4 pdf

სათნოებათა დედის, ყოვლადწმიდა ლოცვის შესახებ და სხეულითა და გონებით ლოცვაზე დგომისთვის – წმინდა იოანე სინელი

ლოცვა თავისი ბუნებით ღვთისა და კაცის შერწყმაა, ხოლო მოქმედებით ის არის: სამყაროს სიმტკიცე, ღმერთთან შერიგება, ცრემლთა დედა და შემდგომში იმავე ცრემლთა შვილი, ცოდვათა მიმტევებელი, განსაცდელის ჟამს – ხიდი, ჭირის დროს – დამცავი კედელი, ბრძოლათა შემმუსრველი, ანგელოზთა საქმე და უსხეულო არსებათა საზრდელი, მერმინდელი საუკუნის სიხარული, დაუსრულებელი ღვაწლი, სათნოებათა წყარო, მადლის წინამძღვარი, უხილავი წარმატება, სულის საზრდელი, გონების სინათლე, სასოწარ- კვეთილების მკვლელი, იმედის მიზეზი, მწუხარებისგან მხსნელი, მონაზონთა სიმდიდრე, დაყუდებულთა საუნჯე, მრისხანების განმაქარვებელი, სრულყოფილების სარკე, წარმატების საზომის წარმომაჩინებელი, წესიერების სახე, საუკუნო მისაგებლის მომასწავებელი და ახოვნების ნიშანი.

ჭეშმარიტი მლოცველისთვის ლოცვა არის სამსჯავრო და დასასჯელი საყდარი უწინარეს დიდი სამსჯავროსი.

აღვსდგეთ, რათა ვისმინოთ, რას გვეუბნება ხმამაღლა სათნოებათა ეს სანატრელი დედოფალი: “მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა… და ჰპოვოთ განსუენება სულთა თქუენთა” და ლხინება წყლულებათა თქვენთა, “რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს” და ცოდვათა დიდ სნეულებათა მკურნალი (შდრ. მათე 11. 28-30)

ღვთისა და ჩვენი მეუფის შესახვედრად მოუმზადებელნი არასდროს წავიდეთ! ვაითუ, შორიდანვე დაინახოს, რომ უიარაღონი და სამეუფო სამკაულის გარეშე ვართ, თავის მსახურებს უბრძანოს, შეკრულნი გაგვაძევონ, ჩვენი სავედ- რებელი დაფხრიწონ და სახეში მოგვაყარონ.

უფლის წინაშე წარსადგომად როცა მიდიხარ, შენი სულის სამოსელი ძვირის მოუხსენებლობის ძაფით მოქსოვე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლოცვისგან ვერანაირ სარგებელს პოვებ.

დაე, ყოველი შენი სათხოვარი დამდაბლებული გონებიდან მოდიოდეს. მეზვერე და უძღები შვილი მხოლოდ ერთი სიტყვით სათნო ეყვნენ ღმერთს.

ღვთის წინაშე ლოცვით გარეგნულად ერთნაირად წარდგებიან, მაგრამ მათ შორის დიდი განსხვავება და ნაირფე- რობაა.

ზოგიერთი ღმერთს როგორც მეგობარსა და მეუფეს მიმართავს, და არა საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვის ითხოვს; სხვები უფრო მეტ სულიერ სიმდიდრეს, დიდებასა და კადნიერებას ითხოვენ; სხვები მოდავისგან განრიდებას ევედრებიან; სხვები პატივის მიღებას ეძიებენ; სხვები ვალისგან სრული გათავისუფლებისთვის ლოცულობენ; ზოგიერთი – საპყრობილიდან ხსნას, ზოგიერთი კი ცოდვათა შენდობას ევედრება.

ჩვენს სავედრებელ ქარტიაზე, უპირველეს ყოვლისა, სამადლობელი დავწეროთ, შემდეგ – აღსარება და გულშემუსვრილება. ვიცოდეთ, რომ ასეთია ნამდვილი ლოცვა, როგორც ეს ანგელოზმა ერთ ძმას აუწყა.

თუ ოდესმე ხილული მსაჯულის წინაშე აღმოჩენილხარ, მაშინ ლოცვაზე დგომის სხვა მაგალითი აღარ დაგჭირდება. თუ მსაჯულის წინაშე არც შენ მდგარხარ და არც სხვები გიხილავს, მაშინ ლოცვის მაგალითად იმ ავადმყოფის

ვედრება დაისახე, მკურნალს წყლულის კვეთისა თუ ამოწვის წინ რომ მიმართავს.

ლოცვის დროს ნუ დაიწყებ სიბრძნისმეტყველებას. ხშირად ზეციური მამისთვის ჩვილ ყრმათა უბრალო ტიტინი ყოფილა საამო.

არ დაიწყო მრავლისმეტყველება, რათა სიტყვების ძებნაში გონება არ გაგეფანტოს. მეზვერის ერთმა სიტყვამ ღმერთი მოწყალე-ჰყო, ხოლო რწმენით ნათქვამმა ერთმა სიტყვამ ავაზაკი აცხოვნა.

მრავლისმეტყველებით ხშირად გაფანტულა გონება, ხოლო გულმხურვალედ ნათქვამ ერთ სიტყვას გონება მოუკრებია.

თუ ლოცვის დროს რომელიმე სიტყვა შენში ლმობიერებას აღძრავს, მაშინ ბევრჯერ გაიმეორე ეს სიტყვა, რადგან ამ დროს მცველი ანგელოზი ლოცულობს ჩვენს ახლოს.

ლოცვის დროს არ გამოიჩინო კადნიერება, თუნდაც რომ უდიდეს სიწმინდეს ფლობდე. პირიქით, დიდი სიმდაბლით ილოცე და უფრო მეტი კადნიერება გექნება.

თუნდაც სათნოებათა მთელი კიბე გქონდეს ავლილი, მაინც ცოდვათა შენდობისთვის ილოცე. ხომ გსმენია, რას ამბობს პავლე მოციქული ცოდვილებზე: “რომელთად პირველი მე ვარ” (1 ტიმოთე 1. 15).

საჭმელს ზეთითა და მარილით ამზადებენ, ხოლო ლოცვას სიწმინდე და ცრემლები ფრთოვან-ჰყოფს.

თუ სრულ სიმშვიდესა და ურისხველობას შეიმოსავ, ბევრი შრომა აღარ დაგჭირდება გონების ტყვეობიდან გამოსახსნელად.

ვიცოდეთ, რომ წმიდა და ჯეროვანი ლოცვის მიღწევამდე იმ მცირეწლოვან ყრმებს ვგავართ, სიარულს რომ სწავ- ლობენ.

ეცადე, გონება ლოცვის სიტყვებში მოაქციო და აღიყვანო. თუ გონება სიჩვილის გამო მოუძლურდება და დაბლა დაეშვება, კვლავ ზე-აღიყვანე.

გონებას დაუდგრომლობა ახასიათებს, მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთს მისი შეჩერებაც შეუძლია.

ჰოი, საყვარელო! თუ კეთილად იღვაწებ, შენთანაც მოვა ის, ვინც ზღვის ტალღებს შეზღუდავს და ეტყვის: “აქამომდე მოხzდე და არა გარდაჰადე” (იობი 38. 11).

შეუძლებელია სულის შეკვრა. სადაც სულის შემოქმედია, იქ ყოველივე მას ემორჩილება.

თუ მზე გიხილავს, მასთან ლაპარაკი შეგიძლია; მაგრამ როგორ დაელაპარაკები მას უცდომლად, რაც არ გიხილავს?!

ლოცვის დასაბამი ის არის, როცა წვრილ-წვრილი ფიქრები მოდიან და ადვილად დევნი მათ, შუა გზა როცა გონება მხოლოდ ლოცვის სიტყვებშია მოქცეული, ხოლო სრულყოფილი ლოცვა ღვთის სიყვარულია.

ლოცვის დროს სხვაგვარ სიხარულს განიცდიან მორჩილნი და სხვაგვარს – დაყუდებულნი. პირველს შეიძლება სიამაყეც შეერიოს, მეორე კი სავსეა თავმდაბლობით.

თუ გონებას განუწყვეტლივ ასწავლი, არ განგშორდეს, მაშინ ტრაპეზის დროსაც შენთან იქნება. თუ ხეტიალს დააჩვევ, არასდროს მოვა შენთან.

ჭეშმარიტი ლოცვის დიდი მუშაკი, პავლე ამბობს: “ეკლესიასა შინა მნებავს ხუთ სიტყუა გონებითა ჩემითა სიტყუად” (1 კორინთ. 14. 19). აღნიშნული მიუწვდომელია გონებით ჩვილთათვის, რადგან გონების მოსაკრებად ბევრი ლოცვაა საჭირო. მეორეს მოაქვს პირველი. როგორც წმი- და წერილი ამბობს: მის მლოცველსა და მვედრებელს შრომითა და ჭირით მიანიჭებს წმიდა და ჭეშმარიტ ლოცვას.

სხვაა ლოცვის შებილწვა, სხვა ლოცვის გაფანტვა და სხვა – ბიწი. მისი გარყვნა, სხვა

სიბილწე ის არის, როცა კაცი უფლის წინაშე დგას და ბოროტი აზრები მოსდის; გარყვნა ის არის, როცა ლოცვის ჟამს გონება უსარგებლო საზრუნავითაა შეპყრობილი; გაფანტვა ის არის, როცა გონება შეუმჩნევლად მიმოქრის; ხოლო ბიწი ამ დროს მოსული ამაო აზრებია.

თუ მარტო არ ვართ, მაშინ შინაგან ლოცვას მივმართოთ; თუ ქების მსახურნი არ არიან ჩვენთან, მაშინ გარეგნულადაც ვილოცოთ, რადგან გონება ხშირად ხდება სხეულის თანაზიარი მათში, ვინც ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი.

ვინც მეუფესთან მიდის, ყველას გულშემუსვრილება მართებს, მით უმეტეს მათ, რომლებიც ვალის პატიებასა და ცოდვათა შენდობას ითხოვენ.

თუ ჯერ კიდევ საპყრობილეში ვიმყოფებით, მოვუსმინოთ მას, პეტრეს რომ ეუბნებოდა: “აღდეგ… მოირტყ” მორჩილების არდაგი, განიძარცვე შენი ნება, ლოცვის დროს მისგან გაშიშვლებული მიდი უფალთან, მხოლოდ უფლის ნებას მოუწოდე, და მაშინ იხილავ უფალს შენი სულის მესაჭედ. რომელიც უსაფრთხოდ წარმართავს შენს ცხოვრებას (შდრ. საქმე 12. 7-8).

აღსდექ ამა ქვეყნის მოყვარეობისა და ავხორცობისგან, განაგდე საზრუნავი, უარყავ ხორცი, განიძარცვე აზრები; რად- გან ლოცვა სხვა არაფერია, თუ არა ხილული და უხილავი ქვეყნის უარყოფა. როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: “რამ ძეს ჩემი ცათა შინა, და შენგან რად ვინებე ქუეყანასა ზედა?” (ფსალმ. 72. 25) – არაფერი, გარდა იმისა, რომ მარადის შენთან ვიყო.

ზოგიერთს სიმდიდრე ურჩევნია, ზოგს – დიდება, ზოგს პატივი, “ხოლო ჩემი მიახლებად ღმრთისა კეთილ არს, და დადებად უფლისა მიმართ სასოებად ჩემი უვნებობისა (ფსალმ. 72. 28).

რწმენა ლოცვას ფრთებს ასხამს. უმისოდ ლოცვას ზეცაში აღსვლა არ შეუძლია.

მსაჯულს “ღმრთისა არა ეშინოდა” (რადგან თავად იყო ღმერთი), მაგრამ, რადგან ცოდვით დაცემის შედეგად სიკეთისგან დაქვრივებული სული მოსვენებას არ აძლევდა, მაინც გამოიტანა განაჩენი და სული მოქიშპე ხორცისგან და მის წინააღმდეგ მებრძოლი ეშმაკებისგან დაიცვა (შდრ. ლუკა 18. 3-6).

ვნებებით შეპყრობილებმა არ შევწყვიტოთ უფლის წინაშე ვედრება, რადგან ვნებებისგან თავისუფალმა ყოველმა ადამიანმა ვნებული მდგომარეობიდან მიაღწია უვნებობას.

მადლიერ, კეთილ სულებს კეთილი უფალი სწრაფად უსრულებს სათხოვარს და ამგვარად მიიზიდავს თავისი სიყვარულისკენ. უმადურებსა და უგულისხმოებს კი მალე არ უსრულებს, რათა სათხოვრით მოშიებულებმა და მოწყურებულებმა გამუდმებით მოთმინებით ილოცონ და მას ევედრონ. ძაღლი, როცა პურს მიიღებს, მიდის. ასეა უგუნური და უგულისხმო სულიც: როცა სათხოვარს მიიღებს, უფალს აღარ ევედრება.

ნუ იტყვი: დიდხანს ვლოცულობ, მაგრამ არაფერი სარგებელი მაქვსო. უფლის წინაშე რომ დგახარ და ელაპარაკები, განა, ეს სარგებელი არ არის? რა შეიძლება იყოს უფრო დიდი, ვიდრე უფლის წინაშე დგომა და მასთან შეერთება?!

მსჯავრდებულს სასჯელის გამოტანისა ისე არ ეშინია, როგორც მოღვაწეს – არაფრით ავნოს ლოცვას. ამიტომ, თუ მოღვაწე ბრძენია და გონიერი, ლოცვაზე ზრუნვით შეპყრობილი ყოველგვარ ძვირის ხსენებას, ამაო საზრუნავს, ურჩობას, მწუხარებასა და სიმაძღრეს აღკვეთს.

ვიდრე ღვთის წინაშე ლოცვასა და ვედრებას შეუდგებოდე, სული წინასწარ მოამზადე ლოცვით, და მალე მიაღწევ წარმატებას.

მინახავს მორჩილებით გაბრწყინებული ადამიანები, რომ არ იზარებდნენ და გონებაში შეძლებისდაგვარად იხსენებდნენ უფალს, ლოცვაზე დადგომისთანავე საკუთარ გონებას ეუფლებოდნენ და მდინარესავით სდიოდათ ცრემლები, რადგან მორჩილების მიერ ლოცვისთვის წინასწარ იყვნენ მომზადებულნი.

სხვებთან ერთად ფსალმუნებისას გონება ეფანტებათ, ხოლო მარტო ყოფნისას ნაკლებად. მაგრამ განმარტოებით მყოფს მოწყენილობა ებრძვის, ხოლო სხვებთან ერთად მყოფს გულმოდგინება ეხმარება.

მეფისადმი მეომრის სიყვარული ბრძოლაში წარმოჩნდება, ხოლო მონაზვნის ღვთისადმი სიყვარული – ლოცვის დროს.

შენს სიმაღლესა და საქმეებს ლოცვა გიჩვენებს. წმიდა მამებმა მას მონაზვნის სარკე უწოდეს.

ვინც ლოცვის დროს სხვა საქმეს შეექცევა, ასეთს ეშმაკები დასცინიან. ეშმაკის ნება ის არის, რომ ერთი ჟამით სხვა ჟამი წაგვართვას.

თუნდაც სრულყოფილად ვერ ლოცულობდე, არ უთხრა უარი, როცა ვინმე ლოცვას გთხოვს, პირიქით, შემუსვრილი გულით ილოცე მისთვის; რადგან მთხოვნელის სარწმუნოებას ხშირად გულშემუსვრილად მლოცველიც უცხონებია.

ფრთხილად იყავი და არ იამაყო, თუ სხვისთვის ილოცებ და ღმერთი შენს ლოცვას შეისმენს. იცოდე, რომ უფალმა მათი რწმენის გამო მოგანიჭა მადლი.

ყოველი მასწავლებელი ცდილობს, ყოველდღე გაიგოს, თუ რა ისწავლა მისგან ბავშვმა. უფალიც ლოცვის დროს ყოველდღიურად მოელის ყოველი გონებისგან იმ ძალას, რომელიც ღმერთმა მიანიჭა.

როცა კარგად ილოცებ, მაშინ გაგიმართავენ მტრები ბრძოლას. ასეთია, საერთოდ, მათი ჩვეულება.

ყოველგვარი სათნოება, მით უმეტეს, ლოცვა, გულისხმიერად, გულმხურვალედ უნდა აღსრულდეს.

სული მაშინ ლოცულობს მხურვალედ, როცა მრისხანებას დაძლევს.

მტკიცეა ყოველი საქმე, რომელიც დიდი თხოვნის, შრომისა და დროის ფასად არის მოპოვებული.

ვისაც უფალი საკუთარ წიაღში მოუპოვებია, მას ლოცვის სიტყვიერად სწავლა აღარ სჭირდება, რადგან “სულთქუმითა მით უსიტყუელითა” (რომ. 8. 26) თავად სულიწმიდაა თავისივე თავის წინაშე მისთვის მეოხი.

ლოცვის დროს არ მიიღო ხილული ოცნება და ჩვენება. ვაითუ, გაგიჟდე და გონებიდან შეცდე.

ჩვენს ყოველგვარ თხოვნაზე დასტური ლოცვის დროს გვეძლევა.

დასტური ყოველგვარი ეჭვისგან გათავისუფლებაა.

დასტური უცნობის ზუსტი ცნობაა.

ძალიან მოწყალე იყავი, თუ წმიდა ლოცვას ეძიებ; რადგან მისი საშუალებით მონაზვნები ასეულს მოიპოვებენ, ხოლო დანარჩენები – დანარჩენს.

როცა სულში გულმხურვალების ცეცხლი აგიზგიზდება, მაშინ ლოცვა აღსდგება და აღემართება. როცა ლოცვა აღსდგება და ცად ამაღლდება, მაშინ მოხდება საღმრთო ნათელის გარდამოსვლა სულის სახლში.

მავანი ამბობს, რომ ლოცვა უფრო დიდია, ვიდრე სიკვდილზე ფიქრი. მე კი ვადიდებ ორბუნებოვან ერთ გვამს.

კარგი ცხენი, როცა გაირბენს და გახურდება, სიჩქარეს უმატებს. სირბილში ლოცვა-გალობას ვგულისხმობ, ხოლო ცხენში – მამაც გონებას.

ასეთი გონება შორიდანვე გრძნობს ბრძოლის მოახლოებას, და რადგან წინასწარ ემზადება, უკუნისამდე დაუმარცხებელი იქნება.

სისასტიკეა, როცა მწყურვალს პირიდან გამოსტაცებენ წყალს. რაოდენ დიდი სისასტიკეა, როცა ლმობიერებით მლოცველ მოღვაწე მონაზონს ლოცვის დამთავრებაში ხელს უშლიან.

არ შეწყვიტო და არც მოგწყინდეს ლოცვა, ვიდრე არ ნახავ, რომ ცეცხლი და წყალი დაგიბრუნდა. ვაითუ, ცოდვათა შენდობისთვის სხვა შესაფერისი ჟამი ცხოვრებაში აღარ დაგიდგეს.

ვინც ლოცვის გემო იხილა, ხშირად ერთი სიტყვითაც კი შემწიკვლავს თავის გონებას, და ლოცვაზე დამდგარი ჩვეულ საწადელ სიტკბოებას ვეღარ პოულობს.

სხვაა გულის ზედამხედველობა და სხვა — მთავარი და მღვდელთმოძღვარი გონების მიერ გულის ეპისკოპოსობა, რომელიც სიტყვიერ მსხვერპლს სწირავს ქრისტეს.

როგორც ერთი ღვთისმეტყველი ამბობს, ზეციდან მოსული წმიდა ცეცხლი ზოგიერთს მისი სიწმინდის სიმცირის გამო წვავს, ზოგიერთს კი მისი სრულყოფილების შესაბამისად განანათლებს. ამ ცეცხლს მწველიც ეწოდება, განმანათლე- ბელიც და განმწმენდელიც იმიტომ, რომ ზოგიერთი ლოცვის შემდეგ ისე იწმინდება, თითქოს ცოდვათა ნივთის შემწველი ქურიდან გამოსულიყოს; სხვები სინათლით აღვსილნი, ზეცი- ური სიმდაბლითა და სიხარულით შემოსილნი არიან ლოცვის დამთავრებისას; ხოლო ვინც ლოცვის შემდგომ ამ ორის გარეშე რჩება, ასეთს ხორციელად, და არა სულიერად ულოცავს.

თუ ხორცს სხვა ხორცთან შეხებისას ეცვლება იერი და ბუნება, მაშინ როგორ შეიძლება არ შეიცვალოს ის, ვინც ღვთის ხორცს უცოდველი ხელით ეხება?!

ამქვეყნიურ მეფეთა მსგავსად, ჩვენი სახიერი მეუფე თავის მეომრებს ზოგჯერ თავად მიმადლებს ნიჭს, ზოგჯერ მეგობრის ხელით და ზოგჯერ – ფარულად. მაგრამ მადლს ჩვენი სიმდაბლის შესაბამისად ამრავლებს ჩევნში.

რამდენადაც მიწიერ მეფეს სძაგს, როცა მის წინაშე მდგომი ადამიანი პირს იბრუნებს და მეფის მტერს დაუწყებს საუბარს, იმდენად საძაგელია უფლის თვალში ის, ვინც ლოცვაზე დგომის ჟამს უწმინდურ აზრებს ღებულობს.

როცა გონების მიმტაცებელი ძაღლი მოვა, ლოცვის საჭურვლით განდევნე, და არაფერი დაუთმო, რაც უნდა გააფთრდეს.

გლოვით ითხოვე, მორჩილებით ეძიე და მოთმინებით რეკე, რადგან ვინც ამგვარად ითხოვს – მიიღებს, ვინც ეძებს იპოვის და ვინც რეკავს – გაუღებენ (შდრ. მათე 7. 8).

ფრთხილად იყავი და დედაკაცისთვის ბევრი არ ილოცო. ვაითუ, მარჯვენა მხრიდან გაგძარცვონ.

ლოცვის დროს არ დაიწყო აღსარება, თუ როგორ ჩაიდინე ხორციელი ცოდვები, რათა საკუთარი თავის მკვლელი არ აღმოჩნდე.

ლოცვის დროს არ იკვლიო სულიერი საქმეები, წინააღმდეგ შემთხვევაში, უფრო მეტს დაკარგავ.

ვისაც გამუდმებით ლოცვის კვერთხი უპყრია, ის არ წაბორძიკდება. რამეც რომ შეემთხვას და წაბორძიკდეს, არ დაეცემა, რადგან ლოცვა საღმრთო და ტკბილი ბორკილია, რომელიც კაცს ბოროტებამდე არ მიუშვებს (შდრ. ლუკა 18. 5).

ლოცვის სარგებელს იმით ვცნობთ, რომ მტრები ისე არასდროს გვებრძვიან, როგორც ლოცვის დროს. ლოცვის ნაყოფს კი მაშინ ვცნობთ, როცა მტრები სრულიად დამარცხდებიან. “ამით ვცან, რამეთუ მინებე მე, რამეთუ არა უხაროდის მტერსა ჩემსა ჩემ ზედა” ბრძოლის დროს (ფსალმ. 40. 12).

მეფსალმუნე ამბობს: “ღაღად-ვყავ ყოვლითა გულითა ჩემითა” (ფსალმ. 118. 145), ანუ ღაღად-ვყავ პირით, სულითა და გულით, რადგან სადაც ლოცვის დროს სული და გონება ერთად შეიკრიბება, ღმერთიც იქ, მათ შორის იქნება.

ხორციელად თუ სულიერად ყველა ერთნაირი არ არის. ზოგიერთი – სწრაფად, ზოგიერთი კი ნელა ფსალმუნებს, რადგან პირველნი გონებაგაფანტულობას ებრძვიან, ხოლო მეორენი – უსწავლელობას.

თუ უფალს მტრებისთვის განუწყვეტლივ ევედრები, დარწმუნებული იყავი, რომ მათი მოახლოებისას დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდება და თავად გაგეცლებიან, რადგან ამ უწმინდურებს არ სურთ, მათთან ბრძოლაში გვირგვინი მიიღო, დალოცვისგან გვემულნი ისევე გაიქცევიან, როგორც ცეცხლისგან.

იყავი მამაცი და ამგვარად გახდება ღმერთი შენი ლოცვის მასწავლებელი.

როგორც მხედველობაა ბუნებრივი და სიტყვით არ ისწავლება, ისე ლოცვის მშვენიერებას სიტყვით ვერ გასწავლის სხვა. მისი მასწავლებელი ღმერთია. ლოცვა სიტყვები კი არ არის, რომელთაც გაიგებ და დაისწავლი, ან რამე ხელობა, რომელსაც სხვისგან ისწავლი, არამედ ლოცვის მასწავ- ლებელი ღმერთია, “რომელმან ასწავის კაცთა მეცნიერებად” (ფსალმ. 93. 10), მლოცველებს სათხოვარს უსრულებს და ”აკურთხნის წელიწადნი მართლისანი”, რამეთუ მისია დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


წყარო: წიგნი: “კლემაქსი ანუ კიბე”.

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge© 

Share