არსებობს თუ არა ცუდი, ანუ ვნებებით გამოწვეული ცრემლი? როგორ მივხვდე არის თუ არა ჩემი ცრემლი მადლისმიერი, და თუ არ არის-როგორ მოვიქცე?
ცრემლი ბევრნაირია. მათ შორის: მრისხანებით გამოწვეული, სენტიმენტალური, ან საკუთარი თავის შებრალებით გამოწვეული და სხვა…ესენი მართლაც ვნებისმიერია. მადლისმიერ ცრემლს იმით გამოვარჩევთ, რომ მისი ნაყოფია ლოცვის და და ღმერთთან საუბრის სურვილი. „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინისცემულ იქმნენ“ (მათე, 5:4)-მანუგეშებლის ნუგეში განუგეშებს. სინანული ჯანსაღ ცრემლს ბადებს, რომელსაც მუდამ თან ახლავს ჭეშმარიტი ნუგეშინისმცემელი სულის თანამყოფობის განცდა.
ზემოთ უკვე ვთქვით რომ ვინც ფლობს ჭეშმარიტი სინანულის მადლისმიერ ცრემლს, მას ჩვილი ბავშვისთვის თვალის გასწორებისაც კი სცხვენია. მადლისმიერი ცრემლი სალოცავად განგვაწყობს, გულს გვიჩუყებს და შიგ სიმდაბლეს ამკვიდრებს.
შენდობას გთხოვთ, ჩემი მხრიდან ასეთ თემებზე საუბარი დიდი კადნიერებაა, თუმცა სხვა რა შემოგთავაზოთ ამ სწავლებაზე სასარგებლო და კეთილისმყოფელი.
როგორ ვიტირო, როცა სული გაქვავებული მაქვს? ან ლოცვად დავდგე, როცა სამსახურიდან უკიდურესად გადაქანცული დავბრუნდი?
ღმერთთან ურთიერთობა ყოველთვის შეიძლება დავიწყოთ ამგვარად: ავუხსნათ ჩვენი მდგომარეობა. ვუთხრათ რას ვგრძნობთ, რას განვიცდით; გამოვთქვათ წუხილი, რომ აღარ შეგვრჩა მისთვის საკადრისი ლოცვის უნარი. ხომ მართლაც ხშირად ვუჩივით დაღლას, ხომ გვეჩვენება, რომ ძალა გამოგველია. მაგრამ, დამდაბლებას თუ მოვახერხებთ, თუ როგორმე გულს დავიმდაბლებთ, მყისიერად გაჩნდება ენერგია, რომელიც სინანულის ღვაწლში შეგვეწევა.
მყავდა ერთი ახლობელი მღვდელი, იერომონახი. ერთ კვირა საღამოს, საეკლესიო მსახურებისა და აღსარებების მიღების გამო ისე გასავათდა, რომ ღონემიხდილი და დაძაბუნებული დარდობდა: ალბათ სიტყვას ვერ დავძრავ ღვთის წინაშეო. შევიდა კელიაში, დადის წინ და უკან და გულდარდიანი იმეორებს: „შემინდე უფალო, ლოცვის თავი აღარა მაქვს! „შემინდე უფალო, ლოცვის თავი არა მაქვს! შემინდე უფალო, ძალა გამომელია, დღევანდელ კანონს ვერ შევასრულებ!“ ასე გაგრძელდა ოცი წუთი და იგრძნო, რაღაც ზეშთაგონების მსგავსი ეწვია, ენერგიით აივსო და დიდხანს ლოცულობდა თვალცრემლიანი.
ჩემი ძვირფასი მეგობარი ამას რომ მიზიარებდა, მივხვდით (თითქოს საიდუმლო გავხსენით), იდუმალს ავხადეთ ფარდა. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ მეც გამომიცდია მსგავსი რამ-ადამიანები ვფლობთ დაფარულ ენერგიას, რომელსაც ვერც-კი ვაცნობიერებთ და ზოგჯერ, თუნდაც ერთი თავმდაბლური აზრი ამ ენერგიას ანთავისუფლებს-თითქოს გასაღები მოარგესო…და იგი მოქმედებაში მოჰყავს. ეს თავმდაბლური აზრები, სიმდაბლის გულისსიტყვები-როგორც იდუმალი ენერგიის გასაღები, შეგვიძლია მოვიძიოთ წმინდა წერილში, მამათა შრომებში, მღვდელმსახურის ქადაგებებში, ზოგჯერ-კი გონებაში ღვთის მიერაც მოგვეწოდება. მაგრამ ამ საკვანძო გულისსიტყვების მიმართ ჩვენი ძირითადი მიდგომა ასეთი უნდა იყოს: ვადიდოთ უფალი ყოველ ჟამს და ყველაფრისათვის, ხოლო, საკუთარი დაცემული ბუნება და ცოდვის ტვირთი ჩვენს თავზევე ავიღოთ.
როგორ მოვიპოვოთ სინანულის ცრემლები წინასწარგანზრახვის გარეშე, რომ ძალდატანებამ ფსიქიკაზე არ იმოქმედოს და შეშლილობა არ გამოიწვიოს?
ვფიქრობ, ამაზე უკვე გესაუბრეთ: საჭიროა ვიქონიოთ სწორი მიდგომა-ღმერთი მუდამ მართალია, ჩვენი ცოდვები და შეცდომები მას არ უნდა გადავაბრალოთ. ზოგს ძალიან ადვილად გამოსდის ტირილი, ზოგს-ეძნელება. ცრემლიანი ლოცვა ორივე შემთხვევაში ძვირად ფასობს.
შეიძლება გულშემუსვრილებით და ცრემლებით განიკურნოს კამათისა და ურჩობის ჩვევა?
დიახ. ცრემლი სულს ათავისუფლებს, გაარღვევს გაქვავებული გულის ჯავშანს და არაჩვეულებრივი თავისუფლების შეგრძნებას გვანიჭებს. ამის მიღწევა შეუძლია ყველას, ვინც გულშემუსვრილების შეგრძნებით ლოცულობს. მათ, ვინც იესოს ლოცვაში დამკვიდრებას ცდილობთ, XIX ს. რუსი წმინდანი, თეოფანე დაყუდებული გირჩევთ, ჯერ სინანულის ცრემლით იტიროთ, შემდეგ ჩამოჯდეთ დაბალ სკამზე და იესოს ლოცვას შეუდგეთ. ამ გზით სული ბორკილებისაგან თავისუფლდება, შინაგანი სიმყუდროვე ეუფლება და შეუძლია მშვიდად მოუხმოს უფალს.
როგორც მამას და პედაგოგს, მაინტერესებს, რა გზით წარვმართო ბავშვის აღზრდა, რომ მისი გული ადვილად მიეჩვიოს სინანულს?
ჩვენს ეპოქაში ბავშვის აღზრდა ძალიან ძნელი საქმე მგონია. ამ საკითხში უმეცარი ვარ, მაგრამ ერთ უბრალო რჩევას მაინც მოგცემთ, იქნებ გამოგადგეთ: ბავშვები მშობლების მაგალითით, უფრო მეტიც-მათი ლოცვით უფრო მეტს სწავლობენ, ვიდრე ჩიჩინით. მათთვის მაგალითი უნდა გახდეთ. ასეთ შემთხვევას მოგიყვებით: ერთ მღვდელს სამი ანგელოზივით ვაჟი ჰყავდა. ჰკითხეს: „რანაირად ზრდიდი, რას ასწავლიდი, რომ ასე ახლოს არიან ღმერთთან“? მან უპასუხა: „განსაკუთრებული არაფერი მისწავლებია, მაგრამ რომ დაიძინებდნენ, მათ საწოლებთან ნახევარი საათი ვლოცულობდი: ღმერთი-კი გულში უდებდა ყველაფერს, რისი თქმაც მათთვის მსურდა“. ამჟამად, ერთი მათგანი მღვდელმასახურია, ორი კი-ტაძრის გუნდის მგალობელი.
ღმერთმა ევა შექმნა ადამისათვის. სადუკეველებს-კი ეუბნება, რომ ცათა სასუფეველში არ ქორწინდებიან, არამედ ღმერთის ანგელოზებივით არიან (მთ. 22:30), მაშ რა უფრო ბუნებრივია-მონაზვნობა, თუ ცოლ-ქმრობა?
გააჩნია, რას გულისხმობთ „ბუნებრივში“. ჩვენ უნდა ჩავეძიოთ და გავარკვიოთ სიტყვის ნამდვილი აზრი. ზოგჯერ ვცდილობთ ზებუნებრივი ვუწოდოთ იმას, რაც ბუნებრივია.
შეგიძლიათ მაგალითისთვის ერთი ისეთი შემთხვევა დაგვისახელოთ, რომელმაც ცრემლი გამოიწვია? თუკი საკუთარი თავით კმაყოფილი ვარ, როგორი თვითიძულებით-ღა დავადანაშაულო იგი?
ჩვენ ღმერთთან უნდა ვითანამშრომლოთ. ჩვენ უნდა გამოვთხოვოთ მას ეს ძღვენი. ყველაფერი, რასაც სულის გადასარჩენად ვაკეთებთ, არის ორი ფაქტორის თანამუშაკობა:
ერთია ღვთაებრივი, ხელთუქმნელი და ყოვლისშემძლე, მეორე კი-ადამიანის ნებელობა, რომელიც პირველთან შედარებით უმნიშვნელოა, მაგრამ მაინც უკიდურესად აუცილებელი. ამ თანამუშაკობაში დიდი დახმარება შეუძლია წმინდა წერილსა და წმინდა მამათა შრომების კითხვას. გარდა ამისა, საკმარისი არ არის ჩვეულებრივი, ანუ რიგით ადამიანად ყოფნა. ქრისტიანმა ადამიანურობის იმ საზომს უნდა მიაღწიოს, რომელიც ქრისტემ ნიმუშად დაგვისახა.
მაინტერესებს, არსებობს თუ არა ტირილი ცრემლის გარეშე? და თუ არსებობს, არის თუ არა ის ცრემლისღვრასავით შედეგიანი?
არსებობს. მაგრამ იშვიათია.
ჩვენ კეთილი საქმეების საიდუმლოდ აღსრულება გვევალება. მაშ როგორ მოვიქცეთ ღვთისმსახურებაზე? შესაძლებელია, თუ არა სინანულის სხვაგვარად, ანუ უცრემლოდ გამოხატვა?
კარგი შეკითხვაა. წმინდა პავლე ამბობს: „წინასწარმეტყველთა სულები ემორჩილებიან წინსაწარმეტყველთ“ (1 კორ. 14:32); თუ მართლაც წინასწარმეტყველი სულის თანაზიარნი ვართ, მაშინ ჩვენს შინაგან განცდებს ნუღარ გამოვავლენთ სხვათა წინაშე, იმიტომ, რომ ამით მათ პირად სივრცეზე ვმძლავრობთ, რაც-სულაც არ არის სიმდაბლის ნიშანი. მაგრამ, ჩვენს სენაკში, ან ოთახში ბევრი მუშაობა გვმართებს საიმისოდ, რომ საეკლესიო მსახურებაში უცხო თვალისთვის შეუმჩნევლად, უაღრესი სინანულის განცდით მივიღოთ მონაწილეობა. თუ ჩვენს პირად ლოცვაში წრფელ სინანულს გამოვავლენთ, ამის შედეგად გულში მომზადდება ჩვენი სულის თავისუფლად მოქმედებისათვის საჭირო ნიადაგი და იგი სინანულის გარეგნულად გამოხატვის გარეშეც შეძლებს ღვთივსათნო ლოცვას.
ღმერთი სიყვარულია, სიხარულია, მაშინ მასთან მისასვლელად რატომ არის საჭირო ტკივილითა და მწუხარებით დაღვრილი ცრემლი?
იმიტომ, რომ ცხოვრება გულში ბევრ ჭუჭყს გვიგროვებს. გულის განწმენდის გარეშე ღმერთთან მისვლას ვერ შევძლებთ. ამიტომ არის, რომ ღვთის შვილები შეუწყვეტელი ცრემლით დასტირიან ცოდვებს. წმინდა წერილში ნათქვამია, რომ ვინც სიძნელეებს ჭირთათმენით გაივლის, მათთვის უფლის მიერ გამოვლენილი ბოლო ნუგეში ის იქნება, რომ „მოსწმენდს მათ ღმერთი თვალთაგან ყველა ცრემლს“ (გამოცხადება 7:17, 21:14). მხოლოდ ამის შემდეგ შევალთ იმ ჭეშმარიტ სიხარულში „სადა არა არს ჭირი, მწუხარება, არცა სულთქმა, არამედ სიხარული და ცხოვრება იგი დაუსრულებელი“.
მუდმივ სინანულში ყოფნა როგორ შევათავსოთ სიმშვიდისა და სიხარულის იმ მდგომარეობასთან, რომელიც ქრისტიანს მოეთხოვება?
მეორე, ანუ სიმშვიდე და სიხარული, პირველის, ანუ ცრემლისა და სინანულის გარეშე არ არსებობს. მაგრამ, სამწუხაროდ ჩვენ ვგულისხმობთ-ხოლმე არა სულიერ, არამედ-ფსიქოლოგიურ სიხარულს. მათ ერთმანეთთან ნუ გავაიგივებთ. სიხარული მაშინ არის ჭეშმარიტი, როცა მთელი არსებით ვგრძნობ მადლის მოპოვებასა და ღვთისადმი კუთვნილებას. ამიტომ, მასთან შერიგება მოციქულებისა და ყველა ღვთისმსახურის საზრუნავი იყო. ჩვენც იგივე მოვეთხოვება (2კორ. 5:20), ვინაიდან მხოლოდ ღმერთთნ თანამყოფობით შეიძლება ჭეშმარიტი სიხარულის შეგრძნება.
შესაძლებელია, რომ სულიერი სიხარულითა და მადლიერებით გამოწვეული ცრემლი სინანულის ცრემლს სჭარბობდეს, თუ ეს ხიბლის მდგომარეობაა?
არა, ეს ხიბლი არ არის. ჩემი აზრით, ღვთისადმი გამოხატული მადლიერება ჩვენს სინანულს უფრო ნაყოფიერს გახდის. როცა ღვთის იდუმალი, თუ აშკარა წყალობის მიმართ მადლიერება ჩვევად გვექცევა, მაშინ, ყოველი ჩასუნთქვის გამო ვეტყვით მადლობას. რაც უფრო ხშირად გამოვხატავთ მადლიერებას, მით ჭარბად გვეძლევა მადლი. ამას მოჰყვება სევდა, ანუ ვდარდობთ, რომ ღირსეულ მადლობას ვერ მივაგებთ. სწორედ აქედან იღებს სათავეს შემოქმედებითი სინანული, რომელსაც ამ ქვეყნად დასარული არ აქვს.
თქვენ ბრძანეთ, რომ კაცი, რომელიც სინანულის ცრემლს ფლობს, სულიწმინდის ნიშნით იბეჭდება. მაინტერესებს, ქრება თუ არა ეს ბეჭედი, როცა ისევ შეცოდავს. თუ ქრება, მაშინ იქნებ ღირდეს, რომ სიცოცხლის ბოლოს ვიზრუნოთ სინანულის მოპოვებაზე?
იმისათვის, რომ სიცოცხლის ბოლოს სინანულის ცრემლი გვქონდეს, სანამ ცოცხალი ხარ სინანულს უნდა „მიუერთდე“. თუ ამაზე წინასწარ არ იზრუნებ, შეიძლება სიკვდილის მომენტში სინანული „ვეღარსად იშოვო“. ამიტომ, ლოცვა ჩვევად უნდა აქციო. მაშინ, უწყვეტი ლოცვის ეს ჩვევა უზრუნველყოფს, რომ სასიკვდილო სარეცელზე უძლურებაში მყოფი სული მლოცველ მდგომარეობაში გარდაიცვალოს.
ერთმანეთს როგორ შევუთავსო ოჯახური ცხოვრება და მაცხოვნებელი სინანულის ცრემლში ჩამბალი პურის ჭამა?
ეს მართლაც ცხოვრებისეული პრობლემაა. ღმერთი გვასწავლის: „ითხოვეთ და მოგეცეთ; ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ!“(მთ.7:7).
თუ ქრისტე გულში მკვიდრობს, გულის შემუსვრის დროს მას კი არ შევმუსრავთ?
კაცის გული ღმერთის ფერხთა კვარცხლბეკია. გულშემუსვრილების მოპოვებაზე ზრუნვით ის კი არ ზიანდება, არამედ-იწმინდება, რომ უფლის სამკვიდრებლად ივარგოს. ჩვენი ვალდებულებაა ის იმგვარად მოვამზადოთ, რომ ღმერთი შიგ საუკუნოდ დამკვიდრდეს. გულშემუსვრილებაზე ზრუნვით ვამსხვრევთ ბორკილებს, რომლებითაც ის არის შეკრული და გაქვავებული.
რას ნიშნავს გულის სიღრმე? როგორ მივხვდე, რა არის გულის სიღრმე?
წმინდა გრიგოლ პალამა ამბობს, რომ ეს არის სხეულის ის მთავარი ადგილი, სადაც თავს იყრის სულიერ უნართა ერთობლიობა. ხოლო ეს თავმოყრა მადლის მოქმედების გარეშე ვერ მოხდება. როცა გულს ვუხსნით ღმერთს, ერთდროულად, ღმერთთან და მთელ კაცობრიობასთან ერთობის განცდა მოდის. თუ ადამიანმა ამ მდგომარეობას მიაღწია, მაშინ, ლოცვის დროს, ღვთის წინაშე მთელი კაცობრიობისათვის შუამდგომლობას (ანუ ყველასთვის ლოცვას) შესძლებს.
როდის ტოვებს სული სხეულს? გულისცემის შეწყვეტის შემდეგ, რამდენ ხანში ტოვებს მას? გარდა ამისა, როგორია თქვენი დამოკიდებულება, როცა ორგანოების გადანერგვა ქრისტიანის ნებართვით ხდება? გვწამს, რომ სიცოცხლე ქრისტეს ხელშია! მაშ, სულიერი თვალსაზრისით რა საშიშროება ემუქრება ქრისტიანს, როცა ის გადანერგვაზე თანახმაა?
ორგანოთა გადანერგვის, კერძოდ, გულის გადანერგვის შესახებ გიპასუხებთ და მსურს რომ ჩემმა სიტყვებმა არავის დასწყვიტოს გული. ეს საკითხი მნიშვნელოვნად არის დამიკიდებული ჩვენს სარწმუნოებრივ მდგომარეობაზე. მოციქული პავლე ამბობს: „თუ ვცოცხლობთ, უფლისთვის ვცოცხლობთ და, თუ ვკვდებით, უფლისათვის ვკვდებით“ (რომ. 14:8) და -აგრეთვე: „ვცდილობთ კიდეც-აქ ვიქნებით თუ იქ, მისთვის სასურველნი ვიყოთ“ (2 კორ.5:9). აი ეს არის ქრისტიანის სიცოცხლის სრულყოფილი შინაარსი.
მოწესრიგებული ქრისტიანული ცხოვრების შემთხვევაში, როცა ჩვენი არსებობის მიზანია სათნოვეყოთ ღმერთს, სიკვდილისა აღარ უნდა გვეშინოდეს. სიცოცხლის გახანგრძლივების ნებისმიერი სხვა მეთოდი შეუდარებლად მცირეა მოციქულ პავლეს მიერ შემოთავაზებულ შეხედულებასთან შედარებით.
ქრისტიანებს გვსურს და ვცდილობთ კიდეც გვქონდეს სიცოცხლე უხვებით, მარადიული და ქრისტესთან ფუფუნებაში. თუმცა არავის დავაბრკოლებთ, თუკი მიწიერი სიცოცხლის რამდენიმე წლით გახანგრძლივებას შეეცდება.
დაოჯახებასა და მონაზვნობას შორის რის მიხედვით გავაკეთოთ სწორი არჩევანი?
ამ საღამოს ბევრ სერიოზულ საკითხზე ვიმსჯელეთ, მათ შორის ისეთებზეც-სათნოებითმოყვარეობას რომ შეეხება. სახარებაში უფალი ამბობს: „ყველა ვერ შეითვისებს ამ სიტყვას, არამედ ვისაც მიცემული აქვს“ (მთ. 19:11, ეს უფლის ძღვენია. ქრისტიანული ქორწინებაც ღვთის კურთხევაა, როგორც მოციქული პავლე ამბობს: „ყველას თავისი ნიჭი აქვს ღვთისგან, ზოგს ასე და ზოგს ისე, მაგრამ თუ თავშეკავება არ ძალუძთ, იქორწინონ…“ (1. კორ.7:7-9). ყველაფერი ღმერთს მივანდოთ (უფალმა შემინდოს ასეთ თემებზე საუბარი, მე ხომ არც ისე კარგი მონაზონი ვარ). მონაზვნობა გამორჩეულად მაღალი მოწოდებაა-ანგელოზებს უწევს მეტოქეობას.
ზოგიერთი არ ეთანხმება მამა იუსტინე პირვუს გამონათქვამს: „ცრემლი იყო და არის ჩემი სრულყოფილი მეგობარი“. ცრემლი თავისთავად (ანუ მარტო ცრემლი) შეიძლება ლოცვა იყოს? შესაძლებელია, რომ ასეთი ცრემლი ლოცვად ექცეს ქვეყანას? ის იქნებ დღევანდელ არჩევნებს გულისხმობდა? (შენიშვნა: საუბარია რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე).
დიახ, შეიძლება, რომ ცრემლიც იყოს ლოცვა და სხვათა შორის, მამა იუსტინე სწორედ ერისა და ქვეყნისთვის სასიკეთო ლოცვას გულისხმობს. ბასილი დიდის წირვაში (რომელიც ჩვენი ეკლესიის გამორჩეულად დიდებული მსახურებაა) ხომ არის სული წმინდის მოწვევის ლოცვა: „შთაუთხარე გულთა შინა მათთა კეთილი და მშვიდობაი შენი ეკლესიისათვის“. იგი გულისხმობს, რომ ღმერთმა მმართველებს გულში ჩაუდოს კეთილი და სასარგებლო აზრები, რათა მათ გაუცნობიერებლად, ქრისტეს თანაშეწევნით შეძლონ სასიკეთოდ ქვეყნის მართვა.
ჩემი აზრით, თუ ღმერთს შევევედრებით, რომ მათ გულებში ჩადოს სიკეთე, მაშინ უფალი შეძლებს ჩვენი ლოცვის გათვალისწინებით, მთავრობის ხელთ არსებული შესაძლებლობებიდან ყველაზე საუკეთესო და სასარგებლო გადაწყვეტილებები განხორციელდეს. ამ დროს ჩვენი ლოცვა უვნებო და მიუკერძოებელი უნდა იყოს. იმ შემთხვევაშიც-კი როცა პრეზიდენტი უარყოფითი ხასიათის პიროვნებაა და ვიცით, რომ ქვეყნის მართვას სასიკეთოდ ვერ შეძლებს, ლოცვის დახმარებით ამ ვითარების გამოსწორებაც შეიძლება. ღმერთს უნდა ვთხოვოთ, რომ მას სწორი და სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმაროს, რათა ამ პიროვნებამ რაც შეიძლება ნაკლები შეცდომები დაუშვას.
ჩვენი ზემდგომი თანამდებობის პირთა უარყოფითი თვისებების გამოსწორებას ნებისმიერ ცხოვრებისეულ სფეროში შევძლებთ, როცა მათთვის მოთმინებით ვილოცებთ.
თქვენო ღირსებავ, გთხოვთ გაგვიზიარეთ მამა სოფრონის რამდენიმე ისეთი გამონათქვამი, რომელთაც გულით ატარებთ და სინანულნარევი სიხარულით იხსენებთ.
რის შესახებაც დღეს ვისაუბრე, ყველაფერი მას ეკუთვნის. მოთმინება, სიყვარული და ლოცვა გვაძლევს სხვათა ნაკლოვანებებისა და სისუსტეების გამოსწორების ძალას.
წყარო: https://pravoslavie.ru
სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა გადმოწერილია საიტიდან https://basilica.ro