მენელსაცხებლე დედების სიყვარული და გმირული სული – წმინდა ნიკოლოზ სერბი

მშვენიერებაა ადამიანთა შორის სიყვარული. მას ვერც მზის ბრწყინვალება შეედრება. მშვენიერებაა ცოცხალი ადამიანის სიყვარული გარდაცვლილისადმი. ტბაზე არეკლილი მთვარის მყუდრო ნათებაც ვერ სჭარბობს მას მშვენიერებით.

კეთილშობილია ადამიანი, თუკი ის ცოცხლებზე ზრუნავს. ხოლო კეთილშობილზე აღმატებულია ის, ვინც გარდაცვლილებზე ზრუნავს.

ხშირად ადამიანს ეგოიზმი ამოძრავებს, როცა ცოცხლებს ემსახურება. მაგრამ სად არის ეგოიზმი გარდაცვლილებზე ზრუნვაში? განა ისინი გადაუხდიან ან მადლობას ეტყვიან?

როცა ადამიანი ახლობელს კრძალავს, მასთან ერთად საკუთარი თავის მოკვდინებულ ნაწილსაც მარხავს. სახლში ბრუნდება და სულში გარდაცვლილი ახლობლის ნაწილს ატარებს.

როცა ჩვენი უფალი და ღმერთი მოკვდა როგორც ადამიანი, ვინ იზრუნა მასზე, როგორც მკვდარზე? ვინ მივიდა მის საფლავზე? ვინ გამოავლინა სიყვარული მის მიმართ? – ქალებმა. მენელსაცხებლე დედებმა, რომელთა სულებიც ქრისტეს სიყვარულის მირონით იყო ცხებული. მათი სულები ცოცხალი რწმენისა და სიყვარულის კეთილსურნელებით იყო აღსავსე.
,,მოვიდა იოსებ არიმათიელი, შუენიერი მზრახველი, რომელი-იგიცა მოელოდა სასუფეველსა ღმრთისასა, იკადრა და შევიდა პილატესა და მოითხოვა გუამი იესუჲსი’’. იოსებს ოთხივე მახარებელი ახსენებს. იოანე უწოდებს მას: ,,მოწაფე იესუჲსი ფარულად, შიშისათჳს ჰურიათაჲსა’’(ინ.19:38); ლუკა – ,,კაცის სახიერი და მართალი’’(ლკ.23:50); მათე – ,,კაცი მდიდარი’’(მთ.27:57).

იოსები ღმრთის მოშიში ადამიანი იყო და ჰქონდა მოლოდინი სასუფევლისა. გარდა შინაგანი სათნოებებისა, მას დიდი სიმდიდრე და მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობა გამოარჩევდა. მარკოზის და ლუკას მიხედვით ის სინედრიონის წევრი უნდა ყოფილიყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნიკოდიმოსის მსგავსად, ის ერთ-ერთი უხუცესთაგანი და ქრისტეს ფარული მოწაფე უნდა ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს სწავლების ფარული მიმდევარნი იყვნენ, ისინი მზად იყვნენ, ქრისტესთვის საფრთხეში ჩაეგდოთ თავი. ერთხელ ნიკოდიმოსმა პირდაპირაც უთხრა გაბოროტებულ იუდეველებს: ,,ნუუკუე სჯული ჩუენი დასჯის კაცსა, უკუეთუ არა პირველად ისმინოს მისგან და ცნას, რასა იქმს?’’(ინ.7:51). კიდევ უფრო დიდ საფრთხეში ჩაიგდო თავი იოსებმა, როცა მან თავის მოკვდინებულ მასწავლებელზე ზრუნვა გადაწყვიტა, თანაც მაშინ, როცა სხვა მოწაფეები გაიფანტნენ, იუდეველმა მგლებმა მწყემსი დასცეს და ნებისმიერ წამს შეეძლოთ ცხვრების გაგლეჯა. მახარებელიც ხაზგასმით ამბობს, რომ იოსების საქმე სახიფათო იყო: ,,იკადრა და შევიდა პილატესა’’. ეს იმას ნიშნავს, რომ მას რაღაც სიმამაცეზე აღმატებული უნდა გამოევლინა, რათა კეისრის წარმომადგენელთან შესულიყო და სიკვდილმისჯილის გვამი გამოეთხოვა. მაგრამ იოსებმა, სულგრძელება გამოავლინა, განაგდო ყოველგვარი შიში და საკუთარი თავი ქრისტეს მოწაფედ წარმოაჩინა.

,,ხოლო პილატეს დაუკჳრდა, უკუეთუ აწვე მოკუდა, და მოუწოდა ასისთავსა მას და ჰკითხა, უკუეთუ ადრევე მოკუდა’’. მიიღო რა ასისთავისგან პასუხი, პილატემ აღასრულა იოსების თხოვნა.

შემდეგ ვკითხულობთ: ,,მან იყიდა არდაგი და გარდამოჰჴსნა იგი ჯუარისა მისგან და წარგრაგნა იგი არდაგითა მით და დადვა იგი საფლავსა, რომელი იყო გამოკუეთილ კლდისაგან, და მიაგორვა ლოდი კარსა ზედა მის საფლავისასა’’. მეორე მახარებელი ამბობს, რომ ეს თავად იოსების საფლავი იყო – ,,დადვა იგი ახალსა მისსა საფლავსა’’(მათ.27:60), იოანე ამბობს: ,,საფლავი ახალი, რომელსა არავინ დადებულ იყო’’(ინ.19:41). ამით აღსრულდა ესაიას წინასწარმეტყველება: ,,მიეცა სამარხი ბოროტეულთა გვერდით და მდიდართან ერთად თავის სიკვდილში’’(ის.53:9). როგორ გავიგოთ ეს? – როცა ჯვარს ვაცვამთ ამასოფლისთვის ჩვენს გონებას და მას განახლებულ გულში დავფლავთ, როგორც ერთგვარ ახალ საფლავში, ჩვენი გონება გაცოცხლდება და ჩვენს შინაგან ადამიანს მკვდრეთით აღადგენს.

რა საჭირო იყო, რომ ეს ახალი საფლავი უმძიმესი ლოდით ყოფილიყო დაბეჭდული და ამავდროულად მცველებიც იქ ყოფილიყვნენ? ეს ყველაფერი ღმრთის განგებულებით მოხდა, რათა დაედუმებინა ყოველი ურწმუნო, რომლებიც ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ თითქოს ქრისტე ან არ მომკვდარა, ან არ აღმდგარა ან სულაც მისი სხეული მოიპარეს. იოსებს რომ არ გამოეთხოვა ქრისტეს სხეული, მისი სიკვდილი ასისთავის მიერ ოფიციალურად რომ არ დადასტურებულიყო და მისი მეგობრებისა და მტრების თანდასწრებით არ დადებულიყო ახალ საფლავში, მაშინ იტყოდნენ, რომ ქრისტე კი არ მომკვდარა, არამედ უბრალოდ გონება დაკარგა. მისი საფლავი უმძიმესი ლოდით რომ არ ყოფილიყო დაბეჭდული და მცველები რომ არ ყოფილიყვნენ, ნამდვილად იტყოდნენ, ქრისტე კი მოკვდა, მაგრამ მისი სხეული მოწაფეებმა მოიპარესო. საფლავი ახალი რომ არ ყოფილიყო იმას იტყოდნენ, ქრისტე კი არა, სხვა გარდაცვლილი აღდგაო. ამრიგად კი, იუდეველთა მხრიდან ჭეშმარიტების დახშობის მცდელობები, ღმრთის განგებულებით, პირიქით, ჭეშმარიტების დამამტკიცებლად იქცა.

,,მოიღო გუამი იგი მისი იოსებ და წარგრაგნა იგი არმენაკსა წმიდასა’’(27:59). თუ გვსურს, რომ ჩვენში ქრისტე აღსდგეს, ჩვენი სხეული წმინდა უნდა იყოს. წმინდა არმენაკი – წმინდა სხეულს განასახიერებს. ამიტომაც, ვნებებითა და გულისთქმებით აღსავსე სხეულში ქრისტე ვერ აღსდგება და ვერ დამკვიდრდება.

იოანე ღმრთისმეტყველი სხვა მახარებლების აღწერას უმატებს: ,,მოვიდა ნიკოდიმოსცა, რომელი-იგი მოსრულ იყო იესუჲსა ღამე პირველ, და მოიღო აღრეული მურისა და ალოჲსაჲ ვითარ ასი ლიტრაჲ. და მოიღეს გუამი იესუჲსი და შეგრაგნეს იგი ტილოებითა სულნელთა მათ თანა, ვითარცა ჩუეულებაჲ არს ჰურიათა დაფლვისაჲ’’(ინ.19:39-40).

ნეტარნი არიან ეს საკვირველი მამები, რომლებმაც სიმამაცე, მზრუნველობა და სიყვარული გამოავლინეს და ქრისტეს ყოვლადწმინდა სხეული საფლავში დადეს! როგორი საკვირველი მაგალითია ყველასთვის, ვისაც ქრისტე უყვარს! როგორი საზარელი მხილებაა იმ მღვდლებისა და ერის ადამიანებისთვის, რომლებიც გულგრილად და უსიყვარულოდ მიეახლებიან წმინდა ბარძიმს, რათა ქრისტეს ცხოველსმყოფელი სისხლი და ხორცი მიიღონ!

თუმცა, მხოლოდ იოსები და ნიკოდიმოსი არ იყვნენ, ვისაც შეეძლოთ პირადად დაედასტურებინათ ქრისტეს სიკვდილი და საფლავად დადება. მათი მზრუნველობა სიყვარულის გამოვლინება იყო. იქ კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ყურადღებით აკვირდებოდნენ იოსებისა და ნიკოდიმოსის მიერ აღსრულებულ საქმეს. ესენი იყვნენ მარიამ მაგდალინელი და მარიამ იოსებისი, ორი მენელსაცხებლე!

მარიამ მაგდალინელი და მარიამ იოსებისი უყურებდნენ, თუ სად დადეს ქრისტეს სხეული. როცა შაბათი მიილია, ნელსაცხებელი იყიდეს, რათა თავიანთი მასწავლებლის ნატანჯ სხეულზე ეცხოთ. ისინი ხედავდნენ, თუ როგორ გარდამოხსნეს ჯვრიდან ქრისტეს სხეული და რაც ყველაზე მთავარია, ხედავდნენ თუ სად დაასვენეს იგი. ო, როგორ უნდოდათ, რომ მიერბინათ და იოსებსა და ნიკოდიმოსს დახმარებოდნენ: განებანათ მისი სისხლიანი სხეული, გაესწორებინათ მისი ხელები და წმინდა არმენაკში წარეგრაგნათ! თუმცა, ჩვეულების მიხედვით, ქალებს არ ჰქონდათ უფლება, რომ მამაკაცებთან ერთად მსგავსი საქმე აღესრულებინათ. ისინი მოგვიანებით მივიდნენ კიდევ ერთი მენელსაცხებლის თანხლებით. ქრისტეს სულმა დაამეგობრა ისინი.

ვინ იყვნენ ისინი? მარიამ მაგდალინელი უკვე ცნობილია. ეს ის მარიამია, რომლიდანაც ქრიტემ შვიდი დემონი განდევნა. წმინდა მამათა განმარტებით, მარიამ იოსებისი და მარიამ იაკობიი ერთი და იგივე პიროვნებაა. სალომეა – ზებედეს ცოლი და იაკობ და იოანე მოცოქულების დედაა. რამხელა განსხვავებაა ამ დედებსა და ევას შორის! მათ ისეთი სიყვარული ჰქონდათ, რომ მკვდარი უფლისადმიც ავლენენ მორჩილებას. ისინი გოლგოთაზეც კი მორჩილნი არიან, ამ ბოროტების, სისხლის და დანაშაულის ადგილზე, მაშინ, როცა ევა სამოთხეშიც კი ურჩი იყო!

კვირის პირველ დღეს, მზის ამოსვლისთანავე მიდიან ქრისტეს საფლავზე. ყველა მახარებელი ერთხმად ამბობს, რომ ეს პირველი დღე იყო კვირა. საკმაოდ მკაფიოდ ამბობს მათე მახარებელი: ,,ხოლო მწუხრი შაბათთასა, რომელი განთენდებოდა ერთშაბათად, მოვიდა მარიამ მაგდალინელი და სხუაჲ იგი მარიამ ხილვად საფლავისა მის’’.(მთ.28:1)
თითქოს, ერთი შეხედვით მარკოზი განსხვავებულად ამბობს: ,,და ნიად განთიადსა მას ერთშაბათისასა მოვიდეს საფლავსა მას ზედა მერმეცა აღმოსლვასა ოდენ მზისასა’’. სავარაუდოდ, ქრისტეს სიყვარულით აღძრული დედები რამდენიმეჯერ მივიდნენ საფლავზე, რადგან ეშინოდათ, რომ როგორმე არ წაებილწათ თავიანთი საყვარელი მოძღვრის სხეული. ნეტარი იერონიმე ამბობს: ,,ისინი მოუთმენლად მიდიოდნენ და მოდიოდნენ და არ სურდათ ქრისტეს საფლავის დიდი ხნით მიტოვება’’. რატომ ეწინააღმდეგება მარკოზი საკუთარ თავს და ამბობს, რომ მზის ამოსვლის შემდეგ მივიდნენ? იქნებ ის ფიზიკურ მზეს კი არ გულისხმობს, არამედ თავად ქრისტეს, რომელიც მალაქია წისწარმეტყველის მიხედვით ,,სიმართლის მზედ’’ იწოდება? მზე სიმართლისა უკვე აღმოსულიყო მიწისქვეშა წყვდიადისგან, როცა მენელსაცხებლე დედები საფლავზე მივიდნენ. პირველი შესაქმისას მზე სიმართლისა ქმნილ მზეზე უწინარეს ანათებდა, ასევე ახლაც, მეორე შესაქმისას, ანუ სამყაროს განახლებისას, ფიზიკურ მზეზე ადრე აღმობრწყინდა საფლავიდან.

ერთმანეთს ეკითხებოდნენ: ,,ვინ გარდაგჳგორვოს ჩუენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა?’’. ქალის სუსტ ხელებს არ აქვთ საკმარისი ძალა, რათა ეს უმძიმესი საფლავის ქვა გადაეგორებინათ. საბრალონი! წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ რისთვისაც საფლავისკენ ასეთი მოშურნეობით მიისწრაფოდნენ, უკვე აღსრულებულიყო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების ჟამს! ბეთანიაში, სიმონ კეთროვნის სახლში, სერობისას ერთმა დედაკაცმა უძვირფასესი მირონი სცხო ქრისტეს. ყოვლისმცოდნე უფალმა მასზე თქვა: ,,დამასხა მაგან ნელსაცხებელი ესე ჴორცთა ჩემთა და დასაფლველად ჩემდა ყო’’(მთ.26:12). მან იცოდა, რომ სიკვდილის შემდეგ, მის სხეულს აღარავინ სცხებდა. უფალმა მათი შრომა აკურთხა და მკვდარი სხეულის ნაცვლად, ცოცხალი ქრისტე დახვდათ.

,,მიჰხედეს და იხილეს, რამეთუ გარდაგორვებულ იყო ლოდი იგი, რომელი იყო დიდ ფრიად. და შე-რაჲ-ვიდეს საფლავსა მას, იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯუენით კერძო, შემოსილი სამოსლითა სპეტაკითა, და განჰკრთეს’’. როცა მოსე თავის ხალხს მიუძღვოდა და მეწამულ ზღვას მიადგა, გაურკვევლობაში მყოფმა იფიქრა, როგორ გაეგრძელებინათ გზა, როცა ის არსად ჩანდა? მან მოუხმო ღმერთს, ზღვა ორად გაიყო და გზაც გამოჩნდა. ასე მოხდა მენელსაცხებლე დედების შემთხვევაშიც. ღრმად დამწუხრებულიყვნენ და დარდობდნენ, თუ ვინ გადააგორებდა ამ ლოდს, და სრულიად მოულოდნელად იხილეს, რომ ის უკვე გადაგორებულიყო და დაუბრკოლებლად შევიდნენ შიგნით. მაგრამ მცველები სადღა არიან? განა ისინი კიდევ უფრო დიდ დაბრკოლებას არ წარმოადგენდნენ? ისინი ან გონებადაკარგულნი იყვნენ, ანდაც შიშისაგან ქალაქში გაფანტულიყვნენ, რათა ყველასთვის ეუწყებინათ ის, რაც იქამდე ჯერ არავის ყურს სმენია. არავინ და არაფერი იყო ხელისშემშლელი! მაგრამ საფლავში ვიღაც იყო… ,,ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი’’(მთ.28:3). ეს იყო ანგელოზი უფლისა. დედებს შეეშინდათ: ,,და ვითარ შეშინებულ იყვნეს იგინი და დაედრიკნეს პირნი მათნი ქუეყანად’’(ლკ.24:5). შემაძრწუნებელი იყო ხილვა არამიწიერი მაუწყებლისა, რომელმაც ყველაზე საკვირველ და სასიხარულო ამბავი მოიტანა.

,,მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა დედათა მათ: ნუ გეშინინ თქუენ; ვიცი, რამეთუ იესუს ნაზარეველსა ჯუარ-ცუმულსა ეძიებთ. არა არს აქა, რამეთუ აღდგა, ვითარცა თქუა. მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა დაიდვა უფალი. და ადრე წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით და აჰა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას. მუნ იხილოთ იგი. აჰა ესერა გარქუ თქუენ’’. ანგელოზმა ჯერ დაამშვიდა დედები, მათგან შიში განდევნა, რათა კიდევ უფრო ამაღლებული უწყების – ქრისტეს აღდგომის მისაღებად განემზადებინა ისინი. თავდაპირველად გაოგნდნენ, როცა ცარიელი საფლავი იხილეს და შემდეგ შეძრწუნდნენ, როცა იქ ვერ იხილე ის, ვისაც ელოდნენ.

შემდეგ, ანგელოზი მათ ავალებს, რომ ეს სასიხარულო ამბავი მოციქულებს და პეტრეს ამცნონ? რატომ ასე: ,,მოწაფეთა მისთა და პეტრეს’’? უეჭველია, რომ პეტრე სხვა მოწაფეებზე მეტად იტანჯებოდა. მას, რა თქმა უნდა, სინდისი ქენჯნიდა იმის გამო, რომ ქრისტე სამჯერ უარყო. ხოლო იოანე მოციქულის ერთგულება კიდევ უფრო აძლიერებდა მასში სინდისის მხილებას, რადგან ეს უკანასკნელი კი არ გაქცეულა, არამედ გოლგოთამდე გაჰყვა ქრისტეს. ერთი სიტყვით, არ შეიძლებოდა პეტრეს თავი მოღალატედ არ ეგრძნო და ალბათ მისთვის მოციქულთა და განსაკუთრებით კი ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის გარემოში ყოფნა საკმაოდ რთულიც იყო. პეტრე ჯერ მხოლოდ სახელით იყო კლდე და არა რწმენით. საჭირო იყო მისი წამოყენება და მოციქულებრივ პატივში დაბრუნება. სწორედ ეს აღასრულა კაცთმოყვარე ქრისტემ და ამიტომ მოიხსენა პეტრე სახელით.

,,აჰა ესერა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას, მუნ იხილოთ იგი, ვითარცა გრქუა თქუენ’’. რატომ გალილეა და არა იერუსალიმი? რადგანაც გალილეა უფრო წარმართული ადგილი იყო და ამით უფალმა ინება, რომ მოციქულთათვის მისიონერული ღვაწლისა და ეკლესიის აღმშენებლობის ასპარეზი ეჩვენებინა. უფალმა ბრძანა: ,,არამედ შემდგომად აღდგომისა ჩემისა წარგიძღუე თქუენ გალილეად’’(მკ.14:28). მან თითქოს უთხრა: მე, როგორც მძლეველი ამასოფლისა, წარმართულ მსოფლიოში წარგგზავნით, თქვენ კი მე მომყევით. სადაც არ უნდა წარგიძღვეთ ჩემი სული საქადაგებლად წადით და მე გაგიკვალავთ გზას’’.

აი, ასე დასრულდა ქრისტეს საფლავზე მათი სტუმრობა. მათ სურდათ ნელსაცხებლით გახრწნისაგან დაეცვათ მისი სხეული, ვინც ზეცას უხრწნელებას ანიჭებს და ვის მიერაც მთელი ზეცა კეთილსურნელებს! ჰოი, უხრწნელო უფალო, ადამიანის ერთადერთო კეთილსურნელებაო, როგორ საკვირველად დააჯილდოვე შენი ერთგული სულები, რომლებმაც არ დაგივიწყეს მაშინაც, როცა შენი მკვდარი სხეული საფლავად დაიდო! მენელსაცხებლები შენი აღდგომისა და დიდების მახარებლებად აქციე! მათ კი არ სცხეს შენს მკვდარ ცხეულს, არამედ შენ სცხე არამიწიერი სიხარულით მათ ცოცხალი სულებს. უნუგეშონი ახალი გაზაფხულის პირველ მერცხლებად იქცნენ. მათი ლოცვით, მკვდრეთი აღდგომილო უფალო გვაცხოვნე და შეგვიწყალე! რათა გადიდებდეთ თანა მამით და ყოვლადწმიდით სულითურთ – სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©