1.

იღუმენი ხარლამპე ათონელი – თვითნებობა და ლოცვა დღე და ღამესავით განსხვავდებიან

– წმინდაო მამაო, სწორედ ლოცვასთან დაკავშირებული საკითხის გამო იძულებული გავხდი, ორი სულიერი მამა შემეცვალა. მათ არათუ დახმარება ვერ შეძლეს, დამაბნიეს კიდეც. ვეუბნებოდი, გონიერი ლოცვის შესწავლა მწყურია-მეთქი. ისინი მპასუხობდნენ: “ეს საჩვენო საქმე არ არის, შვილო, ასეთ ლოცვას მხოლოდ წმინდანები აღწევდნენ, მათი მიბაძვის მსურველნი კი ხიბლში ჩავარდნენ. იცი “მრწამსი”? იცი “მამაო ჩვენო”? ეს საკმარისია. თუ მეტი გინდა, ძილის წინ “ჟამნი” ან სხვა რამ წაიკითხე…” ბოლოს, ერთმა მოძღვარმა მითხრა: “შვილო, მეც ბევრი რამ წავიკითხე გონიერ ლოცვაზე, თვითონაც ვცადე ლოცვა, მაგრამ არ გამომივიდა. თუმცა გულწრფელი რომ ვიყო, ვიტყვი, მე სხვებისთვის ამის სწავლების ნიჭი არ მაქვს. რა თქმა უნდა, ლოცვას ვერ დაგიშლი, რადგან თვითონ ეს საქციელი იქნებოდა ყველაზე დიდი ხიბლი. მაგრამ თუ გსურს წარემატო მოუკლებელი ლოცვის კურთხეულ საქმიანობაში, რომლის მუშაკნი, სულმცირე, ათონის მთაზე არიან, მათ შეგიძლია მიმართო და ხელმძღვანელობა სთხოვო”. მთაწმინდის მონახულების ღირსი პირველად შევიქენი. ერთმა მონაზონმა მირჩია, თქვენთვის მომემართა. გთხოვთ დამეხმაროთ.

– შვილო, მეც გულგატეხილი ვარ ზოგიერთი მოძღვრის გამო. დაე, კეთილით მიაგოს ღმერთმა შენს ბოლო მოძღვარს. თუმცა თვითონ არ იცის, როგორ ისწავლოს ლოცვა, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მათ, ვინც ლოცვისკენ ისწრაფვის. სწორად გითხრა. ხიბლში ის კი არ არის, ვინც იესუს ლოცვას ასრულებს, არამედ ის, ვინც მას არ ლოცულობს. უარესია, თუ ის იესუს ლოცვის წარმოთქმას სხვებსაც უშლის.

რა თქმა უნდა, არის ცალკეული მაგალითები… მე თვითონაც ვიცი შემთხვევა, როცა ხალხი იწყებდა იესუს ლოცვის წარმოთქმას და ხიბლში ვარდებოდა. ასე რატომ ხდებოდა? იმიტომ, რომ მათ ხელმძღვანელი არ ჰყავთ. ვინც ფიქრობს, რომ დამრიგებელი არ სჭირდება, ხიბლშია. ეს ეგოიზმია. ეგოიზმი და გონიერი ლოცვა ურთიერთსაწინააღმდეგოა.
ასეთი მოხიბლულები მთაწმინდაზეც გვყვანან. ზოგიერთი მათგანი ჩემთან იმისთვის კი არ მოდის, აღსარება მითხრას ან რჩევა მკითხოს, არამედ იმისთვის, რათა დამიმტკიცოს, რომ “ღმერთშემოსილია”. ამასწინათ ერთი ასეთი მეუბნებოდა: “მე, ძმაო, გონების მიერი ლოცვა მოვიპოვეო”. “შვილო, – ვუთხარი, – ეს სასიხარულოა. რომელი მოძღვარი გამოგკვებავთ სულიერად?” განრისხდა და კამათი დამიწყო: “მე მოძღვარი რად მინდა? თვითონ შემიძლია, თქვენვე დაგმოძღვროთ. მე თვითონ ქრისტესა და ღვთისმშობელთან მაქვს ურთიერთობა… ვჭვრეტ ნათელს, წმინდანებსო” და ასე შემდეგ. მაგრამ როგორცკი ვუთხარი, ეს დემონებისგანაა-მეთქი, იფეთქა და განრისხებული გამშორდა.

აი, შვილო, სწორედ ეს არის ხიბლი. მე სხვებიც ვიცი: თავიდან, ლოცვის სწავლების სურვილით, რჩევას მცოდნე მონაზვნებს ეკითხებოდნენ, მაგრამ თვითნებობის გამო ლოცვაარ მისდიოდათ. თვითნებობა და ლოცვა დღე და ღამესავით განსხვავდებიან. თვითნებობა ეგოიზმს აღნიშნავს. შედეგად კი, ლოცვაში წარმატების ნაცვლად, სრული ფიასკო დაატყდებათ თავს. მათ სასო წარიკვეთეს, იესუს ლოცვას თავი ანებეს. მაგრამ ყველაზე საშინელი ისაა, რომ მოწინააღმდეგენი შეიქნენ გონიერი ლოცვისა. როგორც კი დაინახავენ, რომ რომელიმე მონაზონი სკვნილს მარცვლავს, შეპყრობილებს ემსგავსებიან, გამძვინვარებულნი ეცემიან, ხელიდან სკვნილს გამოსტაცებენ და უყვირიან, ხიბლში ხარო. ჩემთან მოდიოდნენ ასეთ სიტუაციაში ჩავარდნილი მონაზვნები და მიყვებოდნენ თავსგადახდენილს. ახლა თუ მიხვდი, რომ ეშმაკს შეუძლია ყველაფერი უკუღმა შემოგვიბრუნოს? მოხიბლულნი დაჰყვირიან იმათ, ვინც ლოცულობს და მოხიბლულს ეძახიან.

ამონარიდში გამოყენებული ილუსტრაციები შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

X