ყიფიანი

დიმიტრი ყიფიანი

„მტრის ურჩი რაინდი“, ასე უწოდა აკაკი წერეთელმა დიმიტრი ყიფიანს, რომლის ცხოვრება, მოღვაწეობა და მოწამეობრივი აღსასრული ყველა ქართველისთვის მისაბაძი მაგალითია. ღმერთის ურყევი რწმენითა და თავდადებით მან მთელი ცხოვრება ქართველი ერის გამოღვიძებასა და XIX ს.-ის საქართველოს მძიმე ყოფის შემსუბუქებას შესწირა. “ვინც კი სარწმუნოებას შეურყევლად ადგია, რამდენიც უნდა საკვირველება საკვირველებას დაჰჰყვეს, არ შეირყევა აღსარება მისი” – ამ ურყევი პრინციპით განვლო ამქვეყნიური ცხოვრება დიდმა მოღვაწემ.

დიმიტრი ყიფიანი დაიბადა 1814 წლის 14 აპრილს გორის რაიონის სოფელ მერეთში. მან თავისი სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეობით, პუბლიცისტური აქტივობითა და მნიშვნელოვანი უცხოური ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნით უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების გამოცოცხლებაში.

ნაადრევად დაობლებული დიმიტრის აღზრდა ოცი წლით უფროსმა ძმამ აიღო საკუთარ თავზე. სასწავლების დასრულების შემდეგ მასწავლებლად განაგრძო მუშაობა, პარალელურად კი ახალგაზრდული გულანთებით სამშობლოს გასათავისუფლებლად დაგეგმილ 1832 წლის შეთქმულებაში იღებდა მონაწილეობას, რომლის გაცემით გამოაშკარავების შემდეგ ჯერ საპყრობილეში, შემდეგ კი – გადასახლებაში მოუწია ყოფნა. აღნიშული პერიოდი დიმიტრის უქმად არ დაუკარგავს. ზედმიწევნით შეისწავლა ფრანგული ენა, მუშაობდა სახელმწიფო სამსახურში და ქვეყნის დახმარებას რუსეთის შორეული გუბერნიიდან ცდილობდა.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, მიხვდა რა, რომ ქვეყნისთვის ყველაზე სასარგებლო საზოგადოებრივი აქტივობა, მისი ცნობიერებისა და შეხედულებების ცვლილება და ეპოქის მოთხვონებთან დაახლოება იყო, სახელმწიფო სამსახურში საკუთარ მაღალ თანამდებობას მნიშვნელოვანი ინიციატივების განხროციელებისთვის იყენებდა. აქტიურად იყო ჩართული ბატონყმობის გაუქმებაში, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებაში, პირველი ბანკის დაარსებასა და პირველი ქართული თეატრის შექმნაში. მან პირველად თარგმნა უილიამ შექსპირის ნაწარმოებები, შექმნა ქართული ენის სახელმძღვანელო, ებრძოდა სკოლებში ქართულად სწავლების შეზღუდვას, მუდმივად აქვეყნებდა პუბლიცისტიკურ წერილებს მრავალ მნიშვნელოვან თემაზე.

მისი საქმიანობა იმპერიის ხელისუფლებისთვის შეუმნეველი არ რჩებოდა და მუდმივი დაძაბულობის მიზეზი ხდებოდა. დაპირისპირების კულმინაციის მიზეზი დიმიტრი ყიფიანის საქართველოს ეგზარქოსისადმი მიწერილი წერილი გახდა, რომელშიც ქართველი ერის დაწყევლისათვის ქვეყნის დატოვებას სთხოვდა. წერილმა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება და გადასახლება გამოიწვია, სადაც 1886 წელს, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს.

“იმის იმედი მაინც მაქვს,რომ შეწყალებაზე არსად,არასოდეს,არავითარი ლაპარაკი არ იქნება,რამდენადაც შეწყალებას, – გარდა ღვთისადმი ლოცვა-ვედრებისა, – მხოლოდ დამნაშავეები ითხოვენო”, – წერდა ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მოღვაწე სიცოცხლის ბოლო დღეებში.

Share