როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძნელია, სწორად აღწერო-დაახასიათო სულიერი პიროვნებები. იმასაც დავამატებდით, რომ დიდი სითამამეა საჭირო, რათა ღმერთის მიერ გონებაგანათლებულთა და სული წმიდით მოსილთა სიღრმესა და სიგანეს ჩასწვდეს კაცი. ხოლო თუ ის, ვინც ამას ცდილობს, თავად არ ფლობს ამ ხელოვნებას და არც შესაბამისი უნარი შესწევს, მაშინ საქმე კიდევ უფრო რთულდება. ამიტომ, სხვა აღარაფერი დაგვრჩენოდა, რომ „უფლისადმი მიგვეტევა. ზრუნვა ჩვენი"1 და მისი „სიტკბოების სიმდიდრის”2 სასოებით მოგვეკიდა ხელი ამ საქმისთვის. იმედი გვაქვს, რომ თავად უფალი აუწყებს ჩვენი ძვირფასი მკითხველების გულებს, თუ რა არის „სივრცე და სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე" იმ სულიერი ჰორიზონტისა, რომელზეც გადადიან და რომელშიც მოძრაობენ ისინი, „რომელნი[ც] სულითა ღმრთისაითა ვლენან“3, გახდებიან რა სამარადისოდ ღმერთის შვილები. „რაოდენთა-იგი შეიწყნარეს, მოსცა მათ ხელმწიფებაი შვილ ღმრთისა ყოფად“4.
ამ სულიერი ჰორიზონტის სფეროში ჩვეულებრივი ლოგიკის ადამიანური კანონები აღარ მოქმედებს. ამიტომაცაა, რომ პავლე სულიერ ადამიანებს ზოგადი რელიგიური ვალ- დებულებებისგან ათავისუფლებს: „მართალსა შჯულ არა უც”5. მაგრამ სულიერი ჩამოყალიბება ერთბაშად არ ხდება და შესაბამისად, სწორედ სულიერი ზრდის პროცესში არსებობს და გამოჩნდება ჩვენი სისუსტეები და ნაკლოვანებები. ყველა ჩვენგანი მოწოდებულია უმეცრებიდან შემეცნებაში, ანუ რწმენასა და სინანულში. ამგვარად, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, სწავლა-განათლების კურსზე შევდივართ, სადაც, რაც წინ მივიწევთ, მით უფრო ვფარავთ უწინდელ ნაკლებს. ამ ეტაპზე მოღვაწეობისას ჭეშმარიტების მხოლოდ ერთ ნაწილს ვხედავთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი წინსვლაცა და სრულყოფილებაც ჯერჯერობით ნაწილობრივია. თუმცა ადამიანი ცდილობს, წვალობს, იღვწის, სისუსტეები და ნაკლები მაინც იჩენს თავს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან უკან დაიხია ან აზრი შეიცვალა, არამედ განვითარების ბუნებრივი პროცესია. თვალსაჩინოებისთვის შეიძლება მზის მაგალითი მოვიყვანოთ: როდესაც ამოდის, ადამიანის მხოლოდ იმ მხარეს ანათებს, რომელიც მისკენაა მიბრუნებული, ანუ ნაწილობრივ მიჰფენს სხივებსა და სითბოს, ხოლო როდესაც შუადღეზე ზეცის შუაგულში მოექცევა, ადამიანის მთლიან სხეულს ფარავს. ამის მსგავსად, სანამ მოღვაწე საღმრთო მადლის სავსებას მოიხვეჭს, ჯერ კიდევ აქვს ბნელი, გაუნათლებელი ნაწილები, ანუ ნაკლები. მიუხედავად ამისა, მადლის სისავსე და სრულყოფილება ყველა ჩვენგანის ცხოვრების მუდმივი მიზანია. იმის გამო, რომ თანამედროვე ადამიანმა არ იცის ეს ჭეშმარიტება, ზოგადად კი, არ გააჩნია სულიერი ცხოვრების პრაქტიკული გამოცდილება, მრავალი კითხვა და ეჭვი ებადება, რომლებსაც ყოველდღიურად ვისმენთ ერის ადამიანებთან საუბრის დროს. სწორი სულიერი გამოცდილების არმქონენი ყოველთვის არასწორად განმარტავენ სიწმიდისა და ღმრთისმიერი სრულყოფილების არსსა და შინაარსს. ამიტომ შიშითა და მორიდებით მოვიყვანთ წმიდა მამათა რამდენიმე აზრს ამ თემის ირგვლივ, რათა უფრო გასაგები გახდეს, თუ რას ნიშნავს სიწმიდე და რა მნიშვნელობა აქვს, საიდან იწყება იგი, რას აღწევს და როგორ მიიღწევა. თითოეულ ადამიანს შეუძლია სიწმიდეს გარკვეული დონით გემო უხილოს, რადგან სრული სიწმიდისკენ მიმავალი მსვლელობა სხვადასხვა საფეხურებისა და ეტაპების გავლას გულისხმობს. თითოეულს, ზოგს მეტად და ზოგს ნაკლებად, შეუძლია და ვალდებულიცაა, რომელიმე ამ საფეხურს მიაღწიოს. გზა, რომელსაც სიწმიდისკენ მივყავართ, არის სინანული, გონების მობრუნება, რამეთუ „ყოველთავე შევცოდეთ და დაკლებულ ვართ დიდებისაგან ღმრთისა“6. სინანულის რაც უფრო მაღალ საფეხურზე ადის ადამიანი, მით უფრო წინ მიიწევს სიწმიდისკენ. ნამდვილი სინანულის არსი სწორედ ამაში მდგომარეობს: ადამიანმა უნდა დაიბრუნოს საღმრთო მადლი, რომელიც ან ცოდვის შედეგად დაკარგა, ან საერთოდ არ ჰქონდა, რადგან ღმერთის რწმენისა და შემეცნებიდან შორს იმყოფებოდა. საღმრთო მადლის დაბრუნება არ არის ნაწილობრივი რამ, არამედ ღმერთის შვილობის სავსება, ის, რასაც ქრისტე თავისი ეკლესიის მეშვეობით ანიჭებს ადამიანს. მორწმუნეებს შეუძლიათ, თუ მოინდომებენ, მათი ძალების შესაბამის სრულყოფილებას მიაღწიონ.
წმიდა მამები ადამიანის სულიერ მდგომარეობას, წინსვლას, სამად ყოფენ. ესაა: განწმედა*(გასუფთავება), განათლება და სრულყოფილება. მესამე მდგომარეობას ეწოდება როგორც სრულყოფილება, ასევე უვნებობა (ანუ ცოდვისმიერი ვნებებისგან თავისუფლება) – იგივე საღმრთო ცოდნა, ღმერთის მიმართ [სრული] სიყვარული. ზოგჯერ „შაბათობადაც“ სახელდებენ, რაც „განსვენებას" ნიშნავს7, რადგან, როგორც ღმერთმა მეშვიდე დღეს „განისვენა" ("დასცხრა") თავისი საქმეებისგან8, ასევე ადამიანიც „განისვენებს“ სინანულის საქმეებისგან.
დიდი მაქსიმე აღმსარებელი მონაზონთათვის ცნობილ სამ ზოგად მდგომარეობას ახსენებს, რომლებიც სიწმიდისთვის მოღვაწეთ ახასიათებთ9. პირველია საქმით არშეცოდება – განწმედის ეტაპი, როდესაც ადამიანი სწორი სულიერი, ანუ ე.წ. „რჯულიერი“ მოღვაწეობით ბუნების საწინააღმდეგო მდგომარეობას განეშორება. მეორე მდგომარეობაა, სულში ვნებიანი გულისსიტყვების არდაყოვნება – განათლების ეტაპი, რომლის ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ გონება ღმერთისმიერ განათლებას იღებს და [ამგვარად] შეუძლია, ვნებიანი აზრები აკონტროლოს. მესამე მდგომარეობა, რასაც სრულყოფილებაც ეწოდება, წმიდა მაქსიმეს თანახმად, მდგომარეობს იმაში, რომ კაცი ქალებისა და მაჭირვებლების სახეებს გონებაში ვნების გარეშე განიხილავს. როდესაც ადამიანი ამ მდგომარეობაში იმყოფება, სული ნამდვილ თავისუფლებას უახლოვდება, რადგან, მასში ვნებიანი აზრები რომც იყოს დარჩენილი, სულის დატყვევების ძალა აღარ აქვთ. ესაა, ფაქტობრივად, სულიერი ცხოვრების მთავარი მიზანი. აზრების სწორ გამოყენებას საგნების სწორი გამოყენება მოსდევს. ამგვარად განქარდება ადამიანში ყოვლისმომცველი ბოროტება, რადგან, თუ კაცი ჯერ გულისსიტყვით (ანუ აზრებში) არ შესცოდავს, მაშინ არც საქმით შესცოდავს არასდროს10.
ამ ყველაფრის შედეგი არის რწმენა, საღმრთო შიში, მოშურნეობა-სიმხურვალე, რომლებიც, უფლის მცნებების ზედმიწევნით დაცვასთან შეერთებულნი, სრულიად ცვლის და განაახლებს ადამიანის სულს. ამგვარად, იგი მთლიანად ღმერთს უბრუნდება, რადგან, როგორც მოციქული ბრძანებს: „დაინთქმევა მოკვდავი ცხოვრებისგან"11. მაშინ ადამიანის საგრძნობლები მხოლოდ და მხოლოდ საჭიროების ფარგლებში იწყებს მოქმედებას12, ექვემდებარება თავშეკავების*(თვითფლობის) კანონს და შესაბამისად, მაცხოვნებელ სულიერ გლოვასა და ცოდვილობის შეგრძნებას გამოიწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ სრულყოფილება ასეთ სულიერ საზომს გულისხმობს, ადამიანს შეუძლია უვნებობას ნაწილობრივაც ეზიაროს. ადამიანმა სრულადაც რომ ვერ მიაღწიოს ამ სამ მდგომარეობას, თავისუფლების გემოს მაინც იხილავს და სიწმიდის გამოცდილებას იძენს. შესაბამისად, მას ძალუძს ზუსტად აღწეროს მადლისმიერი მდგომარეობაცა და მისი საპირისპირო, ცდომილების13 გზაც, სათნოებაცა და მანკიერებაც, ძლევაცა და დამარცხებაც, ზოგადად – უხილავი ბრძოლის საიდუმლოებები.
სხვაგან წმიდა მაქსიმე აღმსარებელი უვნებობის ოთხ საფეხურს გამოყოფს: პირველი უვნებობა არის სხეულის უვნებო დამოკიდებულება საქმით ცოდვისადმი; მეორე – ვნებისმიერი გულისსიტყვების სულიდან სრული მოშორება; მესამე – გულისთქმის სრული უმოძრაობა ვნებების მიმართ; მეოთხე – საგრძნობელი*(საგრძნობლების მიერ აღქმული) წარმოსახვა-ფანტაზიების გონებიდან სრული განშორება14. პავლე მოციქულიც ორი სახის სრულყოფილებას გულისხმობს, როდესაც თავის თავს სრულადაც თვლის და არასრულადაც: „არა თუ ვითარმედ აწვე მომიღებიეს, ანუ თუ აწვე სრულ ქმნულ ვარ"15, მაგრამ იქვე დასძენს: „რაოდენი უკუე სრულნი ვართ, ამას ვზრახვიდეთ“ 16.
ვფიქრობ, ფილოკალიის17 მამათა დახმარებით შევძლებთ უკეთ გავიაზროთ, თუ რას ნიშნავს სიწმიდე და უვნებობა. წმიდა მაქსიმე აღმსარებლის თანახმად, „სიწმიდე არის საგრძნობლებისმიერი გულისთქმის სრული უმოძრაობა და მოკვდინება”18, ხოლო „უვნებობა არის სულის მშვიდობიანი განწყობა, როდესაც სული ბოროტებისადმი ძნელად მიიდრიკება"19. ამბა თალასი წერს, რომ „სრული უვნებობა იმას აქვს, რომელსაც აღარც მატერიალური რამე იზიდავს, აღარც მათი გახსენება აღძრავს“20. წმიდა დიადოქე, ფოტიკის ეპისკოპოსი, ახსენებს, რომ „უვნებობა არის არა ის, რომ დემონები აღარ გვებრძვიან… არამედ: როდესაც გვებრძვიან, [მაგრამ] ბრძოლა არ გვაქვს“21, ხოლო სხვაგან წერს: „სულის სისუფთავე მხოლოდ იმას კი არ მოაქვს, რომ ბოროტებას აღარ ჩავდივართ, არამედ [სათნოებებისა და] სიკეთის გამომუშავებაცაა ამასთან ერთად საჭირო, რათა ბოროტება საფუძვლიანად უარვყოთ“22. წმიდა ისააკ ასური ამბობს: „უვნებობა ის კი არ არის, რომ ადამიანი ვნებებს არ გრძნობს, არამედ ის, რომ არ იღებს მათ. იმის გამო, რომ ადამიანმა მრავალი და მრავალგვარი, ხილული და ფარული სათნოება შეიძინა, მასში ვნებები მოუძლურდა და სულის წინააღმდეგ ამხედრება აღარ შეუძლია, ხოლო გონებას აღარ სჭირდება მათდამი გამუდმებული ყურადღება”23. წმიდა მარკოზ მმარხველი წერს: „გონება, რომელიც ღმერთის მადლით სათნოებების საქმეებს ასრულებს და [ღმერთის] ცოდნას უახლოვდება, მხოლოდ ოდნავ გრძნობს ბოროტებასა და სულის უგნურებას, რადგან ეს ცოდნა მას მაღლა აღიტაცებს და ყოველივე მიწიერისგან უცხოჰყოფს24. კალისტე და ეგნატე ქსანთოპულოების ნაშრომში ვკითხულობთ: „წმიდა ეფრემი [ასური] უვნებობისა და სრულყოფილების შესახებ ასე ბრძანებს: უვნებო ადამიანები მუდამ და დაუოკებლად ისწრაფვიან «სასურველთა სასურველისკენ»*(ანუ ღმერთისკენ), სრულყოფილებას დაუსრულებელს ხდიან, რადგან მარადიულ სიკეთეებს ბოლო არ აქვს“25.
ზემოხსენებული გამონათქვამებით (რა თქმა უნდა, არსებობს სხვებიც) განიმარტება ადამიანისთვის მიღწევადი სრულყოფილება, რაც ფაქტობრივად დაუსრულებელია, რამეთუ, თანახმად მოციქულის სიტყვისა, ახლა „ნაწილობრივ ვიცით და ნაწილობრივ ვხედავთ“26 და როდესაც მომავალში მოვა სრული, მხოლოდ მაშინ „განქარდება ნაწილობრივი“27.
ის, რაც ამ ზღვარამდეა, არის ყველა ადამიანის, როგორც გონიერი არსების, ვალდებულება – ამას მოითხოვს ჩვენი ბუნება. თუ კაცი არ ცდილობს ამ კანონების სფეროში იცხოვროს, მაშინ გონიერებიდან უგნურებისა და ბუნების საწინააღმდეგო ქცევის დონეზე ეშვება. ამას იმიტომ ვამბობთ, რომ არშეცოდება და სათნოებებით ცხოვრება ადამიანისთვის ბუნებრივია, ანუ ყველა ჩვენგანის მოვალეობაა. საღმრთო მადლის კანონი ამის შემდეგ იწყება. რა თქმა უნდა, მადლისმიერი ცხოვრება ბუნებრივი ცხოვრების გაგრძელებაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ არის სავალდებულო ყველა ადამიანისთვის, რადგან ძნელად მიიღწევა, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი ცხოვრების პირობებში. როდესაც უფალს ჰკითხეს, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ვცხონდეთო, მან, უპირველეს ყოვლისა, მცნებების დაცვაზე მიუთითა, ისევე, როგორც მისმა წინამორბედმა და სინანულის ქადაგმა იოანემ. მხოლოდ იმათ, რომლებიც უფალს სთხოვდნენ სრულყოფილების გზა ეჩვენებინა, უბრძანა, მსოფლიოს განშორებოდნენ და მას გაჰყოლოდნენ 28.
ყველა მართალი ადამიანი მცნებების დაცვით იღვწოდა, ანუ პირველ მდგომარეობაში იყო. პავლე ხშირად მათ „წმიდანებს“ უწოდებს, მაგალითად, კორინთელთა მეორე ეპისტოლეში აქაიაში მცხოვრებ წმიდანებს ახსენებს29, ხოლო რომაელთა მიმართ ეპისტოლეში – იერუსალიმში მცხოვრებ წმიდანებს30. ლუკა მახარებელი წერს, რომ იოანე ნათლისმცემლის მშობლები „იყვნეს ორნივე-ესე წინაშე ღმრთისა მართალ და ვიდოდეს ყოველთა მცნებათა სიმართლისა უფლისათა უბიწონი“31.
მაგრამ მას შემდეგ, რაც ღმერთი სიტყვა განკაცდა და მისმა საღმრთო დიდებულებამ კაცობრივი ბუნება მიიღო, ადამიანი სრულყოფილების უმაღლეს საფეხურზე აიყვანა – იქ, სად მყოფობისთვისაც იყო შექმნილი. ღმერთის ხატება და მსგავსება, როგორც პიროვნების საფუძველი, ადამიანს უკვე მემკვიდრეობად ერგო. მას მერე, კეთილშობილი სულები, ღმრთისმსგავსი გულები, ღმრთისნაირი გონებები, მიჰყვებიან რა უფალ იესო ქრისტეს მაგალითს, არა მარტო „მცნებათა რჯულის“32 ანუ ვალდებულების კანონის მიხედვით, არამედ სიყვარულის მცნებით ცხოვრობენ და ხელმძღვანელობენ, ხოლო თავად უფალი შეეწევა მათ და აძლევს მის მიერ აღსრულებულზე დიდი საქმეების ქმნის ძალას33. ამ ქრისტესმოყვარე ადამიანების მთავარი საზრუნავი ხდება ის, რომ „შინაგანსა მას კრეტსაბმელსა“ შევიდნენ, სადაც მათი სიყვარულის ცენტრი, ტკბილი იესო შევიდა34.
ამ მიზნის მისაღწევად ისინი, უპირველეს ყოვლისა, განეშორებიან ცოდვის მიზეზებისა და საბაბების ადგილს*(ერულ ცხოვრებას), რამეთუ ჩვენი ბუნება პირველქმნილთა**(ადამ-ევის) ცოდვის შემდეგ ადვილად მიიდრიკება ცოდვისკენ. როგორც წმიდა ისააკი ამბობს: „უდაბნოებსა და კლდე-ღრეებში მიმოეხეტებოდნენ, გამოქვაბულებსა და ნაპრალებს შეფარებულნი, თითქოს წესრიგის გარეშე ცხოვრობდნენ, თუმცა [ყველაზე] მოწესრიგებულები იყვნენ“35. ღმრთისმოყვარე ადამიანები თავიანთ მოღვაწეობას საფუძვლად თავგანწირვას უდებენ და უარყოფენ არა მარტო მსოფლიოს და ყველაფერ ამქვეყნიურს, არამედ საკუთარ სულებსაც კი. ამგვარად, შიშვლდებიან რა ყველა თავისი ნება-სურვილისგან, თავს მთლიანად უფლის განგებულებას აბარებენ და სულიერი მასწავლებლების ხელმძღვანელობით რჯულიერ (კანონიერ)* მოღვაწეობას იწყებენ. წუთისოფლის ასპარეზზე, ჩვენი დროებითი მკვიდრობის მთელ პერიოდში, მათ „წელი მოსარტყლული აქვთ, ხოლო სანთელი – ანთებული“36, უფლის მცნების თანახმად, და ელიან ძალას მაღლით*(ზემოდან, ზეციდან) და მამა ღმერთის აღთქმულს37 „წმიდა-ყვენ ესენი ჭეშმარიტებითა, რამეთუ სიტყვა, შენი ჭეშმარიტ არს“38. „მე მათ შორის და შენ ჩემ თანა“39, „რაითა სიყუარული, რომლითა შემიყუარე მე, მათ შორის იყოს, და მე მათ თანა“40.
შენიშვნები
- იხ. ფსალმ. 54,23. ↩
- შეად. რომ. 2,4. ↩
- იხ. რომ. 8,14. ↩
- იხ. იოან. 1,12. ↩
- ტიმ. 1,9: „რჯული მართალი კაცისთვის არ დაწესებულა“. ↩
- იხ. ლუკ. 3,23. ↩
- იხ. ებრ. 4,9. ↩
- იხ. დაბ. 2,2. ↩
- სიყვარულის შესახებ თავები 2, 87. ↩
- იქვე. 2,78. ↩
- იხ. კორ. 5,4. ↩
- ანუ ადამიანი უყურებს, ისმენს, ეხება და ა.შ. მხოლოდ იმას და იმდენად, რაც ობიექტურად სჭირდება თავისი ბიოლოგიური, პროფესიული, საზოგადოებრივი თუ სხვა მოვალეობების ფარგლებში. ↩
- ცდომილება. ცდომა (ბერძ. πλανη) არის ის, რასაც დღეს არასწორად „ხიბლს“ უწოდებენ. სიტყვა „прелесть" სლავურ ენაზე ნიშნავს ცდომილებას, საცდურს", ხოლო რუსულ ენაზე სულ სხვა მნიშვნელობა შეიძინა – „მოხიბლვა, ხიბლი“. როდესაც რუსი წმიდა მამები (მაგ. ეგნატე ბრიანჩანინოვი, ოპტინელი ბერები) ამ სიტყვას ხმარობდნენ, მის სლავურ (არა რუსულ!) მნიშვნელობას გულისხმობდნენ, ხოლო ქართულ საეკლესიო ტერმინოლოგიაში, სამწუხაროდ, რუსული მნიშვნელობით დაემკვიდრა, რასაც სრულიად სხვა დატვირთვა აქვს. ამას შედეგად მოჰყვა ის, რომ სიტყვა სხვანაირად განიმარტება: როგორც საკუთარი თავით მოხიბლვა. იმ დროს, როცა ბერძნულ ორიგინალში სიტყვას „πλανη" უფრო ადვილი და ხელმისაწვდომი ახსნა-განმარტება აქვს: მცდარი აზრი, არასწორი შეხედულება, შეცდომა. სწორი გზიდან აცდენა-გადახვევა. ↩
- მდაბალ მონაზონ მაქსიმეს [პასუხები] ღირს ხუცეს და წინამძღვარ თალასის კითხვებზე საღმრთო წერილის შესახებ (Patrologiae Graecae 90, 544CD). ამ ოთხი უვნებობის უფრო მარტივი ფორმულირება ასე შეიძლება: 1) საქმით აღარ მივიდრიკებით ცოდვისაკენ, 2) ცოდვისმიერ აზრებს აღარ ვიწყნარებთ, 3) ვნებები ჩვენში სურვილს აღარ აღძრავს, 4) ვნებებისა თუ ცოდვის ყველაზე უმნიშვნელო წარმოსახვაც კი აღარ გვაქვს. ↩
- ფილიპ. 3,12: „არა თუ უკვე მივიღე ან სრულყოფილი გავხდი“. ↩
- ფილიპ. 3,15: „რომელნიც სრულნი ვართ, ასე ვფიქრობდეთ“. ↩
- ფილოკალია (ბერძ. Φιλοκαλια– სილამაზის, მშვენიერების სიყვარული) – კორინთელ მიტროპოლიტ მაკარისა და წმიდა ნიკოდიმე მთაწმიდელის მიერ შედგენილი ხუთტომეული კრებული, რომელიც შეიცავს მართლმადიდებელი ეკლესიის სხვადასხვა დროის (IV-XV სს.) წმიდანების სწავლებას ლოცვის, შინაგანი სულიერი ცხოვრებისა და ზოგადად, ქრისტიანული სრულყოფილების შესახებ. მალევე ითარგმნა და გამოიცა სლავურ ენაზე წმ. პაისი ველიჩკოვსკის მიერ, ხოლო რუსულ ენაზე წმ. თეოფანე დაყუდებულმა გადაამუშავა. ↩
- „მამაო ჩვენოს“ ლოცვის შესახებ. ↩
- სიყვარულის შესახებ თავები 1, 36. ↩
- სიყვარულის და თავშეკავების და გონებისმიერი მოქალაქეობის შესახებ… 3, 42. ↩
- თავები… 98. აზრი ის არის, რომ, მაშინაც კი, როცა ეშმაკი ცდილობს ჩვენში ვნება აღძრას, სული მის პროვოკაციებს აღარ ასდევს. ↩
- იქვე. ↩
- სიტყვა 81. ↩
- ეპისტოლე მონაზონ ნიკოლოზს. ↩
- მდუმარებით ცხოვრების მოყვარულთათვის 87. აგრეთვე, შეად. კიბე, სიტყვა 29,3. ↩
- იხ. 1 კორ. 13,9: „მცირედ-რაიმე ვიცით და მცირედ-რაიმე ვწინაწარმეტყველებთ“. ↩
- კორ. 13,10: „ხოლო რაჟამს მოიწიოს სრული იგი, მაშინ მცირედიცა იგი განქარდეს-ვე". ↩
- იხ. მათ. 19,21. ↩
- იხ. 2 კორ. 1,1. ↩
- იხ. რომ. 15,25 და 15,31. ↩
- ლუკ. 1,6. ↩
- ეფეს. 2,15. ↩
- იხ. იოან. 14,12. ↩
- იხ. ებრ. 6,19-20. ↩
- სიტყვა 24. იხ. ებრ. 11.38.
* სწორ სულიერ ↩ - იხ. ლუკ. 12,36. ↩
- ლუკ. 24,49. ↩
- იოან. 17,17. ↩
- იოან. 17,23: „მე მათში და შენ ჩემში". ↩
- იოან. 17,26. ↩