ზიარება ლიტურღია 3 სტატიებისთვის

ადამიანი, როგორც ლიტურგიკული არსება

არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი

მსახურების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ადამიანი, პირველ რიგში, ლიტურგიკული არსებაა და ღვთისმსახურებისთვისაა შექმნილი, რაც გულისხმობს იმას, რომ საკუთარი თავი და მთელი სამყარო მადლიერებით, დიდებისმეტყველებითა და სიყვარულით უნდა მიუძღვნას უფალს. ასეთი მოუკლებელი ღვთისმსახურებით უერთდება ღმერთს, განიწმინდება და ცოცხლდება.

შემთხვევით არ მიეცა ადამიანს ისეთი სამეფო თვისებები, როგორიცაა: გონიერება, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ა.შ., რომლებიც აძლევენ საშუალებას მას, რომ სამპიროვან ღმერთთან ლიტურგიკულ ურთიერთობაში იმყოფებოდეს.  ამგვარი ლიტურგიკული მსახურების მეშვეობით, ადამიანი, რომელიც ღვთის ხატია, თანდათანობით მის მსგავსებამდე მაღლდება.

ადამის ცხოვრება სამოთხეში ნამდვილი საღმრთო ლიტურგია იყო, სადაც ის ყოვლადწმიდა სამებას ანგელოზებთან ერთად ემსახურებოდა. ეგოიზმით დაბრმავებულმა ადამიანმა დაკარგა ღვთისადმი საკუთარი თავის მადლიერებით მიძღვნისა და სამოთხისეულ ლიტურგიაში მონაწილეობის უნარი.

საკუთარი ნებით სამოთხისეულ ლიტურგიას განშორებული ადამიანი, მიწაზეც ამ მსახურების გარეშე აღმოჩნდა, რითაც დაიჩრდილა მასში არსებული ღვთის ხატება. მიუხედავად ამისა, მასში რაღაც მცირე ნაპერწკალი მაინც დარჩა, რამაც შთააგონა, რომ ღმერთისთის მსხვერპლი შეეწირა.

ეს მსახურება, რა თქმა უნდა, არასრულფასოვანი და, უკეთეს შემთხვევაში, მცირე აჩრდილი იყო ჭეშმარიტი მსახურებისა. ის ვერ ანიჭებდა ადამიანს ღმერთთან სრულყოფილ ურთიერთობასა და მასთან ერთობას, ვერ ათავისუფლებდა სიკვდილისა და ხრწნილებისაგან. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ადამიანში ნელ-ნელა იზრდებოდა საღმრთო ლიტურგიისადმი ჭეშმარიტი სწრაფვა. სწორედ ეს მისწრაფება და წყურვილი აძლევდა იმედს სიკვდილის ჩრდილსა და ბნელში მყოფ კაცობრიობას.

ხატი ჯვარცმაზეციური მამის სიყვარულს არ შეეძლო ადამიანის მიტოვება ლიტურგიის გარეშე და მოავლინა თავისი მხოლოდშობილი ძე – იესუ ქრისტე, დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც ახალაღთქმისეულ მსახურებას დაუდო საფუძველი.

ახალაღთქმისეული ლიტურგიის აღსრულების დაწყება მხოლოდ იესუ ქრისტეს შეეძლო, რადგან მხოლოდ მას ჰქონდა ყოვლადწმიდა სამებისადმი საკუთარი თავის სრულად შეწირვის უნარი. იესუ ქრისტე სრულყოფილი მსხვერპლი და, ამავდროულად, სრულყოფილი მღვდელია, ის ღვთის უბიწო ტარიგია, რომელმაც მთელი სამყაროს ცოდვა იტვირთა.

ლიტურგიას მოკლებული ადამიანი მთლიანად დემონისა და სიკვდილის ტყვეობაში აღმოჩნდა. იესუ ქრისტემ კი ჯვარზე სიკვდილითა და მკვდრეთით აღდგომით ამ მონობისგან გამოიხსნა კაცობრიობა და მისცა საშუალება, რომ ახალაღთქმისეული თანამსახურების მონაწილე გამხდარიყო.

ახალი აღთქმის ლიტურგია სამოთხისეულ ლიტურგიაზე გაცილებით მაღლა დგას, რადგანაც ამ მსახურებაში მღვდელმთავარი თავად ძე ღმერთია. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და წმინდანები კი დაუდუმებელად დიდებისმეტყველებენ ყოვლადწმიდა სამებას.

ამ მსახურებაში ყველა მონათლული მართლმადიდებელი ქრისტიანი მონაწილეობს, რომლის დახმარებითაც, ადამიანი თავის ჭეშმარიტ არსს სწვდება და რეალიზდება, როგორც  ღვთის ხატი. ამ ყველაფერის გარეშე ადამიანი მხოლოდ ”ჰომო საპიენსია” და არა – მთელი ქმნილებების მეფე და საზღვარი შექმნილი და უქმნელი სამყაროებისა.

ახალი აღთქმის საღმრთო ლიტურგია ძე ღმერთის განკაცებით დაიწყო და ამავე დიდი მღვდელმთავრის მიერ მარადიულად გრძელდება. თითეული ლიტურგია, რომელიც ტაძრებში წმინდა ტრაპეზზე აღესრულება, დროებითი მონაწილეობაა მარადიულ, დროის მიღმიერ ლიტურგიაში.

თითოეული მღვდელმთავარი და მღვდელი ქრისტეს მღვდლობის თანაზიარია.

ძალიან დიდი ცოდვაა ლიტურგიის უგულებელყოფა. ადრე ლიტურგიაში მონაწილეობის მიუღებლობა დანაშაულად ითვლებოდა ღვთის წინაშე, დღეს კი პირიქით, ბუნებრივ მოვლენად იქცა ჩვენი ურწმუნოება და გულქვავობა. არაბუნებრივი და უცნაური გახდა ჩვენთვის ის ადამიანი, რომელიც ევქარისტიაში მონაწილეობს და ეზიარება.

ისიც საკითხავია, ვინც ეკლესიაში ვართ, ჭეშმარიტია ჩვენი მსახურება? ჩვენი ლიტურგიის მიზანი ქრისტეა თუ ეს ჩვენთვის რაღაც რელიგიური აქტია?

ადამიანი შეიძლება მღვდელი იყოს და წირავდეს, მაგრამ მსახურების მიღმა აღმოჩნდეს იმის გამო, რომ ის არ უხსნის გულს ქრისტეს.

ის ქრისტიანები, რომლებიც არ მონაწილეობენ საღმრთო ლიტურგიაში და არ ეზიარებიან, სულიერად მკვდრები არიან და მოკლებულნი – ჭეშმარიტ სიცოცხლეს.

ჭეშმარიტად და ღვთისთვის სათნოდ ისინი მსახურობენ, ვინც ყველაფერში ღვთის ხელს ხედავენ და თვლიან, რომ საკუთარი არაფერი გააჩნიათ, რომ ყველაფერი ღმერთს ეკუთვნის და ყველაფერს მიღებულს საკუთარ სულთან ერთად, ღმერთს მიართმევენ. ასეთი ადამიანები სრულიად ენდობიან ქრისტეს. ისინი გასცემენ ყველაფერს, რომ მიიღონ ყველაფერი და კვდებიან, რომ იცოცხლონ.

ასეთ შემთხვევაში, ადამიანის ცხოვრება ერთ დიდ მადლიერებად და ლიტურგიად იქცევა,  საღმრთო მადლით განიმსჭვალება და ღმერთკაცობრივი ხდება.

როდესაც ლიტურგიკულ ცხოვრებაზე ვსაუბრობთ, არ ვგულისხმობთ მხოლოდ ტაძარში აღსრულებულ ორ საათიან მსახურებას, არამედ, მთელ ჩვენს ცხოვრებას, რომელიც ტაძარში გარკვეული საღვთისმსახურო მოქმედებებით იწყება და გრძელდება მის გარეთაც.

მართლმადიდებელი ქრისტიანი მხოლოდ ტაძარში არ ცხოვრობს ლიტურგიკული ცხოვრებით. ის, რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ, შეძლებისდაგვარად, ხშირად იყოს წირვაზე და ხშირად ეზიაროს, მაგრამ ამავდროულად იმასაც ცდილობს, რომ ტაძრის გარეთაც, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ახლოს იყოს მისი სული საღმრთო ლიტურგიის სულთან და ატმოსფეროსთან.

საეკლესიო მსახურებების დახმარებით, ადამიანი ღმერთკაცობრივ ცხოვრებას მიეახლება, რომელიც, თავის მხრივ, გარდაქმნის მისი ყოველდღიური ცხოვრების მრავალ მხარეს.

დაბადება, გარდაცვალება, ნათლობა, ჯვრისწერა, სკოლა, სამსახური, ურთიერთობები, სიხარულები და მწუხარებები – საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა გამოვლინება ლიტურგიასთან უნდა იყოს კავშირში. დღეს ჩვენი ერი დაშორდა ცხოველსმყოფელ ღმერთკაცობრივ ტრადიციას და მისი სხვადასხვა ცხოვრებისეული ფუნქცია აღარ არის იმდენად კავშირში საღმრთო ლიტურგიასთან, როგორც ადრე.

მართლმადიდებლური კინოვიალური მონასტრები ადამიანთა სწორი ცხოვრების ჭეშმარიტი სახეებია. მონასტრის ცენტრი ტაძარია, რომლის ირგვლივაცაა მოწყობილი სხვადასხვა შენობები. მონაზვნების ცხოვრების ცენტრი ყოველდღიური საღმრთო ლიტურგიაა. სწორედ ამიტომ, ასეთ მონასტერში ყველაფერი საერთოა, მარცხდება სიკვდილი და გარშემო მადლისმიერად გარდაიქმნება და განახლდება ყველაფერი.

არ არსებობს ქრისტიანობა ლიტურგიკული ცხოვრების გარეშე. ქრისტიანისთვის წირვა რაღაც მომენტს კი არ უნდა წარმოადგენდეს მის ცხოვრებაში, არამედ მისი სიცოცხლის გარდამქნელ, ცხოველსმყოფელ წყაროს, ყველაფერის ცენტრს, საფუძველს, დასაწყისსა და დასასრულს.

წყარო: https://azbyka.ru