წმ.იოსებ ისიხასტი1 e1603366653731

ღირსი იოსებ ისიქასტის ცხოვრება (ნაწილი 2)

მონაზვნური ღვაწლი

ათონზე ჩასვლისთანავე მამა იოსები შეუდგა გამოცდილი სულიერი მოძღვრის ძიებას, რომლისგანაც გონიერ ლოცვასა და ისიქასტურ პრაქტიკას ისწავლიდა. თითქმის მთელი ათონის მთა – მონასტრები, გამოქვაბულები – მოიარა. როგორც მწყურვალი ირემი, ისე ეძიებდა მადლმოსილ სიტყვას, რომელიც სწორი სულიერი ცხოვრების გზაზე დააყენებდა. ამ პერიოდში ის რამდენიმე დიდ წმინდა მამას შეხვდა, რომელთაგანაც ბევრი რამ ისწავლა.

სულიერი მოძღვრის დაუოკებელი ძიებისას მამა იოსებმა 90 წლის ისიქასტ მამა გერამისიმეს მიაგნო, რომელიც გონიერ ლოცვაში ვარჯიშობდა. ბერი უყვებოდა, თუ როგორ გაატარა 70 წელი ერთ-ერთი კლდის მწვერვალზე. უკიდურესი მოთმინებით იტანდა ზამთრის სიცივეს, ზაფხულის სიცხეს და ეშმაკების აურაცხელ ბრძოლას. ჭეშმარიტად, ეს მოღვაწე მოთმინების სვეტი გახლდათ. იესოს ლოცვა მისი მუდმივი საქმიანობა იყო, ქრისტეს სახელის მოუკლებელი მოხმობით ტკბებოდა და მის თვალთაგან მუდამ ცრემლები მოედინებოდა.

კიდევ ერთი ცნობილი მოღვაწე, რომელიც მამა იოსებმა აღმოაჩინა, უკვე დიდი ხნის ბრმა ბერი, 95 წლის მამა ეგნატე იყო. მისგანაც მამობრივ რჩევებსა და სულიერ დარიგებებს იღებდა. მამა ეგნატე ხშირად ამბობდა: „ვინც ახალგაზრდობაში იშრომებს, მას სიბერეში აუცილებლად ექნება სულიერი საკვები. სანამ ახალგაზრდა ხარ, ილოცე, იმარხულე, იშრომე, იღვაწე, მეტანიები გააკეთე“! ძვირფასი რჩევების მიცემის ნიჭის გარდა, ბერს კიდევ ერთი გასაოცარი თვისება ჰქონდა: მეტყველებისას მისი ბაგეებიდან კეთილსურნელება იფქვეოდა, რაც იესოს გონიერი, მოუკლებელი ლოცვის ნაყოფი იყო. მასთან საუბრისას ყველა დიდ სულიერ სიხარულს გრძნობდა.

კატუნაკში კიდევ ერთი ბრმა ბერი იპოვა, რომლის ბაგეებიც მოუკლებლად წარმოთქვამდნენ ლოცვას: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“! როდესაც დაიღლებოდა, გულში ლოცულობდა და შემდეგ კვლავ აგრძელებდა: „უფალო იესო ქრისტე, შემოწყალე მე“! მამა იოსები მასთანაც მივიდა რჩევის საკითხავად და გულისთქმების გასამხელად. მანაც მხოლოდ ეს უპასუხა: „შვილო, იესოს ლოცვა! იესოს ლოცვა, შვილო, – და გააგრძელა – უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“!

ჩვენმა მამა იოსებმა კიდევ ერთი გასაოცარი მოღვაწე ნახა, რომელიც გამოქვაბულში ცხოვრობდა და მთელ ღამეს ტირილით ატარებდა. ცრემლთა დენა რომ არ შეწყვეტილიყო, წმინდა მამას სულ მარტო ყოფნა სურდა. ერთხელაც მორჩილმა ჰკითხა:

– მამაო, ამდენს რატომ ტირი?

– შვილო, როდესაც ადამიანი თავის გულში ღმერთს ხედავს, გამოუთქმელი სიყვარულისა და სიხარულისგან ცრემლებს ვეღარ იკავებს.

ათონზე ყოფნისას ჯერ კიდევ ერისკაც ფრანცისკეს ასეთი ჩვეულება ჰქონდა: ყოველ ღამე ორი-სამი საათი იჯდა უდაბნოში, ბაგეებით იესოს ლოცვას მოუკლებლად იმეორებდა და უნუგეშოდ ტიროდა ისე, რომ მის ქვეშ მიწა სველდებოდა. ჯერ კიდევ სათანადოდ არ განეცადა გონიერი ლოცვის სიტკბოება. ამიტომ მუდამ ევედრებოდა ყოვლადაწმიდა ღვთისმშობელს, რომ მისთვის ის ლოცვა ესწავლებინა, რომლის შესახებაც „სათნოებათმოყვარეობაში“ კითხულობდა.

მამა იოსები ხშირად ტიროდა იმის გამო, რომ ათონზე ვერ პოულობდა იმ ადამიანს, ვინც გონიერ ლოცვაში მისი მასწავლებელი გახდებოდა. ერთ საღამოს, მზის ჩასვლისას, მშიერი, გამოფიტული და მრავალცრემლდაღვრილი მამა იოსები, როგორც იქნა, დამშვიდდა. ათონის მწვერვალზე მდებარე უფლის ფერისცვალების ტაძარს უყურებდა და სულის სიღრმიდან მთელი არსებით შესთხოვა ქრისტეს: „უფალო, როგორც შენი მოწაფეების წინაშე, ისე ჩემს სულშიც იცვალე ფერი! დააცხრე ვნებები და დაამშვიდე ჩემი გული! მასწავლე ლოცვა და შემოკრიბე ჩემი გაფანტული გონება“! – როდესაც ამ სიტყვებს ტკივილით აღმოთქვამდა, ტაძრიდან კეთილსურნელებით აღსავსე, მსუბუქმა სიომ მოჰბერა და სული სიხარულით, სინათლითა და ღვთაებრივი სიყვარულით აღუვსო. მის გულში მოუკლებელი ლოცვა ამოქმედდა და ისეთი გამოუთქმელი, არამიწიერი სიტკბოება და ნეტარება განაცდევინა, რომ ფიქრობდა: „აი, ეს არის სამოთხე! სხვა სამოთხე მე არ მჭირდება“. საკუთარ თავს თითქოს ორ ადამიანად აღიქვამდა: შინაგანად სხვა კაცი იყო, რომელიც ლოცვას მათემატიკური სიზუსტით წარმოთქვამდა და უკვირდა, რომ ეს ყველაფერი ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ხდებოდა.

როდესაც ყოველივე ეს გააცნობიერა, გაუკვირდა და თქვა: „რა ხდება ჩემს თავს?! როგორ მოქმედებს ჩემში ლოცვა?! ამდენი ხანი ვწვალობდი და არაფერი გამოდიოდა“…
ამ შემთხვევამდე კითხულობდა და ესმოდა გონიერი ლოცვის სინათლის შესახებ. მტკიცედ სწამდა მისი არსებობა და ამიტომაც უდიდესი წყურვილით ბრმასავით ეძებდა. ახლა, როდესაც ლოცვა არ წყდებოდა და მას გამოუთქმელი ნეტარება მოჰქონდა, მამა იოსებმა თქვა: „აი, თურმე რა ყოფილა გონიერი ლოცვა, რომელზედაც წმინდა მამები წერენ! აი, თურმე როგორი ტკბილია და როგორი ნათელი აქვს“!

მადლითა და არამიწიერი სიხარულით აღსავსე ადგა და შევიდა გამოქვაბულში. უკვე ღამე იყო…
ნიკაპი მკერდს მიაყრდნო, გონება, ყურადღება გულში გაამახვილა და დაიწყო იესოს ლოცვა: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“!

მრავალი შრომისა და განსაცდელის შემდეგ ფრანსიცკე 1925 წელს დიდ სქემაში იოსების სახელით მოხუცი ბერის, მამა ეფრემის, მიერ (რომელთანაც მამა არსენთან ერთად მორჩილებაში ცხოვრობდა) აღიკვეცა.

მამა ეფრემის გარდაცვალების შემდეგ, სულიერი მოძღვრის კვლავ ძიების მიზნით, ქრისტესმიერი ძმები, არსენი და იოსები, მთელი წმინდა მთის ტერიტორიაზე აგრძელებდნენ ხეტიალს. საბოლოოდ, სამუდამო საცხოვრებლად მაინც წმ. ბასილი დიდის სკიტი აირჩიეს, სადაც მამა იოსებმა ეშმაკებთან ძალიან ძლიერი ბრძოლები გადაიტანა.

ერთხელაც მას ასეთი ხილვა ჰქონდა: რამდენიმე რიგად დემონებთან საომრად განმზადებული ქრისტეს მეომარი მონაზვნები იხილა. მხედართმთავარმა მამა იოსებს წინა რიგებში დგომა შესთავაზა, რაც მან ჭეშმარიტად აღასრულა კიდეც. სწორედ ამის შემდეგ დაცემულმა სულებმა ბერის წინააღმდეგ უსასტიკესი, თითქმის უწყვეტი ხილული და უხილავი ბრძოლა დაიწყეს, რომელიც მთელი 8 წლის განმავლობაში მუდმივად გრძელდებოდა.

მამა იოსები თავის წერილში იხსენებს:

„ისეთი განსაცდელები მქონდა, მეგონა, ტკივილისაგან სულს განვუტევებდი. თითქოს ცეცხლოვან ღუმელში ვიყავი. მაგრამ, როგორც კი განსაცდელი ჩაივლის, ისეთი ნუგეში მოდის, თითქოს სამოთხეში ხარ სხეულის გარეშე. უყვარხარ ქრისტეს, უყვარხარ ჩვენს ღმრთისმშობელს, წმინდანები გაქებენ, ანგელოზებს უკვირთ. ხედავ, რამდენი სიკეთე მოაქვს განსაცდელსა და გასაჭირს? მაშ ასე, თუ გინდა, რომ შენც შეიცნო და იგემო ქრისტეს სიყვარული, მოითმინე, რაც შენს თავს მოიწევა. მთავარია არა ის, რაც შენ თვითონ მოგწონს, არამედ ის, რითაც ისურვებს უფალი შენს გამოცდას. ის, რასაც ჩვენი ნებით ვაკეთებთ, არაფერია. ათასჯერ უფრო დიადია ის, რასაც უფალი ჩვენი განზრახვის საწინააღმდეგოდ გვიგზავნის. ძვალი ძვალზე და სისხლი სისხლზე – ასე ებრძვის ადამიანს მტერი, ეშმაკი, ღმრთის დაშვებით. ეს ბრძოლა იმდენად ძლიერია, რომ ადამიანი დნება, ლღვება, როგორც ცვილი – ცეცხლისაგან. მაგრამ, როცა გამოცდა ჩაივლის, მთლიანად სიხარულით ივსები. თვალისმომჭრელი ნათლით ხარ მოსილი და ხედავ საიდუმლოებებს, რომელთა გამოთქმა ენას არ ძალუძს… და ამის შემდეგ უკვე გწადია, რომ ისევ მოვიდეს განსაცდელები, რადგან მათი სარგებელი უკვე გამოცდილებით შეიცანი“.

მამა იოსების ცხოვრებაში ერთ-ერთი დიდად მნიშვნელოვანი პერიოდი ერთი მდაბალი და ბრძენი მღვდელ-მონაზვნის, დანიელ ისიქასტად წოდებულის, გაცნობა გახლდათ. იგი დიდ ლავრასთან ახლოს, წმინდა პეტრე ათონელის კელიაში მოღვაწეობდა. მის შესახებ მამა იოსები წერდა: „ის იყო მღვდელიც და სრული ისიქასტიც. წირვაზე, რომელიც სამ-ნახევარი ან ოთხი საათი გრძელდებოდა, მოზღვავებული ცრემლების გამო, ასამაღლებელს ვერ ამბობდა. მიწა ტალახად იქცეოდა. ამიტომაც, ძალიან ნელა წირავდა. ის მსახურობდა ორმოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში და ერთხელაც არ უფიქრია წირვის მიტოვება. დიდმარხვაში ყოველდღიურად აღასრულებდა პირველშეწირულის ლიტურგიას. ბოლოს ავადმყოფობის გარეშე მიიცვალა“.

მამა იოსებმა სწორედ მისგან აიღო თავისი საძმოს ტიპიკონი.

74209766 1226501697537911 8929260080948314112 n
ღირსი იოსებ ისიქასტის საძმო

წმ. ბასილი დიდის სკიტში მოღვაწეობისას მამა იოსების ირგვლივ თანდათანობით მრავალი მოღვაწე იკრიბებოდა. შედეგად ერთი საძმო ჩამოყალიბდა. მათ შორის მისი ხორციელი ძმა ათანასეც (ერში ნიკოლოზი) იმყოფებოდა.

მამა იოსების სახელი ათონის მთაზე თანდათანობით უფრო ცნობილი ხდებოდა. სულიერი რჩევების მისაღებად მას მრავალი მიმართავდა. წმ. მამაც თავის მდიდარ გამოცდილებას დიდი მონდომებით უზიარებდა ძმებს. ყოველიმე ამან განაპირობა ის, რომ მის სკიტში მუდამ ვიღაც მოდიოდა. გაჩნდა ტიპიკონის დარღვევის საშიშროება, რამაც ბერი ახალი საცხოვრებელი ადგილის ძიებაზე დააფიქრა.

1929-30 წლებში მამა იოსებმა ათონის მთა დროებით დატოვა. მისი გამგზავრების მიზეზი საკუთარი დედის მონაზვნად აღკვეცა და ქალაქ დრამაში დედათა მონასტრის დაარსების სურვილი იყო. წმინდა მთაზე დაბრუნებისას მონაზვნებთან კავშირი არ გაუწყვეტია, რეგულარული მიმოწერით აგრძელებდა მათ სულიერ დამოძღვრას.

1938 წელს მამა იოსებმა თავის თანამოღვაწე მამა არსენთან ერთად მიტოვებული კელია აღმოაჩინა, რომელიც, ფაქტობრივად, კლდის პირას გამოკვეთილი გამოქვაბული იყო და ზღვას გადაჰყურებდა. ეს გახლდათ წმინდა ანას მცირე სკიტი. წმ. მამამ გადაწყვიტა, რომ ეს ადგილი მათი ასკეტური ბრძოლის მომავალი ველი გამხდარიყო. მათ თიხის 3 უბრალო საცხოვრებელი კელია ააშენეს, რომელთაგან ერთი მამა იოსებს ეკუთვნოდა, მეორე – მის თანამებრძოლ მამა არსენს, ხოლო მესამე – იმ მღვდელ-მონაზონს, რომელიც მათ სტუმრობდა ხოლმე. გარდა ამისა, მამებმა წმინდა იოანე ნათლისმცემლის მომცრო ტაძარიც აღადგინეს.
თანდათანობით მასთან ახალგაზრდა ბერებიც შემოიკრიბნენ და ჩამოყალიბდა მცირე საძმო, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა მეოცე საუკუნის ათონური მონაზვნური ცხოვრების აღორძინებას.

მძიმე კლიმატური პირობების გამო, რაც მათ ჯანმრთელობაზეც აისახებოდა, მამა იოსებმა კვლავ გადაწყვიტა, რომ საცხოვრებელი შეეცვალათ. ამიტომ წმინდა უვერცხლო მკურნალთა სახელობის ახალ სკიტში გადასახლდნენ.

სულიერი ცხოვრება, მისი ტიპიკონი და სწავლებები

აღსანიშნავია, რომ ღირს იოსებ ისიქასტს მეოცე საუკუნის წმ. გრიგოლ პალამას და წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელს უწოდებენ, რაც განპირობებულია სწორედ მისი მოღვაწეობის იმ მხარეებით, რომლებითაც ეს ორი დიდი წმინდანი გამოირჩეოდა. ესენია ისიქასტური პრაქტიკა, ანუ იესოს გონიერი ლოცვა და ინტენსიური ევქარისტიული ცხოვრება. წმინდანები სწორედ სულიერი ცხოვრების ამ ორი უმნიშვნელოვანესი საყრდენის დანერგვას ცდილობდნენ. მამა იოსებ ისიქასტიც თავისი ცხოვრების წესითა და სწავლებებით მათი გზის ჭეშმარიტ გამგრძელებლად გვევლინება. აი, რას გადმოგვცემს იგი თავის წერილში: „წესად მქონდა, დღეში ერთხელ მცირე რაოდენობით, ზომიერად მიმეღო პური და საჭმელი. აღდგომა იყო თუ მარხვა, მუდამ ერთნაირი საკვები გაგვაჩნდა და დღეში ერთხელ ვიხმევდით. მთელი წლის განმავლობაში ღამეებს მღვიძარებაში ვატარებში. ექვსსაათიანი უწყვეტი ლოცვისას გონებას არ ვაძლევდი გულიდან ამოსვლის საშუალებას“.

მისი ლოცვისა და სულიერი ცხოვრების შესახებ არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი იხსენებს:

„იგი [წმ. იოსებ ისიქასტი] მთელი დღე ღამის ლოცვისთვის ემზადებოდა: აბსოლუტური სიზუსტით იცავდა თავის განაწესს, თუ როდის დაეძინა, როდის გაეღვიძა, როდის დაეწყო შრომა, როდის მიეღო საზრდელი… ყველაფერს მკაცრი განაწესის მიხედვით აკეთებდა, რათა სხეულს და გონებას ღამე ლოცვა არ გასჭირვებოდა. იღვიძებდა მზის ჩასვლისას. ღამის ლოცვაში ძალების განსამტკიცებლად და სიფხიზლისთვის ერთ ჭიქა ყავას სვამდა და იკეტებოდა თავის ბნელ, მყუდრო კელიაში. ზაფხულობით, ძლიერი სიცხის გამო, ღია ცის ქვეშ გამოდიოდა. მან შენიშნა, რომ სინათლე გონების გაფანტვას უწყობდა ხელს და ამიტომაც სრულ სიბნელეში ლოცულობდა.

გონიერი ლოცვისთვის ბერი დაბალი სკამის მსგავს განსაკუთრებულ დასაჯდომს იყენებდა, რომელსაც მაღალი სახელოები ჰქონდა, რათა ნაკლებად დაღლილიყო. მამა იოსები მასზე ჯდებოდა, თავს ხრიდა, ნიკაპს მკერდზე იბჯენდა, ყურადღებას მოიკრებდა, გონების თვალით გულში იმზირებოდა და ასე, მღვიძარებითა და ღვთის ჭვრეტით, საათობით ლოცულობდა. ღამისთევა ყოველთვის ძალიან ნაყოფიერი იყო. 6-7 საათის განმავლობაში (საღამოს 9 საათიდან ღამის 3 საათამდე) მისი გონება განუშორებლად იმყოფებოდა გულში და არ აძლევდა მას იქედან გამოსვლის საშუალებას. ლოცვის შემდეგ მთლიანად ოფლიანი იყო ხოლმე. ზოგჯერ მისი ლოცვა 8 საათამდე გრძელდებოდა. ასე შრომობდა ის ქრისტეს სახელის მოხმობით („უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“), რომლის დროსაც ღვთის სიყვარულისგან ცრემლი სდიოდა.

გონიერი ლოცვა კაცს სულიერად განამტკიცებს. როდესაც ამგვარად მლოცველი ადამიანი რწმენის სიდიადეს განიცდის, მაშინ თუნდაც მილიონობით ფილოსოფოსი მოვიდეს და შეეწინააღმდეგოს, მაინც ვერ შეარყევენ. დიდი რწმენით აღვსილი უბრალო მონაზონი მთელ მათ მოსაზრებას დაამსხვრევს, რადგანაც ისინი თავიანთი მცდარი ბრძნობით ისაუბრებენ, ხოლო მონაზონი – ღმერთთან მყოფობის განცდის გამოცდილებით.

ადამიანის მიერ ლოცვის მოხვეჭა ჭეშმარიტი სასწაულია! იმისთვის, რომ ეს სასწაული მოხდეს, კაცმა შეუპოვრად უნდა იღვაწოს! ღმერთი დაინახავს მის მონდომებას და იტყვის: მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანი გლახაკია, მან მთელი ძალა გამოიყენა, რაც კი გააჩნდა. ბერი იოსებიც ახალგაზრდობაში ასე იყო: თავიდან ერთ დიდ გულისტკივილად იქცა, მთელი თავისი არსება მიუძღვნა თვითუარყოფასა და ასკეზას. ცხოვრება ახალგაზრდობიდანვე ღვაწლში გაატარა, ლოცვის მადლის მოპოვების იმედად (ჯანმრთელობაც ამას შეალია). სწორედ ამის საფუძველზე მოხდა სასწაული, რომელშიც, უდავოდ, ღვთის ხელი ერია.

დღე და ღამე გონიერი ლოცვა ბერი იოსების უმთავრესი საქმიანობა იყო. მთელი თავისი ძალები მისი სრულყოფისკენ მიმართა. ყველა საქმეს ისე განაგებდა, რომ გონებას თავისუფლად შეძლებოდა ლოცვა. წმ. მამა წერდა: „გონიერი ლოცვა ჩემთვის ხელსაქმესავითაა, 36 წელზე მეტია, რაც მის მოსაპოვებლად ვმუშაკობ“. მართლაც, მთელი თავისი მონაზვნური ცხოვრების განმავლობაში ის ლოცვაში ვარჯიშობდა: ლოცულობდა სისტემატურად, ნათლად ხედავდა მიზანს და სიმდაბლითა და შეუპოვრობით მიისწრაფოდა მისკენ.

ბერი იოსების სიყვარული მოყვასისადმი გამოიხატებოდა მის მუდმივ მზაობაში, სულიერი სარგებელი მიეცა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც რჩევისთვის მიმართავდნენ. შემონახულია ცნობილი ამერიკელი მართლმადიდებელი მწერლის, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, კონსტანტინე კავარნოსის, მონათხრობი. ეს უკანასკნელი 1958 წელს მამა იოსებს ეწვია. აი, რას წერს იგი:

„მამა იოსებმა სულიერ ცხოვრებაზე სასაუბროდ თავის კელიაში შემიპატიჟა. იატაკზე დაჯდა და მეც თავის მარჯვნივ ადგილი მიმითითა. საუბრის პირველი თემა იყო აღსარება. შემდეგ მკითხა, ვკითხულობდი თუ არა სახარებას.

– კარგი იქნება, თუ სახარებას ყოველდღე წაიკითხავ, – მითხრა მან. – ძველი აღთქმაც იკითხე, განსაკუთრებით – ფსალმუნები! ასევე გირჩევ, რომ წმინდანთა ცხოვრებასაც გაეცნო. საღამო საუკეთესო დროა ასეთი საკითხავებისთვის. ლოცვა არ დაივიწყო, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმე გონიერ და გულისმიერ ლოცვას: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“! – სულიერ საქმიანობაში ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა.
– კი მაგრამ, ერში მცხოვრები ადამიანისთვის რამდენად შესაძლებელია იესოს ლოცვის გამეორება, როდესაც გარშემო ამდენი პრობლემა და საზრუნავია?!
– ყოველ დღე ერთი საათი დაუთმე მას (უმჯობესია, ილოცო საღამოს, ძილის წინ)! ამ ერთი საათის განმავლობაში განუწყვეტლივ მოუხმე იესოს! გირჩევ, წაიკითხო „მწირის გულახდილი საუბრები“. ეს წიგნი იესოს ლოცვის მნიშვნელობასა და მისი დაუფლების ხერხებს წარმოგიჩენს.

– ზოგი ამბობს, რომ ამ ლოცვას შეუძლია, ადამიანი ხიბლამდე მიიყვანოს,- აღვნიშნე მე.
– სხვა დანარჩენ ლოცვებთან შედარებით – განაგრძო მამა იოსებმა – იესოს ლოცვა ყველაზე უსაფრთხოა. აუცილებელია მისი სიფხიზლით, ყურადღებითა და გონებაგაუფანტავად წარმოთქმა. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია, გამოცდილი სულიერი მოძღვრის რჩევებით იხელმძღვანელო! დასაწყისისთვის ხმამაღლა უნდა ილოცო, შემდეგში უკვე – გონებით! მისი ხმამაღმა წარმოთქმა მაშინაც შეიძლება, როდესაც ყურადღებას სათანადოდ ვერ იკრებ. ამ ყველაფერს დიდი სარგებელი მოაქვს. არ არის აუცილებელი, ირწმუნო, რასაც ახლა ისმენ. გამოცდილება ყველაფერს დაგიდასტურებს. ჩვენ გამოცდილებით ვიცით, რომ იესოს ლოცვა უაღრესად ნაყოფიერი საშუალებაა გონებისა და გულის განწმენდისთვის. ის გონებას ბინდს აცლის და მას წინ განუზომელ და გამოულეველ საგანძურს გადაუშლის. ადამიანის მთავარი მიზანი ღმერთის პოვნაა. მასთან მყოფობით, მისი მადლის მოხვეჭით კაცი ჭეშმარიტ სიხარულს და ბედნიერებას იძენს. ჩვენ ვერასდროს შევძლებთ, სათანადო მადლობა შევწიროთ ღმერთს, რომელიც საკუთარ თავს გვიცხადებს, ასევე ვერასდროს შევწირავთ სათანადო მადლობას იმ არაამქვეყნიური სიკეთის გამო, რომლებსაც ასე უხვად გვანიჭებს. უფალს არ სჭირდებოდა ადამიანის შექმნა, მას უკვე ჰყავდა ზეციურ ანგელოზთა მხედრობა, მაგრამ მან შეგვქმნა ჩვენ და უსაზღვრო სიკეთენი მოგვმადლა“.

მამა იოსებმა ჩემზე ისეთი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, რომელიც ჭეშმარიტად იცნობს სულიერ საიდუმლოებებს. ის ნამდვილად წმინდანია“. – იხსენებდა კონსტანტინე.

ბერის თავისი სწავლებით გვმოძღვრავდა, ძალას გვძლევდა, გვახსენებდა და გვმეთვალყურეობდა, რათა ლოცვისა და გონიერი საქმიანობის მეშვეობით მუდამ ღვთის ხსოვნა გვქონოდა. ისიქასტური ღვაწლის დახმარებით ვებრძოდით ბოროტს. გვასწავლიდა მონაზვნის ვალდებულებებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა გონიერი ლოცვის პრაქტიკულ მეთოდს.

მთელი მისი ცხოვრება ლოცვისთვის ერთი დიდი გარჯა იყო. ის გვასწავლიდა, რომ, რამდენადაც შეგვეძლო, გვეიძულებინა საკუთარი თავი, რათა გულსა და გონებაში ღრმად ჩაგვებეჭდა ქრისტეს სახელი, ვითარცა ქვაკუთხედი მთელი ჩვენი სულიერი ნაგებობისა. მამა იოსები მეუბნებოდა: „თუ მორჩილი გეყოლება, ლოცვის გარდა არაფერი ასწავლო! კეთილკრძალულებას, ღვთისკენ სწრაფვას, ყურადღებას, აღსარებას და მორჩილებისთვის მზადყოფნას – ყოველივე ამას ლოცვა მიანიჭებს“.

ბერის სურვილი იყო, რომ ქრისტეს სახელით გვესუნთქა, ჩვენს პირად ღამისთევებზე საათობით ვმსხდარიყავით, გონების გულში ჩაღრმავებით წარმოგვეთქვა ეს ხუთსიტყვიანი ლოცვა: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“!

არ ვიცი, დღესაც თუ არიან ასეთი ადამიანები (ალბათ იშვიათად), რომლებიც თავადაც შრომობენ და სხვებსაც ასწავლიან ამ გადამრჩენელ მეცნიერებას, რომელიც ჭეშმარიტად განაახლებს, განაცხოველებს, კურნავს მლოცველის სულს. ადამიანის სული, განსაკუთრებით კი მონაზვნისა, სნეული რჩება, თუ იცნობს ამ მეცნიერებას, მაგრამ საქმით არ აღასრულებს მას“.

მამა ეფრემი განაგრძობს:

„სულიერი და ხორციელი ასაკით ძმობაში ყველაზე პატარა ვიყავი, მამა იოსები კი წმინდა მთაზე იმ დროისთვის ერთ-ერთი უდიდესი მოძღვარი გახლდათ. მასთან დავრჩი და თორმეტი წლის განმავლობაში მის კვალდაკვალ ვსწავლობდი ყველაფერს. მან ჩემი მისვლის შემდეგ ამდენივე ხანი იცოცხლა. უფალმა ღირსი გამხადა, მეზრუნა ამ საოცარ მოძღვარზე მის უკანასკნელ, წმინდა ამოსუნთქვამდე. თავისი მძიმე სულიერი ღვაწლისა და იმ წმინდა ლოცვის გამო, რომელიც ჩვენ ფასდაუდებელ სულიერ მემკვიდრეობად დაგვიტოვა, იგი ყოველგვარი სამსახურის ღირსი იყო. წმ. იოსები შევიცანი, როგორც ჭეშმარიტად ღმერთშემოსილი მამა, შესანიშნავი სულიერი წინამძღოლი, რომელსაც ვნებებსა და დემონებთან ბრძოლის დიდი გამოცდილება ჰქონდა. მის გვერდით მყოფი მორჩილების სათნოებით აღჭურვილი ადამიანი მრავალი ძლიერი ვნებისგან აუცილებლად განიკურნებოდა.

მამა იოსები მონაზვნობის ყველაზე დიდ სათნოებად ქრისტეს მსგავს მორჩილებას მიიჩნევდა. ერში მცხოვრები ქრისტიანებისთვის კი უპირატესობას გამოცდილი მოძღვრის კურთხევით და მისი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ აღვლენილ გონიერ ლოცვას ანიჭებდა. ამით მოხიბლული ბევრი ენახა და ამიტომაც ფრთხილად იყო. ხშირად გვეუბნებოდა:

– თუ შეხვდებით ადამიანს, რომელიც რჩევას არ ითხოვს, ან მიცემულ დარიგებას არაფრად აგდებს, დაიცადეთ და მალე მას მოხიბლულს ნახავთ“.

მამა ეფრემი იხსენებს ბერი იოსების ღვთისმშობლისადმი გამორჩეული სიყვარულის შესახებ:

„შეუძლებელია, აღწერო მამა იოსების სიყვარული ღმრთისმშობლის მიმართ. ჯერ არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც ისე ჰყვარებია ყოვლადწმინდა, როგორც – მამა იოსებს. როგორც კი მის სახელს ახსენებდა, ან ხატს დაინახავდა, ან ღვთისმსობლის სადიდებელ გალობას გაიგონებდა, თვალებიდან ცრემლები სდიოდა. ერთხელ მთელი ღამე გაათენა და ამიხსნა კიდეც ამის მიზეზი: „ვერ დავიძინე მხოლოდ იმის გამო, რომ დედა ღვთისა გამახსენდა“. ასე უყვარდა მას წმ. მარიამი.

მამა იოსების ღვთისმშობლის მიმართ ეს საოცარი სიყვარული მის წერილებშიც ვლინდება: „არ შემიძლია, მხოლოდ ერთხელ ვემთხვიო ღვთისმშობლის ხატს და განვეშორო. როგორც კი ვუახლოვდები, მაგნიტივით მიზიდავს, სურვილი მაქვს, საათობით განუწყვეტლივ ვემთხვიო. რაღაც ცოცხალი სუნთქვა ეუფლება ჩემს სულს, ვივსები მადლით და არ მაძლევს საშუალებას, განვეშორო. ასეთ მადლს აძლევს ჩვენი დედა-ღვთისმშობელი მას, ვინც წმინდად ცხოვრობს. ჩვენს ღვთისმშობელს მრავალმა წმინდანმა მიუძღვნა ქების სიტყვები, ხოლო მე უღმერთო კი ყოველ წამს ასე მოვუხმობ: „დედაო ჩემო! ჩემო ტკბილო დედილო“!.. – ვერ მოვძებნე ამაზე უფრ მშვენიერი და ტკბილი სახელი.

124079353 352566869176228 9194972075921098240 n

როგორც კი მოვუხმობთ, ის მეყვსეულად დასახმარებლად მოიჩქარის. ვერც კი ვასწრებ თქმას – „ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შემეწიე მე“, – რომ, როგორც ელვა, ისე ანათებს გონებას და გულს საღმრთო ნათლით აღავსებს. გონებას ლოცვისკენ მიდრეკს, ხოლო გულს – სიყვარულისკენ. ხშირად მთელი ღამეც კი გადის ქვითინსა და მის და მის მიერ შობილის, იესო ქრისტეს, ტკბილხმოვან დიდებისმეტყველებაში“.

მამა იოსებმა უკვე დიდი ხნის წინ სთხოვა მას, რომ წაიყვანოს. ხანდახან ის ღვთისმშობლის ხატს ჩაიხუტებდა და ცრემლებით ეუბნებოდა: „როდის მოხვალ? როდის მიიღებ ჩემს სულს“? ამიტომაც, ჩვენმა კეთილმა ღმერთმა და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელმა მამა იოსები დიდი პატივის ღირსი გახადეს: წმ. ბერმა ღვთისმშობლის მიძინების დღეს მიიძინა. ამით ნათლად გამოჩნდა, თუ როგორ აღუსრულა ყოვლადწმიდა დედამ მასთან შეხვედრის გულისწადილი“.

გარდაცვალება

1958 წელს მამა იოსები მძიმედ დაავადდა, გულის უკმარისობა დაემართა. თავდაპირველად მკურნალობაზე უარს ამბობდა, რადგან მიიჩნევდა, რომ ის მონაზვნურ ღვაწლს მოაცდენდა. საბოლოოდ მოძღვრის გადარჩენის მოსურნე სულიერი შვილების ნებას დაჰყვა, თუმცა გვიანი იყო, მისი სნეულება უკვე ვეღარ განიკურნებოდა. მამა იოსებს ერთი თვით ადრე ეუწყა სიკვდილის მოახლოება. ეს ჟამი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე უნდა დამდგარიყო. იმ დღეს ეზიარა ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს და 1959 წლის 28 აგვისტოს მშვიდობით მიიცვალა.

2020 წლის 9 მარტს კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ მამა იოსები წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 29 აგვისტო დააწესა.

წმინდანის გარდაცვალების წინა დღეების შესახებ არქიმანდრიტ ეფრემ არიზონელის წიგნში „ჩემი ცხოვრება ბერ იოსებთან“ ვკითხულობთ:

„მამა იოსები ბოლოს ამბობდა:

– …ასე რომ, აიძულეთ თავი სულისა და ხორცის განსაწმენდად, გონებაში არ შემოუშვათ არც ერთი არაწმინდა აზრი!

რაც შეეხება მდუმარებას, საჭიროების გარეშე ერთ სიტყვასაც არ იტყოდა, განსაკუთრებით – დიდ მარხვაში, როცა მარტო იყო მამა არსენთან ერთად. ისინი მთელ კვირას მდუმარებაში ატარებდნენ. შაბათის მწუხრიდან კვირის სერობამდე მხოლოდ აუცილებელ სათქმელს იტყოდნენ და შემდეგ მთელი კვირის განმავლობაში ისევ მდუმარებდნენ. თუ ერთმანეთისთვის რაიმეს შეტყობინება სურდათ, ხელით ანიშნებდნენ. ვინაიდან მდუმარებაში დიდ სულიერ სარგებელს ხედავდა, მან ჩვენც აგვიკრძალა ლაპარაკი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აუცილებელი იყო საუბარი. როცა რაიმე დავალებით გვგზავნიდა, გვაკურთხებდა, არავისთან გველაპარაკა. მახსოვს, უკან დაბრუნებულს ყოველთვის მკაცრად გამომკითხავდა, შევასრულე თუ არა სრული მორჩილება. მდუმარების ორი-სამი სიტყვით დარღვევის გამო, ჩემი პირველი ეპიტიმია ორასი მეტანია იყო.

ეს ზეციური ადამიანი თავისი მოწაფეების ვნებებისგან განკურნების ნამდვილი ოსტატი იყო. თუკი ისინი შეძლებდნენ მასთან დარჩენასა და მორჩილებას, ხელმეორედ იბადებოდნენ. მამა იოსებთან მრავალი მოსულა, რომ ესწავლა, მაგრამ მხოლოდ ცოტა დარჩენილა. მასთან ცხოვრება ადვილი არ იყო. მოძღვრის მამობრივი სიყვარული ისე მზრდიდა, რომ ზოგიერთისთვის ჩემი მონათხრობი ალბათ დაუჯერებელი იქნება. მაგალითად, ერთად გატარებული თორმეტი წლის განმავლობაში მისგან ჩემი სახელი მხოლოდ რამდენჯერმე მაქვს გაგონილი. როცა დაძახება უნდოდა, ყოველთვის სალანძღავი ეპითეტებით მომმართავდა. მაგრამ როგორი სიფაქიზე იყო ამ ოსტატურ დაცინვაში, რა წმინდა მზრუნველობა იმალებოდა ამ სიტყვების მიღმა და რა მადლიერია ახლა ჩემი სული მისი წმინდა ენის ამ ქირურგიული ჩარევის გამო!..

ჩვენ უდაბნოში საკმაოდ დიდხანს დავრჩით. მაგრამ, სხვადასხვა მიზეზის გამო, თითქმის ყველანი ავად გავხდით. მამა იოსებს ლოცვისას ეუწყა, რომ კლდიდან ქვემოთ უნდა ჩავსულიყავით. აქ კლიმატი უფრო რბილი იყო, უფრო ზომიერად ვშრომობდით და მის გარდა ყველანი მოვღონიერდით: ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ავადმყოფობდა. მარხვის ან ხანგრძლივი მღვიძარების ღვაწლის, ლოცვაში დაღვრილი ოფლისა და განსაცდელების გამო, მისი სხეული ერთ დიდ ჭრილობად იქცა. ერთხელ ვკითხე:

– მამაო, ასეთი დაუძლურებული ხართ და მკაცრად რატომ მარხულობთ?

– ახლა იმისთვის ვმარხულობ, შვილო, რომ ჩვენმა სახიერმა ღმერთმა თქვენც მოგანიჭოთ თავისი მადლი. – მიპასუხა მან.

ფიზიკური უძლურებისა და ტკივილების მიუხედავად, ის ისეთ მადლსა და ნეტარებას გრძნობდა, რომ სიტყვით გადმოცემა უჭირდა და ამბობდა, რომ თითქოს შინაგანი სამოთხის განცდა ჰქონდა.

მუდამ სიკვდილის მოლოდინში იყო და ბოლოს მოვიდა კიდეც გარდაცვალების დრო. აქ მისი ცხოვრება შრომა, ბრძოლა და ტკივილი იყო. ბერის სულს ისევე, როგორც სხეულს, განსვენება სურდა. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის ხსოვნა ღრმად ჩაგვინერგა, ჩვენზე მაინც ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ ჰქონდა გათავისებული გარდაცვალების საშინელი საიდუმლო. თითქოს დღესასწაულისთვის ემზადებოდა. ეს იმის ნიშანი იყო, რომ საკუთარი სინდისი უფლის დიდ წყალობას აუწყებდა. თუმცა უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვეულებრივზე მეტად ტიროდა. მამა არსენმა სანუგეშებლად უთხრა:

– მამაო, მთელი ცხოვრება ამდენი იღვაწე და ილოცე, ამდენი იტირე და ისევ ტირი?

მამა იოსებმა შეხედა მას და ამოიოხრა:

– ეჰ, მართალია, მამა არსენ, მაგრამ მე ხომ ადამიანი ვარ! არ ვიცი, ღვთისთვის სათნო იყო თუ არა ჩემი შრომა. ის ღმერთია და ისე არ განსჯის, როგორც – ჩვენ, ადამიანები. აღარც მე მოვბრუნდები უკან, რომ ისევ ვიტირო. რასაც ახლა მოვასწრებთ, ის იქნება. როგორც იგლოვებ და იტირებ, იმის მიხედვით მიიღებ ნუგეშს.

მამა იოსების სიყვარულს ღვთისმშობლის მიმართ სიტყვებით ვერ გადმოვცემ. მისი ხსენებისთანავე თვალები ცრემლით ევსებოდა. დიდი ხანია, ღვთისმშობელს ევედრებოდა, წაეყვანა ამ ცხოვრებიდან, რომ დაესვენა. ყოველთა დედოფალმა შეისმინა მისი თხოვნა. მან მამა იოსებს გარდაცვალების შესახებ ერთი თვით ადრე აუწყა. მამა იოსებმა დამიძახა და მითხრა, რა უნდა მომემზადებინა. ჩვენ მოლოდინში ვიყავით.

ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წინა საღამოს, 1959 წლის 28 აგვისტოს, ვოლოდან მის სანახავად ბატონმა სხინასმა შემოიარა. ის და მამა იოსები დიდი მეგობრები იყვნენ.

– როგორ ბრძანდებით, მამაო, – ჰკითხა სხინასმა – თავს როგორ გრძნობთ?

– ხვალ, სოტირი, ჩემს სამუდამო სამშობლოში მივდივარ. როცა ზარების რეკვას გაიგონებ, მაშინ გაიხსენებ ჩემს სიტყვებს.

იმ ღამეს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულისთვის აღვლენილ ღამისთევის მსახურებაზე, მამა იოსები სხვა მამებთან ერთად, როგორც შეეძლო, გალობდა. ლიტურგიის დროს, წმინდა ზიარების წინ წარმოთქვა: „საგზლად საუკუნო ცხოვრებისა“.

28 აგვისტო თენდებოდა. მამა იოსები კელიის ეზოში, თავის მოწამეობრივ სავარძელში იჯდა და გარდაცვალების საათსა და წამს მოელოდა. მას სჯეროდა ღვთისმშობლის დანაპირების. მაგრამ დრო გადიოდა და, როცა ჰორიზონტზე მზეც გამოჩნდა, მამა იოსები თითქოს აფორიაქდა, მისი აღსასრულის ჟამი თითქოს არ დგებოდა. ეს ბოროტის უკანასკნელი შემოტევა იყო. მამა იოსებმა დამიძახა და მკითხა:

– შვილო, რატომ აყოვნებს უფალი ჩემს წაყვანას? მზე ამოდის და მე ისევ აქ ვარ…

ვუყურებდი, როგორც წუხდა ჩემი მოძღვარი, თითქმის ვეღარ ითმენდა, და თქმა გავბედე:

– ნუ წუხხართ, მამაო, ჩვენ ახლა თქვენთვის ვილოცებთ და თქვენც წახვალთ.

ის აღარ ტიროდა. მამებმა სკვნილზე ლოცვა დაიწყეს. თხუთმეტ წუთზე მეტი არ გასულა, რომ მამა იოსებმა თქვა:

– დაუძახეთ მამებს, მოვიდნენ და უკანასკნელი კურთხევა აიღონ, რადგან მივდივარ!

ჩვენ მას უკანასკნელად ვეცით თაყვანი. ცოტა ხნის შემდეგ ის დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში ცაში რაღაცას მიაჩერდა, შემდეგ შემოგვხედა და საოცარი სიფხიზლითა და სულიერი აღტაცებით აღვსილმა გვითხრა:

– ყველაფერი დამთავრდა, მივდივარ, გშორდებით, მაკურთხეთ!

ამ უკანასკნელი სიტყვების შემდეგ თავი ასწია, შემდეგ მარჯვნივ მიაბრუნა, პირი ორ-სამჯერ ოდნავ გააღო, თვალები გაახილა და… დამთავრდა… მამა იოსებმა შეჰვედრა სული მას, ვინც ასე ენატრებოდა და ვისთვისაც ახალგაზრდობიდან იღვწოდა.

მამა იოსების გარდაცვალება ჭეშმარიტად ღირსეული იყო. მისმა სიკვდილმა აღდგომის განცდა მოგვიტანა. ჩვენ წინ მიცვალებული იწვა და გლოვა გვმართებდა, მაგრამ შინაგანად აღდგომას განვიცდიდით. მას შემდეგ ეს გრძნობა აღარ მტოვებს. იგი ყოველთვის თან ახლავს ჩემი დაუვიწყარი წმინდა მოძღვრის ხსოვნას“.

ნაყოფები
მონასტერი stanthonysmonastery.org
წმ. ანტონი დიდი სახელობის მონასტერი არიზონაში

დღეს მსოფლიოში საკმაოდ ბევრი სულიერი კერაა, რომელიც მამა იოსების სკოლის ტრადიციებს აგრძელებს და რომლის წარმომადგენლებსაც არა მხოლოდ საბერძნეთში, არამედ ათონზე, კვიპროსსა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი ვხვდებით. ამ დროისთვის მრავალია წმინდა იოსების საძმოსა და მის სულიერ სკოლაში აღზრდილთა მიერ დაარსებული და აღორძინებული მონასტერი: ათონზე (6), საბერძნეთში (18), კვიპროსზე (6), აშშ-ში (16), კანადაში (2), იტალიაში (1). ამ მონასტრებში სულ ათასამდე მონაზონი ცხოვრობს და მათი რიცხვი თანდათანობით იზრდება. გარდა ამისა, არსებობს სამრევლო ტაძრები, რომლებიც საერო სივრცეში წმ. იოსების მემკვიდრეებად ითვლებიან.

წყარო: არქიმანდრიტ ეფრემ არიზონელი “ჩემი ცხოვრება ბერ იოსებთან”;

წმინდა იოსებ ისიქასტი “მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა”.

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •