1 35

გზა ბედნიერებისკენ – წმინდა ნექტარიოს ეგინელი

არაფერია წმინდა გულზე დიდებული, რადგან იგი ცოცხალი ღმერთის საყდარი ხდება. განა ქრისტეს საყდარზე მეტად დიდებული რამ არსებობს? რა თქმა უნდა, არა. ასე საუბრობს უფალი მათზე, ვისაც წმინდა გული აქვს: ,,დავიმკჳდრო და ვიქცეოდი მათ შორის და ვიყო მე მათა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად’’(2.კორ.6:16). ამ ადამიანებზე უფრო ბედნიერი განა ვინ უნდა იყოს? განა რაიმე სიკეთე აკლიათ მათ? კიდევ რა შეიძლება აკლდეთ? არაფერი, მართლაც რომ არაფერი! რატომ? იმიტომ, რომ საკუთარი გულით უდიდებულეს სიკეთეს – თავად იესუ ქრისტეს ატარებენ.

როგორ ცდებიან ის ადამიანები, რომლებიც ბედნიერებას საკუთარი თავის გარეთ, სხვა ქვეყნებში, მოგზაურობებში, სიმდიდრეში, სიამოვნებებში, დიდებასა და ამაო საგნებში ეძებენ! ამ ყველაფრის ბოლო მხოლოდ სიმწარეა! საკუთარ გულს მიღმა ბედნიერების კოშკის აღმართვა, იგივეა, რაც სახლის ისეთ ადგილზე აშენება, სადაც მუდმივი მიწისძვრებია. ასეთი სახლი მალევე დაინგრევა…

ძმანო და დანო! ბედნიერება ჩვენშია და ნეტარია ის, ვინც ეს შეიცნო და გააცნობიერა. გამოიკვლიეთ საკუთარი გული და დააკვირდით მის სულიერ მდგომარეობას. ქრისტეს წინაშე კადნიერება ხომ არ დაგიკარგავს? ან სინდისი ხომ არ გამხელს მისი მცნებების დარღვევაში? იქნებ გამხელს კიდეც უსამართლობაში, ტყუილში, საკუთარი მოვალეობების უგულვებელყოფაში? გამოიკვლიე, ბოროტებამ და ვნებებმა ხომ არ აღავსეს შენი გული? იქნებ მან (გულმა) სულაც სხვა გზით დაიწყო სვლა…

სამწუხაროდ, ვისაც კი საკუთარი გული უყურადღებოდ დაუტოვებია, ყოველი სიკეთე დაუკარგავს და დიდ ბოროტებაში აღმოჩენილა. ასეთი მდგომარეობა გვაკარგვინებს სიხარულს და მწუხარებით აღგვავსებს. განდევნის სიმშვიდეს და შემოაქვს სიმძიმე, დათრგუნულობა, შფოთი და შიში. დევნის სიყვარულს და იძენს სიძულვილს და ბოლოს, ჰკარგავს სულიწმიდის იმ ნაყოფებს, რომლებიც ნათლისღებისას მიუღია. ამის შემდეგ, უნათესავდება ყოველგვარ ბოროტმოქმედებას, რომლებიც ადამიანს ბოლომდე ანადგურებენ და აუბედურებენ.

ძმანო და დანო! ჩვენს ყოვლადმოწყალე ღმერთს სურს, რომ ამ ცხოვრებაშიც და მომავალშიც ბედნიერნი ვიყოთ. იმისთვის დააარსა მან თავისი წმინდა ეკლესია, რომ განგვწმინდოს, განგვანათლოს , შეგვიწყნაროს და თავისი ზეციური კურთხევა მოგვანიჭოს.

ეკლესია მუდამ მზადაა გულში ჩაგვიკრას. მოდით მივეახლოთ მას ყველანი, ვისაც სინდისი დამძიმებული გვაქვს. მივიდეთ და ეკლესია ჩვენი ტვირთის სიმძიმეს შეამსუბუქებს, ქრისტეს წინაშე კადნიერებას მოგვანიჭებს და ჩვენს გულს ბედნიერებით აღავსებს.

ნათლისღება

,,რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ’’(გალ.3:27).

ნათელღებული ქრისტიანები განიძარცვავენ ძველ კაცს თავისი ვნებითურთ და გულისთქმით და შეიმოსავენ ახალ ადამიანს, თავად ქრისტეს, რომელიც იმ წამიდან მათ გულში მკვიდრდება. სიტყვა ,,შემოსვა’’ რაღაც გარეგნულს კი არ გულისხმობს, არამედ მეტად სიღრმისეულს, არსობრივსა და განუყოფელს.

ქრისტესადმი ცოცხალი რწმენითა და ნათლისღებით თავად უფალ იესუს შევიმოსავთ და ზეციური მამის შვილნი, სულიწმიდის სამკვიდრებელნი, ცოცხალი ღმერთის ტაძარნი, სრულყოფილნი და მადლით ღმერთნი ვხდებით. ამრიგად ჩვენ განვიძარცვეთ ხრწნილება და შევიმოსეთ უხრწნელება. განვეშორეთ ცოდვისმიერ ადამიანს და მივიღეთ მადლისმიერი. განვდევნეთ სიკვდილი და შევიმოსეთ უკვდავება…

თუმცა, განა გააზრებული გვაქვს ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც ღმრთის წინაშე ნათლისღების შემდგომ დაგვეკისრა? გავაცნობიერეთ თუ არა, რომ უნდა ვიქცეოდეთ როგორც ღმრთის შვილნი, ქრისტეს ძმანი, რომ საკუთარი ნება ღმრთის ნებასთან თანხმობაში უნდა მოვიყვანოთ, რომ აუცილებელია ცოდვისგან გათავისუფლება, რომ უნდა გვიყვარდეს ის მთელი ძალით, სულისა და გულის სიღრმით და მოუთმენლად ველოდეთ მასთან მარადიულ შეერთებას? დავფიქრებულვართ თუ არა იმაზე, რომ ჩვენი გულიდან მოყვასის სიყვარული უნდა იღვრებოდეს? გვაქვს თუ არა განცდა, რომ ვალდებულნი ვართ სრულყოფილნი, ღმრთი შვილნი და ზეციური სასუფევლის მემკვიდრენი გავხდეთ?

ამ ყველაფრისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რათა საღმრთო მოწოდების უღირსნი არ აღმოვჩნდეთ. დიახ, ძმანო და დანო, თუ გვინდა, რომ გავიმარჯვოთ, აუცილებლად მოშურნედ და თავგანწირვით უნდა ვიშრომოთ. დაე, არც ერთმა ჩვენგანმა არ დაკარგოს სიმამაცე, არ ვიყოთ გულგრილნი საკუთარი მოვალეობებისადმი და სულიერი ბრძოლის სირთულის გამო უკან არ დავიხიოთ. ჩვენი დამხმარე და შემწე ხომ თავად ღმერთია, რომელიც სათნოებათა რთულ გზაზე განგვამტკიცებს.

სულიერი ბრძოლა

ჩვენი ცხოვრების მიზანი სიწმინდე, სრულყოფილება, ღმრთის შვილობა და სასუფევლის მემკვიდრეობაა. ვიყოთ ფხიზელნი, რათა ამქვეყნიური ცხოვრებისას მარადიული არ დავკარგოთ და გადამეტებული ცხოვრებისეული საზრუნავების გამო გულგრილობამ არ მოგვიცვას.

მარხვა, მღვიძარება და მოუკლებელი ლოცვა თვითმიზანი კი არ არის, არამედ მიზნის მიღწევის აუცილებელი საშუალებები. სათნოებებით შეამკეთ თქვენი ლამპრები! იღვაწეთ, რათა შინაგანი ვნებები მოიკვეთოთ. საკუთარი გული ყოველგვარი არაწმინდებისგან განიწმინდეთ, დაიცავით იგი, რათა მასში ქრისტე დამკვიდრდეს.

საყვარელო შვილებო, მთელი თქვენი გულმოდგინება სწორედ აქეთკენ უნდა იყოს მიმართული. ეს უნდა იყოს თქვენი მოუკლებელი სამიზნე და სწრაფვა. ამისთვის ევედრეთ ქრისტეს.

ყოველდღიურად წარსდექით ქრისტეს წინაშე და ესაუბრეთ მას საკუთარ გულში და არა მის გარეთ. და როცა მას შეხვდებით სერაფიმებისა და ქერუბიმების მსგავსად კრძალვითა და შიშით მიეახლეთ, რადგანაც თქვენი გული ქრისტეს საყდრად ქცეულა. იმისათვის, რომ ქრისტე გულში შეუშვათ, მიწამდე დაიმდაბლეთ საკუთარი თავი, რადგან მას მდაბალ გულში მყოფობა უყვარს.

თუ იბრძვი, ქრისტე განგამტკიცებს! ბრძოლისას ჩვენ საკუთარ უძლურებებს, ნაკლოვანებებსა და ჭრილობებს აღმოვაჩენთ. იგია სარკე ჩვენი სულიერი მდგომარეობისა. ამიტომაც, ვინც არ იბრძვის, ის ვერასდროს შეიცნობს საკუთარ თავს.

ყურადღებით იყავით თითქოს უმნიშვნელო დაცემებისადმიც კი. თუ უყურადღებობის გამო ცოდვაში აღმოჩნდებით, სასო არ წარიკვეთოთ, არამედ თავი ხელში აიყვანეთ და ქრისტეს მიეახლეთ.

ჩვენს გულში ფესვგადგუმულია ვნებები და უძლურებები. ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით, შფოთით და მძიმე ნერვიულობით კი არ ამოიძირკვება, არამედ მოთმინებით, ყურადღებითა და გულმოდგინებით.

საკუთარი თავისადმი ზედმეტი სიბრალულის მიღმა სიამაყე იმალება. ამიტომაც, ეს უკანასკნელი საკმაოდ დამაზიანებელი და საშიშია და მას ხშირად ეშმაკი ამძაფრებს, რათა მოღვაწის სვლა შეაჩეროს.

სრულყოფილებისაკენ მავალი გზა საკმაოდ გრძელია. ილოცეთ, რომ უფალმა განგამტკიცოთ. მოთმინებით მიიღეთ თქვენი დაცემები, მყისვე წამოდექით და ქრისტესთან ბავშვებივით გაიქეცით. არ დარჩეთ იმ ადგილზე, სადაც დაეცით და არ დაიწყოთ იქ უნუგეშო ტირილი.

იყავით მღვიძარენი და მოუკლებლად ილოცეთ, რათა განსაცდელში არ აღმოჩნდეთ. იმედი არ დაკარგოთ, თუ ძველ ცოდვებში მუდამ ვარდებით. ჩვევის გამო ისინი გულში მტკიცედ ფესვგადგმულნი არიან. თუმცა, დროსთან და გულმოდგინებასთან ერთად, ისინი აუცილებლად მარცხდებიან. დაე არაფერმა დაგვაკარგინოს იმედი!

განსაცდელები

განსაცდელები იმისთვის გვევლინებიან, რათა ჩვენში დაფარული ვნებები განცხადდნენ და მათთან ბრძოლა დავიწყოთ. ისინიც ღმრთი წყალობის გამოვლინებებია და ამიტომაც, საკუთარი თავი ქრისტეს მიანდე. მასზე მინდობა არასდროს მიგვიყვანს სასოწარკვეთილებამდე. განსაცდელებს მდაბალცნობიერება(სიმდაბლით აზროვნება) მოაქვს. ღმერთმა იცის, ვის რამდენის გაძლება შეუძლია და განსაცდელებსაც ჩვენი საზომის მიხედვით უშვებს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ვიყოთ ფხიზელნი და ყურადღებიანნი, რათა ჩვენ თვითონვე არ ჩავაგდოთ საკუთარი თავი განსაცდელში.

მიენდეთ ჩვენს სახიერ, მტკიცე და ცოცხალ ღმერთს და ის მიგიყვანთ ,,ადგილსა განსასვენებელსა’’. გახსოვდეთ, რომ განსაცდელს ყოველთვის სულიერი სიხარული მოსდევს და ქრისტეც იმ ადამიანის გულს ეხება, ვინც ყოველგვარ მწუხარებას მისი სიყვარულისთვის ითმენს. ასე რომ, სულმოკლეობა არ გამოიჩინოთ და ნუ გეშინიათ!

არ მინდა, იმ ყველაფრის გამო იტანჯებოდეთ, რაც თქვენი ნების საწინააღმდეგოდ ხდება. ასეთი მწუხარება ეგოიზმის გამოვლინებაა. ყურადღებით იყავით ეგოიზმის მიმართ, რომელიც ხშირად სიმართლის მიღმა იმალება. უარყავით ის უადგილო სიბრალული, რაც საკუთარი თავისადმი გიჩნდებათ მაშინ, როცა სამართლიანად გამხელენ. ზედმეტი მწუხარებაც განსაცდელია. ჭეშმარიტი მწუხარების ერთადერთი მიზეზი საკუთარი სულის დაცემულობის შეგრძნებაა. სხვა დანარჩენს ქრისტესთან არანაირი საერთო არ აქვს.

იზრუნეთ საკუთარი გულის გაფრთხილებისთვის, რათა მადლისმიერი სიხარული მოიხვეჭოთ, შეინარჩუნოთ და მზაკვარ ეშმაკს თავისი მომაკვდინებელი შხამის ჩაღვრის საშუალება არ ჰქონდეს. ყურადღებით იყავით, რომ ჩვენში დამკვიდრებული სამოთხე ჯოჯოხეთად არ იქცეს.

ლოცვა

ადამიანის ყველაზე მთავარი საქმიანობა ლოცვაა. სწორედ ამისთვის მოვევლინეთ ამ სამყაროს. ადამიანი იმისთვის შეიქმნა, რომ საღმრთო ნეტარების თანაზიარი გამხდარიყო.

არის რა ღმრთის ხატი, ადამიანის სულს თავის შემოქმედთან მყოფობა სწყურია. სწორედ ლოცვაშია მისი სიხარული და მხიარულება. ჭეშმარიტი ლოცვისას ადამიანის სული ხარობს, გული ხტის და რამდენადაც უფრო ღრმავდება ლოცვა, იმდენად განიძარცვავს ვნებისმიერ გულისთქმებს და ზეციური სიკეთეებით აღივსება. შინაგანად რამდენადაც შორდება მიწიერს, იმდენად მეტად ტკბება ზეციური მხიარულებით. საკუთარი გამოცდილება გვიდასტურებს, რომ ეს ყველაფერი სრული ჭეშმარიტებაა.

ქრისტესთვის მხოლოდ ის ლოცვაა სათნო, რომელიც საკუთარი უღირსებისა და დაცემულობის შეგრძნებით აღევლინება. ამ შეგრძნების მოსაპოვებლად კი საჭიროა საკუთარი მავნე ეგოიზმის უარყოფა, ქრისტეს მცნებებისადმი მორჩილება, სიმდაბლე და მოუკლებელი შინაგანი ლოცვითი საქმიანობა.

თქვენი ყოველი საზრუნავი უფალს მიანდეთ. ის მუდამ ზრუნავს ჩვენზე. ამიტომაც, ხელები არ ჩამოყაროთ და ნუ გეშინიათ. მოუკლებლად ევედრეთ ქრისტეს და არ დაკარგოთ სიმამაცე. არ იფიქროთ, რომ რახან სულიერი მოტივაცია გამოძრავებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ წუწუნის უფლება გაქვთ, როცა თქვენი სათხოვარი არ სრულდება. თქვენი გულის წადილს ისე აღასრულებს უფალი, რომ ვერც წარმოგიდგენიათ. ასე რომ, დამშვიდდით და ქრისტეს მოუხმეთ.

თავისთავად ლოცვას კი არ მივყავართ სრულყოფილებისკენ, არამედ ქრისტეს, რომელიც ჩვენში შემოდის და მკვიდრდება, თუკი მის მცნებებს აღვასრულებთ. ერთ-ერთი უპირველესი მცნებაა ის, რომ საკუთარ ნებას კი არ მივსდევდეთ, არამედ ღმრთის ნებას აღვასრულებდეთ. რათა ჩვენც შეგვეძლოთ ვთქვათ: ,,უფალო არა როგორც მე მნებავს, არამედ შენ. იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა’’. ამიტომაც, ქრისტეს გარეშე ყველაფერი ხიბლის წყარო ხდება.

სიყვარული

მიაღწიეთ სიყვარულს! ყოველდღე ევედრეთ ქრისტეს, რომ სიყვარული გასწავლოთ. სიყვარულთან ერთად კი ყველა სიკეთე და სათნოება მოგვენიჭება. გიყვარდეთ, რათა თქვენც უყვარდეთ. მიეცით ქრისტეს თქვენი გული, რათა მისი სიყვარული შეიძინოთ. ,,ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა’’(1.ინ.4:16).

ვალდებულნი ხართ დიდი სიფრთხილე გამოიჩინოთ ურთიერთობებში და პატივი სცეთ ერთმანეთს. არ მიაქციოთ ყურადღება ადამიანის გარეგნულ მხარეს, არამედ შინაგანს დააკვირდით. ყურადღებით იყავით სიყვარულის გრძნობისადმი, რადგანაც თუ ჩვენი გული ლოცვის მიერ არ არის გამთბარი, საშიშროება გვემუქრება, რომ ეს გრძნობა ხორციელში, არაბუნებრივში გადაიზარდოს, დააბნელო ჩვენი გონება და დაწვას ჩვენი გული.

აუცილებელია ყოველდღიურად ვიკვლევდეთ: არის თუ არა ჩვენი სიყვარული ქრისტესთან კავშირის ნაყოფი? ვინც ყურადღებითაა და სიყვარულის სიწმინდეს უფრთხილდება, ის დემონურ ხაფანგებს გადაურჩება.

ქრისტიანული თავაზიანობა

ქრისტეს მცნებების თანახმად, ქრისტიანი სრულყოფილი უნდა გახდეს. სიწმინდე თავდაპირველად ქრისტიანის გულის სიღრმეში აღიბეჭდება და შემდეგ უკვე მის სიტყვებსა და საქმეებშიც ვლინდება. ამრიგად, მადლი, რომელიც გულში მკვიდრობს, გარეგნულ გამოვლინებებშიც იღვრება.

ქრისტიანი ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს. მისი სიტყვა და საქმე მის გულში დამკვიდრებული სულიწმიდის მადლით უნდა სუნთქავდეს, რათა ამგვარი ქრისტიანული ცხოვრების წესით დაამოწმოს და განადიდოს ღმერთი.

ვინც ყურადღებითაა სიტყვის მიმართ, რომლის თქმასაც აპირებს, ის იმ საქმეებისადმიც ყურადღებით იქნება, რომელთა აღსრულებაც გადაუწყვიტავს. შედეგად ის არასდროს გადაცდება ზღვარს.

ქრისტიანის საუბარი დელიკატურობითა და თავაზიანობით ხასიათდება. ეს შობს სიყვარულს, მოაქვს სიმშვიდე და სიხარული. ამის საწინააღმდეგოდ კი, უხეშობა შობს სიძულვილს, მტრობას, მწუხარებას, პირველობის სურვილს, ქაოსსა და ომებს.

ამიტომაც, შვილებო, მუდამ თავაზიანნი ვიყოთ. ჩვენი ბაგეებიდან არასდროს ამოვიდეს ისეთი სიტყვა, რომელიც ღმრთის მადლის მარილით არ არის განზავებული. არამედ, დაე ჩვენი ყოველი სიტყვა იყოს მადლისმიერი და კეთილი. ეს ყველაფერი ქრისტესმიერ თავაზოანობასა და სულიერ განვითარებაზე მეტყველებს.


წყარო: http://azbyka.ru