სერაფიმე საროველი

იესუს ლოცვის, მყუდროებისა და გულის დაცვის შესახებ – წმინდა სერაფიმე საროველი

მყუდროების შესახებ

ვინ არის მემყუდროვე(ისიქასტი)? ის, ვისი შინაგანი მდგომარეობაც ამგვარია: ,,მე მძინავს, და გული ჩემი მღჳძარე არს’’. დახშე კარი შენი კელიისა, ანუ ხორციელი შეგრძნებებისა, კარი ენისა და გულისა, რათა დემონურმა მზაკვრობამ არ შემოაღწიოს შენში. დაე იესუს ლოცვა შენს სუნთქვას შეუერთდეს და მაშინ შეიცნობ მყუდროების სარგებელს. საკუთარი სულის სიღრმეში მოუკლებლად მოხმობილი იესუ ქრისტე წვავს და ანადგურებს ჩვენი სულის მტრებს. წმინდა იოანე ოქროპირმა თქვა: ,,მოუკლებლად მოუხმე უფალ იესუს სახელს, რათა გულმა შეიწყნაროს ქრისტე, ხოლო ქრისტემ – გული’’.

ყურადღება საკუთარი თავისადმი

ყურადღებიანი ადამიანის გონება არის შინაგანი იერუსალიმის(გულის) დაუძინებელი და გულმოდგინე მცველი. დგას რა სულიერი ჭვრეტის სიმაღლეზე, თვალს ადევნებს სულთან მოახლოებულ მოწინააღმდეგე ძალებს. როგორც მეფსალმუნე ამბობს: ,,მტერთა ჩემთა იხილა თუალმან ჩემმან’’(ფს.53:7).

გულის დაცვის შესახებ

ყურადღებიან გულში იშვება სიწმინდე, რომლის წყალობითაც ადამიანი ქრისტეს ხილვის ღირსი ხდება, როგორც ამას მარადიული ჭეშმარიტება გვაუწყებს: ,,ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ’’. ის, რაც ჩვენს გულშია, საჭიროების გარეშე არ უნდა გამოვაჩინოთ, რადგან ჩვენს მიერ მოხვეჭილი მხოლოდ მაშინ იქნება ხილულ და უხულავ მტერთაგან უსაფრთხოდ, როდესაც ის, როგორც საგანძური, გულის სიღმეში იქნება დაფარული. ყველას არ გაუხსნა შენი გულის საიდუმლო. წმინდა ისააკ ასურმა თქვა: ,,ვისაც ქრისტეს ხილვა სურს, მისი მოუკლებელი ხსოვნით ცდილობს საკუთარი გულის განწმენდას და შედეგად ყოველ წამს ჭვრეტს უფალს’’. წმინდა ეფრემ ასური ამბობს: ,,ვინც არ განიწმენდს საკუთარ თავს ყოველგვარი ბოროტებისგან, ბილწი გულისსიტყვებისგან, გულისთქმებისგან, მრისხანებისგან, შურისგან, სიამაყისგან, უთანხმოებისგან, პატივმოყვარეობისგან, სიძულვილისგან, შეპასუხებისგან, ცილიწამებისაგან და ვინც ამ ყველაფერს არ მიატოვებს, მის გულში ქრისტე არ დამკვიდრდება’’.

იესუს ლოცვის შესახებ

ვისაც ნამდვილად გადაუწყვიტავს უფლის მსახურება, მის ხსოვნაში უნდა გაიწვრთნას და მოუკლებელი ლოცვით მოუხმოს იესუ ქრიტეს თავისი გონებით: ,,უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე’’. შეიძლება ასევე ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლისადმიც: ,,ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ’’. ამგვარი სულიერი ვარჯიშით, თუკი ვცდილობთ, რომ დავიცვათ საკუთარი გონება გაფანტულობისგან და ასევე, ვიცხოვროთ სინდისის მიხედით, შესაძლებელი ხდება ქრისტესთან მიახლება და მასთან შეერთება. წმინდა ისააკ ასურმა თქვა: ,,მოუკლებელი ლოცვის გარეშე შეუძლებელია ღმერთთან მიახლება’’.

წმინდა იოანე ოქროპირმა ძალიან კარგად გადმოსცა ლოცვის ღირსება: ,,ლოცვა უდიდესი იარაღი, გამოულეველი საგანძური, მყუდრო ნავსაყუდელი, ყოველგვარი სიკეთის ფესვი, წყარო და დედაა’’.

როდესაც ტაძარში მსახურებაზე ვართ, კარგია შინაგანი ყურადღებით, თვალებდახუჭული დგომა. მხოლოდ მაშინ გაახილე თვალები, როცა ძილი მოგერევა და თვლემისკენ წაგიყვანს; ამ დროს შენი მზერა ან ხატს მიაპყარი, ან შენს წინ დანთებულ სანთელს.

თუკი ლოცვისას აზრებმა გაგვიტაცა, დავმდაბლდეთ ქრისტეს წინაშე და შენდობა ვითხოვოთ. ამიტომაც, მუდამ ვეცადოთ, რომ აზრებმა არ გაგვიტაცონ, რადგან შედეგად, ეშმაკის ზემოქმედებით სული კარგავს ქრისტეს ხსოვნას და მისი სიყვარულის შეგრძნებას. როგორც წმინდა მაკარი ამბობს: ,,ჩვენი მტრის ყველაზე მთავარი საზრუნავი არის ის, რომ როგორმე მოგვწყვიტოს ქრისტეს ხსოვნას, დაგვაკარგვინოს მისდამი კრძალვა და მის სიყვარულს განგვაშოროს’’.

როდესაც გონება და გული ლოცვაში შეერთდებიან, მაშინ სულიერი სითბო გაათბოს გულს, რომელშიც აღმობრწინდება ნათელი ქრისტესი. ის კი მთელ შინაგან ადამიანს გამოუთქმელი სიმშვიდითა და სიხარულით აღავსებს.

ყველაფრისთვის უნდა ვმადლობდეთ უფალს და მის ნებას მივენდოთ. ჩვენი აზრები, სიტყვა და საქმე იმგვარად უნდა მოვაწყოთ, როგორც მას ესათნოება.

ნათელი ქრისტესი

იმისათვის, რომ გულში ქრისტეს ნათელი მივიღოთ და ვიხილოთ, რამდენადაც შეგვიძლია უნდა განვეშოროთ მიწიერ საგნებს და საკუთარი სული განვიწმინდოთ სინანულით. კეთილი საქმეებითა და ჯვარცმულისადმი ცოცხალი რწმენით აღვსილებმა დავხუჭოთ ხორციელი თვალები, საკუთარი გონება გულში მოვაქციოთ და იქ მოვუხმოთ ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს სახელს. შედეგად, ჩვენი გულმოდგინების, სიმდაბლისა და გულმხურვალების საზომის მიხედვით, ქრისტეს სახელში სიტკბოებას ვიპოვით, რომელიც ჩვენში კიდევ უფრო მეტ წყურვილსა და მოშურნეობას დაბადებს.

როდესაც ამგვარი ვარჯიშის შედეგად გონება გულში გამყარდება და მას მიეწებება, მაშინ აღმობრწყინდება ნათელი ქრისტესი, რომელიც თავისი საღმრთო ბრწყინვალებით განანათლებს სულის ტაძარს, როგორც წმინდა წინასწარმეტყველი მალაქია ამბობს უფლის სიტყვებს: ,,ამოგიბრწყინდებათ, ჩემი სახელის მოშიშნო, მზე სიმართლისა’’.

სახარებისეული სიტყვის თანახმად, ეს ნათელი სიცოცხლეა: ,,მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა’’(ინ.1:4).

როდესაც ადამიანი შინაგანად ჭვრეტს მარადიულ ნათელს, მაშინ მისი გონება დაცლილია ყოველგვარი ხილული წარმოსახვებისაგან, არამედ სრულადაა ჩაძირული უქმნელი მშვენიერების ჭვრეტაში, ავიწყდება ყველაფერი გრძნობისმიერი, მათ შორის, საკუთარი თავიც. ის მიწის გულშიც დაიმალებოდა, რათა არ მოაკლდეს ამ ჭეშმარიტ სიკეთეს – ქრისტეს.

წყარო: http://azbyka.ru

მთავარი ფოტო: წმინდა სერაფიმე საროველის ხატი მდებარე ჯვართამაღლების ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)

Share