1

უხილავი ბრძოლა გულისსიტყვებთან – არქიმანდრიტი ემილიანე ვაფიდისი

წმინდა ისიქი იერუსალიმელი ამბობს: ,,ლოცვით მღვიძარე გონება ხედავს, თუ როგორ უახლოვდებიან მას უცხო გულისსიტყვები ავაზაკების მსგავსად და ესმის, თუ რას ამბობენ და აკეთებენ ეს სულის დამღუპველი ქურდები’’.

თუკი გონება მტკიცედ დადგება გულის კარებთან, მას გულში შემავალი გულისსიტყვების შემჩნევის უნარი ეძლევა. წმინდა ისიქი არ განყოფს გულიდან ,,გამომავალ’’ და გულში ,,შემავალ’’ გულისსიტყვებს და ორივე მათგანს ერთ ცნებაში აერთიანებს. გონება ყველაფერს დაინახავს და გაარჩევს, თუკი გულის კარებთან მტკიცედ იდგება. სწორედ იქ მართებს მას ყურადღების კონცენტრირება, რადგან სწორედ გულია გზაგასაყარი გულისსიტყვებისა: იქ შედიან და იქედანვე გამოდიან ისინი.

წმინდა ისიქის სიტყვების თანახმად, ყოველი გულისსიტყვა ქურდივით გვეპარება. შენც თუ ყურადღებით არ ხარ სადარაჯოზე, შეუძლებელია მისი მოახლოება შეამჩნიო და თუ წინააღმდეგომის გაწევისთვის მზად არ აღმოჩნდი, აუცილებლად დამარცხები და საბოლოოდ მოგკლავს კიდეც. უნდა ვიცოდეთ, რომ გულისსიტყვა არამხოლოდ აცარიელებს სულს და სიფხიზლის საუნჯეს აკარგვინებს, არამედ, რაც ყველაზე უარესია – აკვდინებს მას. ამიტომაც, შენი გონება გულთან მიახლებულ გულისსიტყვებს არამხოლოდ უნდა ხედავდეს, არამედ ესმოდეს კიდეც მათი, თუ ,,რას ამბობენ და რას აკეთებენ ეს სულის დამღუპველი ქურდები’’. რა საჭიროა ეს? ამას იმისთვის ვაკეთებთ, რათა მათი მიზანი გავიგოთ. გულისსიტყვა, როგორც წესი, მზაკვარია და ქურდივით ინიღბება. ის მოდის და გეუბნება: ,,საერთო საცხოვრებელ მონასტერში(კინობიაში) ვერაფერს მიაღწევ! თუ უდაბნოში გახვალ და მყუდრო ცხოვრებას მიეცემი, მაშინ ზეცის ყველა საუნჯე შენი გახდება’’. შენც ფიქრობ ამ დროს: ,,აი, თურმე რაში ყოფილა საქმე! ის ხომ ზეცაზე მესაუბრება’’. ან მოდის და გეუბნება: ,,განა ვინმეს უყვარხარ მონასტერში? არც არავის!’’ რა მიზანი აქვს ამ გულისსიტყვას? საძმოსგან შენი განცალკევება და მონასტრის დატოვება. ის ამას ღიად და ცხადად კი არ ჩაგაგონებს, არამედ იმალება იმ აზრის უკან, რომ თითქოს არავის უყვარხარ. თუ ამ გულისსიტყვას ყურადღებას მიაქცევ, ის აუცილებლად გააგრძელებს შენს ცდუნებას: ,,სულელო! მონასტრისთვის თავს სწირავ, საძმო კიდევ არაფრად გაგდებს!’’ ამიტომაც, იყავი მუდამ ბრძენი და გახსოვდეს გულისსიტყვების მზაკვრობა.

მთელი ჩვენი ბრძოლა მხოლოდ და მხოლოდ გულისსიტყვების წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული. ცოდვისმიერი გულისთქმები, ამაო საუბრები, განკითხვა და თვითნებური საქციელები ხომ გულისსიტყების შეწყნარებით იწყება. მზაკვარი მტერი არასდროს ჩაგვაგონებს ღიად და გვეტყვის, აბა ეხლა თვითნებურად მოიქეცი, ან ვნება საქმით აღასრულეო. ის იმგვარი გულისსიტყვების სახით მოდის, რომელთა მიღმაც ცოდვას ვერ ვხედავთ. მტკიცედ გვახსოვდეს: სადაცაა გულისსიტყვა – იქაა ცოდვაც. ამიტომაც, ვიცოდეთ, რომ გულისსიტყვა გვატყუებს და ქრისტესგან ჩვენს განშორებას ცდილობს.

წმინდა ისიქი აგრძელებს: ,,ლოცვით მღვიძარე გონება ხედავს, თუ როგორ წარმოსახვებს გვიხატავს დემონი, როგორ ცდილობს, რომ ოცნებებში გაგვიტაცოს და მოგვხიბლოს’’.

გულისსიტყვები ადამიანის სულის ერთ-ერთ ნაწილში იშვებიან: ან აზრობრივში, ან გულისთქმითში, ანდაც გულისწყრომითში. ყოველივეს უკან დგას ან დემონი, ანდაც ჩვენი ვნებები. ჩვეულებრივ, როცა გვსურს, რომ თავი გავიმართლოთ, ვამბობთ ხოლმე: ,,ეშმაკმა ჩამაგონა’’. მაგრამ რა შუაშია აქ ეშმაკი? გულისსიტყვა ჩვენი გულიდან გამოდის. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენ დავთესეთ ის და რაც დავთესეთ, იმას ვიმკით. ხორბალს თესავ? ხორბალი გაიზრდება. გულისსიტყვა იმ თესლის ნაყოფია, რომელიც საკუთარ სულში დაგვითესავს და გულგრილობის გამო, ხელიც შევუწყვეთ, რომ კარგად გაზრდილიყო. არასდროს ვიფიქროთ, რომ გულისსიტყვებს მთლიანად დემონი გვაწვდის. არა, ის მხოლოდ ხელს უწყობს მათ გაღვივებას და განვითარებას.

შეიძლება ითქვას, რომ გულისსიტყვები ერთგვარი ,,ფეხებია’’ ჩვენი სულის აზრობრივი ნაწილისა, რომელსაც საითაც სურს, იქით მიჰყავს გონება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რომ არ დავემორჩილოთ მათ. ამისთვის კი საჭიროა გონებასა და გულისსიტყვებს შორის არსებულ სხვაობას ვხედავდეთ. სხვა არის გონება, სხვა – გულისსიტყვა. გონება – მეფეა, მმართველია, რომელსაც აქვს ძალა და ხელმწიფება, რომ სადაც მოესურვება იქ წავიდეს. ხოლო გულისსიტყვებს საკუთარი ძალა არ გააჩნიათ და მათი ერთადერთი უპირატესობა ის არის, რომ ისინი ძალიან სწრაფად მოძრაობენ. დემონიც ამით სარგებლობს. ის შეუმჩნევლად ერწყმის ჩვენს გულისსიტყვებს და მათი დახმარებით გონების დამონება სურს. როგორ აკეთებს ამას? სადაც ფეხები მიდიან, იქ მიდის თავიც. შესაბამისად, თუ ფეხები უფსკრულისკენ მიდიან, მაშინ აუცილებლად გავიტეხ თავს. სწორედ ამიტომ, დემონიც ყველანაირად ცდილობს, მოქმედებს, ხატავს, თხრის და მუშაობს გულისსიტყვებთან, რათა როგორმე ჩვენი გონება გამოიჭიროს.

როგორც ჩვენ ვდგავართ საკუთარი გონების კართან, ეშმაკიც მუდამ იქვეა და ჩვენში თავისი გამოსახულების ჩანერგვას ცდილობს. მაგალითად: ძმა ფიქრობს: ,,რატომ მომიხმო იღუმენმა, რა უნდა მითხრას?’’ დემონიც მყისვე იქ ჩნდება, ძმის მიერ მიღებულ გულისსიტყვას აღვივებს და უმატებს: ,,ჰმ, ჩემამდე ვინ იყო მისული? აჰა, აი ეს ყოფილა. ესე იგი, ჩემზე რაღაცეები უთხრა, რახან ახლა მე მიხმობენ’’. ეს არის და ეს, ადამიანიც მოტყუებულია. რახან უწინდელი უსიამოვნების გამო ამ ძმის წინააღმდეგ განწყობები ისედაც ჰქონდა, ახლა საბოლოოდ მტრულად განეწყობა და ამბობს: ,,ეხლა მივალ მოძღვართან და ყველაფერს დავუმტკიცებ!’’. დემონმა მის გონებაში ამ ძმის წინააღმდეგ უსიამოვნო გამოსახულება დახატა და ეხლა მზადაა, მივიდეს და საკუთარი სიმართლე ამტკიცოს. თუ იგი საკუთარი წყენით შეკრული, თავის მართლების სურვილით აღძრული და ძმისადმი მტრულად განწყობილი მიდის მოძღვართან, ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მან საკუთარი თავი დემონს დაუთმო. განა აზრი აქვს მის მისვლას? განა ამის შემდეგ იღუმენი ისევ მისი მამაა? განა იღუმენს ასეთი ადამიანის მოძღვრობა შეუძლია? თუ იღუმენი აღარაა მისი მოძღვარი, მაშინ ვინ, ღმერთი? მონაზვნისთვის იღუმენი ხომ ღმერთის ხატია. ამიტომაც, გამოდის, რომ ამგვარი განწყობებით აღსავსე მონაზონი ღმერთს ეწინააღმდეგება.

წმინდა ისიქი საოცრად უჩენს ყველაფერს თავის ადგილს და გვიხსნის, თუ რაში უნდა ვხედავდეთ საკუთარ დანაშაულს და რაში დემონურ მოქმედებას. იგი ნათლად წარმოგვიჩენს, რომ ჩვენი სულიერი მდგომარეობა, ამას სულაც რომ ვერ ვხვდებოდეთ, დემონურ მოქმედებასთან ერთად, არის მომკა იმისა, რაც ჩვენვე დავთესეთ.

დავუბრუნდეთ ჩვენს მაგალითს. თუ ეს ძმა გადაწყვეტს, რომ სანამ იღუმენთან შევა ან ილოცოს, ან წაიკითხოს, მას არაფერი გამოუვა, რადგან მისი გონება დატყვევებულია. დემონის მხრიდან ,,გრავირების’’ შემდეგ, გულისსიტყვა იმდენად რელიეფური ხდება, რომ გონება ვეღარ არჩევს სად არის ტყუილი და სად ჭეშმარიტება. ხოლო თუ ჩვენი გონება მოტყუებულია, მაშინ ქრისტესთან საუბარს როგორ შეძლებს?

ასე მოქმედებს დემონი: ის მუდამ ფარულად გვიმზერს, რათა როგორმე გამოგვიჭიროს. როგორც კი სული ლოცვისმიერ სიფხიზლეს ტოვებს და გულისსიტყვებთან საუბარს იწყებს, დემონიც იქვე ჩნდება და ჩვენს წარმოსახვაზე იწყებს ზემოქმედებას. შესაბამისად, გონება მისი მსხვერპლი ხდება. წარმოსახვა – დაცემაა სულიერ ცხოვრებაში. მზაკვარი იყენებს მას და მისი დახმარებით თავის წარმოდგენა-სანახაობას დგამს. როცა გულისსიტყვას ყურადღებას ვაქცევთ, მაშინ ეშმაკი მის გაფერადებას იწყებს, უფრო ცოცხლად აქცევს, ხატავს რაღაც გამოსახულებას, საინტერესო სცენას და ჩვენი გონების მოქმედებასთან შერწყმას ცდილობს. თითქოს ქრისტეს მოვუხმობთ, მაგრამ დემონს არანაირად არ ვუშლით ხელს იმაში, რომ თავისი ფუნჯი აიღოს და თავისუფლად დახატოს ყველაფერი, რაც მოესურვება.

მას შემდეგ, რაც ჩვენს გონებაში რაღაც სურათს ან გამოსახულებას დახატავს, ის გვტოვებს და სხვების ცდუნებას იწყებს. რატომ? იმიტომ, რომ მის მიერ შთაგონებული გამოსახულება თავისთავად იწყებს მოქმედებას, იპყრობს ჩვენს წარმოსახვას და აზრებს. საბოლოოდ კი, ჩვენი გონება, რომელიც მეფეა, მოტყუებული აღმოჩნდება.

წმინდა ისიქი ამბობს: ,,თუ შრომისმოყვარეობით შევუდგებით ამ საქმიანობას, აზრობრივი ბრძოლის გამოცდილებას შევიძენთ და დავხელოვნდებით’’.

წმინდა ისიქი გულისხმობს იმ გამოცდილებას, რომელსაც იმ შემთხვევაში შევიძენთ, თუკი მტკიცედ დავაკავებთ გონებას გულის სადარაჯოზე და საკუთარ თავს გულისსიტყვებთან საუბრის საშუალებას არ მივცემთ, რადგანაც ვერც ერთი გულისსიტყვა კეთილ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. თუ ამას კარგად გავაცნობიერებთ, მეტ სიფრთხილეს გამოვიჩენთ და როგორც კი გულისსიტყვას შევნიშნავთ, აღარ დავიწყებთ გარჩევას – კარგია თუ ცუდი, მართალია თუ მცდარი; მასთან არანაირ კავშირში არ შევალთ, რადგან გვეცოდინება, რომ მხოლოდ ის ადამიანი გახდება ქრისტესი, ვისაც არანაირი გულისსიტყვა აღარ აქვს. ასე რომ, ათასობით საუკეთესო, კეთილი, სამართლიანი და შესანიშნავი გულისსიტყვაც რომ მოვიდეს, არ მიიღო ისინი, რადგან ათას მეერთე დემონური იქნება. რადგანაც კარგ გულისსიტყებსაც იწყნარებ, დაინახავენ რა გაღებულ კარს, მზაკვრებიც შემოვლენ შენში. შეუძლებელია ზოგი გულისსიტყვის შეწყნარება და ზოგის უარყოფა, რადგან ამ შემთხვევაში გონება წონასწორობას კარგავს და იხლართება. ამიტომაც, არანაირი გულისსიტყვა არ შეიწყნარო. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მათთან საუბარს დაიწყებ, მათი მონა გახდები და ტყვეობაში აღმოჩნდები. წარმოსახვა ატყუებს გონებას, რომელიც მისითაა გატაცებული და შესაბამისად, აკარგვინებს სიფრთხილეს. შედეგად კი, ქალაქი აღებულია მტრის მიერ.

თუკი ძალისხმევით, შრომით და სიყვარულით დააკავებ შენს გონებას გულის კართან, მაშინ აუცილებლად მოიხვეჭ სრულყოფილ ხედვას, გამჭოლ და მახვილ სულიერ მზერას, ნამდვილ გამოცდილებას და უხილავი ბრძოლის ნამდვილი ოსტატი გახდები. როცა რაღაც ინსტრუმენტს ყიდულობ, თავიდან არ იცი როგორ გამოიყენო, მაგრამ როცა ეჩვევი, მაშინ უკვე თავდაჯერებულად იწყებ მუშაობას. ასევეა სულიერ ბრძოლაშიც: როცა მიეჩვევი, შენთვის სირთულეს აღარ წარმოადგენს. გარწმუნებ, შედეგად ამ საქმის ნამდვილი მცოდნე გახდები და შენში თავად ქრისტე იმოქმედებს. ის ყველაფერს გასწავლის და ყველაფერს მოგცემს. არ იფიქრო, რომ გამარჯვების მოსაპოვებლად მარტომ უნდა იბრძოლო. საჭიროა მხოლოდ იმის გაცნობიერება, რომ გულისსიტყვა – სასიკვდილო საფრთხეა და ათასი თითქოსდა სულიერი ზრახვაც რომ გეწვიოს, მათ კვალდაკვალ ერთი დემონური მოჰყვება, რომლის მიღების შემთხვევაშიც აუცილებლად დამარცხდები. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ უჯერებ და აღიქვამ როგორც ამასოფლის ადამიანი: ნაცვლად იმისა, რომ განაგდო, მათში რაღაც სასარგებლოს ეძებ.


,,გონება, რომელიც ქრისტეს მოუხმობს, ჰგავს იმ ცხოველს, რომელიც მრავალი მტაცებლით გარშემორტყმული, მაინც მამაცურად დგას, გონივრულად იქცევა და თავს აფარებს. ის უხილავი მტრების ხაფანგებს შორიდანვე გონებისმიერად ჭვრეტს’’.

წმინდა ისიქი ცდილობს, რომ გაგვამხნევოს და ჩაგვაგონოს, რომ მტრების არ გვეშინოდეს. ჩვენ ხშირად მშიშრობას ვავლენთ და საკუთარ თავს ვეკითხებით: ,,რომ არაფერი გამომივიდეს? მტრებმა რომ მაჯობონ? მერე რა მეშველება?…’’

გონებას ქრისტეს გარდა სხვა თავშესაფარი არ აქვს. ის სხვაგან ვერსად შეაფარებს თავს! მაგალითად, მაწუხებს კითხვა, თუ როგორ მივაღწიო სრულყოფილებას და საკუთარ თავს ვეუბნები: ,,აი, მოვკვდები და ღმერთი განმსჯის. რა გავაკეთო? მოდი, ყველა იმ კეთილ საქმეს ჩამოვწერ, რაც აუცილებლად აღსასრულებელი მაქვს: მოწყალების გაცემა, სხვების განათლება, სიმდაბლის შეძენა, გულის განწმენდა…’’ მაგრამ როგორ აღვასრულო ეს ყველაფერი? ასე შეიძლება ჭკუიდან შეიშალო. თუმცა, თქვენ წარმოიდგინეთ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ მეთოდით ცდილობენ სრულყოფილების მიღწევას. მაგრამ წმინდა ისიქი სხვა რამეს გვასწავლის. შენი გული ქრისტესკენ მიმართე და მოუკლებლად მოუხმე: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’. დაე ქრისტე გახდეს შენი გონების ერთადერთი თავშესაფარი. დაე ეს იყოს შენი ერთადერთი ხედვა და აღქმა სულიერი ცხოვრებისა.

ნუ გეშინიათ ნურც ბრძოლის, ნურც განსაცდელების და ნურც დემონების. დაე შენი გონება მხოლოდ ქრისტესკენ იყოს მიმართული. მაშინ ყველაფერი მარტივი გახდება: შენი გონება ძალას შეიძენს და დაემსგავსება იმ მხეცს, რომელიც ალყაში მოქცეული გონივრულად იქცევა. თუ იგი პირდაპირ შეტევაზე გადავა და მტაცებლების გაფანტვას ეცდება, აუცილებლად დაგლეჯენ. ის ხომ მარტოა მთელი ხროვის წინააღმდეგ. ამიტომაც გონივრულად იქცევა, ისეთ ადგილას ძვრება, სადაც ისინი ვერ შეაღწევენ და ასე ზის უსაფრთხოდ. ასევე შენც, მტერს პირდაპირ არ შეერკინო, რადგან გულისსიტყვები მომხიბლავნი არიან, ხოლო დემონებს შენზე გაცილებით მეტი გამოცდილება აქვთ. ისინი საკმაოდ მზაკვარნი და შემოქმედებითნი არიან ამ საქმეში. მუდამ მღვიძარებენ და ჩვენს ცდუნებას ცდილობენ. გულისსიტყვებს კი გარკვეული სიტკბოება და მიმზიდველობა ახასიათებს, რადგან მათი წყარო ჩვენი დაცემული ბუნებაა. როცა რაღაც მოგწონს და გატკბობს, განა მისგან განშორება მოგინდება? თუ ამ საშიშ თამაშში ჩაბმას გადავწყვეტთ და გულისსიტყვებთან ბრძოლას საკუთარი ძალებით შევუდგებით, მაშინ ჩვენ თვითონვე ვიქნებით დაცემაში დამნაშავენი.

ამიტომაც, როცა მეკითხებით, რომ ლოცვისას გულისსიტყვები მაწუხებენ და რა გავაკეთოო, მუდამ გპასუხობთ: ,,დაანებეთ თავი გულისსიტყვებს და თქვენს საქმეს მიხედეთ – გონება ქრისტეში დააკავეთ’’. თქვენ კი როგორ იქცევით? მოდის გულისსიტყვა, თითქოს იღუმენს არ უყვარხართ, თქვენ კი პასუხობთ: ,,აბა, გაეთრიე აქედან! იღუმენს ძალიანაც ვუყვარვარ! ბოლოს და ბოლოს მან აღმკვეცა მონაზვნად!’’. ან მოდის აზრი, რომ რაღაც მოიპაროთ, თქვენი კი ამ აზრთან დიალოგში შედიხართ და ეუბნებით: ,,მე ქრისტიანი ვარ და როგორ მოვიპარო? უფალო, შემიწყალე. მე ხომ წმინდა უნდა გავხდე’’. დამთავრდა, აი აქ დამარცხდით. ახლა მოგიწევთ გარჯა, შრომა, ოფლისღვრა და ტანჯვა. ამ გულისსიტყვისთვის არანაირი ყურადღება არ უნდა მიგექციათ, არც აღშფოთება იყო საჭირო, მხოლოდ და მხოლოდ შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება.

ასე რომ, იესუს ლოცვას მიმართე: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’. დაუკვირდი, არანაირი გულისსიტყვა არ მიიღო, არც ცუდი, არც კარგი. თუ ასეთ დამოკიდებულებას შეიძენ, მაშინ შენი გონება უხილავი, მტკიცე კედლით შემოზღუდული აღმოჩნდება: გარეთ ძაღლები იყეფებენ, შენ კი სრულიად მშვიდად იქნები.


წიგნიდან: Слово о трезвении, Архимандрит Эмилиан Вафидис. часть 1. 2020г.

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge© 

X