1

სულის გზა – არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი (ვაფიდისი). ნაწილი 1

სულიერი ცხოვრება ლოგიკაზე არ შენდება. სწორედ ის არის ჩვენი წარუმატებლობის მიზეზი, როდესაც ვცდილობთ, რომ ლოგიკის მიღმა არსებულ სულიერ საკითხებზე რაციონალურად ვიმსჯელოთ. ჩვენი საუბრის თემა – სულის გზაა.

ჩვენს კვლევას იმ მომენტიდან კი არ დავიწყებთ, როდესაც ადამიანის სული გადაწყვეტს, რომ ქრისტიანულად იცხოვროს, არამედ იმ წამიდან, როდესაც ის სულიერი წინსვლის პრობლემას ეჩეხება. ჩვენი საუბარი ადამიანის ცოცხალ სულს ეხება და ამიტომაც, როგორც ხვდებით, მას არ ექნება არც საღმრთისმეტყველო, არც სამეცნიერო და არც დოგმატური ხასიათი, არამედ სუფთა პრაქტიკული. ჩვენს მიერ ამჟამად განსახილველ  პრობლემას ყოველდღიურად ვაწყდებით. ვეცდებით, რომ დასკვნები ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე გავაკეთოთ და არ დავეყრდნოთ მხოლოდ თეორიულ მსჯელობას. იქნებ სულ სხვა თვალით შეხედოთ დღეს ამ თემებს.

როდის იწყებს სული სულიერ ცხოვრებაზე ფიქრს? აი, სწორედ ეს მომენტია ათვლის წერტილი. რას ვგულისხმობთ, როდესაც ვახსენებთ ,,სულიერ ცხოვრებაზე დაფიქრებას’’? ზმნას ,,დაფიქრებას’’ ჩვეულებრივი სასაუბრო ენიდან გამომდინარე ვხმარობთ, რადგან სულს არ გააჩნია დაფიქრების უნარი, ის უბრალოდ განიცდის და შეიგრძნობს გარეკვეულ სულიერ მოვლენებს. ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც ვამბობთ, რომ სული სულიერი ცხოვრების დაწყებას ,,ფიქრობს’’, ესეიგი ის საფუძვლიანად იძვრის და მთელი არსებით სწყურია იმ მდგომარეობიდან გამოსვლა, რომელშიც იმყოფება. მას სურს და სწყურია ახალი სიცოცხლე.

როგორც ხედავთ, ჩვენ იმ სიტყვებსა და ცნებებს ვიყენებთ, რომელებიც მეტ-ნაკლებად გარეგნულად შეესაბამება სულიერ ყოფიერებას.

როდის აღიძვრება სულში ნამდვილი სულიერი ცხოვრების დაწყების წყურვილი? მაშინ, როდესაც მასში ჩნდება განდევნილობისა და გაუცხოების შეგრძნება. განცდა იმისა, რომ იმ ადგილის მიღმა მყოფობს, რომელიც მისთვისაა განსაზღვრული. აცნობიერებს რა საკუთარ განდევნილობას და სამშობლოდან შორს ყოფნას, ის შინაგანად წყვეტს: ,, მე სახლში უნდა დავბრუნდე’’.

ადამიანი თავის ამ გზას იწყებს მაშინ, როდესაც საკუთარ თავში იმ კედელს იგრძნობს, რომელიც მასსა და ქრისტეს შორის აღმართულა. სული გრძნობს, რომ განდევნილია, რომ მასში არ მკვიდრობს ცოცხალი ღმერთი, რომ ის სამშობლოს, მამის და შემოქმედის გარეშეა დარჩენილი. ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობის მიღმა განდევნილობაში მყოფი, შინაგანად წყვეტს: ,, რაოდენთა სასყიდლით-დადგინებულთა მამისა ჩემისათა ჰმატს პური, და მე აქა სიყმილითა წარვწყმდები. აღვდგე და წარვიდე მამისა ჩემისა და ვჰრქუა მას: მამაო, ვცოდე ცად მამართ და წინაშე შენსა, და არღარა ღირს ვარ მე წოდებად ძედ შენდა, არამედ მყავ მე ვითარცა ერთი მუშაკთაგანი’’(ლკ. 15:17-19).

ასე რომ, სანამ არ ვიგრძნობთ ამ კედელს, რომელიც ჩვენს გულში ჩვენსა და ქრისტეს შორის აღმართულა, სანამ არ განვიცდით საკუთარ განდევნილობას, მანამდე შეუძლებელია სულიერი ცხოვრების დაწყება.

როდესაც სული გააცნობიერებს, რომ მასსა და ქრისტეს შორის გაუვალი უფსკრულია, რომ იმდენად დიდია ეს დაშორება, რომ ის უუნაროა მასთან საუბრისა, მაშინ იწყებს სწრაფვას, რომ მიეახლოს ქრისტეს და გული გაუხსნას მას.

ერთ მშვენიერ დღეს სული შეიგრძნობს, რომ განდევნილი და მიტოვებულია. ჩვენც როდესაც ვხედავთ, რომ რაღაც ძირს დავარდა, ვცდილობთ, რომ ავიღოთ და თავის ადგილას დავაბრუნოთ. ეს სული შეიძლება სათნოებებითაც აღსავსე იყოს: უბიწოებით, სისუფთავით და ა.შ, მაგრამ ის მაინც გრძნობს, რომ მიტოვებულია და სასიცოცხლოდ ესაჭიროება ეკლესიის სხეულთან ცოცხალი კავშირი. ამიტომაც ამბობს: ,,წავალ, ჩემს სახლს მოვეძებნი’’.

აქედან გამომდინარე, სულიერი ცხოვრების დასაწყისი საკუთარი განდევნილობის, მიტოვებულობისა და შინაგანი კედლის ან უფსკრულის განცდით იწყება. სანამ ადამიანში ეს შეგრძნება არ დაიბადება, მანამდე სული ადგილიდან არ იძვრის. ის შეიძლება ნომინალურად და გარეგნულად ქრისტიანულად ცხოვრობდეს, მაგრამ სანამ მასში ეს ძლიერი განცდა არ გაჩნდება, სულიერი ცხოვრების დასაწყისიც კი არ ჩანს ჰორიზონტზე. ის ჯერ კიდევ შორს იმყოფება იმ მდგომარეობისგან, რომ გულით თქვას: ,,კურთხეულ არს ღმერთი ჩვენი…’’, მასში ცისკარი ჯერ კიდევ არ დაწყებულა და ჯერ არ მისულა საღმრთო ლიტურგიის მდომარეობამდე, რომელიც ქრისტესთან გვაერთდებს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი, რომ ადამიანისთვის სასისცოცხლოდ აუცილებელია იმის შეგრძნება, რომ ის ქრისტესგან შორს იმყოფება და მიტოვებულია.

ჩვენი სული დაწყლულებულია, განდევნილია, ოთხკედელში გამომწყვდეულია და ვერაფერს ხედავს. ის მთელი არსებით ცდილობს, რომ გაარღვიოს ეს ვიწრო საპყრობილე და კედლის მიღმა ქრისტეს შეხვდეს. რა არის ამისთვის საჭირო?

ადამიანის გული საკუთარ სურვილებსა და მოტივებში საკმაოდ მერყევია. მას თან უყვარს და თან იმ წუთას შეუძლია შეიძულოს. შეიძლება თან სძულდეს და თან უყვარდეს. თან განიკითხავს და თან აღამაღლებს. თან აღთქმას დებს წმინდად ვიცხოვრებო და ამავდროულად საკუთარ თავს ეშმაკს უთმობს.

ამიტომაც სიტყვა ,,საჭირო’’ უადგილოა და არ მაქვს პასუხი კითხვაზე თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ ადამიანმა ეს გარღვევა მოახდინოს. დაე სული მხოლოდ წინ მიიწევდეს ქრისტესთან შესახვედრად და ჰქონდეს განცდა საკუთარ მდგომარეობისა.

ადამიანი სამოთხიდან განდევნილია და ერთადერთი, რასაც ადამიანის სული გრძნობს არის სირთულე. მისთვის ყველაფერი რთულია: შობას, საკვების მოპოვებაც და ყველანაირი წამოწყება. ყველაფერი რთულია მისთვის!

საიდან იწყება ეს სირთულე? წამება ყოველთვის სიამოვნებებისკენ დაუოკებელი სწრაფვისგან მოდის. როდის გაჩნდა ეს? როდესაც ადამიანი ცოცხალი ღმერთისგან შორს, შიშველი აღმოჩნდა. იმ წამსვე განიძარცვა, როგორც კი აკრძალული ნაყოფი იგემა. იქამდე ევა იყო ამ მდგომარეობაში, მაგრამ მათ ცხადად მხოლოდ მაშინ დაინახეს ერთმანეთის სიშიშვლე, როდესაც ორივემ მიიღო ნაყოფი. ეს განშიშვლება მანამდე მოხდა, რადგან სხვა შემთხვევაში ისინი ამ ნაყოფს არ მიიღებდნენ.

ყურადღებით ისმინეთ, რადგან სულის გზის გააზრებას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრაქტიკული თვალსაზრისით. ჩვენს გზას ვიწყებთ ტკივილით, რომელიც ჩვენს სიშიშვლესთანაა დაკავშირებული. სულისთვის აუცილებელია ამ მდგომარეობის დანახვა. წარმოგიდგენიათ ადამი და ევა რა მდგომარეობაში იყვნენ თავდაპირველად? ისინი ღმერთთან ერთად ტკბებოდნენ ედემში! ისინი უახლოესი მეგობრები, ახლობლები, ღმერთის უახლოესი თანამგზავრები იყვნენ. ისინი თავად იყვნენ ღმერთები!

ერთ წამში არარაობად იქცნენ. ბუნება, რომელსაც შეიცნობდნენ, სახელს არქმევდნენ და მასზე მეფობდნენ, მათ წინააღმდეგვე აღდგა. ასე გახდა ადამიანი ისტორიაში ყველაზე საბრალო ქმნილება. ამრიგად, ღმერთისგან განძარცვული ადამიანი არარაობაა. მთავარი ის კი არ არის, ვამბობდეთ მე ცოდვილი ვარო და აღსარებაში ჩამოთვლიდე შენს ცოდვებს, არამედ შინაგანი შეგრძნება საკუთარი დაცემულობისა.

ხომ ვიცით, რომ ადამი და ევა იქამდეც შიშვლები იყვნენ, მაგრამ ამას ვერ ამჩნევდნენ. როდესაც დაეცნენ, მხოლოდ მაშინ შეამჩნიეს ეს და შეიმოსნენ. ასე უნდა დაინახოს და შეიგრძნოს სულმა სიშიშვლე, სათნოებებისგან და სიწმინდისგან განშორებულობა და ცოდვის ჭაობაში მყოფობა. მისი შესამოსელი – ცოდვის ფურცლებია.

მაგრამ განა შეუძლია სულს ცოდვის შეგრძნება? ვერ ვუბძანებ: შეიგრძენი შენი ცოდვა-მეთქი. თუკი სული არ მოისურვებს ამის დანახვას, მაშინ ვერანაირი ძალა, თავად უფალიც კი ვერ აიძულებს, რომ საკუთარ თავში ცოდვა დაინახოს. ხშირად ხდება ხოლმე, რომ ადამიანი აღსარებას ამბობს, წმინდა მამათა ლიტერატურას კითხულობს, ლოცულობს, ცრემლს ღვრის, მაგრამ ამ ყველაფერს ინერციით, საკუთარი ცოდვილობის განცდის გარეშე აკეთებს.

როდესაც ადამიანი საკუთარ შიშივლეს განიცდის, ის შინაგანად ღაღადებს: ,,მე შიშველი ვარ და უნდა შევიმოსო!’’. მასში სინანულის მოთხოვნილება იზრდება. მაგრამ ერთია სიშიშვლის განცდა და მეორე შემოსვა. ეს მდგომარეობები ერთმანეთისგან ძალიან შორსაა.

მას შემდეგ, რაც ამას შევიგრძნობ, შეიძლება გავიდეს წლები სანამ შევიმოსები. ეს ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე გადამწყვეტი მომენტია: ან ავდგები, დავიწყებ მზადებას და შევიმოსები, ან ასე შიშველი წოლას გავაგრძელებ. ან ქრისტეს წინაშე წარვდგები და შინაგანად აღმოვთქვამ: ,,შევცოდე, უფალო’’, ან ადამის და ევას მსგავსად დავიმალები. ხოლო როდესაც უფალი მკითხავს, ადამ სადა ხარო, – ვუპასუხებ: ,,შიშველი ვარ და დავიმალე’’.

როგორ ხდება ქრისტესგან დამალვა? ათასი გზით! მაგალითად, სულმოკლეობით. ძალიან შემაძრწუნებელია საკუთარი არარაობის შეგრძნება! განსაკუთრებით მაშინ, თუკი ადამიანები პატივს გცემდნენ, შენც კარგი გეგონა საკუთარი თავი: შესანიშნავი, ნიჭიერი, კეთილი და ა.შ. ფიქრობდი,რომ ხელით უკვე ზეცას სწვდებოდი… მაგრამ შენ, ასეთ ,,მნიშვნელოვან’’ ადამიანს აუცილებლად გჭირდება იმის შეგრძნება, რომ შინაგანად შიშველი და დაცემული ხარ. ამის დანახვას და აღიარებას სიმამაცე სჭირდება. ჩვენ ხომ ხშირად ვსულმოკლეობთ და არ გვაქვს სურვილი არც საკუთარი უმსგავსოების, დანაშაულების, შეცდომების, ცოდვების აღიარებისა და ვფარავთ ამ ყველაფერს. ერთ სიცრუეს კი მოჰყვება მეორე, მესამე და ა.შ…

ასე რომ, მიზეზი საკუთარი თავის მართლებაში, საკუთარი ცოდვების დაფარვაში, სულმოკლეობასა და შინაგანი სიშიშვლის აღიარების უძლურებაშია.

ვარ რა შიშველი, ყველანაირად ვცდილობ ისე მოვიქცე, თითქოს ამ მდგომარეობაში არ ვიმყოფები. ეს იმას ნიშნავს, რომ არსობრივად ორმაგი ცხოვრებით ვცხოვრობ. უარს ვამბობ წინ წასვლაზე, მოჩვენებითად წარმოვაჩენ, რომ შემოსილი და თვითმკარი ვარ. ეს საშინელი მდგომარეობაა, რადგან სინამდვილის დამახინჯებაა და ტრაგიკულ შედეგებამდე მივყავართ.

სამყაროში ძალიან ბევრი ადამიანია ისეთი, ვინც იცის რომ ცოდვილია, მაგრამ მაინც მისთვისაცვე საძულველ საქციელებს სჩადის და საკუთარი სინდისის ხმას აბიჯებს.

ქრისტესკენ მავალმა სულმა რა უნდა ქნას? დაინახოს საკუთარი სიშიშვლე და თქვას: ,, ცოდვა ჩემი გაუწყე შენ და უსჯულოება ჩემი არა დავფარე შენგან; ვთქუ: აღუვარო ბრალი ჩემი უფალსა, და შენ მომიტევე მე უღმრთოებაჲ გულისა ჩემისა’’(ფს. 31:5). ამ მდგომარეობით წარვსდგები ქრისტეს წინაშე  და ვეტყვი: ,,შემმოსე მე უფალო’’. ამისთვის საჭიროა სიმამაცე, ღრმა შინაგანი გულწრფელობა, რათა ქრისტესთან შესახვედრად იმგვარად წარსდგე, თითქოს მის გარდა ამ სამყაროში შენთვის აღარაფერი არსებობდეს. რა არის ის, რაც გადამწონის და რასაც გზიდან გადავყავარ? ეს არის ეგოიზმი.

გაიხსენეთ ნეტარი ავგუსტინე. რამდენი წლის განმავლობაში იტანჯებოდა და სინანულის სურვილი ჰქონდა! რატომ? იმიტომ, რომ შევიდა კონფლიქტში საკუთარ ,,მესთან’’, რომელმაც საკუთარი თავი ფილოსოფიის შესწავლას მიუძღვნა. იმ ეპოქაში, ადამიანთა გონება მანიქეიზმით იყო დაკავებული. ის იმდენად ფუთავდა საკუთარ თავს, რომ მისი სიშიშვლე არ შეიმჩნეოდა. როდესაც ნეტარმა ავგუსტინემ გააცნობიერა ეს, საკუთარი თავი დაიმდაბლა და თავის უმცროს ვაჟთან ერთად მოინათლა. დაინახა საკუთარი სიშიშვლე, ქრისტე შეიმოსა და მოგვიანებით ეპისკოპოსი გახდა.

ჩვენ ჯერ კიდევ არ ვდგავართ სულიერი ცხოვრების გზაზე. ჩვენ უბრალოდ ვმსჯელობთ მის შესახებ, ვემზადებით და გზაგასაყარზე ვიმყოფებით. წინამდებარე გზა არის იმ ძალის მომნიჭებელი, რომელიც ადამიანს ქრისტესთან შეახვედრებს, ეს არის გარღვევა სამშობლოში დაბრუნებისთვის. ამიტომაც, ეს არის გზა უკან დახევის გარეშე.

ამრიგად, სულისთვის აუცილებელია ,,ძველი კაცის’’ განძარცვა და ცოცხალი ღმერთის ხელებში, უწინდელ წმინდა სიგლახაკის მდგომარეობაში დაბრუნება? თქვენ მკითხავთ: განა ადამი სამოთხეში სიგლახაკეში იმყოფებოდა?

გაიხსენეთ პირველქმნილი ადამიანი: ის მდიდარი იყო და ყველაფერი მას ეკუთვნოდა. მაგრამ გველის სახით ეშმაკმა აცდუნა და უთხრა, რომ თუკი ღმერთობა უნდოდა, მიეღო ნაყოფი, რომლის ჭამაც შემოქმედმა აუკრძალა.

ეშმაკმა ადამიანს სხვა გზა უჩვენა და მისი სული იძულებული გახდა გველის სიბრძნესთან შედარებით საკუთარი სიღარიბე დაენახა. ადამმა ნაყოფი მიიღო, რათა სული გაემდიდრებინა და ღმერთი გამხდარიყო! ანალოგიურ მდგომარეობაშია ჩვენი სულიც. ის უნდა დაუბრუნდეს უწინდერ ნეტარ სიგლახაკეს და გააცნობიეროს, რომ ცოცხალ ღმერთთან შედარებით გლახაკია და ისწრაფოს, რომ მისით გაიმდიდროს შინაგანი სამყარო, რომ მხოლოდ მასშია მშვენიერება და სიმდიდრე. ამისთვის მან ,,წრიული მოძრაობა’’ უნდა დაიწყოს.

რას ნიშნავს ,,წრიული’’? რატომ ვსაუბრობ წრიული მოძრაობის შესახებ? მოძრაობა ხომ პირდაპირია? პირდაპირი გზა ყველაზე მოკლეა და ის ადამიანს ქრისტესგან განაშორებს. წრიული მოძრაობა კი არის ადამიანის საკუთარ თავში, საკუთარ გულში დაბრუნება.

ჩვენ უარვყოფთ ყველაფერს ჩვენსას, რათა იქ დავბრუნდეთ, საიდანაც მოვედით. ჩვენ არ ვცდილობთ, რომ საკუთარ თავს გავექცეთ. წრიული მოძრაობა ქრისტესთან გვამყოფებს და საკუთარ თავთან გვაბრუნებს. შედეგად, ჩვენ ჩვენი არსების ცენტრში, ნამდვილ ,,მესთან’’, გულში ვიმყოფებით.


აუცილებელია საკუთარ თავთან განმარტოება, რათა ჩვენი შინაგანი სიშიშვლე დავინახოთ. ამ მდგომარეობის დანახვა, აღიარება და საკუთარ გულში დაბრუნების სურვილი ჩემში კიდევ ახალ მისწრაფებას წარმოშობს – ამასოფლის სულისგან გაქცევისა და ქრისტესთან განმარტოების. როდესაც საკუთარ გულში, საკუთარ ,,მესთან’’ ვიმყოფები, მასზე ზრუნვის და მისით დაკავების სურვილი მიჩნდება. ეს კიდევ სად უფრო უმჯობესია, ხმაურში, თუ მყუდროებაში? როდესაც ათასი თვალი გიყურებს მაშინ, თუ როდესაც მხოლოდ ქრისტე გიყურებს? რასაკვირველია, მყუდროდ განმარტოებაში.

სხვაა ფსიქოლოგიური განმარტოება და სხვა სულიერი. როდესაც ფსიქოლიგიურ განმარტოებაში ვიმყოფებით, გვგონია, რომ არავის ვუყვარვართ და ჩვენზე არავინ ფიქრობს. ფსიქოლიგიური განმარტოება არის ცრუ განცდა, რომელიც ჩვენს სულს ვერ აღავსებს. ეს ჩვენი ნამდვილი ,, მეს ‘’ დაფარვაა. ლეღვის ფოთლებია!

ჭეშმარიტი განმარტოება სულიერია. ეს არის ერთი ერთზე ქრისტესთან მყოფობა. ამ დროს, ადამიანებზე არ ვფიქრობთ. არ გვაინტერესებს ჩვენზე ფიქრობენ, თუ არა, ვუყვარვართ, თუ არა. მხოლოდ საკუთარი ,,მე’’ გვაინტერესებს, ოღონდ, რა თქმა უნდა, არა ეგოისტური გაგებით, არამედ პრაქტიკული. მე მხოლოდ საკუთარი სიშიშვლის ხედვით და გლოვით ვარ დაკავებული.

იმისათვის, რომ ჭეშმარიტ განმარტოებას მივაღწიოთ, რაც ჩვენი სულიერი ცხოვრების ყველაზე მნიშვნეოვანი მომენტია, რადგან ამის გარეშე სიწმინდეს ვერ მივაღწევთ, საჭიროა გაქცევა ამასოფლის სულისგან. ჩვენი მიზანი ქრისტეს შეცნობა და მასთან ურთიერთობაა. მაგრამ ეს ძალიან რთულია, რადგან ჩვენ სხეულებრივი შეგრძნებებით ცხოვრებას მივეჩვიეთ და ახლა გონიერი და სულიერი შეგრძნებებით ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. ქრისტეს შეგრძნება ყველაზე მთავარი რამაა და სასიცოცხლოდ აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანში სინანული და გარდაქმნის პროცესი დაიწყოს.

რას ნიშნავს ეს გაქცევა? ეს არის არსობრივი მოვლენა და არამხოლოდ ფიზიკური. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ღმერთს კი არ სჭირდება, არამედ ჩვენ. მისთვის არ აქვს მნიშვნელობა მონასტერში წავალ თუ ერში დავრჩები. ეს მხოლოდ ჩემზე, ჩემს პირად შინაგან მიდრეკილებებსა და ჩემი გზის ხასიათზეა დამოკიდებული.


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

X