განსაცდელების გამძაფრება – წმინდა იოსებ ისიქასტი – ცხოვრება და სწავლება

განსაცდელების გამძაფრება – წმინდა იოსებ ისიქასტი – ცხოვრება და სწავლება

თავი პირველი: ცხოვრება · განსაცდელების გამძაფრება

საღმრთო მადლის ყოველი გადაჭარბებული მოხილვა, როდესაც ეს იმათ მიმართ ხდება, რომლებიც სისტემატურად იღვწიან, არის ჯილდოს მსგავსი რამ, ნაბიჯი წინ, რაც აშკარად ზრდის მათ ჭვრეტით, რწმენას1. ასეთი მოვლენა დამწყებთათვის ბრძოლის გამძაფრებას მოასწავებს, ხოლო წინ წასულთათვის – საღმრთო განათლების მომატებას.

ვახსენე სიტყვა „სისტემატურად" და შევეცდები ღმერთის შიშით მოკლედ განვმარტო, რა სისტემასა და ეტაპებზეა ლაპარაკი. საღმრთო მადლი ყველა მორწმუნეს, რომლებიც ცდილობენ სინდისის სისუფთავით იცხოვრონ, შეეწევა, მოიხილავს, ანუგეშებს, ამხნევებს. თითოეულს აძლევს იმას, რაც მას განსამტკიცებლად და სანუგეშოდ სჭირდება. ყოველი ასეთი დახმარება უნიკალურია, არ მეორდება, არ გრძელდება, ეკუთვნის ღმერთის ქმნილებებზე ყოველმხრივი მზრუნველობის სფეროს. მაგრამ მათ მიმართ, რომელთაც ღმერთის სიყვარულისა და მტკიცე რწმენის გულისთვის ყველაფერი უარყვეს, საკუთარი ბუნებაც კი, და ზედმიწევნით და ყურადღებით ცდილობენ წმიდა მცნებების დაცვას, საღმრთო განგების მოქმედება არ შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ დროდადრო ან აბსტრაქტულად ანუგეშოს, ან რამე კონკრეტული გასაჭირისგან იხსნას. ასეთ ადამიანებს უფალი განუწყვეტლივ დედობრივი მზრუნველობით ადევნებს თვალყურს და მრავალმხრივ შეეწევა: ხილულად, ზებუნებრივი მოქმედებით, გამოუცხადებს უცნობ და დაფარულ საიდუმლოებს; უჩვენებს ეშმაკების მზაკვრობასა და მეთოდებს; ბუნებისა და ცათა სასუფევლის საიდუმლოებებს; კურნავს სნეულებებისგან, ერთ წამში შორ მანძილზე გადაჰყავს; აუწყებს წარსულის, უმეტესად კი, მომავლის მოვლენებს; მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მათ სულიერ წინსვლას შეეწევა.

როდესაც საღმრთო მადლი ადამიანს მოუწოდებს, მასში მოშურნეობას, მხურვალებას, სულიერ სითბოსა და წმიდა კრძალულებას შობს. ეხმარება მრავალმხრივ ჭირთათმენაში, დაწვრილებით განუმარტავს, თუ როგორ უნდა დაიცვას საღმრთო მცნებები, რომელთა არსიც მდგომარეობს ღმერთის ნებისადმი მორჩილებაში. როდესაც, მადლის შემწეობით, ადამიანი ამას თავს გაართმევს, მაშინ ცოდვილი, ბუნების საწინააღმდეგო ცხოვრებიდან გადაჰყავს ბუნებრივ ცხოვრებაში. ამ ეტაპზე კაცს რწმენაში ეჭვი აღარ ეპარება, არ ურჩობს და არ სცოდავს2. მაშინ საღმრთო მადლი მას ძალას აძლევს იმისთვის, რომ ბიწიერი წარსულის გამო იტიროს და იგლოვოს. ამგვარი სწორი სინანულის3 გამო ანიჭებს ჩადენილი ცოდვების მიტევებას4 და გადაჰყავს საღმრთო განათლების ეტაპზე, რადგან გაწეული ღვაწლის განმავლობაში მოხდა ადამიანის თავდაპირველი განწმედა. ამ, მეორე, ეტაპზე საღმრთო მადლი მოიცავს ადამიანს და შესაბამისად აღზრდის. ამგვარად, ნელ-ნელა ნათლდებიან და აღწევენ სიწმიდის ეტაპს, ჭეშმარიტ თავმდაბალ ზრახვას*(ჭეშმარიტ თავმდაბლურ აზროვნებას), ხოლო ყველა წარმატებასა და ზოგადად ყველაფერს ღმერთსა და ღმერთის სახიერებას მიაწერენ, რომელიც შემოდის ადამიანების მდგომარეობაში, რათა არაარსნი არსად*(არარსებულები არსებულებად) გახადოს და უსასყიდლოდ, „მუქთად“ აცხოვნოს.

ჩვენი მოძღვრისთვის ის საღმრთო მოხილვა უფრო მძაფრი განსაცდელებისა და სასტიკი ბრძოლის მომასწავებელი გახდა. მშვიდად რამდენიმე დღე იყო, შემდეგ კი დემონების ვერაგობა გაიზარდა. თითქმის ყოველ საღამოს ეშმაკები ხილულად ეცხადებოდნენ და ხმლებითა და ცულებით ცდილობდნენ შეეშინებინათ, მამა იოსები კი თავს უფლისა და ღმრთისმშობლის სახელების მოხმობით იცავდა. „სტანჯენ*(ჰგვემე) მტერნი სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა“5 – წერს იოანე კიბისაღმწერელი. იმისათვის, რომ მხნე მონაზვნებმა გაიგონ, თუ რა სიძულვილი აქვთ შურიან ეშმაკებს ადამიანთა მიმართ, ღმერთმა დაუშვა, რომ რამდენჯერმე ხილულად გალახეს ჩვენი მოძღვარი. ერთხელ, ზამთრის თოვლიან ღამეს ჭინკებმა ბერის ქოხის სახურავი ხეებიან-ქვებიანად ჰაერში აისროლეს და ამგვარად, ჩვენი მამები თოვლში, თავშესაფრის გარეშე დარჩნენ.

იმავდროულად, ბერ იოსების ხორციელი ბრძოლა გაორმაგდა. გვიამბობდა:

— ვტიროდი, უზომოდ ვმარხულობდი, მაქსიმალურად ვიკლებდი ძილს, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. ცოტა ხნით შენელდებოდა ხოლმე შემოტევები, შემდეგ კი ისევ განახლდებოდა. იმდენს ვირტყამდი ჯოხს, რომ წელს ქვემოთ, ფაქტობრივად, სულ გავშავდი, მაგრამ ბრძოლა მაინც გაორმაგებული იყო. ერთადერთ ნუგეშად ლოცვა და ცრემლები მქონდა. მაგრამ ვხედავდი, რომ ვნება მოქმედებდა ჩემში და უკან არ იხევდა. როდესაც მადლი თავის თანყოფნას გვაგრძნობინებს, მაშინ ადამიანი ყველაფერს უმკლავდება, მაგრამ, როდესაც აღმზრდელობითი მიზნით არ გვაგრძნობინებს თავის თანყოფნას და თითქოს იმალება, მაშინ კაცი იმედს კარგავს, მოშურნეობა უნელდება, რწმენაც კი ერყევა. ესენია სულიერი ცხოვრების ყველაზე მტკივნეული მომენტები, რამეთუ, ღმერთი თუ არ დაეხმარა კაცს ამ მომენტებში, ადამიანი თვითონ ვერ უძლებს. დიდი შეწევნაა, თუ გვერდით იგულებს თანამოაზრე და გამოცდილ ძმებს – მაშინ ახდება წმიდა წერილის სიტყვები: „ძმაჲ ძმისაჲ შემწე, ვითარცა ქალაქი ძლიერი და მაღალი“6, მაგრამ თუ საწინააღმდეგო ხდება, მაშინ? ამის ნაცვლად ძმები უპასუხისმგებლოდ ცდილობენ დაცინვითა და აბუჩად აგდებით იმედგაცრუება დათესონ შენში (რასაკვირველია, არ იციან, შენ რა ყოფაში ხარ). მაშინ აღწევს ადამიანი ტკივილის მწვერვალს. ერთი მხრივ, იმის გამო, რომ ჩემს პირად ბრძოლებში ვიყავი ჩართული, ხოლო მეორე მხრივ, რათა უკან არ დამეხია მდუმარების პროგრამის დაცვაში და ზოგადად, მოშურნეობა შეგვენარჩუნებინა, ძალიან შევზღუდეთ გარე ურთიერთობები და სულიერი მამის გარდა არავისთან დავდიოდით. ჩვენი გაცვეთილი კაბები ზედ შემოგვადნა, რადგან არ ვმუშაობდით. მონასტრებში რომ გვევლო, მოგვცემდნენ ახლებს, მაგრამ თავს ვარიდებდით, რათა მწირობა* (უცხოობა) შეგვენარჩუნებინა და კადნიერი ურთიერთობებისთვის აგვერიდებინა თავი. ამგვარად, ჩვენი ასეთი განწყობის გამო შინაგანი და გარეგანი ბრძოლაც გავზარდეთ. მამა არსენი ლავრაში მიდიოდა ხოლმე, იქ საჭმელს აძლევდნენ და ასე გაგვქონდა თავი, მე კი ვეომებოდი ჩემს თავს, სატანას და იმ ყველაფერს, რაც ბრძოლას ახანგრძლივებდა; განუწყვეტლად ვემუდარებოდი ქრისტესა და ჩვენს უხრწნელ დედოფალს, რომლის მიმართაც თავიდანვე განსაკუთრებული სიყვარული და კრძალულება მქონდა: „დედოფალო, ჩვენო დედოფალო! შენ ხარ ქალწულების მფარველი და იცი, რომ არასდროს მიუზიდია ჩემი გული სხეულებრივ ცოდვას. მას მერე, რაც შენი ძე შევიცანი, ჩემს თავს კანონად დავუდე, უბიწოება შევინარჩუნო იმდენად, რამდენადაც ეს ადამიანისთვისაა შესაძლებელი. მაშ, რატომღა მაიძულებს ეს ვნება ასე ძლიერად და დაჟინებით? ნუთუ ჩემი შემართება უნდა მოდრიკოს?“

» ამგვარად დამძიმებული ჩემი ქოხისკენ გავეშურე, დავკეტე კარი და ჩემს პატარა სკამზე დავჯექი, რათა გონებამოკრებით მელოცა. ნელ-ნელა დავმშვიდდი. უეცრად მომესმა, თითქოს კარი გაიღო, მაგრამ არ განვძრეულვარ, რადგან ვიფიქრე, მამა არსენი იქნება-მეთქი. მაგრამ მოულოდნელად ვიგრძენი, რომ ვიღაც ქვედა კიდურებს მიღიზიანებდა. თვალები გავახილე და რას ვხედავ? სიძვის ბინძური სული! ზუსტად ისეთი, როგორსაც მას წმიდა მამები აღწერენ: მელოტი, ბინძური თავით, პატარა წვეტიანი რქებით, ფერმკრთალი, ბოროტებით სავსე მრგვალი და ჩაწითლებული თვალებით, ჭუჭყიანი სხეულითა და ტახის ბეწვით. იმწუთას მთელი ძალით ვეცი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერ დავიჭირე, თუმცა ხელებზე დამრჩა მისი უხეში კანისა და სიმყრალის შეგრძნება, მთელი გარემო კი გოგირდის და ტალახის სუნით ამყრალდა. მაშინვე გაქრა. იმ წუთიდან მოყოლებული, ქრისტეს და ღმრთისმშობლის მადლით, ბრძოლის სიმძიმე გამშორდა, გულისსიტყვები დამიწყნარდა და თავს ჩვილი ბავშვივით ვგრძნობდი, რომელმაც არც კი იცის, რა არის ხორციელი ვნება. მაშინ მოსე წინასწარმეტყველის ძლევის გალობა შევწირე ღმერთს, რომელმაც „ცხენები და მჴედრები შთასხია ზღუასა“7. მთელი ღამე სიხარულსა და უფლის დიდებაში გავატარე, რომელმაც არ უგულებელყო ჩემი არარაობა და „არა მიმცნა. ჩუენ ნადირად კბილთა მტერთასა"8.

» გამთენიისას, როდესაც წავიძინე, ღმერთმა მიჩვენა ვნებების წინააღმდეგ ბრძოლისა და ომის მნიშვნელობა – როგორ ებრძვის და ატყვევებს ადამიანს: თავი ერთ მაღლობზე ვიხილე, ჩემ წინაშე კი ზღვისმაგვარი უკიდეგანო ველი იყო გადაშლილი. დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ უამრავი ადამიანი მიდიოდა, უმეტესად, მონაზვნები. მათ წინ, ველის მთელ ტერიტორიაზე, მახეები იყო დაგებული, ისინი კი, უდარდელად მიაბიჯებდნენ და მახეებში ეგებოდნენ: ზოგი ფეხით გაებმებოდა, ზოგი ხელით, ზოგი ყელით, ზოგი მუცლით, ზოგი ქვემო ნაწილებით, ერთი სიტყვით, თითოეული სხეულის სხვადასხვა ნაწილით. როდესაც ხაფანგში ეხვეოდნენ, თითქოს ფხიზლდებოდნენ და ისე საბრალოდ იწყებდნენ ტირილს, რომ მეც მათთან ერთად ვტიროდი. მაშინ დავინახე, რომ ველი შუაში გაიხსნა და ორმოდან ერთი საზიზღარი შავი არსება ამოვიდა, ძალიან მაღალი და აგრესიული, ენაგადმოგდებული, რომელიც სარკასტულად იცინოდა და ტკბებოდა იმით, რომ უბედური ადამიანები მის მახეებში ებმებოდნენ. მაშინ მივხვდი ვინ იყო ის და რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, გულისტკივილით ამოვიოხრე: „ვაი ჩვენს მოდგმას, რომ ეს საშინელი გველეშაპი გვებრძვის, თანაც ასეთი სიშმაგითა და მანიით“.

ჩვენი ცხონებული მოძღვრის ცხოვრების ამ აღწერას, მორფოლოგიურ და სინტაქსურ ნაკლთა გარდა, მოვლენების თანმიმდევრობის არქონაც ახასიათებს, რამეთუ არასდროს გვიფიქრია, რომ ამას დავწერდით და შესაბამისად, არაფერს ვინიშნავდით ქაღალდზე. თვითონ ბერსაც თანმიმდევრულად არასდროს მოუყოლია თავისი ცხოვრება, არამედ ყოველდღიურ საუბრებში, როდესაც ცდილობდა სულიერად დავერიგებინეთ და გავემხნევებინეთ მონაზვნურ გზაზე, ჩვენი ბრძოლისა და კითხვის მიხედვით, რამეს თავისი პირადი გამოცდილებიდანაც გვეუბნებოდა, რითაც წმიდა წერილისა თუ წმიდა მამების სიტყვებს კიდევ ერთხელ ამტკიცებდა. ერთხელ ვიფიქრე მისი ლოცვა-კურთხევის გარეშე რაღაცები ჩამენიშნა. ბერი მიხვდა და აღარაფერს გვიყვებოდა. ერთი სიტყვით, შესაძლოა მოვლენები არ იყოს ისტორიული თანმიმდევრობით აღწერილი. გვსურს პატივი მივაგოთ ჩვენი მოძღვრის თავმდაბლურ განწყობას და არავის მივცეთ საბაბი იმის ფიქრისა, რომ მისი „ერულად წარმოჩენა“ ან ეფექტის მოხდენა გვსურდეს. მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს: თანამედროვე ბერების ცოცხალი მაგალითებით საკუთარი თავიცა და მოყვასიც გავამხნევოთ სულიერ ღვაწლში, უმეტესად კი, მათი გამოცდილება ძვირფასი ნადავლის სახით გავუზიაროთ მორწმუნეებს. დღევანდელ დღეს, როდესაც ხალხს სწორი ორიენტირები დაკარგული აქვს და სულიერი არცოდნის გამო იტანჯება, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, წმიდა მამების ცხოვრებებსა და გადმოცემაში ყველაფერი უნაკლოდაა დაუნჯებული და არ არსებობს სულიერი საკითხი, რომელიც დაწვრილებით და ამომწურავად არ ჰქონდეთ განხილული, შესაბამისად, ჩვენც ახალს არაფერს ვწერთ – პირიქით, ჩვენი თხრობა წმიდა მამების სწავლების კიდევ ერთი დასტურია, მაგრამ ის, რომ მათ მიერ დასახულ ცხოვრების წესს ვხედავთ ჩვენს დროში საქმით აღსრულებულს, და არა სხვათა მოთხრობილს, უფრო მეტად გვამხნევებს. ერთია, წიგნში წაიკითხო მრავალი საუკუნის წინ მომხდარი მოვლენების შესახებ, და სულ სხვა რამ არის, ცოცხალი სიტყვა მოისმინო იმათგან, ვინც თვითონ გამოსცადა ეს ყველაფერი. ვიმეორებთ, რომ ყველაფერი, რაც კი პრაქტიკულ მონაზვნურ ცხოვრებას შეეხება, წმიდა მამების წესებსა და დარიგებებში მკაფიოდაა განსაზღვრული, მაგრამ თანამედროვე ადამიანები ბევრ რამეს გაუცნობიერებლად აკეთებენ, ბევრ რამეს გადაჭარბებად ან მიუღწევლად მიიჩნევენ, ზოგს კი ზედმეტად და განუხორციელებლად; ცოცხალი მაგალითი ყველა კითხვაზე იძლევა პასუხს.

არავის ეგონოს, რომ ოდესმე შეძლებს სულიერი ადამიანის [შინაგანი] ცხოვრება აღწეროს, რამდენი ხანიც არ უნდა იცხოვროს მასთან და რაც არ უნდა მოისმინოს მისგან. გული, რომელსაც საღმრთო სიყვარულის ცეცხლი მოედო; გონება, რომელიც საღმრთო გამონათებით განათლდა; სხეული, რომელსაც მრავალმხრივი ჭირთათმენისა და შრომისმოყვარეობის ბეჭედი ადევს და იმ ტკივილითაა გაჟღენთილი, რომელიც სინდისის სუფთად დაცვას სჭირდება; სული, რომლისთვისაც ცრემლები პური გამხდარა დღედაღამ9 — ბუნებრივ კანონებს აღემატება და ჩვეულებრივი ადამიანური კატეგორიებით არ აიხსნება. ამიტომაც წერს პავლე: „სულიერი [ადამიანი] განიკითხავს ყოველსავე, და იგი არავისგან განიკითხვის"10.

რამდენადაც, უფლის კაცთმოყვარებით, იმატებდა საღმრთო მადლი, სულიერი შემეცნება და გამოცხადებები, იმდენად სასტიკ სახეს იღებდა განსაცდელებიც. ბერი გვიამბობდა:

— გადავწყვიტეთ, უმეტესი დრო კალივაში დავრჩენილიყავით და გამოკეტილებივით გვეღვაწა – ის, რაც ყოველთვის მომწონდა. ამიტომ ვიფიქრეთ, სხვა მამების მსგავსად, ზაფხულობით ხორბალი მთელი წლისთვის მოგვემარაგებინა. ათონის სხვადასხვა პატარა ნავსაყუდელებში (სკიტებს კიბეებით რომ უკავშირდება) ზაფხულობით ერიდან სხვადასხვა, ყველაზე აუცილებელი პროდუქტები მოჰქონდათ ხოლმე ნავებით, მამებს წინასწარ აფრთხილებდნენ და თითოეული მათგანი ჩადიოდა და იმას იღებდა, რაც სჭირდებოდა. მონასტრებში ასე არ ხდებოდა, რადგან მათ თავიანთი მეტოქები ჰქონდათ და მთელი წლის სანოვაგეს იქიდან იმარაგებდნენ. ჩავედით მე და მამა არსენი ჩვენს პატარა ნავსადგურში11, რათა ხორბალი გვეყიდა. თითოეულმა ოცდახუთოყიანი12 ტომარა, ანუ ოცდათორმეტი კილოგრამი, მოვიკიდეთ ზურგზე და ჩვენს საცხოვრებელში დასაბრუნებლად აღმართს შევუდექით. იმისთვის, რომ ჩვენი განრიგი არ დაგვერღვია, მარხვა იმ დღესაც დავიცავით, ანუ ბიზანტიურ მეცხრე ჟამამდე*(ზაფხულში დაახ. 18:00) არ გვეჭამა, არამედ მხოლოდ მწუხრის შემდეგ უნდა გვეხმია საზრდელი. დავიწყეთ თუ არა აღმასვლა იმ ციცაბო ფერდზე, მზემაც დააჭირა, რადგან შუადღე იყო და მივხვდი, რომ თავს ვერ გავართმევდი. იმდენად მოუძლურებული იყო ჩემი სხეული, რომ ხელცარიელიც ძლივძლივობით დავდიოდი, ახლა კი აღმართზე, ამხელა ტვირთით და უჭმელ-უსმელი, რისი გამკეთებელი ვიყავი? ერთი-ორჯერ ვაიძულე თავს, მაგრამ ამაოდ. „არსენი, – ვუთხარი, – აქ დავტოვებ ტომარას და წავიდეთ, აღარ შემიძლია“. თანაც ისეთ უძლურებას ვგრძნობდი, რომ იმასაც კი ვეჭვობდი, უტვირთოდაც მივაღწევდი თუ არა. შევჩერდი და ცრემლები წამომივიდა: „შენ, უფალო, ყველაფერი იცი და ყველაფერი შეგიძლია“ ამის თქმა იყო და ნუგეში ვიგრძენი. ისევ მოვიკიდე ტომარა და მამა არსენს ვუთხარი, გზა განვაგრძოთ-მეთქი. მანაც შემომხედა გაოცებულმა და დუმილით გზა განვაგრძეთ. მთელი გზა, ჩვენს კალივამდე, ვგრძნობდი, რომ ვიღაცას უკნიდან მოჰქონდა ტომარა, ხოლო მე ხელცარიელი ავდიოდი.

ასეთ ამბებს გვიამბობდა ხოლმე ჩვენი ნეტარი მოძღვარი, რითაც სულმოკლეობის დროს გვამხნევებდა. კიდევ ერთ შემთხვევას მოგიყვებით ბერის თავგანწირვის შესახებ, რათა მოღვაწეების სულებში მოშურნეობა აღვძრათ, მანამდე კი მცირე შესავალს გავაკეთებთ.

ვისთვისაც უცნობია, თუ რას ნიშნავს საღმრთო მოშურნეობა – ის, რასაც წმ. ისააკ ასური „თრობას“ უწოდებს – დაუჯერებელი და გაუგებარია ის მოქმედებები, რომლებსაც ეს სულიერი ღვინო გამოიწვევს. ეს თრობა გამოსცადა ყველა წმიდანმა, რომელთაც უდრტვინველად მოითმინეს სასტიკი განსაცდელები, როგორც პავლე მოციქული აღწერს13. განსაკუთრებით ეს წმიდა მოწამეებს ეხება – ისინი საღმრთო სიყვარულის ღვინომ დაათრო და ამიტომ სატანური გამომგონებლობის მიერ შექმნილი ისეთი საშინელი ტანჯა-წამება გამოიარეს, რომ მათი სმენაც კი ზარავს ადამიანს. მაგალითად, ადამიანის სხეული, რომელიც ბუნებრივად ისეთი ფაქიზია, რომ მზის სითბოსაც კი ძლივს იტანს, მგზნებარე ცეცხლს უძლებდა ამ წმიდა თრობის ძალით. სხვა სატანჯველებს აღარ შევეხები, რომლებიც მხოლოდ ეშმაკის გონებას შეიძლება მოეფიქრებინა ადამიანისთვის მაქსიმალურად მტკივნეული სიკვდილის მოსაგვრელად. როდესაც ქრისტიანთა წინააღმდეგ პირველი დიდი დევნა დასრულდა*(Ill-lV სს-ის მიჯნაზე), რომლის დროსაც მოწამეები, ამ საღმრთო სიყვარულით მთვრალნი, საკუთარი სხეულის ნაწილებსაც კი მხნედ სწირავდნენ ჭეშმარიტების აღსარებისთვის, ადგილი დაეთმო უსისხლო მოწამეობას იმ უცნობ მოწამეთა, აღმსარებელთა და მონაზონთა სახით, რომელთაც გულებში პირველი მოწამეების ცეცხლი ენთოთ. ისინი უხმაუროდ და დუმილით განეშორებოდნენ საზოგადოებრივ ცხოვრებას და არა მარტო "არა-წმიდას”14 არ ეხებოდნენ, არამედ ბუნებრივ უცოდველ მოთხოვნილებებსაც კი მინიმუმამდე ზღუდავდნენ. ერთი ერთზე ელაპარაკებოდნენ ღმერთს, რომელმაც მათ მოუწოდა, და ებრძოდნენ უძველეს ურჩხულს15, რომლის ციხე-სიმაგრეებს ერთი მეორის მიყოლებით არღვევდნენ და ანადგურებდნენ. მათი ერთადერთი საზრუნავი იყო ქრისტესადმი მორჩილება და დაქვემდებარება. სწორედ ამის გამო ითმენდნენ სინდისის მოწამეობას16 და არაფრად აგდებდნენ სირთულეებსა და წინაღობებს. შეჭირვებულები, შევიწროებულები, დევნილები, როგორც მწირები, ცხოვრობდნენ გამოქვაბულებსა და ხვრელებში, ზოგჯერ კი ღია ცის ქვეშაც, და თავიანთ მწირ ბუნებრივ მოთხოვნილებებზეც კი არ ზრუნავდნენ. მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდათ: ღმერთი სრულად შეეყვარებინათ17. ისინი საღმრთო თრობას მოეცვა და ამიტომ „ამაღლებაჲ ღმრთისაჲ პირსა შინა მათსა“18 იყო მუდმივად. ისეთი თავგანწირვა ჰქონდათ, რომ დღევანდელ ადამიანს ამის მოსმენაც კი უჭირს, მაგრამ სწორედ ასეთი განწყობით შეძლეს მრავალმხრივი აღმსარებლობის ჯვარი ეტვირთათ. სრულყოფილად დაიცვეს ორჯერ – ნათლობასა და აღკვეცაში – დადებული აღთქმები და ამიტომაც კადნიერებით მათ მიერ შეყვარებულ უფალთან ერთად შევიდნენ იქ, „სადა-იგი* (სადაც) წინამორბედად ჩუენთჳს შევიდა იესო19, რომელმაც მათ მუდმივი და მარადიული ხსნა მიანიჭა.

ეს შესავალი იმის ასახსნელად დაგვჭირდა, თუ რამდენად შეუძლებელია, კაცმა საკმარისად აღწეროს იმ ჭეშმარიტ მონაზონთა ღვაწლი, რომელთაც ჩვენი სულიერი მიოპია20 ვერ სწვდება. ვუბრუნდები თხრობას.

ჩვენმა მოძღვარმა სიცოცხლის ბოლოს ნება დაგვრთო ცოტათი მოვმსახურებოდით, მანამდე კი ძალიან მკაცრი იყო საკუთარი თავის მიმართ. ერთხელ მეტად გაოფლიანდა და ამიტომ მომცა უფლება, ზურგი პირსახოცით შემემშრალებინა. მაშინ მის სხეულზე მოშუშებული იარები ვიხილე და გავიკვირვე, რადგან ვიცოდი, რომ რამე მძიმე სნეულება ან ჭრილობა არასდროს გადაუტანია. ცნობისმოყვარეობის გამო ვკითხე, რა ღრმულები ჰქონდა ზურგზე, რომლებიც რვაფეხის საცეცების ღრმულებს ჰგავდა. ბერმა გვითხრა, რომ, როდესაც წმიდა ბასილის სკიტში მოღვაწეობდნენ, არასდროს იცვლიდა სამოსს, მაისურსაც კი, ხოლო მისი სხეული მძიმე შრომასა და ოფლს მიჩვეული არ იყო. ამის გამო მუწუკებით გაევსო ზურგი, რაც ძალიან გამაღიზიანებელი იყო.

ყურადღებას მაინც არ ვაქცევდი, — გვიამბობდა იგი, ხოლო ძალიან რომ შემაწუხებდა ხოლმე, კედელს ვეყრდნობოდი და ვაწვებოდი. მიუხედავად ამისა, მუწუკები გაიზარდა და რაღაც სითხით გაივსო. ერთხელ ივერთა მონასტერში21 ჩავედი, სადაც დორვა ორცხობილით გაგვივსეს. მოვიკიდე ჩანთა და უკანა გზას გავუდექი. გზაში, როგორც ჩანს, მუწუკები გასკდა, რადგან ვიგრძენი, რომ მაისური სხეულზე მიმეწება. მიუხედავად ამისა, ყურადღება მაინც არ მიმიქცევია – ჩვევად მქონდა, ყველაფერი უფლისა და ღმრთისმშობლის მზრუნველობისთვის მიმენდო. ნელ-ნელა იარები მომიშუშდა, ხოლო მაისური გაცვდა და ჩამოვარდა.

როდესაც მოძღვარმა შეამჩნია, რომ შევცბით, გაგვიღიმა და დასძინა:

— საკუთარი თავის სიყვარულის წინააღმდეგ ბრძოლა სასტიკია, თუმცა, ღმერთის მადლს ყველაფერი შეუძლია. თუკი ადამიანი, განსაკუთრებით, მოღვაწეობის დასაწყისში, თავის თავთან მკაცრი არ იქნება, სიმხდალე და საკუთარი თავის შეცოდების სურვილი ხელ-ფეხს შეუკრავს. თუ კაცი განსაცდელების ზღვაში მარტოოდენ ღმერთისადმი რწმენით და ამასთანავე, უკანმოუხედავად არ შევიდა, ღმერთის მხრიდან აშკარა შეწევნას ვერ მიიღებს, როგორც წმიდა მამები წერენ, ნაბიჯსაც ვერ გადადგამს წინ (ამ შემთხვევაში ღირს ისააკ ასურს გულისხმობდა, რომლის წიგნიც მუდამ თან დაჰქონდა). თუკი გონება ღმერთის შეწევნას აშკარად არ იხილავს, რასაც „საღმრთო დახმარების გამოცდილება“ ჰქვია, თავგანწირვას ვერ მოიპოვებს და თავის შეცოდების მიზეზები არასდროს გამოელევა. ამგვარად, სულ მუდამ ორჭოფობაში იქნება და საბოლოოდ, კომპრომისებზეც დათანხმდება. ამიტომ მშიშარები ნუ იქნებით, განსაკუთრებით, დასაწყისში. საღმრთო მადლი იმათ ეხმარება, ვისაც მტკიცე რწმენა აქვთ და ღმერთის მცნებების დაცვისა და სიყვარულისთვის თავგანწირვის ზღვაში უშიშრად შედის. როდესაც გონება დარწმუნდება, რომ ღმერთი ნამდვილ მორწმუნეებს ეხმარება, მაშინ სხვა სახის რწმენაზე გადადის. ეს აღარაა შესავალი, ჩვეულებრივი, ანუ „სმენის რწმენა“, არამედ როგორც მამები ამბობენ, ეს არის „ჭვრეტის რწმენა“. ეს ის პირველი ეტაპია, როდესაც ადამიანი მრავალთაგან გამორჩევას იწყებს. თუ იგი სულიერად უცოდინართა და ზარმაცთა დაცინვების გამო უკან არ დაიხევს, მაშინ უცნობ და უჩინო აღმსარებელთა „ვიწრო და საჭირველ გზაზე“22 წინ წაიწევს. და მართლაც, ნეტარი იქნება, თუკი სულიერი წინამძღოლიც ეყოლება, რომელიც მას გზას ასწავლის, გაამხნევებს და დააჯერებს, რომ, ღმერთის მადლით, წინსვლის გზაზე დგას. მე არავინ მყავდა, რომ ჩემი გაეგო. ამიტომაც მცირედმორწმუნეობა, რასაც უმეცრება იწვევს, ძალიან მტანჯავდა. ამის გარდა, იმათ დაცინვასაც ვიტანდი, ვინც ყველა მოღვაწეს დასცინის.

შენიშვნები

  1. „ჭვრეტით (ან ჭვრეტის)“ რწმენას (ბერძ. rioth the empias) წმიდა მამები უწოდებენ იმ რწმენას, რომელიც საწყისი, „სმენით (სმენის) რწმენისგან“ (ბერძ. rioth the acorns) განსხვავებით, ეფუძნება არა სხვის ნაქადაგებსა თუ მოყოლილს, არამედ უშუალოდ პირად გამოცდილებას; ადამიანი სულის თვალებით ხედავს (ჭვრეტს) ღმერთის უშუალო მოქმედებას თავის ცხოვრებაში (იხ. გვ. 87). ↩
  2. ცხადია, რომ ლაპარაკია სასიკვდილო და უხეშ ცოდვებზე, საქმითა და სიტყვით ჩადენილებზე. ↩
  3. სინანული (ბერძ. perávoia – გონების შეცვლა) არ ნიშნავს უბრალო მონანიებას, გულის დაწყვეტას ჩადენილი შეცდომის გამო, არამედ აზროვნების ძირფესვიან შეცვლასა და ღმერთის წმიდა მცნებებს მისადაგებას. ↩
  4. ცოდვა აღსარებაში მოგვეტევება, მაგრამ ადამიანი უნდა გაისარჯოს იმისთვის, რომ ცოდვის მიერ დატოვებული სულიერი იარები მოიშუშოს ანალოგიური, ნებსითი თუ უნებლიე, სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის მეშვეობით. ↩
  5. კიბე, სიტყვა 21,10 (ბერძნულში 20,6), მოშიშობისათვის (შიშის შესახებ). ↩
  6. იგავ. 18,19. ↩
  7. გამ. 15,1. ↩
  8. იხ. ფსალმ. 123,6. ↩
  9. შეად. ფსალმ. 41,4. ↩
  10. კორ. 2,15. ↩
  11. ამ პატარა ნავსაყუდელს სიტყვა-სიტყვით „ქურდული" ჰქვია (ბერძ.Khético) – სავარაუდოდ, მისი სიმცირის გამო: ისეთი პატარაა, რომ მხოლოდ ქურდი თუ მიაგნებსო. ↩
  12. ოყა (ბერძ. ὀκά) მასის საზომი ოსმალეთის იმპერიაში, უდრის 1,2828 კგ-ს. ↩
  13. იხ. ებრ. 11,33-38. ↩
  14. იხ. 2 კორ. 6,17. ↩
  15. იხ. გამოცხ. 12,9; 20,2. ↩
  16. სინდისის მოწამეობა, მოწმობა – იმისთვის, რომ სინდისის სისუფთავე, „სინდისის კეთილი მოწმობა“ შეინარჩუნოს (ან არ შესცოდოს, ან შეცდომა გამოასწოროს), ადამიანს ურჩევნია ზედმეტად გაიტანჯოს, იწვალოს, დისკომფორტი მოითმინოს, ვიდრე თავის თავს „არა უშავს“ უთხრას და ღმერთის მცნება დაარღვიოს. ↩
  17. იხ. მარკ. 12,30. ↩
  18. ფსალმ. 149,6. ↩
  19. ებრ. 6,20. ↩
  20. მიოპია – ახლომხედველობა; როდესაც ადამიანი შორს კარგად ვერ ხედავს. ↩
  21. ივერთა მონასტერი – ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ქართული სავანე ათონის მთაზე, დაარსებული იოანე, თორნიკე და ექვთიათონელების მიერ. ↩
  22. იხ.მათ. 7,14. ↩
Share