ხიდი

მარხვა – ქრისტემდე მიმყვანებელი ხიდი – არქიმანდრიტი ვიქტორ მამონტოვი

ერთხელ, დიდი მარხვის პერიოდში, ლიტურგიის შემდეგ, ერთ პატარა გოგონას ვკითხე: ,, რა არის მარხვა?’’. გარშემომყოფები ალბათ ფიქრობდნენ, რა უნდა უპასუხოს ამ პატარა ბავშვმა ასეთ რთულ კითხვაზეო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მისი პასუხით ისინი ნამდვილად გაოცებულნი დარჩნენ. მან მიპასუხა: ,,მარხვა – ხიდია’’.

ეს იყო ზუსტი პასუხი. არა იმიტომ, რომ ეს ბავშვი იქამდეც ფიქრობდა ამ თემაზე, არამედ იმიტომ, რომ ეს პასუხი მას ქრისტემ განუცხადა. მარხვა მართლაც რომ სულიერი ხიდია, რომელიც ქრისტესთან გვაკავშირებს. ეს შეხვედრა და შეერთება მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი საკუთარ გულს სინანულითა და ლოცვით განიწმენდს. ცოდვა – ეს არის ადამიანსა და ცოცხალ ღმერთს შორის აღმართული კედელი. როდესაც ჩვენი სულიერი ღვაწლითა და ღმრთის მადლით ის ჩამოინგრევა, მაშინ ჩნდება ეს სულიერი ხიდი.

mamontov1
არქიმანდრიტი ვიქტორ მამონტოვი

მარხვა ის პერიოდია, როდესაც მაქსიმალურად უნდა ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს. ჩვენ ხომ ვიცით წმინდა წერილიდან, რომ არ არსებობს უცოდველი ადამიანი. ამას როგორ შევიცნობთ? ის, ვინც სულიერ ცხოვრებაში ეცდება, რომ იშრომოს და ზედმიწევნით აღასრულოს ქრისტეს მცნებები, აუცილებლად შეხვდება თავის უუნარობასა და დაცემულობას.

ურწმუნოსთვის კი ცოდვა მხოლოდ ცუდი საქციელია. თუ ეს ცოდვები სხვებისთვის დაფარულია და არ ჩანს, მაშინ ეს მისთვის ჩვეულებრივი რამაა და შეიძლება ნორმაც კი იყოს. ქრისტიანი მუდამ უნდა ხედავდეს თავის შინაგან ცოდვებს და სინანულის მიერ მუდამ გამოსწორებას და საკუთარი თავის გარდაქმნას ცდილობდეს.

მარხვა იმისთვისაა, რომ ამ პერიოდში ჩვენ უფრო მეტად ჩავიხედოთ საკუთარი გულის სიღრმეში, უფრო მეტად ჩავუღრმავდეთ და სხვანაირად შევხედოთ ღმრთის სიტყვას, რომელიც არის სარკე, რომელშიც საკუთარ თავს ვხედავთ. ამან ჩვენ კიდევ უფრო მეტი მოშურნეობა უნდა მოგვცეს.
მუდამ მიწევს იმის შეხსენება, რომ სინანული არ არის საკუთარ ცოდვებში ქექვა, არამედ სწრაფვა საკუთარი თავის გარდაქმნისკენ. თუ ადამიანი მხოლოდ ცოდვებზე იქნება კონცენტრირებული, ეს მას უკეთესად არ აქცევს და პირიქითაც, შეიძლება მოწყენილობასა და უმოქმედობაში ჩააგდოს. ეს მდგომარეობა კი ყველაზე უარესია.

სულიერი ცხოვრება – შემოქმედებაა. ხელოვნებაში ხომ არ არის საზღვარი, რომელსაც ადამიანი მიაღწევს და იტყვის: მორჩა! მეტს აღარ მოვინდომებო. თუ ასე იტყვის, იქ დამთავრდება მისი მოღვაწეობაც. ეს ქრისტიანსაც ეხება. ჩვენ მთელი ცხოვრება ქრისტესთან შესახვედრად უნდა ვშრომობდეთ, მისკენ ვისწრაფოდეთ, რომელმაც მოგვცა მისაბაძი მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ.

მარხვა იმისთვისაა, რათა კარგად დავინახოთ საკუთარი არასრულყოფილება და სულიერი დაცემულობა. ამასთან ერთად, ისიც უნდა დავინახოთ, თუ როგორი მშვენიერია ქრისტე და როგორ უნდა ვისწრაფოდეთ მისკენ, განვიწმინდოთ, მისი მადლით განვნათლდეთ და სრულყოფილების გზაზე დავდგეთ.

41-ე ფსალმუნის ერთერთ მუხლში ვკითხულობთ, თუ როგორ ამსგავსებს წმ. დავითი ადამიანის სულს ირემს. ძველი განმარტებლები ამბობდნენ, რომ როდესაც ირმები ბალახს ძოვენ, ბალახთან ერთად მრავალ პატარა გველს ყლაპავენ, რომელთა შხამიც მათში ძლიერ წყურვილს იწვევს და ისინიც ამ დაუოკებელი წყურვილის დასაკმაყოფილებლად წყლისკენ გარბიან. ეს არის მშვენიერი მაგალითი, რომელიც შეიძლება, რომ ჩვენს სულიერ ცხოვრებას მივუსადაგოთ.

შხამიანი გველები – ის ცოდვები, მანკიერებები და უძლურებებია, რომლებიც შემდეგ ჩვენს სულს აზიანებენ და ამიტომაც, ჩვენც სასიცოცხლოდ გვესაჭიროება, რომ ეს წყურვილი ცოცხალი წყლის წყაროდან დავიოკოთ. ამიტომაც, ვისწრაფოთ ამ ცოცხალი წყლის წყაროსკენ – იესუ ქრისტესკენ, რომელიც ერთადერთია, ვისაც ამ მოწამლულობისგან ჩვენი გადარჩენა შეუძლია.

წყარო: https://velikiypost.paskha.ru

სტატიაში გამოყენებული მთავარი ფოტო გადმოწერილია საიტიდან https://www.stanthonysmonastery.org/ .