IMG 0033 1

საღმრთო ლიტურგია – აღდგომისა და სინათლის მომტანი მდგომარეობა – წმიდა სოფრონ ესექსელი (სახაროვი)

მადლობა ღმერთს, რათა საშუალება მომეცა კიდევ ერთხელ გიხილოთ და გესაუბროთ. დღეს შევეკითხე მღვდელმონაზონს, თუ რაზე შეიძლებოდა გველაპარაკა? მან დაუყოვნებლივ, პირდაპირ მიპასუხა: „საღმრთო ლიტურგიის შესახებ“. მაშასადამე, ვემორჩილები ადამიანს, რომელსაც ლიტურგიით ცხოვრება სწყურია. მიჭირს ამ თემაზე საუბარი. მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდში ღმერთი სხვადასხვანაირ ლიტურგიკულ გამოცდილებას მაძლევდა. ჩემი მონაზვნობის დასაწყისი მშვენიერი იყო, რომელიც რამდენიმე წელი გაგრძელდა. ლიტურგიის შემდეგ ყოველთვის აღდგომის შეგრძნება მქონდა, რომელსაც გამარჯვებისა და ნათელის განცდა ჰქონდა.

თავად მე სასოწარკვეთილებაში ვცხოვრობდი, რადგან ჩემ თავს არ ვთვლიდი ცხონების ღირსად. ლიტურგიის შემაძრწუნებელი საიდუმლოს სიდიადის წინაშე მისი ნამდვილი არსის გახსნა, ჩვენგან დიდ ღვაწლს მოითხოვს და სიტყვები „რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე ძე ღმრთისა ცხოველისა. მოსრული სოფლად ცოდვილთა ცხოვრებად“ სულ სხვაგვარად გაჟღერდება ჩვენს სულებში, რადგან როცა ყოველდღე მხოლოდ ამით ვიცხოვრებთ, მაშინ ჩვენ გამოუთქმელად გვეძლევა სხვაგვარი ხედვის უნარი. ხოლო ყოველივე რაც ქრისტემ მოიმოქმედა – ეს ღმერთის განსაცვიფრებელი საოცრებაა. მან, რომელმაც ადამიანი თავის მსგავსად შექმნა, მასთან (ადამიანთან) ერთად ცხოვრება ისურვა.

ჩვენი ლიტურგიის შესახებ შემზარავი სიტყვები მოვისმინე. კერძოდ, ზოგიერთები ქრისტიანებს კანიბალიზმში გვადანაშაულებენ და ამბობენ თითქოს ადამიანის სისხლსა და ხორცს ვჭამთ და ვსვამთ. გაიხსენეთ, როგორ წერია სახარებაში. როცა ქრისტემ ამის შესახებ თქვა, მას მაშინ მრავალი განეშორა, – ამბობდნენ: ვის შეუძლია ამ სასტიკი სიტყვების მოსმენაო.

ღმერთი ამ საკითხს სხვაგვარად უდგება. როდესაც ჩვეულებრივი, ქმნილი პური, ღმრთის ნებით ხდება ხორცი ქრისტესი, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, მაშინ დგება მომენტი, როდესაც ეს მოვლენა ყოველგვარი ახსნის გარეშე ნათელი ხდება, ამასთანავე ვიღებთ გამოცხადებას, რომ ჭეშმარიტად, ქრისტე ღმერთია! რადგანაც ყოველი მისი ქმედება აღსავსეა გასაოცარი სიდიადითა და სიყვარულით ადამიანის მიმართ. ჩვენთვის ცოცხლდება სიტყვები: „რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ქრისტე ძე ღმრთისა ცხოველისა. მოსრული სოფლად ცოდვილთა ცხოვრებად“ და ვხედავთ, თუ როგორ ბრძნულად მოქმედებს ქრისტე ადამიანის გადასარჩენად. როდესაც ქრისტეს მცნებებით ვცხოვრობთ, მაშინ, ბუნებრივია, ჩვენში ყველა მოვლენის სულიერი აღქმის განცდა ვითარდება.

აღდგომის პერიოდში ვგალობთ: „ქრისტე აღდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“, ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ჩვენი გონება ამას მაინც ვერ იტევს. როდესაც მთელი ჩვენი არსებით, რამდენადაც შეგვიძლია, ლიტურგიით ვცხოვრობთ, მაშინ ნელ-ნელა გვიფაქიზდება გული და მრავალი სულიერი მოვლენის მიმართ უფრო მგრძობიარენი ვხდებით. ჩვენ ვიწყებთ იმის შეგრძნებას, რასაც ვერ გრძნობენ ისინი, ვინც არ იცნობს ქრისტეს, არ ეძებენ მას, არ უყვართ ის და არ ცხოვრობენ მისი მცნებებით.

„სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“, – რა უცნაურია! ის თავისი მცნებებით გვაძლევს საშუალებას, რომ შევიგრძნოთ ამ სიტყვების სრული ჭეშმარიტება, მაგრამ ეს მაინც აღემატება ჩვენს გონებას და ჩვენ არანაირად არ ძალგვიძს, რომ ჩავწვდეთ ყველაფერს, რაც ამ სიტყვებით არის ნათქვამი.

მაშასადამე, შემინდეთ, ვისურვებდი, რომ თქვენ ყველამ მრავალი ხანი იცოცხლოთ და ღმერთმა მოგცეთ თქვენ იმგვარი სიცოცხლე, როგორიც მე ჩემი მონაზვნური ცხოვრების პირველ წლებში ქრისტესგან მომეცა.

მართლაც, ეს ჭეშმარიტად აღდგომის განცდა იყო. მრცხვენია ამის თქმა, მაგრამ იმ დროიდან, როცა ქრისტემ საერო ცხოვრებიდან გამომიყვანა და თავისკენ მიმიზიდა, – მე არასდროს არ განმიცდია უიმედობა.

როდესაც საკუთარ დაცემულობას ვჭვრეტდი და მწვავედ ვგრძნობდი ჩემს არასრულყოფილებას, ამავდროულად აღდგომის სიხარულს ვატარებდი.

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი აღნიშნავს იმას, რომ ცხვრები შუადღის პაპანაქებაში მზის მწველი სიცხისგან იძინებენ, რადგან თავს უკვე ცუდად გრძნობენ, – ასევე მრავალი ქრისტიანი, რომლებიც ქრისტეს მცნებების აღსრულებაში არ შრომობს, სულიერად იძინებს და ლიტურგია უკვე ისე აღარ მოქმედებს მათზე.

მაგრამ, ზოგადად მინდა ვთქვა, რომ როდესაც ჩვენ ქრისტეს ხორცის ნაწილსა და მისი სისხლის რამდენიმე წვეთს ვღებულობთ, განცვიფრებულნი ვრჩებით იმ გამოუთქმელი განცდით, თუ რამდენად ძლიერ ვუყვარვართ მას და ამავდროულად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენმა შემოქმედმა ყველაფერი ჩვენი გადარჩენისთვის აღასრულა. მაგრამ ამავე დროს, ჩვენი საკეთებელი მოთმინებითა და სიბრძნით აღსავსე შრომაა.

ამ ყველაფერზე შეიძლება მხოლოდ ვიფიქროთ, მაგრამ ვერ გამოვხატოთ სიტყვებით, რადგანაც უსაზღვრო ოკეანესავით ღრმაა ყოველივე ეს და ადამიანურ ენას არ ძალუძს გამოთქვას.

აი, მართლაც უცნაური რამაა, 67 წელია რაც შემოსილი ვარ და საღმრთო ლიტურგია ყოველთვის რაღაც ახალი, უნიკალური და განუმეორებელი გამოცდილების მომტანია და შეუძლებელია მიეჩვიო ამას.

როცა ჩვენს ღრმა გულში ქრისტეს მყოფობის შეგრძნებით სიმშვიდეს ვიძენთ, მაშინ, რა თქმა უნდა, უფრო მარტივი ხდება ადამიანების მსახურება და ჩვენი გული ქრისტესადმი მადლიერებითაა აღსავსე, რადგან მან ჩვენთან ორგანულად შეერთების გზა დაგვისახა.

წმიდა ბასილი დიდის ლიტურგიაში ნამდვილად ზეციური სიტყვებია, როდესაც ვუღრმავდებით ამ ლოცვებს, რომლებიც ჩვენი რწმენის დოგმატებს გამოთქვამენ, მაშინ ნამდვილად ამ სიტყვების ჭეშმარიტ სფეროში შევდივართ.

ჩვენი ბუნება ქრისტეს მცნებების მიხედვით იზომება, თუ რამდენად ვგავართ მას. ნეტარმა სილუანმა (ათონელი) ამგვარად გამოთქვა ეს სიტყვებით: „ჩვენი ძმა ჩვენი სიცოცხლეა“. ქრისტე საშინელ სამსჯავროზე გვეტყვის, რომ ჩვენს ცხოვრებაში შემხვედრი ადამიანების სახით თავად მას შევხვდით. როდესაც ამ ყველაფერს თუნდაც მცირედით გავაცნობიერებთ, მაშინ მადლიერებითა და სიყვარულით აღვივსებით და ჩვენს თვალთაგან ცრემლი წარმოედინება.

იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე. ამინ.

ილოცეთ ჩემთვის.

წყარო: https://youtu.be/

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©