გრიგოლ პალამა

გონების გულში დაბრუნების შესახებ – წმინდა გრიგოლ პალამა

პირველი ტრიადა

ზოგიერთისგან მსმენია, რომ მეცნიერებას თვით ღმრთის შეცნობამდე მივყავართ, თავიდან ვერც კი დავიჯერე, მონაზვნობის ხანმოკლე გამოცდილებამ კი სრულიად საწინააღმდეგო მაჩვენა. ღმერთთან შერიგება მაშინ ხორციელდება, როდესაც შიში სიყვარულად შეიცვლება, მტანჯველი ლოცვა – სიტკბოებად. ადამიანები ამბობენ, რომ არასწორად ვიქცევით, ვცდილობთ რა გონების სხეულში შეყვანას, მათ თუ მოვუსმენთ, საწინააღმდეგო უნდა მოვიმოქმედოთ – მთელი ძალით სხეულის ფარგლებს გარეთ უნდა ვდევნიდეთ მას [გონებას], ამიტომ დასცინიან ისინი ჩვენს მონაზვნებს, განიკითხავენ რა მათ იმისთვის, რომ ახალდამწყებთ საკუთარი თავის ყურებისკენ, სუნთქვის საშუალებით საკუთარი გონების საკუთარ თავშივე გაგზავნისკენ მოუწოდებენ.

მამაო, იქნებ აგვიხსნა, როგორ ვესწრაფოთ მთელი არსებით გონების შიგნით შეყვანას?
ნუთუ არ გახსოვს ძმაო, მოციქულის სიტყვა, რომ „არა უწყითა ხორცნი ეგე თქუენი ტაძარნი თქვენს შორის სულისა წმინდისანი არიან?“, ქრისტე კი, როგორც ძე მამის სახლში, ხოლო მისი სახლი ჩვენ ვართ, „რამეთუ თქვენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ, ვითარცა თქუა ღმერთმან „დავიმკვიდრო და ვიქცეოდე მათ შორის და ვიყო მე მათი ღმერთი და იგინი იყვნენ ჩემდა ერად“, ხოლო რაც ბუნებით ღმრთის სახლი შეიძლება გახდეს, თუ უგუნურნი არა ვართ, საკუთარ გონების მასში შეყვანას უნდა ვუკადრისობდეთ?!

ვეწინააღმდეგებით რა ცოდვისა და სიკვდილის სჯულს, მას [ცოდვას] ვდევნით სხეულიდან და მასში [სხეულში] მმართველად ვამკვიდრებთ გონებას, რომლის მეშვეობით სულის თითოეული თვისებისა და სხეულის ყოველი ორგანოსათვის შესაბამის კანონებს ვაფუძნებთ: გრძნობებს ვუბრძანებთ თუ რა და როგორი ხარისხით მიიღონ, კანონის ამ მოქმედებას თავშეკავებას ვუწოდებთ; სულის ვნებით ნაწილს სიყვარულისკენ წარვმართავთ, ხოლო სულის განსჯით ნაწილს ვსრულყობთ, განვდევნით რა მისგან ყველაფერს, რაც ჩვენ აზრებს ღმრთისაკენ მისწრაფებაში ხელს უშლის. გონიერი კანონის ამ ქმედებას სიფხიზლედ სახელვდებთ.

„რამეთუ ღმერთმან, რომელმან თქვა ბნელისაგან ნათელის გამობრწყინვებად, რომელმან გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩვენთა, განსანათლებლად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირსა იესუ ქრისტესსა, ხოლო გვაქვს ეს ჩვენ საფასე კეცის ჭურებითა“, თუ ჩვენში, თიხის ჭურჭლებში იესუ ქრისტეს სახით, თვით მამის ნათელი ჰგიებს, ნუთუ საკუთარი გონების სხეულის შიგნით გაჩერებისათვის, მის [გონების] კეთილშობილებას შეურაცხვყოფთ? უკუეთუ დანამდვილებით უწყით, რომ ჩვენი აზროვნების უნარი მდებარეობს არა ჩვენს შიგნით, როგორც რაღაც ჭურჭელში, რამეთუ უსხეულოა და არც ჩვენს გარეთ, რამეთუ ერთობაშია ჩვენთან, არამედ გულშია, როგორც ინსტრუმენტში მყოფობს. ამის შესახებ ჩვენ გავიგეთ არა ადამიანთაგან, არამედ თვით ადამიანთა შემოქმედისგან: „არა თუ პირითა შემავალი შეაგინებს კაცსა, არამედ პირით გამომავალი შეაგინებს კაცს, რამეთუ გულისაგან გამოვლენ გულის სიტყვანი“.

ასე რომ, გული სულის გონიერი ნაწილის საუნჯე და განსჯის უმთავრესი იარაღია სხეულისა. გვაქვს რა მცდელობა სხეულის სიფხიზლის მკაცრი დაცვით წარვმართოთ ეს უნარი, რა უნდა მოვიმოქმედოთ, თუ არა ის, რომ გარეგანი შთაბეჭდილებებით გაბნეული გონება წარვმართოთ გულისკენ, როგორც მისივე ცენტრისკენ, გულისთქმათა საცავისკენ. ხომ ხედავთ, რომ ვისაც სურს მყუდროებაში მყოფობა და ჩაღრმავება, მან გონება აუცილებლად უნდა დააბრუნოს და დაატყვევოს სხეულში, განსაკუთრებით კი იმ შინაგან სხეულში, ჩვენ რომ გულს ვუწოდებთ.

თუკი მოციქულის მიერ ვიგებთ, რომ „გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თვისისა გულსა შინა ჩვენთა, რომლითა ვღაღადებთ აბბა მამაო“, მაშინ სულიწმინდასთან ერთად ნუთუ გულში არ უნდა ვლოცულობდეთ? თუკი წინასწარმეტყველთა და მოციქულთა უფლის მიხედვით სასუფეველი ღვთისა თქვენს შორისაა, თქვენშია, მაშინ ნუთუ ცათა სასუფევლის გარეშე არ დარჩება ის, ვინც მთელი ძალებით ცდილობს საკუთარი გონების საკუთარ თავის შინაგანიდან გარეთ გაყვანას? გონების სხეულიდან გაყვანა, რომლის ფარგლებს გარეთაც თითქოს უმჯობესდება გონიერი მჭვრეტელობა, ყოველგვარი ბოროტების ფესვი და წყარო, უბოროტესი ელინური ხიბლი, დემონური გამოგონება, უგუნურების გამომწვევი და უგუნურობიდანვე წარმოშობილი მეცნიერებაა. ჩვენ კი პირიქით, გონება სხეულის და გულის შიგნით კი არა, არამედ იმის იქით, კიდევ უფრო შიგნით შეგვყავს.

დაე, იმსჯელონ, ასეთმა ადამიანებმა ჩვენ წინააღმდეგ, თუ როგორაა შესაძლებელი გონების შიგნით შეყვანა. დაგვცინიან, რომელიც ისედაც სულისაგან არაა განცალკევებული. ეტყობა მათ არ იციან, რომ ერთია გონების არსი, ხოლო მეორეა მისი ენერგია. გონება არაა მხედველობასავით, რომლებიც სხვა საგნებს ხედავს, მაგრამ თავის თავს ვერა, გონება მოქმედებს და რაც ესაჭიროება ყოველივეს მიმოიხილავს და ასეთ მის ქმედებას, წმინდა დიონისე არეოპაგელი გონების სწორხაზოვან მოძრაობას უწოდებს, მაგრამ შემდეგ თავის თავს უბრუნდება და საკუთარ თავზე ზემოქმედებს და ჭვრეტს, რასაც დიონისე გონების წრიულ მოძრაობას უწოდებს, სწორედ ეს მეორე ქმედებაა გონებისათვის უმჯობესი და მეტად დამახასიათებელი, რომლის მიერაც იგი უერთდება რა ღმერთს, ზოგჯერ საკუთარ თავსაც აღემატება.

ბასილი დიდი ამგვარად ამბობს: „გონება, რომელიც გარეთ არ განიფანტება“. ესე იგი, მას შეუძლია გარეთ გასვლა. გასული კი, რა თქმა უნდა, უკან დაბრუნებას საჭიროებს, ამიტომ ბასილი დიდი აგრძელებს „უბრუნდება საკუთარ თავს, საკუთარი თავიდან კი, როგორც საიმედო გზის მიერ, ღმერთისკენ მიემართება“, „გონების წრიული მოძრაობის მიერ კი” – მსჯელობს ზეციური მჭვრეტელი დიონისე – “შეუძლებელია რაიმე ცდომილებაში აღმოვჩნდეთ“. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, წიგნებსაც კი წერენ, რომ მლოცველი, თვით მონაზონიც კი გონებას სხეულის გარეთ უნდა ამყოფებდეს, ასეთნი ზეცაში აღმავალი სიტყვიერი კიბის ამგებ იოანე სინელსაც კი არ უჯერებენ, რომელიც ამბობს, რომ „ისიქასტია ის, ვინც საკუთარ სხეულში უსხეულოს გამომწყვდევას ცდილობს“.

არა მხოლოდ სულიერად, არამედ ადამიანურადაც რომ განვსაჯოთ, მაინც დავინახავთ, რომ ვისაც სურს საკუთარ თავს ეკუთვნოდეს და ნამდვილი შინაგანი მონაზონი გახდეს, აუცილებელია გონების სხეულის შიგნით შეყვანა და მისი იქ ნებისყოფით გაჩერება. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საკუთარ თავში ყურება და სუნთქვის საშუალებით გონების შიგნით შეყვანა ვასწავლოთ დამწყებთ. ამიტომაც არცერთი გონიერი ადამიანი არ გადააფიქრებინებს მონაზონს, რომელსაც ჯერ საკუთარი თავის ხედვის უნარი არა აქვს, გონების თავის თავში მოკრებისათვის რაიმე გარეგან საშუალებას მიმართოს. საკუთარ თავში სულის სრულყოფილი მოკრების შემთხვევაში ყოველივე დანარჩენი თავისთავად ძალდატანების გარეშე გამოდის. ამის საპირისპიროდ, ვერასოდეს იხილავ, რომ ის რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, დამწყებს ძალდატანების გარეშე გამოუვიდეს. ყველას, ვისაც სულიერი ცხოვრების გამოცდილება გააჩნია, ეღიმება მათზე, რომლებიც არა გამოცდილების, არამედ თეორიული მსჯელობის საფუძველზე საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. რამეთუ ამგვარ საქმეებში მასწავლებელი არა თეორიული აზროვნება, არამედ შრომა და მისით მოპოვებული გამოცდილებაა, რომელსაც სასარგებლო ნაყოფი გამოაქვს, რომელიც თავის მხრივ ყოველივე კამათისა და მხილების მსურველის მსჯელობას უნაყოფოს ხდის.

რომელია ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტად გვიტევს და გვირტყავს ბოროტი სული? განა სხეული არა? რომლის შესახებაც გვასწავლის მოციქული, რომ „ჩემს სხეულში არ არის კეთილი, არამედ არის ჩემში სიკეთის ნდომა, მაგრამ როგორ აღვასრულო სიკეთე, ამას ვეღარ ვპოულობ ჩემში“, ესე იგი, მისი [სხეულის] უყურადღებოდ მიტოვება არ შეიძლება. როგორ დავიმორჩილო იგი? როგორ არ დავკარგოთ? როგორ მოვიგერიოთ ბოროტი სულის მასზე თავდასხმა მაშინ, როცა მათთან ბრძოლა ჯერ არ ვიცით, თუკი ყურადღებას გარეგან ფორმებს არ მივაქცევთ? დამწყებებზე რა უნდა ვთქვა, როდესაც სრულყოფილნიც კი არა მხოლოდ ქრისტეს შემდგომ, არამედ მანამდეც, მის ჩვენთან მოსვლამდეც სხეულს ლოცვის დროს შესაბამის ფორმას აძლევდნენ და გაგონილი იყვნენ ღმრთის მიერ. ღმრთის მხილველი ილია, რომელმაც ლოცვით მრავალწლიანი გვალვა დაასრულა, თავი მუხლებს მიაბჯინა და ამგვარად მოხრილმა გულმოდგინედ შეიყვანა გონება საკუთარ თავში და ღმერთში. ხოლო ზოგიერთნი ლოცვის მოწინააღმდეგენი ალბათ ფარისევლობით არიან დაავადებულნი, ამიტომაც არ სურთ დაიცვან და განწმინდოს შინაგანი ჭურჭელი, ანუ გული. არ მისდევენ რა მამათა გარდამოცემას ისინი ჩქარობენ, როგორც ახალი სჯულის მოძღვარნი, ყოველთა ზედა დასხდომას. სწორედ ასეთნი უარყოფენ უფლისაგან გამართლებული მეზვერისეული ლოცვის სხეულებრივ ფორმას და სხვა მლოცველთაც აბრკოლებენ, როგორც ბრძანებს უფალი სახარებაში „მეზვერე იგი შორს იდგა და არა იკადრებდა თვალთაცა ზე აღხილვად“, სწორედ ამგვარ გარეგანი ფორმისაკენ ისწრაფვიან ისინი, რომლებიც ლოცვისას ყურადღებას საკუთარი თავისკენ მიმართავენ. წმინდა მამები კი ახალდამწყებებს სწორედ იმას ასწავლიან და განუმარტავენ გასაგებად და ნათლად, რასაც ასე ეწინააღმდეგებიან ეს ახალი სჯულის მოძღვარნი.

ნათლად ვხედავთ, რომ ისიქასტთა ბრალმდებელნი, არამხოლოდ კეთილ საქმეთა ნაყოფების დაუნახავნი და ცხოვრებისეული გამოცდილების მყარ და უდაო საფუძველს მოკლებულნი, არამედ მამათა სწავლების მიმართაც სრულიად ყრუნი არიან.

წიგნიდან: Триады в защиту священно безмолвствующих

მთავარი ფოტო: წმინდა გრიგოლ პალამას ხატი მდებარე ჯვართამაღლების ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •