მონაზონი იოსებ დიონისელი
წინამდებარი საუბარში აღწერილია გონიერ ლოცვასთან დაკავშირებით ერის ადამიანებისა და მისი სულიერი შვილების კითხვებზე მამა ხარლამპეს პასუხები.
– მამა ხარლამპე, თქვენ გონიერ ლოცვას ასწავლით და როგორ ფიქრობთ, ეს მხოლოდ მონაზვნებისთვისაა თუ ყველა ქრისტიანისთვის სასარგებლოა?
– წმინდა მამათა ნაშრომებიდან და ჩემი საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ გონიერი ლოცვა ყველა ქრისტიანისთვისაა, გარდა ერეტიკოსებისა და სხვა სარწმუნეობის ადამიანებისა.
– მამაო, ნამდვილად იმედს გვაძლევთ, რომ ამბობთ, რომ გონიერი ლოცვა ჩვენთვისაც ხელმისაწვდომია. მაგრამ ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება. ვცდილობთ ისე ვიღვაწოთ, როგორც ამას ლოცვის შესახებ წიგნებში ვკითხულობთ და ეს ყველაფერი საკმაოდ რთულად მოგვეჩვენა.
გონიერი ლოცვა ყველა ქრისტიანისთვისაა
– რა თქმა უნდა, არაა ადვილი საქმე. ლოცვა არა მხოლოდ ღვაწლს მოითხოვს, არამედ გამოცდილ მოძღვარსაც, გყავთ ასეთი?
– დიახ, მამაო. ძალიან კარგი მოძღვარია, მაგრამ როდესაც საუბარი გონიერ ლოცვაზეა, ის ამბობს, რომ ამ საქმეში მას არაფერი გაეგება.
– ეს კიდევ კარგია. უარესი შემთხვევებიცაა ხოლმე. თუ არ იცი, თქვი, რომ არ იცი და სხვას ნუ უკრძალავ ლოცვას. ესეიგი, რახან მოძღვარი გყავთ, თქვენგან აღსარების მიღება არ მომიწევს და ახლა გეტყვით, როგორ დაიწყოთ ლოცვის ღვაწლი. ნათლისღებისას ადამიანი საღმრთო მადლს იღებს და მის გულში ქრისტე მკვიდრდება. მაგრამ, როდესაც ადამიანი სცოდავს და ვნებებს ემორჩილება, ეს ცოდვა დიდი კედლის მსგავსად ჩვენსა და ქრისტეს შორის აღიმართება. ამ დროს გულის სიღრმიდან შეჰღაღადებ: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“’ – მაგრამ კარი დახშულია. სინანული და აღსარება დიდ დარტყმას აყენებენ ამ კედელს და ადრე თუ გვიან, თანდათანობით ეს კედელის დაინგრევა, ადამიანის გულში მადლის სხივი შეანათებს და ქრისტეს შეხვდება.
მაგალითად, წარმოვიდგინოთ, რომ ძალიან გავლენიანი მეგობარი გყავთ და რაღაც მომენტში შენი ბრალეულობის გამო, ურთიერთობა გაგიფუჭდათ. მაგრამ ეს ადამიანი ძალიან გჭირდება და გინდა, თუ არა მდაბლდები, რომ შეურიგდე. შემდეგ, როდესაც მისგან რაღაც დაგჭირდება, თქვენი მეგობრობის გამო უარს როგორ გეტყვის? თქვენ წარმოგიდგენიათ ქრისტე რამდენად უფრო მეტად შეისმენს ჩვენსას?
– დიახ, მამაო, აღსარება კარგია, მაგრამ ეს სოფელი გადარჩენის საშუალებას არ გვაძლევს. გამოდიხარ სააღმსარებლოდან და ისევ იმავეს ხედავ და გესმის, მერე ღიზიანდები, ბრაზდები, განიკითხავ და ა.შ.
– არასწორად მსჯელობ. ქრისტემ თქვა, რომ თუ შენი ერთი თვალი გაცდუნებს ამოითხარე და ის კი არ თქვა, რომ სხვას ამოთხარეო. მაგალითად ხედავ გამომწვევად ჩაცმულ ქალს, ეს მისი საქმეა, შენ შენი საქმე აკეთე. „თვალის ამოთხრა“ იმას ნიშნავს, რომ ამ დროს თვალები დახარე, არ შეხედო და თუ ასეთი უძლური ხარ და ესეც არ შეგიძლია, არავინ დაადანაშაულო და შენს თავს უთხარი: „ვაი, შე საცოდავო მრუშო, როგორ მოგწონს ცოდვა!“
დიდი სულიერი სრულყოფილების მქონე ადამიანი ასეთებს რომ ხედავს არ ცდუნდება და ზოგადად, მოღვაწე, რამენადაც მას შეუძლია, ცოდვის მიზეზებს გაურბის. ზარმაცი კი თავად ისწრაფვის ცოდვისკენ და შემდეგ სხვებს აბრალებს. ეს თავის მართლებაა. სწორედ ასე მოიქცა ევაც.
– მამაო, ღვთის შეწევნით ვცდილობთ, რომ ცოდვას გავექცეთ რამენადაც შეგვიძლია, მაგრამ ამ საზოგადოების ნაწილი რომ ხარ, შეუძლებელია სუფთა დარჩე.
გულის სიღრმიდან მოუხმე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს სიტყვებით: „ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, მაცხოვნე მე“
– დიახ, ამ საცდურების გარემოცვაში რომ ცხოვრობ სხვას რას უნდა ელოდო? სწორედ ამიტომ დავტოვეთ ჩვენ, მონაზვნებმა ეს სოფელი. ქრისტეს მადლით, სულიერად ერშიც მყარად ვიდექი ფეხზე, მაგრამ მყუდროებას ბევრი უპირატესობა აქვს. ლოცვისას შენს გონებაში ფილმივით გადის დღის განმავლობაში მიღებული ყველა გამოსახულება და შთაბეჭდილება. ეს შთაბეჭდილებები ლოცვისას შენს გონებაში ამოტივტივდებიან და შენთვის დაბრკოლებად იქცევიან. მაგრამ, აი სწორედ ეს უნდა გახდეს ერში მცხოვრები ადამიანებისთვის მოუკლებელი იესოს ლოცვის მოტივაცია.
მახსოვს, ერში რომ ვცხოვრობდი ბევრი განსაცდელი შემემთხვა. იქამდეც კი მისულა საქმე, რომ ზოგიერთი ქალი ჩემს ცდუნებასაც ცდილობდა და თქვენი აზრით რამ მიშველა? ამ პატარა ლოცვამ: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. გულის სიღრმიდან მოუხმე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელსაც სიტყვებით: „ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, მაცხოვნე მე“, ან შენი სიტყვებით ევედრე: „უფალო, დედაო ღვთისა, დამეხმარეთ, საფრთხეში ვარ“. ერში ცხოვრების გამოცდილებამ მასწავლა, რომ ლოცვა უდიდესი იარაღია და ყოველგვარი ბოროტებისგან გიცავს. არაკეთილგანწყობილი ადამიანები გამოცდებს გვიწყობენ და ამით უფრო და უფრო მეტად გვიბიძგებენ ქრისტესკენ.
– მამაო, მე კიდევ სხვა პრობლემა მაქვს. მეოჯახე კაცი ვარ და პატიოსნად ვცხოვრობ ჩემს მეუღლესთან. აი, მოდის ერთი ადამიანი და უამრავი პრობლემა მოაქვს, ცუდად გექცევა, გემუქრება, გლანძღავს, შეურაცხყოფას გაყენებს საერთოდ არაფრის გამო. ეუბნები : „დაწყნარდი შე დალოცვილო დამშვიდდი“ მაგრამ უარესად ცხარდება. როგორ უნდა გაუძლო ასეთ ადამიანს? როგორ უნდა გიყვარდეს და არ შეიძულო?
– შვილო, ასეთი ადამიანი შეპყრობილია. იცოდე, რომ ცუდი ადამიანის უკან ყოველთვის ეშმაკი დგას და შენს გამოჭერასაც ცდილობს. უნდა, რომ გაცდუნოს, რომ დაარტყა, გალანძღო და ამით შენზე ძალაუფლება მოიპოვოს.
ჩემი მოძღვარი ამბობდა: „ბოროტებას ბოროტებით ვერ გამოასწორებო“. ეს ძალიან დიდი საცდურია. ღვაწლია საჭირო, შვილო. ისე მოვიქცეთ, როგორც ქრისტე გვასწავლის, ვაკურთხოთ ჩვენი მაწყევრები და ვილოცოთ მათთვის. ბოროტება თანდათან გიბიძგებს, რომ ღმერთთან მიხვიდე. უთხარი უფალს: „ჩემო ქრისტე, აპატიე მას, არ იცის რას აკეთებს და შეეწიე მას, განაშორე მას ბოროტი სული, რომ გააცნობიეროს თავისი დაცემა“. შემდეგ კვლავ დაუბრუნდი ლოცვას და მოუკლებლად იმეორე: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“.
იმისთვის, რომ თქვენი სული კიდევ უფრო მეტად განმტკიცდეს, საჭიროა, რომ ხშირად ეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს.
– მამაო, უფლება მომეცით ყველას წინაშე ვაღიარო. ხშირად ვეუბნები ხოლმე ჩემს თავს: „აი, ეხლა თავში ჩავარტყავ ამას და მერე თუ გინდა ციხეშიც წავალ“.
– ხედავ რისკენ გიბიძგებს ეშმაკი? წახვიდოდი ციხეში და შენს ოჯახს ბედის ანაბარა დატოვებდი. არა, შვილო, არ უსმინო მას. შენი დაღუპვა უნდა. ქრისტეს მოუსმინე და ნახავ როგორ დალაგდება ყველაფერი. შენი სწორი საქციელით ან ის გამოსწორდება ან ქრისტე სხვა გამოსავალს გიჩვენებს. მთავარია შენ და შენმა მეუღლემ მუდამ ილოცოთ. და კიდევ: იმისთვის, რომ თქვენი სული კიდევ უფრო მეტად განმტკიცდეს, საჭიროა, რომ ხშირად ეზიაროთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს.
– რა ლოცვა და ზიარება, როცა ასეა საქმე?
– აი, ზუსტად მაშინ გვჭირდება ყველაზე მეტად ლოცვა და ზიარება, როცა ასე ცუდადაა საქმე. ამიტომ, ჯერ შენი მტრისთვის ილოცე და შემდეგ საკუთარი თავისთვის.
– მამაო, ჩვენმა მოძღვარმაც და ყველამ იცის, რომ არ ველაპარეკებით ერთმანეთს და როგორ ვეზიარო?
– თუ შენი ბრალია ეს ყველაფერი მაშინ რა თქმა უნდა, ვერ ეზიარები. მაგრამ თუ მეორე მხარეა დამნაშავე, შენ თავისუფალი ხარ. ეცადე რომ დაელაპარაკო და შეურიგდე და თუ ეშმაკი ისე გაასასტიკებს, რომ სიკვდილამდე არ დაგელაპარაკა მაშინ რა გამოვა, შენც უზიარებელი უნდა გარდაიცვალო?
ყველანაირი ძალისხმევა იხმარე, შვილო და თუ შენი სწორი საქციელით შეურიგდები, მაშინ იცოდე, რომ მისი სული ეშმაკს გამოსტაცე და შენი საზღაური ძალიან დიდი იქნება. თუ არაფერი გამოვა, ილოცე, რომ გამოსწორდეს.
– მამაო, ნამდვილად არ არის ადვილი, მაგრამ ყველანაირად ვეცდები, რომ როგორც მირჩიეთ ისე მოვიქცე და თქვენი კურთხევა აღვასრულო.
– ქრისტე შეგეწიოს, შვილო. გააკეთე რაც შეგიძლია და მეც ლოცვით დაგეხმარები. მომწერე შენი ოჯახის წევრებისა და იმ ადამიანის სახელები და ყველანი ერთად ვილოცებთ.
წყარო: https://azbyka.ru/
სტატიაში გამოყენებული ილუსტრაციები შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©