vozle hrama u peshher skita svyatoj anny

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მესამე: მთაწმინდა – წმინდა ანას მცირე სკიტში

სულიერი აღზრდა და დარიგებები

ათონზე წირვის ბოლოს მღვდელი აკურთხებს   წანდილს[1], რომელიც ან იმ დღის წმინდანის პატივსაცემად, ან მიცვალებულთა მოსახსენებლად კეთდება [2]. წმინდა იოსების საძმოში ეს საქმე მამა არსენს ებარა. მას კოლიოს თეფში სტასიდის სახელურზე დამაგრებულ სადგამზე უნდა მოეთავსებინა, რათა მღვდელს ეკურთხებინა. წანდილს თავად ბერი იოსები აკეთებდა. მამა არსენი თეფშს სადგამზე ყოველთვის ისე განაპირას დებდა, რომ,  როგორც კი გვერდით ჩამოჯდებოდა და სტასიდა შეირყეოდა, თეფში იატაკზე ვარდებოდა და წანდილი ძირს იფანტებოდა. როდესაც მამა სოფრონმა ეს შეამჩნია, მორიგი გადმოვარდნა რომ აეცილებინა თავიდან, მამა არსენს მიაძახა: „ცოტა მეტად მისწიე თეფში, შე კაი კაცო, გადმოვარდება“. ასეთი საქციელი დიდმა ბერმა თავხედობად და მამა არსენის შეურაცხყოფად ჩათვალა. თანაც, როგორც ვთქვით, ის ჩვენს მოძღვარზე გაცილებით უფროსი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ წმინდა იოსების აღშფოთება გარეგნულად უხეში ჩანდა, რისხვის ვნებისგან ის სრულიად თავისუფალი იყო. მან ახალგაზრდა მონაზონი ეკლესიიდან გაიყვანა და რამდენჯერმე სილა გააწნა. თანაც დაამატა: „ორმოცი დღე ტაძარში არ შეხვალ, ანტიდორს არ აიღებ და ხმასაც არავინ გაგცემს. ქეციანი ცხვარივით იქნები“. ასე დასაჯა ბერმა მოწაფე მისივე სულიერი წინსვლის სურვილით. მართლაც, მ. სოფრონს, ორმოცი დღე არავინ ელაპარაკებოდა, ანტიდორს არ იღებდა, ეკლესიაში არ შედიოდა და წირვას გარედან უსმენდა. მაგრამ, რადგანაც თავის ბრალობა, რწმენა, სიმშვიდე, სიმდამბლე, მოთმინება და სულიერი მამისადმი სიყვარული ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი, არ წუხდა. წმინდა ეფრემ კატუნაკელი ერთხელ გაეხუმრა კიდევაც: „აბა გამოტყდი, იოსებ, ბერისგან რომ მოგხვდა, მწარე იყო?“ მამა ეფრემმა იცოდა, თუ რა შინაგანი ბრძოლა ექნებოდა ახალგაზრდა მონაზონს ასეთ შემთხვევაში, რადგან მსგავსი რამ თვითონაც ჰქონდა გამოცდილი, და ამიტომ უხაროდა, რომ მისი სულიერი ძმა ასე უდრტვინველად და სწორი სულიერი განწყობით შეხვდა მომხდარს. ამ ლიტურგიაზე  თვითონ მამა ეფრემი იყო მწირველი მღვდელი [3].

ასეთ დამამდაბლებელ მოპყრობას ნამდვილი მორჩილი არა მხოლოდ უდრტვინველად, არამედ ყოველთვის უდრტვინველად, არამედ ყოველთვის მადლიერებითაც ხვდებოდა, ხოლო მისი გული სიხარულით ივსებოდა. სწორედ ამის შესახებ წერია ფსალმუნში: „მრავალთაებრ სალმობათა ჩემთა გულსა შინა ჩემსა ნუგეშინის-ცემათა შენთა ახარეს სულსა ჩემსა “[4]. წმინდა ბერის უსაზღვროდ დიდ რწმენას მოწაფის რწმენაც უერთდებოდა, ხოლო სულიწმინდის მადლი თავისი თანმყოფობით მათ კეთილშობილ და თავდადებულ მოღვაწეობას აჯილდოებდა.

დიდ სირთულეებს ჩვენი მოძღვარი მაშინაც წააწყდა, როდესაც საძმოს ახალი წევრები, მამა ეფრემი და მამა ხარლამპი შეემატნენ. მათი სენაკები ძალიან მძიმე პირობებში სახელდახელოდ უნდა აეშენებინათ. მშენებლობისთვის საჭირო მასალა მათ ზღვიდან 1200 საფეხურზე უნდა ეზიდათ, თანაც ძალიან პრიმიტიული საშუალებებითა და იარაღებით. ჩვენი ბერი წერდა: „ ვერ აღვწერ იმ სირთულეებს, რაც ამ მშენებლობაზე გადავიტანეთ… მხოლოდ ღმერთმა იცის, როგორ გაგვიჭირდა. ასეთ საქმეებს მხოლოდ მათი ახალგაზრდული მოშურნეობა ართმევს თავს, ვისაც, მეფსალმუნის სიტყვისამებრ, ღმერთის მადლმა სირთულეებზე თვალები დაუხუჭა, ხოლო გული ისე დაუთრო, რომ ყრუმუნჯებივით გახდნენ [5][6].

მიუხედავად იმისა, რომ მ. სოფრონი მარხულობდა და ძილს იკლებდა, ამ აღმართ-დაღმართზე, ხან სამჯერ ან მეტჯერ ადი-ჩადიოდა, თანაც 50-კილოიანი ტვირთით (სანოვაგე იქნებოდა ეს თუ სამშენებლო მასალა). ჩვენი მოძღვარი ამ ყველაფერს საღმრთო მოშურნეობას მიაწერდა: „ყველად ჩვენგანს გამოუცდია, თუ რა ძალა აქვს მოშურნეობას. მახსოვს, ახალგაზრდობაში დღეში სამ-ოთხჯერ მიწევდა ზურგზე ორმოცდაათ კილოგრამამდე ტვირთით ათას ორასსაფეხურიან აღმართზე ასვლა. დაღლას კი ვერ ვგრძნობდი. ბუნებრივია ასეთი რამ? შეგიძლიათ ამიხსნათ? მე გეტყვით, რომ არ არის ბუნებრივი. მაგრამ საქმე ის არის, რომ სულიერი წადილი გვქონდა კარგი მორჩილები ვყოფილიყავით და მოძღვრის მორჩილება გაგვეწია. კეთილი განწყობა გვქონდა, ამიტომაც საღმრთო მოშურნეობა გვეხმარებოდა და შრომის სიმძიმეს საერთოდ ვერ ვგრძნობდით “[7].  ამ საღმრთო მოშურნეობას თან მადლისმიერი ნუგეშიც ახლდა. ბერს ხშირად უთქვამს: „უფალო, ასეთ მდგომარეობაში დამტოვე და სხვა არაფერი მინდა-არც სამოთხე და არც არაფერი“. რატომ ფიქრობდა ასე? იმიტომ რომ საღმრთო მადლი მის გულში აშკარად მოქმედებდა. ხოლო რაში მდგომარეობდა ეს მოქმედება? ღმერთის შეგრძნებაში. მადლი მოღვაწის სულში არასდროს რჩება ერთი და იმავე სიმძაფრით. ზოგჯერ მადლი, როგორც მზრუნველი დედა, თავის შეგრძნებას ამცირებს და მაშინ სული წუხს, გლოვობს. მაგრამ სწორედ მაშინ ვიღებთ ჩვენს „სულიერ დიპლომს“, – ამბობდა ბერი. საღმრთო მადლი, რომელსაც გამოცდილებით შევიგრძნობთ, „ატესტატია“. ჩვენს მოძღვარს ღმერთის მადლის შეგრძნება ჰქონდა. ამბობდა: „რამდენჯერ მითქვამს: „უფალო, დამტოვე ისე, როგორც ახლა ვარ“. იცით რას ნიშნავს, რომ ადამიანი ქრისტეს სახელს წარმოთქვამს და მასში ყოველივე შეიძვრის?! აქ შეიძლება შეყვარებულების მაგალითი გავიხსენოთ“ [8].

ბერი თავისი ერთი თავგადასავლის შესახებ გვიამბობდა, რომელიც სამოქალაქო ომის დროს შეემთხვა. დაფნიდან ერთი ამანათი უნდა წამოეღო. „მაშინ მოჯანყეები ათონზე შემოდიოდნენ: კარიესში, ქსიროპოტამში, დაფნიში. მთელი ღამე მთაში ერთ ძველ საღორეში ვიმალებოდით. ზამთარი იდგა. განძრევისაც კი გვეშინოდა, რადგან მოჯანყეენს ქვემოდან შეიძლება დავეცხრილეთ. ასეთი დღეებიც გამოვიარეთ კაცთა შორის მშვიდობა დაიკარგა “[9].

ბერი ხშირად იმ დევნის შესახებაც საუბრობდა, რომელიც მომავალში დიდი ომიანობის ან მართმადიდებულური რწმენის ერთგულების გამო შეიძლება მოხდეს. გვირჩევდა, მშვიდობიანობის დროს საღმრთო მადლი მოგვეხვეჭა, რათა „შავი დღისთვის“ სულიერი დანაზოგები, სულიერი რეზერვი გვქონდა. „ყურადღებით იყავით! რთული დრო დადგება, სულიერად უნდა წარვემატოთ, არ ვიცით, გვექნება თუ არა კიდევ მშვიდობა. მე არეულობის დროშიც მიცხოვრია და ვიცი, თუ რას ნიშნავს ომი. აჯანყება იყო და არ ვიცოდით, დილა თუ გაგვითენდებოდა. საღამოს დილის გათენებას ველოდით, ხოლო დილით არ ვიცოდით საღამომდე თუ ვიცოცხლებდით “[10].

მონაზვნად აღკვეცა

წმინდა ანას მცირე სკიტის გამოქვაბულებში მამა სოფრონმა თავის მოძღვარს საქმით უჩვენა, რომ მისი ნამდვილი მოწაფე იყო: ჰქონდა თავგანწირვა, მორჩილება, სიყვარული, უბიწოება და ლოცვის განწყობა, სიმდაბლე და შემუსვრილი გული. მონაზვნურად უკვე დიდი ხანია ცხოვრობდა და ამიტომ მზად იყო მონაზვნად აღკვეცილიყო, ანუ დიდი და ანგელოზებრივი სქემა შეემოსა. დიდ ბერს ერთ წელიწადზე მეტი არ დასჭირვებია, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო. 1948 წლის ლაზარეს შაბათს მოხდა მისი აღკვეცა.

წმინდა იოსებს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, მ. სოფრონისთვის თავისი სახელი მიეცა, მაგრამ საძმოს სხვა წევრების მხრიდან სამართლიან წინააღმდეგობას წააწყდა: არ იქნება სწორი, რომ შენი სახელი დაარქვაო. მდაბალმა ბერმა უკან დაიხია და იმისთვის, რომ სიყვარული და მშვიდობა შეენარჩუნებინა, შესთავაზა კენჭი ეყარათ. დანარჩენი ორი ვარიანტი ,,გიორგი’’ ან ,,ლაზარე’’ იყო. წილისყრით სახელი იოსები შეირჩა. ამგვარად, მამა სოფრონმა, განსაკუთრებული პატივისა და ღმერთის წყალობის ნიშნად, თავისი მოძღვრის სახელი მიიღო.

აღკვეცის შემდეგ ნეტარმა ბერმა თავის დისშვილს – მონაზონ ბრიენას – წერილი მისწერა:

,,მთაწმინდა. 1948 წლის 10 ივნისი.

ჩემო საყვარელო შვილო, ჩემი სულის ნაწილო, ჩემო კეთილო და საუკეთესო ბრიენა, მთელ შენს წმინდა საკრებულოსთან ერთად! გისურვებთ, რომ ყველანი კარგად იყოთ. რამდენიმე დღის წინ 23 მაისის შენი წერილი მივიღე, მაგრამ რადგან ახლა ღამე უფრო მოკლეა, მხოლოდ დღეს შევძელი პასუხის გაცემა…

ჩვენი ახალბედა მონაზონი და ქრისტესმიერი ძმა – ლაზარეს შაბათს აღიკვეცა. მივიღეთ თუ არა სქემები, მაშინვე აღვკვეცეთ. რომ იცოდეთ… დავარქვით იოსები. მადლით სავსე და მორჩილების მუშაკი მონაზონია. ლოცულობს თქვენთვის, როგორც ამას მთხოვ ხოლმე’’.

ჩვენი მოძღვარი ზედმიწევნით ცდილობდა, თავისი სულიერი მამისთვის მიებაძა. ამიტომაც სამღვდელო ხარისხზე უარი თქვა: სურდა მასავით უბრალო მონაზვნად დარჩენილიყო. არაერთხელ შესთავაზეს მღვდლობა, დასაწყისშიც, საძმოს საჭიროებისთვის და მოგვიანებითაც, მაგრამ უარი თქვა. მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიმ წერილობით შესთავაზა მღვდლობა და კუტლუმუშის მონასტრის  წინამძღვრობა. მოგვიანებით, პაფოსის მიტროპოლიტმა, კვიპროსის აწინდელმა მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომე მეორემ, არაერთხელ სთხოვა მღდვლობა მიეღო: ,, თუ მღვდელი არ გახდები, უბრალო მონაზონი საქმეს ვერ გააკეთებ’’. ბერმა მიუგო: ,,ყოვლადუსამღვდელოო, კიდევ თუ დამაძალებთ ხელდასხმა მივიღო, ჩემს ნივთებს ჩავალაგებ და წავალ. ძალიან გთხოვთ გამიგოთ, რომ არ მინდა სამღვდელო პირი გავხდე. როცა ჩემი მოძღვარი ცოცხალი იყო, მაშინ არ გავხდი, ახლა გავხდები?!’’. მართლაც, თავის დროზე დიდმა ბერმა მღვდლობა შესთავაზა, მაგრამ უმცროსმა მ. იოსებმა მიუღო: ,,მამაო, მინდა შენ მოგბაძო. მინდა ისე ვიცხოვრო, როგორც შენ ცხოვრობ; როგორც შენი სახელი მერგო, ასევე შენსავით მინდა ცხოვრება გავიარო’’. სწამდა, რომ მისი ცხოვრება მოძღვრისნაირი იქნებოდა. მღვდლობაზე უარს სიმდაბლის გამო ამბობდა. თანხმობის შემთხვევაში კი, როგორც ამას შემდეგში დავინახავთ, შეეძლო ათონის ორი მონასტრის წინამძღვარი გამხდარიყო.

მამა ხარლამპი
(1910-2001)

1950 წლის 7 ივლისს საძმოს ხარლამპი შეუერთდა, მომავალში ათონის წმინდა დიონისეს მონასტრის წინამძღვარი, მ. არსენის ძმისშვილიცა და ნათლულიც. მის შესახებ მამა ეფრემ არიზონელი ასე წერს: ,,ბუნებით უბრალო კაცი იყო. თავისი უზაკველი მორჩილების წყალობით, ღმერთმა განსაკუთრებული მადლი მისცა. წმინდა იოსებს ძალიან უყვარდა მ. ხარლამპი, მისი უბრალოების, უბოროტებისა და უზაკველი სულის გამო. ბერმა მას გონიერი ლოცვისა და საკუთარი თავის იძულების ნიჭები გადასცა. ამიტომაც მე, სულიერი ცხოვრებითა და ასაკით უმცროსი, როდესაც მის საოცარ წინსვლას ვადევნებდი თვალს, აღტაცებული ვრჩებოდი. ძალიან მიყვარდა იგი ამ სულიერი წინსვლის გამო. მისი სახე მადლით ბრწყინავდა’’.

Image 1
მამა ხარლამპი

იმ დროისთვის, როდესაც ხარლამპი მოვიდა, ჩვენს მოძღვარს სულიერი მოღვაწეობის თოთხმეტწლიანი გამოცდილება ჰქონდა. მისი ყოველმხრივი ყურადღება და სიფრთხილე, გარჩევის უნარი და სულიერი ბრძოლის გამოცდილება მალევე შეამჩნია მაშინ ჯერ კიდევ ახალბედა ხარლამპიმ. მოგვიანებით ეს უკანასკნელი წერდა: ,,თხილის მოსავლის დროს მოძღვარი მ. ათანასესა და მ. იოსებს კარაკალუს მონასტერში გზავნიდა ხოლმე, რათა საძმოს შესანახი სახსრები მოეპოვებინათ. ერთხელ, ჩემდა გასაოცრად, ბერი მომიბრუნდა და მეუბნება: ,,წადი ჩვენს ძმებთან, რომლებიც თხილს აგროვებენ’’. მეორე დღეს მეც კარაკალუში აღმოვჩნდი. ცხოვრებაში პირველად დავკრიფე თხილი, თუმცა ეს საქმე ძალიან სასიამოვნოდ მომეჩვენა: ნაყოფს მექანიკურად აგროვებ, ხოლო გონება თავისუფალია და შეგიძლია განუწყვეტლად ილოცო. მაგრამ სადაც ბევრი ხალხი იკრიბება სამუშაოდ, როგორც მოგეხსენებათ, იქ საუბრები გაჩაღდება ხოლმე: ჭორაობა, ხუმრობა და ა.შ., რათა დღემ ვითომ უფრო ადვილად ჩაიაროს. მათ, ვინც ლოცვა არ იცის, მიაჩნიათ, რომ რაც მეტს ილაპარაკებ და გაიცინებ, მით უკეთესად გაატარებ დღეს. ხოლო როდესაც კაცი განუწყვეტელ ლოცვას სწავლობს, მაშინ არა მარტო წუხდება, არამედ უნებლიედ ან განკითხვაში ვარდება, ან ამპარტავნებაში, რადგან ფიქრობს, რომ სხვებზე უკეთეს და სწორ რამეს აკეთებს. მოსალოდნელი იყო, რომ ასეთი რამ მეც შემმთხვეოდა, რადგან ახალბედა მონაზონი ვიყავი, მაგრამ ჩემმა ძმამ – იოსებმა – დროულად მომისწრო და მითხრა: ,,წამოდი, ნამდვილ ბერს გიჩვენებ’’. ერთ მონაზონს მივუახლოვდით, რომელიც ერთდროულად მუშაობდა და განუწყვეტლად ლოცულობდა. არავის ელაპარაკებოდა. მივხვდი, რომ სულიერი წინსვლის მქონე მონაზონი იყო. მისი სახელი ვიკითხე. მ. იოსებმა მიპასუხა: ,, ეს კვიპროსელი მამა ექვთიმეა, კერასიაზე ერთი მკაცრი ბერის მორჩილი’’. ვკითხე ,, ხომ არ მივიდეთ და ვთხოვოთ, რომ სულის სასარგებლო რაიმე გვითხრას? ‘’ მან კი მომიგო: ,,არავის ელაპარაკება, მაგრამ თუ გინდა, სცადე’’.

მივუახლოვდი, მივესალმე. ჟესტით მიპასუხა და საქმეს მიუბრუნდა. ,,მამაო, გთხოვ, როგორც ახალბედას რამე სასარგებლო მითხარი’’. პასუხი არ გამცა. მეორედ, მესამედ, მეოთხედ ვთხოვე და ბოლოს მოდრკა და მიპასუხა: ,, გინდა ლოცვა იპოვო? გინდა ქრისტე იპოვო? აქ მუშაობის დროს იპოვი ლოცვას. ხომ გესმის, რომ ამაოდ მეტყველებენ, ხუმრობენ, იცინიან? აქ სიფრთხილეა საჭირო: არც მათ მიჰბაძო, მაგრამ არც ის თქვა გულში, ეს რა ხალხიაო და არ განიკითხო. ისე ჩუმად იყავი, თითქოს მარტო იყო და იესოს ლოცვაც განუწყვეტლად იმეორე. ნახავ, რა ლოცვას შეიძენ ამ მთებში ასეთი დამღლელი სამუშაოს შესრულებისას’’.

ის, თუ რამდენად სძლია შურის ვნებას ჩვენმა მოძღვარმა, იქიდანაც ჩანს, რომ ყოველთვის სურდა, მისი სულიერი ძმები მასზე მეტად წარმოჩენილიყვნენ. ხარლამპი შეუერთდა თუ არა საძმოს, მომდევნო წელს მისი მღვდლად კურთხევა გადაწყდა. მაგრამ საქმე ის იყო, რომ ერში იგი ძველმესტილეების მხარეს იჭერდა და საეჭვო იყო, თუ დათანხმდებოდა ოფიციალური ეკლესიის მღვდელმთავრისგან ხელდასხმას. მაშინ ჩვენი მოძღვარი მ. ხარლამპის გამოელაპარაკა და დარწმუნდა, რომ მას სწორი შეხედულებები ჰქონდა, რაც უმალვე დიდ ბერს ამცნო. ამგვარად, 1952 წელს მ. ხარლამპი მღვდელი გახდა, ხოლო მ. ეფრემი დიაკვანი.

ჩვენი მოძღვარი ხშირად იხსენებდა, თუ რამდენად დიდი სიყვარული ჰქონდათ ერთმანეთში სულიერ ძმებს. ის და მამა ხარლამპი ყველაზე ჯანმრთელები იყვნენ და ამიტომ ფიზიკურ სამუშაოებზე უმეტესად ისინი დადიოდნენ. ბერი ყვებოდა: ,, სეფისკვერის ბეჭდების დასამზადებლად ხის მასალა გვჭირდებოდა. მოვიკიდებდით დორვას(მხარზე გადასაკიდებელი მონაზვნური ჩანთა) და ტყეში ხის საჭრელად მივდიოდით. დაჭრილ-გამზადებულ მასალას დორვაში ვიდებდით და უკან ვბრუნდებოდით. როდესაც ბეჭდებს დავამზადებდით, კარიესში მიგვქონდა გასაყიდად. ისეთი სიყვარული გვქონდა ერთმანეთის მიმართ, რომ მზად ვიყავით ერთმანეთისთვის თავი დაგვედო. თითოეული ჩვენგანი ცდილობდა, მძიმე სამუშაო თვითონ გაეკეთებინა, რათა სხვა არ დაღლილიყო: უფრო მძიმე ტვირთი აეწია, საქმის გაკეთება მოესწრო და სხვა დაესვენებინა და ა.შ ასეთი შინაგანი განწყობა ორივეს ბუნებრივად გვქონდა. არასდროს შევთანხმებულვართ ასე მოვქცეულიყავით. ესაა იმ ქრისტესმიერი სიყვარულის გამომჟღავნება, რომელსაც მუდამ საკუთარი თავის სხვისთვის მსხვერპლად გაღება სურს’’.


[1] წანდილი, კოლიო (ბერძ.Κολλυβα)საბერძნეთში ამზადებენ მოხარშული ხორბლის, წვრილად დაჭრილი თხილისა და/ან კაკლის, შაქრისა და ქიშმიშისგან (ჩვენგან განსახვავებით, მშრალად).

[2] საქართველოში წმინდანის სახელზე წანდილი იკურთხება წელიწადში მხოლოდ ერთხელ, დიდმარხვის პირველ შაბათს, დიდმოწამე თეოდორე ტირონის სასწაულის ხსენების დღეს.

[3] წირვის აღმსრულებელი.

[4] ფს. 93,19.

[5] იხ. ფს. 37,14.

[6] წიგნიდან „ბერი იოსებ ისიქასტი“ (ბერძნული გამოცემა).

[7] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1984 წ.

[8] იქვე.

[9] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა-სკიტი, 1985 წ.

[10] იქვე.

წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: ნათლისმცემლის ეკვდერი წმინდა ანას მცირე სკიტში, ათონის მთა; გადმოწერილია საიტიდან https://afon-ellada.ru

Share