W3A0199

ახალი წელი – არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი

როდესაც ღმერთი ადამიანად მოვიდა, კაცობრიობისთვის დადგა ჟამი გამოხსნისა, რადგანაც სამყაროში მხსნელი შემოვიდა და ცხონება ყველასთვის შესაძლებელი გახდა.

ადამიანისთვის ერთადერთი გზა გადარჩენისა არის – მოუკლებელი სინანული. სინანული კი გვეხმარება იმის შეცნობაში, რომ მხოლოდ ცოცხალი ღმერთია ჩვენი მხსნელი და მხოლოდ მისზე მინდობით ვცხონდებით. სინანული არის ის, რაც გვამდაბლებს ქრისტეს წინაშე და შესაბამისად, ჩვენს გულში მოიზიდავს მას. სინანული არის ის, რაც გვეხმარება საკუთარი ცოდვილობის ხედვაში და სულიერი ღვაწლის მიერ სრულიად გარდაგვქმნის. შესაბამისად, ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, ქრისტეს შობის შემდეგ დადგა ჟამი სინანულისა და გამოხსნისა. თუკი ეს ყველა ქრისტიანს ეხება, მაშინ მითუმეტეს ეხება მონაზვნებს, რომლებიც მხოლოდ იმისთვის განშორდნენ ამ სოფელს, რათა სინანული მთელი თავიანთი ცხოვრების მთავარ საქმედ ექციათ.

მამებო, აი სწორედ ამ აზრებით ვხვდებით ახალ წელს, რაც, რა თქმა უნდა, პირობითი რამაა. დრო განუწყვეტლად მიედინება და გვეძლევა მანამ, სანამ მარადიული სიცოცხლისთვის არ ვიქნებით მზად. თუმცა ჩვენ, ადამიანები ჩვენი ცხოვრების დროს ვყოფთ ხოლმე. დაე ასეც იყოს, თუ ეს პირობითი დაყოფა გვეხმარება იმაში, რომ ქრისტეს ეს უდიდესი საჩუქარი – დრო, სინანულისა და გადარჩენისთვის გამოვიყენოთ.

როგორც წესი, ყოველ წელს რაღაც ამდაგვარს გეუბნებით ხოლმე. ზოგი იმახსოვრებს და იღვწის, ზოგიც კი ივიწყებს. იმედი მაქვს, უმეტესობას ახსოვს. ახლა კი ყოველგვარი ზედმეტი რჩევის გარეშე, მინდა რომ ,,სამწმიდაოს’’ ლოცვის სიტყვები შეგახსენოთ, რათა მთელი წლის განმავლობაში გვახსოვდეს: ,,წმიდა-ჰყვენ ჩუენნი სულნი და ხორცნი, და მომეც ჩვენ ღირსებით მსახურება შენი ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა, მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა საუკუნითგან სათნო ყოფილთა შენთათა. რამეთუ წმიდა ხარ შენ ღმერთო ჩუენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე’’.

რამდენადაც ჩვენი ღმერთი წმინდაა, ამ სიტყვის აბსოლუტური გაგებით, ჩვენი ცხოვრების საზრისიც სიწმინდეა. თუმცა ვერც სიწმინდეს მოვიხვეჭთ, თუ მოუკლებლად არ ვთხოვთ, მას, ვინც არის წყარო სიწმინდისა. ამიტომაც ვევედრებით მას, სიწმინდის წყაროს, რათა ჩვენც განგვწმინდოს და წმინდა გაგვხადოს. ,,მომეც ჩუენ ღირსებით მსახურება შენი’’. ვევედრებით, რათა ღირსეულად და კრძალვით მსახურება შეგვაძლებინოს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ასე რომ, ღმერთისგან სულისა და ხორცის სიწმინდეს გამოვითხოვთ, რათა მთელი ცხოვრების განმავლობაში არ დაუშვას უფალმა, რომ რომელიმე ვნებაში დავინთქათ, დავეცეთ და წავიბილწოთ, არამედ ქრისტესთვის მოსაწონები გავხდეთ. ეს ყველაფერი კი ჩვენი ყოვლადწმიდა დედისა და ყველა წმინდანის მეოხებით აღესრულება.

მოდით, ძმებო, ვიბრძოლოთ ჩვენი სულის და ხორცის სიწმინდისთვის. დაუყოვნებლივ განვიწმინდოთ სინანულით ყოველგვარი დაცემის შემთხვევაში, რათა შეძლებისდაგვარად ყოველწამიერად ქრისტესთვის სათნო ჭურჭლები ვიყოთ. ჩვენი ყოვლადწმიდა, ყოვლადკეთილი შემოქმედი და მაცხოვარი სწორედ ამას ელის ჩვენგან.

მამებო, მინდა რაღაც გითხრათ, რაც ადრეც მითქვამს, მაგრამ წუხანდელ ღამისთევაზე განსაკუთრებით ვირძენი ამის კიდევ ერთხელ თქმის საჭიროება. არც ვიცი საღმრთო უწყებაა ეს თუ არა, მაგრამ ვირძენი, რომ ყოვლადწმიდა ღმერთი თითოეული ჩვენგანისგან რაღაც მეტს ელოდება: ჩემგანაც, რომელიც მუდამ გიქადაგებთ და თქვენგანაც, ჩვენი საძმოსგან. რაღაც მეტს ითხოვს ჩვენგან ღმერთი! ამიტომაც, გევედრებით, რომ მეტად დავიხარჯოთ, გამოვიძიოთ, მოვთხოვოთ საკუთარ თავს უფრო მეტი. პირვე რიგში კი მე, ყველაზე უღირსმა და შემდეგ თქვენ. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა: ,,რა არის ის მეტი, რასაც ჩემგან ქრისტე ელოდება? რას ითხოვს ის ჩვენი საძმოსგან?’’ იმას, რომ რაც შეიძლება მეტად სათნოვეყოთ მას და რაც შეიძლება მეტად განვადიდოთ ის ჩვენი სიმდაბლითა და ცხოვრების წესით.

გისურვებთ, რომ ეს ახალი წელი, იყოს წელი გამოხსნისა, სინანულისა, განწმენდისა და ჩვენი ღმერთის სათნოყოფისა. მრავალ წელს გისურვებთ ყველას, მთელ საძმოს, ყველა ქრისტიანს, მომლოცველს და ყველას, ვინც ყოველწლიურად ჩამოდის ჩვენთან აღსანიშნად. ქრისტემ დალოცოს ისინი, თავიანთი ოჯახებით. ყველას, ვინც აქ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის კურთხეულ ადგილას ჩამოდის, ვუსურვებ, რომ სიწმინდეს მიაღწიონ და ეს მდგომარეობა თავიანთ ოჯახებს, საზოგადოებას და მთელ სამყაროს გადასცენ, რადგან დღეს ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება და მათ ეს სჭირდებათ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, მთელი სამყარო და ყველას შეგვეწიოს. ამინ!


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share