C54I1162 2019 07 02 07 22 54

ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე – „გახსოვდეთ, ძმანო, ყველანი ტაძარში ხართ!“

(ქრისტიანებს კარანტინისა და დაკეტილი ტაძრების შესახებ)

როდესაც კვიპროსში პანდემიის გამო მრევლისთვის ტაძრები დაიკეტა, მიტროპოლიტმა ათანასე ლიმასოლელმა თავის სულიერ შვილებთან დაიწყო ყოველდღიური კონტაქტი დილითა და საღამოს, რადიოს ეთერის მეშვეობით – ამშვიდებდა და ამხნევებდა მათ. ამას გარდა მეუფემ აკურთხა „ლოცვათა განუწყვეტელი ჯაჭვი“, რომელშიც მონაწილეობას იღებს ყველა მსურველი.

პროგრამის დასაწყისში, რომლის სახელწოდებაცაა: „ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა ვევედროთ“, მეუფე ათანასე კითხულობს და განმარტავს წმინდა წერილს ან იხსენებს დიდ მამებს, რომელთაც თავადაც იცნობდა. ამის შემდეგ მსმენელები რეკავენ და უზიარებენ მას თავიანთ ტკივილებს, უყვებიან ან ეკითხებიან რაიმეს. ეს ურთიერთობა გვაგონებს გერონდას საუბრებს სულიერ შვილებთან მონასტრის არქონდარიკში.

 

გერონდა, რატომ გამოგვიგზავნა უფალმა ვირუსი და სიკვდილი?

უფალმა სამყარო შექმნა დიდებული და მშვენიერი, ხოლო ქვეყნად არსებული სიკვდილი, უბედურება, ტანჯვა, სიღარიბე, ავადმყოფობა, განსაცდელი, ბოროტება – მოგვიანებით მოვიდნენ. ისინი ღმერთს არ შეუქმნია, არამედ ჩვენ, ადამიანებმა ავირჩიეთ ღმერთისგან განდგომილებით. ეს ყველაფერი ადამიანის დაცემისა და მის მიერ საკუთარი თავისუფლების ბოროტად გამოყენების შედეგია.

ადამიანმა გაწყვიტა კავშირი ღმერთთან, ღმერთი კი მამაა ჩვენი. ღმერთი სიყვარულია. ჩვენ, სამწუხაროდ, ვტოვებთ ღმერთს და ქვეყნად შემოგვაქვს ბოროტება და, რამდენადაც ჩვენი ცოდვიანი საქმეებით ვშორდებით მადლს უფლისას, მით უფრო ვუახლოვდებით ადამიანის მტერს – ეშმაკს. ისევე, როგორც სინათლისგან მოშორებით ვხვდებით სიბნელეში – მზე კი არის, მაგრამ თუ ჩვენ მას ვემალებით, ბნელშიც ვიმყოფებით და გვცივა კიდეც. გამოვალთ მზეზე და – გავთბებით!

 

გერონდა, არ გვშორდება წუხილი, რომ საბერძნეთის ტაძრები დაიკეტა ჯვრის თაყვანისცემის კვირაში. ცარიელ ტაძრებში იკითხებოდა სახარება იმის თაობაზე, რომ ვინც ცდილობს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას, დაკარგავს მას, ხოლო ვისაც სურს მისი დაკარგვა ქრისტესთვისმოიპოვებს. გამოდის, რომ ჩვენი სიტყვა და საქმე შორდება ერთმანეთს. როგორ შევხვდებით მეორედ მოსვლისას წმინდა კვირიკეს, წმინდა მარინეს, წმინდა დიმიტრისმათ, ვინც იყვნენ დაჩეხილნი ნაწილნაწილ, დამწვარდანახშირებულნი, სისხლდათხეულნი? რას ვეტყვით ღმერთსვირუსმა შეგვაშინაო?

უნდა გვესმოდეს, რომ ეკლესიაში ყველას არ აქვს ასეთი ღრმა რწმენა. არიან უფრო სუსტი ძმები, ისინი სხვაგვარად ფიქრობენ, ხოლო ეკლესიის საზომი – ძლიერები კი არა, სუსტები არიან. ეკლესია იყენებს იკონომიას, დაშვებულობას. ეკლესიას აქვს ორი საშუალება, რომლითაც ეგებება სხვადასხვა სიტუაციებს: აკრიბია და იკონომია. მე ვეთანხმები თქვენს ნათქვამს – ოღონდ, ეს არის აკრიბია. და ის, ვისაც სურს იაროს აკრიბიის გზით, ღვთისგან კურთხეულია, მაგრამ ეკლესია მფარველობს უძლურთაც, ვინც გრძნობს, რომ უნდა დაიცვას ზომები საკუთარი გადარჩენისა და ცხონებისთვის.

რა თქვა ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ, როცა ეშმაკმა წააქეზა ტაძრის სახურავიდან გადასახტომად? აკი ეშმაკი თითქოს კეთილსახოვან წინადადებას სთავაზობდა – უკეთუ ძე ხარ ღვთისა, არაფერი შეგემთხვევაო და მართლაც, არაფერი შეემთხვეოდა, რადგან ძე იყო ღვთისა, მაგრამ მან უპასუხა: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი (მათე: 4, 5-7).

თუ წაიკითხავთ პატერიკებს, იქ ნახავთ ბევრ ისტორიას, როდესაც თვით დიდი წმინდანები იყენებენ იკონომიას სიმდაბლისთვის. ერთხელ ერთი აბბა შეეჩეხა მხეცს და გზიდან გადაუხვია. ეკითხებიან: „რაო, მხეცისა შეგეშინდა, გზიდან რომ გადაუხვიე? რად არ შეეჭმევინე, თუკი ეს დაშვებული იქნებოდა უფლისგან?“ მან უპასუხა: „ მხეცის როდი მეშინია. მე მეშინია საკუთარი ცუდმედიდობისა და ეგოიზმის და არ მსურს გამოვცადო უფალი!“.

აკი წმინდა ათანასე დიდიც იმალებოდა: ის არ გამოჭიმულა მოედანზე, არ დაუწყია მსჯელობა იმის თაობაზე, რომ თუკი უფალს სურს, დამიჭირონ – მეც აქა ვარო. ის დაიმალა. დამალეს წმინდა პახომის მონასტრის ბერებმა და არ გადასცეს იმ მეომრებს, რომლებიც მას ეძებდნენ. მამები მოიქცნენ ადამიანურად. ჩვენ ვაქებთ აკრიბიას, მაგრამ არ განვიკითხავთ უძლურებას. აჯობებს, ასე დავიდგინოთ: უკეთუ ჩვენი მამები, მართლმადიდებლური ტაძრების წინამძღვარნი და სინოდები იღებენ ასეთ გადაწყვეტილებას, ვიყოთ მორჩილებაში და ეს მორჩილება შეგვეწევა და გვაცხოვნებს ჩვენ.

გულისთქმის აყოლა სახიფათოა. შესაძლოა, უფალმა არც გვაკურთხოს საამისოდ. თუკი თავად გვსურს მივყვეთ აკრიბიას – კეთილი, ბატონო, მაგრამ ჩვენ ვერ მოვთხოვთ ამას სხვებს. მათთვის გამოვიყენებთ იკონომიას, რასაც დამმოძღვრავად იყენებს ეკლესია იმ მიზნით, რათა მშვიდობა მიჰმადლოს ძლიერთაც და სუსტებსაც, მტკიცე სარწმუნოების მექონეთაც და მცირედმორწმუნეთაც, მათაც, ვინც ადამიანის დონეზე აზროვნებს და მათაც, ვინც მხოლოდ მაღალ სულიერებაზე ფიქრობს.

 

თქვენ მოგვიწოდებთ ყოველდღიური აღმსარებლობისკენ ქრისტეს წინაშე, ახლა კი ჩვენ უარს ვამბობთ ქრისტეზე!

ნუ ვეძებთ ყოველგნით უარყოფის საშიშროებას! საგანგებო ზომებს დღეს მიმართავენ არა სარწმუნოების უარყოფისთვის. სახელმწიფო არ გვთხოვს ქრისტესგან განდგომას. და, რაღა თქმა უნდა, ჩვენ არ განვდგებით სიკვდილითაც რომ დაგვემუქრონ!

ახლა საკითხი სხვაგვარად დგას: ეს გახლავთ სერიოზული ეპიდემიის გავრცელების თავიდან აცილება. ეპიდემია ეკლესიისთვის კი არ წარმოადგენს ხიფათს, არამედ – ეკლესიის მრევლისთვის და ჩვენ ვუცხადებთ მორჩილებას სახელმწიფოს, რომელიც მოგვიწოდებს არა რჯულისგან განდგომისაკენ, არამედ ტაძრებში მისვლისაგან  დროებით თავის შეკავებისკენ. თქვენ ხედავთ, რომ  ჩვენმა ყველა მამამ ეს პოზიცია დაიკავა: წმინდა მთამაც, სინას მონასტერმაც, იერუსალიმმაც, მეტეორამაც და საბერძნეთის ეკლესიებმა – ყველანი გადავიდნენ თვითიზოლაციაზე, რათა შეაჩერონ ეპიდემია. ნუთუ ჩვენ აღვემატებით ჩვენს მოძღვრებს? კეთილი ზრახვის მიუღწევლობით შეიძლება ვიყოთ გულდაწყვეტილნი, მაგრამ უპირველესყოვლისა მივენდოთ მოძღვართ – გამოვიჩინოთ სიმდაბლე მოცემულობის მიმართ და წარვემართოთ იქით, საითაც მიდიან ეკლესიური ადამიანები.

ეს ქრისტეს გზის საწინააღმდეგო მოძრაობა არ გახლავთ – ეს არის მოძრაობა ადამიანების კეთილდღეობისთვის და რეალური საფრთხის აცილებისთვის. არსებობს სნეულება – ძალიან სახიფათო და გადამდები. წმინდა სახარებაში იოანესგან ვკითხულობთ: „ხოლო კვირის იმავე დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა!“ (იოანე: 20, 19).

მოწაფეებიც და წმინდა მოციქულებიც ქრისტეს აღდგომის დღეს ერთად შეიკრიბნენ, მაგრამ იუდეველთა შიშით: ისინი არ გამოსულან ქუჩაში – ებრაელებისა ეშინოდათ. მათ არ უთქვამთ: დაე ღმერთმა გვიშველოს! არამედ შიშითა და თავმდაბლობით რჩებოდნენ შინ, არ გამოდიოდნენ, ერთად იყვნენ შეკრებილნი და ქრისტეც მოვიდა, მოინახულა ისინი, აკურთხა და უთხრა: „მშვიდობა თქვენდა!“ ასე წარუდგა თავად.

 

ედესის მიტროპოლიტმა იოილმა ბრძანა, რონ შეუძლებელია დასნებოვნება ხატებზე მთხვევისაგან, მღვდლის კურთხევისაგან და სხვ. თუ ეს ასეა, მაშ რად დაიკეტა ტაძრები?

ჩვენ შეგვიძლია დავავადდეთ არა სიწმინდისგან, არამედ ჩვენი ურთიერთობებისას: ეკლესიაში შესვლისა და გამოსვლის დროს, სამუშაოების დროს, რომელსაც ვასრულებთ ტაძარში… ჩვენ, ეკლესიის მსახურებს – მღვდლებსა და ეპისკოპოსებსაც ასევე შეიძლება შეგვეყაროს ვირუსული ავადმყოფობა – სერბეთში ეპისკოპოსი დაიღუპა კორონავირუსით… ჩვენ ვირუსი წმინდა ზიარებისა და წმინდა საიდუმლოსაგან კი არ შეგვეყრება – ჩვენ ვცხოვრობთ ერში – გვაქვს შეხვედრები, ურთიერთობა მრავალ დონეზე ყოველდღიურ ცხოვრებაში და ისევე არ ვართ განსაცდელისგან დაზღვეულნი, როგორც სხვები. ამიტომაც გამოაცხადა ეკლესიამ „დრომდე“ იკონომია. და ჩვენ დავინახავთ, რა მალე გაივლის ეს მოკლე ხანი, რომლის თაობაზეც გვთხოვა ჩვენმა სახელმწიფომ, რათა ადამიანურად დავეხმაროთ ამჟამინდელ სიტუაციას – გამოვიჩინოთ მორჩილება ეკლესიისადმი. ეს არის საიმედო გზა ხსნისა.

მთავარი ის კი არ არის, რაც მოხდა, არამედ ის – როგორ გავუძლოთ ახლა!

 

მოწაფეებმა ჰკითხეს ქრისტეს უსინათლოს შესახებ: ვინ სცოდა, „რამეთუ ბრმაი იშვა?“ და ქრისტემ უპასუხა: „არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა, არამედ რაჲთა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაჲ მაგას ზედა“ (იოანე: 9. 3).

კორონავირუსისასჯელია ჩვენი ცოდვებისათვის, თუ კიდევ სხვა რაიმესთვის არის მოვლენილი?

ეკლესიის მამები გვასწავლიან, არ დავტვირთოთ გონება იმაზე ფიქრით, რად მოხდა ესა თუ ის მოვლენა. წმინდა მარკოზ მეუდაბნოე, სულიერ კანონთა დიდი მასწავლებელი, კარგად ამბობს: როდესაც შენს ცხოვრებაში მოდის ცთუნება, ვაება, რაიმე სირთულეები და სატანჯველი, ნუ ეცდები, ჩაწვდე, რად დაგემართა ეს, არამედ დაფიქრდი, როგორ გადაიტანო სასოწარკვეთის, გულგატეხილობისა და ურვების გარეშე ისე, რომ მომხდარმა არ გაგასავათოს და არ დაგაკარგვინოს შენი სულიერი არსი. უფრო მარტივად ამბობს წმინდა პაისი: საცთურიდან გამოიტანე სულიერი სარგებელი! მამები იმას კი არ იხილავენ, თუ მოხდა ესა თუ ის მოვლენა, არამედ იმას, თუ როგორ გადავიტანოთ ის!

რა აზრი აქვს იმაში ქექვას, რატომ მოხდა? მამები პასუხობენ: ჩვენი ცოდვებისა გამო. არათუ სამყაროს ცოდვების გამო, ჩვენი საკუთარი ცოდვების გამო! მე არ შემიძლია თქმა, რომ მთელი სამყაროს ცოდვებმა მოიტანა ეს რთული სიტუაცია. ჩვენმა ცოდვებმა მოიტანა. ჩვენი ძმები არ არიან ცოდვილნი, ცოდვილნი ვართ ჩვენ. მაგრამ, როდესაც მთელ სამყაროში ხდება დიდი საცდური, არ არის იმის დრო, განვიცდიდეთ სინდისის ქენჯნასა და დანაშაულის გრძნობას – იმის დროა, სულიერებით შევხვდეთ საცდურებს და იქიდან გამოვადნოთ სულიერი სარგებელი.

ახლა ადამიანებისთვის მთავარია ნუგეშისცემა, ახლა არ არის მათთვის საყვედურის მიცემის დრო. მძიმე დროებაში კი არ ამუნათებენ, არამედ ნუგეშს სცემენ, ამხნევებენ, ანათლებენ, სწორ გზას უთითებენ… როდესაც საცდურები დასრულდება, იქნებ ვინმემ კიდეც გაარჩიოს მიზეზები, დაუდევრობები, გადამეტებები, ნაკლოვანებები, რათა მიიღოს სარგებლობა შეცდომებიაგან. ახლა კი დროა ნუგეშისცემისა, ურთიერთ მხარდაჭერისა, მხურვალე და გულწრფელი ლოცვისა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენთვის, ეკლესიის ადამიანებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, უფლის სიტყვის ახსნა მათთვის, ვისაც ესაჭიროება ნუგეშისცემა უფლისგან!

როგორ და რანაირად წარმოიშვა კორონავირუსი, მე ვერ გეტყვით – ამის თქმა შეუძლიათ წმინდა ადამიანებს, რომელთაც მსგავსი უწყება აქვთ უფლისგან.

მე მოგიყვებით, რა მოხდა კატუნაკზე წმინდა ეფრემთან [კატუნაკელი] დაკავშირებით. 1977 წელს თესალონიკში იყო დიდი მიწისძვრა და იმ ღამეს სწორედ იქ გახლდით. საშინელი მიწისძვრის შედეგად ბევრი შენობა დაინგრა, 70-80 კაცი დაიღუპა, ქალაქს დიდი ზიანი მიადგა. ბერი ეფრემი გვიყვება ჩვენ, როგორ დაინახა ლოცვის დროს თესალონიკის სახლები და გაუკვირდა – ეს რას ვხედავ? თესალონიკს? იმის ნაცვლად, რომ ლოცვის დროს უფალს ვხედავდე, ჩემს წინ თესალონიკს რატომ ვხედავ? და როდესაც მოხდა დიდი მიწისძვრა საშინელი ნგრევით, ის მიხვდა, რომ უფალი მას მოუწოდებდა ელოცა ამ ქალაქისთვის.

ასე რომ ეს წმინდანთა საზომია: იცოდნენ, რატომ და როგორ მოვიდა ვირუსი. ჩემი – არა. მე რაც ვიცი, არის ის – როგორ დავხვდეთ მას: ლოცვით, სამყაროს მბრძანებლის – კეთილ მეუფე ქრისტეს მოიმედეობით (არა ეშმაკი და სიბნელის ძალები, არამედ ქრისტე მართავს სამყაროს!). მთელ სამყაროში ქრისტეს სიყვარულის ნათელი და სასოება გამოვასხივოთ. და გვწამდეს, თუკი განსაცდელს შევხვდებით სულიერებით, დიდ სარგებელს მივიღებთ. თუ ვლოცულობთ იმედით, სიმდაბლით, სინანულითა და დიდი სითბოთი, შევძლებთ ვირუსის დაძლევასა და განადგურებას, ჩვენით კი არა, უფლის მადლით!

 

როდესაც ღვთისმსახურებებზე იგალობებაჩვენთან არს ღმერთი“ – რას ნიშნავს ეს სიტყვები?

ეს არის ეკლესიის ვედრება, ეს არის ადამიანის ვედრება, რომელიც სთხოვს ღმერთს, იყოს მის გვერდით! იმიტომ, რომ, როდესაც ჩვენთან არს ღმერთი, ვერავითარი ძალა ვერ მოგვერევა. როგორც წმინდა წერილშია ნათქვამი: „უკუეთუ ღმერთი ჩუენ კერძო არს, ვინ არს ძვირის მყოფელ ჩვენდა?“ (რომ: 8, 31). ამიტომაც, მთელი ეკლესია შეჰღაღადებს უფალს: „უფალო, შეგვიწყალე!“

ამ დროს ჩვენ განსაკუთრებულად ვსასოებთ უფლის ჩვენთან ყოფნას – უკეთ იმას, რომ ჩვენ თავად ვიყოთ უფალთან. ღმერთი არ ტოვებს ადამიანს, ის – მამაა მისი, არამედ ღმერთს ტოვებს ადამიანი. ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ცხოვრებას ღვთის წმინდა ნების თანახმად და შევინარჩუნოთ ჩვენი სულების კავშირი მის წმინდა მადლთან.

 

ევქარისტია 1ამჟამად, როდესაც ტაძარი ხალხისგან დაგვიცარიელდა, ვისთვის იმართება ლიტურგია?

ლიტურგია – ყველას საქმეა. ის იმართება ადამიანებისგან სასულიერო პირების მეშვეობით, აღევლინება მამა ღმერთისკენ და განანათლებს მთელ სამყაროს. როდესაც ჩვენ ვმსახურობთ, ვმსახურობთ მთელი სამყაროსთვის. ასე იქცეოდნენ დიდი მეუდაბნოენი, ასე ვმსახურობდით წმინდა მთაზე – პირველ წლებში ჩვენს გერონდასთან ერთად ორნი ვიყავით კალივაში: მღვდელი, გერონდა და ერთ-ერთი ძმა, ხალხი არ იყო.

კარგად თქვა წმინდა სოფრონ ესექსელმა (სახაროვმა): მაშინაც, როდესაც მსახურებ ერთ ადამიანთან ერთად და მაშინაც, როდესაც – მთელ მრევლთან ერთად, საღმრთო ლიტურგია აღევლინება მთელი სამყაროსთვის, ყოველი ადამის ძისთვის – პირველიდან ბოლო ადამიანამდე, ცოცხლებისა და გარდაცვლილთათვის, ყოველი სულიერისთვის. ამიტომაც, საღმრთო ევქარისტია უდიდესი მადლია. ცხადია, იდეალურია, როდესაც მთელი საძმო მონაწილეობს მასში, მაგრამ, თუ არ არიან, ჩვენ მაინც ვლოცულობთ ყველასთვის, მთელი მსოფლიოსთვის. და იცით? შეიძლება, სხეულით არ მყოფობდეთ იქ, მაგრამ იყოთ იქ სულიერად!

წმინდა მთაზე ყვებოდნენ ასეთ ისტორიას: ერთი კეთილმსახური დიაკვანი მსახურებისას უკმევდა ეკლესიაში ზოგიერთ ცარიელ სტასიდებს, ხოლო სხვებს, სადაც ბერები იდგნენ, ტოვებდა. შეეკითხნენ: „რატომ არ უკმევ? იქ ხომ ძმები დგანან!“ მან უპასუხა: „მე ვერ ვხედავ მათ!“ ეს ძმები კი იდგნენ ეკლესიაში, მაგრამ მათი გონება სადღაც დაქროდა – დაკავებული იყო გარეშე საქმეებზე და მოსაგვარებელ საკითხებზე ფიქრით მაშინ, როდესაც ის სტასიდები, რომლებიც ცარიელი ჩანდა, სულიწმინდით იყო აღვსილი – იმ ძმებისა იყო, რომლებიც მორჩილებას ასრულებდნენ ტაძარს გარეთ, მაგრამ მათი გული და გონება ამ დროს ტაძარში იყო. სულით ისინი მსახურებაზე მყოფობდნენ.

ამიტომაც, ამჟამად შეიძლება ბევრი ადამიანი აკლდეს წმინდა ლიტურგიას სხეულით, მაგრამ მათი სული, გული და გონება იმყოფება აქ, სადაც ყოფნა მათ ასე ენატრებათ! მათ აკლიათ წირვაზე დასწრება, ისინი განიცდიან, რომ არ აქვთ ამის შესაძლებლობა.

 

ამჟამად ჩვენ არ დავდივართ ტაძარში და სახლში ვლოცულობთ. უძველესი დროიდან ეკლესია განსაკუთრებულ შემთხვევებში ურიგებდა ზიარებას ტაძრის გარეთ მათ, ვისაც ეს ესაჭიროებოდა: ავადმყოფებს, პატიმრებსრამდენად აუცილებელია ზიარება?

ლიტურგიის დროს ზიარება მთავარი მიზანია. ამჟამად წირვაზე ეზიარებიან ისინი, ვინც იქ იმყოფებიან: ჩვენი ღვთისმსახურები, დიაკვნები, მგალობლები – ვინც დაშვებულნი არიან. მაგრამ, აი, თქვენ მაგალითი: წმინდა მარიამ მეგვიპტელმა 49 წელი იცხოვრა უდაბნოში უზიარებლად და ეზიარა თავისი სიცოცხლის უკანასკნელ დღეს, როგორც ამას გადმოგვცემს მისი ცხოვრების მატიანე.

საღმრთო ზიარება აუცილებელია. მაგრამ, როდესაც ძმა აღსარებას ამბობს, მე შემიძლია მას ვუთხრა: „ სხვადასხვა მიზეზის გამო შენ ეზიარები ერთი თვის შემდეგ“. თუ ის აღასრულებს მორჩილებას სულიერი მოძღვრის მიმართ, ეს იქნება მისთვის ზიარების ტოლფასი. დღეს ჩვენი სიზარმაცის, დაუდევრობისა ან უგულისყურობის გამო კი არ მიგვიღია უზიარებლობის გადაწყვეტილება, არამედ ის მიიღო  ეკლესიამ. ამიტომაც, თუ შევასრულებთ ეკლესიისადმი მორჩილებას სიმდაბლით, ღმერთი ღირსეულად ზიარებას მოგვცემს, როდესაც დრო მოატანს  და შევძლებთ ტაძარში მისვლას. ერთი მატრიცა არ არსებობს ყველასა და ყველაფრისათვის. ზიარება რომ შეგეძლოს, ამაზე კარგი რა იქნებოდა, მაგრამ, როცა არ შეგიძლია, ნუ დაეჭვდები იმაში, რომ უფალი მოქმედებს სხვადასხვა გზით ადამიანის ხსნისათვის. ნუ იღელვებთ! მიენდეთ ეკლესიას!

 

თქვენ რას გრძნობთ, როდესაც მრევლის გარეშე მსახურებთ?

ჩვენ გვაწუხებს, რომ მარტონი ვართ მსახურების დროს. მაგრამ მე გეტყვით, რას განვიცდი: ვგრძნობ, რომ მარტო არა ვარ, რომ ყველა ჩვენი ძმა და და ჩვენს გვერდით იმყოფება.

აი, ისტორია პატერიკიდან: ერთ მონასტერში ცხოვრობდა ძმა, რომელიც სალოსობდა და მიამიტად აჩვენებდა თავს, სინამდვილეში კი დიდი სულიერების ადამიანი იყო. რადგანაც ბერებს ის გაუნათლებლად მიაჩნდათ, განამწესეს სამზარეულოში, რათა თვალი ედევნებინა ღუმელისთვის და მოემზადებინა საკვები მთელი საძმოსთვის, ვიდრე ისინი ეკლესიაში ლოცულობდნენ. ისიც ამზადებდა. მთლად გამურული ნახშირისგან, ღუმელისა და კვამლისაგან მიირბენდა ეკლესიის კარებთან, რათა სულ ცოტათი მაინც მოესმინა მსახურებისთვის. შიგნით არ შედიოდა. იდგა ასე გარეთ რამდენიმე წუთით და მერე ისევ ღუმელისკენ გარბოდა, შემდეგ კვლავ ეკლესიისკენ – და ისევ ღუმელს უბრუნდებოდა. რაღაც მომენტში ყურადღება მოუდუნდა და სამზარეულოს ცეცხლი მოეკიდა. ის უკან გამოიქცა, ჩააქრო ხანძარი, ჩამოიღო ქვაბი და ხელით მოურია საჭმელს. და, თუმცა ცეცხლი მოედო, არაფერი დამართნია. მაშინ, კეთილმოწესე იღუმენმა რიტორიკული კითხვა დაუსვა საძმოს: „მამებო! სად არის ღმერთი – სამზარეულოში თუ ტაძარში?“ და ყველამ უპასუხა: „კეთილსათნო ადამიანთან, რომელიც მსახურობს უფლის სიყვარულით!“

ფიზიკურად ჩვენი ძმები არ არიან ტაძარში, მაგრამ მე ვგრძნობ, რომ სულიერად აქ არიან ყველანი! იმიტომ, რომ მათი გული, მათი გონება და მათი ფიქრები ტაძარშია. ის, რომ ისინი განიცდიან ტაძარში არყოფნას, მნიშვნელოვანია სულიერად, რადგან მიმდინარეობს სინანულისა და ლოცვის სულიერი მუშაობა. მათ ლოცვას და ამ ტკივილს, ამ სიყვარულს კეთილი ღმერთი მიიღებს და გარდაქმნის მადლად, რათა განდევნოს განსაცდელი, რომლითაც ავსებულია სამყარო.

ჩვენ განვიცდით, მაგრამ, გახსოვდეთ, ძმებო: ყველანი ტაძარში ხართ! თქვენი გული და თქვენი სიყვარული ტაძარშია! თუ მშვიდობიან დროს ზოგჯერ ხდება, რომ ეკლესიაში ყოფნისას ჩვენი გონება მოგზაურობს, ჩვენ ვთვლემთ, ვჭორაობთ, გულგრილნი ვართ ხოლმე – ახლა ჩვენი გული და სული ეკლესიაშია და ამაშიც არის თავისი სარგებელი!

 

ბავშვი სიცოცხლე todaysparent.comროგორ ვილოცოთ, თუ გვყავს პატარა ბავშვები და სულ შინ ვართ?

სადაც არ უნდა ვიყოთ, შინ თუ გარეთ, უდაბნოში, საპყრობილეში, ჩვენს გულს შეუძლია, იმუშაოს სულიერად და შეუსვენებლივ ლოცულობდეს ღმერთზე. განსაკუთრებით, თუ ხელში გყავთ აყვანილი ბავშვი და გრძნობთ, რომ მთელი ცხოვრება აქვთ ბავშვებს წინ და როგორ სჭირდებათ მათ მშვიდი, მყარი, მადლიანი ქვეყანა. ჩვენი შვილების სიყვარულით, მათზე ლოცვის დროს ნუ დაგვავიწყდება ლოცვა დედამიწის ყველა ბავშვისთვისაც, რათა უფალმა აკურთხოს ისინი, გაიხარონ უსაფრთხო არსებობითა და უფლის სიყვარულით!

 

როგორ ვილოცოთ ჩვენი მოძღვრებისთვისარსებობს განსაკუთრებული ლოცვა?

ლოცვას მოეთხოვება უბრალოება, სიყვარული და ყოველი ადამიანისადმი თანალმობა. ჩვენი მღვდელმსახურები, რომლებიც ამ დღეებში მძიმე ჯვარს ატარებენ, ჩვენი მედიკოსები, რომელთაც დიდი განსაცდელი აწევთ, როდესაც ისინი სამსხვერპლოზე დებენ საკუთარ თავს – ყველანი საჭიროებენ უფლისგან განმტკიცებას ძალაში. ასე რომ, ჩვენი სიტყვებით შეგვიძლია ვილოცოთ მათთვის, ან ლოცვით: „უფალო, იესო ქრისტე, შეიწყალე მონანი შენნი…“ ან, როდესაც ვკითხულობთ ღვთისმშობლის და წმინდანების დაუჯდომელს, ფსალმუნებსა და სხვა ლოცვებს – ყველაფერი ეს სასარგებლოა.

ბერი პაისი საოცარი კრძალულებით იყო განმსჭვალული ფსალმუნების მიმართ. ფსალმუნებით გერონდა ლოცულობდა ყოველდღიურად, როგორც წესი, სადილის შემდეგ, როდესაც მომსვლელებს გაისტუმრებდა ხოლმე და მარტო რჩებოდა. განსაკუთრებით, ამის საჭიროების მქონეთათვის – გარდაცვლილებისა და ცოცხლებისთვის. ის ფსალმუნებს კითხულობდა ადამიანებისთვის თავისი მოძღვრის – არსენ კაბადოკიელის მიბაძვით. გერონდას შენახული ჰქონდა წმინდანის რვეული, სადაც მონიშნული იყო, რომელი ფსალმუნი რომელ შემთხვევას განეკუთვნებოდა. ასე ლოცულობდა მამა პაისი – უდიდესი ტკივილითა და სიყვარულით, ყველანაირი ამსოფლიური სიტუაციისთვის.

ფსალმუნი იყო, არის და იქნება ჩვენი სულიერების ოქროს მარაგი. მას გამუდმებით მიმართავდნენ ეკლესიის მამები.

 

მთელი სამყაროსთვის კი როგორ ვილოცოთ?

ზუსტად ასევე მთელი სამყაროსთვისაც. ჩვენ ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ მსოფლიო მოუცავს განგაშს – ჰგიებს ხიფათში, ტანჯვასა და წუხილში. ყოველდღიურად იხოცება ხალხი, ექიმები უვლიან ავადმყოფებს, სხვები სხვა პრობლემებს აწყდებიან – დღეს ყველას უჭირს… ვილოცოთ მხურვალედ მთელი სამყაროსთვის: „ უფალო იესო ქრისტე, შეიწყალე მთელი მსოფლიო და შეგვიწყალე ჩვენ, ცოდვილნი!“ ყველა ჩვენს ლოცვას დიდი ძალა ექნება უფლის წინაშე, ვისი ლოცვითაც იკურთხება კაცობრიობა და ეს მძიმე დროება, რომელიც მეხივით დაგვატყდა თავს, გადაივლის.

ლოცვას: „დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“ – წარმოთქვამდნენ ჩვენი ბებია-ბაბუები სტიქიური უბედურებისა და ამინდის ჭირვეულობისას – მეხსა და ელვაში. მახსოვს, როგორ იწერდა ხოლმე პირჯვარს ჩემი ბებია და ლოცულობდა: „დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი!“ ჩვენი წინაპრები თვით ბუნების მოვლენებს იყენებდნენ იმისთვის, რომ განედიდებინათ უფლის სახელი! ამ სახელის მფარველობით მათ არაფრისა ეშინოდათ და რაც არ უნდა მომხდარიყო, ყველა მოვლენას მშვიდობიანად ხვდებოდნენ. ამ სახელით სძლევდნენ მათზე მოწევნულ განსაცდელებს.

 

13 აპრილი 2020 წ.

წყარო: http://pemptousia.gr

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა გადმოწერილია საიტებიდან: http://asceticexperience.com  და http://www.todaysparent.com