რაოდენობით სტიქაროსნები და ტროპარები იგალობება და ამიტომაც, ის საათზე მეტ ხანს გრძელდება. კვირის ღამისთევის მსახურებაზე აუცილებლად იგალობება ყოვლადწმიდა სამების კანონი ორ კლიროსზე. აღსანიშნავია, რომ აქ იშვიათად გალობენ და ისიც მხოლოდ განსაკუთრებული და სადღესასწაულო საგალობლები იგალობება ერთობლივად. მსახურებაზე უაღრესად ღრმა ლოცვითი განწყობაა და ამავდროულად, ის საკმაოდ მელოდიურიცაა. მკითხველ-მგალობლებს ყველაზე კარგი და მშვენიერი ხმები აქვთ, რომელთაგან განსაკუთრებით ახალგაზრდა მღვდელმონაზონი ეფრემ უმცროსი, მამა ეფრემის მესენაკე და მთავარი რეგენტი, გამოირჩევა. ტაძარში ელექტროობა არ არის და თითქმის ჩაბნელებულია. მკითხველები და მგალობლები დგანან სპეციალურ, მაღალ, მრგვალ ტუმბოებთან, რომლებზეც საღვთისმსახურო წიგნებს აწყობენ. ის სპეციალური განათებითაა განათებული და მისი სინათლე მხოლოდ წიგნებს ანათებს. აქ ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ სხვას ლოცვაში ხელი არ შეეშლოს.

მრავალი საგალობელი, რომლებიც ჩვენთან საზეიმოდ იგალობება, აქ მხოლოდ იკითხება. მაგალითად, “და ღირს მყვენ’’, “მრწამსი’’, “მამაო ჩვენო’’, მათ მონასტრის საპატიო სტუმრებს ან მღვდელმსახურებს აკითხებენ. შეიძლება სულაც მამა ეფრემმა ან მამა პაისიმ წაიკითხოს. შუაღამიან განსატევებლის მერე იწყება ცისკარი (ასამაღლებელი, ორი ფსალმუნი, კვერექსი, ექვსფსალმუნება და დიდი კვერექსი), შემდეგ ტაძრის შუაში კანონარქი დგება და იწყებს: “თეოს კირიოს’’ ანუ “ღმერთი უფალი’’, რომელსაც კლიროსზე ოთხჯერ იმეორებენ და მუხლებს ურთავენ. ჩვენთან ამას დიაკონი აკეთებს. შემდეგ დღის ტროპარებს კითხულობენ, რომლებსაც სვინანქსარი მოჰყვება. სტიქოლოგიებს აქ ტოვებენ და პირდაპირ გალობებზე გადადიან. ასე 15-20 წუთში უკვე “უპატიოსნესა ქერუბიმთასას’’ გალობენ. კვერექსსა და განსატევებელს ესევე ლიტურგია მოჰყვება. გალობების დროს მწირველი მღვდელი და დიაკონი შესვლის (საკურთხეველში შესვლის ლოცვები, რომელიც ლიტურგიის წინ იკითხება) ლოცვებს აღავლენენ, ამ დროს მთელი საძმო საკურთხეველში ერთად იკრიბება და ცოცხლებსა და მიცვალებულებს იხსენიებს. ამიტომაც, წირვის დროს მოსახსენებლები არ იკითხება.

arizona 9

ჟამნები, რომელიც ჩვენთან ლიტურგიის წინ იკითხება, აქ გამოტოვებულია. როდესაც აღსავლის კარი იღება, ყველა დგება სტასიდიდან და მთავარ ასამაღლებელს თავმოდრეკილნი ელოდება. შემდეგ წირვა იწყება. ევქარისტიული კანონის დროს, მთავარი წიგნის მკითხველი საოცარი ლმობიერებით გალობს – “შენ გიგალობ’’, ამ დროს ყველა მუხლმოდრეკილი, უდიდესი კრძალვით ლოცულობს. მსახურობის დროს არავინ იბარებს აღსარებებს, ამისთვის დღის განმავლობაში ცალკე დროა გამოყოფილი, (ყოველდღე 12:00-დან 14:00-მდე აღსარებებს მამა ეფრემი და მამა პაისი იღებენ) საძმოში ყველა კვირაში მინიმუმ 4-ჯერ (სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას) ეზიარება. ზიარების წინ აღსარება არ არის აუცილებელი და სავალდებულია, მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ, ვისაც როგორ სჭირდება, ზოგი უფრო ხშირად მიდის, ზოგიც ყოველდღიურად. ზიარების შემდეგ არც სიტკბოებას და არც ნაკურთხ წყალს არ აყოლებენ, არამედ მხოლოდ ტარიგის სეფისკვერის ნაწილს იღებენ.

კვირაობით, ლიტურგიის შემდეგ, სადღესასწაულო ტრაპეზი იმართება, იგი ყოველთვის მსახურების გაგრძელებაა და ამ დროს მთელი საძმო, სტუმრებთან ერთად, საზეიმო პროცესიით, კმევითა და ზარების რეკვის თანხლებით, ერთობლივად შედიან სატრაპეზოში. კვირაობით ტრაპეზიც უფრო ნოყიერი და სადღესასწაულოა. სატრაპეზოდანაც მოწესრიგებულად და მწყობრში გამოდიან. დაახლოებით ხუთი საათისთვის ყველა დასასვენებლად მიდის. კვირაობით, როგორც წესი, მხოლოდ ტრაპეზარები და ის ძმები მუშაობენ, რომლებიც მომლოცველებს იღებენ. კვირა დღეს, ძირითადად, ისვენებენ და დროს განმარტოებით ლოცვასა და კითხვაში ატარებენ. საღამოობით წმინდა ნაწილებს გამოაბრძანებენ ხოლმე და მწუხრის მსახურებას აღასრულებენ, მას შემდეგ დაუჯდომლის კითხვა მოსდევს. სავანეში ინახება წმინდა იოსებ ისიქასტის თავის ქალა, რომელსაც ყოველდღიურად 14:00-დან 15:00 საათამდე მონასტრის მთავარ ტაძარში ასვენებენ და ყველას აქვს მასთან მიახლების საშუალება.

ლოცვითი კანონი

მამა ეფრემის მიერ დაარსებული ყველა მონასტრის ცხოვრება დაფუძნებულია შინაგანად სიღრმისეული “იესუს ლოცვის” ღვაწლზე. აღსანიშნავია, რომ მამა ეფრემმა ზოგიერთი მსახურებიდან რამდენიმე ფსალმუნი ამოიღო და “იესუს ლოცვით” ჩაანაცვლა. სწორედ ეს ლოცვაა ამ მონასტრის მთავარი სუნთქვა. ლოცვის კანონს ძმები სკვნილზე აღასრულებენ და შემდეგ, მთელი დღის განმავლობაში შეუჩერებლად, მოუკლებლად, ხმამაღლა ლოცულობენ “იესუს ლოცვას.” მსახურებებზე ნათლად შეამჩნევთ, რომ საძმოს უკლებლივ ყველა წევრი სკვნილს მარცვლავს და ცდილობს, რომ არც ერთი წამით არ შეწყვიტონ “იესუს ლოცვა”. ლოცულობენ ძილის წინაც. ასე ეჩვევიან ისინი მოუკლებელ ლოცვას. მამა ეფრემი მიიჩნევს, რომ საერთოსაცხოვრებელ მონასტერში მონაზონი ყველაზე სწრაფად და მარტივად მიიწევს სულიერი წარმატებისკენ, რადგან ყველაფერი საერთოა, მონასტრული ცხოვრება კი ჯანსაღ ტიპიკონზეა აწყობილი და მას შესაბამისი სულიერი წინამძღოლი ჰყავს.

arizona 7

ისეთი ცხოვრების წესს, როგორიც წმინდა იოსებ ისიქასტს ჰქონდა, შეიძლება ექსტრემალური ღვაწლი ეწოდოს. ის თავად ამბობდა: “როგორ უზომოდაც ვიღწვოდი, ისეთი უზომო ღვაწლი არაა საჭირო. ეს იმის შედეგი იყო, რომ სულიერი მოძღვარი არ მყავდა და მიწევდა, რომ ღვაწლის ყველანაირი სახე გამომეცადა. ეს არაა საჭირო. არსებობს უფრო უბრალო და მარტივი გზებიც, რომლებიც უფრო ადრე რომ მცოდნოდა, საკუთარ თავზე ასეთ უზომო ღვაწლს არ ავიღებდი’’.

ყველა სტუმარს, ვინც აქ ჩამოდის, სთხოვენ, რომ ლოცვა უწყვეტად, ნებისმიერ ენაზე, ხმამაღლა, გასაგონად წარმოთქვან. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ “იესუს ლოცვის” ეს, ერთი შეხედვით, “მექანიკური’’ გამეორება, გონებისა და გულის განწმენდაში, მასში ქრისტეს უტკბესი სახელის ჩაბეჭდვასა და ჩვენი დაცემული ბუნების ფერისცვალებაში გვეხმარება. მამა ეფრემის მონასტრებში ლოცვითი კანონის აღსრულება უაღრესად აუცილებელია და მისი არ აღსრულების ან დატევების არანაირი გამართლება არ მიიღება. პირადი ლოცვის კანონი, რომელიც ყოველ ღამე გონიერ “იესუს ლოცვაში” შრომას გულისხმობს, საძმოს ცხოვრების ფუნდამენტური ნაწილია, ამის გარეშე, როგორც წმინდა იოსებ ისიქასტი ამბობდა, მონაზონი მონაზვნად არ იწოდება. ამიტომაც აქ დღის მთავარი საწყისი და ათვლის წერტილი, სწორედ ღამეა, მთელი მონასტერი ღამე ლოცვისთვის 22:00 საათზე (ზოგი ბევრად ადრეც) იღვიძებს. თუკი ეზოში სკვნილით მომავალ მონაზონს დაინახავ, ესეიგი ის თავის კანონს (1200 იესუს ლოცვას) აღასრულებს. წმინდა იოსებ ისიქასტის საძმოს ტრადიციით, მას შემდეგ, რაც ყველა თავის კელიაში, ისიქასტური პრაქტიკით, სრულ სიბნელეში გონიერ “იესუს ლოცვაში” მეცადინეობდა, გარეთ გამოვიდოდა და პირადი კანონის გარკვეულ ნაწილს ღია ცისქვეშ ცალ-ცალკე მუხლდრეკით აღასრულებდა. ისიქასტური პრაქტიკა “იესუს ლოცვაში” უფრო სიღრმისეულ შრომას გულისხმობს, რომლის დროსაც მლოცველი ცდილობს, რომ არა რაოდენობაზე გაამახვილოს ყურადღება, არამედ, განმარტოებულმა, სრულ სიჩუმესა და სიბნელეში, დრო დაინიშნოს, გონებითა და გულით ყურადღება მოიკრიბოს და სუნთქვის თანხლებით, ქრისტეს მოუხმოს; ჩასუნთქვისას “უფალო იესუ ქრისტე’’, ამოსუნთქვისას – “შემიწყალე მე’’. ეს ყველაფერი აუცილებლად დიდი ყურადღებით, სიმდაბლითა და ღრმა გულშემუსვრილობით უნდა აღსრულდეს. მერე უკვე, თუ დრო რჩებათ, მონაზვნები წმინდა მამების თხზულებებს კითხულობენ.

ლოცვის შემდეგ ყველანი ტაძარში, ლიტურგიაზე იკრიბებიან, ეს ლოცვითი ღვაწლის გაგრძელებაა და მისი დამაგვირგვინებელია. წირვა რომ დასრულდება, 3-4 საათი ძილის დროა და მერე კი ყველა თავის მორჩილებას იწყებს: ზოგი არიზონის მწველი მზის გულზე შრომობს, ზოგი სატრაპეზოში ცხელ ღუმელთან, ზოგი მომლოცველებს იღებს და ასე მიედინება სულიერი ცხოვრება ანტონი დიდის მონასტერში.

აქ, თითქმის შეუძლებელია, რომ ჩაგეძინოს და ღამე პირადი ლოცვის კანონი გამოტოვო. ლოცვაზე მთელი მონასტერი დგება. 22:00-ზე უკვე მთელ კორპუსში ახალმოდუღებული, ბერძნული ყავის სურნელი ტრიალებს. გესმის, თუ როგორ მიმოდიან მამები შენობაში, როგორ იღება და იხურება კარები. ეს ძველი ათონური ტრადიციაა: სანამ ღამე ლოცვას შეუდგებოდნენ, გაღვიძებისას, გამოსაფხიზლებლად ერთი ჭიქა ყავას სვამენ, რომ ძილი განდევნონ და მთელი ღამის სამყოფი ენერგია მიიღონ. ყავას ყველა თავისთვის ინდივიდუალურად იდუღებს. ზოგი ჩაის სვამს ან იმას, რაც გამოფხიზლებაში ეხმარება. გაღვიძების შემდგომი ფუსფუსის შემდეგ, ყველაფერი უკიდეგანო სიჩუმეში იძირება. როდესაც კარის ხმას გაიგონებ, მიხვდები, რომ რომელიღაც გარეთ გავიდა კანონის ღია ცისქვეშ აღსასრულებლად. თურმე, ესეც ძველი პრაქტიკა ყოფილა. თავის წიგნში – “ჩემი ცხოვრება ბერ იოსებთან’’ მამა ეფრემი აღწერს, თუ როგორ გამოდიოდნენ კელიიდან და გარეთ ლოცულობდნენ. ეს უბრალოდ ერთ-ერთი ვარიანტია და ყველასთვის სავალდებულო არაა, ამიტომ ვისაც როგორ უფრო ეხერხება, ისე ლოცულობს. ძირითადად, იმიტომ ლოცულობდნენ ასე, რომ გარეთ, ჰაერზე სიარულითა და ხმამაღალი ლოცვით ძილს ებრძოდნენ. უშუალოდ კანონს (აქ ამჯერად არ იგულიხმება ისიქასტური პრაქტიკა) ფეხზე დგომით აღასრულებენ. ამ დროს თითო “იესუს ლოცვას” ახლავს პირჯვრის გამოსახვა და მცირე თავის მოდრეკა. როგორც იოსებ ისიქასტის საძმო, კანონს სამასიანი სკვნილით ლოცულობენ, რომელსაც ბოლოში ემატება 300 ღვთისმშობლის ლოცვა – “ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ’’. მორჩილები 100-მდე მუხლდრეკას აღასრულებენ, მონაზვნებიდან ზოგი 150-ს, ზოგი 200-ს და ზოგიც, უფრო მეტს.

arizona 1

თავდაპირველად, ასეთ კანონზე მიჩვევა გამიჭირდა, მაგრამ თანდათანობით ამან უფრო და უფრო მეტი სულიერი ნუგეში მომანიჭა და გავაცნობიერე, რომ ეს ყველაფერი იმისთვისაა საჭირო, ადამიანს ძილი აღარც კი მოუნდეს და მხოლოდ ლოცვისკენ მიუწევდეს გული. გარდა კანონისა, როგორც ვთქვით, ძმები ისიქასტური პრაქტიკით გონიერ-გულისმიერ ლოცვაში ვარჯიშობენ და წმინდა მამათა ასკეტურ ლიტერატურას კითხულობენ. მე პირადად, წმინდა იოსებ ისიქასტის “მონაზვნური გამოცდილების გადმოცემასა’’ და მამა ეფრემის “ჩემი ცხოვრება ბერ იოსებთან’’ ვკითხულობდი, ამ წიგნებისგან უდიდესი სულიერი სიხარული და მუხტი მივიღე. მომწონდა ტაძარში ადრე მისვლა, ყველა ხატის მოლოცვა და სტასიდზე ჩემი ადგილის დაკავება. ამ დროს, ყველაფერი თითქმის დაბნელებულია, მხოლოდ აქა-იქ ლიცლიცებს რამდენიმე კანდელი. თანდათანობით მთელი საძმო იკრიბება, სრული სიჩუმეა, მაგრამ დაინახავთ, რომ უკლებლივ ყველა, საკუთარ გულში ჩაძირული, სკვნილზე ლოცულობს და სულგანაბული ელოდება ლიტურგიას, რომელიც მთელი მონასტრის სულიერი ცხოვრების ცენტრია.

როდესაც მამა პაისი შემოდის, ყველა ადგილის შეუცვლელად, ფეხზე დგება. მას უკან მოჰყვება მამა ეფრემი, რომელსაც, როგორც საკუთარ მამას, ყველანი დიდი სიყვარულითა და კრძალვით უყურებენ. იგი ისახავს ჯვარს, ემთხვევა ხატებს და იკავებს საკუთარ ადგილს, შემდეგ მონაზვნები მასთან კურთხევის ასაღებად მიდიან და კვლავ თავიანთ ადგილებს უბრუნდებიან. რაღაც დროის განმავლობაში, დაახლოებით, ათი წუთი, ტაძარში სრული სიჩუმე სუფევს. შემდეგ მორიგე მღვდელი მამა ეფრემისგან კურთხევას იღებს, ასამაღლებელს წარმოთქვამს და ასე იწყება მსახურება. წმინდა იოსებ ისიქასტი თავის წერილებში წერდა, რომ ის მონაზონი, რომელიც ღამე არ ლოცულობს “იესუს ლოცვას”, არ იწოდება ჭეშმარიტ მონაზვნად და მხოლოდ გარეგნულად ჰგავს მას. აქ, სონორას უდაბნოსა და მამა ეფრემის უკლებლივ ყველა მონასტერში, წმინდა იოსების ამ წესს ზედმიწევნით აღასრულებენ. იწყება 22:00-ზე და მთავრდება 04:00-ზე.

ლოცვის სკოლა

სულიერი ცხოვრების სასწავლად აქ მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. მაგალითად, ჩემი აქ ყოფნის პერიოდში გერმანიიდან მღვდელი ჩამოვიდა, მანამდე კი რუმინეთის დელეგაცია იმყოფებოდა. ასევე, ფინეთიდანაც იყო ორი მღვდელი.

მამა ეფრემი სტუმრებს 12:00 საათიდან 14:00 საათამდე იღებს და შემდეგ კვლავ თავის კელიაში განმარტოვდება ხოლმე. ყველა მორჩილება სამ საათზე სრულდება, მას მოჰყვება ოთხის ნახევარზე მწუხრის მსახურება და ხუთ საათამდე გრძელდება. შემდეგ არის მცირე ვახშამი და 40-წუთიანი სერობა. სერობაზე ყოველთვის კითხულობენ ღვთისმშობლის დაუჯდომელს, რომლის დასრულების შემდეგ იგალობება ტროპარები, ყველა ექვს-ექვს მუხლდრეკას აღასრულებს და კელიებში შედის. სერობის შემდეგ იკრძალება საუბრები, მხოლოდ შეგიძლია, ეზოში ისეირნო და “იესუს ლოცვა” ილოცო. ძმების უმრავლესობა ექვს საათზე იძინებს.

მამა ეფრემის ამერიკაში ჩასვლამდე ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ სულ მცირე ოც წელიწადში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მართლმადიდებლური მონასტრები გაშენდებოდა და სულიერი გამოღვიძება დაიწყებოდა. არავინ მოელოდა, რომ ასეთი სულიერი ცხოვრების წყურვილი გაჩნდებოდა და სიწმინდის ძიებას დაიწყებდნენ იქ, სადაც, როგორც ეგონათ, ვერაფერი კეთილი ვერ გაიხარებდა, მაგრამ, როგორც ვიცით, კაცთაგან შეუძლებელი – ღვთისათვის შესაძლებელია.

რასაკვირველია, მამა ეფრემი და მისი მონასტრები მსოფლიო მნიშვნელობის მოვლენაა და, ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ეს ყველაფერი უყურადღებოდ დარჩეს როგორც ამერიკელების, ისე ჩვენ მიერ, რომლებიც დედამიწის მეორე მხარეს ვცხოვრობთ. თუკი ყველას ჩვენ-ჩვენს სამშობლოში სულიერი წარმატების მიღწევა გვინდა, აუცილებლად უნდა გავეცნოთ და გადმოვიღოთ ის სულიერი გამოცდილება, რომლის შესახებაც ზემოთ მოგიყევით. ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ნამდვილ, სულიერ, მადლმოსილ ცხოვრებასთან გვქონდეს შეხება და ამიტომ ყოველმხრივ უნდა შევისწავლოთ და ჩვენი პირობების შესაბამისად, იგი პრაქტიკაში დავნერგოთ.

წყარო: https://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაციები შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©