ლოცვა

იესუს ლოცვის ნაყოფები – მიტროპოლიტი კალისტე უეარი

წმინდ გრიგოლ სინელი იესუს ლოცვის პრაქტიკისას გამორიცხავს ყოვლგვარ წარმოსახვასა და აზრს, თუმცა ბევრს საუბრობს იმ შეგრძნებების შესახებ, რაც ადამიანი გულში ქრისტეს სახელის მოხმობისას ჩნდება. მისთვის იესუს ლოცვა რაღაც ტიბეტური შელოცვა კი არ არის, არამედ გულის სიღრმიდან ამომავალი მხურვალე ღაღადისი, რომელიც ქრისტეს მიმართ ცოცხალი და პიროვნული სიყვარულიდან მომდინარეობს. როდესაც შეგრძნებებს ეხება, ის ამბობს, რომ მლოცველის გული აღსავსეა არამიწიერი სიხარულით და ამავდროულად სინანულითაც. ამ მდგომარეობას უწოდებს χαρμολύπη, ანუ ,,სევდიან სიხარულს’’. ეს ცნება მან წმინდა იოანე სინელისგან აიღო. წმინდა გრიგოლი წერს, რომ იესუს ლოცვის სწორი ღვაწლისას ადამიანში ერთადაა სიხარულიც და შიშიც: ,,ხარობს სული ცოცხალი ღმერთის სიკეთისა და მოწყალების შეცნობისას და ამავდროულად შიში მოიცავს იმის გამო, რომ მის წინაშე უსაზღვროდ დამნაშავეა’’. ასეთია იესუს ლოცვის ორგვარი მოქმედება.

როგორც ამ ბოლო ციტატიდან ჩანს, იესუს ლოცვა გულის შემუსვრილების გადმოღვრა და სინანულის ღაღდისია: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’. წმინდა კალისტეს ცხოვრებაში განსაკუთრებით ხაზგასმულია ის, რომ ქრისტეს სახელის მოუკლებელი მოხმობა სინანულით უნდა იყოს განმსჭვალული:

,,ის თავისი ყველა გრძნობას და გონების ყურადღებას სრულად იკრებდა და განამტკიცებდა გულში, ამ მდგომარეობას მიჩვეული, ყოველგვარ აზრს, წარმოსახვასა და გამოსახულებას ქრისტეს ჯვარს ალურსმნებდა და მოუკლებლად მოუხმობდა: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’. მთელი ძალებით, გულის მგლოვარებით და შემუსვრილებით ლოცულობდა და მის თვალთაგან უხვად მომდინარე ცრემლებით მიწას ასველებდა’’.

ამ ციტატიდან კარგად გამოიხატება იესუს ლოცვაში სინანულის ასკექტი. ამ სიტყვების შემდეგ, წმინდა კალისტე ყვება, თუ როგორ ივსება წმინდა გრიგოლის გული იესუს ლოცვისას ნათლითა და გამოუთქმელი სიხარულით. თავად წმინდა გრიგოლის ნაშრომების მიხედვითაც შეგვიძლია ამის თქმა. თუმცა ის საკმაოდ ბევრსს საუბრობს ჭეშმარიტი სინანულისა და ცრემლების შესახებ. როდესაც იესუს ლოცვის მოქმედებას აღწერს ის ისეთ ცნებებს იყენებს, როგორიცაა ,,სიხარული’’ და ,,კრთომა’’. ყველა ეს გამოხატულება თავის თავში მის მიერ განცდილ სულიერ შეგრძნებებს მოიცავს. წმინდა გრიგოლის დღის განაწესი, რომელიც ისიქასტებისთვის შექმნა, ერთი შეხედვით შეიძლება აუტანლად მკაცრი და დამღლელი მოგეჩვენოთ და თავად წმინდანიც ხშირად საუბრობდა იესუს ლოცვისას ძალების უკიდურესი დაძაბულობისა და გულმოდგინე შრომის შესახებ, რაც ადამიანში ზოგჯერ მკერდის, მხრების და კისრის ტკივილსაც იწვევს ხოლმე, თუმცა ის ისიქასტს დაღვრემილ და მელანქოლიურ ადამიანად კი არ აღიქვამს, არამედ პირიქით, სიხარულით, მხიარულებითა და ნათლით აღსავსედ.

წმინდა გრიგოლი წერს, რომ ლოცვის ჭეშმარიტი საწყისი გულისმიერი სითბოს განცდაა. სიტყვა ,,სითბო’’ არ შეიძლება გაგებულ იქნას, როგორც უბრალოდ სიმბოლო ან განყენებული ცნება. ის ფიზიკურ შეგრძნებას კი არ გულისხმობს, არამედ სულიერს. ამასთან ერთად, ის ამ ,,სითბოს’’ სამ სახეს გამოყოფს: ,,ბუნებრივი სითბო, რომელიც სისხლის მოძრაობისგან წარმოიშვება სხეულში’’; არაბუნებრივი, ანუ ცოდვისმიერი სითბო, რომელიც წარმოსახვას აღვივებს და შობს ცოდვისმიერ გულისსიტყვებს. ეს არის დემონური წარმოშობის სითბო. და ბოლოს, ჭეშმარიტად სულიერი სითბო, რომელიც სულიწმიდის მადლის ნაყოფია. როგორ განასხვავოს ადამიანმა ისინი ერთმანეთისგან? წმინდა გრიგოლის თანახმად, მთავარი კრიტერიუმი მთლიანობის განცდაა. ის შინაგანი სითბო, რომელიც ქრისტესგანაა, დაცლილია ყოველგვარი ეჭვისგან და ამ დროს, ადამიანს უმტკიცესი გულისმიერი დასტური აქვს, რომ ის ნამდვილად უფლისგანაა. მამები ამბობენ: ,,ის სულიერი თუ გრძნობისმიერი შეგრძნებები, რომლებიც ადამიანის გულში ეჭვს და ყოყმანს იწვევენ, ქრისტესგან კი არა, ბოროტისგანაა’’.

სულიერი სითბოს შეგრძებამ დიდი როლი ითამაშა წმინდა მაქსიმე კავსოკალიველის ცხოვრებაში, რომელიც ათონზე ცხოვრობდა. წმინდა მაქსიმეს მოწაფე, თეოფანე ვატოპედელი, თავისი სულიერი მამისა და წმინდა გრიგოლ სინელის საუბარს აღწერს, სადაც გრიგოლი მაქსიმეს ეკითხება, აქვს თუ არა მას გონიერი, ჭეშმარიტად შინაგანი ლოცვა. ის კი საპასუხოდ უყვება მას, თუ როგორ გულმხურვალედ ევედრებოდა ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს ახალგაზრდობაში, რათა მისთვის გონიერი ლოცვა ესწავლებინა:

,,ერთხელ…როდესაც სიყვარულით ვემთხვეოდი ჩვენი ტკბილი დედის ხატს, უეცრად ჩემს გულში საოცარი სითბო შემოვიდა, რომელიც კი არ მწვავდა, არამედ მატკბობდა და ჩემს სულში გამოუთქმელ ლმობიერებას შობდა. იმ წამიდან, მამაო, გულმა თავისთავად დაიწყო ლოცვა და ამასთან ერთად, ჩემს გონებას მტკიცედ უპყრია იესუს მოუკლებელი ხსენება და მუდამ მათ ხსოვნაში იმყოფება’’.

მეთოთხმეტე საუკუნის ისიქაზმისთვის იესუს ლოცვისა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის თაყვანისცემის ამგვარი ურთიერთმიმართება უცხო იყო და წმინდა გრიგოლის ნაწერებში სხვაგან არსად გხვდება ასეთი მაგალითი. წმინდა გრიგოლი და წმინდა მაქსიმე ერთმანეთს ეთანხმებიან იმაში, რომ გონიერი ლოცვის უეჭველი დასაწყისი სწორედ ამ სულიერი სითბოს შეგრძნებაა. ამით კი ისინი იმავე ტრადიციის მიმდევრები არიან, რომელსაც წმინდა მაკარი დიდი, დიოდოქოს ფოტიკელი და წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი მისდევდნენ.

სითბო ყოველთვის გვახსენებს ცეცხლს, ხოლო ცეცხლი კი, თავის მხრივ, სინათლესთან ასოცირდება. ამიტომაც, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ წმინდა გრიგოლ სინელი იესუს ლოცვას საღმრთო ნათელს უკავშირებს. რაც შეეხება ნათელს, ამ საკითხთან დაკავშირებით, ის გაცილებით თავშეკავებულად საუბრობს, ვიდრე წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთიმეტყველი და წმინდა გრიგოლ პალამა. როდესაც ის ნათელზე საუბრობს, როგორც წესი, ამას იმისთვის აკეთებს, რათა მკითხველი ხიბლის საშიშროებებზე გააფრთხილოს და ცრუ ნათლის გამოვლინებებზე მიუთითებს, რომელიც ან ეშმაკისგან მომდინარეობს ან საკუთარ თავზე აღმატებული შეხედულებისგან. ის მოგვიწოდებს: ,,ნათლის ჭვრეტისკენ ნუ უსწრაფვი’’. სხვა ადგილას კი მისი სიტყვა იკვეთება წმინდა დიოდოქოსის ნათქვამთან:

,,ყური მომაპყარი ღმრთისმოყვარეო. როდესაც ან საქმით ხარ დაკავებული ან ლოცვით და შენში ან შენს გარეთ, ან ნათელს იხილავ, ან ქრისტეს, ანგელოზისა და წმინდანების გამოსახულებას – არავითარ შემთხვევაში არ მიიღო, რათა არ დაზიანდე’’.

მადლის მყოფობის ერთადერთი ჭეშმარიტი ნიშანი არის სულიერი სითბოს შეგრძნება, რომელიც, როგორც იესუს სახელის მოხმობა, სრულიად თავისუფალია ყოველგვარი ხილული გამოსახულებისა და ფორმებისგან.

წმინდა გრიგოლ სინელს ,,გონიერი ლოცვის მისიონერს’’ უწოდებენ, რომელიც ბიზანტიის ისტორიაში მისტიკური ტრადიციის ერთ-ერთი უმძლავრესი აღორძინების მოთავე იყო. მან რაღაც იქამდე არარსებული ახალი სწავლება კი არ შემოიტანა ლოცვის შესახებ, არად წარსულში ღრმად ფესგვადგმულ სულიერ-მისტიკურ ტრადიციას ეყრდნობოდა: წმინდა ევაგრე პონტოელს, წმინდა მარკოზ მოღვაწეს, წმინდა დიოდოქოსს, წმინდა იოანელ სინელსა და წმინდა ისიქი სინელს. აქედან გამომდინარე, წმინდა გრიგოლ სინელმა რაღაც ერთგვარი რევოლუცია კი არ წამოიწყო, არამედ ოდესღაც ფართოდ გავრცელებული სწავლების აღორძინება, რომელიც მის დროში, სამწუხაროდ დავიწყებას იყო მიცემული. საკმარისია გავიხსენოთ მისი ბიოგრაფის ცნობილი მოწმობა: ,,როდესაც დაახლოებით 1300 წელს, გრიგოლი ათონზე ჩავიდა, მან მთელ ნახევარკუნძულზე მხოლოდ სამი განდეგილი იპოვა, ვისაც სსულ მცირე წარმოდგენა მაინც ჰქონდა იესუს ლოცვის შესახებ. წლების შემდეგ, როდესაც წმინდა გრიგოლ პალამა ვარლაამ კალაბრიელის სწავლების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას ითხოვდა, ,,მთაწმინდის ტომოსს’’ ყველა ცნობილმა ათონელმა მოღვაწემ მოაწერა ხელი. ეს იყო მანიფესტი, რომელიც წმინდა გრიგოლ პალამამ შეადგინა. თუკი 1300 წლისთვის ეს სწავლება თითქმის გაქრობის პირას იყო, 1340 წლისთვის ის უკვე საერთო მონაპოვრად და ათონური მონაზვნობის დიდებად იქცა. სწორედ ეს გვიქმნის საკმარის წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რამხელა წვლილი მიუძღვის წმინდა გრიგოლ სინელს ისიქაზმის ქადაგებასა და მის გავრცელებაში.

წყარო: http://Pravoslavie.ru