იოსებ ისიხასტი 1

ღირსი იოსებ ისიქასტის ცხოვრება (ნაწილი 1)

ერში

ახალგაზრდობის წლები

მამა იოსების სამშობლო პატარა და მყუდრო კუნძული პაროსი გახლდათ, რომელიც მეოთხე საუკუნეში წმინდა ელენეს მიერ აშენებული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრითა და დიდებული ლონგოვარდას მონასტრითაა ცნობილი.

paros
კუნძული პაროსი

ეგეოსის ზღვით გარშემორტყმულ კუნძულზე მხოლოდ ერთი ქალაქი და რვა სოფელია. მათ შორის არის კუნძულის ცენტრში მდებარე სოფელი ლევკი, მამა იოსების დაბადების ადგილი. ამჟამად იქ ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.

მამა იოსების დედას მარია ერქვა. ის ამავე სოფელში 1871 წელს დაიბადა. 17 წლის ასაკში კი ცოლად 18 წლის ლეონარდ ზუმისს გაჰყვა, რომლის მშობლებიც კუნძულზე ოდესიდან გადმოსახლდნენ. მათ შეეძინათ ერთი ვაჟი, სახელად მიქაელი. მეორე შვილი, ლეონიდი, მცირეწლოვანი, ორი წლის ასაკში, გარდაიცვალა.

მარიამ მეორედ ოთხი წლით უფროს, უბრალო, გაუნათლებელ, ღარიბ, მაგრამ კეთილსინდისიერ და მდაბალ გლეხზე, გიორგი კოტისზე იქორწინა. მათ 9 შვილი შეეძინათ. მაშინდელი ცხოვრების პირობები უკიდურესად მძიმე იყო. თითქმის არ არსებობდა სამედიცინო დახმარება და ამიტომაც, პირველი სამი შვილი ჩვილობის ასაკშივე გარდაეცვალათ. უფროს ქალიშვილს დაარქვეს ერგინა, ხოლო უმცროსს – მარუსო. 1897 წლის 2 ნოემბერს მათ შეეძინათ ფრანცისკე (მამა იოსების ერისკაცობის სახელი). მათ დანარჩენ სამ ვაჟს ერქვა: ემანუელი, ლეონარდი და ნიკოლოზი (მონაზვნობაში – ათანასე). ნიკოლოზის დაბადებისთანავე გიორგი კოტისიც ორმოცი წლის ასაკში გარდაიცვალა.

მამა იოსების ოჯახის პატარა სახლი სოფლის ცენტრში, ბიბლიოთეკის წინ, მდებარეობდა. მასში შესასვლელად ქვის რვა საფეხური უნდა აგევლოთ. კართან ორი ძალიან პატარა ოთახი შეგხვდებოდათ. პირველს სასტუმროსთან ერთად მშობლების საძინებლის ფუნქციაც ჰქონდა, მეორე ოთახი კი სამზარეულო და, ამავდროულად, ბავშვების საძინებელიც იყო. ამ ორ მომცრო ოთახში თავის მშობლებთან და ექვს და-ძმასთან ერთად ფრანცისკემ თავისი ცხოვრების 17 წელი გაატარა. ნამდვილად გასაოცარია, ასეთ პატარა სახლში ამდენი ადამიანი როგორ ეტეოდა! მაგრამ სიყვარულს და მოთმინებას ნებისმიერი ტკივილის გადატანა შეუძლია.

* * *
მამა იოსების დედა, მარია, ჭეშმარიტად ღვთისსათნო ადამიანი გახლდათ. მას იმდენად სუფთა და უბრალო სული ჰქონდა, რომ საღმრთო ხილვების ღირსი გახდა და დარწმუნებულიც კი იყო, რომ ამას სხვებიც ხედავდნენ. ძირითადად ეს ღვთისმსახურებისას ან ტაძრის დალაგებისას ხდებოდა.

მისი ერთ-ერთი ხილვა სწორედ მამა იოსების ჩვილობის პერიოდს უკავშირდება: როდესაც წმინდანი რამდენიმე საათის დაბადებული იყო და მარია საწოლში ახალშობილთან ერთად იწვა, მან დაინახა, რომ სახლის სახურავი გაიხსნა და მის წინაშე დიდებული ახალგაზრდა წარსდგა. მას ისეთი ბრწყინვალება მოიცავდა, რომ მარიამ ვერც კი შეხედა. ანგელოზი ყრმას მიუახლოვდა და მისი სახელი ჩაიწერა, რამაც მარია ძალიან გააკვირვა. შეწუხებულმა დედამ ანგელოზს ჰკითხა:

– რას აკეთებ? რატომ იწერ ჩემი შვილის სახელს?

– ის მეფეს სჭირდება და ახლა უკვე ჩაწერილია.

– არა! ვერ წაიყვან მას, ეს ბავშვი ჩემია!

– ის უკვე ჩაწერილია.

მარიამმა იფიქრა, რომ ფრანცისკე მალევე გარდაიცვლებოდა, რადგანაც იმ დროისთვის მას ორი შვილი უკვე დაკარგული ჰყავდა. ამიტომაც მუდამ ტიროდა, როდესაც ანგელოზის ხილვას იხსენებდა. მაგრამ ფრანცისკე წამოიზარდა და მარიაც მიხვდა: სახელის ჩაწერა ნიშნავდა იმას, რომ ზეციური მეუფე მას თავის მონაზვნურ მხედრობაში მოუწოდებდა.

პატარა ფრანცისკე მორჩილი, გონიერი და ამავდროულად ძალიან ცოცხალი ბავშვი იყო. მისი ოინების გამო, მამა დროდადრო უჯავრდებოდა ხოლმე და ფიქრობდა, რომ სათანადოდ დასჯიდა კიდეც. ფრანცისკე როგორც კი შეატყობდა, რომ მამა გაბრაზებული იყო და მის დასჯას აპირებდა, სავარძელში მჯდომს მშვიდად და წყნარად მიუახლოვდებოდა, თავს დაუხრიდა და სრულ მორჩლებას უჩვენებდა. არ გარბოდა, არ ყვიროდა, არამედ მორჩილებას ავლენდა: „თუ გინდა, რომ დამსაჯო, დამსაჯე“! მორწმუნე და კეთილი გულის მქონე მამაც თავისი მცირეწლოვანი ვაჟის ამ საქციელით ტყვევდებოდა, გული ულბებოდა და ეუბნებოდა: „კარგი, წადი, გაიქეცი! შენი სიმდაბლის გამო გამიქრა შენი დასჯის სურვილი“.

* * *
1904 წელს 7 წლის ფრანცისკე დაწყებით სკოლაში ჩაეწერა. მისი მასწავლებელი, სოფია პემპსიადუ-კანდიოტუ, ცნობილი ფლორინელი მიტროპოლიტის, ავგუსტინეს დედა იყო.

საარქივო მასალიდან ჩანს, რომ ამ სკოლაში ურთიერთსწავლების მეთოდიკა იყო დანერგილი. ყველა კლასის მოსწავლე ერთ აუდიტორიაში ისხდა და უფროსები უმცროსებს ეხმარებოდნენ. ეს იმით აიხსნება, რომ სოფლებში არ იყო საკმარისი სასწავლო დაწესებულება.

ფრანცისკე ძალიან გონიერი და ნიჭიერი მოსწავლე გახლდათ. სკოლის ჟურნალში, რომელიც დღემდე შემონახულია, ჩანს, რომ ის ფრიადოსანი იყო. სწავლა რომ გაეგრძელებინა, საზოგადოებაში აუცილებლად მაღალ თანამდებობას დაიკავებდა. მაგრამ, როდესაც მეოთხე კლასში იყო, მამა გარდაეცვალა და, ოჯახის დახმარების მიზნით, სწავლის მიტოვება მოუხდა.

* * *
1907 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, რაც ოჯახისთვის უზომოდ დიდი ტრაგედია იყო, მათი ცხოვრება კიდევ უფრო გართულდა.
მარიას განსაკუთრებით მძიმე ხვედრი ერგო: 36 წლის ასაკში მას უკვე ორი ქმარი და ოთხი შვილი ჰყავდა დაკარგული.

ოჯახის დასახმარებლად ფრანცისკე სხვადასხვა ადგილზე მუშაობდა. სახლშიც დიდი მოწესრიგებულობით გამოირჩეოდა: ალაგებდა ოთახებს, ზოგჯერ საჭმელსაც ამზადებდა. სოფლის შემოგარენში საკვებად გამოსადეგ მცენარეებს აგროვებდა და შურდულის მეშვეობით პატარა ფრინველებზეც ნადირობდა. შეგროვებულ ბალახეულს ფრინველის ხორცთან ერთად ხარშავდა და წვნიანს ამზადებდა. მამა იოსები ყვებოდა ხოლმე: „რამდენიმე ქათამი გვყავდა, მათ კვერცხებს გამყიდველს ვაბარებდით და სანაცვლოდ ის რამდენიმე თევზს გვაძლევდა. ამ თევზებს ვჭრიდით, პურზე ვალაგებდით და ვჭამდით. კვერცხში იმიტომ ვცვლიდით, რომ მას ამდენ ადამიანს ვერ გავუნაწილებდით. თევზის დაჭრა და დანაწევრება კი სავსებით შესაძლებელი იყო. ბავშვობაში ზოგჯერ თხასთან მივრბოდი და მის რძეს ვსვამდი“.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზის გარდა მამა იოსების ყველა და-ძმა დაქორწინდა. თავად მამა იოსები 1932 წელს თავის ძმასთან მონასტერში სამოღვაწეოდ ათონზე გაეშურა. მისი ძმის, ლეონარდის, მეუღლე 1975 წელს მელანიას სახელით მონაზვნად აღიკვეცა. იგი იხსენებდა, რომ მამა იოსები თავისი ძმებისგან სულიერებითა და იშვიათი უბიწოებით გამოირჩეოდა.

ათენში

1914 წელს 17 წლის ახალგაზრდა ფრანცისკე ათენში, დეიდა ალექსანდრასთან გაემგზავრა მუდმივი სამუშაოს მოსაძებნად. ის დიდი მონდომებით და მოშურნეობით შრომობდა იმისთვის, რომ ოჯახს დახმარებოდა. თავის თავს ხშირად უმეორებდა: „ან გავმდიდრდები, ან მოვკვდები! ყელში ამომივიდა ეს სიღარიბე“!

svyatoj iosif isihast buduchi molodym miryaninom
ახალგაზრდა ფრანცისკე

თავდაპირველად ფრანცისკე პირეის მდიდრულ სახლებში მზარეულად და მცხობელად მუშაობდა. ამ პერიოდში მზარეულის ხელოვნებას საკმაოდ კარგად დაუფლა, რაც შემდგომში ათონის მთაზეც გამოადგა, როდესაც ირგვლივ საძმო შემოიკრიბა. ამ სამუშაოს წყალობით ის დედას გარკვეულ თანხას უგზავნიდა.

რამდენიმე თვის შემდეგ ქალაქის რკინიგზაში კონდუქტორად დაიწყო მუშაობა. მატარებელში უამრავი ადამიანი ადიოდა. ზოგიერთი მათგანი მგზავრობის ფულს იხდიდა, მაგრამ სიჩქარეში ბილეთის აღება ავიწყდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ფრანცისკეს ადვილად შეეძლო ფულის აღება ისე, რომ ამას ვერავინ გაიგებდა, ის ამ ბილეთებს ხევდა და ყრიდა. „სინდისის წინააღმდეგ ვერ წავიდოდი. მთელი კომპანია ხომ ამ ბილეთებზე იყო დამოკიდებული და მისი საფასური ჯიბეში როგორ ჩამედო“?! – იხსენებდა მამა იოსები. საოცარი ის იყო, რომ დღის ბოლოს ის ხშირად პოულობდა ჯიბეში ზედმეტ ფულს – 50 ან 60 დრაქმას, რაც საკმაოდ დიდ საფასურად ითვლებოდა ღარიბი ახალგაზრდისთვის და მის თვიურ ანაზღაურებას უტოლდებოდა.

ამ წლებში მან საერთოდ არაფერი იცოდა ღმერთის შესახებ და სრულიად არარელიგიური ადამიანი გახლდათ. მაგრამ დედისგან ბევრი სათნოება იმემკიდრა. შესაბამისად, იყო სუფთა, გონიერი, სამართლიანი და ღირსეული პიროვნება.

ფრანცისკე ფულს საკმაოდ ფრთხილად ეპყრობოდა, მაგრამ მოწყალებაც არ ავიწყდებოდა. ერთხელ ბაზარში მოხუცი მონაზონი დაინახა, რომელსაც ყურძნის ყიდვა სურდა, მაგრამ ფული არ ყოფნიდა. ფრანცისკემ უთხრა: „აიღეთ, აიღეთ ყურძენი. მე გადავიხდი“! როდესაც მონაზონი მონასტერში დაბრუნდა, იღუმენიას მომხდარის შესახებ უამბო. მან კი მონაზონს გულუხვი ფრანცისკეს მიპატიჟება დაავალა. მოხუცმა მონაზონმა მოძებნა კეთილი ახალგაზრდა და თავის პატარა მონასტერში მიიყვანა. ფრანცისკემ იკითხა:

-აქ სნეულები გყავთ?

– დიახ, შვილო, – უპასუხა იღუმენიამ – ერთი ჭლექიანი გვყავს.

მანაც არ დააყოვნა და სნეულს სამი ოქროს ლირა აჩუქა. ახალგაზრდა ფრანცისკეს გულმოწყალებით შეძრული ავადმყოფი ცრემლებად იღვრებოდა.

* * *
ერთი წლის შემდეგ უკვე 18 წლის ფრანცისკე სამეფო ფლოტში სასწრაფო სამსახურში გაიწვიეს, სადაც ისე ბრწყინვალედ ისწავლა ცურვა, რომ ვერავინ ახერხებდა მის დაწევას. მოგვიანებით ის ყვებოდა: „რამდენიც ადამიანიც არ უნდა შემჯიბრებოდა, ყველას ვასწრებდი და წყალში რამხელა თევზიც არ უნდა შემხვედროდა, შიშველი ხელებით მისი მოკვლა შემეძლო. ფლოტში მსახურებისას რას აღარ ვაკეთებდი, ისეთი მომზადებული ვიყავი, რომ ჩაყვინთულსაც კი შემეძლო, ვინმესთვის ისე ძლიერად დამერტყა, რომ იქვე დამეტოვებინა“. კეთილსინდისიერი მსახურების გამო ფრანცისკე დააჯილდოვეს კიდეც.

* * *

ფლოტში მსახურების დასრულებისთანავე ფრანცისკემ წვრილმანების გაყიდვა დაიწყო. ნიჭიერებისა და გონებამახვილობის წყალობით, ის მალევე წარემატა ვაჭრობაში. სავაჭრო აგენტიც კი გახდა და მცირე ქონება დააგროვა. მაგრამ, რაც არ უნდა ხელსაყრელი საშუალება გამოჩენილიყო უღირსი გზით მარტივად გამდიდრებისა, ის არასდროს მიდიოდა სინდისის წინააღმდეგ.

ფრანცისკეს კიდევ ერთი გამორჩეული სათნოება უბიწოება იყო. დეიდა ალექსანდრამ მისი ერთ გოგოზე დანიშვნაც კი მოახერხა, მაგრამ ფრანცისკე ისე მოკრძალებით იქცეოდა, არც კი ჩახუტებია მას.

ამასთან ერთად, ის ძალიან მამაციც იყო. ერთ-ერთ წერილში თავის ახალგაზრდობას ამგვარად იხსენებს: „როდესაც ერში ვიყავი, შემეძლო შიშველი ხელებით ბევრს გავსწორებოდი, ლომის გული მქონდა“.

ერთხელ ფრანცისკეს მოუწია, რომ დახლიდან დროებით გასულიყო. ათენში სამუშაოდ ჩასულ უმცროს ძმას, ნიკოლოზს, უთხრა:

– ერთ ადგილას უნდა შევიარო და რაღაც ვიყიდო. ყურადღებით იყავი, რომ არაფერი მოგპარონ!

– კი, კი, წადი, აქ ვიქნები. – უპასუხა მან.

დაბრუნებისთანავე ფრანცისკემ თავისი დაკვირვებული თვალით ეგრევე შეატყო, რომ რაღაც აკლდა და ძმას უსაყვედურა:

– სად იყავი? ცხვირსახოცები გვაკლია.

თურმე უმცროსი ძმა ვიოლინოზე უკრავდა და ვერც კი მიხვდა, რა მოხდა.

– ვინმემ შემოიარა? – იკითხა ფრანცისკემ.

– ვიღაც რუსი ემიგრანტები იყვნენ. დაათვალიერეს და წავიდნენ. არაფერი აუღიათ.

– თავში ტვინი არ გაქვს. რამდენი ცხვირსახოცი მოგპარეს და შენ კიდევ გძინავს. საით წავიდნენ?

– აი, იქ არიან.

ფრანცისკე მითითებული მიმართულებით სწრაფად გაეშურა და დაინახა, რომ შვიდი-რვა ადამიანი ცხვირსახოცებს იყოფდა. დაუფიქრებლად გადახტა, მათ შორის აღმოჩნდა, ნაქურდალი ხელებიდან გამოჰგლიჯა და ჩხუბი დაიწყო. თითოეულს ორი-სამი მუშტი უთავაზა და საქმეც ამით მოაგვარა. დაბრუნდა და ძმას უთხრა:

– აი, ცხვირსახოცები…

მოგვიანებით მან თავისი ფიზიკური და სულიერი სიმტკიცე მონაზვნურ ასპარეზზე უმკაცრეს ღვაწლში გამოიყენა. ათონზე რომ ჩავიდა, თავის თავს უთხრა: „როგორიც ერში ვიყავი, ისეთივე ვიქნები ეშმაკების წინააღმდეგ“!

ღვთისკენ მოქცევა

უფალი ხედავდა ფრანცისკეს გულწრფელობას და მის „მოსანადირებლად“ თავისი მადლის სხივი მოუვლინა. ერთ ღამესაც მან სიზმარი ნახა. წმ. მამა ყვებოდა:

„მესიზმრა, რომ რაღაც ბრწყინვალე სასახლესთან აღმოვჩნდი. უეცრად სასახლის ორმა მცველმა შიგნით შემიყვანა. ვერ ვხვდებოდი, ამას რისთვის აკეთებდნენ და ვაპროტესტებდი. მათ კი თბილად და თავაზიანად მითხრეს, რომ არ შემშინებოდა და გავყოლოდი, რადგან ასეთი იყო მეფის ნება. ავდიოდით გასაოცრად მშვენიერ და დედამიწაზე არსებულ ნებისმიერ შენობაზე მაღალ სასახლეში. თეთრი, მბრწყინვალე სამოსელი ჩამაცვეს და მითხრეს: „ამიერიდან აქ იმსახურებ“! – შემდეგ მეფის წინაშე თაყვანისცემა მიბრძანეს.

მყისიერად გამეღვიძა. ხილული და გაგონილი ისე ძლიერად ჩაიბეჭდა ჩემს გონებაში, რომ აღარაფრის კეთება და აღარაფერზე ფიქრი შემეძლო. სამუშაო მივატოვე და ღრმა ფიქრებში ჩავიძირე. შინაგანად მუდამ ჩამესმოდა ეს ბრძანება, თითქოს მოუკლებლად მეორდებოდა: „ამიერიდან, აქ იმსახურებ’“! ჩემი შინაგანი სამყარო სრულიად შეიცვალა. დედამიწაზე აღარაფერი მიზიდავდა მიუხედავად იმისა, რომ ვერც კი ვხვდებოდი, რა ვიხილე და რა უნდა გამეკეთებინა“.

ფრანცისკეს სულში რაღაც მწუხარება და ნაღველი გაჩნდა, მას ყველაფერი ამსოფლიური უკვე ამძიმებდა. თავისი საცხოვრებელი სახლის პატრონის ქალიშვილებმა, ხედავდნენ რა მის სულიერ მდგომარეობას, დახმარების მიზნით, წმინდანთა ცხოვრების შესანიშნავი კრებული „ახალი ეკლოგიონი“ მისცეს. როდესაც ეს წიგნი წაიკითხა, მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. არ სჯეროდა, რომ არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ღვთის სადიდებლად ასე მკაცრად იღვწოდნენ და მისი დახმარებით ამდენ სასწაულს აღასრულებდნენ.

* * *
ფრანცისკეს გულში თანდათანობით ღვთის ხსოვნა ჩაინერგა. უფალმა მას მიანიჭა სინანული, გაუხსნა გონება, გული გაუნათა და ახალგაზრდამაც მარადიულ ცხოვრებაზე ფიქრი დაიწყო. სწორედ ამის შემდეგ ჩაეყარა საფუძველი მის ახალ სულიერ ასპარეზს. ერთ მღვდელს ცრემლებით ჩააბარა პირველი აღსარება.

თანდათანობით თავის საქმიანობაზე გული აუცრუვდა და ფიქრობდა, რომ ის სულიერად აბრკოლებდა. მიატოვა ვაჭრობა და ლუკმაპურის საშოვნელად სხვადასსხვა ადგილას მარტივ საქმეებზე დაიწყო მუშაობა, რათა ზედმეტი საზრუნავი არ ჰქონოდა და ლოცვაში სრულიად ჩაძირულიყო.

თავისი დანაზოგიდან საკუთარი მამის სულის საოხად მოწყალებაც გასცა.

იმისათვის, რომ სინანული და რწმენა განემტკიცებინა, ფრანცისკემ მომლოცველობა დაიწყო. ის ეწვია კუნძულ კეფალინიაზე არსებულ ღირსი გერასიმეს მონასტერს; მოილოცა კუნძულ ტინოსზე მდებარე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც მუდამ სასწაულები აღესრულება. რამდენიმე სასწაული მან საკუთარი თვალითაც იხილა და დარწმუნდა იმ ისტორიების ჭეშმარიტებაში, რომლებიც „ახალ ეკლოგიონში“ ამოიკითხა.

SKM C25820092612150

ქალაქის ხმაურში ვეღარ ჩერდებოდა და უკაცრიელ ადგილებში გარბოდა, რომ უფრო მეტად, გონების გაუფანტავად ევარჯიშა ლოცვაში. ყველაზე ხშირად პენდელის მთებში (ათენის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან 16 კმ.) განმარტოვდებოდა ხოლმე, სადაც ერთ მიტოვებულ მონასტერში თავშესაფარსაც მიაგნო.

ფრანცისკემ წმინდანების მიბაძვა დაიწყო, რათა მონაზვნური ცხოვრებისთვის თავისი უნარები გამოეცადა: მკაცრად მარხულობდა, მოწყალებას გასცემდა და უბრალოდ იცვამდა. დღეში მხოლოდ ერთხელ მცირეოდენ პურსა და ლუკუმს იხმევდა.

მესვეტეების მიბაძვის სურვილით, ის ღამეებს ხეებზე ათენებდა. ერთხელაც, წმინდა დავით თესალონიკელის მსგავსად, ნუშის ხეზე აძვრა. ცდილობდა, რომ მთელი ღამე ელოცა, მაგრამ მარხვისა და ხშირი მღვიძარების შედეგად ფიზიკურად დაუძლურებულს ჩაეძინა. დილით თოვლში სრულიად ჩაფლულს გაეღვიძა. შეწუხებული და გაყინული ფიქრობდა, თუ როგორ ჩამომძვრალიყო იმ ხიდან და თან საკუთარ თავგადასავალზე ეცინებოდა.

ყოველდღიურად ქალაქში დადიოდა, რომ ნახევარი ყუთი ლუკუმი ეყიდა. იმ დროს ამ ტკბილეულს საკმაოდ დიდ ნაწილებად ამზადებდნენ. თითო ყუთში დაახლოებით ექვსი ნაჭერი მაინც იყო. ერთხელაც იფიქრა: „რატომ ვიარო ქალაქში ყოველდღე? მთლიან ყუთს ვიყიდი და დღეგამოშვებით ვივლი“. ასეც მოიქცა. მაგრამ, როდესაც ჭამის დრო მოვიდა, იმდენად მშიერი იყო, რომ თავი ვეღარ შეიკავა და მთლიანი ლუკუმი შემოეჭამა. ძალიან უყვარდა ტკბილეული. თავის თავს უთხრა: „სჯობს, ვიწვალო და ყოველდღე მხოლოდ ერთი დღის სამყოფი ვიყიდო, სხვანაირად არ გამოვა“.

თანდათანობით იზრდებოდა და იხვეწებოდა ღვაწლში. „როდესაც ერში ვცხოვრობდი, სისხლის დაღვრამდე ვშრომობდი. მხოლოდ ორ დღეში ერთხელ, ისიც ერთ ჯერზე ვჭამდი. პენდელის მთები მიცნობენ, როგორც მგლოვიარე ღამის ყორანს (ფს.101:7), რომელიც ხსნას ეძებს. საკუთარ თავს ვცდიდი, გავუძლებდი თუ არა გაჭირვებას და შევძლებდი თუ არა მონაზვნობას“. – იგონებს წმ. მამა.

რამდენიმე წლის შემდეგ, როგორც კი დარწმუნდა, რომ შეძლებდა მონაზვნურ ცხოვრებას, ფრანცისკე პირველივე ხელსაყრელი შემთხვევის წყალობით ათონზე გაემგზავრა. 1921 წელს 24 წლის ასაკში ყოველგვარი საზრუნავისგან თავისუფალი გაემართა „ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ბაღში“ (ასე უწოდებენ ათონის წმ. მთას).

წყარო: არქიმანდრიტ ეფრემ არიზონელი “ჩემი ცხოვრება ბერ იოსებთან”;

წმინდა იოსებ ისიქასტი “მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა”.