emiliane vafidisi 5 e1664904618396

ადამიანთა შორის ურთიერთობა – არქიმანდრიტი ემილიანე ვაფიდისი

ღირსი ანტონი დიდი ადამიანთა შორის ურთიერთობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. საკუთარი თავით აღფრთოვანებაც და შეურაცხყოფაც ერთნაირად ზიანის მომტანია, დაავადებული სულის ნიშანია. სულით ავადმყოფებს არ ანაღვლებთ, თუ რას იტყვიან მათზე. ცოდვებს არ მალავენ; ქცევებით და სიტყვებით თავისივე თავს შეურაცხყოფენ, თუმცა ამას ვერ აცნობიერებენ.

სწორი საქციელია, როცა თავს არ ვიწონებთ და გამორჩეულ სულიერებას არ ვიჩემებთ, კაცთაგან პატივს არ ვეძებთ (პატივი უნდა მივაგოთ მხოლოდ ღმერთს და თანამოძმეებს). არც მეორე უკიდურესობა ვარგა- როცა ნაკლოვანებებს ვაშიშვლებთ და საკუთარ თავს ტალახში ვთხვრით. თუ სააშკარაოზე გამოიტან საკუთარ ვნებებს, უძლურებებს, განცდებს, სიძნელეებს, ამით შენს ავტორიტეტს ძირს გამოუთხრი; ახლობელთა წრეში თავს ცუდად იგრძნობ და მეორე უკიდურესობაში ჩავარდები- მოგინდება, რომ სათუთად მოგექცნენ, გაღიარონ. საზოგადოებაში უნდა ვიყოთ ყურადღებიანნი, დელიკატურნი, პატივისმცემელნი; ერთი სიტყვით, ღირსეული საქციელი მოგვეთხოვება.  კაცობრივი ბუნების თანდაყოლილი კეთილშობილების შეურაცხყოფა შეცდომაა. მოკრძალებული ღირსებით უნდა მივიღოთ ჩვენდამი გამოვლენილი აღიარება, ქება, პატივი. ჩვენი მხრიდან ბუნებრივ, ძალდაუტანებელ სიყვარულსა და ურთიერთგაგებას თუ შევძლებთ, ამით შევქმნით ურთიერთპატივისმცემელ, სიხარულით აღვსილ გარემოს.

საკვირველია, რა დიდ ყურადღებას აქცევდა წმინდა ანტონი დიდი კაცთა შორის სწორი ურთიერთობების უნარს. საზოგადოებას არ უყვარს, პატივს არ მიაგებს, არ აღიარებს და არ ითავისებს ისეთ ადამიანს,  ვინც  გარშემომყოფებთან ყურადღებით აღვსილი ურთიერთობების დამყარებას არ ცდილობს. ადამიანებს თუ ვერ ეგუება, ზეცის წევრი როგორღა გახდება და თუ მაინც იქ მოხვდა, ნახავს, რომ ყველას ქრისტესთვის მიუპყრია თვალი, მას-კი ვერც ამჩნევენ და თავს უბედურად იგრძნობს. იქნებ ისიც-კი იფიქროს: “აქ ყოფნას ჯოჯოხეთი სჯობს, რომელიმე ცოდვილი გადამეყრებოდა, ყურადღებას მაინც მომაქცევდა“. ადამიანების ბუნება ასეთია: გარშემომყოფებზე წარმოდგენას იმის მიხედვით ვიქმნით, თუ სხვა რამდენად გვაქცევს ყურადღებას  და აღიარებს ჩვენს ავტორიტეტს.

მოკლედ, თუ ახლობლებთან ურთიერთობას ვერ დავალაგებთ, მაშინ  ვერც სულიერ ცხოვრებაში წარვემატებით. ჭეშმარიტად სულიერი ადამიანი კეთილშობილია და არც ურთიერთობები უძნელდება. ორმოცი წელი უმკაცრეს დაყუდებაშიც რომ გაატაროს, ურთიერთობაში მაინც არაფერი შეეშლება, ამაში ადვილად დავრწმუნდებოდით, მათთან შეხვედრის საშუალება რომ გვქონდეს. როცა გულღიანი ვართ და გულზიარობა შეგვიძლია, მაშინ ვეკუთვნით ქრისტეს სხეულს: ქრისტე ჩვენში განხორციელდება. კაცთაშორის ურთიერთობის აქ მოტანილი წესები ღირსმა მამამ ანტონი დიდმა შეადგინა, რომელიც თავად იყო დიდი მეუდაბნოე და გამოქვაბულთა ბინადარი.

აქედან გამომდინარე, წესდება დამწყები მორჩილებისგან ურთიერთგაგებას მოითხოვს. მათ თავი საძმოს ორგანულ ნაწილად უნდა იგრძნონ. დაიტანჯებიან, თუ ამას ვერ მოახერხებენ. რომ მივხვდეთ რას ნიშნავს წმინდა წერილის სიტყვები:“ ჩუენ სულელ ქრისტესთვის“( 1კორ.4,10), უნდა გავიხსენოთ მისივე: „ხოლო მშვინვიერი კაცი არა შეიწყნარებს სულსა ღმრთისასა, რამეთუ სიცოფე უჩნნ მას“(1კორ. 2,14). მიწიერ ადამიანებს უჭირთ სულიერის გაგება „ხოლო ჩუენ სული არა ამის სოფლისაი მოგვიღებიეს, არამედ სული იგი, რომელ არს ღმრთისაგან“(1კორ.2,12). ახლადაღკვეცილთა მშობლები მოთქვამენ და ფიქრობენ რომ მათი შვილი ვიღაცამ მონასტერში შეიტყუა; ეს მათ უაზრობად მიაჩნიათ. ჩვენ, ბერ-მონაზვნებს, ადამიანები ცოტა მოსულელოებად აღგვიქვამენ. განა მუდმივი დაცინვის ობიექტი არ არიან უმანკო, უბიწო მოსწავლეები?- „რაო, ერთი გოგოც ვერ იშოვე?“

უფალსაც ხომ შეურაცხყოფდნენ: სმა-ჭამისა და ღვინის მოყვარული ალბათ ბელზებელის დახმარებით განდევნის ეშმაკებსო (მთ. 10, 25). როცა ამა სოფლის ადამიანები ვერ გვიგებენ, ეს მათი პრობლემაა, მაგრამ ჩვენი მხრიდან მათდამი დამოკიდებულება-კი ჩვენი მოსაგვარებელია.

ადამიანებთნ ურთიერთობაში ჩვენი უფალი არაჩვეულებრივად კეთილშობილი იყო. იმ დროინდელი ტექსტები, მათ შორის-რომაული წყაროები გვეუბნება, რომ უფალსაც და ღმრთისმშობელსაც განსაკუთრებული, ამაღლებული სილამაზე ჰქონდათ-მადლმოსილებას აფრქვევდნენ. ფარისევლებსაც და იუდეველთა წინამძღოლებსაც სძულდათ ქრისტე, მაგრამ შეწინააღმდეგება არ შეეძლოთ. მხოლოდ მიწიერი სიცოცხლის ბოლო პერიოდში გაბედეს, ისიც იმიტომ, რომ ქრისტემ მისცა ამის ნება. ჯვარცმისთვის პირობები ხომ უნდა მომწიფებულიყო: მას მამის ნება უნდა აღესრულებინა-გაცემა, ტანჯვა, ჯვარცმა…პატივს სცემდნენ, მაგრამ არ აღიარებდნენ, ვერ მიიღეს. ქრისტე ამბობდა, რომ ის ღმერთის ძეა. იუდეველები ხვდებოდნენ თავს ღმერთად აღიარებდა, მაგრამ ამის შეგუაება და დაჯერება არ სურდათ.

ჩვენთანაც იგივე ხდება: ღმერთის შვილები ვართ, ხოლო ვინც ღმერთის არსებობას უარყოფს-დაგვცინის. ამის მიუხედავად, ნებისმიერ ვითარებაში კეთილშობილება გვმართებს: საახლობლოშიც, ერშიც, საუბრისას, მოსმენისას, ძილშიც-კი: „რამეთუ წინაისწარ გავიზრახავთ კეთილსა, არა ხოლო წინაშე უფლისა, არამედ წინაშე კაცთაცა“(2 კორ. 8, 21).ღმერთი ცოდვებს გვპატიობს, დუმს, ჩვენს სისუსტეებს ითმენს; ადამიანებთან კი საქმე ბევრად რთულადაა.

ალბათ ამჩნევთ, რომ წმინდა ანტონი დიდის წესები სახარებისეულ ქცევის კოდექსს ემთხვევა. როგორც ფრანგები ამბობენ „ცხოვრებას უნდა იცნობდე“. მაგალითად: თუ არ იცი სუფრასთან ქცევის წესები, ჭურჭლის სწორად ხმარება, თავდაჯერებას კარგავ და ამ ნაკლის შევსებას ცდილობ. ან საზოგადოებაში საუბრობ, მაგრამ არ გისმენენ, არ გღებულობენ, კარგავ წონასწორობას და ავტორიტეტს.

    საზოგადოებრივ ურთიერთობას კანონები მართავენ, ჩვენ მათ მიმართ განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს. ახლობლები პატივს უნდა გვცემდნენ, მაგრამ ეს კი არ უნდა მოვითხოვოთ, არამედ უნდა დავიმსახუროთ. სულიერ ცხოვრებაში სრულყოფას რომ მივაღწიოთ ჯერ სხვა ყველაფერში უნდა გავხდეთ სრულყოფილები. მართალია, სულიერი ცხოვრება მოიცავს გულისმიერ, გამოუთქმელ, უხილავ ურთიერთობას ანგელოზებთან, წმინდანებთან, ღვთის მადლთან, მაგრამ ამავდროულად საძმოსთან ხალასი, სულიერი სიხარულით სავსე ურთიერთობაც მოგვეთხოვება. ჩვენს შინაგან სულიერ აღმშენებლობაზე ზრუნვით გართულები, გარეგან ქცევებს იგნორირებას ვერ გავუკეთებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შინაგანი უთანხმოებით სავსე ცხოვრება გვემუქრება.

წარმოვიდგინოთ თავგამეტებით გარბის ბერი (ან მონაზონი), გადაღეღია სამოსი, უფრიალებს კალთები…რა თქმა აუნდა პატივისცემით ვერ შეხედავ. მასთან ერთად წასვლა რომ დაგვავალონ-არ გესიამოვნება. ბერი, რომელმაც ღმერთთან მჭიდრო სულიერ ურთიერთობას მიაღწია, ასე არ მოიქცევა.  ჩვენი გარეგნობა და ქცევები ჩვენსავე შინაგან მდგომარეობას ასახავს.


არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი) „ფხიზლობითი ცხოვრება და ასკეტური წესები. ღირსი მამების ანტონის, ავგუსტინის და მაკარის მიხედვით“.