efrem arizoneli 2

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – მთელ ღამეს იესუს ლოცვას ვუძღვნიდით

ძალიან ნაყოფიერია იესუს ლოცვის ხმამაღლა, ჩვენთვის გასაგებად, ჩურჩულით წარმოთქმა. ამ დროს ქრისტეს სახელის მოხმობა ფუტკრების ზუზუნს მოგვაგონებს, რომლებიც თავიანთ სკაში ყველასათვის საჭირო და სასარგებლო თაფლს ამზადებენ. ჩვენც ასევე, როგორც სულიერი ფუტკრები, ქრისტეს სახელის ხმამაღლა მოხმობით ჩვენთვის დიდად მარგებელ ‘’სულიერ თაფლს’’ გამოვიმუშავებთ.

ბაგისმიერი მოხმობით, თანდათანობით, იესუს ლოცვა შინაგანი ხდება, გონებას გულისკენ ეხსნება გზა, რის შემდეგაც ადამიანი ლოცვას განსაკუთრებული ძალდატანების გარეშე წარმოთქვამს. გაიღვიძებს თუ არა იესუს ლოცვა თავისით მიედინება მასში! დასაწყისში გარკვეული შრომა და ძალისხმევის გაწევა გვიწევს და როდესაც წარვემატებით და ხშირი მოხმობით, როგორც ‘’ბულდოზერით’’ გავარღვევთ ამ გზას გულისკენ, მაშინ ლოცვა თავისუფლად ამოქმედდება. თუკი ადამიანი კიდევ უფრო წარემატება და უფრო სიღრმისკენ წავა, როგორც ისიქასტი მამების შემთხვევაში ხდება, მის გულში ჩვეულებრივი გზა კი არა, მთელი ‘’პროსპექტი’’ იხსნება. მაშინ გულის ერთადერთი საზრუნავი და საკვები ქრისტეს სახელი ხდება, მაშინ ადამიანი ულევ სულიერ სიმდიდრეს მოიხვეჭს და მის შინაგან სამყაროში ნამდვილი დღესასწაულია.

ამიტომაც ისიქასტური ცხოვრების წესი, იესუს ლოცვით, სკვნილით და მეტანიებით გაცილებით მაღლა დგას ვიდრე ფსალმუნთგალობა. რა თქმა უნდა არ უარვყოფთ სხვადასხვა საკითხავებს, ტროპარებს, დაუჯდომლებს, პარაკლისებსა და ფსალმუნებას, რაც თავისთავად ძალიან კარგია, თუმცა ეს ყველაფერი მაინც ვერ შეედარება იესუს ლოცვას. სწორედ ამიტომ ვიძინებდით ადრე და მთელ ღამეს იესუს ლოცვას ვუძღვნიდით…

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ