Κοσμάς1

არქიმანდრიტი კოსმა – აფრიკის მოციქული

არქიმანდრიტი კოსმა (ასლანიდისი) – თანამედროვე ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მისიონერია, რომელიც წმ. პაისი ათონელის კურთხევით კონგოში გაემგზავრა და იქ, უნიკალური მისიონერული პროექტით, ქრისტემდე 15 000-მდე აფრიკელი მიიყვანა.

იოანე (მამა კოსმა) ასლანიდისი პონტოელი ბერძნების კეთილმსახურ ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები დიმიტრი და დესპინა, თურქეთის ხელისუფლების მიერ ინიცირებული მართლმადიდებელი მოსახლეობის გენოციდის შიშით, იძულებულნი გახდნენ, რომ მშობლიური ქალაქი კერასუნდუ დაეტოვებინათ და საბერძნეთში გაქცეულიყვნენ. საბერძნეთში მათ ოთხი ვაჟი შეეძინათ, რომელთაგან უფროსი იოანე, მომავალში მამა კოსმა იყო, რომელიც მშობლებმა ბავშვობიდანვე აღზარდეს ”სწავლითა და მოძღურებითა უფლისაჲთა”(ეფ.6:4). ასლანიდისები ათონის წმინდა მთასთან მტკიცე სულიერი ძაფებით იყვნენ დაკავშირებულნი და მათ სახლში ხშირად სტუმრობდნენ ათონელი მონაზვნები.

შემდგომში ასლანიდისების ოჯახში საცხოვრებლად სალონიკში გადავიდა. მიუხედავად დიდი მატერიალური გაჭირვებისა, ისინი არასდროს დრტვინავდნენ, არამედ, ყველაფერს მთლიანად ღმერთს ანდობდნენ. იოანემ ბავშვობიდანვე შეიყვარა ღვთისმსახურება. სამრევლო მღვდელი მის მეორე მამად იქცა, ტაძარი – სახლად, ხოლო წმინდა წერილი კი – სამაგიდო წიგნად.

იოანეს პიროვნების ჩამოყალიბებაში უდიდესი გავლენა მოახდინა, კუნძულ პაროსზე მოღვაწე, ლონგოვარდას მონასტრის იღუმენმა ფილოთეოს ზერვაკოსმა († 1980).

1954 წელს იოანემ სკოლა დაამთავრა და გადაწყვიტა, რომ ისეთი პროფესია შეეძინა, რომლითაც თავის მშობლებსა და ძმებს დაეხმარებოდა. ტექნიკურ უნივერსიტეტში ”ელექტრიკოსის” სპეციალობაზე სწავლასთან ერთად, ის წმინდა სინოდის მიერ დაარსებულ მისიონერულ სკოლაში კატეხიზატორულ კურსებს გადიოდა.

მამა კოსმა ამბობდა: ”ღმერთმა ყველაფერი ისე მოაწყო, რომ მთელი ჩემი მიღებული ცოდნა გამომადგა ჩემს მისიონერულ მსახურებაში”.

ის კარგად ერკვეოდა ელექტრონიკაში, მშენებელობასა და მექანიკაში. გაიარა ”წითელი ჯვრის” სამედიცინო კურსები და მყვინთავის დიპლომიც კი მიიღო. მან არაერთხელ აღმოუჩინა ხალხს სამედიცინო დახმარება და ერთხელ გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა ერთი პატარა აფრიკელი ბავშვი. როდესაც მან ტბის მახლობლად ჩაიარა, დაინახა, რომ სანაპიროზე მტირალი, შეძრწუნებული ხალხი მოგროვებულიყო. აღმოჩნდა, რომ პატარა ბავშვი ნავიდან გადავარდა და ფიქრობდნენ, რომ უკვე ვეღარ გადარჩებოდა. მისიონერი ბავშვის გადასარჩენად დაუფიქრებლად გადახტა წყალში. მას რამდენიმეჯერ მოუწია ათი მეტრის სიღრმეში ჩაყვინთვა, სანამ სათევზაო ბადეებში გახვეულ ბავშვს სანაპიროზე გამოიყვანდა. ტირილი სიხარულის ყიჟინად იქცა, უსაზღვრო იყო ამ ხალხის მადლიერება მართლმადიდებელი მღვდლის მიმართ, რომელმაც გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა პატარა ბავშვი.

18 წლის ასაკში, იოანემ პირველი მისიონერული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. გახდა, იმ დროს ცნობილი მქადაგებლის ფლორინის მიტროპოლიტ ავგუსტინეს(კანდიოტისი) მიერ შეკრებილი, მოხალისე-სტუდენტების მისიონერული საძმოს წევრი, რომლის ერთერთი მიზანი საქველმოქმედო დაწესებულებების დაარსება იყო, რაც ბოშების გაქრისტიანებას უწყობდა ხელს. მიტროპოლიტი ავგუსტინე მათთვის დასახლებისა და ტაძრის აშენებასაც აპირებდა.

1974 წელს, იოანემ ათენის სასულიერი სემინარიაში ჩააბარა და სამღვდელო ხარისხის მისაღებად დაიწყო მზადება.  მიმოწერებით გაიცნო აფრიკის კონტინენტზე მოქმედი ცნობილი მართლმადიდებელი მისიონერები: მამა ქრიზოსტომოს პაპასარანდოპულოსი და მამა ამფილოქე ცუკოსი. მამა ამფილოქესთან პირველივე შეხვედრა იოანესთვის აფრიკაში მისიონერული მოღვაწეობის შთაგონების წყაროდ იქცა.  1975 წელს, 33 წლის ასაკში, დროებით შეწყვიტა სწავლა და ზაირში(კონგო) გაემგზავრა.

ენთუზმიაზმით, საქმის ცოდნითა და გულმოდგინებით დაიწყო იოანემ ტაძრების მშენებლობა. დღის განმავლობაში ისე იღლებოდა, რომ ფეხსაცმლის გახდის ძალაც კი აღარ ჰქონდა და ისე იძინებდა. ერთხელაც, იოანემ მზეზე მუშაობით მზის დარტყმა მიიღო, რომლის შედეგადაც სიცოცხლის ბოლომდე თავის ტკივილები აწუხებდა. ”ევროპელისთვის აფრიკის კლიმატი საკმაოდ მძიმეა.  ციებ-ცხელება ჩემი პერმანენტული მდგომარეობაა. ძალები მეცლება, მაგრამ გაჩერება არ შეიძლება. საქმე აუცილებლად უნდა გაგრძელდეს” – წერდა მამა კოსმა.

პროტესტანტი და კათოლიკე მისიონერები გაოცებულნი იყვნენ იმით, თუ როგორ სოკოებივით ჩნდებოდა ახალი მართლმადიდებლური ტაძრები. იოანემ შეიმუშავა ”კონვეერის მეთოდი”: ერთ ბრიგადას კედლები ამოჰყავდა, მეორე სახურავზე მუშაობდა, მესამე ფანჯრებს აყენებდა, მეოთხე ღებავდა და ა.შ ერთი ტაძრის დასრულებას ვერ ასწრებდნენ, რომ უკვე მეორის მშენებლობა იწყებოდა. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგია არ გააჩნდათ, ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებით იოანემ ათი ახალი ტაძარი ააშენა. ალექსანდრიის საპატრიარქომ ამ ღვაწლისთვის ახალგაზრდა მისიონერი მარკოზ მოციქულის ჯვრით დააჯილდოვა.

1976 წელს, სწავლის დასასრულებლად იოანე საბერძნეთში დაბრუნდა. ახალგაზრდას მისიონერული მსახურების დიდი წყურვილი, მისწრაფება და საჭირო უნარებიც გააჩნდა. ის არ ენდობოდა საკუთარ ნიჭებსა და ძალებს და ამიტომაც, გადაწყვიტა გაეგო, თუ რას ფიქრობდა ეკლესია იმაზე, რომ მისიონერი გამხდარიყო. ამის გასაგებად, 1977 წელს იოანე ათონზე გაემგზავრა, სადაც წმინდა პაისი ათონელი გაიცნო. ხანგრძლივი საუბრის შემდეგ, იოანემ გული გაუხსნა წმ. პაისის და გაანდო, თუ როგორი სწყუროდა მისიონერული მსახურება. ბრძენმა მოღვაწემ, ლოცვის შემდეგ, უთხრა იოანეს, რომ წმ. გრიგოლის მონასტერში აღკვეცილიყო და ხელდასხმის შემდეგ, თუკი იღუმენი ამის კურთხევას მისცემდა, მისიონერული მსახურება  დაეწყო.

წმ. მამები ამბობენ, რომ სწორი სულიერი ცხოვრება წარმატებული მისიონერული საქმიანობის აუცილებელი წინაპირობაა. წმ. იუსტინე პოპოვიჩი ამბობს: ”მოღვაწეები მართლმადიდებლობის ერთადერთი მისიონერები არიან. მოღვაწეობითი სულიერი ცხოვრება ერთადერთი მისიონერული სკოლაა. მართლმადიდებლობა ღვაწლსა და შესაბამის ცხოვრების წესს მოითხოვს და ამიტომაც, მხოლოდ ღვაწლითა და ცხოვრების წესით იქადაგება”.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ხაზგასმით ამბობდა: ”ჯერ შენ უნდა განიწმინდო, რომ სხვისი განწმენდა შეძლო, შენ მოიხვეჭო სიბრძნე, რომ სხვას გადასცე, გახდე ნათელი, რომ სხვა გაანათლო, დაუახლოვდე ღმერთს, რომ შემდეგ სხვებიც დააახლოვო”.

იოანე დარჩა მონასტერში, რომ სულიერი ბრძოლის ხელოვნება და ღვთისმსახურება შეესწავლა. ერთი წლის გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც იოანემ სამაგალითო ასკეტური ცხოვრება და მონაზვნობის სიყვარული გამოავლინა, კოსმას სახელით მცირე სქემაში აღიკვეცა. ამრიგად, მისი ზეციური მფარველი, ეკლესიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მისიონერი, მოციქულთასწორი კოსმა ეთოლიელი გახდა.

”ისეთი რაღაც მოხდა, რაც პირდაპირ ღვთის ნიშნად მივიღე. მინდოდა, რომ სლავების განმანათლებლის, მოციქულთასწორ მეთოდის სახელი დამერქმია, რომლის ტროპარსაც დიდ ჟამნში ვერ მივაგენი და გადავწყვიტე, რომ იოანესთვის წმ. კოსმას სახელი დამერქმია, რომლის ტროპარიც იქვე ეწერა. ასე ამრიგად, აღვკეცეთ იოანე და ვიგალობეთ წმინდა კოსმას ტროპარი. აღკვეცის შემდეგ მან მითხრა, რომ წმინდა კოსმა ბავშვობიდან მისი მფარველი იყო. აქამდე ამის შესახებ არაფერი უთქვამს და დაამატა, რომ კელიაში, სწორედ, წმ. კოსმას ხატი ეკიდა”

და მართლაც, მამა კოსმა ასლანიდისის მისიონერული საქმიანობა, მხოლოდ მოციქულთასწორ კოსმა ეთოლიელის პიროვნებასთან კავშირით ხდება უფრო მეტად გასაგები.  ამ წმინდანის ცხოვრებისა და სწავლებების გაცნობა მისთვის არამხოლოდ შთამაგონებელი ფაქტორი გახდა, არამედ მისი მისიონერული მსახურების კონცეფცია ჩამომაყალიბებელიც. წარმატებით გამოიყენა XVIII საუკუნის დიდი წინამორბედის მრავალი მეთოდი და მიდგომა. ამასთან დაკავშირებით ალექსანდრიის პატრიარქი თეოდორე ამბობს: ”მისი ზეციური მფარველის, მღვდელმოწამე კოსმას მსგავსად, მან გააცნობიერა, რომ განათლების გარეშე ერს მომავალი არ აქვს. ამიტომაც, აშენებდა სკოლებს, ასწავლიდა ხალხს მიწის დამუშავებას და მათ მრავალმხრივ განათლებაზე ზრუნავდა. არამხოლოდ სიტყვით, არამედ საკუთარი მაგალითით ასწავლიდა ჩვენი ეკლესიის ლოცვით გამოცდილებას”.

ორივე მოღვაწე აცნობიერებდა იმას, რომ აუცილებელია განათლება, ცოდნა და სულიერი ცხოვრება იმისთვის, რომ ადამიანმა ეს ცხოვრებაც მშვიდობასა და სიყვარულში განვლოს და შემდეგ მარადიული სიცოცხლეც დაიმკვიდროს.

კოსმა ეთოლიელმა და კოსმა გრიგორიელმა(ასლანიდისი) დაუღლელი საქმიანობისა და ისიქასტური სულის ჰარმონიული შერწყმა მოახერხეს და წარმოადგინეს კომპლექსური მისიონერული პროგრამა, რომელმაც ნაყოფად სრულფასოვანი და განვითარებული ადამიანების ჩამოყალიბება გამოიღო.

1978 წლის აგვისტოში, ეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა კოსმა მღვდლად აკურთხა და სულიწმინდის მადლით შეიარაღებული, თავის მისიონერულ ასპარეზს შეუდგა. ცენტრალური აფრიკის ეპისკოპოსის ტიმოთეს კურთხევით, მამა კოსმა კატანგაში ჩავიდა, საიდანაც თავის მუდმივ სამყოფელში – კონგოში გადავიდა. მთელი თავისი მსახურების განმავლობაში ის მტკიცედ იცავდა და ინარჩუნებდა მონაზვნურ ტრადიციას და მთელი ძალებით ცდილობდა თავისი სულიერი მოძღვრისა და ეპისკოპისის მორჩილებით ემოქმედა.კონგო wwf congobasin.org

როდესაც მამა კოსმა აფრიკაში ჩავიდა, მისთვის სრულიად უცხო იყო ადგილობრივი სამეტყველო ენა, რომლის ათვისებასაც თანდათანობით შეუდგა. შედეგად მან ისე შეისწავლა ენა, რომ თავისუფლად შეეძლო საღვთისმსახურო ლიტერატურის თარგმნა.

შორეულ რეგიონებში გამგზავრებისა და იქ ქადაგებისთვის, მამა კოსმას დიდი მანქანა ჰყავდა, რომლითაც სოფლებში დადიოდა, მიჰქონდა მხოლოდ მცირეოდენი საკვები და საძილე ტომარა. ადგილზე ჩასული, მოუწოდებდა მოსახლეობას და საათობით ესაუბრებოდა მათ. თავისი მანქანის აკუმულატორს პროექტორს უერთებდა, რომლითაც გვაინობამდე სლაიდებს უჩვენებდა, რომელზეც ათონის წმინდა მთა, წმინდა მიწა და სხვადასხვა სურათები გამოისახებოდა. შებინდებისას, რომ არ გაყინულიყვნენ, კოცონს ანთებდნენ და ყურადღებით აგრძელებდნენ მათთან მოსაუბრე მღვდლის მოსმენას. უჩვეულო იყო მათთვის მამა კოსმას სიყვარული, ყურადღება და თანაგრძნობა, რადგანაც კოლონიალიზმის პერიოდში თეთრკანიანებისგან სულ სხვანაირ მოპყრობას იყვნენ მიჩვეულნი. მამა კოსმა ხშირად მათ ქოხებში რჩებოდა ღამის გასათევად, სადაც თვალის მოხუჭვაც კი უჭირდა აუტანელი სუნის, მწერების, თაგვების, გველებისა და სარიტუალო ინსტრუმენტების ხმაურის გამო.

თითოეული სოფლიდან მამა კოსმას ორი-სამი მამაკაცი მიჰყავდა, რომლებსაც განსწავლიდა. სამთვიანი მომზადების შემდეგ ისინი ბრუნდებოდნენ და თავიანთ თანასოფლელებს ასწავლიდნენ. ადგენდნენ ნათლობისთვის მზადმყოფთა სიებს და წვიმების სეზონის გადავლის შემდეგ, მამა კოსმა მდინარეებსა და ტბებზე საყოველთაო ნათლობას ატარებდა.

მამა კოსმასთვის საკმაოდ პრიორიტეტული საკითხი იყო, ადგილობრივი დასახლებიდან, დამხმარე კადრების მოძიება. შედეგად, მის გარშემო ათამდე ადამიანი შემოიკრიბა, რაც საბოლოო ჯამში კინოვიალურ მონასტრად იქცა. თითოეულს თავისი მორჩილება ჰქონდა და საერთო ტრაპეზზეც მამა კოსმასთან ერთად ისხდნენ. ერთად ლოცულობდნენ და საღამოობით წმინდა მამათა ცხოვრებას კითხულობდნენ.

განსაკუთრებით ზრუნავდა ახალგაზრდებზე და ცდილობდა, რომ გამოეტაცებინა ისინი იმ წრეებიდან, რომლებიც მაგიითა და ჯადოქრობით იყვნენ დაკავებულნი. ამ მიზნით მან ინტერნატი ააშენა, რომელიც ორი დიდი კორპუსისგან შედგებოდა და აერთიანებდა საერთო საცხოვრებელს, ბიბლიოთეკასა და სამკითხველო დარბაზს. ამ ინტერნატში მან საკმაოდ ბევრ ახალგაზრდას მოუყარა თავი. ზრდიდა მათში დისციპლინას, იბარებდა აღსარებებს, აზიარებდა და იესუს ლოცვას ასწავლიდა. ერთად კრებდა და უყვებოდა მეუდაბნოე მამათა ცხოვრებებსა და ეკლესიის ისტორიას.

ღვთისმსახურებაში მონაწილეობის გარეშე, შეუძლებელია ადამიანის სულიერი ფერისცვალება და ამიტომაც, მამა კოსმას მთავარი მიზანი ტაძრების შენება და მღვდელსახურთა მომზადება იყო.  ის ცდილობდა, რომ დაეცვა ახალგაზრდები ამქვეყნიური მისწრაფებებისგან და ყველაზე ღირსეულები თანდათანობით სამღვდელო ხარისხის მისაღებად მოემზადებინა. სულიერ ცხოვრებაში განსაკუთრებით მოშურნეებს ათონის წმინდა მთაზე აგზავნიდა, რომ შემდგომში, მიღებული ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრების გამოცდილება თავიანთ სამშობლოში ჩამოეტანათ.

ის ცდილობდა, რომ აფრიკაში ისიქასტური ტრადიცია და ლიტურგიკული ცხოვრება აეღორძინებინა. ხშირად აღასრულებდა საღმრთო ლიტურგიას და ღამისთევას. ასწავლიდა ხალხს ბიზანტიურ გალობასა და საეკლესიო ტიპიკონს.

მამა კოსმა თვლიდა, რომ აფრიკაში მართლმადიდებლობის მთავარი გამავრცელებელი მონაზვნობა უნდა ყოფილიყო.  მისიონერული ცენტრის მახლობლად დაარსდა წმინდა ნექტარიოსის სახელობის დედათა მონასტერი და დაიწყო მზადება მამათა მონასტრის დასაარსებლადაც.

ცნობილი ბერძენი ღვთისმეტყველი, მამა გიორგი მეტალინოსის წერს: ”ყველაზე ეფექტური მისიონერული ცენტრები მართლმადიდებლური მონასტრებია. მონასტერში ცხოვრება, მონაზვნების ცხოვრებაზე დაკვირვება, მათ ღვთისმსახურებაში მონაწილეობა გაცილებით ეფექტურად მოქმედებს, ვიდრე მშრალი სქოლასტური სიტყვები. სხვა სარწმუნოების ადამიანებს უნდათ, რომ გაიცნონ ცოცხალი მართლმადიდებლობა და ჰქონდეთ მასთან სიღრმისეული შეხება”. სწორედ ამ ყველაფერის გაცოცხლებას ცდილობდა მამა კოსმა.  კინოვიალური მონასტრის(საერთო ტრაპეზი, ტრაპეზის დროს კითხვა, დღის განსაზღვრული განრიგი და ღვთისმსახურებაში მონაწილეობა) მოდელი დანერგა მის ყველა დაარსებულ საგანმანათლებლო ცენტრში.

ის მთელი ძალებით ცდილობდა, რომ ათონის წმინდა მთასთან აფრიკელების კავშირი განმტკიცებულიყო. იყენებდა ათონურ ტიპიკონებს, თარგმნიდა ათონელ მამათა ნაშრომებს, ასმენინებდა ათონურ გალობასა და იქ მცხოვრები მონაზვნების სურათებს აჩვენებდა.

მისი მისიის საიდუმლო მის კომპლექსურ მიდგომაში მდგომარეობდა. ტაძრების აშენების, საღვთისმსახურო და სასულიერო ლიტერატურის თარგმნის, სამღვდელო კანდიდატების მომზადების, ხატწერისა და გალობის შესწავლის გარდა, მამა კოსმა აფრიკელების ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაზეც ზრუნავდა.დეტალები 5

კონგოელებში აქტიურად ნერგავდა იესუს ლოცვის პრაქტიკას და თვლიდა, რომ ეს ყველაზე ძლიერი იარაღია აფრიკელი შამანებისა და დემონური კულტების წინააღმდეგ. თავად მამა კოსმა გონიერი ლოცვის დაუღლელი მუშაკი იყო და მისი მოწაფეებიც დიდიდან დაწყებული პატარათი დამთავრებული სკვნილების ქსოვას სწავლობდნენ და მოუკლებლად ჩურჩულებდნენ ლოცვას: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”.

მამა კოსმა ხაზგასმით ამბობდა:
” ჩვენი აფრიკელი ძმები მდიდარი შინაგანი სამყაროს მქონე ხალხია. ევროპელები მათ როგორც წესი ზემოდან უყურებენ, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. მათი სულები მისტიციზმისკენაა მიდრეკილი და ამიტომაც, მათ აქვთ საკმოა პოტენციალი ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ათონური სულის მიღებისა”.

ის პავლე მოციქულის ნამდვილი მიმბაძველი ”ყველასთვის ყველა”(1.კორ.9:22) გახდა. ის იყო კატეხიზატორი, მქადაგებელი, მშენებელი, ელექტრიკოსი, არქიტექტორი, აგრონომი, სანტექნიკი, მძღოლი, ექიმი და მასწავლებელი. საკუთარ თავს მოსვენების საშუალებას არ აძლევდა. ის გახდა მქადაგებელი არა რაღაც სარგებლის მიღების მიზნით, არამედ იმისთვის, რომ ქრისტესთვის ემსახურა. ის ქადაგებდა ქრისტეს არამხოლოდ სიტყვებით, არამედ პირველ რიგში, საკუთარი მაგალითით.

იმისთვის, რომ გავიაზროთ მისი მსახურების მასშტაბები, მოვიყვანთ რამდენიმე ჩანაწერს მისი მისიონერული დღიურიდან:
” 1985 წელი, სულთმოფენობა. დილის 6 საათზე საღმრთო ლიტურღია ცისკრით. სოფელში, რომელიც ჩვენი მისიონერული ცენტრიდან 220 კილომეტრშია. უკანა გზაზე შეგვხვდა ქრისტიანი, რომელიც თავისი გარდაცვლილი შვილის სხეულს მოასვენებდა. ეს ადამიანი თავის გარდაცვლილ შვილთან ერთად სოფელში წავიყვანეთ. ჩემს კელიაში შუაღამისას დავბრუნდი, სადაც მამა კირილე მელოდებოდა, რომ ჩემს არყოფნისას გაჩენილ პრობლემებზე გვემსჯელა”

”პარასკევი. 6/1/89.მსახურება დილის 05:30-ზე დავიწყეთ, რომელსაც 350 ნათლობა მოება. დღე, 24 ჯვრისწერის შემდეგ, საღამოს 7ზე დასრულდა …”

როდესაც გზაზე გაფუჭებული ავტომობილი შეხვდებოდა, აჩერებდა თავის მანქანას და თვითონვე უკეთებდა. თუ ვინმეს საწვავი გაუთავდებოდა, ბრუნდებოდა მისიონერულ ცენტრში და იქედან მოჰქონდა ბენზინი. ყოველთვის ვიღაც დაჰყავდა და ეხმარებოდა ტვირთების გადაზიდვაში, თუნდაც საპირისპირო მიმართულების გზაზე მოსიარულე ყოფილიყო.

მრავალი პრეცენდენტი შეგვხვედრია ეკლესიის ისტორიაში, როდესაც მართლმადიდებელი მისიონერები ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას არამხოლოდ სულიერი, არამედ მატერიალური თვალსაზრისითაც ცვლიდნენ. ისინი დიდ გავლენას ახდენდნენ სოფლის მეურნეობის, მედიცინის, ეკონომიკისა და განათლების განვითარებაში.

გამონაკლისი არც მამა კოსმა გრიგორიელი გახლდათ. იმისათვის, რომ მის მიერ შექმნილი საგანმანათლებლო სისტემა მატერიალურად უზრუნველყოფილიყო (სკოლების მშენებლობა და მასწავლებლების ანაზღაურება) და არ ყოფილიყო მხოლოდ შემოწირულობებზე დამოკიდებული, მან უდიდესი სასოფლო-სამეურნეო კომპლექსი დაარსა, რომელიც არამხოლოდ მისიას უზრუნველყოფდა, არამედ სხვა პრობლემების მოგვარებასაც ჰყოფნიდა.

დიდი მეურნეობის დაარსება დაეხმარა ხელისუფლებასთან ურთიერთობების გაუმჯობესაბაში:
”შემთხვევით არაფერი ხდება. ჩვენი სამეურნეო კომპლექსის დამსახურებით კონგოს მართლმადიდებლური მისია მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის. მატერიალური პრობლემების მოგვარება დაგვეხმარა, რომ მხოლოდ სულიერი ცხოვრება ყოფილიყო ჩვენი მთავარი საზრუნავი”. – წერდა მამა კოსმა.

სასოფლო-სამეურნეო კომპლექსის დახმარებით, საქველმოქმედო მსახურებაც ხერხდებოდა. ეხმარებოდნენ პატიმრებს, სნეულებს, მოხუცებს, ინვალიდებს და სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანებს.

მამა კოსმა თავის დიდ სიყვარულულს უხვად უნაწილებდა ყველას. მოყვასის დახმარებისას საერთოდ არ ფიქრობდა საკუთარ თავზე.

ისევე, როგორც კოსმა ეთოლიელმა, მამა კოსმამაც თავისი მისიონერული მოღვაწეობის ცენტრში განათლება დააყენა და შეადგინა კომპლექსური პროგრამა სულიერი და სამეცნიერო განათლებისა.

ყოველ ორ წელიწადში, სულიერი ძალების აღსადგენად ათონზე მიემგზავრებოდა. 1988 წელს, ათონზე თავისი ბოლო ჩასვლისას, თავის კელიაში მღვდელმონაზონ მელეტის მოუხმო და უთხრა: ”შენ გახდები ჩემი შემცვლელი”.

მართლაც, რამდენიმე თვის შემდეგ მან მოწამეობრივი სიკვდილით დაასრულა თავისი წმინდა ცხოვრება და მრავალტანჯული მსახურება.

მამა კოსმა ამბობდა: ”ის, ვინც აფრიკაში მისიონერული შრომისთვის მიდის, მზად უნდა იყოს იქ თავისი ძვლების დასატოვებლად”.

1989 წლის 27 იანვარს, ქალაქ ლუბუმბუშიდან 55 კილომეტრში საავტომობილო ავარია მოხდა. მისიონერი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მისი თანამგზავრები სასწაულებრივად გადარჩნენ.

მამა კოსმამ თავისი მრავალჭირგამოვლილი სხეული აფრიკის მიწაზე დატოვა. თავისი მსახურებითა და გარდაცვალებით, პავლე მოციქულთან ერთად იტყოდა: ”ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიეს, სრბაჲ აღმისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დამიმარხავს. ამიერითგან მიმელის მე სიმართლისა იგი გჳრგჳნი, რომელი მომცეს მე უფალმან მას დღესა შინა, მართალმან მან მსაჯულმან”(2. ტიმ. 4:7-8)

1989 წლის 30 იანვარს, მამა კოსმას სხეული ლუბუმბუშში, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის ტაძარში გადაასვენეს, სადაც ლიტურგიის შემდეგ წესის აგების მსახურება აღასრულეს. ტაძარში უამრავი ადამიანი შეიკრიბა. იქ იყვნენ: ზაირის ხელისუფლების წარმომადგენლები, ქალაქის ადმინისტრაცია და უამრავი მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვერავინ იკავებდა თვალზე მომდგარ ცრემლს.

მეორე დღეს მამა კოსმას სხეული კოლბეზში გადაასვენეს, სადაც 2000-მდე მართლმადიდებელი კონგოელი რამდენიმე დღე არ შორდებოდა წმინდა გიორგის ტაძარს. სწორედ ასე გამოხატავდნენ თავიანთი სულიერი მამისადმი, ქრისტეში მათი მშობელისადმი სიყვარულს. კონგოს ხელისუფლებამ კი მართლმადიდებელი მქადაგებლის ხსოვნისთვის სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

აფრიკელებისთვის მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკარგი იყო. მის საფლაზე დღემდე იკრიბებიან და იქაურობას ლამაზი ყვავილებით რთავენ.  ამავდროულად, ყურადღებას აქცევენ, რომ თავიანთი სულიერი მამის საფლავზე კანდელი ყოველთვის ენთოს. ახალმონათლულთა უმრავლესობა ნათლობის შემდეგ სახელად კოსმას ირქმევს და იქაური მაცხოვრებლების ქოხებში, ხატების კუთხეში მამა კოსმას სურათსაც შეამჩნევთ.

კონგოში ერთერთ სოფელს მამა კოსმას საპატივცემოდ Baba-Kosmas დაერქვა და ასევე ტექნიკურ კოლეჯს: ”მღვდელმონაზონი კოსმა გრიგორიელი”. მისიონერის გარდაცვალების ადგილას კულტურულ-საგანმანათლებლო კომპლექსი აშენდა, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონის სულიერ და სოციალურ განვითარებას.

საბერძნეთში, ქალაქ სალონიკის რაიონ სტავრუპოლში, სადაც მამა კოსმამ ბავშვობა გაატარა, ერთერთ ცენტრალურ ქუჩას დაერქვა: ”მისიონერ კოსმას ქუჩა”.

როდესაც მამა კოსმა კონგოში ჩავიდა, იქ მხოლოდ ერთი მღვდელი, ათამდე სამრევლო და რამდენიმე ასეული მართლმადიდებელი ქრისტიანი იყო. თავისი ათწლიანი მსახურების შემდეგ კი მისიონერმა დატოვა 14 მღვდელი, 2 დიაკონი, 15 000 მონათლული, 48 ტაძარი, 55 სამრევლო, სასოფლო მეურნეობა, ორი ინტერნატი, ოთხი სკოლა და ერთი მონასტერი.

მაგრამ მთავარი გარეგნული მაჩვენებელი კიარა, არამედ მამა კოსმას მისიის სიღრმეა. მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად მრავალი სირთულისა, ხალხმა არ მიატოვა მართლმადიდებლობა.

მამა კოსმას მემკვიდრე, მელეტი გრიგორიელი ყვებოდა:
”მამა კოსმამ აფრიკაში ძალიან დიდი საქმე გააკეთა. ვხედავ, რომ ყველგან ათონური ტიპიკონია და ყველას სკვნილი უჭირავს ხელში. ტაძრებში ყველა ერთად გალობს და ყოველდღიურად მსახურობენ”.

მამა კოსმას მიერ, მტკიცე საძირკველზე, აშენებული მართლმადიდებლური მისია დღესაც წარმატებით ვითარდება. დღეს იქ, უკვე 110 ტაძარია, 159 – სამრევლო, 78- მღვდელი. 84 საგანმანათლებლო დაწესებულებაში 633 მასწავლებელი ასწავლის და 30 000-მდე ადამიანი იღებს განათლებას. დაწყებითი სკოლების გარდა, გახსნილია პედაგოგიური, აგრონომიული, ფინანსური, კომპიუტერული და სამედიცინო კოლეჯები.

თითოეულ ტაძართან შენდება სკოლა, რომ მოსწავლეებს მუდმივი კავშირი ჰქონდეთ ეკლესიასთან, მის ეზოში თამაშობდნენ და ღვთისმსახურებებში მონაწილეობდნენ .

წმინდა ნექტარიოსის მონასტერთან ერთად, სადაც დღეს 6 აფრიკული წარმოშობის მონაზონი მოღვაწეობს, 2014 წელს დაარსდა მამათა მონასტერი, სადაც 7 მონაზონია.

საერთო ენთუზიაზმით შექმნეს, მისიონერული რადიოსადგური, ”მართლმადიდებლობის ხმა”, რომლის სიხშირეზეც ღვთისმსახურებების ტრანსლაცია და კატეხიზატორული საუბრებია.

წყარო: https://pravoslavie.ru/

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა გადმოწერილია საიტიდან: http://www.wwf-congobasin.org/

Share