W3A9297

უცნობი ათონელი ისიქასტი – ქრისტეს შესახვედრად წმინდა გულის მომზადებაა საჭირო

უფალი ჩვენი იესუ ქრისტე თავის ღმრთიურსა და წმინდა სახარებაში ამბობს: ”რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან დიოდიან წყლისა ცხოველისანი” (ინ.7:38). ამიტომ, ვისაც სურს, რომ მისი გულიდან, როგორც მიწყივ მომდინარე წყაროს თვალიდან, სულიწმიდის ცოცხალმა წყალმა ამოხეთხოს, დე, იღვაწოს, რათა გონიერი ლოცვა მოიპოვოს გულში, ანუ: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”. დე, ეს ლოცვა წარმოითქვას თითოჯერ ყოველ ჩასუნთქვაზე.

ქრისტეს შესახვედრად თავდაპირველად წმინდა გულის მომზადებაა საჭირო. შემდეგ, როცა გულში ქრისტეს მიიღებს, მაშინ შეძლებს ლოცვას და შეუძლია განმხიარულებული და მოზეიმე გული განუწყვეტლივ ამ ლოცვით დააკავოს, რაზედაც წმინდა მოციქულიც ამბობს: ”უგალობდით და აქებდით გულითა თქვენითა უფალსა” (ეფ: 5:19).

მლოცველმა გარეგანი საგნებით გაბნეული გონება უნდა მოიკრიბოს. თავი მკერდზე მოიდრიკოს და შეეცადოს მკერდის შუაგულში იპოვოს ადგილი. იქ, შიგნით, როგორც მოურულებელ დარაჯსა და ზედამხედველს მოუხმობს და შეაჩერებს ყურადღებას, შემდეგ კი მცირე ძალდატანებით და გულის შემუსვრილებით იწყებს ლოცვას, არ ამოძრავებს ხორხსა და ენას, არამედ ლოცულობს გულის სიღრმიდან, ვითარცა ფსალმუნშია თქმული: ”ღრმითამო ღაღად-ვჰყავ შენდამი უფალო, უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი” (ფს.129:1).

გარდა ამისა, დე მლოცველის გონებამ სავსებით არ დატოვოს ის ადგილი მკერდთან, სადაც ლოცულობს. როდესაც ამგვარად მრავალგზის ილოცებს, მაშინ შემუსვრილებით ლოცვა თავად ”გაბურღავს” გულს, ანუ ადამიანის სიღრმეში და როგორც რომელიღაც დაუშრეტელი წყაროს თვალიდან – გულიდან, საღმრთო და სულიერი გულის სიტყვები წარმოდინდება.

ამ ნიშნიდან ჩანს, რომ გულში მოვიდა და დაემკვიდრა ქრისტე, როგორც თავად ამბობს თავის წმიდასა და საღმრთო სახარებაში: ”სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა.” (მთ.18:20). ანუ იქ, სადაც ერთად შეიკრიბება გული, გონება და ყურადღება და კეთილკრძალულებით განისწავლებიან ჩემს სახელში მე მათ შორის ვარ.

წიგნიდან: ”უცნობი ათონელი ისიქასტი’

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©