2

ისიქაზმის დასაწყისი და წმინდა გრიგოლ სინელის გზა – ნიკოლაი ნოვიკოვი

ქრისტიანულ სამყაროში მეცამეტე, მეთოთხმეტე საუკუნის სულიერი და კულტურული აღორძინების მთავარი ცენტრი – ათონის წმინდა მთა გახლდათ. სწორედ იქ ჩაეყარა საფუძველი სინაურ – ათონურ მოძრაობას, რომელიც გახდა საწყისი საერთო სულიერი ზეაღსვლისა და რომლის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი წმ.გრიგოლ სინელი იყო. ამ სულიერ – კულტურულმა მოძრაობამ დაიწყო მართლმადიდებლური სულიერების წყაროსთან დაბრუნება და ძველი მონაზვნური ტრადიციების განახლება და ჩვენ მას ვიცნობთ როგორც – ისიქაზმს, რომლის გავრცელების ძირითად წყაროს წმ. გრიგოლის მრავალრიცხოვან მოწაფეებთა მიერ დაარსებული მონასტრები წარმოადგენდნენ.

თავდაპირველად, ტერმინი ისიქაზმი ასოცირდებოდა განდეგილურ ცხოვრების წესთან, რომელსაც თან ახლდა შინაგანი სულიერი ცხოვრება. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მონაზვნური ცხოვრების გარიჟრაჟზე, მესამე- მეოთხე საუკუნეებში სწორედ ისიქასტური პრაქტიკა წარმოადგენდა ეგვიპტელი, პალესტინელი და მცირე აზიელი მოღვაწეების ღვაწლის არსს. თანდათანობით ამ ტერმინმა უფრო ფართო მნიშვნელობა შეიძინა და წარმოადგენდა ქრისტიანული პრაქტიკის არსს, გადარჩენისა და სულიერი სრულყოფილების მიღწევის მთავარ გზას, რომელიც უპირველესად შინაგანი ცხოვრებით მიიღწევა. დროთა განმავლობაში ამ სიტყვამ სამი მთავარი, კონკრეტული მნიშვნელობა მიიღო. პირველ რიგში, ისიქაზმი არის უნიკალური ასკეტური მეთოდი წმინდა მყუდროებისა, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ გონიერი ლოცვისა, რომელიც მხოლოდ ქრისტიანობის საკუთრებაა, ქრისტიანობასთან ერთად იშვა და მხოლოდ მართლმადიდებლურ ტრადიციაშია შემონახული. ისიქასტური მეთოდი საშუალებას გვაძლევს, რომ გონიერ-გულისმიერი სიფხიზლის მეშვეობით ცოდვისმიერი ვნებებისგან გულის სრულ განწმენდასა და განღმრთობას მივაღწიოთ.

ისიქაზმი – ეს არის ქრისტიანობის მისტიკური ღმრთისმეტყველება. უფრო სწორად რომ ვთქვათ – განღმრთობის ღმრთისმეტყველება, რომელიც შეიმუშავეს ისეთმა დიდმა მამებმა, როგორებიც იყვნენ: წმ. დიონისე არეოპაგელი, წმ. მაქსიმე აღსარებელი, წმ. იოანე დამასკელი, წმ. სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი და ამ სწავლების დოგმატური სწავლების სახის მიმცემი – წმ. გრიგოლ პალამა. წმ. გრიგოლის სწავლებით, ადამიანს ჯერ კიდევ ამქვეყნიურ ცხოვრებაში შეუძლია ცოცხალი ღმერთის რეალური შემეცნებისა და განღმრთობის მიღწევა. მეთოთხმეტე საუკუნის კრებებით, დოგმატურ დონეზე დამტკიცდა, რომ ცოცხალი ღმერთის შემეცნების გამოცდილება და განღმრთობის მდგომარეობა ყველა ქრისტიანისთვისაა ხელმისაწვდომი და რომ განღრთობისკენ სწრაფვა ქრისტიანული რწმენის მთავარი გამოხატულებაა.

ისიქაზმი – სულიერ-კულტურული მოძრაობაცაა, რომელიც მეთოთხმეტე ათასწლეულში ბიზანტიაში ჩამოყალიბდა და მთელ აღმოსავლეთ ევროპასა და მოსკოვის რუსეთში გავრცელდა. როგორც ცხოვრების წესი, ისიქაზმი ადამიანის ცხოვრების მიზანს სულიწმიდის მადლის მოხვეჭასა და ქრისტესთან ერთობაში ხედავს. სწორედ ეს განსაზღვრავს ადამიანის მთავარ ამოცანას, რომ თავისი საზოგადოებრივი ურთიერთობების ყველა მხარე ამ სულიერ საქმიანობას დაუმორჩილოს, ყველაფრისგან სულიერი გამოცდილება მიიღოს და ყველაფერი ღმრთის სადიდებლად აღასრულოს. ისიქასტურმა სულმა დიდი გავლენა იქონია სახელმწიფო მოწყობის წესზეც, პოლიტიკაზეც, საზოგადოების ზნეობრივ მდგომარეობაზე, კულტურაზე და მართლმადიდებლური სახელმწიფოების ხელოვნებაზეც.

სიტყვის ,,ისიქაზმის’’ ეტიმოლოგიური მნიშვნელობა – მყუდროება, გარინდებაა. ისიქასტი არის ის, ვინც საკუთარი თავი მთლიანად გონიერ ლოცვას მიუძღვნა და ქრისტესთან ლოცვითი ერთობისა და განღრთობისაკენ ისწრაფვის. თუკი ადრე ისიქია განდეგილურ, განმარტოებულ ცხოვრებას უკავშირდებოდა, მეთოთხმეტე საუკუნიდან ათონელი მამები ისიქიას ლოცვით-მჭვრეტელობით პრაქტიკას უწოდებენ, რომელიც დაკავშირებულია გონიერ საქმიანობასა და იესუს ლოცვასთან, რომლის მიერაც  განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობა – ,,გონიერი მყუდროება’’ ან ,,აზრთა გარინდება’’ მიიღწევა. გარდა ამისა, ტერმინი ,,ისიქია’’ – უვნებობის მდგომარეობასაც უკავშირდება, რომელიც ამ ღვაწლის მჭვრეტელობით პერიოდში მოიხვეჭება. ხაზგასმითაა აღსანიშნი, რომ შეცდომა იქნებოდა გარეგნული, ქმედითი ღვაწლის(ასკეტიკა) და მჭრეტელობითის(მისტიკა) განყოფა, როგორც ეკლესიაში არსებული ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი გზა, რომელთა შორისაც სულის გადარჩენის გზაზე მავალმა ქრისტიანმა არჩევანი უნდა გააკეთოს. სინამდვილეში კი გარეგანი და შინაგანი სულიერი ცხოვრება ერთი მთლიანი პროცესის შემადგენელია, რომელსაც ადამიანი ქრისტესთან ერთობამდე და იმ უქმნელი საღმრთო ენერგიების მოხვეჭისკენ მიჰყავს, რომელიც თაბორის მთაზე ქრისტეს მოწაფეებმა მიიღეს. მჭვრეტელობის მაღალ სულიერ მდგომარეობას აუცილებლად უძღვის წინ მოსამზადებელი პერიოდი, რომელიც  სწორედ ქმედითი ღვაწლით აღესრულება. ეს ქმედითი ღვაწლი გულისხმობს ცოდვისმიერი ვნებებისგან განწმენდისათვის შრომას(რომელიც რა თქმა უნდა, იესუს ლოცვით აღესრულება). ისიქაზმი მოიცავს მოღვაწეობის ამ ერთმთლიან გზას, რომელიც ქმედითი შრომით იწყება, მჭვრეტელობამდე აღიწევა და განღრთობის მწვერვალებს აღწევს.

ისიქასტურმა მოძრაობამ, რომელმაც მართლმადიდებლობის აღორძინებას ჩაუყარა საფუძველი, ე.წ ,,ისიქასტური კამათებიც’’ გამოიწვია, რომელშიც დასავლური და აღმოსავლური ქრისტიანული მსოფლმხეველობა ერთმანეთს შეეჯახა. ეს პროცესები ბიზანტიაში მეთოთხმეტე საუკუნის 30-60-იან წლებში მიმდინარეობდა. თანამედროვე მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ამ მოვლენამ კაცობრიობის ცხოვრებაში ახალ ეპოქას დაუდო სათავე. აღნიშნული კამათები ქრისტიანული ანთროპოლოგიის მთავარ არსს – ადამიანის განღმრთობას ეხებოდა. მართმლადიდებელი ეკლესიის მთავარი წარმომადგენელი წმ. გრიგოლ პალამა, თესალონიკის მთავარეპისკოპოსი იყო, რომელიც წმ. გრიგოლ სინელის მოწაფე და გზის გამგრძელებელი გახლდათ. პოზიციათა პრინციპული განსხვავებულობა იმაში მდგომარეობდა, რომ მართლმადიდებური სწავლებით, ადამიანის ცხოვრების ორიენტირი ქრისტეში სიცოცხლე, სახარების პრაქტიკაში გაცოცხლება, ჯერ კიდევ ამქვეყნიურ ცხოვრებაში ქრისტესთან გულისმიერი ერთობის დამყარება და ხრწნადი ბუნების უხრწნელად გარდაქმნაა. დასავლურმა ჰუმანისტურმა გზამ კი ცენტრში ქრისტეს ნაცვლად თვითმიზნად ადამიანი დააყენა, რაც ღმერთსა და ადამიანს შორის გაუვალ უფსკრულს წარმოქმნის. ასე წარმოიშვა ერთდროულად ორი სულიერ-კულტურული მიმართულება ე.წ ,,ორი ევროპული აღორძინება’’. ერთ-ერთი მათგანი ეკლესიის გარე მიმართულებით წავიდა და ისტორიაში ცნობილი გახდა როგორც დასავლეთევროპული რენესანსი, ხოლო მეორე, მართლმადიდებლური, ისიქასტური აღორძინება, რომელიც ამაღლებული სულიერი ცხოვრების მიმართულებით განვითარდა.

ზოგიერთი ისიქაზმის ფუძემდებლად წმ. სვიმეონ ახალ ღმრთისმეტყველს მიიჩნევს, რომელიც მეათე საუკუნეში ცხოვრობდა და რომელმაც საკმაოდ ნათლად, მკაფიოდ და დეტალურად ჩამოაყალიბა სწავლება ცოცხალი ღმერთის მჭვრეტელობის შესახებ. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ისიქაზმი იმ პერიოდში არ წარმოადგენდა სიახლეს, რადგან მისი საწყისები ჯერ კიდევ ქრისტიანობის ჩამოყალიბების პირველსავე საუკუნეებშია და როგორც სულიერი პრაქტიკა, ის ქრისტეს ეკლესიაში თავიდანვე ცნობილი იყო. ისიქაზმი სხვა არაფერია თუ არა, მართლმადიდებლური სწავლება სულიერი ცხოვრების შესახებ, რომლის პრაქტიკაში განხორციელებით ურიცხმა მოღვაწემ სიწმინდესა და ქრისტესთან შინაგან ერთობას მიაღწია. მეათე-მეთერთმეტე საუკუნის წმინდა ისიქასტებმა წმ. სვიმეონ ახალმა ღმრთისმეტყველმა და წმ. ნიკიტა სტიფატმა კი გვიანბიზანტიული ისიქასტური აღორძინების თეორიული ბაზა მოამზადეს.

მეთოთხმეტე საუკუნის ისიქასტების მთავარი დამსახურება იმაში მდგომარეობს, რომ მათ განაახლეს და განავითარეს ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობის ტრადიცია. მათ ისიქაზმს სიღრმისეული საღმრთისმეტყველო საფუძველი შეუქმნეს, სწავლების სისტემატიზირება და ჩამოყალიბება შეძლეს და რაც მთავარია, უამრავი ადამიანი შთააგონეს რომ ამ კურთხეულ გზაზე შემდგარიყვნენ.

ისიქასტური ტრადიციის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო გამავრცელებელი, ამაღორძიებელი და შეიძლება ითქვას, რომ წინამძღოლი გახლდათ წმ. გრიგოლ სინელი. მიუხედავად იმისა, რომ იმ ეპოქაში ისიქაზმის ერთადაერთი მქადაგებელი არ იყო, მისი ასეთ სიმაღლეზე აყვანა მაინც არ არის შემთხვევითი. სხვა სულიერი მასწავლებლებისგან წმ. გრიგოლი გამოირჩევა ძლიერი ხასიათითა და იმ თვისებების სრულყოფილებით, რომლებიც ფართო მისიონერული საქმიანობისა და პრაქტიკული შინაგანი ცხოვრების სწავლისა და გავრცელებისთვისაა აუცილებელი. ეს იყო მადლმოსილი ადამიანი, რომელმაც მთელი არსება ისიქასტური პრაქტიკით ქრისტეს ძიებას მიეძღვნა და რომელსაც შეეძლო, რომ გონიერი ლოცვის საფუძვლები ნებისმიერი ქრისტიანისთვის ესწავლებინა და შესაბამისი რწმენაც შთაენერგა.

მართლმადიდებლური ტრადიცია ვასწავლის სულიერი სრულყოფილების მიღწევისა და სულის ცხონების სინერგიულ გზას: ვნებებთან ბრძოლას, გულის განწმენდას, შინაგანი ლოცვითი ღვაწლის ისიქასტურ მეთოდს, სულის კურნებას და გარდაქმნას დაცემული მდგომარეობიდან ახალ ქმნილებამდე, მჭვრეტელობასა და განღმრთობას. წმ. გრიგოლ სინელის ისიქასტური ტრადიციის განმაახლებლად სახელდება, არ ნიშნავს იმას, რომ მან სულიერ ცხოვრებაში რაღაც ახალი სულიერი პრინციპები შემოიღო, არამედ იმას, რომ ის იყო ქრისტეს ეკლესიის იმ საერთო სულიერი გზის განახლების ლიდერი და ინიციატორი, რომელსაც ქრისტიანობა დასაწყისიდანვე მისდევდა. შეიძლება ითქვას, რომ ე.წ ,, წმ. გრიგოლ სინელის სულიერ სკოლაში’’ ისწავლებოდა სულიწმიდის მადლის მოხვეჭის და ქრისტეს სასუფევლის მიღებისთვის ადამიანის სულიერი აღზრდის მეცნიერება.

წმ. გრიგოლ სინელმა თავისი ღვაწლით, ქრისტესთან ურთიერთობის უმაღლეს გამოცდილებას მიაღწია. მან თითქმის მთელი ცხოვრება მოგზაურობებში გაატარა და როგორც წმინდა აპატრიარქი კალისტე ამბობდა: ,,ის იყო მოციქულებრივი ღვაწლის მქონე ადამიანი, რომელმაც მთელი მსოფლიო შემოიარა’’. მან თავისი ცოდნითა და მჭვრეტელობის საფეხურზე აღსვლის გამოცდილებით მრავალი ადამიანი განამდიდრა. მას გულმხურვალედ წყუროდა, რომ ყველა ქრისტიანი შედგომოდა სულიერი სრულყოფილებისა და ქრისტესთან ერთობისკენ მიმავალ გზას. ის მოგზაურობდა და აქტიურად ავრცელებდა სწავლებას ასკეტური ღვაწლის, მჭვრეტელობითი ცხოვრებისა და მოუკლებელი იესუს ლოცვის შესახებ. მისი ამ მისიონერობის ნაყოფი მხოლოდ ბიზანტიას კი არ მოიცავდა, არამედ ბულგარეთს, სერბეთს, რუსეთსა და სხვა ქვეყნებს. სულის ცხონების მაძიებელ უკლებლივ ყველა ქრისტიანს ასწავლიდა იესუს ლოცვას და სიფხიზლის ღვაწლს. მრავალ მოღვაწეს აღძრავდა, რომ შინაგანი იესუს ლოცვის შესახებ ყველგან და ყოველთვის ექადაგათ. სწორედ მან დაარწმუნა უდიდესი ისიქასტი და ასკეტი წმ. მაქსიმე კავსოკალიველი, რომ არ დაემალა ათონელი მამებისთვის თავისი გამოცდილება და გონიერი ლოცვა მათთვისაც ესწავლებინა. წმ. გრიგოლის მადლისმიერი სულიერი წინამძღოლობით, მისმა მრავალმა სულიერმა მემკვიდრემ მიაღწია განწმენდასა და განღმრთობას. მისი უახლოესი მოწაფეები მისი სულისა და სწავლების პირდაპირი მემკვიდრეები გახდნენ,  ამ სულიერ საგანძურს თავიანთი მოღვაწეობის ადგილას ავრცელებდნენ და აქტიურად ქადაგებდნენ ისიქაზმს. წმ. გრიგოლის ყველაზე ცნობილი მოწაფეებად წმ. პატრიარქი კალისტე და თესალონიკის მთავარეპისკოპისი, წმ. გრიგოლ პალამა ითვლება, რომელმაც  თეოლოგიურად და დოგმატურად ჩამოაყალიბა სწავლება ისიქაზმის შესახებ.

წმ. გრიგოლის წერილობითი მემკვიდრეობა არასდროს კარგავს აქტუალობას და მისი შრომები დღემდე წარმოადგენენ ჭეშმარიტ გზამკვლევს სულიერი ცხოვრების მაძიებელ ქრისტიანებში. ,,ეს წმინდა მასწავლებელი უსრულყოფილესი გზით ასწავლის გონიერი-შინაგანი ლოცვის ხელოვნებას’’ – აღნიშნავს მისი ნაწერების მთარგმნელი ეპისკოპოსი ბენიამინი(მილოვი). გარდა ამისა, ,,წმ. გრიგოლის შრომები საკმაოდ სასარგებლოა დამწყებთათვისაც და სრულყოფილ ასკეტთათვისაც, რადგანაც ისინი განუზომელ სულიერ სიმდიდრეს შეიცავენ’’. წმ. გრიგოლი განსაკუთრებით უყვარდათ ათონის წმინდა მთაზე მცხოვრებ განდეგილებს. მიუხედავად იმისა, რომ ის მუდამ მოგზაურობდა და აქტიურ მისიონერულ საქმიანობებს ეწეოდა, მუდამ შინაგანი მყუდროებისა და მოუკლებელი გონიერი ლოცვის მდგომარეობაში იმყოფებოდა, გამოცდილებით იცოდა ეშმაკთა ხაფანგებისა და ხრიკების შესახებ, რაც მოღვაწეობრივი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაყოფია. მასთან საუბრით მოღვაწე მამები გონიერი ლოცვის საიდუმლოებებს სწავლობდნენ, გამოცდილებით შეიცნობდნენ მადლის მოქმედების ნიშნებს, ეშმაკის დაფარულ მახეებსა და საცდურებს. თავის ნაშრომებში, ეკლესიის წმინდა გარდამოცემისა და წმინდა მამათა ნაწერებზე დაყრდნობით, სისტემურად გადმოგვცემს სწავლებას ცოცხალი ღმერთისა და ადამიანის დაცემული მდგომარეობის შესახებ. გვასწავლის პრაქტიკულ მეთოდებს, თუ როგორ გამოვიდეთ ცოდვისმიერი მდგომარეობიდან და როგორ გარდავიქმნათ ქრისტეს მადლით ახალ ადამიანებად.

წმ. გრიგოლის მიერ წარმოდგენილი სწავლების ცენტრს წარმოადგენს სწავლება ქრისტეს მჭვრეტელობის შესახებ, რომელსაც წინ უძღვის ქმედითი ღვაწლი და სულიერი შრომა. ამ პერიოდში, მოღვაწე ებრძვის ვნებებს და შრომობს გულის განწმენდისთვის. მიჰყვება რა სინაურ ტრადიციასა და წმ. იოანე სინელის სწავლებას წმ. გრიგოლი ცოდვისმიერ ვნებებსა და სულის სამ მთავარ ძალას შორის(აზრობრივი, გულისწყრომითი და გულისთქმითი) კავშირს წარმოაჩენს. ის ამბობს, რომ ვნებების დამარცხებისთვის საჭიროა ორმხირივი ღვაწლი: გარეგნული და შინაგანი: ,, სულიერი ცხოვრების საფუძველი არის გარეგნული ასკეზა, როგორებიცაა: მარხვა, ღამე ლოცვა, მორჩილება, ღმრთისმსახურება. ხოლო ვნებების გადალახვის უმთავრესი იარაღი არის შინაგანი საქმიანობა – გონიერი სიფხიზლე, გულისმიერი ყურადღება, ანუ გონიერი ლოცვა. შინაგანი ღვაწლის მიზანი სულიწმიდის მადლისა და სათნოებების მოხვეჭაა. ნებისმიერი სულიერი შრომის სათავე – ქრისტეს ხსოვნაა, რომელიც ჩვენში ,, სუნთქვაზე უფრო ხშირი’’ უნდა იყოს, რადგანაც ღმრთის ხსოვნა და გონიერი ლოცვა ყველა სხვა სულიერ საქმიანობაზე აღმატებულია და ღმრთის სიყვარულთან ერთად, სათნოებათა გვირგვინს წარმოადგენს. მხოლოდ გონიერ-გულისმიერი ლოცვის მეშვეობითაა შესაძლებელი გონების გაფანტულობისა და დაბნელებისაგან გათავისუფლება და გულის ვნებებისაგან და დემონური ტყვეობისაგან გამოხსნა. ასეთი ლოცვითი შრომის შემდეგ, როცა უფალი ინებებს, გულში ლოცვა ამოქმედდება, რომელიც თავის თავში გონებას დააკავებს და არ მისცემს განბნევის საშუალებას’’.

წმ. გრიგოლ სინელის საქმიანობის გამგრძელებელი კიდევ ერთი დიდი ისიქასტი – წმ. გრიგოლ პალამა აღმოჩნდა, რომლის შრომებმაც განავითარა და შეავსო წმ. გრიგოლ სინელის სწავლების ის მონაკვეთები, რომლებიც დეტალურ განმარტებას საჭიროებდნენ. მან განავითარა სწავლება გულის შესახებ, რომესაც საფუძველი ჯერ კიდევ წმ. მაკარი დიდმა ჩაუყარა. მათი სწავლებით, გული არის ადამიანის სულიერი ცენტრი და ამით გასაგები ხდება ისიქასტთა სწავლება გონების გულში დამკვიდრების აუცილებლობისა და გულისმიერი ლოცვის შესახებ. ,,ისიქასტური კამათები’’ გარდა ღმერთისა და ადამიანის ბუნებისა, ეხებოდა სწორედ ამ ისიქასტურ ლოცვით პრაქტიკას, რომელიც გონებისა და გულის ერთობას მოიცავს. წმ. გრიგოლ პალამა ეკლესიის ძველ მამებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ უვნებობა სულის ვნებითი ნაწილის მოკვდინებაში კი არ მდგომარეობს, არამედ ამ ვნებითი ენერგიის ბოროტებიდან სიკეთისკენ წარმართვაში, ანუ მის გარდაქმნაში. ისიქაზმის მოწინააღმდეგეების საპირისპიროდ, ისიქასტი მამები ასწავლიდნენ, რომ ვნებები უნდა გარდაიქმნან და განიწმინდონ. სწორედ ეს არის ისიქასტური ღვაწლის საფუძველი. ამრიგად, ,,ისიქასტურმა კამათებმა’’ სულიწმიდით ადამიანის განღმრთობის შესახებ მართლმადიდებლური სწავლების კიდევ უფრო სიღრმისეულ შესწავლას შეუწყო ხელი.

წმ. გრიგოლს რაიმე ახალი კი არ შეუქმნია, არამედ ეკლესიაში საუკუნეების განმავლობაში არსებული სწავლება გააღრმავა. მისი ღვაწლით, ეკლესიის გამოცდილებას საღმრთისმეტყველო-დოგმატური საფუძველი მიეცა, რომელიც ეკლესიის ავტორიტეტით ადასტურებს იმას, რომ ყველა ქრისტიანს შეუძლია ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობის დამყარება და ამ ღვაწლისთვის დამხმარე ,,მეთოდების’’ პრაქტიკაში გამოყენება.

წმ. გრიგოლი ასწავლის: ,, ისიქაზმი ეს არის ჭეშმარიტი ზეაღსვლა ჭეშმარიტ მჭვრეტელობამდე, ანუ ცოცხალი ღმერთის ხედვამდე. მხოლოდ ღმერთის ხედვაა ჭეშმარიტად განკურნებული სულის მთავარი მაჩვენებელი, რადგან ყველა სხვა სათნოება მხოლოდ ჩვენი სულის უძლურების მაკურნებელი წამალია, ხოლო ქრისტეს ხედვა – ჯანმრთელი სულის ნაყოფი’’. წმ. გრიგოლ სინელის მიერ ნაქადაგები და წმ. გრიგოლ პალამას მიერ განვითარებული და შევსებული სწავლების ჭეშმარიტება 1351 წლის კონსტანტინოპოლის კრების გადაწყვეტილებით დადასტურდა და ის მართლმადიდებელი ეკლესიის მთელმა სისავსემ სრულად მიიღო.


თარგმნილია წიგნიდან: ,,Молитва Иисусова. Опыт двух тысячелетий. Том первый. (Издательский проект ,,Путь умного делания’’. Москва 2018)

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •