John Ladder 008618 15404.1452718473.500.659

წმინდა იოანე სინელი – რამდენადაც წმინდაა სინდისი, იმდენად ძლიერ გვამხელს

სიკვდილის ხსოვნა და ქრისტეს ვნებებზე ფიქრი სიწმინდის მიღწევაში გვეხმარება.
მუდმივი ლოცვა მოწყენილობას დევნის, ხოლო სასჯელზე ფიქრს გულმოდგინება მოაქვს.

ბრმა მოისარი ვერ დაოსტატდება, ხოლო კამათის მოყვარული მოწაფე წარწყმდება.

როგორც სკორეში დამალული კვერცხიდან იბადება მართვე, ისე გაუმჟღავნებელი ზრახვები საქმედ გადაიზრდება.
როგორც მზეს ფარავს ღრუბლები, ისე გონებას აბნელებს ბოროტი ზრახვები.

როგორც შეუძლებელია ადამიანის არსებობა საზრდელის გარეშე, ისე სიციცხლის ბოლომდე დაუშვებელია სიზარმაცესთან ერთი წამითაც კი შეგუება.

ვისაც მართალი სარწმუნოება არ აქვს და ღვაწლს შესდგომია, იმ კაცს ჰგავს, რომელიც წყალს იღებს და გახვრეტილ ჭურჭელში ასხამს.
როგორც კარგი მესაჭის ხელში ხომალდი მშვიდობით შედის ნავსადგურში, ისე, მიუხედავად ცოდვათა სიმრავლისა, კარგი მწყემსის ხელში ღვთის შეწევნით სული მშვიდობით აღვალს ზეცად, თუ მორჩილებას გამოიჩენს.
გონიერების მიუხედავად, როგორც ადვილად დაიბნევა უწინამძღვროდ უცნობ გზაზე მავალი ადამიანი, ისე ადვილად წარწყმდება თავის ნებაზე მავალი მონაზონი, თუნდაც რომ მთელი მსოფლიო სიბრძნეს ფლობდეს.

სიბრძნე სულს ბუნებრივად აქვს მიმადლებული. ცოდვა ამ სიბრძნეს ანადგურებს.
როცა ბოროტებას აცნობიერებენ, მას თავს ანებებენ. ამგვარ ცნობიერებას კი კეთილისა და ბოროტის მცნობელი სინდისი შობს.
სინდისი ბოროტების მამხილებლად მოგვეცა ღვთისგან. ის ჩვენი მცველია და ნათლისღების შემდგომ უფრო ძლიერდება. რამდენადაც წმინდაა სინდისი, იმდენად ძლიერ გვამხელს, და რამდენადაც ითრგუნება, იმდენად უძლურდება. მოუნათლავებს ბოროტებაში ამიტომ ძლიერად ვერ ამხელს, არამედ მსუბუქად. რომელი მონათლულიც მას მოუსმენს, ბოროტებას დაეხსნება. ბოროტებისგან დაცხრომა მისდამის სიძულვილს შობს, ხოლო ბოროტების სიძულვილი სინანულის დასაწყისია. სინანულის დასაწყისი ცხონების დასაბამია, რაც გონების განმწმენდელია. განწმენდილი გონება მოღვაწეობის მშობელია, მოღვაწეობა სათნოებათა დასაბამია, სათნოებათა დასაბამი სულიერი ყვავილია, ყვავილობის დასაწყისი საქმეა, საქმის ნაყოფი არის მუდმივობა, რისგანაც იშვება ჩვევა. ჩვევა მიზეზია თავის ყვედრებისა, რითაც ღვთის შიში იშვება. შიში მცნებათა დაცვის მიზეზია, მცნებათა დაცვა კი სიყვარულის გამოხატულებაა. სიყვარულის დასაწყისი თავმდაბლობის მატებაა, თავმდაბლობის სიმრავლე უვნებობის დედაა, უვნებობის მოპოვება კი სრულყოფილი სიყვარულია. სრულყოფილი სიყვარული უვნებობის მიერ ღვთის დამკვიდრებაა წმიდათა გულებში, „რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მათე 5; 8), რომლისა არს დიდება და სიმტკიცე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ