ქრისტე 1

სულიერი ცხოვრების მიზანი – მკვდრეთით აღმდგარ ქრისტესთან შეერთება – მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი

ქრისტეს აღდგომა, როგორც უნიკალური ისტორიული მოვლენა, ქრისტიანობას ნებისმიერი სხვა რელიგიისაგან განასხვავებს. სხვა რელიგიების დამფუძნებლები მოკვდავნი იყვნენ და გარდაიცვალნენ, ხოლო ჩვენი ეკლესიის თავი – მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეა. ქრისტეს აღდგომა ადამიანური ბუნების განახლება, კაცობრიობის მეორედ შობა და ღმრთის სასუფევლის განცდაა.

პავლე მოციქული ამბობს: “უკუეთუ ქრისტე არა აღდგომილ არს, ამაო არს სარწმუნოებაჲ ეგე თქუენი”(1.კორ.15:16). ქრისტეს აღდგომის გარეშე: “უსაწყალობელეს ყოველთა კაცთასა ვართ”.

იერეთეოს ვლახოვი
მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსი

აღდგომის დღესასწაული დიდი შაბათიდან იწყება. ჯოჯოხეთის შემუსვრა და სიკვდილის მოკვდინება ამ დღესასწაულის სიღრმისეულ არსს წარმოადგენს. ქრისტე სიკვდილის სამფლობელოში შევიდა, საკუთარი ნებით დათანხმდა, რომ მომკვდარიყო, რომლის შემდეგაც თავისი ღმრთეების ძალით დაამარცხა სიკვდილი, სრულიად დააუძლურა და საკუთარი ძალითა და ხელმწიფებით თითოეულ ადამიანს მიანიჭა იმის ხელმწიფება, რომ სიკვდილისა და ეშმაკის ბატონობას დააღწიონ თავი.

ამ ყველაფრის უფრო სირღმისეულად გასაგებად, მნიშვნელოვანია წმ. იოანე ოქროპირის სიტყვა, რომელიც სააღდგომო ლიტურგიაზე იკითხება. იქ ვკითხულობთ, რომ შეხვდა რა ჯოჯოხეთი ქრისტეს: ,, განმწარდა. განმწარდა, რამეთუ განქარდა, განმწარდა, რამეთუ მოიკიცხა, განმწარდა, რამეთუ მოიკლა, განმწარდა, რამეთუ დაიმხო, განმწარდა, რამეთუ შეიკრა’’. ნათელია, რომ ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლის მიზანი სიკვდილის განქარვება იყო. ეს მოვლენა ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში იყო ნაწინასწარმეტყველები. წინასწარმეტყველი ესაია ამბობს: ,, სპილენძის კარებს შევლეწავ და რკინის ურდულებს დავამტვრევ’’(ეს. 45:2). როდესაც იოანე ოქროპირი ამ მოვლენას განმარტავს აღნიშნავს, რომ წინასწარმეტყველის სიტყვებში არ წერია სპილენძის კარებს გავაღებო, არამედ ,,შევლეწავო’’- რათა ტყვეობის ეს ადგილი აღარ ყოფილიყო საჭირო. არც ის უთქვამს ურდულებს მოვხსნიო, არამედ დავამტვრევო – რათა სულთა საპრყობილე დაეუძლურებინა, რადგან იმ სატუსაღოში, სადაც არ არის არც კარი და არც ურდული, იქ ვეღარავის დაატყვევებ. თუ ქრისტე რამეს ანადგურებს და ფერფლად აქცევს, მაშინ იმის აღდგინება აღარავის შეუძლია.

მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ქრისტე მენელსაცხებლე დედებსა და თავის მოწაფეებს ეჩვენა. რატომ არ გამოეცხადა ყველა ადამიანს? განსაკუთრებით მათ, ვინც ის ჯვარს აცვეს და უარყოფდნენ მის აღდგომას?

ქრისტეს გამოცხადება არასდროს აღესრულება სანახაობისთვისა და ადამიანის იძულებისთვის. ქრისტე არასდროს არავის აძალებს რწმენას. გარდა ამისა, ღმერთისა და ადამიანის შეხვედრა ამ უკანასკნელითვის საკმაოდ კრიტიკული მომენტია. მომავალ ცხოვრებაში, ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ, მას ყველა იხილავს. მათთვის, ვინც მოემზადა და განიწმინდა, ცოცხალ ღმერთთან შეხვედრა სიხარულის სამეფოს აღმოჩენა გახდება, ხოლო, მათთვის ვინც არ განწმენდილა, ეს მოვლენა ჯოჯოხეთად იქცევა. სწორედ ამ მიზეზით არ ეჩვენა ყველას უფალი.

თუმცა, აღდგომოს შემდეგ ქრისტეს მოწაფეებთან შეხვედრა მხოლოდ მათთვის არ მომხდარა. ყველა, ვინც სწორი სულიერი ცხოვრებით სულიერი კურნებისა და განწმენდის გზას გაივლის, ღირსი გახდება ქრისტეს აღდგომის თანამონაწილეობისა და მკვდრეთით აღმდგარი ცოცხალი ქრისტეს ხილვისა.
მკვდრეთით აღმდგარ ქრისტესთან შეხვედრა ადამიანის სულიერ მდგომარეობასთან პირდაპირ კავშირშია. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტე კონკრეტულ დროსა და კონკრეტულ საათში აღდგა, მთელი ამ საუკუნეების მანძილზე არსებობენ მისი აღდგომის მოწმენი. უამრავი წმინდანი გახდა ღირსი მკვდრეთით აღმდგარი ცოცხალი ქრისტეს ჭვრეტისა. მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც ქრისტეს სხეულია, აღდგომის გამოცდილების მიღების საშუალებას გვაძლევს. წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი, როდესაც საუბრობს ლოცვაზე: ,,აღდგომა ქრისტესი ვიხილეთ’’, გვაწავლის, რომ ამ სიტყვებით ჩვენ მხოლოდ აღდგომის ისტორიულ ფაქტს კი არ ვგულისხმობთ, არამედ მკვდრეთით აღდგმარ ქრისტეს, რომელთან შეხვედრაც ეკლესიის წიაღშია შესაძლებელი. ჩვენ არ ვამბობთ, რომ აღდგომა ქრისტესი ვირწმუნეთ, არამედ ,,ვიხილეთ’’. არსებობს აღდგომის მრავალი მორწმუნე, მაგრამ თუმცა მცირედნი, მაგრამ მაინც არსებობენ ისეთები, რომლებიც გულისმიერად მოუკლებლად ჭვრეტენ მკვდრეთით აღმდგარ, ნათელმოსილ და უხრწნელებითა და ღმრთეებით გაბრწყინებულ ქრისტეს. ასე რომ, არსებობენ ქრისტეს აღდგომის რწმენით მიმღებელნი და არსებობენ მისი მხილველნიც. სწორედ ეს უკანასკნელნი არიან ქრისტეს აღდგომის ჭეშმარიტი მოწმენი.

წმინდა წერილის თანახმად, მკვდრეთით აღდმგარ ქრისტეს პირველად მენელსაცხებლე დედები შეხვდნენ. მომხდარი მოვლენებისაგან შეშინებული მოციქულები კი იმალებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ გათენებულიყო, ეს დედები სიყვარულითა და სიმამაცით აღვსილნი ქრისტეს საფლავისკენ გაემართნენ, რათა მისი ყოვლადპატიოსანი სხეულისთვის ნელსაცხებელი ეცხოთ. ისინი ვერც სიბნელემ შეაშინა, ვერც იმ ადგილის უდაბურობამ და ვერც საფლავის დასაცავად განწესებულმა მცველებმა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ იმისათვის, რომ მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეს შევხდეთ და ვიხილოთ, აუცილებელია სიყვარული და სიმამაცე.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რომ ქრისტეს აღდგომა ისე აღვნიშნოთ, როგორც მხოლოდ ისტორიული ფაქტი; ეს არის ონტოლოგიური მოვლენა, რომელიც აღდგომის მადლთან ზიარების საშუალებას გვაძლევს. ამის მისაღწევად კი, როგორც ეკლესიის ყველა მამა გვასწავლის, საჭიროა ხორციელი და სულიერი გრძნობების განწმენდა.

ადამიანის სულიერი ცხოვრების მიზანი – მკვდრეთით აღმდგარ ქრისტესთან შეერთება და საკუთარი გულის სიღრმეში მისი ჭვრეტაა. ქრისტე ადამიანის გულში აღდგება, მოაკვდინებს ვნებიან გულისსიტყვებს, რომლებიც დემონური ზემოქმედებით ჩნდებიან, გადალახავს ვნებიან გამოსახულებებსა და ცოდვისმიერ ზრახვებს ისევე, როგორც საფლავის დამბეჭდავი ლოდი გადალახა. აქედან გამომდინარე, საუბარია აღდგომის არა გარეგნულ და ფორმალურ აღნიშვნაზე, არამედ უპირველესად – შინაგანზე.

აღდგომის საიდუმლოებაში თანამონაწილეობა კი განღრმთობის გამოცდილების განცდას ნიშნავს. ის, ვინც საკუთარ თავს აღდგომის მიუწვდომელ ძალას მიანდობს, ანუ ვინც ქრისტეს გულს გაუხსნის, ის გამოცდილებით შეიცნობს, თუ რა მიზნით შექმნა ქრისტემ სამყარო. ადამიანი იმისთვის შეიქმნა, რომ განღმრთობას მიაღწიოს და ადამიანის მიერ მთელმა სამყარომ ნათელი მიიღოს. ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ ის, ვინც ამ ყველაფერს მიაღწევს, თავისი არსებობის მიზანს ამართლებს.

წმინდა იოანე ოქროპირის ამ მართლაც ტრიუმფალურ ჰიმნში ვკითხულობთ, რომ ქრისტეს აღდგომით ყველა ადამიანური უბედურება განქარდა.

არავინ იტიროს თავისი სიღარიბე და საერთოდ ნებისმიერი მატერიალური სიკეთეების ნაკლებლობა, რადგან გამოჩნდა ,,ყოველთათვის სასუფეველი’’.

არავინ წარიკვეთოს სასო ჩადენილი ცოდვების გამო, რადგან ,,შემნდობელი ჩუენი აღმობრწყინდა საფლავით’’.

არავის ეშინოდეს სიკვდილის, რადგან ,, განმანთავისუფლა ჩუენ სიკვდილმან მაცხოვრისამან’’.

ქრისტეს აღდგომის უნივერსალურობა აბსოლუტურია და მისი ნაყოფები უკლებლივ ყველას ეძლევა. რამდენადაც ვიკეტებით და ვრჩებით ჩვენს საკუთარ შემოსაზღრულობაში და ქრისტეს მხილველი მოწაფეების სიხარულის თანაგანმცდელნი არ ვართ, იმდენად ვგოდებთ, ვტირით, იმედს ვკარგავთ და გვეშინია.

წყარო: https://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©