შენ ვერ მოითხოვ მცებათა აღსრულებას ძმისაგან. თუკი იწყებ ფიქრს: “რატომ არ კითხულობს ის სახარებას? რატომ არ ცხოვრობს უფლის მცნებების მიხედვით? რატომ არ აკეთებს იმას ან ამას? რატომ იქცევა ასე? რატომ ძინავს ამდენ ხანს? რატომ არის ასეთი ზარმაცი?”, – მაშინ იცოდე: ამ მომენტიდან შენ კარგავ ქრისტეს სხეულთან ორგანულ ერთობას, განყოფ მის უკერველ კვართს, ანაწევრებ ქრისტეს. ეს ყოველივე არაბუნებრივია და ამიტომაც, ქრისტეში ცხოვრება შენთვის აუტანელი ხდება.
მცნებანი მხოლოდ შენთვის არის მოცემული. შენ მას აღასრულებ ან არღვევ. მოყვასს კი, რასაც არ უნდა იქმოდეს იგი, თავისი მსაჯული ჰყავს, რომელიც მას განსჯის. შენ მხოლოდ ასე უნდა ფიქრობდე: ყველა წმინდანია, ყველანი სწორად იქცევიან, მხოლოდ მე ერთი ვცოდავ. თუკი შენ, კედელში ლურსმანის ჩაჭედებისას, მოუქნელად ჩასცემ ჩაქუჩს, ის ხელიდან გაგისხლტება და შორს გადავარდება. სწორედ ასევე გაშორებენ ღმერთს შენი პრეტენზიები მოყვასის მიმართ.
დაფიქრდით, რამდენ განმკითხველ სიტყვას წარმოვთქვამთ ხოლმე. თითოეული ამ სიტყვისათვის, ჩვენ პასუხს ვაგებთ უფლის წინაშე წარდგომისას. როგორც წესი, როდესაც ძმას რაიმეს ვუმტკიცებთ, ჩვენ თავს ვიმართლებთ ხოლმე: “ის ხომ შეურაცხყოფას მაყენებს და მონასტერსაც არცხვენს! არაფერი ესმის და არაფრის გაგონება არ სურს, არ სურს მონაზვნურად ცხოვრება!” ყველაფერი ეს თავის მართლებაა. მკვეთრი სიტყვა წამოგცდა? უკან ვეღარ დააბრუნებ და ცრემლთა მდინარეები მაინც დაღვარე. როდესაც ძმას ეტყვი: “აბა წადი აქედან!” ყველაფერი დასრულებულია. გინდ სისხლი დაღვარე და გინდ თავი მოიკვეთე – სიტყვას უკან ვერ დააბრუნებ. ამიტომაც ამბობენ წმინდა მამები: თუნდაც რომ შენს შიგნით ვნებები ბობოქრობდეს, თუნდაც რომ დემონთა არა ერთი, არამედ ასობით ლეგიონი გვტანჯავდეს, მიწაზეც რომ გვცემდნენ და დუჟს გვადენინებდნენ – ეს ისე საშიში არ არის, როგორც მრისხანე სიტყვა. დემონთა ლეგიონები, ქრისტემ ერთი ხელის მოსმით განდევნა და ღადარინელთა ზღვაში ჩაჰყარა. წარმოთქმული სიტყვის გამოსწორება კი მასაც არ ძალუძს. საუბრები, როგორც ჰომეროსი ამბობს, მალფრთიანები არიან. სიტყვა ჩიტივით სწრაფად დაფრინავს, საითაც მოესურვება და ავრცელებს ცოდვას მთელს ქვეყანაზე, ცხადი ხდება ანგელოზთა და წმინდანთათვის და იქ, ზეცაში, გაგახსენებენ მას. საქციელის პატიება შესაძლებელია, თუმცა სიტყვას ვერ დააბრუნებ, ის შეუქცევლად მიფრინავს.
არავის ძალუძს საკუთარი სიტყვების სიმძიმის მთელი პასუხისმგებლობით ტვირთვა. მოძღვარს ყველა ჩვენი ცოდვის მიღება შეუძლია აღსარებაში, მათ შორის სიტყვიერის, თუმცა, საბოლოოდ, სამსჯავრო მხოლოდ უფლის ხელშია: უფალმა ის თავისთვის დაიტოვა. თითოეული წარმოთქმული სიტყვისათვის ჩვენ პასუხს ვაგებთ ( იხ. მათ. 36-37). ჩვენ შესაძლოა ვაღიაროთ მსგავსი სიტყვები აღსარებაში, თუმცა მათი გადახაზვა და სხვა უამრავ ცოდვათა გაქარწყლება, მხოლოდ მკაცრი ასკეტური ღვაწლით არის შესაძლებელი, როგორი ცხოვრებაც ღვთისმოსავ მოღვაწეთ ჰქონდათ. როგორი შხამიანია ენის ისრები, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ჩვენი სიტყვა მკვეთრია, დამცინავი და ანადგურებს მოყვასს! უნდა ვიცოდეთ, რომ ასგზის მონანიების მიუხედავად, ჩვენ განვისჯებით ზეცაში მთელი სამყაროს წინაშე, წინაშე ანგელოზთა და წმინდანთა. ნუ ფიქრობთ, რომ სიტყვიერ ცოდვათა მიტევების მიღება მარტივია. სიძვა, მრუშობა, ქურდობა, მკვლელობა მიეტევება ადამიანს. სიტყვიერი ცოდვები კი, საკუთრივ უფლის სამსჯავროს დაქვემდებარებაშია. ღმერთი აღსარების თქმის უფლებას გვაძლევს, მაგრამ მათგან განწმენდა ღრმა სინანულით, სიფხიზლით და ხანგრძლივი მარხვითაა შესაძლებელი. უნდა განლიოთ თქვენი სხეული, რომ სიტყვიერი ცოდვები აღიხოცოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ფესვიდან, ანუ ენიდან, ჩრდილმფენი და უხვნაყოფიერი ხე გაიზრდება, რომლის ყვავილთა და ნაყოფთა დაშრეტას ვეღარავინ შეძლებს. ძალზედ საშიშია ეს ფესვი.
ჩვენ ვაწუხებთ მოყვასს ჩვენი სიტყვებით. თუკი შენ რაიმე გესლიანს მეტყვი, მე ის ყველაზე ცოტა შვიდი წელი მაინც მემახსოვრება, და რაც არ უნდა მითხრა ამის შემდგომ , ძველი წყენიდან გამომდინარე, მე არასწორად შევაფასებ ხოლმე შენს სიტყვებს. განსაკუთრებით მაშინ, თუკი შენმა სიტყვამ გული მატკინა, ის მე სულ მცირე შვიდი კვირა მემახსოვრება. თუნდაც რომ კეთილი და თავმდაბალი ვიყო, მე ის არ დამავიწყდება. შენ, რა თქმა უნდა, ვერაფერს მიხვდები. შენ ის იმიტომ არ გითქვამს, რომ ჩემთვის გული გეტკინა, არამედ სხვა მიზნით, ჩემს სასიკეთოდ. მაგრამ ჩემი სული, გული და მეხსიერება ისე არ მუშაობს, როგორც შენი, – მე შენ მაწყენინე, ყველაფერი დანარჩენი კი ჩემთვის არაფრის მთქმელია
წყარო: წიგნიდან “Жить в присутствии Бога” , არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი), მოსკოვი 2020
სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©