ლოცვა

ქრისტეს მოუკლებელი შეგრძნება – ეს არის უკვდავება! – წმინდა იუსტინე პოპოვიჩი

ადამიანი – მთელი სამყარო დუმდება ამ უჩვეულო სასწაულის წინაშე. შემოქმედმა თითქოს ზეციური და მიწიერი სამყაროს ყველა სასწაული ერთად შეკრიბა და ამგვარად შეიქმნა ადამიანი. განა სასწაული შეგრძნება არაა?! განა აზროვნება სასწაული არაა?! განა სურვილი სასწაული არაა?! ნუ ეძებ სასწაულს შენ გარეთ, რადგან თავად ხარ უდიდესი სასწაული. თავად არსებობაც ხომ უსაზღვროდ გასაოცარი და ამავდროულად გაუგებარი რამაა?

ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრება ხომ უფსკრულებზე მოგზაურობაა. განა ჭეშმარიტების საკითხი დიდი პრობლემა არ არის?! ჭეშმარიტების ძიებაში ადამიანის ფიქრი ყოველთვის საზარელ უფსკრულებზე გადის. სამართლიანობის, სიკეთისა და ბოროტების საკითხებიც ხომ ამ უფსკრულებზე მძიმე და მტანჯველი მოგზაურობაა? ადამიანის გაუმაძღარი აზროვნება, რაღაც მტრული ინსტინქტით აღძრული, თითქოს ხან ერთ პრობლემას ეჭიდება, ხან მეორეს და მაინც დაუკმაყოფილებელი რჩება. ასე გრძელდება უსასრულოდ მანამ, სანამ ის მხოლოდ ორ პრობლემას – შემოქმედი ღმერთისა და ადამიანის საკითხს – არ მიეახლება. ეს ის საყოველთაო პრობლემებია, რომელთა მოგვარებაზეც დამოკიდებულია ადამიანის ხვედრი ამ სამყაროსა და მომავალშიც.

ადამიანისთვის საკუთარ თავთან პირისპირ დარჩენაზე საშიში არაფერია, მისთვის სხვა ადამიანებთან და გარესამყაროსთან კონტაქტი რთულია. ხოლო, როდესაც იგი უფალ იესუ ქრისტეს მიიღებს, როგორც შუამავალს საკუთარ თავთან, ადამიანებთან და გარესამყაროსთან, მაშინ ნებისმიერი მწუხარება სიხარულად იქცევა, სასოწარკვეთილება -აღტაცებად და სიკვდილი – უკვდავებად; მაშინ ამ სამყაროს სამწუხარო საიდუმლოება ღმრთის ტკბილ საიდუმლოებად იქცევა. ნაყოფი კი ის იქნება, რომ ადამიანის გულში ლოცვითი ურთიერთობა დამყარდება ქრისტესთან, რომელიც მოიცავს მთელ ამ მრავალტანჯულ ქმნილ სამყაროს. ამიტომაც, ჭეშმარიტი ქრისტიანი შემოქმედებითი სულის მქონე მლოცველია.

ლოცვა ქრისტიანის უპირველესი საქმეა, რადგან ეს არის ერთადერთი მდგომარეობა, რომელიც ადამიანის ქრისტესთან სწორ ურთიერთობას განაპირობებს. ნებისმიერ ადამიანსა და ნებისმიერ ქმნილებას, პირველ რიგში, ლოცვით უნდა მივეახლოთ, რათა ლოცვის მეშვეობით ქრისტე გახდეს შუამავალი ჩვენსა და სხვა ადამიანებს შორის. მხოლოდ ლოცვით მოხმობილი უფალ იესუ ქრისტეს მიერაა შესაძლებელი თითოეულ ქმნილებასთან სწორი შეხვედრა, გაცნობა და შეყვარება.

ლოცვა მომაწესრიგებელი, სამჭედლო და ქურაა. ლოცვა – ეს არის ერთგავარი სანთლის მსგავსი წვა, საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვა, -მდგომარეობა, როდესაც შენთვის არაფერი გინდა და ლოცულობ, რათა, რაც კი შენში ქრისტესთვის შეუსაბამოა, გაქრეს და ჩაქრეს. ლოცვა არის არსობრივი თვითმშემეცნების და, ამასთან ერთად, საკუთარი თავის უარყოფის ერთადერთი გზა. ლოცვის მიღმა ნებისმიერი შემეცნება ზედაპირული და ამაოა.

რა არის ლოცვა? ეს არის ქრისტეს მიმართ ჩვენი სიყვარულის გამოხატულება. ეს არის გზა, რომლითაც ჩვენში შემოსასვლელად ყველა საიდუმლოებასა და სათნოებას კარი ეხსენება.

ლოცვით განმსჭვალეთ საკუთარი თავი, თქვენი გონება, გული, ნება და, დაე, ეს იყოს ჩვენი ყოველდღიური ღვაწლი!

ლიტურგია – ეს არის ერთგვარი ხიდი და ზეცად აღმავალი კიბე. ლიტურგიის მიერ ყოველდღე ზეცაში ხარ. ყველაფერი, რაც მასშია, მყისიერად ზეცად აღგიტაცებს და წმინდანებსა და ანგელოზებთან ერთად ქრისტეს წინაშე წარგადგენს. განა ყოველი ლოცვა ჩვენი სულის ზეცად აღსვლა არ არის?! როგორ შეიძლება, რომ მოვიწყინოთ, როდესაც ლიტურგია არსებობს?!

ჩვენი ცხოვრების თითოეული წამი ქრისტესია და მის გარდა სხვა რამის რატომ უნდა გვეშინოდეს?
ადამიანის ბუნებას ამქვეყნად ყოველწამიერად იმაზე მეტად ესაჭიროება ზეციური, ვიდრე მთელი დედამიწა, რადგან ადამიანი არსობრივად 99 პროცენტით ზეციდანაა, მისი სული უშუალოდ ღმრთისგანაა მოცემული, ხოლო ერთი პროცენტით კი – მიწისგან. ამიტომაც, ყოველ წამს უნდა ვცდილობდეთ, რომ ზეცად ქრისტესთან აღვიდეთ, გავიქცეთ, გავფრინდეთ! ამ ყველაფერს გვასწავლის წმინდა სახარება და თითოეული წმინდანის ცხოვრება.

რა არის სამოთხე? ეს არის გაცოცხლებული, გამოცდილებისეული სახარება. უფრო მეტიც, სამოთხე არის ადამიანის მიერ უფალ იესუ ქრისტეს მთელი სისავსით შეგრძნება და მასთან პიროვნული შეხვედრა.

საკუთარ ცხოვრებაში სახარებისეული მცნებების დანერგვით ადამიანი გადალახავს ყველაფერს, რაც მასში სიკვდილთანაა თანაზიარი. რაც უფრო მეტად ცხოვრობს სახარებისეულად, ანუ ცდილობს, ქრისტეს დაემსგავსოს, საკუთარი თავიდან მით უფრო გამოდევნის სიკვდილს და მარადიულ სიცოცხლეში იზრდება. საკუთარ გულში ქრისტეს შეგრძნება იგივე უკვდავების შეგრძნებაა. უკვდავების შეგრძნება ცოცხალი ღმერთის განცდიდან მომდინარეობს, რადგან სწორედ ისაა მარადიული სიცოცხლისა და უკვდავების წყარო. ქრისტეს მოუკლებელი შეგრძნება – ეს არის უკვდავება!

ადამიანის არსება მადლით რწმენის შესაბამისად განიწმინდება; რაც უფრო მეტად წმინდა ხდება ადამიანი, მით უფრო ძლიერი და ცოცხალი ხდება უკვდავების განცდაც.
ეს არის ქრისტიანის უმთავრესი მოვალეობა – დროისა და სივრცის სამყაროში ქრისტესმიერი უკვდავებითა და მარადისობით ცხოვრება. ქრისტიანის მოწოდებაა, საკუთარ აზრებში, შეგრძნებებში, სურვილებსა და საქმეებში ცოდვები და ვნებები არ გააბატონოს. საკუთარი თავიდან ცოდვის განდევნა კი სიკვდილის განდევნას ნიშნავს, რადგან ყოველი ცოდვა მცირე სიკვდილია.

თუკი მთელი დღე ისე გაატარე, რომ ერთი ცოდვაც კი ვერ დაამარცხე, იცოდე, შენ კიდევ უფრო მოკვდავი გახდი. თუ იბრძოლებ და ღმრთის მადლით დღის განმავლობაში სულიერი ბრძოლიდან გამარჯვებული გამოხვალ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უკვდავებითა და მარადისობით გაახალგაზრდავდი.

არსობრივად, ეკლესია საღმრთო ,,სახელოსნოა’’, რომელშიც მოუკლებლად ახალგაზრდავდებიან, ცოცხლდებიან და განმტკიცდებიან ადამიანის შეგრძნებები. ლოცვა ხომ ადამიანის სულს ქრისტეს აკავშირებს და განა ამით უკვდავს არ ხდის მას? არ მოვიტყუოთ საკუთარი თავი! ლოცვა და თითოეული სახარებისეული სათნოება ჩვენში სიკვდილს ამარცხებს და მარადიულ სიცოცხლეს გვანიჭებს.
ეკლესიაში წარსული ყოველთვის თანამედროვეა; აწყმო კი წარსულითაა ცოცხალი, რადგანაც ,, იესუ ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე“ (ებრ. 13:8). აქედან გამომდინარე, ვინც ქრისტეში ცოცხლობს, მოციქულებიდან დაწყებული გუშინ გარდაცვლილით დამთავრებული, ყველა თანამედროვეა. ეს არის ცოცხალი მართლმადიდებლური ცნობიერება და შეგრძნება. დღესაც ნებისემიერი ნამდვილი მართლმადიდებლისთვის ყველა წმინდა მოციქული, მოწამე და წმინდა მამა თანამედროვეა. უფრო მეტიც, მისთვის ისინი უფრო მეტად ცოცხალნი და რეალურნი არიან, ვიდრე მისი თანამედროვეები.

სწორედ ამ სრული სარწმუნოებრივი ერთობის, სიცოცხლისა და ცნობიერების განცდა არის მართლმადიდებლური ეკლესიურობის არსი.

მართლმადიდებლობა – ეს არის ღმერთკაც იესუ ქრისტეს პიროვნება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში განფენილია, როგორც ეკლესია. იყო მართლმადიდებელი, ნიშნავს, რომ შენს გულში ქრისტე მკვიდრობს, მისით ცოცხლობ, მისით აზროვნებ, მისით შეიგრძნობ და მისით მოქმედებ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იყო მართლმადიდებელი, ნიშნავს, იყო ქრისტეშემოსილი. ადამიანი ამას მაშინ მიაღწევს, თუკი ქრისტეს სხეულში – ეკლესიაში – თავის გულს ქრისტეს გაუხსნის, მთელ თავის არსებას ქრისტეთი აღავსებს და მას დაუთმობს. ამიტომაც, მართლმადიდებელი ზეცასა და მიწას შორის ლოცვითაა ჯვარცმული, როგორც ცისარტყელა, რომელიც ცას და მიწას აკავშირებს. მაშინ, როდესაც სხეულში მყოფი ლოცვით მიმოვალს ამ მწუხარე დედამიწაზე, სულით მოუკლებლად მყოფობს უფალ იესუ ქრისტესთან.

რამხელა სიხარულია ადამიანად ყოფნა! ეს მაშინ შეიცნობა, როდესაც ადამიანი მეორე ადამიანს ქრისტეს მიერ შეიგრძნობს და ამით მოყვასი მისთვის მარადიული ძმა და ნათესავი ხდება. თითოეული ადამიანი შენი მარადიული, უკვდავი ძმა ან დაა. ყურადღებით იყავი, თუ როგორ ექცევი მას, რას უსურვებ, რას ფიქრობ და რას ამბობ მასზე! რატომ? იმიტომ, რომ მასთან ერთად მარადიულად ცხოვრება მოგიწევს.

ქრისტიანის სიბრძნეა: მოუკლებლად ქრისტესთან იყოს ჩაჭიდებული ლოცვით, მარხვით, მოწყალებით, სიყვარულით, სიმშვიდით, სიმდაბლით, წმინდა ზიარებით, აღსარებით. რა მოხდება შემდეგ? გაიმარჯვებს სიკვდილზე, ნებისმიერ სატანჯველზე, მწუხარებაზე და სიხარულით იზეიმებს.
ნამდვილად სასიხარულოა ადამიანად ყოფნა, რადგან ღმერთი გახდა ღმერთკაცი. ამით კი ადამიანს სრული სისავსით მიეცა საღმრთო ძალა, სრულყოფილება და მარადისობა. ამიტომაც, მას შემდეგ, რაც ღმერთი განკაცდა, ჩვენ აღარ გვაქვს სასოწარკვეთილების მიზეზი, რადგან ქრისტეს მიერ გამოვედით ნებისმიერი მწუხარებიდან, სასოწარკვეთილებიდან და შევედით მარადიულ სიცოცხლეში, მარადიული ჭეშმარიტების, მარადიული სიყვარულის და მარადიული სიხარულის სამეფოში.

წყარო: https://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©