IMG 21

წმინდა იოანე სინელი – ლოცვის შესახებ

ლოცვის დროს ნუ დაიწყებ სიბრძნისმეტყველებას. ხშირად ზეციური მამისთვის ჩვილ ყრმათა უბრალო ტიტინი ყოფილა საამო.
არ დაიწყო მრავლისმეტყველება, რათა სიტყვების ძებნაში გონება არ გაგეფანტოს. მეზვერის ერთმა სიტყვამ ღმერთი მოწყალე-ჰყო, ხოლო რწმენით ნათქვამმა ერთმა სიტყვამ ავაზაკი აცხოვნა.
მრავლისმეტყველებით ხშირად გაფანტულა გონება, ხოლო გულმხურვალედ ნათქვამ ერთ სიტყვას გონება მოუკრებია.
თუ ლოცვის დროს რომელიმე სიტყვა შენში ლმობიერებას აღძრავს, მაშინ ბევრჯერ გაიმეორე ეს სიტყვა, რადგან ამ დროს მცველი ანგელოზი ლოცულობს ჩვენს ახლოს.
ლოცვის დროს არ გამოიჩინო კადნიერება, თუნდაც რომ უდიდეს სიწმინდეს ფლობდე. პირიქით, დიდი სიმდაბლით ილოცე და უფრო მეტი კადნიერება გექნება.
თუნდაც სათნოებათა მთელი კიბე გქონდეს ავლილი, მაინც ცოდვათა შენდობისთვის ილოცე. ხომ გსმენია, რას ამბობს პავლე მოციქული ცოდვილებზე: “რომელთაჲ პირველი მე ვარ” (1 ტიმ. 1;15).

ეცადე, გონება ლოცვის სიტყვებში მოაქციო და აღიყვანო. თუ გონება სიჩვილის გამო მოუძლურდება და დაბლა დაეშვება, კვლავ ზე-აღიყვანე.
გონებას დაუდგრომლობა ახასიათებს, მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთს მისი შეჩერებაც შეუძლია.
ჰოი, საყვარელო! თუ კეთილად იღვაწებ, შენთანაც მოვა ის, ვინც ზღვის ტალღებს შეზღუდავს და ეტყვის: “აქამომდე მოხჳდე და არა განჴდე” (იობი 38;11)
შეუძლებელია სულის შეკვრა. სადა სული შემოქმედია, იქ ყოველივე მას ემორჩილება.

ვნებებით შეპყრობილმა არ შეწყვიტოთ უფლის წინაშე ვედრება, რადგან ვნებებისგან თავისუფალმა ყველა ადამიანმა ვნებული მდგომარეობიდან მიაღწია უვნებობას.

იყავი მამაცი და ამგვარად გახდება ღმერთი შენი ლოცვის მასწავლებელი.
როგორც მხედველობა ბუნებრივი და სიტყვით არ ისწავლება, ისე ლოცვის მშვენიერებას სიტყვით ვერ გასწავლის სხვა. მისი მასწავლებელი ღმერთია. ლოცვა სიტყვები კი არ არის, რომელთაც გაიგებ და დაისწავლი, ან რამე ხელობა, რომელსაც სხვისგან ისწავლი, არამედ ლოცვის მასწავლებელი ღმერთია, “რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერებაჲ” (ფსალ. 93;10), მლოცველებს სათხოვარს უსრულებს და “აკურთხნის წელიწადნი მართლისანი”, რამეთი მისია დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©