000 4955

თანამედროვე ადამიანი და გონიერი იესუს ლოცვა – ნიკოლაი ნოვიკოვი

თანამედროვე ადამიანი თითქოს იძულებულია, რომ ხალხმრავლობასა და ხმაურში იცხოვროს. მის ირგვლიც ბევრი რამ ხდება და ისეთ გარემოპირობებში ყოფნა უწევს, რომელიც მის ყურადღებას ინტენსიურად ფანტავს და შინაგანი კონცენტრირებისგან განაშორებს. ქალაქური ყოფა თითქმის ძალადობრივად გვაიძულებს, რომ ჩვენი ყურადღება შინაგანიდან გარეგანისკენ წარვმართოთ და ცხოვრების ასეთი რიტმი ჩვენს გრძნობებს, აზრებს და მხედველობას აქეთ-იქით ხეტიალისკენ უბიძგებს. ქალაქში მცხოვრებთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ,,ხალხმრავლობაში განმარტოების’’ უნარის გამოიმუშავება. ეს კი იმის სწავლას ნიშნავს, რომ ხალხში ყოფნისას ჩვენი ყურადღება გულში იყოს მიმართული და იესუს ლოცვაზე კონცენტრირებული. ამ ჩვევის გამომუშავებითა და ღმრთის მადლის მოქმედებით, თანდათანობით შესაძლებელი ხდება, რომ მუდამ ყურადღებიან ლოცვით მდგომარეობაში ვიმყოფებოდეთ და ამავდროულად არც გარესამყაროს ვეთიშებოდეთ. ამისთვის კი საჭიროა ვიცხოვროთ ამ სამყაროში, როგორც უდაბნოში და გვერდი ავუაროთ მის მომწამლავ ხაფანგებს. საჭიროა გავექცეთ ამ სოფელს და საკუთარ გულში დავმკვიდრდეთ.

გავიხსენოთ ერთი ცნობილი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორი სარგებელი შეიძლება მოგვიტანოს გარეგნულმა დაბრკოლებებმა და გონიერი ლოცვის სწავლაში დაგვეხმაროს. ‘’ჭეშმარიტია ერთი წმინდა მამის სიტყვა, რომელსაც ჰკითხეს, თუ როგორ ისწავლა გონიერი ლოცვა. მან უპასუხა, რომ ლოცვა დემონებისგან ისწავლა. ის საკუთარ გულს იესუს ლოცვას აიძულებდა, რათა მოახლოებული დემონების შემოტევა მოეგერიებინა და იმდენად წარემატა გონიერ ლოცვაში, რომ სრულყოფილებას მიაღწია. სწორედ ეშმაკები უბიძგებდნენ მას, რომ მოუკლებლად ლოცვით მდგომარეობაში ყოფილიყო’’(წიგნიდან ,,ფხიზლობითი ჭვრეტა’’).

ანალოგიურად შეიძლება იშრომოს თანამედროვე ერის ადამიანმაც, რომელიც მუდამ უარყოფითი მოვლენების გარემოცვაშია. ხმაური, ხმამაღალი ცუდი მუსიკა, მომაბეზრებელი რეკლამები და სხვა გარეგნული გამაღიზიანებლები მან შეიძლება აღიქვას, როგორც მტრის თავდასხმა და უკანდაუხევლად აიძულოს საკუთარ თავს, რომ იესუს ლოცვით წინ აღუდგეს არასასურველ ზემოქმედებას. ზუსტად ასევე უნდა მოვიქცეთ, როდესაც აგრესიულ და უხეშ გარემოში მოვხდებით. იესუს ლოცვით ამგვარი შრომა ბრძოლაში გამობრძმედილებად გვაქცევს და თანდათანობით ჩვენში გამომუშავდება სიმტკიცე, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ სიტუაციაში შესაძლებელი ხდება, რომ ლოცვითი საფარველის ქვეშ, მყუდროებაში, კონცენტრირებულნი ვიმყოფებოდეთ.

ამ საკითხებთან დაკავშირებით, ძალიან მნიშვნელოვანი სწავლებები აქვს წმ. თეოფანე დაყუდებულს. ის ისეთი განსაკუთრებული სახის განმარტოების შესახებ ასწავლიდა, რომელიც არამხოლოდ განდეგილებისთვისაა ხელმისაწვდომი, არამედ ერში მცხოვრები ნებისმიერი თანამედროვე ადამიანისთვისაც. ის ამბობს: ,, გარეგნულის გარდა, არსებობს შინაგანი განმარტოებაც. გარეთ – ხმაური და შფოთია, ხოლო გულში ადამიანი საკუთარ თავთან მარტო რჩება’’. ასეთი სახის განმარტოება ,,ერის ადამიანებსაც შეუძლიათ იმდენად, რამდენადაც საკუთარი სულის გადარჩენაზე ზრუნავენ. ასეთშემთხვევაში კი, ღმრთის შიში აღწევს ადამიანის სულში და სრულიად მოიცვავს მას… ეს მდგომარეობა მასში ისეთ მტკივნეულ მისწრაფებასა და წყურვილს აღძრავს ყველაზე მთავარისადმი – ანუ ქრისტესადმი, რომ მას სხვა აღარაფერი აინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად შეიძლება ძალიან დაკავებულად მოგვეჩვენოს, შინაგანად სრულიად მოცულია ამ უმთავრესი საზრუნავით – ქრისტესკენ სწრაფვით. აი, ასეთი განმარტოება ერის ადამიანებსაც შეუძლიათ’’. წმ. თეოფანე დაყუდებული ერთ განდეგილობის მსურველ ქალბატონს წერს: ,,არ ღირს განდეგილობასა და დაყუდებაზე ფიქრი. როდესაც ლოცვა შენში იმდენად გაიდგამს ფესვს, რომ მუდამ საკუთარ გულში ქრისტეს წინაშე იქნები წარმდგარი, მაშინ ჩათვალე, რომ გარეგნული განდეგილობის გარეშე განდეგილი გახდი. განა სხვა რა არის დაყუდება? ეს არის მდგომარეობა, როდესაც გონება განუშორებლად გულშია დამკვიდრებული და იქ,  უკიდურესი კრძალვით აღსავსე, ქრისტეს წინაშეა წარდმგარი და მას ესაუბრება. ამ მდგომარეობაში მყოფს კი არაფრის ფასად არ სურს გულიდან გამოსვლა და ამაო საქმეებით დაკავება. აი, ასეთი დაყუდება ეძებე და გარეგნულ განდეგილობაზე ნუ ზრუნავ, რადგან შეიძლება დახშულ კარში მყოფმაც გონებით მთელ მსოფლიოში იხეტიალო ან მთელი ეს სოფელი შენს ოთახში შემოუშვა’’.

,, დიდი ხანია, რაც ქრისტეს მოუკლებელ ხსოვნასა და ვნებებთან შინაგან ბრძოლაზე გესაუბრებით. გახსოვდეთ, რომ სწორედ ეს არის არსი სულის გადარჩენისთვის ჩვენი შრომისა. მაგრამ ამის წაკითხვის შემდეგ, არ იფიქროთ, განა მე მეუდაბნოე ვარ, რომ ამგვარად ვიცხოვროო?… არ დაუშვათ ასეთი ცრუსიბრძნეობა. უდაბნოში მცხოვრებსაც, მონაზონსაც და ერის ადამიანსაც ერთი მიზანი გვაქვს – სულის გადარჩენა. ამისთვის კი საჭიროა, რომ ჩვენი გული ვნებებისგან განიწმინდოს. გულის განწმენდა კი შეუძლებელია სხვანაირად, თუ არა გონიერი იესუს ლოცვით, როგორც ამას წმ. ისიქიოსი ამბობს. გარეგნული ღვაწლი სიმკაცრის ნაცვლად, რომელიც ჩვენი თანამედროვე ყოფისთვის შეუსაბამოა, იშრომე ღმრთის შიშისა და სიკვდილის ხსოვნის მოხვეჭაში. ეს ორი სათნოება კი ყველაფერს გასწავლის… სამწუხაროდ, გავრცელებულია ასეთი მავნე აზრი, რომ როგორც კი საყოფაცხოვრებო საქმეს მოვკიდებთ ხელს, მყისვე ვწყდებით სულიერი საქმიანობას… ეს კი თავის მხრივ გვაფიქრებინებს, რომ თუ სულიერი ცხოვრება გვსურს, საზოგადოებას უნდა განვშორდეთ და ტყეებსა და უდაბნოებში ვიცხოვროთ. მე მინდა გითხრათ, რომ ეს ასე არ არის. საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივი საქმეებიც ღმრთისაგან ჩვენთვის მოცემული მორჩილებებია. ყველაფერი, რასაც სახლში, ან სახლს გარეთ, საზოგადოებისთვის აკეთებთ როგორც შვილი, და, ან მოქალაქე, საღმრთო საქმეებია და ქრისტესთვის სათნოა. ამიტომაც, ყველა საქმეს იმის გაცნობიერებით შეუდექით, რომ ამით ქრისტეს მცნებას აღასრულებთ. თუკი ამგვარად განეწყობით, მაშინ ვერც ერთი საყოფაცხოვრებო საქმე ვერ განაშორებს თქვენს გონებას ქრისტესგან. ჩვენ ყველანი ქრისტეს მსახურნი ვართ და მან თითოეულს თავისი საქმე და ადგილი მიუჩინა… ყველა საქმე აღასრულეთ ისე, როგორც პირდაპირ ქრისტესგან დავალებული’’.

ის ერთ გოგონას წერს: ,,რა თქმა უნდა, მონასტერში ყველაფერი გეხმარება იმისათვის, რომ შენი გული განიწმინდოს. იქ ყველაფერი ამისკენაა მიმართული. უფალი გამოაჩენს დროს, თუკი საჭიროა შენი მონაზვნობა. იქამდე კი უნდა მოითმინო. სადაც ცხოვრობ, იქ იღვაწე  სულიერად. დაე წინამძღვრის ადგილას მამა და დედა გყავდეს, ხოლო მონასტრის დების ნაცვლად – შენი სახლეული. შენ კი ყველას მორჩილი უნდა იყო’’.

‘’ ვერავინ გაიმართლებს თავს, რომ გონიერი ლოცვისთვის არ აქვს შესაბამისი გარემოპირობები. გამოიყენე დრო, ჩაუღრმავდი საკუთარ თავს. გონებით გულში ჩაღრმავდი, იქ ქრისტეს წინაშე წარსდეგი, მას ესაუბრე და შენი სული გადაუშალე’’. ამასთან დაკავშირებით ზოგი იტყვის: როგორ ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს, როდესაც ამდენი საქმე გვაქვს! ამაზე კი წმ. თეოფანე პასუხობს: ,, მხოლოდ ღმრთის შიშით შეიარაღდი. ქრისტეს წინაშე გონიერ წარდგომას საქმეები კი არ უშლის ხელს, არამედ დროის კარგვა, ამაო და ბოროტი საქმიანობანი. განეშორე ბოროტ და ამაო საქმეებს, დაიტოვე მხოლოდ აუცილებელი და ნახავ, რომ მოვალეობების აღსრულება კი არ გვიშლის ხელს არამედ პირიქით, ჩვენს გულსა და გონებას ქრისტესკენ წარმართავს. არ ესმით გონიერი ლოცვის არსი მათ, ვინც ფიქრობს, რომ ეს ღვაწლი მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ სადღაც განმარტოებული იჯდე და ასე ჭვრეტდე ღმერთს. მისი არსი წინასწარმეტყველმა დავითმა გამოხატა: ,, წინაწარვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადის. რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რათა არა შევიძრა’’. ასე რომ, მხოლოდ განმარტოება არ წარმოადგენს გონიერი ლოცვის არსს და ჩვენი მოვალეობები სულაც არ გვიშლის ხელს ამ ღვაწლში’’.

‘’რა თქმა უნდა, ერის ადამიანებისგან არ უნდა ველოდეთ აზრთა და გრძნობათა იმგვარ სიწმინდეს, როგორიც მონაზვნებსა და განდეგილებს მოეთხოვებათ, მაგრამ ისინი ვალდებულნი არიან, რომ ამ გზაზე იდგნენ და ამ სიმაღლისკენ მიისწრაფოდენ’’. ერის ადამიანებიც ვალდებულნი არიან, რომ თავიანთი საზომისამებრ მიეახლონ მჭვრეტელბით ცხოვრებას. შეიძლება ითქვას, რომ მოყვასისთვის თავგანწირული ზრუნვა და ქრისტეს ეკლესიისთვის შრომაც ლოცვის სახეებია და შესაძლებელია, რომ ნაწილობრივ ჩაანაცვლონ ლოცვითი კანონი. ,, რადგანაც ერთიც და მეორეც ერთი სახის შრომაა. როდესაც საქმის კეთებისას ჩვენს გულში ლოცვა არ წყდება, მაშინ ლოცვა და შრომა, როგორც ორი შენაკადი, ერთ მდინარეში ჩაედინება, ერთ კალაპოტში ექცევა და ერთი მიმართულებით(ქრისტესკენ) მიდის’’.

წმ. თეოფანეს მიაჩნდა, რომ არამხოლოდ შესაძლებელია, არამედ საჭიროც კი არის, რომ ერის ადამიანი ისეთ მაღალ სულიერ ლიტერატურას ეცნობოდეს და უღრმავდებოდეს, რომელიც ერთი შეხედვით, მხოლოდ გამოცდილი მონაზვნებისთვის უნდა იყოს განკუთვნილი. მაგალითად, წმ. თეოფანე ერთ დაოჯახებულ, შვილებიან დიასახლისს ასე არიგებს: ,, გიგზავნით ,,სათნოებათმოყვარეობის’’ მეხუთე ტომს, რომელიც სრულყოფილი სულიერი ცხოვრების მქონე წმინდა მამების მიერაა დაწერილი. აქ ზედმიწევნითაა ასახული ქრისტესკენ სავალი გზა… ოღონდ არ იფიქროთ, რომ რასაც წაიკითხავთ ეს თქვენთვის არ არის, რადგან ყველა ქრისტიანს ერთი მიზანი აქვს – ცოცხალ ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობა… ყველას ერთი საკეთებელი და ასპარეზი გვაქვს, ერის ადამიანი იქნება ეს, მონაზონი თუ განდეგილი: საკუთარი ვნებების დამარცხება და გულის სიწმიდის მიღწევისთვის შრომა ყველას საკეთებელია’’.  წმ. თეოიფანე კიდევ ერთ ერის ადამიანს წერს: ,, ,,სათნოებათმოყვარეობის’’ მეხუთე ტომი სრულიად ეხება შინაგან ცხოვრებას. იქ უპირატესად განდეგილებზე კი არის საუბარი, მაგრამ მათ მხოლოდ გარეგნული მითითებები ეხებათ, ხოლო ისეთი შინაგანი ცხოვრება, როგორიც იქ არის აღწერილი, ყველასთვის სასარგებლოა’’.

თარგმნილია წიგნიდან: ,,Молитва Иисусова. Опыт двух тысячелетий. Том первый. (Издательский проект ,,Путь умного делания’’. Москва 2018)

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •