99535 Monastery of Vatopedi 5

ვატოპედში დაბრუნება – თავი მეშვიდე: ვატოპედის მონასტერში; წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი”

ბერი იოსები ყოველთვის ღმერთის ნებას ეძებდა და ამიტომ მისი გული არაფერ ამქვეყნიურს არ იყო მიჯაგული არაფრად აგდებდა იმ დიდ შრომას, რომელიც მონასტრების შენობების აღდგენისთვის ჰქონდა გაწეული. იმხანად მან ყოფილი ათონელი ბერი – ამბროსი გაიცნო, რომელიც ცხოვრების უკანასკნელ წლებში, ათენთან არსებული ერთ-ერთი დედათა მონასტრის მოძღვარი იყო. სწორედ მას ჰკითხა, გაეგრძელებინა თუ არა სულიერი საქმიანობა მეტოქში, თუ სჯობდა მონასტერში დაბრუნებულიყო. მამა ამბროსიმ მიუგო, რომ მონასტერში მისი ყოფნა უფრო მეტ სარგებელს მოიტანდა, რადგან წინამძღვარსა და ძმებს სიტყვითა და საქმით ამხნევებდა. ხაზი გაუსვა იმას, რომ მდუმარება ისეთი მეცნიერებაა, რომელსაც მცირედნი ფლობენ და რადგან ეს ხელოვნება წმინდა იოსებისგან ისწავლა, უკეთესი იქნებოდა, რომ მისი სხვებისთვის სწავლება გაეგრძელებინა. ეს იყო და ეს. ბერი იოსები იმწუთას მონასტერში მობრუნდა. მეტოქში ტანსაცმლის ასაღებადაც კი არ წასულა, არამედ ამისთვის სხვა ძმები გაგზავნა.ამგვარად, 1995 წლის შემოდგომაზე ბერი მონასტერში დაბრუნდა. მან მაშინ დაიწყო მდუმარებისთვის შესაფერისი ადგილის ძიება სავანის შორიახლოს. მონასტრიდან ფეხით ათიოდე წუთის მანძილზე ერთი სამუშაო სახლის ნანგრევები იპოვა. ბერს, სიმყუდროვის გამო ადგილი მოეწონა და აღდგენით სამუშაოებს შეუდგა. იქ ერთი დიდი ზეთისხილის ხე იდგა. რადგან ეს ხე მშენებლობას ხელს უშლიდა, ხოლო ბერს მისი მოჭრა არ უნდოდა, ძირფესვიანად ამოათხრევინა, რათა სხვა ადგილას გადაერგათ. ამოთხრილი ხე დააბეს და მაღლა ასწიეს. უეცრად თოკები გაიხსნა და ხე პირდაპირ ბერს დაეცა. ტრაქტორის მძღოლი გვიამბობს: „კინაღამ გული წამივიდა. ვიფიქრე, ბერი მოვკალი-მეთქი. გადმოვხტი და კანკალით მივუახლოვდი იმ ადგილს. ბერი მიწაზე იწვა და ღიმილით მითხრა: „ხედავ, როგორი ცოცხალია ჩვენი რწმენა?” ხეს არც კი გაეჩხაპნა, თანაც ორი მეტრის მოშორებით ეგდო. მამაო, რა მოხდა-მეთქი, ვკითხე. მეგონა უბედურება დატრიალდა. „როდესაც ხე, ამხელა ფესვებით და მიწით თავზე დამეცა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს რბილი საბანი გადამაფარეს და ხელით გვერდზე გადავაგდე. მაგრამ საბანი ცოტა მძიმე აღმოჩნდა და ამის გამო წონასწორობა დავკარგე და დავეცი”. წამოყენება შევთავაზე, მაგრამ უარი მითხრა და თვითონ წამოდგა“.კათიზმის მშენებლობა და მოწყობა 1995 წელს დასრულდა. ამ პატარა სახლში, მისი სენაკის გარდა, სამუშაო ოთახი, პატარა აბაზანა, სამხარეულო, საცავი და ეკვდერი მოთავსდა. ეკლესია ბერმა პანტანასასა და წმინდა იოსებ ისიქასტს მიუძღვნა. ხოლო რადგან შენობას საყრდენი სჭირდებოდა, კელიის ქვეშ კიდევ ერთი ასეთივე სართული გამოვიდა. მეორე ეკვდერი წმინდა ნეოფიტე მარტოდ მცხოვრებს მიუძღვნა. დამზადდა კანკელები, ხოლო ზემო ეკვდერი ბერმა გერვასიმ(1) მოხატა. მონასტრიდან გაგზავნილი ერთი ძმა პირველ სართულზე ცხოვრობდა და ბერს აუცილებელ საქმეებში ეხმარებოდა. მოძღვარი მაშინ 74 წლის იყო. ბერმა უმეტესი დრო ლოცვას მიუძღვნა. ლოცულობდა საძმოსთვის და მთელი კაცობრიობისთვის. ამავდროულად, რჩევა-დარიგებებს აძლევდა მასთან მისულ მონაზვნებს და მომლოცველებს. მნახველებს კი იღებდა, მაგრამ თავის პროგრამას არ არღვევდა. კვირაში ორჯერ მე ან რომელიმე სხვა მღვდელმონაზონი მის ტაძარში ვწირავდით. ამ წირვებზე ძმათაგან ყველა მსურველს შეეძლო დასწრება. მამებს ძალიან უყვარდათ ამ წირვებზე დასწრება. ლიტურგიის შემდეგ ბერი ყოველთვის გვაძლევდა სულიერ დარიგებას და ტკბილეულითაც გვიმასპინძლდებოდა.მიუხედავად იმისა, რომ ასაკისა და ავადმყოფობის გამო სიარული უჭირდა, სულიერი შვილებისადმი დიდი სიყვარულის გამო, თავს აიძულებდა, კვირაში ორჯერ მონასტერში მოსულიყო და საძმოს კრებები ჩაეტარებინა. ამ კრებებს ხშირად მომლოცველებიც ესწრებოდნენ. ბერი ამბობდა: „ძალები აღარ მაქვს. თავს ვაიძულებ, რომ აქ მოვიდე. ჩემი უბადრუკების მიმართ თქვენი სიყვარული და პატივისცემა მაიძულებს აქ მოვიდე“. ხშირად თავს ვერ იკავებდა, ლაპარაკს წყვეტდა და ტიროდა. „იცოდეთ, რომ მეც ძალიან მიყვარხართ და ყოველთვის ბევრს ვლოცულობ თქვენთვის, თქვენი წინსვლისთვის. ამ მდგომარეობაში სხვა არაფრის გაკეთება აღარ შემიძლია“.ბერი ღრმა მოხუცებულობამდე აიძულებდა თავს ცათა სასუფეველისთვის. სენაკში თვალსაჩინო ადგილზე ჰქონდა გაკრული სიტყვა: „პროგრამა“. ეს მთელ სახლში ერთადერთი წარწერა იყო. ამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა დაგეგმილ, განრიგიან, შინაგანად და გარეგნულად მოწესრიგებულ ცხოვრებას. განაწესს მაშინაც კი იცავდა, როდესაც, მოხუცებულობისა და უძლურების გამო, შეეძლო საკუთარი თავისთვის შეღავათი გაეწია. მიუხედავად ასაკისა, გულის უკმარისობისა და სხვა ავადმყოფობებისა, მკაცრ მოღვაწეობას აგრძელებდა. ლოცვის დროს, განსაკუთრებით გარიჟრაჟზე, როცა ძილი მოერეოდა, გამოსაფხიზლებლად, საკუთარ სხეულს ჯოხითაც განსწავლიდა. ერთხელ მითხრა: „რას აღარ ვიგონებ იმისთვის, რომ დილის საათებში ძილს შევებრძოლო“. უკან არ იხევდა, არ ამბობდა, ერთი ბებერი, ავადმყოფი, დაღლილი კაცი ვარ, მოდი ცოტას დავიძინებ და მერე ვილოცებო.ერთხელ ჩვენი სულიერი სარგებლისთვის საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა, რათა პროგრამის ზედმიწევნითი დაცვის მნიშვნელობა ეჩვენებინა: „ყველაფრის საფუძველი მორჩილება და პროგრამით ცხოვრებაა. როდესაც ღმერთმა ადამი და ევა შექმნა და მათთვის განკუთვნილ ადგილას დააწესა, უბრძანა, სამოთხე დაემუშავებინათ და დაეცვათ ხედავთ? ეს იყო პირველი პროგრამა. მაშასადამე, პროგრამის დაცვა აუცილებელია თუ გვსურს, რომ შედეგს მივაღწიოთ. ღმერთის შეწევნის გარეშე ჩვენ არსებობა არ შეგვიძლია და სწორედ მის მისაღებად მთელი ძალით უნდა ვეცადოთ პროგრამის დაცვას.ახლა ერთ უბრალო შემთხვევას მოგიყვებით, რომელიც სამი-ოთხი დღის წინ მოხდა. ჩემთვის ერთი პატარა პროგრამა მაქვს დაწესებული. რადგან ავადმყოფობებით ვარ სავსე და ექვს-შვიდ წამალს ვსვამ ყოველდღიურად, რვის ნახევრიდან რვამდე ვსაუზმობ და აბებსაც მაშინ ვსვამ. საღამოობით აღარ ვჭამ, მხოლოდ იშვიათად შეიძლება რამე ხილი შევჭამო. იმ დღეს პროგრამა დავარღვიე. ვიღაცამ ბალი მოგვიტანა. ვიფიქრე, ბალი ხილია-მეთქი და ცოტა შევჭამე. შემდეგ კი მაგიდაზე ლამაზი ბოლოკი იდო, ძალიან მომეწონა და ისიც შევჭამე. როგორც კი ჭამა დავასრულე, გულში შფოთი ვიგრძენი.დავიწყე ლოცვა. განაწესის მიხედვით კანონის შესრულების დრო იყო და სულ მცირე საათნახევრის განმავლობაში ყურადღებით უნდა მელოცა, რათა შემდეგ უფრო წინ წავსულიყავი. ეხლა თქვენთან ვაღიარებ, რომ ამ საათნახევრის განმავლობაში მადლმა სრულიად დამტოვა. ვიტირე, ვიწვალე, ჩვენი ქრისტე შევაწუხე, მაგრამ — არაფერი გამომივიდა. „ყოვლადსახიერო, შეცდომა დავუშვი, პროგრამა დავარღვიე, ვნანობ. შენ ხომ მონანულთა ღმერთი ხარ?! შენ არ თქვი არავის განვსჯიო” ვერაფრით დავარწმუნე. საათნახევარი ასეთ ტანჯვაში გავატარე. გონება სულ გადამეკეტა, ვერ ვგრძნობდი, რომ ადამიანი – გონიერი არსება ვიყავი. ეს ეპიტიმია ღმერთმა იმიტომ დამადო, იმისთვის მოვიხადე, რომ პროგრამა გააზრებულად დავარღვიე.რას ნიშნავს, ჩემო ძმებო, პროგრამის დარღვევა? პროგრამის დარღვევა წყეული ემოციურობიდან მოდის. როდესაც სენტიმენტალურობა იღვიძებს, მაშინ სადღაა პიროვნება, რომლის უპირველესი და ძირითადი მოვალეობაა შეიყვაროს ღმერთი მთელი არსებით. ეს ყველა გონიერ არსებას ეხება, განსაკუთრებით კი ჩვენ, დაცემულებს. ვალდებულები ვართ ღმერთი შევიყვაროთ „ყოვლითა გულითა ჩუენითა და ყოვლითა სულითა ჩუენითა და ყოვლითა გონებითა ჩუენითა და ყოვლითა ძალითა ჩუენითა”, რამეთუ „მან პირველად შემიყუარნა ჩუენ“. მაშასადამე, ღმერთისადმი სიყვარული გონიერი არსებების მოვალეობას წარმოადგენს, რათა იმ საწყისს დაუბრუნდნენ, რისთვისაც შეიქმნენ. მაგრამ როდესაც წყეული სენტიმენტალურობა იჩენს თავს (რომელიც თავდაპირველად არ არსებობდა, არამედ დაცემისა და სიკვდილის შედეგად გაჩნდა), გონება დანაწევრებას იწყებს, ჩნდება ანგარება, თვითკმაყოფილება და თავმომწონეობა. მაშინ მადლი გვშორდება. „რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე“. „რომელსა არა უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი არა დაიმარხნეს“.სადაც წყეული სენტიმენტალურობაა, მცნებების დაცვის რომელ სიზუსტეზეა ლაპარაკი? გონება ხომ დანაწევრებულია და თვითკმაყოფილებასა და თავმომწონეობასაა მიცემული. ამიტომ გთხოვთ საყვარელნო ყურადღებით იყავით, პროგრამის დაცვა აუცილებელია. “უკუეთუ ქუეყანისაჲ გოთხარ თქუენ, და არა გრჩამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გითხრა თქუენ”? თუ ასეთი უბრალო რამეს ვერ ვიცავთ, რითაც ქრისტეს. ჩვენს მორჩილებასა და დაქვემდებარებას ვუჩვენებთ. ვერ ვინარჩუნებთ, თავის სასუფეველს, თავის ნათესაობას როგორღა მოგვანიჭებს ღმერთის შვილები როგორღა გავხდებით? ამაშია საქმე. როდესაც „მინდა“, მორჩილების საშუალებით მოვაკვდინებთ, მაშინ გონებას შეუძლია ცოდვის მიზეზებს, პროგრამის დარღვევას შეეწინააღმდეგოს. გესმით? ყველაფერს „მინდა“ აფუჭებს.არადა მორჩილს საკუთარი არაფერი აქვს, ის ამ ქვეყნისთვის მკვდარია. როდესაც საკუთარ ნებას სრულიად უარყოფს, გონება მაშინ თავისუფლდება. თავდასხმას ორივე მხრიდან განვიცდით: სულიერადაც და ხორციელადაც. ქრისტემ თავისი სისხლის ფასად, ცოდვათა შენდობა მოგვმადლა, სულთმოფენობით კი, სულიწმიდის მადლი მოგვანიჭა. მადლის შეწევნით, შეგვიძლია სიწმიდესა და განღმრთობას მივაღწიოთ, მაგრამ თუკი ადამიანში „მინდა” გაბატონდება და ადამიანი მას არ ებრძვის, საქმე ძალიან რთულდება. წინსვლის მთავარი პირობა არა ადამიანური მცდელობები, არამედ საღმრთო მადლია. ვერც გალობით, ვერც მეტანიებით, ვერც სხვა ადამიანური მცდელობით (თუნდაც ყირაზე გადავიდეთ) ვერ მივაღწევთ ამას! ეს ყველაფერი საღმრთო მადლია, რომელიც ჩვენში ძველ კაცს მოაკვდინებს და განგვაახლებს, ხრწნილებას აღმოფხვრის და სიწმიდეს ნერგავს, მადლი კი სულთმოფენობის შედეგად მოგვეფინა, რომელიც არ შემწყდარა, დღესაც გრძელდება და მუდამ ჩვენთანაა”. ბერი იოსები, თავისი მოძღვრის მიბაძვით, არასდროს ჭამდა ახალმომზადებულ საჭმელს. სუფთად დარჩენილ საჭმელს არასდროს გადაყრიდა, ინახავდა და სანამ არ დამთავრდებოდა, მიირთმევდა. ძალიან მკაცრი მმარხველი იყო. ეს ღვაწლი ცხოვრების უკანასკნელ დღემდე შეინარჩუნა. ზემოხსენებულმა ბერმა ამბროსიმ, რომელსაც რჩევას ეკითხებოდა ხოლმე, უთხრა: „ახლა, რადგან ასაკში ხარ და თანაც გულის პრობლემები გაქვს, დიდმარხვასა და სხვა უზეთო დღეებში ცოტა ზეთი მიიღე ხოლმე”. მაგრამ ამაზე არ დაჰყვა, მიუხედავად მისდამი დიდი პატივისცემია ამბობდა: „ბერი ამას სიყვარულის გამო მეუბნება, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ გავისარჯოთ”. უკანასკნელი დიდმარხვაც კი მკაცრად გაატარა, თუმცა უკვე ძალიან სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა.(1)მამა გერვასი 1929 წელს დაიბადა. 1962 წელს ნეა სკიტში მოღვაწე ბერ არსენის, წმინდა იოსებ ისიქასტის თანამოღვაწის საძმოს შეუერთდა. ის კარგი ხატმწერი და კარგი მონაზონი იყო. დიდი ხანი იცნობდა ჩვენს მოძღვარს, რომელიც ძალიან უყვარდა. როდესაც ბერ არსენის საძმო საბოლოოდ წმინდა დიონისეს მონასტერში გადავიდა მ. გერვასი ნეა სკიტში მობრუნდა და 1997 წლამდე იქ დარჩა. იმავე წელს ვატოპედში მოვიდა და რამდენიმე წელი ჩვენს მამებს ხატწერას ასწავლიდა. ხოლო როდესაც მხედველობა დაუქვეითდა, მონასტრის შორიახლოს, წმინდა ნექტარის კათიზმაში გადავიდა, სადაც შესაძლებლობა ჰქონდა ლოცვისთვის მეტი დრო დაეთმო, რაც ასე უყვარდა და სწყუროდა. გარდაიცვალა 2015 წლის 31 ოქტომბერს 13 ნოემბერს.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020